გუდაუთა

ქალაქი საქართველოში, აფხაზეთის ავტონომიურ რესპუბლიკაში

გუდაუთა (აფხ. Гəдоуҭа) — ქალაქი საქართველოში, აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის გუდაუთის მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციული ცენტრი. მდებარეობს შავიზღვისპირა დაბლობზე, მდინარე გუდოუს შესართავთან, სარკინიგზო და საავტომობილო მაგისტრალზე, ზღვის დონიდან 10 მ-ზე. სოხუმიდან დაშორებულია 43, თბილისიდან 487 კმ-ით.

ქალაქი
გუდაუთა
Гәдоуҭа

მაღაზია „გუნდა“
გერბი

ქვეყანა საქართველოს დროშა საქართველო
ავტონომიური რესპუბლიკა აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკა
მუნიციპალიტეტი გუდაუთის მუნიციპალიტეტი
კოორდინატები 43°06′00″ ჩ. გ. 40°37′00″ ა. გ. / 43.10000° ჩ. გ. 40.61667° ა. გ. / 43.10000; 40.61667
პირველი ხსენება XI საუკუნე
ადრეული სახელები გუდავა
ამჟამინდელი სტატუსი 1926
მოსახლეობა 15 300 კაცი (1991)
სასაათო სარტყელი UTC+3
სატელეფონო კოდი +995 444[1]
საფოსტო ინდექსი 6900[2]
გუდაუთა — საქართველო
გუდაუთა
გუდაუთა — აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკა
გუდაუთა

2008 წლის 23 ოქტომბრის ოკუპირებული ტერიტორიების შესახებ საქართველოს კანონის საფუძველზე, ტერიტორია ოკუპირებულია რუსეთის ფედერაციის სამხედრო აგრესიის შედეგად და დადგენილია ამ ტერიტორიების განსაკუთრებული სამართლებრივი რეჟიმი.

გუდაუთა ზღვისპირა კლიმატური კურორტია. ჰავა — ზღვის ნოტიო სუბტროპიკული, იცის თბილი ზამთარი და ცხელი ზაფხული. საშუალო წლიური ტემპერატურა 14,3ºC, იანვრის საშუალო ტემპერატურა 5,6ºC, ივლისის 23,0ºC. აბსოლუტური მინიმუმი –13ºC; აბსოლუტური მაქსიმუმი 41ºC. ნალექები 1550 მმ წელიწადში. ფარდობითი ტენიანობა 75%.

გუდაუთა XIX ს. 30-იან წლებში სოფელ ლიხნიდან გამოყოფის გზით აღმოცენდა. XIX ს. შუა ხანებში გუდაუთა პატარა სავაჭრო დაბა იყო ასი მცხოვრებით. გუდაუთა სწრაფად გავნითარდა მისი ხელსაყრელი გეოფრაფიული მდებარეობის გამო. 1874 წელს აქ დაფუძნდა სადაბო მმართველობა. ქალაქად გამოცხადდა 1926 წლის 10 ნოემბერს. მოსახლეობა 15,3 ათასი (1991 წ.). 1948 წელს დადგინდა სახელწოდების დაწერილობის ფორმა გუდაუთა – გუდაუთი-ს ნაცვლად.[3][4]

გუდაუთაში ბომბორის აეროდრომზე საბჭოთა პერიოდში განთავსებული იყო საბჭოთა საჰაერო თავდაცვის ძალების ბაზა, საიდანაც ცივი ომის პერიოდში სამხედრო ავიაციის 171-ე ან 529-ე დივიზიების სუ-27 ტიპის ავიამოიერიშეები დაფრინავდა.[5] ეს დივიზია ემორჩილებოდა ბაქოს საჰაერო თავდაცვის არმიას (მე-19 არმია). აფხაზეთის კონფლიქტის პერიოდში გუდაუთა იყო აფხაზ სეპარატისტთა წინააღმდეგობის ცენტრი საქართველოს მთავრობის ძალებთან ბრძოლისას 1992-93 წლებში.

საბჭოთა კავშირის დაშლის შემდეგ ბომბორას ავიაბაზა რუსეთის 50-ე სამხედრო ბაზად გადაკეთდა, შემდეგ კი მე-10 დამოუკიდებელ სამშვიდობო საჰაერო დივიზიის ბაზად. ეს ქვედანაყოფი პირდაპირ ემორჩილებოდა რუსეთის გენერალურ შტაბს.

1999 წლისთვის ავიაბაზის ეკიპირებაში შედიოდა 142 ჯავშანტრანსპორტიორი (მათ შორის - 62 ბმდ-1 და 11 ბმდ-2); და 11 თვითმავალი საარტილერიო დანადგარი 2ს9 „ნონა-ს“.[6]

ეს ბაზა ერთ-ერთ უმნიშვნელოვანეს როლს ასრულებდა აფხაზეთის კონფლიქტში. ქართული მხარისა და მრავალი დასავლეთი დამოუკიდებელი დამკვირვებლის მტკიცებით, გუდაუთის ბაზა მთავარი სამხედრო მხარდაჭერა იყო აფხაზი სეპარატისტებისთვის 1992-93 წლებში. 1995 წლის სექტემბერში საქართველო იძულებული გახდა ლეგიტიმური სტატუსი მიენიჭებინა რუსეთისთვის ამ ბაზის ლიზინგზე.

1999 წელს სტამბოლში ჩატარებულ ეუთოს სამიტზე რუსეთი დათანხმდა გუდაუთის ბაზის დახურვასა და საკუთარი ჯარებისა და სამხედრო ტექნიკის გაყვანას, რის შედეგადაც ეს ბაზა დსთ-ის ქვეყნების სამშვიდობოების გამოყენებაში დარჩებოდა. მიუხედავად ამისა, აფხაზეთის დე ფაქტო მთავრობამ დაბლოკა ეუთო-ს ინსპექტორთა ვიზიტი და მას შემდეგ ტექნიკის გაყვანის ახალი თარიღი არ დადგენილა. საქართველოს მთავრობის მტკიცებით ეს ბაზა კვლავაც რჩება აფხაზი სეპარატისტების მთავარი სამხედრო დასაყრდენი.

2008 წლის რუსეთ-საქართველოს ომის შემდეგ რუსეთმა აფხაზეთი დამოუკიდებელ სახელმწიფოდ ცნო და ამ ორ ქვეყანას შორის ურთიერთდახმარების ხელშეკრულებები დაიდო. ეს ხელშეკრულება რუსეთს საშუალებას აძლევს მისი სამხედრო ბაზები განათავსოს გუდაუთაში, რაც ავიატექნიკასთან ერთად მოიცავს ტ-62 ტანკებს, მსუბუქ ჯავშნიან მანქანებს, ს-300 ჰაერსაწინააღმდეგო სისტემებსა და სხვა.[7]

გუდაუთის ბაზა დღემდე რჩება რუსეთ-საქართველოს ურთიერთობების ერთ-ერთ ძირითად პრობლემად.

ეტიმოლოგია

რედაქტირება

სახელწოდება მდინარის სახელისაგან მომდინარეობს -ҭа ადგილის სუფიქსის დართვით. თავდაპირველად მას და მდ. გუდოუს გუდავა ეწოდებოდა. გუდოუ გუდავას აფხაზური ფორმაა. 1948 წელს დადგინდა სახელწოდების დაწერილობის ფორმა გუდაუთა – გუდაუთი-ს ნაცვლად.[3][4]

  1. საქართველოს სატელეფონო კოდები — „სილქნეტი“
  2. საქართველოს საფოსტო ინდექსები — „საქართველოს ფოსტა“
  3. 3.0 3.1 ზ. პაპასქირი, აფხაზეთი საქართველოა: ისტორიული რაკურსი, თბილისი: შოთა რუსთაველის საქართველოს ეროვნული სამეცნიერო ფონდი, 2021. — გვ. 33, ISBN 978-9941-25-969-2.
  4. 4.0 4.1 ბ. ხორავა,  ნ. ჭანტურია, აფხაზეთის ადმინისტრაციულ-ტერიტორიული დაყოფა 1921-1991 წლებში, თბილისი: უნივერსალი, 2019. — გვ. 69, 70., ISBN 978-9941-26-675-1.
  5. იხ. საბჭოთა სამხედრო ავიაბაზების სია ან ვ. ი. ფესკოვის და სხვ., 'საბჭოთა არმია ცივი ომის წლებში,' ტომსკი, 2004
  6. CIPDD, არმია და საზოგადოება საქართველოში დაარქივებული 2009-01-06 საიტზე Wayback Machine. , ოქტომბერი 1999
  7. დაარქივებული ასლი. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2009-08-15. ციტირების თარიღი: 2010-07-02.