ზურაბ პაპასქირი

ქართველი ისტორიკოსი

ზურაბ პაპასქირი (დ. 15 სექტემბერი 1950, ზუგდიდი, საქართველოს სსრ) — ქართველი ისტორიკოსი და საზოგადო მოღვაწე, ისტორიის მეცნიერებათა დოქტორი (1991 თსუ), პროფესორი (1994, თსუ), სოხუმის სახელმწიფო უნივერსიტეტის პროფესორი (2019 წლიდან არჩეულია უვადოდ), ისტორიის მიმართულების ხელმძღვანელი; აფხაზეთის მეცნიერებათა ეროვნული აკადემიის აკადემიკოსი (1997), ექვთიმე თაყაიშვილის სახელობის საქართველოს საისტორიო საზოგადოების აფხაზეთის ორგანიზაციის თავმჯდომარე.

ზურაბ პაპასქირი

ზურაბ პაპასქირი
დაბადების თარიღი 15 სექტემბერი, 1950 (1950-09-15) (74 წლის)
ზუგდიდი, საქართველოს სსრ
მოქალაქეობა საქართველო
პროფესია ქართველი ისტორიკოსი, მეცნიერი, საზოგადო მოღვაწე

ბიოგრაფია

რედაქტირება

დაიბადა 1950 წელს ქ. ზუგდიდში. დაამთავრა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ისტორიის ფაკულტეტი (1972). 1972-1975 წლებში სწავლობდა მოსკოვის მიხეილ ლომონოსოვის სახელობის სახელმწიფო უნივერსიტეტის ასპირანტურაში — ფეოდალიზმის ხანის სსრ კავშირის ხალხთა ისტორიის სპეციალობით (სამეცნიერო ხელმძღვანელები: სსრ კავშირის მეცნიერებათა აკადემიის აკადემიკოსი ბორის რიბაკოვი, სსრ კავშირის მეცნიერებათა აკადემიის წევრ-კორესპონდენტი ანატოლი ნოვოსელცევი); იქვე, 1978 წელს დაიცვა საკანდიდატო დისერტაცია თემაზე: „საქართველო და აღმოასავლეთი ევროპა XI-XII საუკუნეებში“; 1991 წელს კი ივანე ჯავახიშვილის სახ. თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში დაიცვა სადოქტორო დისერტაცია თემაზე: „შუა საუკუნეების საქართველოს საერთაშორისო მდგომარეობა X ს. 70-იანი – XI ს. 80-იანი წლები“. 1982 წელს ნაშრომთა ციკლისათვის „XI-XII სს. საქართველოს საერთაშორისო ურთიერთობების ისტორიიდან“ მიენიჭა საქართველოს კომკავშირის პრემია.

სამეცნიერო-პედაგოგიური მოღვაწეობა

რედაქტირება

შრომითი საქმიანობა დაიწყო 1976 წელს სოხუმის სახელმწიფო პედაგოგიურ ინსტიტუტში (1989 წლიდან აფხაზეთის სახელმწიფო უნივერსიტეტი) მასწავლებლის თანამდებობაზე.

1981-1989 წლებში იყო აფხაზეთის სახელმწიფო უნივერსიტეტის დოცენტი, საქართველო-აფხაზეთის ისტორიის კათედრის გამგის მოადგილე. ზურაბ პაპასქირის სახელს უკავშირდება აფხაზეთის სინამდვილეში საქართველოს ისტორიის სწავლების თვისობრივად ახალ საფეხურზე აყვანა. მან საქართველოს ისტორიის სალექციო კურსს გამოკვეთილი (ზოგჯერ კომუნისტურ-ტოტალიტარული კონიუნქტურისათვის სრულიად მიუღებელი) ეროვნულ-პატრიოტული დატვირთვა მისცა, რამაც იმთავითვე გამოიწვია სეპარატისტულად განწყობილ აფხაზ პროფესორ-მასწავლებელთა გაღიზიანება. განსაკუთრებით მწვავე ხასიათი თავდასხმებმა ზ. პაპასქირის წინააღმდეგ მიიღო 1982-1983 წლებში, როდესაც ოპონენტებმა ზემდგომი ორგანოების (თვით ქვეყნის უმაღლესი პოლიტიკური ორგანოს — სკკპ ცენტრალური კომიტეტის) წინაშე დააყენეს მისი სამსახურიდან დათხოვნისა და აფხაზეთიდან გასახლების საკითხი. ეს იყო რეაქცია ზ. პაპასქირის მონოგრაფიაზე: «У истоков грузино-русских политических взаймоотношений», რომელშიც მოცემული იყო აფხაზი ისტორიკოსისა და ეთნოლოგის შ. ინალ-იფას თვალსაზრისის საფუძვლიანი მეცნიერული კრიტიკა. აღნიშნულმა მონოგრაფიამ და 80-იან წლებში გამოქვეყნებულმა სტატიებმა ზ. პაპასქირს დამსახურებული ავტორიტეტი მოუპოვა სამეცნიერო წრეებში. ამის გამოხატულება იყო მისი არჩევა ექვთიმე თაყაიშვილის სახელობის საქართველოს საისტორიო საზოგადოების აფხაზეთის ორგანიზაციის თავმჯდომარის მოადგილედ უშუალოდ ორგანიზაციის მაშინდელი თავმჯდომარის, საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის წევრ-კორესპონდენტის, პროფესორ გიორგი ძიძარიას რეკომენდაციით. ზ. პაპასქირი იყო საქართველოს ისტორიკოსთა ყოველწლიური ბორჯომის ფორუმების უცვლელი მონაწილე.

1989 წელს აფხაზეთის სახელმწიფო უნივერსიტეტიდან ქართული ნაწილის გამოსვლისა და მის ბაზაზე ახალი ქართული საუნივერსიტეტო ცენტრის – ივანე ჯავახიშვილის სახ. თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის სოხუმის ფილიალის – დაფუძნების შემდეგ ეკავა (1989-2005 წწ.) ამ უმაღლესი სასწავლებლის საქართველოს ისტორიის კათედრის გამგის თანამდებობა; იყო დირექტორის მოადგილე სამეცნიერო ნაწილში. 2006 წლიდან არის სოხუმის სახელმწიფო უნივერსიტეტის (თსუ სოხუმის ფილიალის სამართალმემკვიდრე) პროფესორი, ისტორიის მიმართულების ხელმძღვანელი, ამავე დროს უკავია სსუ სამეცნიერო მუშაობის კოორდინაციის სამსახურის უფროსის თანამდებობა, არის სოხუმის სახელმწიფო უნივერსიტეტის შრომების (ჰუმანიტარულ და სოციალურ-პოლიტიკურ მეცნიერებათა სერია) მთავარი რედაქტორი. 1998 წელს ზ. პაპასქირის უშუალო ინიციატივითა და თაოსნობით თბილისში აღსდგა ექვთიმე თაყაიშვილის სახელობის საქართველოს საისტორიო საზოგადოების აფხაზეთის ორგანიზაცია, რომლის თავმჯდომარედაც ის აირჩიეს. ამავე დროს, ზ. პაპასქირი არის ამ საზოგადოების პერიოდული გამოცემის – წელიწდეულის – „საისტორიო ძიებანის“ მთავარი რედაქტორი.

1994-2006 წლებში ზ. პაპასქირი, პარალელურად, სამეცნიერო-კვლევით საქმიანობას ეწეოდა ივანე ჯავახიშვილის სახ. თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ქართული სახელმწიფო და სახალხო დიპლომატიის ისტორიის სამეცნიერო-კვლევით ცენტრში, იყო ცენტრის ხელმძღვანელის მოადგილე; არის ერთ-ერთი ძირითადი ავტორი და სარედაქციო კოლეგიის წევრი ცენტრის მიერ მოზადებული „ქართული დიპლომატიის ისტორიის ნარკვევების“ ორტომეულისა (თბ., 1998) და „ქართული დიპლომატიის ისტორიის“ პირველი საუნივერსიტეტო სახელმძღვანელოსი. მან აქტიური მონაწილეობა მიიღო აგრეთვე ცენტრის მიერ განხორციელებულ სხვა მნიშვნელოვან სამეცნიერო პროექტებში. კერძოდ, მის მიერ მომზადებული მასალები (დაახლ. 200-მდე დასახელების სტატია) შესულია ისეთ სოლიდურ ენციკლოპედიურ გამოცემებში, როგორიცაა: „ქართული დიპლომატიის ლექსიკონის“ ორტომეული (თბ., 1998, 1999), „ივანე ჯავახიშვილი. ენციკლოპედიური ლექსიკონი“ (თბ., 2002). მანვე, ცენტრის თანამშრომელ გოჩა საითიძესთან ერთად, შეადგინა პირველი სასწავლო პროგრამა სტუდენტებისათვის „ქართული დიპლომატიის ისტორიაში“ (თბ., 2001). ის მონაწილეობდა ამავე ცენტრის მიერ მომზადებული „ქართული დიპლომატიის ისტორიის“ ქრესტომათიის შექმნაშიც. პარალელურად, ზ. პაპასქირი თსუ საერთაშორისო სამართლის სპეციალობაზე კითხულობდა ლექციების კურსს „ქართული დიპლომატიის ისტორიაში“. ამავე პერიოდში ნაყოფიერ მუშაობას ეწეოდა აგრეთვე ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის საქართველოს ისტორიის სადისერტაციო საბჭოში, როგორც სადისერტაციო საბჭოს წევრი, იყო 14 სადოქტორო და საკანდიდატო დისერტაციის ოფიციალური ოპონენტი.

სამეცნიერო მემკვიდრეობა

რედაქტირება

ზურაბ პაპასქირი არის 200-ზე მეტი სამეცნიერო პუბლიკაციის (მათ შორის 12 მონოგრაფიისა და წიგნის) ავტორი. მას განსაკუთრებული აღიარება მოუტანა მონოგრაფიებმა და წიგნებმა: «У истоков грузино-русских политических взаимоотношений» (1982); „ერთიანი ქართული ფეოდალური სახელმწიფოს წარმოქმნა და საქართველოს საგარეო-პოლიტიკური მდგომარეობის ზოგიერთი საკითხი“ (1990); „აფხაზეთი საქართველოა“ (1998); „ნარკვევები თანამედროვე აფხაზეთის ისტორიული წარსულიდან“ (ნაკვ. I. 2004, ნაკვ. II. 2007); „და აღმოცისკრდა საქართველო ნიკოფსიიდან დარუბანდამდე“ (2009); «Абхазия. История без фальсификации» (2010); «Моя Абхазия. Воспоминания и размышления» (2012); „საქართველო. ისტორიული წარსული და თანამედროვეობა“ (2016).

2021 წელს ზურაბ პაპასქირის ხელმძღვანელობით სოხუმის სახელმწიფო უნივერსიტეტის მკვლევრ-ისტორიკოსთა ჯგუფმა დაასრულა მუშაობა საგრანტო პროექტზე: „თანამედროვე აფხაზეთის ეროვნულ-სახელმწიფოებრივი, პოლიტიკური და ეთნო-კულტურული იერსახე უძველესი დროიდან XXI ს. დამდეგის ჩათვლით“ (შოთა რუსთაველის საქართველოს ეროვნული სამეცნიერო ფონდი), რომლის შედეგები შეჯამდა ქართულ და ინგლისურ ენებზე გამოცემულ ფუნდამენტურ მონოგრაფიებში: „აფხაზეთი საქართველოა. ისტორიული რაკურსი“ და „Why Abkhazia is Georgia. A True History“. [წყარო არ არის მითითებული 931 დღე]

საზოგადოებრივი მოღვაწეობა

რედაქტირება

ზ. პაპასქირი აფხაზეთში ქართული ეროვნული მოძრაობის ერთ-ერთი თვალსაჩინო წარმომადგენელია. 1977 წლიდან ის ჩართულია აქტიურ იდეოლოგიურ-ისტორიოგრაფიულ „ომში“ და ამხელს აფხაზური სეპარატიზმის იდეოლოგების ძირგამომთხრელ საქმიანობას. მისი პუბლიკაციები ამ მიმართულებით შეჯამდა 1998 წელს გამოცემულ წიგნში „აფხაზეთი საქართველოა“, რომლისთვისაც მას მიენიჭა გიორგი შარვაშიძის სახელმწიფო პრემია. 1988 წლიდან ზ. პაპასქირი აფხაზეთში არაერთი ქართული საქმის მოთავე და აქტიური მონაწილეა. მისი უშუალო ინიციატივით 1989 წლის გაზაფხულზე დაფუძნდა სრულიად საქართველოს რუსთაველის საზოგადოების აფხაზეთის რეგიონალური ორგანიზაცია, რომლის თავმჯდომარის მოადგილედაც ის აირჩიეს. განსაკუთრებით აქტიურად ჩაერთო ის საზოგადოებრივ-პოლიტიკურ პროცესებში 1992 წლის გაზაფხულიდან, როდესაც უკიდურესად გამწვავდა სიტუაცია ავტონომიურ რესპუბლიკაში. მისი აქტიური მონაწილეობით დაფუძნდა აფხაზეთში ქართველობის გამაერთიანებელი საზოგადოებრივი ორგანო (ერთგვარი „საზოგადოებრივი პარლამენტი“) – „ეროვნული ერთიანობის საბჭოს“. მისი უშუალო მონაწილეობით მომზადდა „ეროვნული ერთიანობის საბჭოს“ არაერთი ოფიციალური დოკუმენტი. აფხაზეთიდან გამოსვლის შემდეგ ზ. პაპასქირმა გააგრძელა აქტიური საზოგადოებრივი მოღვაწეობა. ის იყო 1996 წელს შექმნილი სახალხო მოძრაობის – „აფხაზეთიდან დევნილთა კავშირის“ ერთ-ერთი მოთავე; არის ავტორი და რედაქტორი „დევნილთა კავშირის“ სახელით გამოქვეყნებული განცხადებებისა და მიმართვების, სხვა ოფიციალური დოკუმენტებისა, რომლებშიც მოცემულია აფხაზეთში დატრიალებული ტრაგედიის გამოწვლილვითი ანალიზი, საქართველოს ხელისუფლების მიერ გატარებული ღონისძიებების შეფასებები, დასახულია კონფლიქტის დარეგულირების გზები.

აფხაზეთის ომი 1992-1993

რედაქტირება

აფხაზეთის კონფლიქტის პერიოდში ზ. პაპასქირმა როგორც საქართველოს რესპუბლიკის თავდაცვის სამინისტროს მე-2 საარმიო კორპუსის აღმზრდელობითი სამსახურის უფროსმა ოფიცერმა თავისი წვლილი შეიტანა ქართულ ჯარში ეროვნულ-პატრიოტული სულისკვეთების ამაღლების საქმეში. ზ. პაპასქირს ერთი წუთითაც არ დაუტოვებია სოხუმი. 1993 წ. 7 ოქტომბერს ის დააკავა აფხაზეთის უშიშროების სამსახურმა და 100 დღე გაატარა შინაგან საქმეთა სამინისტროს იზოლატორში. მას ბრალდებოდა ერთა შორის შუღლის გაღვივება და ომის პროპაგანდა. პატიმრობიდან მეცნიერის დახსნა მოხერხდა საქართველოსა და რუსეთის სამეცნიერო წრეების თანადგომის შედეგად.

სახელმწიფო ჯილდოები და პრემიები

რედაქტირება
  • საქართველოს ღირსების ორდენი (2013);
  • საქართველოს ღირსების მედალი (2002);
  • რუსთაველის სტიპენდიატი (2010);
  • გიორგი შარვაშიძის სახელმწიფო პრემიის ლაურეატი (1998);
  • საქართველოს ალკკ პრემია მეცნიერების დარგში (1982).

ზურაპ პაპასქირს ჰყავს მეუღლე, ორი შვილი და ორი შვილიშვილი. მისი ვაჟი – თეიმურაზ პაპასქირი, ისტორიის დოქტორი, არის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ჰუმანიტარული ფაკულტეტის პროფესორი, ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტის დეკანის მოადგილე, ამავე ფაკულტეტის მსოფლიო ისტორიის სასწავლო-სამეცნიერო ინსტიტუტისა და ახალი და უახლესი ისტორიის კათედრის ხელმძღვანელი; საქართველოს პრეზიდენტის სტიპენდიატი (2000-2003 წწ.), მოპოვებული აქვს (2009 წ.) ახალგაზრდა მეცნიერთათვის საქართველოს პრეზიდენტის სამეცნიერო გრანტი. 2005-2006 წლებში – ნიუ იორკის ღია საზოგადოების ინსტიტუტის ახალგაზრდა ლექტორთა პროგრამის ფარგლებში, ორი სემესტრის განმავლობაში მოწვეული პროფესორის სტატუსით კითხულობდა ლექციებს ამერიკის შეერთებულ შტატებში, უისკონსინის უნივერსიტეტის-ოკლერი ისტორიის განყოფილებაზე.

რჩეული პუბლიკაციები

რედაქტირება

მონოგრაფიები და წიგნები, სტატიები:

რესურსები ინტერნეტში

რედაქტირება
  1. О национально-государственном облике Абхазии/Грузия.