1905 წლის რევოლუცია აფხაზეთში
1905 წლის რევოლუცია აფხაზეთში — 1905 წლის რევოლუციის ნაწილი, რუსეთის იმპერიის სოციალ-ეკონომიკური და კულტურული პოლიტიკის წინააღმდეგ მიმართული საპროტესტო მოქმედებების ერთობლიობა, რომელთაც სოხუმის ოკრგუში ახორციელებდნენ ქართველი და აფხაზი სამოქალაქო თუ პოლიტიკური აქტივისტები.
წინაპირობები
რედაქტირებაXX საუკუნის დასაწყისი რუსეთის იმპერიისათვის ფართომასშტაბიანი რევოლუციების ერა იყო. კონტინენტურ ევროპაში ყველაზე დიდი იმპერია მწვავე ფინანსურ და პოლიტიკური კრიზისის წინაშე იდგა. ათწლეულების განმავლობაში დაგროვებული და გადაუჭრელი პრობლემები რიგითი მოქალაქეების, გლეხების, მუშების და XIX საუკუნის ბოლო ათწლეულში წარმოშობილი პოლიტიკური ჯგუფების მხრიდან პერმანენტულ პროტესტს იწვევდა.
1905 წლის 22 იანვარს რუსეთის იმპერიის ცენტრში სანქტ-პეტერბურგში, თეთრ სასახლესთან მართმადიდებლური ეკლესიის მღვდელს გიორგი გაპონის (ხშირად მოიხსენიებენ, როგორც საიდუმლო პოლიციის აგენტად) ხელმძღვანელობით წამოწყებულმა მუშათა გაფიცვამ სათავე დაუდო რუსეთის პირველ დემოკრატიულ რევოლუციას. რევოლუციის დასაწყისშივე ხელისუფლების წინააღმდეგ იმპერიის მასშტაბით 400 000 ათასამდე მუშა გაიფიცა და მოითხოვა პოლიტიკური გარდაქმნების დაწყება.
პროტესტის მონაწილეები იმპერატორ ნიკოლოზ II-საგან მოითხოვდნენ საარჩევნო სისტემის დემოკრატიზაციასა და საკანონმდებლო ორგანოს მოწვევას, კონსტიტუციის შემუშავებას, მიწის, შრომის, განათლების, თვითმმართველობისა და ეკონომიკური რეფორმების გატარებას, ძალადობრივი საპოლიციო და სადამსჯელო სისტემის გაუქმებას, საეკლესიო რეფორმის გატარებასა და საეკლესიო გადასახადის გაუქმებას, ჯარში გაწვევის წესისა და ვადების ცვლილებას და ა. შ.
პეტერბურგში დაწყებული რევოლუცია მალე მოედო ქართულ ადმინისტრაციულ ერთეულებსაც, რევოლუციონერთა ძირითადი პოლიტიკური მოთხოვნები ქართულ ქალაქებსა და სოფლებში ისეთივე იყო, როგორც იმპერიის დედაქალაქში, თუმცა წარმოიშვა სპეციფიკური მოთხოვნები, რომელიც დაკავშირებული იყო ადგილობრივ საჭიროებებთან და პრობლემებთან.
საქართველოში დემოკრატიულმა რევოლუციამ ფართოდ გაიდგა ფესვები. მუშათა და გლეხთა მასშტაბური გამოსვლები ეწყობოდა თბილისისა და ქუთაისის გუბერნიებისა და ბათუმის ოლქის თითქმის ყველა მაზრასა და ქალაქში.
1905 წლის რევოლუცია აფხაზეთში
რედაქტირებამოძრაობის ხელმძღვანელები სოხუმის ოკრუგში
რედაქტირება1905 წლის რევოლუცია საკმაოდ აქტიურად მიმდინარეობდა აფხაზეთშიც. სოხუმის ოკრუგში რევოლუციის ძირითად ეპიცენტრებს ქალაქი სოხუმი და გუდაუთა წარმოადგენდა. სოხუმში რევოლუციური მოძრაობის სათავეში რუსეთის სოციალ-დემოკრატიული მუშათა პარტიის ბათუმის კომიტეტის სოხუმის ჯგუფი იმყოფებოდა, რომელსაც აფხაზი თავადი, შემდგომში საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის აქტიური პოლიტიკოსი, სოხუმის ოკრუგის მთავრობის თავმჯდომარე და დამფუძნებელი კრების დეპუტატი, არზაყან ემუხვარი ედგა. სოხუმში რევოლუციური მოძრაობის სათავეში იდგნენ სოციალ-დემოკრატები, შემდეგში საქართველოს დამფუძნებელი კრების წევრები, ცნობილი მასწავლებელი ელეონორა ტერ-ფარსეგოვა-მახვილაძე, ლავროსი კიღურაძე, სამსონ მაღნარიძე, ვასო გორდელაძე და ლევან გოთოშია, იოსებ კვარაცხელია.
1904-1905 წლების მიჯნაზე აფხაზეთში სოციალ-დემოკრატიული პარტიის ორგანიზაციებისა და რევოლუციური მოძრაობის ფორმირებაში მონაწილეობდა სოხუმის კლასიკური გიმნაზიის მოსწავლე, შემდეგში საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის სახალხო გვარდიის მეთაური და დამფუძნებელი კრების წევრი, ვალიკო ჯუღელი. რევოლუციურ მოძრაობაში მონაწილეობის გამო ჯუღელი გიმნაზიიდან და ოკრუგიდან გააძევეს.
გუდაუთაში რევოლუციურ მოძრაობას სოციალ-დემოკრატი, შემდგომში საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის დამფუძნებელი კრების წევრი ვასილ გურჯუა ხელმძღვანელობდა.
სოხუმის ოკრუგში რევოლუციურ მოძრაობაში ძირითადად ეთნიკურად ქართველი მოსახლეობა მონაწილეობდა, პროცესში მხოლოდ არზაყან ემუხვარი, ვასილ გურჯუა და კიდევ რამდენიმე აფხაზი პოლიტიკოსი იყო ჩართული. ოკრუგის ეთნიკურად აფხაზი მოსახლეობის ერთი ნაწილი ერთგვარ ნეიტრალიტეტს ინარჩუნებდა საიმპერიო ხელისუფლების წინააღმდეგ ბრძოლის პროცესში. აფხაზთა დიდი ნაწილი ერთგულებას უცხადებდა იმპერატორ ნიკოლოზ II-ს. ამ ტენდენციის მიზეზად აფხაზ მოსახლეობაში არისტოკრატიის დიდი გავლენა სახელდებოდა, რომელიც საიმპერიო რეჟიმისადმი ლოიალურად იყო განწყობილი. ამასთან ხელისუფლება XIX საუკუნეში აფხაზეთში განხორციელებული მოსახლეობის იძულებითი გადასახლების, მუჰაჯირობის შემდეგ ეთნიკურად აფხაზ მოქალაქეებს განსაკუთრებული საპოლიციო დაკვირვების ქვეშ ტოვებდა და თავისუფლად მოქმედების სივრცეს უზღუდავდა.
რევოლუციური მოძრაობის მოქმედებები სოხუმის ოკრუგში
რედაქტირებასოხუმის რევოლუციურ მოძრაობებში ელეონორა ტერ-ფარსაგოვას ხელშეწყობით აქტიურად იყვნენ ჩართული სოხუმელი მოსწავლეები და მასწავლებლები. გაფიცვების დროს ქალაქის ბულვარსა და ქუჩებში მოსწავლეები ასრულებდნენ მარსელიეზასა და სხვა რევოლუციურ სიმღერებს. მარსელიეზას შესრულებისას სიტყვათა წყობაში სისხლიანი მეფის წარმოთქმისას იყენებდნენ იმპერატორ ნიკოლოზის სახელს.
1905 წლის ოქტომბერში იმპერატორი ნიკოლოზ II იძულებული გახდა დასთანხმებოდა რევოლუციის მონაწილეებსა და დემოკრატიული რეფორმების დაწყების ბრძანება გაეცა. იმპერატორმა 1905 წლის 17 ოქტომბერს მანიფესტი გამოსცა, რომლითაც მოქალაქეებს მიწის, შრომის, განათლების, ნაციონალურ და დემოკრატიულ რეფორმებს ჰპირდებოდა. მანიფესტის თანახმად რუსეთის იმპერიაში დემოკრატიულად აირჩევდნენ საკანონმდებლო ორგანოს, სრულიად რუსეთის სახელმწიფო სათათბიროს, რომელის გარეშეც იმპერატორი და მთავრობის მინისტრები ვერ მიიღებდნენ ვერც ერთ მნიშვნელოვან გადაწყვეტილებას. მანიფესტის თანახმად რევოლუციური მოძრაობის მონაწილეთა წინააღმდეგ არ გატარდბეოდა სადამსჯელო ღონისძიებები.
სოციალ-დემოკრატი არზაყან ემუხვარის მეთაურობით მოქმედმა სოხუმის რევოლუციურმა მოძრაობამ 1905 წლის ოქტომბერ-ნოემბერში ფაქტობრივი ძალაუფლება აიღო ხელში, მოქალაქეებმა ბოიკოტი გამოუცხადეს საიმპერიო რეჟიმს. რევოლუციურმა მოძრაობამ მოუწოდა ქალაქის საბჭოს თავსა და ხმოსნებს დაეტოვებინათ მანდატები და ჩაეტარებინათ ხმოსანათა დემოკრატიული არჩევნები. რევოლუციონერებმა ჩამოაყალიბეს სახალხო მილიცია, რომელიც ვალდებულებას იღებდა ქალაქში წესრიგის დამყარებაზე და მშვიდობანობის შენარჩუნებაზე. ქალაქის მმართველობამ რევოლუციონერების მოთხოვნები არ დააკმაყოფილა. ადგილობრივი მმართველობის ამგვარი პასუხის საპირისპიროდ რევოლუციონერებმა ხელისუფლებას სრული ბოიკოტი გამოუცხადეს. სოხუმის მოსახლეობამ შეწყვიტა ყოველგვარი გადასახადის გადახდა. საყოველთაო გაფიცვისა და ბოიკოტის შედეგად ქალაქის საბჭოს ხმოსნებმა ქუთაისის გუბერნატორ ვლადიმირ სტაროსელსკის გადადგომის შესახებ აცნობეს და საბჭოს საქმიანობა შეაჩერეს.
რევოლუციის მარცხი
რედაქტირებათავდაპირველად დემოკრატიული რეფორმების გატარება დაიწყო, თუმცა პარალელურად გამკაცრდა საიმპერიო ხელისუფლების მოქმედებებიც. 1906 წლიდან დააკავეს და გაასამართლეს ასეულობით რვეოლუციონერი, მათ შორის ახლად შემოღებული სახელმწიფო სათათბიროს პირველი და მეორე მოწვევის დეპუტატები. იმპერიის მასშტაბით შემცირდა რევოლუციონერთა საპროტესტო მანიფესტაციების მასშტაბებეიც. საბოლოოდ კი 1905 წლის იანვარში დაწყებული დემოკრატიული რევოლუცია 1907 წლის ივნისში მარცხით დასრულდა. გაძლიერდა საიმპერიო რეჟიმის ტერორი, კიდევ უფრო გააქტიურდა რევოლუციურ მოძრაობაში მონაწილე პირთა მასობრივი დევნა, დაპატიმრება და გადასახლებები.
რევოლუციის დამარცხების შემდეგ დააპატიმრეს სოხუმის ოკრუგში მოძრაობის სოციალ-დემოკრატი ხელმძღვანელები, არზაყან ემუხვარს სასამართლომ ერთწლიანი პატიმრობა მიუსაჯა. ასევე ერთწლიანი პატიმრობა და კავკასიიდან გადასახლება მიუსაჯეს ელეონორა ტერ-ფარსაგოვასაც, თუმცა ფეხმძიმობის გამო სასამართლომ შემდგომში სასჯელისაგან გაათავისუფლა, მაგრამ დატოვა სამილიციო მეთალყურეობის ქვეშ. ერთწლიანი პატიმრობა მიესაჯა სოხუმის ჯგუფის სხვა წევრებსაც.
1907 წელს დააპატიმრეს გუდაუთის რევოლუციური მოძრაობის ხელმძღვანელი ვასილ გურჯუა. აფხაზ პოლიტიკოსს რეჟიმი რევოლუციური მოძრაობის ხელმძღვანელობასთან ერთად საზღვარგარეთიდან იარაღის უკანონო შემოტანასაც ედავებოდა. ვასილ გურჯუას სასამართლომ ერთწლიანი პატიმრობა მიუსაჯა, თუმცა შემდგომში სასჯელის ვადა გაუგრძელეს და ჯამში ორწელნახევარზე მეტი გაატარა მეტეხის ციხეში.
შემდეგი წლების განმავლობაში აფხაზეთში რევოლუციის ხელმძღვანელებს აეკრძალათ ქალაქ სოხუმში და მთლიანად ოკრუგში ცხოვრება და საქმიანობა.
ლიტერატურა
რედაქტირება- მარშანია ნ., ქედუხრელი რაინდი, თბ., 2012
- პაპასკირი ზ.,ნარკვევები თანამედროვე აფხაზეთის ისტორიული წარსულიდან, ნაკვ. 1, უძველესი დროდან 1917 წლამდე, თბ., 2004
- ჟურნ. „დამოუკიდებელი საქართველო“, 1939 წლის მარტი, N 155, პარიზი
- Ascher, Abraham The Revolution of 1905: Russia in Disarray. Stanford University Press. 1994
- Harcave, Sidney The Russian Revolution. London: Collier Book. 1970