კონსტანტინე კანდელაკი
კონსტანტინე (კოწია) კანდელაკი (დ. 14 მაისი, 1883, სამტრედია, ქუთაისის მაზრა — გ. 11 ოქტომბერი, 1958, ლოზანა) — ქართველი პოლიტიკოსი, სოციალ-დემოკრატი, მეცნიერი საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის დამფუძნებელი კრების წევრი, ფინანსთა და ვაჭრობა-მრეწველობის მინისტრი.
კონსტანტინე კანდელაკი | |
---|---|
დაბადების თარიღი | 14 მაისი, 1883 |
დაბადების ადგილი | სამტრედია |
გარდაცვალების თარიღი | 11 ოქტომბერი, 1958 (75 წლის) |
გარდაცვალების ადგილი | ლოზანა |
მოქალაქეობა |
რუსეთის იმპერია საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკა საფრანგეთი |
პარტია | საქართველოს სოციალ-დემოკრატიული პარტია |
ბიოგრაფია
რედაქტირებადაიბა და აზნაურის ოჯახში. მისი წინაპერბი სასულიერო პირები იყვნენ. მშობლები იყვნენ პლატონ იოანეს ძე კანდელაკი და ნატალია ქაჯაია. ჰყავდა ოთხი წლით უმცროძი ძმა სიმონი. 1891 წელს ბავშვები დაავადდნენ ქუნთრუშით. ავადმყოფობა გადაედო მათ დედას, რომელიც გარდაიცვალა. ბავშვებს ზრდიდა მამა, რომელსაც მეორე ქორწინებიდან ორი ქალიშვილი შეეძინა.
1890-იან წლებში სწავლობდა ქუთაისის სემინარიაში. უმაღლესი განათლება მიიღო მოსკოვში. სტუდენტობის დროს მიემხრო რევოლუციურ და სოციალ-დემოკრატიულ მოძრაობას. 1904 წელს გახდა რსდმპ-ის წევრი. უმაღლესი კომერციული სასწავლებლის დასრულების შემდეგ დაბრუნდა სამშობლოში. საქართველოში ჩაება კოოპერატიულ მოძრაობაში და ახალგაზრდა ასაკში გახდა მისი ლიდერი. 1909 წელს თბილისში გამოიცა მისი პირველი წიგნი – „კოოპერაცია, თეორია, ისტორია და პრაქტიკა”. პრესა მოწონებით შეხვდა წიგნს. 1914 წელს გამოქვეყნდა კონსტანტინე კანდელაკის მეორე წიგნი – „ანგარიშთა და საქმეთა წარმოება წვრილ კრედიტის საკოოპერაციო დაწესებულებაში“.
კონსტანტინე კანდელაკი 1918-1919 წლებში ფინანსთა და ვაჭრობა–მრეწველობის მინისტრის მოადგილე იყო, 1919 წლის 21 მარტიდან კი მინისტრი. მის სახელს უკავშირდება ქართული ფულის ერთეულის გამოშვება. ეროვნული ვალუტის შექმნისთვის მზადება, მისი უშუალო მონაწილეობით, ჯერ კიდევ 1918 წლის მაისის მიწურულიდან დაიწყო. 1918 წლის ივნისში დაარსდა „ქართული ფულის ფონდი“. ფულის ნიშნების შესარჩევ კონკურსში გაიმარჯვა მხატვარ იოსებ შარლემანის ესკიზებმა. 1919 წლის ივლისში გამოშვებულ ქართულ ბონებს სწორედ ისინი დაედო საფუძვლად. ქართული ფულის ერთეულის განმტკიცებისათვის საჭირო იყო რომელიმე ევროპული ქვეყნიდან კრედიტის აღება. 1920 წლის მეორე ნახევარში კონსტანტინე კანდელაკი ნიკო ნიკოლაძე და ზურაბ ავალიშვილი ეკონომიკური მისიით გაემგზავრნენ ევროპაში და საქართველოსთვის კრედიტი ინგლისიდან მოიპოვეს.
1921 წლის მარტიდან, დამფუძნებელი კრების გადაწყვეტილებით, კონსტანტინე კანდელაკი ეროვნული მთავრობის სხვა წევრებთან ერთად, ემიგრაციაში წავიდა. პირველ ხანებში იგი სტამბულში დარჩა, რადგან დაინიშნა სამთავრობო კომისიის ხელმძღვანელად. განაგებდა მთავრობის მიერ საქართველოდან გატანილ ქონებას, მეთვალყურეობას უწევდა ლტოლვილთა კომისიას. მოგვიანებით საფრანგეთში გადავიდა. 1924 წლის სექტემბერში აგვისტოს აჯანყების ჩახშობის შემდეგ საქართველოს სსრ-ის ხელისუფლებამ მოახდინა მისი ქონების კონფისკაცია.[1]
უცხოეთში კონსტანტინე კანდელაკი ეწეოდა აქტიურ პუბლიცისტურ მოღვაწეობას. ემიგრაციის პერიოდულ ორგანოებში – „ბრძოლა“, „ბრძოლის ხმა“, „დამოუკიდებელი საქართველო“, „ჩვენი დროშა“ – გამოქვეყნებულია მისი ეკონომიკური და პოლიტიკური ხასიათის წერილები. მაგრამ იგი არ შემოფარგლულა მხოლოდ ჟურნალ–გაზეთებში გამოქვეყნებული სტატიებით. მას, როგორც მეცნიერსა და ეკონომიკის თეორეტიკოსს, სხვადასხვა ენაზე გამოქვეყნებული აქვს ნაშრომები, რომლებიც როგორც საქართველოს ეკონომიკას, ასევე გლობალურ თემებს ეძღვნება:
გარდა წმინდა ეკონომიკური ხასიათის შრომებისა კონსტანტინე კანდელაკს ეკუთვნის მეტად მნიშვნელოვანი ისტორიულ–პოლიტიკური შინაარსის მქონე ინგლისურენოვანი ფუნდამენტური გამოკვლევა „The Georgian Question before The Free World“ - „ქართული საკითხი თავისუფალი სამყაროს წინაშე“. წიგნი პირველად 1953 წელს პარიზში გამოიცა და საქართველოს ისტორიის ისეთ უმნიშვნელოვანეს პერიოდებს ასახავს, როგორიცაა 1921 წელს საბჭოთა არმიის მიერ ჩვენი ქვეყნის ოკუპაცია, საქართველოს ხელისუფლების მიერ ქვეყნის დატოვება, ემიგრირებულთა შემდგომი ცხოვრება და პოლიტიკური მოღვაწეობა უცხოეთში. 2012 წელს კონსტანტინე კანდელაკის ეს ნაშრომი ქართულ ენაზე გამოიცა თბილისში. წიგნში ასახული დოკუმენტური მასალა წარმოადგენს საქართველოს დამოუკიდებლობისათვის ბრძოლის საკითხთან დაკავშირებული ფაქტების, პუბლიკაციების, მაღალი ტრიბუნიდან წარმოთქმული სიტყვების, საერთაშორისო კონფერენციებისა და ერთა ლიგის მიერ მიღებული რეზოლუციების კომპილაციას.
კონსტანტინე კანდელაკი ეწეოდა აქტიურ საზოგადოებრივ საქმიანობას. იგი იყო საქართველოს პირველი მთავრობის არქივის შემნახველი სამთავრობო კომისიის წევრი, რომლის შემადგენლობაში მასთან ერთად ნოე ჟორდანია, აკაკი ჩხენკელი, ევგენი გეგეჭკორიც შედიოდნენ; მონაწილეობდა „ქართველ ინჟინერთა და ტექნიკოსთა ასოციაციის“ სხდომებში; კითხულობდა ლექციებს ქართველთა კოლონიებში; გაწევრიანებული იყო 1929 წელს აკ. ჩხენკელის ინიციატივით შექმნილ „ტუბერკულოზით ავადმყოფ ქართველთა დამხმარე კომიტეტში“, რომელიც შემოწირულობებისა და საქველმოქმედო საღამოების მეშვეობით შეკრებილი თანხით ეხმარებოდა დაავადებულ ემიგრანტებს; კანდელაკი იყო 1952 წელს დაარსებული რადიო „თავისუფლების” ერთ–ერთი პირველი დიქტორი, გრიგოლ რობაქიძესთან, ვიქტორ ნოზაძესთან, მიხაკო წერეთელთან, ნოე ჟორდანიასა და აკაკი ჩხენკელთან ერთად.
აღსანიშნავია კონსტანტინე კანდელაკის ღვაწლი ქართველი ებრაელების გადარჩენაში საფრანგეთის ნაცისტური ოკუპაციის დროს. ის ადგენდა შესაბამის დოკუმენტებს გადახვეწილობაში მყოფი დამოუკიდებელი საქართველოს მთავრობის უფლებამოსილობით, რისი მეშვეობითაც საკონცენტრაციო ბანაკებიდან დაიხსნა არა მარტო ქართველი, არამედ სხვა ერებთან მიკედლებული ებრაელებიც.
საქართველოს ხელნაწერთა ეროვნულ ცენტრში ინახება კონსტანტინე კანდელაკის მიმოწერა რაჟდენ არსენიძესთან, ალექსანდრე (სანდრო) კორძაიასთან, აკაკი პაპავასა და პავლე სარჯველაძესთან. წერილების შინაარსი ქართული პოლიტიკური ემიგრაციის საქმიანობის 1956–1958 წლებს შორის პერიოდს შეეხება. მიმოწერის გეოგრაფიული არეალია პარიზი –მიუნხენი და პარიზი – ბუენოს აირესი. წერილებიდან ნათლად ჩანს, რომ ქართველი ემიგრანტები მათი უკვე ხანდაზმული ასაკისა და ჯანმრთელობის მდგომარეობის მიუხედავად, კვლავ აქტიურად არიან ჩაბმული მიმდინარე საკითხების გადაწყვეტაში. მიმოწერის ავტორები ქართული ემიგრაციის ამოცანებზე მსჯელობისას ხაზგასმით აღნიშნავენ, რომ ემიგრაციამ საერთაშორისო საზოგადოებას უფრო აქტიურად უნდა გააცნოს საქართველოს საკითხი, რათა მეტი მხარდამჭერი და დამცველი ჰყავდეს იმ წრეში, რომელსაც სამომავლოდ საქართველოს დამოუკიდებლობის საკითხის გადაწყვეტა ხელეწიფება.
გარდაიცვალა 1958 წლის 11 ოქტომბერს, შვეიცარიაში (ლოზანაში), სადაც ის სამკურნალოდ იმყოფებოდა. რამდენიმე დღის შემდეგ მისი ნეშტი გადმოასვენეს ლევილში, საფრანგეთი, და 18 ოქტომბერს იქვე დაკრძალეს, როგორც ქართველი, ისე უცხოელების დიდძალი საზოგადოების თანდასწრებით.
ოჯახი
რედაქტირებაკონსტანტინე კანდელაკის უმცროსი ძმა იყო სიმონ კანდელაკი (1887 –1946), გამოჩენილი ტროპიკოლოგი, მედიცინის მეცნიერებათა დოქტორი. 1913 წელს დაამთავრა იურიევის (ტარტუს) უნივერსიტეტის სამედიცინო ფაკულტეტი. დახელოვნდა რომში, ლონდონში, პარიზსა და ჰამბურგში. იგი იყო ტროპიკულ სნეულებათა მუზეუმისა და ტროპიკულ ავადმყოფობათა საწინააღმდეგო პროფილაქტიკურ-სამკურნალო დაწესებულებების ორგანიზატორი თბილისში და საერთოდ საქართველოში, სამედიცინო პარაზიტოლოგიის და ტროპიკული მედიცინის სამეცნიერო-კვლევითი ინსტიტუტის დირექტორი.
ნაშრომები
რედაქტირება- „რას ამბობენ ფაქტები“ (საქართველოს ეკონომიურ ცხოვრებიდან), პარიზი, 1927
- „ეკონომიური კრიზისი“, პარიზი, 1932
- „საქართველოს ეროვნული მეურნეობა“, წ. 1: ტერიტორია და მოსახლეობა, პარიზი, 1935.
- The Georgian Question before the free world, Paris, 1953
- „საქართველოს ეროვნული მეურნეობა“, წ. 2: დამოუკიდებელი საქართველო, პარიზი, 1960
ლიტერატურა
რედაქტირება- ჯავახიშვილი ნ., საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკა (1918–1921) : ენციკლოპედია-ლექსიკონი, თბ.: უნივერსიტეტის გამომცემლობა, 2018. — გვ. 214-215.
- ხვადაგიანი ი., „საქართველოს დამფუძნებელი კრება 1919“, თბილისი: „საბჭოთა წარსულის კვლევის ლაბორატორია“, 2016. — გვ. 266-267, ISBN 978-9941-0-9318-0.
- მურისიძე, შ. კონსტანტინე კანდელაკის მიმოწერა // ქართული ემიგრაცია : სამეცნიერო ჟურნალი / - თბილისი, 2013. - N1 (4). - გვ.50-70.
- დაუშვილი რ., კალანდაძე გ., ობახიძე რ., ჯაფარიძე გ., ტარტარაშვილი თ., „ქართველები უცხოეთში“: წგნ. 1, თბილისი, 2012
- კანდელაკი, კონსტანტინე. ქართული საკითხი თავისუფალი სამყაროს წინაშე : (აქტები - დოკუმენტები - მტკიცებულებები)/მთარგმნ. ვერონიკა შნაიდერი. - თბ., 2012. - 1953 წლის რეპრინტული გამოცემა.
- ჯავახიშვილი ნ., „ქართული ბონისტიკა“, თბილისი, 1996
- შარაძე გ., უცხოეთის ცის ქვეშ, ტ. II, თბილისი: „მერანი“, 1993. — გვ. 77-97.
რესურსები ინტერნეტში
რედაქტირებასქოლიო
რედაქტირება- ↑ ჯიქია ლ., 1924 წლის აჯანყება დასავლეთ საქართველოში, თბ.: უნივერსალი, 2012. — გვ. 261.