სხვა მნიშვნელობებისთვის იხილეთ ავალიშვილი.

ზურაბ დავითის ძე ავალიშვილი (დ. 1874, ჩუმლაყი — გ. 21 მაისი, 1944, შვარცენფელდი, გერმანია) — ქართველი მეცნიერი, იურისტი, ისტორიკოსი, ლიტერატურათმცოდნე, დიპლომატი, პუბლიცისტი, პოლიტიკური და საზოგადო მოღვაწე, პროფესორი (1909), საქართველოს ეროვნულ-დემოკრატიული პარტიის ერთ-ერთი ფუძემდებელი.

ზურაბ ავალიშვილი
დაბადების თარიღი 1876[1] [2] [3]
დაბადების ადგილი ჩუმლაყი
გარდაცვალების თარიღი 21 მაისი, 1944(1944-05-21)
გარდაცვალების ადგილი მიუნხენი
მოქალაქეობა  საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკა
რუსეთის იმპერია
განათლება სანქტ-პეტერბურგის სახელმწიფო უნივერსიტეტი

ბიოგრაფია

რედაქტირება

ადრეული წლები

რედაქტირება

დაიბადა დავით ავალიშვილის ოჯახში. 1893 წელს დაამთავრა თბილისის პირველი კლასიკური გიმნაზია და 1895 წელს პეტერბურგის უნივერსიტეტის იურიდიული ფაკულტეტის სტუდენტი გახდა. 1898 წელს უნივერსიტეტის დასრულების შემდეგ იქვე დარჩა აკადემიური კარიერის გასაგრძელებლად. 1901 წელს დაიცვა სადიპლომო ნაშრომი „საქართველოს შეერთება რუსეთთან“. 1902-1904 წლებში მივლინებული იყო საფრანგეთში. 1903 წელს საფრანგეთში მან მონაწილეობა მიიღო გაზეთ „საქართველოს“ მუშაობაში. 1904 წელს დაბრუნდა პეტერბურგში, სადაც 1906 წელს დაიცვა სამაგისტრო დისერტაცია („დეცენტრალიზაცია და თვითმმართველობა საფრანგეთში ნაპოლეონის დროიდან 1905 წლამდე“), ხოლო 1907 წელს მიიღო სანქტ-პეტერბურგის პოლიტექნიკური უნივერსიტეტის საჯარო სამართლის პროფესორის წოდება.[4] 1907-1909 და 1912-1913 წლებში იყო პეტერბურგის უნივერსიტეტის სახელმწიფო სამართლის კათედრის პრივატ-დოცენტი, შემდეგ კი პროფესორი. 1909 წელს მიიწვიეს პეტერბურგის პოლიტექნიკურ ინსტიტუტის პროფესორად და ადმინისტრაციული სამართლის კათედრის გამგედ. აღნიშნულ ინსტიტუტში მოღვაწეობდა იგი 1913 წლის ჩათვლით. 1912-1917 წლებში იყო ფინანსთა სამინისტროს იურისკონსულტი. გარდა ამისა, ავალიშვილი ხელმძღვანელობდა პეტერბურგში ცნობილი გაზეთის „რუსსკაია მოლვა“ საერთაშორისო განყოფილებას. იგი ასევე იყო პეტერბურგის გამომცემლობის „ოგნი“-ს ერთ-ერთი ხელმძღვანელი. არჩეული იყო რუსეთის საიმპერატორო იურიდიული საზოგადოების გამგეობის წევრად. 1917 წელს თებერვლის რევოლუციის შემდეგ დაინიშნა სენატორად.

დამოუკიდებელ საქართველოში

რედაქტირება

1918 წელს ავალიშვილი საქართველოში დაბრუნდა. მან მონაწილეობა მიიღო ბათუმის საზავო კონფერენციაში. ბათუმშივე მან მოამზადა საქართველოს დამოუკიდებლობის აქტის ტექსტი, რომელიც 26 მაისს მცირე ცვლილებით იქნა მიღებული. მონაწილეობა მიიღო საქართველოს ეროვნულ-დემოკრატიული პარტიის დაფუძნებაში. დამოუკიდებლობის გამოცხადების შემდეგ დაინიშნა საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის მთავრობის მთავარ მრჩევლად საგარეო პოლიტიკურ საკითხებში. საქართველოს პირველი რესპუბლიკის არსებობისგანმავლობაში ზურაბ ავალიშვილი იყო ქვეყნის საგარეო პოლიტიკის ერთ-ერთი მთავარი შემოქმედი. იგი იყო მკვეთრად გამოხატული ევროპული ორიენტაციის მიმდევარი.

ზურაბ ავალიშვილს განსაკუთრებული წვლილი მიუძღოდა გერმანიის იმპერიასთან საქართველოს პირველი რესპუბლიკის ურთიერთობათა განმტკიცებაში. მისი დიდი დამსახურებაა ის, რომ გერმანია იყო საქართველოს წამყვანი მოკავშირე და სტრატეგიული პარტნიორი. ამ პოლიტიკის პირველი სერიოზული გამარჯვება იყო ის, რომ გერმანიამ არ სცნო საქართველო-ოსმალეთის 1918 წლის 4 ივნისის ხელშეკრულების იურიდიული ძალმოსილება. ამის წყალობით საქართველოს საზღვრებში დარჩა ამჟამინდელი სამცხე-ჯავახეთის მხარე. გარდა ამისა, ავალიშვილის მოთხოვნით, გერმანია-რუსეთის 1918 წლის 27 აგვისტოს ხელშეკრულებაში შეტანილ იქნა მე-13 მუხლი: „რუსეთი თანხმობას აცხადებს გერმანიის მიერ საქართველოს, როგორც დამოუკიდებელი სახელმწიფოს ცნობაზე“.

1919-1920 წ.წ.როგორც საქართველოს ოფიციალური სამთავრობო დელეგაციის წევრი, მონაწილეობდა პარიზის (ვერსალის) სამშვიდობო კონფერენციაში. ამ უმნიშვნელოვანეს ფორუმზე მან გადაჭრით გაილაშქრა ინგლის-სომხეთის გეგმის წინააღმდეგ, რომელიც ითვალისწინებდა ტრაპიზონის ვილაიეთის მნიშვნელოვანი ნაწილის, ბათუმის ოლქის, ყარსისა და არტაანის მხარეების სომხეთისთვის გადაცემას. მომდევნო 1920 წელს მან მის მიერვე შედგენილი სპეციალური ნოტა გადასცა ანტანტის სახელმწიფოთა უზენაეს საბჭოს. ამ დოკუმენტში ზედმიწევნით იყო დასაბუთებული, რომ ხსენებული ტერიტორიები უნდა შესულიყო საქართველოს საზღვრებში. საკითხი საქართველოს სასარგებლოდ გადაწყდა: ინგლის-სომხეთის გეგმამ ფიასკო განიცადა. 1920 წლის მეორე ნახევარში კონსტანტინე კანდელაკთან და ნიკო ნიკოლაძესთან ერთად მონაწილეობდა ეკონომიკურ მისიაში.

ავალიშვილი იყო საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის კონსტიტუციის ერთ-ერთი ავტორი (კონსტიტუცია დამტკიცებულ იქნა დამოუკიდებელი საქართველოს დამფუძნებელი კრების მიერ 1921 წლის 21 თებერვალს, ბოლშევიკური რუსეთის მიერ საქართველოს ოკუპაციამდე რამდენიმე დღით ადრე).

ოკუპაციის შემდეგ

რედაქტირება

რუსეთის მიერ საქართველოს ოკუპაციისა და ფაქტობრივი ანექსიის შემდეგ ზურაბ ავალიშვილი იყო პოლიტიკური ემიგრანტი. მოღვაწეობდა საფრანგეთში (1921-1940) და გერმანიაში (1940-1944). ემიგრაციის წლებში იგი ეწეოდა აქტიურ პოლიტიკურ და სამეცნიერო მოღვაწეობას. ამ პერიოდის მისი ნაშრომებიდან აღსანიშნავია მონოგრაფიული გამოკვლევები „ვეფხისტყაოსნის" საკითხები“ (პარიზი, 1921), „თეიმურაზ I და მისი პოემა „წამება ქეთევან დედოფლისა“ (პარიზი, 1938), „საქართველოს დამოუკიდებლობა 1918-21 წლების საერთაშორისო პოლიტიკაში“ (რუსულ ენაზე, პარიზი, 1924; თბილისი, 1990) და სხვა. არსებობს ცნობა იმის შესახებ, რომ 1944 წელს გერმანულ ენაზე გამოიცა მისი „საქართველოს ისტორია“. სამწუხაროდ, ამ ნაშრომის კვალი ჯერჯერობით მიკვლეული არ არის.

პოლიტიკურ ასპარეზზე იგი აქტიურად თანამშრომლობდა ეროვნულ-დემოკრატიული პარტიის საზღვარგარეთულ ბიუროსთან, მონაწილეობდა ანტიბოლშევიკ ერთა ლიგის შექმნასა და ქართველ ტრადიციონალისტთა კავშირის დაარსებაში (1942 წელს). 1941 წელს მიუნხენში მისი მონაწილეობით დაფუძნდა „ქართული სამოკავშირეო შტაბი“, რომლის მიზანი იყო საქართველოს გათავისუფლება საბჭოთა იმპერიის ბატონობისაგან. გარდა ამისა, იგი იყო მიუნხენის საბჭოთა კავშირისა და აღმოსავლეთ ევროპის შემსწავლელი ინსტიტუტის წამყვანი თანამშრომელი.

ზურაბ ავალიშვილი გარდაიცვალა გერმანიაში, 1944 წელს. 1994 წელს მისი ნეშტი გადმოასვენეს თბილისში, დიდუბის საზოგადო მოღვაწეთა პანთეონში.

  • Авалов Зураб. Присоединение Грузии к России. СПб., 1901 (Repr. New York: Chalidze Publications, 1981)
  • Авалов Зураб. Областные сеймы (федерализм. Отт. из кн. "Конституционное государство". Сб. ст. Изд. I. СПБ. 1905, с. 273-312
  • Авалов Зураб. Независимость Грузии в международной политике 1918-1921 г.г.: Воспоминания. Очерки. - Париж, 1924
  • ზ. ავალიშვილი, ჯვაროსანთა დროიდან (ოთხი საისტორიო ნარკვევი), პარიზი, 1929 (მე–2 გამ. თბ., 1989)
  • ზურაბ ავალიშვილი, სოციალისტური პროპაგანდის წარმატება საქართველოში / ზურაბ ავალიშვილი ; თარგმნ. დ. აბაშიძემ // ჩვენი მწერლობა. - თბილისი, 2008. - აგვისტო. - N16(68). - გვ.2-4
  • ზურაბ ავალიშვილი, "საქართველოს დამოუკიდებლობის" წინასიტყვაობა: ერი და ბედისწერა; ინგლ. თარგმნა დ. აბაშიძემ // ჩვენი მწერლობა. - თბილისი, 2009. - ISSN: 1987-7730
  • ზ. ავალიშვილი, საქართველოს დამოუკიდებლობა 1918-21 წლების საერთაშორისო პოლიტიკაში, მოგონებები, ნარკვევები, თბ., 1990 წ.

ლიტერატურა

რედაქტირება
  • სარალიძე ლ., საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკა (1918–1921) : ენციკლოპედია-ლექსიკონი, თბ.: უნივერსიტეტის გამომცემლობა, 2018. — გვ. 13-14.
  • ბადრიძე შ., ცირეკიძე შ., ენციკლოპედია „საქართველო“, ტ. 1, თბ., 1997. — გვ. 60-61.
  • პეტერბურგის უნივერსიტეტის იურიდიული ფაკულტეტის პროფესორთა და მასწავლებელთა სია 1819 წლიდან 1915 წლამდე, პეტერბურგი, 1916 (რუსულ ენაზე), გვ. 23.
  • გ. პაიჭაძე. რუსულ-ქართული ურთიერთობების ისტორიისათვის, თბილისი, 1960, გვ. 4-5.
  • М. Гиоргидзе. Грузины в Петербурге, Тбилиси, 1976, стр. 179-181.
  • შარაძე გ. ზურაბ ავალიშვილი, მის წიგნში: უცხოეთის ცის ქვეშ, ტ. 1, თბილისი, 1991.
  • ზ. ბაბუნაშვილი, თ. ნოზაძე, „მამულიშვილთა სავანე“, გვ. 33, თბ., 1994
  • მეგი გიორგაძე, ზურაბ ავალიშვილი (შტრიხები პორტრეტისათვის) // ცხოვრება და კანონი: საერთაშორისო სამეცნიერო-პრაქტიკული ჟურნალი. თბ., 2008. - ISSN: 15 12-33-08. N1. გვ.71-73. რეზიუმე ინგლ. ენაზე
  • თარხნიშვილი გ., ბადრიძე შ., იმედაშვილი გ., ქსე, ტ. 1, გვ. 115, თბ., 1975
  1. International Standard Name Identifier — 2012.
  2. NUKAT — 2002.
  3. MAK
  4. მამულია გ., სეფიაშვილი ნ., „თეთრი გიორგი“-ს იდეოლოგიურ-ორგანიზაციულ საწყისებთან: დოკუმენტები და მასალები პირადი არქივებიდან, თბ.: საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკა, 2024, გვ. 74.