გერმანიის იმპერია
| |||||
დაარსდა | 1871 | ||||
დაიშალა | 1918 | ||||
სახელმწიფო ენა | გერმანული | ||||
რელიგია | ლუთერანები~60% კათოლიკეები~40% | ||||
დედაქალაქი | ბერლინი | ||||
სახელმწიფო მართვის ფორმა | კონსტიტუციური მონარქია | ||||
კაიზერი | ვილჰელმ I (1871-1888) ფრიდრიხ III (1888) ვილჰელმ II (1888-1918) | ||||
რაიხსკანცლერი | ოტო ფონ ბისმარკი (1871-1890) (პირველი) ფრიდრიხ ებერტი (1918) (ბოლო) | ||||
საკანონმდებლო ორგანო | რაიხსტაგი ბუნდესრატი | ||||
ფართობი[1] - სულ |
540,857.54 კვ.კმ | ||||
მოსახლეობა[2] - რაოდენობა (1871) (1890) (1910) - სიმჭიდროვე |
41 058 800 49,428,470 64,925,993 75.9 / კვ.კმ | ||||
ვალუტა | გერმანიის ოქროს მარკა (1914 წლამდე) გერმანიის ქაღალდის მარკა (1914 წლის შემდეგ) | ||||
სახელმწიფო ჰიმნი | Heil dir im Siegerkranz |
გერმანიის იმპერია (გერმ. Deutsches Reich)[3][4] — გერმანიის სახელმწიფოს ოფიციალური სახელწოდება 1871-1943 წლებში (1943-1945 წლებში ერქვა დიდი გერმანული იმპერია — გერმ. Das Großdeutsche Reich). იმპერიის დამაარსებლები იყვნენ ოტო ფონ ბისმარკი და ვილჰელმ I.
ზოგადად დასახელება „გერმანიის იმპერია“ გამოიყენება, როგორც 1871-1918 წლების პერიოდისთვის, შესაბამისად გერმანული ტერმინისა Deutsches Kaiserreich, როდესაც იმპერიას მართავდა ჰოენცოლერნთა საგვარეულო დინასტია,[5] ასევე ამ პერიოდს უწოდებენ „მეორე რაიხს“.
1918-1933 წლების პერიოდს უწოდებენ ვაიმარის რესპუბლიკას, ხოლო 1933-1945 წლების პერიოდს — მესამე რაიხს[6] ან „ნაცისტურ გერმანიას“.
ისტორია
რედაქტირებაგერმანულმა ნაციონალიზმმა 1848 წელს სწრაფად გადაუხვია თავისი ლიბერალური და დემოკრატიული პრინციპებიდან და ეგრეთ წოდებული პანგერმანიზმიდან გადავიდა პრუსიის მინისტრ-პრეზიდენტის ოტო ფონ ბისმარკის „რეალურ პოლიტიკაზე“. ბისმარკი ცდილობდა გაეფართოებინა ჰოენცოლერნების ჰეგემონია გერმანიის მთელ სახელმწიფოზე; ეს ნიშნავდა გერმანული სახელმწიფოების გაერთიანებასა და პრუსიის მოწინააღმდეგე ავსტრიის ჩამოცილებას იმპერიისგან. იგი ხედავდა კონსერვატიულ, პრუსიის მიერ დომინირებულ გერმანიას.
სამი ომის შედეგად მიაღწიეს სამხედრო წარმატებებს და ამან დაარწმუნა გერმანელი ხალხი ამ იდეის შესრულებაში: შლეზვიგის მეორე ომი დანიის წინააღმდეგ 1864 წელს, ავსტრია-პრუსიის ომი ავსტრიის წინააღმდეგ 1866 წელს და საფრანგეთ-პრუსიის ომი საფრანგეთის მეორე იმპერიის წინააღმდეგ 1870-1871 წლებში. პარიზის ალყის დროს 1871 წელს, ჩრდილო გერმანიის კავშირმა თავისი მოკავშირე სამხრეთ გერმანელებთან ერთად დააფუძნა გერმანიის იმპერია და ვერსალის სასახლის სარკეებიან დარბაზში გერმანიის კაიზერად გამოცხადდა პრუსიის მეფე ვილჰელმ I, ამით საფრანგეთი დაამცირეს, რომელმაც მხოლოდ რამდენიმე დღის შემდეგ შეწყვიტა წინააღმდეგობის გაწევა. იმპერიას შეუერთდნენ სამხრეთ გერმანიის ქვეყნები. ავსტრია არ გახდა გერმანიის ნაწილი. ხუთი მილიარდი ფრანკი, რომელიც ფრანგებმა კონტრიბუციის სახით გადაუხადეს გერმანელებს, გახდა მტკიცე ფუნდამენტი გერმანიის ეკონომიკისთვის.
ვილჰელმ I გახდა გერმანიის იმპერიის პირველი კაიზერი, ხოლო ოტო ფონ ბისმარკი გახდა პირველი რაიხსკანცლერი და თითქმის 20 წლის განმავლობაში ფაქტობრივად შეუზღუდავად მართავდა გერმანიას.
1888 წელს ვილჰელმ I სიკვდილის შემდეგ მისი შვილი ფრიდრიხ III გერმანიის იმპერიის მეორე კაიზერი გახდა. ამ დროისათვის ის უკვე მძიმედ ავად იყო. 1887 წლიდან მას ყელის კიბო ჰქონდა. ფრიდრიხ III-მ ტახტზე მხოლოდ 99 დღე დაჰყო და იმავე 1888 წელს გარდაიცვალა.
ფრიდრიხის სიკვდილის შემდეგ გერმანიის იმპერიის მესამე კაიზერი გახდა მისი შვილი ვილჰელმ II, 1888 წელი გერმანიის ისტორიაში „სამი კაიზერის წლის“ სახელით არის ცნობილი. მესამე კაიზერი ატარებდა მკაცრ საშინაო და საგარეო პოლიტიკას, მან შეკრა სამხედრო კავშირი ავსტრიასთან და რუსეთთან (რუსეთმა მალე დატოვა კავშირი) ინგლისისა და საფრანგეთის წინააღმდეგ, გაზარდა ჯარის შემადგენლობა. ვილჰელმმა ბოსნიის კრიზისი 1914 წელს გადაზარდა პირველ მსოფლიო ომში. 1918 წელს გერმანიის რევოლუციის შემდეგ დაემხო მეორე რაიხი, ხოლო ვილჰელმი გაიქცა ნიდერლანდებში.
სახელმწიფო წყობა
რედაქტირება1871 წლის 14 აპრილს პირველმა საერთოიმპერიულმა რაიხსტაგმა დაამტკიცა გერმანიის კონსტიტუცია, რომელმაც იმპერიაში პრუსიის ჰეგემონია განამტკიცა.
იმპერიას სათავეში ედგა კაიზერი ჰოენცოლერნთა საგვარეულო დინასტიიდან, რომელიც იმავე დროს იყო პრუსიის მეფე და უმაღლესი მთავარსარდალიც. კაიზერი ნიშნავდა უმაღლეს სამხედრო და სამოქალაქო მოხელეებს, აცხადებდა ომს, დებდა ზავს და ჰქონდა რაიხსტაგის დათხოვნის უფლება. კაიზერი ნიშნავდა და ხსნიდა რაიხსკანცლერს, რომელიც მხოლოდ კაიზერის წინაშე აგებდა პასუხს. ცალკეულ უწყებათა და სამინისტროთა ხელმძღვანელები ინიშნებოდა რაიხსკანცლერის მიერ და ისინი მთლიანად მას ემორჩილებოდნენ. ორი გამონაკლისის გარდა, 1872–1873 და 1892–1894 წლებში რაიხსკანცლერი იმავდროულად იყო პრუსიის მინისტრ-პრეზიდენტი.
იმპერიის საერთოეროვნულ, საკანონმდებლო ორგანოს წარმოადგენდა გერმანიის იმპერიის რაიხსტაგი, რომელიც ირჩეოდა პირდაპირი, საყოველთაო და თანასწორუფლებიანი არჩევნების საფუძველზე. რაიხსტაგის მიერ მიღებული კანონები უნდა დაემტკიცებინა ზედა პალატას ბუნდესრატს და კაიზერს. ბუნდესრატი რაიხსტაგის მსგავსად კი არ ირჩეოდა, არამედ იქმნებოდა იმპერიაში შემავალი სახელმწიფოების არისტოკრატებისაგან და თავისუფალი ქალაქების წარმომადგენლებისაგან. ბუნდესრატში მთავარ როლს პრუსია თამაშობდა, ამ პალატაში არსებული 58 ადგილიდან 17 მას ეკუთვნოდა და ვეტოს უფლებაც გააჩნდა.
პრუსიისა და გერმანიის საარჩევნო სისტემებში არსებობდა მნიშვნელოვანი შეუსაბამობა. პრუსია იყენებდა ძალიან შეზღუდულ სამკლასიან ხმის მიცემის სისტემას, სადაც მოსახლეობის მერსამედ ყველაზე მდიდარ კლასს შეეძლო აერჩია საკანონმდებლო ხელისუფლების 85 პროცენტი. როგორც ზემოთ აღვნიშნეთ პრუსიის მეფე და მინისტრ-პრეზიდენტი ასევე იყვნენ კაიზერი და რაიხსკანცლერი - ეს კი იმას ნიშნავდა, რომ იგივე მმართველები უნდა მოსულიყვნენ ხელისუფლებაში, სრულიად განსხვავებული სისტემების მეშვეობით.
ადმინისტრაციულ-ტერიტორიული მოწყობა
რედაქტირებაგერმანიის იმპერიის სახელმწიფო მოწყობის ფორმა იყო ფედერალური და აერთიანებდა 25 ცალკე სახელმწიფოს (4 სამეფოს, 6 დიდ საჰერცოგოს, 4 საჰერცოგოს, 8 სამთავროსა და 3 თავისუფალ ქალაქს). ელზას-ლოთარინგია, რომელიც საფრანგეთს წაართვეს, უშუალოდ კაიზერს ემორჩილებოდა. იმპერიაში შემავალ სახელმწიფოებს შენარჩუნებული ჰქონდათ თავიანთი კონსტიტუციები, კანონმდებლობა, დინასტიები და ადგილობრივი წარმომადგენლობითი ორგანოები - ლანდტაგები, რომლებიც ადგილობრივი მნიშვნელობის საკითხებს (განათლების, სათემო თვითმმართველობის, ადგილობრივი გადასახადების და ა.შ.) წყვეტდნენ.
იმპერიის მმართველობის ძირითადი საკითხები: სახელმწიფოს თავდაცვა, საგარეო პოლიტიკა, საბაჟო რეჟიმი და სხვა იმპერიის ხელისუფლებას ექვემდებარებოდა. მიუხედავად ამისა, ზოგიერთ სახელმწიფოს საკუთარი არმია ჰყავდა, ხოლო შედარებით პატარა სახელმწიფოების სამხედრო ძალები პრუსიის კონტროლქვეშ იმყოფებოდნენ. დიდი სახელმწიფოები, როგორებიც იყვნენ ბავარიის და საქსონიის სამეფოები ეთანხმებოდნენ პრუსიის პრინციპებს და ომის დროს მათ ფედერალური მთავრობა აკონტროლებდა.
პრუსია იყო გაერთიანებული გერმანიის ყველაზე დიდი სახელმწიფო. მასზე მოდიოდა იმპერიის ტერიტორიის 60 % და ასევე დაახლოებით მოსახლეობის 60 %.
სახელმწიფო | დედაქალაქი | |
---|---|---|
სამეფოები (Königreiche) | ||
პრუსია (Preußen) | ბერლინი | |
ბავარია (Bayern) | მიუნხენი | |
საქსონია (Sachsen) | დრეზდენი | |
ვიურტემბერგი (Württemberg) | შტუტგარტი | |
დიდი საჰერცოგოები (Großherzogtümer) | ||
ბადენი (Baden) | კარლსრუე | |
ჰესენი (Hessen) | დარმშტადტი | |
მეკლენბურგ-შვერინი (Mecklenburg-Schwerin) | შვერინი | |
მეკლენბურგ-შტრელიცი (Mecklenburg-Strelitz) | ნოიშტრელიცი | |
ოლდენბურგი (Oldenburg) | ოლდენბურგი | |
საქსონია-ვაიმარ-აიზენახი (Sachsen-Weimar-Eisenach) | ვაიმარი | |
საჰერცოგოები (Herzogtümer) | ||
ანჰალტი (Anhalt) | დესაუ | |
ბრაუნშვაიგი (Braunschweig) | ბრაუნშვაიგი | |
საქსონია-ალტენბურგი (Sachsen-Altenburg) | ალტენბურგი | |
საქსონია-კობურგი და გოთა (Sachsen-Coburg und Gotha) | კობურგი | |
საქსონია-მაინინგენი (Sachsen-Meiningen) | მაინინგენი | |
სამთავროები (Fürstentümer) | ||
ლიპე (Lippe) | დეტმოლდი | |
როისი უმცროსი შტო (Reuß jüngere Linie) | გერა | |
როისი უფროსი შტო (Reuß ältere Linie) | გრაიცი | |
შაუმბურგ-ლიპე (Schaumburg-Lippe) | ბიუკებურგი | |
შვარცბურგ-რუდოლშტადტი (Schwarzburg-Rudolstadt) | რუდოლშტადტი | |
შვარცბურგ-ზონდერსჰაუზენი (Schwarzburg-Sondershausen) | ზონდერსჰაუზენი | |
ვალდეკ-პირმონტი (Waldeck-Pyrmont) | აროლზენი | |
თავისუფალი ქალაქები (Freie Hansestädte) | ||
ბრემენი (Bremen") | ||
ჰამბურგი ("Hamburg") | ||
ლიუბეკი (Lübeck") | ||
იმპერიული ტერიტორია (Reichsland) | ||
ელზას-ლოთარინგია (Elsaß-Lothringen) | სტრასბურგი |
გერმანიის კოლონიები
რედაქტირებამიუხედავად იმისა, რომ გერმანიის საგარეო პოლიტიკის ცენტრი ევროპის კონტინენტი იყო, XIX საუკუნის 80-ნი წლებიდან იგი კოლონიურ დაპყრობაზე გადავიდა.
გერმანიის იმპერიის კოლონიები:
აფრიკის კონტინენტზე: ტოგო, კამერუნი, „გერმანიის აღმოსავლეთ აფრიკა“, „გერმანიის სამხრეთ-დასავლეთ აფრიკა“.
წყნარი ოკეანის აუზში: კუნძულ ახალი გვინეის ნაწილი, ბისმარკის არქიპელაგი, ნაურუს, პალაუს, ბუგენვილის, კაროლინის, მარიანის, მარშალისა და ჩრდილოეთ სოლომონის კუნძულები.
ეკონომიკა
რედაქტირებაგერმანიის იმპერიის შექმნამ წარმოშვა ხელსაყრელი საშინაო და საგარეო პირობები ქვეყნის ეკონომიკური განვითარებისათვის. ქვეყანას მოეპოვებოდა ქვანახშირის (რური, ზაარი) მდიდარი საბადოები, ხოლო საფრანგეთისათვის რკინის საბადოებით მდიდარი ალზას-ლორენის წართმევამ მკვეთრად გაზარდა გერმანიის ეკონომიკური პოტენციალი. მიიღო რა დამარცხებული საფრანგეთისაგან 5 მილიარდი ფრანკი კონტრიბუციის სახით, გერმანიამ სწრაფად გადაჭრა კაპიტალის პირველადი დაგროვების პრობლემა და ბიძგი მისცა ეკონომიკის მძლავრ აღმავლობას.
XX საუკუნის დასაწყისისათვის გერმანიამ ბევრად გაუსწრო ინგლისს, როგორც სამრეწველო ქვეყანამ და ევროპაში პირველ ადგილზე გავიდა, ხოლო მსოფლიოში მეორეზე აშშ-ის შემდეგ. 1901-1910 წლებში გერმანიაზე მოდიოდა ქვანახშირის მსოფლიო მოპოვების 1/5. რკინიგზის სიგრძე 1871 წლის 10 ათასი კმ-დან 1900 წლის 50 ათას კმ-დე გაიზარდა. კონკურენციული ბრძოლის შედეგად მრეწველობის ზოგიერთ დარგში, განსაკუთრებით მძიმე მრეწველობაში, წარმოების კონცენტრაციამ, მართალია გამოიწვია სამრეწველო საწარმოთა რიცხვის შემცირება, მაგრამ წარმოიშვა გიგანტური საწარმოები. გერმანიის სამრეწველო სიძლიერე მდგომარეობდა ფირმა „კრუპ-ში“, რომლის პირველი ქარხანა აშენდა ესენში. 1902 წლისთვის ქარხანა გახდა „უდიდესი ქალაქი საკუთარი ქუჩებით, საკუთარი პოლიციით, სახანძრო დეპარტამნტით და მოძრაობის წესებით. იქ არის 150 კილომეტრიანი რკინიგზა, 60 სხვადასხვა ქარხნის შენობა, 8500 მექანიკური დგარი, შვიდი ელექტროსადგური, 140 კილომეტრიანი მიწისქვეშა და 46 მიწის ზედა საკაბელო სისტემა“.
გერმანია ბისმარკის წყალობით ნებისმიერ სხვა სახელმწიფოზე მეტად მიუახლოვდა სოციალური უზრუნველყოფის თანამედროვე გაგებას. გერმანელი მუშები სარგებლობდნენ შეღავათებით ავადმყოფობის, უბედური შემთხვევების და მშობიარობის დროს, ასევე მათ შეეძლოთ ესარგებლათ სასადილოებით, გამოსაცვლელი ოთახებით და ეროვნული საპენსიო სქემით უფრო ადრე, ვიდრე ამაზე იფიქრებდნენ უმეტეს ლიბერალურ ქვეყნებში. მიუხედავად ამისა, მუშებს ცხოვრება მაინც უჭირდათ. ფოლადის ჩამოსასხმელი ქარხნები მუშაობდნენ 12 საათს დღეში და 80 საათს კვირაში. მათ არ ჰქონდათ არც დასვენების დღეები და არც შვებულება.
მრეწველობის აღმავლობამ გამოიწვია საბანკო საქმის განვითარებაც. შეიქმნა ახალი საფინანსო გიგანტები „დოიჩე ბანკი“ და „დრეზდენის ბანკი“.
XIX საუკუნის უკანასკნელ მეოთხედში მკვეთრად გაიზარდა გერმანიის საგარეო-ეკონომიკური ურთიერთობა. განსაკუთრებით გაიზარდა საზღვაო ვაჭრობა, რომლის წილადაც მოდიოდა გერმანიის საგარეო ვაჭრობის ტვირთბრუნვის ნახევარზე მეტი. ეს კი ავიწროვებდა ინგლისის ვაჭრობას. 1894 წელს ინგლისის პარლამენტმა მიიღო კანონი, რომლის მიხედვითაც ამიერიდან ინგლისში შემოტანილ საქონელს უნდა ჰქონოდა სადაურობის მაჩვენებელი ნიშანი. ინგლისელები ვარაუდობდნენ გერმანელთა კონკურენციის შესუსტებას, მაგრამ მოხდა პირიქით. დამღა „Made in Germany“ (დამზადებულია გერმანიაში) გახდა გერმანული საქონლის სიიაფისა და საიმედოობის ნიშანი.
პირველი მსოფლიო ომის დროს გერმანიის ეკონომიკა გადავიდა თავისი სამხედრო ძალების იმ აღჭურვილობით უზრუნველყოფაზე, რომელიც საჭირო იყო ომში საბრძოლველად. ეს გულისხმობდა შაშხანების, რევოლვერების, ტყვიამფრქვევების, ნაღმსარტყოცნების და სხვა მსუბუქი და მძიმე არტილერიის წარმოებას.
გარდა ამისა, იმპერიული გერმანია ლიდერი იყო ფიზიკის და ქიმიის სექტორში ისე, რომ ნობელის პრემიის ერთი მესამედი დაიმსახურეს გერმანელმა გამომგონებლებმა და მკვლევარებმა.
ბისმარკის ერა
რედაქტირება
ეს სტატია არის ნაწილი სერიისა: | |||
ანტიკური დრო | |||
ძველი გერმანელები | |||
მიგრაციის პერიოდი | |||
ფრანკთა სახელმწიფო | |||
შუა საუკუნეები | |||
აღმოსავლეთ ფრანკთა სამეფო | |||
საღვთო რომის იმპერია | |||
ერთიანი სახელმწიფოს შექმნა | |||
რაინის კავშირი | |||
გერმანიის კავშირი | |||
გერმანიის რევოლუცია 1848/49 | |||
ჩრდილო გერმანიის კავშირი | |||
გერმანიის გაერთიანება (1871) | |||
გერმანიის რაიხი | |||
გერმანიის იმპერია | |||
პირველი მსოფლიო ომი | |||
ვაიმარის რესპუბლიკა | |||
მესამე რაიხი | |||
მეორე მსოფლიო ომი | |||
მეორე მსოფლიო ომის შემდეგ | |||
ოკუპაცია | |||
დას. გერმანია + აღმ. გერმანია | |||
გერმანიის გაერთიანება (1990) | |||
თანამედროვეობა | |||
გერმანია |
იდეოლოგია
რედაქტირება1871 წელს გერმანული სახელმწიფოების ფორმალური გაერთიანების შემდეგ ბისმარკმა გადართო თავისი ყურადღება ერის გაერთიანების პრუსიანიზმის თეორიაზე. კონსერვატიული კათოლიკური აქტივიზმი და ემანსიპაცია, წარმოდგენილი ვატიკანის პაპის პიუს IX და პაპთა უცოდველობის დოგმის სახით, მუშათა კლასის რადიკალიზმი წარმოსახული გერმანიის სოციალ-დემოკრატიული პარტიით, ყოველივე ეს ახდენდა გერმანელი ერის და გერმანული საზოგადოების გახლეჩას, რასაც აგრეთვე იწვევდა გერმანული მიწათმოქმედი ეკონომიკის სწრაფი გადასვლა ნაციონალისტურ კაპიტალიზმზე.
კულტურკამპფი
რედაქტირებაგერმანიის გაერთიანების შემდეგ წვრილი გერმანული სახელმწიფოთა თავადაზნაურობა უკმაყოფილო იყო არმიასა და იმპერიის მმართველობაში პრუსიელი იუნკრების მიერ წამყვანი ადგილების მითვისებით. უკმაყოფილებას გამოთქვამდა კათოლიკური ეკლესიაც, რომელიც გაბატონებული იყო ქვეყნის სამხრეთ და დასავლეთ რეგიონებში. ამიტომ პრუსიის ჰეგემონიის წინააღმდეგ საბრძოლველად, კათოლიკურმა ეკლესიამ, შექმნა საკუთარი პოლიტიკური პარტია „კათოლიკური ცენტრი“. ბისმარკმა მთავარი დარტყმა სწორედ კათოლიკური ეკლესიის წინააღმდეგ მიიტანა, როდესაც პარლამენტში გაატარა რიგი კანონებისა, რომლებიც მკვეთრად ზღუდავდა კათოლიკურ ეკლესიას. ლუთერანული პრუსიის ლიბერალური წრეების წარმომადგენლები კათოლიკურ ეკლესიის წინააღმდეგ ბრძოლას უწოდებდნენ ბრძოლას კულტურისთვის - „კულტურკამპფს“. სინამდვილეში ეს იყო ბისმარკის ცდა გერმანიის კათოლიკური რეგიონების პრუსიის ჰეგემონიის წინააღმდეგ ბრძოლის შესაძლებლობები შეეზღუდა. საბოლოოდ „რკინის კანცლერად“ წოდებულმა ბისმარკმა მაინც ვერ შეძლო კათოლიკური ეკლესიის გავლენის მოსპობა და მისი დამორჩილება. თანაც ბისმარკი მალე მიხვდა, რომ მისთვის საშიში იყო არა იმდენად კათოლიკური ეკლესია, რამდენადაც სოციალისტური მოძრაობა, ამიტომ მათ წინააღმდეგ „განსაკუთრებული კანონები“ შემოიღო.
სოციალური რეფორმა
რედაქტირებაბისმარკმა გაატარა მნიშვნელოვანი სოციალური რეფორმები, ესენი იყო დაავადებისა და უბედური შემთხვევებისაგან მუშათა დაზღვევის, ინვალიდებისა და მოხუცთათვის დახმარების კანონები.
Kleindeutschland
რედაქტირებაორი მოსაზრება იმის შესახებ თუ რას უნდა შეიცავდეს ტერიტორიულად გერმანიის იმპერია, გახდა დებატების საბაბი ბისმარკის თანამდებობაზე ყოფნის დროს. პირველი მოსაზრება იყო Großdeutschland (უფრო დიდი ან დიდი გერმანია) და მეორე, რომელსაც ბისმარკი ანიჭებდა უპირატესობას, იყო Kleindeutschland (უფრო პატარა ან პატარა გერმანია). Großdeutschland, რომლის იდეას განსაკუთრებით მხარს უჭერდნენ გერმანელი ლიბერალები და პანგერმანული ნაციონალისტები, ნიშნავდა, რომ გერმანია უნდა იყოს ყოვლისმომცველი სახელმწიფო ყველა გერმანელისთვის, ავსტრიის ტერიტორიის ჩათვლით (ზოგს უნდოდა ავსტრია-უნგრეთის მთელი ტერიტორია, ზოგს კი მხოლოდ გერმანულ-ავსტრიული მიწები). Kleindeutschland-ის იდეას მხარს უჭერდა ბისმარკი და პრუსიელი კონსერვატორები. რადგანაც Kleindeutschland-ის იდეა მოიცავდა მილიონობით არაგერმანელ მოსახლეობას (უმეტესწილად პოლონელებს) მისი მიმდევრები ფიქრობდნენ, რომ მთელი ავსტრია-უნგრეთის გერმანიასთან შეერთება გამოიწვევდა გერმანიის სახელმწიფოს დესტაბილიზაციას ავსტრია-უნგრეთში მყოფი ეთნიკური უმცირესობების უფრო დიდი რაოდენობის გამო. თუმცა Kleindeutschland-ის პრუსიელ მხარდამჭერთა უმრავლესობა შიშობდა, რომ მხოლოდ გერმანული ავსტრიის, არაგერმანული ტერიტორიების გარეშე, შეერთების შემთხვევაშიც კი შესუსტდებოდა პრუსიის გავლენა გერმანიის სახელმწიფოში და არსებითად გაიზრდებოდა კათოლიკეების რიცხვი იმ სახელმწიფოში, რომელსაც უკვე ჰქონდა დაძაბული ურთიერთობა ჩრდილოელ პროტესტანტიზმის მიმდევრებსა და სამხრეთელ კათოლიკეებს შორის, რომელთა ასიმილაციასაც სახელმწიფო ცდილობდა.
გერმანიზაცია
რედაქტირებაგაერთიანების პოლიტიკის ერთ-ერთი ეფექტი იყო საზოგადოებრივ ცხოვრებაში, სკოლებსა და აკადემიურ დაწესებულებებში არაგერმანული ენების აღმოფხვრის თანდათანობით მზარდი ტენდენცია, მისი მიზანი იყო ზეწოლის მოხდენა არაგერმანელ მოსახლეობაზე, რომ მათ უარი ეთქვათ თავიანთ ეროვნულობაზე ან დაეტოვებინათ ქვეყანა, რასაც ეძახდნენ „გერმანიზაციას“. გერმანიზაციის მკაცრ პოლიტიკას ხშირად ხვდებოდა წინააღმდეგობა, რაც ჩვეულებრივ გამოიხატებოდა სახლებში სკოლების მოწყობაში და უმცირესობის ჯგუფების უფრო მჭიდროდ გაერთიანებაში.
გერმანიზაციის პოლიტიკა კერძოდ მიმართული იყო იმპერიის მნიშვნელოვანი ეთნიკური უმცირესობის - პოლონელების წინააღმდეგ. შეიქმნა კანონები, რომლის თანახმად პოლონელებს არ ჰქონდათ უფლება აეშენებინათ სახლები პოლონეთის გარკვეულ ნაწილში[7], მათ ასევე არ ჰქონდათ უფლება ელაპარაკათ პოლონურ ენაზე საზოგადოებრივ შეხვედრებზე, ხოლო 1908 წელს შეიქმნა კანონი, რომელიც ნებას რთავდა პოლონელების გაძევებას საკუთარი სახლებიდან. ეს უკანასკნელი კანონი განხორციელდა 4 შემთხვევაში და უფრო მუქარის ხასიათს ატარებდა, მაგრამ ყველა ამ ზომამ გამოიწვია პოლონელების ჩამოშორება გერმანიის ხელისუფლებისგან. 1885 წელს მთავრობის მიერ შეიქმნა დასახლების კომისია, იმ მისიით, რომ გაენაწილებინათ პოლონელების მიერ დაკავებული მიწები გერმანელი კოლონისტებისთვის. თუმცა პოლონელებმა ჩამოაყალიბეს საკუთარი ორგანიზაცია, რათა თავი დაეცვათ გერმანული დასახლების კომისიისგან. 1880 წელს გერმანიის ხელისუფლებამ გადაასახლა 24000 პოლონელი, რომლებსაც არ გააჩნდათ გერმანიის მოქალაქეობა, რუსეთის პოლონეთში. მთლიანობაში ანტიპოლონურ კანონებს არ ჰქონდათ დიდი ეფექტი განსაკუთრებით პოზენის პროვინციაში, სადაც ყველა ძალისხმევის მიუხედავად გერმანულენოვანი მოსახლეობის რიცხვმა 1871 წელს არსებული 42.8%-დან 1905 წლისთვის 38.1%-მდე დაიწია.[8]
კანონმდებლობა
რედაქტირებასრულიად განსხვავებული სამართლებრივი ისტორია და იურიდიული სისტემები იწვევდნენ უამრავ გართულებას, განსაკუთრებით ეროვნული ვაჭრობისთვის. მაშინ როდესაც საერთო სავაჭრო კოდექსი უკვე დაფუძნებული იყო კონფედერაციის მიერ 1861 წელს (რომელიც ათვისებულ იქნა იმპერიის მიერ და უამრავი შესწორების მიუხედავად დღესაც ძალაშია), კანონებში მაინც პატარა მსგავსება იყო.
1871 წელს შეიქმნა საერთო სისხლის სამართლის კოდექსი. 1877 წელს სასამართლო სისტემაში დადგინდა საერთო სასამართლო პროცესები, სამოქალაქო პროცესები და სისხლის სამართლის პროცესები. 1873 წელს კონსტიტუციაში შეტანილ იქნა ცვლილებები, რათა ნება დაერთოთ იმპერიისთვის შეეცვალა სახელმწიფოების სხვადასხვა და მკაფიოდ განსხვავებული სამოქალაქო კოდექსები (თუ ისინი საერთოდ არსებობდნენ; მაგალითად, გერმანიის ნაწილმა, რომელიც ოკუპირებულ იქნა ნაპოლეონის დროინდელი საფრანგეთის მიერ, მიიღო საფრანგეთის სამოქალაქო კოდექსი, მაშინ როდესაც პრუსიაში 1794 წლის ზოგადი პრუსიული მიწის სამართალი ჯერ კიდევ ძალაში იყო). 1881 წელს შეიქმნა პირველი კომისია, რომელსაც ევალებოდა მთელი იმპერიისთვის საერთო სამოქალაქო კოდექსის შექმნა, კომისიამ გასწია წარმოუდგენელი ძალისხმევა, რომლის შედეგი იქნებოდა სამოქალაქო კოდექსის შექმნა. შესაძლოა ეს იყო მსოფლიოს ყველაზე შთამბეჭდავი სამართლებრივი ნაშრომი. საბოლოოდ იგი ძალაში შევიდა 1900 წლის 1 იანვარს. იგი ისე ნათლად გამოხატავს კოდიფიკაციების კონცეპტუალურ თვისებებს, რომ დღესაც კი, მართალია ბევრი შესწორებით, მაგრამ მაინც მოქმედებს.
საგარეო პოლიტიკა
რედაქტირებაიმპერიის შექმნის შემდეგ ბისმარკი შეეცადა გერმანიის პოზიციების განმტკიცებას ევროპის კონტინენტზე. ამიტომ მის პოლიტიკას „კონტინენტურ პოლიტიკას“ უწოდებდნენ. ბისმარკს მიაჩნდა, რომ გერმანიის კონტინენტზე ბატონობისათვის უდიდეს საფრთხეს წარმოადგენდა საფრანგეთი. ამიტომაც მან ორჯერ სცადა საფრანგეთის წინააღმდეგ ომის წამოწყება და მისი განადგურება, მაგრამ ამ აგრესიული გეგმის განხორციელებაში მას რუსეთმა და ინგლისმა შეუშალა ხელი. მაშინ ბისმარკი შეეცადა საფრანგეთის იზოლაციაში მოქცევას და ამ მიზნით 1882 წელს შექმნა „სამთა კავშირი“, რომელშიც გაერთიანდნენ გერმანია, ავსტრია-უნგრეთი და იტალია.
ასევე ბისმარკის დროს დაიწყო გერმანიამ კოლონიური დაპყრობა.
სამი კაიზერის წელი
რედაქტირებავილჰელმ I გარდაიცვალა მის 91-ე დაბადების დღემდე ცოტა ხნით ადრე, 1888 წლის 9 მარტს და მისი შვილი ფრიდრიხ III დატოვა ახალ კაიზერად. ფრიდრიხი იყო ლიბერალი და ბრიტანული კონსტიტუციის თაყვანისმცემელი[9], მისი კავშირები გაერთიანებულ სამეფოსთან იმდენად შორს წავიდა, რომ იგი დაქორწინდა დედოფალ ვიქტორიას უფროს შვილ პრინცესა ვიქტორიაზე. მისი ტახტზე ასვლა ბევრს იმედს უსახავდა, რომ მისი მეფობა ხელს შეუწყობდა რაიხის ლიბერალიზაციას და პარლამენტის გავლენის გაზრდას პოლიტიკურ პროცესებზე.
მისი თანამდებობაზე ყოფნის პერიოდში, ფრიდრიხს განუვითარდა უკურნებელი კიბო, რომლის დიაგნოზი დაუსვა ბრიტანელმა ექიმმა მორელ მაკენზიემ 1887 წლის 12 ნოემბერს[10]. ფრიდრიხი გარდაიცვალა 1888 წლის 15 ივნისს, მისი მმართველობის 99-ე დღეს. ფრიდრიხ III სიკვდილმა ტახტზე აიყვანა მისი შვილი ვილჰელმ II. ეს წელი გერმანიის ისტორიაში „სამი კაიზერის წლის“ სახელით არის ცნობილი.
ვილჰელმ II ერა
რედაქტირებაიმპერიის ახალი კაიზერი გახდა 28 წლის უაღრესად თავდაჯერებული, პატივმოყვარე და მლიქვნელი ვილჰელმ II. ბუნებრივია, რომ ახალგაზრდა კაიზერსა და მოხუც, პოლიტიკურ ბრძოლებში გამობრძმედილ ბისმარკს შორის თავიდანვე ჩამოვარდა უთანხმოება[11]. ძირითადი განსხვავება მათ შორის იყო პოლიტიკური კრიზისის მართვისადმი მათი მიდგომა, განსაკუთრებით 1889 წ. როდესაც გერმანელი ნახშირის მემაღაროელები გაიფიცნენ ზემო სილეზიაში. ბისმარკმა მოითხოვა, რომ გერმანიის ჯარი გაეგზავნათ გაფიცვის ჩასახშობად, მაგრამ ვილჰელმმა უარი თქვა ამ ავტორიტარულ გადაწყვეტილებაზე. რეპრესიების გამოყენების სანაცვლოდ ვილჰელმის მთავრობამ გამართა მოლაპარაკებები მაღაროელთა დელეგაციასთან, რომელიც მიზნად ისახავდა გაფიცვის ძალადობის გარეშე დასრულებას.[12] ეს იყო ბზარის გაჩენის მიზეზი ვილჰელმსა და ბისმარკს შორის, რაც 1890 წელს ბისმარკის გადადგომით დამრთავდა.
ბისმარკის კანცლერის პოსტიდან გადადგომის შემდეგ ვილჰელმ II გახდა გერმანიის დომინანტი ლიდერი. ბაბუამის ვილჰელმ I-გან განსხვავებით, რომელიც კმაყოფილი იყო იმით, რომ სამთავრობო საქმეები კანცლერს გადააბარა, ვილჰელმ II უნდოდა ეაქტიურა გერმანიის საქმეებში და არ ყოფილიყო დეკორატიული ფიგურა.[13] ვოლჰელმმა მიიღო ეკონომიკის გაკვეთილები ვალტერ რატენაუსგან ევროპის ეკონომიკის, საწარმოო და ფინანსური მდგომარეობის შესახებ.
საშინაო პოლიტიკა
რედაქტირებავილჰელმ II მმართველობის დროს გერმანიას აღარ ჰყოლია ბისმარკის მსგავსი ძლიერი კანცლერი. ახალ კანცლერებს პრობლემები ჰქონდათ თავიანთი ფუნქციების შესრულებაში, განსაკუთრებით მათი დამატებითი ფუნქციის შესრულებისას, როგორიცაა პრუსიის მინისტრ-პრეზიდენტობა, რომელიც დადგენილი იყო გერმანიის კონსტიტუციით. კანცლერ კაპრივის მიერ გატარებული რეფორმები სავაჭრო ლიბერალიზაციაზე, რომელმაც შეამცირა უმუშევრობა მხარდაჭერილ იქნა კაიზერისა და ბევრი გერმანელის მიერ, გარდა პრუსიელი მიწათმფლობელებისა, რომლებსაც ეშინოდათ მიწებისა და ძალაუფლების დაკარგვის. მათ წამოიწყეს მთელი რიგი კამპანიები კაპრივის და რეფორმის საწინააღმდეგოდ.
სანამ პრუსიელი არისტოკრატები მოთხოვნებს უყენებდნენ გაერთიანებული გერმანიის სახელმწიფოს, 1890-იან წლებში, რამდენიმე მეამბოხე ორგანიზაცია დაარსდა. ზოგი პედაგოგი ოპოზიციურად იყო განწყობილი გერმანიის სახელმწიფო სკოლების სამხედრო განათლებით. მათ დააარსეს საკუთარი დამოუკიდებელი სკოლები, რომლებიც მხარს უჭერდნენ ინდივიდუალურობას და თავისუფლებას.[14] მიუხედავად ყველაფრისა სკოლებს იმპერიულ გერმანიაში ჰქონდათ მაღალი სტანდარტები და თანამედროვე განვითარებები.[15] მსახიობებმა დაიწყეს ექსპერიმენტალური ხელოვნება კაიზერის სურვილის საწინააღმდეგოდ, ვინც ემხრობოდა ტრადიციულ ხელოვნებას, ვილჰელმი ამბობდა „ხელოვნება, რომელიც გადალახავს ჩემ მიერ დაწესებულ კანონებს და საზღვრებს, ვეღარ ერქმევა ხელოვნება[…].“[16] 1890-იანებში ყველაზე დიდი ოპოზიცია მონარქისთვის მოდიოდა ახლადდაარსებული გერმანიის სოციალ-დემოკრატიული პარტიისაგან, რომელიც მხარს უჭერდა მარქსიზმს. საფრთხემ სოციალ-დემოკრატიული პარტიიდან მონარქიის და ინდუსტრიალიზმის წინააღმდეგ გამოიწვია სოციალური რეფორმები რათა ჩაეცხროთ დაძაბულობა. გერმანიის მრეწველობამ უზრუნველყო მნიშვნელოვანი სოციალური კეთილდღეობის პროგრამები და მათ თანამშრომლებზე კარგი ზრუნვა, იქამდე სანამ ისინი არ იყვნენ გაიგივებული პროფკავშირების წევრებთან. პენსიები, ინვალიდობის შემწეობები და საცხოვრებლის გადასახადებიც კი იყო ანაზღაურებული დიდი საწარმოების მიერ სოციალური მღელვარების შესამცირებლად.
ვილჰელმ II, ბისმარკისგან განსხვავებით გვერდზე გადადო განსხვავება კათოლიკურ ეკლესიასთან და მთელი სამთავრობო ენერგია ჩადო, რომ ნებისმიერ ფასად შეწინააღმდეგებოდა სოციალიზმს.[17] ამ პოლიტიკამ მარცხი განიცადა, როდესაც სოციალ-დემოკრატიულმა პარტიამ მოიპოვა ხმების მესამედი რაიხსტაგის არჩევნებში 1912 წელს და გახდა გერმანიის უდიდესი პოლიტიკური პარტია. მთავრობა დარჩა კონსერვატიული კოალიციის, რომელსაც მხარი დაუჭირეს მემარჯვენე ლიბერალებმა ან კათოლიკე სასულიერო პირებმა და იყო დამოკიდებული კაიზერის კეთილგანწყობაზე. ვილჰელმ II პერიოდში მზარდმა მილიტარიზმმა გამოიწვია ბევრი გერმანელის იმიგრაცია აშშ-ში.
პირველი მსოფლიო ომის პერიოდში, 1916 წელს, კაიზერის ძალაუფლება გადანაწილდა ორკაციან დიქტატურაში, რომელიც იმართებოდა გერმანიის უმაღლესი მთავარსარდლობის ლიდერების, გერმანიის მომავალი რაიხსპრეზიდენტის, ფელდმარშალ პაულ ფონ ჰინდენბურგის და ერიხ ლუდენდორფის მიერ. ჰინდენბურგს ფაქტობრივად აღებული ჰქონდა მთავარსარდლის ფუნქცია კაიზერისგან, ხოლო ლუდენდორფი იყო გენერალური შტაბის დე ფაქტო უფროსი. თვითონ კაიზერი აღარ ჩანდა, როგორც გერმანელების გმირი, მაშინ როდესაც ჰინდენბურგი და ლუდენდორფი ჩანდნენ როგორც ერის ნამდვილი გმირი ლიდერები. კაიზერი დარჩა, როგორც ნომინალური ლიდერი დარჩენილი 2 წლის განმავლობაში, მისი ტახტიდან გადადგომამდე 1918 წელს.
საგარეო პოლიტიკა
რედაქტირებაბისმარკის საგარეო-პოლიტიკური კურსისაგან განსხვავებით, ვილჰელმ II და სასახლის კამარილიამ დაიწყეს „მსოფლიო პოლიტიკის“ („ველტპოლიტიკ“) კურსის გატარება. ამ დროიდან დიდი კოლონიური იმპერიის შექმნა გერმანიის საგარეო პოლიტიკის ძირითად მიზნად იქცა. ვილჰელმს უნდოდა გერმანიას ჰქონოდა „ადგილი მზის ქვეშ“, ბრიტანეთის მსგავსად, ვისთანაც მას მუდმივად სურდა მეტოქეობა და ხშირად ეჯიბრებოდა. გერმანელ მოვაჭრეებთან ერთად, რომლებსაც უკვე მოცული ჰქონდათ მსოფლიო, იგი მხარს უჭერდა გერმანიის კოლონიალურ მცდელობებს აფრიკასა და წყნარ ოკეანეში („ახალი იმპერიალიზმი“). გერმანია დაეუფლა გერმანიის სამხრეთ-დასავლეთ აფრიკას (დღევანდელი ნამიბია), კამერუნს, ტოგოლენდს და გერმანიის აღმოსავლეთ აფრიკას (დღევანდელი ტანზანია). კუნძულები წყნარ ოკეანეში შემოერთებულ იქნა შესყიდვითა და ხელშეკრულებით, ასევე 99 წლიანი იჯარით კიაოჩაოს ტერიტორია ჩრდილო-აღმოსავლეთ ჩინეთში. მხოლოდ ტოგოლენდი და გერმანიის სამოა (1908 წლიდან) გახდნენ მომგებიანი, ყველა დანარჩენი ტერიტორია მოითხოვდა სუბსიდიებს ბერლინიდან სამშენებლო იმფრასტრუქტურის, სასკოლო სისტემისა და საავადმყოფოებისათვის.
სამხრეთ-დასავლეთ აფრიკის დაუფლების შემდეგ გერმანელი კოლონისტები ამუშავებდნენ ჰერეროს და ნამას კუთვნილ მიწებს. ჰერეროს და ნამას ტომების მიწები გამოყენებულ იქნა ექსპლუატატორული მიზნებისათვის (მეტად ვიდრე ბრიტანელების მიერ როდეზიაში) მათ შორის ფერმერობისთვის, მინერალებისა და ალმასების მოპოვებისთვის. 1904 წელს ჰერეროს და ნამას ტომები აჯანყდნენ კოლონისტების წინააღმდეგ, ისინი ხოცავდნენ ფერმერ ოჯახებს, მათ მუშებს და მოახლეებს. შეტევის საპასუხოდ გაგზავნილ იქნა ჯარი რათა ჩაეხშო ამბოხი, რამაც გამოიწვია ჰერეროს და ნამას გენოციდი. მთლიანად 65 000 ჰერერო (ჰერეროს მთლიანი მოსახლეობის 80 %) და 10 000 ნამა (ნამას მთლიანი მოსახლეობის 50 %) დაიღუპა. დამსჯელი ექსპედიციის მეთაური გენერალი ლოთარ ფონ თროთა იქნა განთავისუფლებული და საყვედურგამოცხადებული იმ ბოროტმოქმედებისთვის რომელსაც იგი ახორციელებდა. ეს შემთხვევები ზოგჯერ მოიხსენიება როგორც „მეოცე საუკუნის პირველი გენოციდი“ და ოფიციალურად დაგმობილ იქნა გაეროს მიერ 1985 წელს. 2004 წელს გერმანიის ფედერაციული რესპუბლიკის მთავრობის მინისტრმა ოფიციალური ბოდიში მოიხადა.
აფრიკის კონტინენტზე და წყნარი ოკეანის აუზში კოლონიების გარდა გერმანიამ სცადა მცირე აზიაში ფეხის მოკიდება და შემდეგ შეიძლებოდა სირიაში, პალესტინაში, მესოპოტამიაში გადაწვდომა სადაც ნავთობის უდიდესი საბადოები იყო. 1898 წელს ვილჰელმ II, თითქოსდა „ქრისტეს საფლავის“ თაყვანსაცემად, პალესტინაში გაემგზავრა. ამ მოგზაურობის დროს იგი მოურიგდა თურქეთის სულთანს ბაღდადის რკინიგზის მშენებლობის შესახებ, რაც ითვალისწინებდა რკინიგზის გაყვანას ბერლინიდან ბოსფორისა და მესოპოტამიის გავლით, სპარსეთის ყურემდე.[18]
1905 წელს გერმანიამ თვალი დაადგა მაროკოს, რომლის ხელში ჩაგდება მას ხმელთაშუა ზღვის დასავლეთ ნაწილში, ბრიტანეთის საწინააღმდეგო ბაზების შექმნის შესაძლებლობას აძლევდა, მაგრამ გერმანიას საფრანგეთმა დაასწრო. ამან უაღრესად დაძაბა ურთიერთობები გერმანიასა და საფრანგეთს შორის და კიდევ უფრო მოაახლოვა მსოფლიო ომის საშიშროება.
გერმანიის დამოკიდებულებამ და უყურადღებობამ გამოიწვია ბისმარკის მიერ შედგენილი ხელშეკრულების მარცხი. ასევე გერმნიის მიერ მოკავშირე ავსტრია-უნგრეთის მხარდაჭერამ ბოსნია-ჰერცეგოვინის ოკუპაციის დროს 1908 წელს, გამოიწვია ურთიერთობების გაუარესება რუსეთთან და პოტენციური ალიანსის ჩაშლა ბრიტანეთთან. „სამთა კავშირის“ მიხედვით გერმანიის ოფიციალური პარტნიორი იტალია რჩებოდა მხოლოდ ფორმალურ მოკავშირედ.
1913 წელს ბალკანეთის ომების შემდეგ, კიდევ უფრო განმტკიცდა გერმანიის პოზიციები თურქეთში. ფაქტობრივად თურქეთის არმია გერმანელ ოფიცერთა კონტროლქვეშ აღმოჩნდა. 1914 წელს გერმანიამ ფაქტობრივად დაამთავრა დიდი ომისათვის მზადება, გერმანიის არმიის გენერალურმა შტაბმა დაამუშავა ორ ფრონტზე ბრძოლის „ელვისებური ომის“ გეგმა.
პირველი მსოფლიო ომი და იმპერიის დასასრული
რედაქტირებააგრესიული ვილჰელმ II დიდხანს ეძებდა საბაბს ომის დასაწყებად და ეს საბაბი იყო 1914 წლის 28 ივნისის მკვლელობა, როდესაც სარაევოში ორგანიზაცია „მლადა ბოსნას“ წევრმა გავრილო პრინციპმა, რომელიც იყო ბოსნიელი სერბი, მოკლა ავსტრია-უნგრეთის იმპერიის ტახტის მემკვიდრე ფრანც ფერდინანდი. მიუხედავად ამ ამბისა იყო საშუალება კრიზისის მშვიდობიანი გზით გადაჭრის, მაგრამ ვილჰელმმა დაარწმუნა ავსტრიელები დაეწყოთ ომი სერბეთის წინააღმდეგ. ავსტრია-უნგრეთმა გამოუცხადა ომი სერბიას. რუსეთის იმპერიამ გამოუცხადა მხარდაჭერა სერბიას და დაიწყო მობილიზაცია. ამის საპასუხოდ გერმანიამ 1 აგვისტოს გამოუცხადა ომი რუსეთს, ხოლო 3 აგვისტოს საფრანგეთს. გერმანიამ ასევე დაარღვია ბელგიის ნეიტრალიტეტი რის შემდეგადაც 4 აგვისტოს ინგლისმა ომი გამოუცხადა გერმანიას, დაიწყო პირველი მსოფლიო ომი.
ომის დასაწყისი წარმატებული იყო გერმანიისათვის: რუსეთის არმია განადგურებულ იქნა აღმოსავლეთ პრუსიაში, გერმანულმა ჯარმა ოკუპაცია მოახდინა ბელგიისა და ლუქსემბურგის, შეიჭრა ჩრდილო-აღმოსავლეთ საფრანგეთში.
გერმანიის მოკავშირეებს ნაკლები წარმატება ჰქონდათ: ავსტრიელები განადგურებული იქნენ საბერძნეთში, თურქებმა განიცადეს რამდენიმე მარცხი ამიერკავკასიის ფრონტზე. მას შემდეგ რაც იტალიამ ომი გამოუცხადა 1915 წლის 25 მაისს ავსტრია-უნგრეთს დაიშალა „სამთა კავშირი“. მხოლოდ გერმანიის ჯარების დახმარების შემდეგ ავსტრიელებმა და თურებმა დაიბრუნეს გარკვეული პოზიციები.
1915 წელს ყველა ფრონტზე დაიწყო პოზიციური ომი. მიუხედავად სამრეწველო პოტენციალისა გერმანიამ ვერ შეძლო გამარჯვება პოზიციურ ომში. ოკუპირებულ იქნა გერმანული კოლონიები. გერმანული ჯარი შეუპოვრად იბრძოდა, მაგრამ რესურსებით უპირატესოპა ანტანტის მხარეს იყო, და 1918 წლის 11 ნოემბერს, გერმანიის რევოლუციის დაწყებიდან ორი დღის შემდეგ გერმანიამ ხელი მოაწერა დაზავებაზე კომპიენთან საფრანგეთში. გერმანიის რევოლუციის შემდეგ დაემხო მონარქია ხოლო ვილჰელმი გაიქცა ნიდერლანდებში.
გერმანიამ დაკარგა აფრიკის და აზიის კოლონიები, საფრანგეთს დაუბრუნდა ელზასი და ლოთარინგია, ბელგიას გადაეცა ეიპენისა და მალმედის ოლქები, დანიას გადაეცა ჩრდილოეთი შლეზვიგი, პოლონეთს გადაეცა ზემო სილეზიის ნაწილი და გასასვლელი ბალტიის ზღვაზე, უმნიშვნელოვანესი საპორტო ქალაქი დანცინგი (გდანსკი) გამოცხადდა „თავისუფალ ქალაქად“.
მძლავრ გერმანიის იმპერიას ჩაენაცვლა არასტაბილური, ღატაკი ვაიმარის რესპუბლიკა.
მემკვიდრეობა
რედაქტირებაგერმანიის იმპერიამ დატოვა მემკვიდრეობა როგორც გერმანიისთვის, ასევე ევროპისთვის. ბისმარკის დროს მიღწეულ იქნა გერმანიის სახელმწიფოს გაერთიანება, თუმცა ის რჩებოდა სახელმწიფოდ სადაც პრუსია დომინანტის როლს ასრულებდა და არ მოიცავდა გერმანულ ავსტრიას როგორც ეს პანგერმანულ ნაციონალისტებს სურდათ. პრუსიული მილიტარიზმის გავლენა, იმპერიის კოლონისტური მიზნები, მისი ძლიერი და ინდუსტრიული კონკურენტუნარიანობა იწვევდა ნეგატიურ შეხედულებას ქვეყანაზე. პირველად გერმანიის იმპერიაში დამკვიდრდა რამდენიმე პროგრესული მოვლენა, მათ შორის საზოგადოებრივი კეთილდღეობის სისტემა, რომელიც დღემდე ფუნქციონირებს. ასევე სხვა სოციალური რეფორმები, ისევე როგორც გარანტირებული პრესის თავისუფლება. იქ ასევე იყო ფედერალური პარლამენტის, რაიხსტაგის, არჩევის თანამედროვე სისტემა, რომელიც ყოველ მოზრდილ კაცს აძლევდა ერთი ხმის უფლებას. ამ სისტემამ მისცა საშუალება სოციალისტებს და კათოლიკეებს ეთამაშათ მნიშვნელოვანი როლი იმპერიის პოლიტიკურ ცხოვრებაში.
გერმანიის იმპერიის ისტორია გერმანიაში ახსოვთ, როგორც პერიოდი როდესაც აკადემიური კვლევები და საუნივერსიტეტო ცხოვრება, ისევე როგორც ხელოვნება და ლიტერატურა ყვაოდა. თომას მანმა გამოსცა რომანი ბუდენბროკები 1901 წელს. ერთი წლის შემდეგ თეოდორ მომზენი ნობელის პრემიის ლაურეატი გახდა ლიტერატურის დარგში. გერმანელმა მხატვრებმა მნიშვნელოვანი წვლილი შეიტანეს ხელოვნებაში, ასეთები იყვნენ ჯგუფები ხიდი და ლურჯი მხედარი. AEG ტურბინების შენობა დაარქივებული 2009-10-01 საიტზე Wayback Machine. ბერლინში, რომელიც დაპროექტებულ იქნა პეტერ ბერენსის მიერ 1909 წელს შეიძლება მიჩნეულ იქნეს როგორც შედევრი კლასიკურ არქიტექტურაში და მნიშვნელოვანი მაგალითი ფუნქციონალისტური ქმნილებისა. სოციალურ, ეკონომიკურ და სამეცნიერო წარმატებებს Gründerzeit ეპოქაში მოჰყვა ვილჰელმის ეპოქა, რომელიც ზოგჯერ მიიჩნევა როგორც ოქროს ხანა.
ეკონომიკაში „Kaiserzeit“ საფუძველი ჩაუყარა გერმანიას როგორც წამყვან ეკონომიკურ ძალას. განსაკუთრებით კი რკინისა და ქვანახშირის ინდუსტრიაში, რაშიც დიდი წვლილი შეიტანა რურის, ზაარლანდის და ზემო სილეზიის რეგიონებმა. 1886 წელს კარლ ბენცის მიერ აგებულ იქნა პირველი მსუბუქი ავტომობილი. უზარმაზარი ზრდა ინდუსტრიული პროდუქციისა და ინდუსტრიული პოტენციალისა ხელს უწყობდა გერმანიის სწრაფ ურბანიზაციას, რამაც გერმანელები ქალაქელების ერად გადააქცია.
ტერიტორიული მემკვიდრეობა
რედაქტირებადღევანდელ გერმანიასთან ერთად გერმანიის იმპერიის ტერიტორიის დიდი ნაწილი ამჟამად ეკუთვნის ევროპის სხვადასხვა თანამედროვე ქვეყანას:
გერმანული სახელი | ქვეყანა | რეგიონი |
---|---|---|
ელზას-ლოთარინგია | საფრანგეთი | გერმანულენოვანი დეპარტამენტები ქვემო რაინი და ზემო რაინი (ელზასის რეგიონი) და მოზელი (ლოთარინგიის რეგიონის ჩრდილო-აღმოსავლეთი ნაწილი) |
ეიპენის და მალმედის ზონა | ბელგია | ეიპენი და მალმედი, ორი ქალაქი და ახლომდებარე მუნიციპალიტეტები ლიეჟის პროვინციაში |
ჩრდილოეთი შლეზვიგი | დანია | სამხრეთი იუტლანდიის ამტი |
ჰლუჩინის რეგიონი (სუდეტენლანდი, რომელიც გადაჭიმული იყო გერმანიის საზღვრის გასწვრივ და ეკუთვნოდა ავსტრია-უნგრეთის იმპერიას) | ჩეხეთის რესპუბლიკა | ჰლუჩინის რეგიონი, პოლონეთის საზღვართან სილეზიაში, საიდანაც გერმანელების დეპორტაცია მოხდა მეორე მსოფლიო ომის შემდეგ (ისევე როგორც მთელი სუდეტენლანდიდან) |
ცენტრალური და აღმოსავლეთი პომერანია, სილეზია, ოსტბრანდენბურგი, ერმლანდი, მაზურია, დასავლეთი პრუსია, აღმოსავლეთ პრუსიის სამხრეთი, პოზენი | პოლონეთი | ქვეყნის ჩრდილოეთი და დასავლეთი ნაწილები, მოიცავს პომერანიას, სილეზიას, ლებუსის მიწას, ვარმია-მაზურიას. ამ რეგიონებიდან მოხდა გერმანელების დეპორტაცია მეორე მსოფლიო ომის შემდეგ |
აღმოსავლეთ პრუსიის ჩრდილოეთი კენიგსბერგის ჩათვლით | რუსეთი | კალინინგრადის ოლქი, ექსკლავი ბალტიის ზღვაზე, საიდანაც გერმანელების დეპორტაცია მოხდა მეორე მსოფლიო ომის შემდეგ. |
მემელლანდი მემელის ჩათვლით | ლიტვა | კლაიპედის რეგიონი, ზღვისპირა ქალაქ კლაიპედას ჩათვლით, საიდანაც გერმანელების დეპორტაცია მოხდა მეორე მსოფლიო ომის შემდეგ. |
ლიტერატურა
რედაქტირება- Aronson, Theo. The Kaisers. London: Cassell, 1971.
- Blackbourn, David and Eley, Geoff. The Peculiarities Of German History: Bourgeois Society and Politics In Nineteenth-Century Germany. New York: Oxford University Press, 1984 ISBN 0-19-873058-6.
- Craig, Gordon. Germany: 1866-1945, Oxford : Clarendon Press, 1978 ISBN 0-19-822113-4.
- Fischer, Fritz. From Kaiserreich to Third Reich: Elements of Continuity in German History, 1871-1945. (translated and with an introduction by Roger Fletcher) London: Allen & Unwin, 1986. ISBN 0-04-943043-2.
- Fischer, Fritz. War of Illusions: German Policies from 1911 to 1914. (translated from the German by Marian Jackson) New York: Norton, 1975. ISBN 0-393-05480-2.
- Geiss, Imanuel. German Foreign Policy 1871-1914. USA: Routledge and Kegan Paul, 1976. ISBN 0-7100-8303-3
- Jefferies, Mattew. Imperial Culture in Germany, 1871-1918. New York and London: Palgrave, 2003. 1-4039-0421-9.
- Rene' Diamond Hilton May ,13, 1976 , German Model , R&B Singer , Dancer..
- Lüke, Martina G.: Zwischen Tradition und Aufbruch. Deutschunterricht und Lesebuch im Deutschen Kaiserreich. Frankfurt am Main 2007, ISBN 978-3-631-56408-0.
- Mommsen, Wolfgang. Imperial Germany 1867-1918: Politics, Culture, and Society in an Authoritarian Sate. (translated by Richard Deveson from Der Autoritäre Nationalstaat) London: Arnold, 1995. ISBN 0-340-64534-2.
- Nipperdey, Thomas. Deutsche Geschichte 1800 - 1918. Arbeitswelt und Bürgergeist. Machtstaat vor der Demokratie. 3 vols. Beck: München, 1998, ISBN 978-3-406-44038-0.
- Retallack, James. Germany In The Age of Kaiser Wilhelm II, Houndmills, Basingstoke, Hampshire : Macmillan ; New York : St. Martin's Press, 1996 ISBN 0-312-16031-3.
- Ritter, Gerhard. The Sword and the Scepter; the Problem of Militarism in Germany. (translated from the German by Heinz Norden) Coral Gables: University of Miami Press 1969–73.
- Schollgen, Gregor. Escape into War? The Foreign Policy of Imperial Germany. UK: Berg, 1990. ISBN 0-85496-275-1.
- Stürmer, Michael. The German Empire, 1870-1918. New York: Random House, 2000. ISBN 0-679-64090-8.
- Wehler, Hans-Ulrich. The German Empire, 1871-1918. (translated from the German by Kim Traynor) Leamington Spa, Warwickshire: Berg Publishers, 1985. ISBN 0-907582-22-2.
რესურსები ინტერნეტში
რედაქტირება- DHM – Das Kaiserreich
- documentArchiv.de – Dokumente zum Deutschen Kaiserreich, u. a. Sammlung erlassener Rechtsnormen
- Die Bundesglieder im Deutschen Reich დაარქივებული 2007-11-30 საიტზე Wayback Machine.
- Gemeindeverzeichnis des Deutschen Reichs um 1900/1910
- Gesetz betreffend die Verfassung des Deutschen Reiches vom 16. April 1871 დაარქივებული 2012-11-08 საიტზე Wayback Machine.
- Umfangreiche Seite zum Deutschen Kaiserreich
- Monographie zur Kaiserzeit in PDF დაარქივებული 2012-11-08 საიტზე Wayback Machine.
- Reichstagsprotokolle 1867–1895 დაარქივებული 2007-12-21 საიტზე Wayback Machine.
- Deutsche Geschichte in Bildern und Dokumenten. 1866–1890, 1890–1918
- HGIS-Germany – historisch-geographisches Informationssystem der deutschen Staatenwelt seit 1815 (konkret: 1820–1914)
სქოლიო
რედაქტირება- ↑ German Empire: administrative subdivision and municipalities, 1900 to 1910 German.
- ↑ Population statistics of the German Empire, 1871 German.
- ↑ Constitution of the German Reich: ბისმარკის კონსტიტუცია German (1871-04-16). დაარქივებულია ორიგინალიდან — 2013-06-26. ციტირების თარიღი: 2007-12-09.
- ↑ Constitution of the German Reich: ვაიმარის კონსტიტუცია German (1919-08-11). დაარქივებულია ორიგინალიდან — 2013-06-26. ციტირების თარიღი: 2007-12-09.
- ↑ Convention for the Unification of Certain Rules of Law with respect to Collisions between Vessels (1910-09-23).—an example of a legal document where Germany is officially referred to as "the German Empire".
- ↑ Moeller van den Bruck, Arthur (1923). Das Dritte Reich (გერმანული).
- ↑ Imanuel Geiss, Der polnische Grenzstreifen 1914-1918. Ein Beitrag zur deutschen Kriegszielpolitik im Ersten Weltkrieg, Hamburg/Lübeck 1960
- ↑ Martin Broszat: Zweihundert Jahre deutsche Polenpolitik. suhrkamp 1978, p. 144; ISBN 3-518-36574-6
- ↑ Kitchen, Martin (2000). Cambridge Illustrated History of Germany. Cambridge University Press, გვ. 214. ISBN 978-0521794329.
- ↑ Judd, Denis (1976). Eclipse of Kings. Stein & Day, გვ. 13. ISBN 978-0685701195.
- ↑ Kurtz, Harold (1970). The Second Reich: Kaiser Wilhelm II and his Germany. McGraw-Hill, გვ. 60. ISBN 978-0070356535.
- ↑ Stürmer, Michael (2000). The German Empire: 1870–1918. New York: Random House, გვ. 63. ISBN 0679640908. Invalid ISBN.
- ↑ Kurtz, Harold (1970) 63
- ↑ Kurtz, Harold (1970) 72
- ↑ Lüke, Martina G.: Zwischen Tradition und Aufbruch. Deutschunterricht und Lesebuch im Deutschen Kaiserreich. Frankfurt am Main 2007, ISBN 978-3-631-56408-0.
- ↑ Kurtz, Harold (1970) 76
- ↑ Kurtz, Harold (1970) 56
- ↑ Stürmer, Michael (2000) 91
გერმანიის პორტალი – დაათვალიერეთ ვიკიპედიის სხვა სტატიები გერმანიისა და გერმანელების შესახებ. |
ისტორიის პორტალი — დაათვალიერეთ სხვა სტატიები ისტორიის შესახებ. |