ფრანც ფერდინანდი (გერმ. Franz Ferdinand von Österreich-Este; დ. 18 ივლისი 1863, გრაცი — გ. 28 ივნისი 1914, სარაევო) — ავსტრია-უნგრეთის ერცჰერცოგი და ტახტის მემკვიდრე. იგი იყო ავსტრიის ერცჰერცოგის კარლ ლუდვიგის და მისი მეუღლის ნეაპოლ-სიცილიის პრინცესა მარია ანუნსიანტას ვაჟი და იმპერატორ ფრანც იოზეფ I-ის ძმისშვილი. ფრანც ფერდინანდისა და მისი მეუღლის მოკვლა სარაევოში პირველი მსოფლიო ომის დაწყების საბაბი შეიქნა.

ფრანც ფერდინანდი
Franz Ferdinand von Österreich-Este

ერცჰერცოგი ფრანც ფერდინანდი
ავსტრია-უნგრეთის ერცჰერცოგი
მმართ. დასაწყისი: 1875
მმართ. დასასრული: 1914
წინამორბედი: ფრანჩესკო V
მემკვიდრე: კარლ I
პირადი ცხოვრება
დაბ. თარიღი: 18 დეკემბერი, 1863
დაბ. ადგილი: გრაცი, ავსტრიის იმპერია
გარდ. თარიღი: 28 ივნისი, 1914
გარდ. ადგილი: სარაევო, ავსტრია-უნგრეთი
მეუღლე: სოფია ხოტეკი
დინასტია: ჰაბსბურგ-ლოთარინგიელები
მამა: კარლ ლუდვიგ ავსტრიელი
დედა: მარია ანუნსიატა დე ბურბონ-სიცილიელი
რელიგია: კათოლიციზმი
ხელმოწერა:

ბიოგრაფია

რედაქტირება

ქორწინება

რედაქტირება

1889 წლის 30 იანვარს მაიერლინგში ბიძაშვილის კრონპრინც რუდოლფის თვითმკვლელობის და 1896 წლის 19 მაისს მამის კარლ ლუდვიგის გარდაცვალების შემდეგ ფრანც ფერდინანდი ავსტრია-უნგრეთის იმპერიის ტახტის მემკვიდრე გახდა.

მისი წოდებისადმი შესაფერისი დაქორწინების რამდენიმე მცდელობა, მათ შორის ბელგიის პრინცესა სტეფანიაზე და საქსონიის პრინცესა მატილდაზე უშედეგოდ დასრულდა. 1900 წლის 1 ივლისს ფრანც ფერდინანდმა იქორწინა სოფია ხოტეკზე, ჰოენბერგის ფიურსტის ასულზე (შემდგომში „ჰერცოგინია ფონ ჰოენბერგი“). მიუხედავად ამ უკანასკნელის უძველესი ბოჰემიური არისტოკრატული საგვარაულოდან წარმომავლობისა ჰაბსბურგებისათვის ქორწინება მაინც მეზალიანსი იყო.

იმპერატორი ფრანც იოზეფ I არ დათანხმდა სოფია ხოტეკის ოჯახის ჰაბსბურგების ტოლ რანგში ამაღლებას და ქორწინებას მხოლოდ ერთი პირობის შემდეგ დათანხმდა: სოფია არ უნდა ეტარებინა „იმპერატრიცას“ ტიტული და მხოლოდ „იმპერატორისა და მეფის მეუღლის“ სახელს უნდა დასჯერებოდა. ამასთანავე შვილებს, რომლებიც ფრანც ფერდინანდსა და სოფის შეეძინებოდათ უნდა ეტარებინათ „ჰოენბერგების“ გვარი და უარი უნდა ეთქვათ ტახტის მემკვიდრეობაზე.

ეს ქორწინება პირველი ბზარი იყო ჰაბსბურგთა ოჯახში. ფრანც ფერდინანდის უმცროსი ძმები ოტო და ფერდინანდ კარლი და მარგარეტე სოფი ქორწინებაზე არ მოვიდნენ. მხოლოდ დედინაცვალი მარია ტერეზა და ნახევარ-დები მარია ანუნციატა და ელიზაბეთ ამალი დაესწრნენ ქორწილს.

პოლიტიკა

რედაქტირება

მიუხედავად იმისა, რომ ფრანც ფერდინანდი ავსტრია-უნგრეთის საიმპერიო პოლიტიკაში ოფიციალურად არ ერეოდა, იგი მაინც გავლენას ახდენდა მასზე. მას მრჩეველთა საკუთარი შტაბი ჰქონდა ბელვედერის სასახლეში და ტახტზე ასვლის შემდეგ ავსტრია-უნგრეთის ე. წ. „დუბლ-მონარქიის“ „ტრიპლ-მონარქიად“ რეფორმირებას გეგმავდა. ტახტზე ასვლის შემთხვევაში მას უნდა ეტარებინა სახელი „ფრანც II“.

ფრანც ფერდინანდის გეგმით ხორვატია, ბოსნია და დალმაცია უნდა გაერთიანებულიყვნენ და შეექმნათ ერთი მონარქია, რომელიც ავსტრიასა და უნგრეთთან ერთად იმპერიის მესამე ნაწილი გახდებოდა. ამით ბოლო უნდა მოღებოდა სერბების მისწრაფებებს მათი მეთაურობით სამხრეთ სლავების სახელმწიფოს შექმნის თაობაზე. ერცჰერცოგის ამ გეგმამ დიდი გამოხმაურება ჰპოვა და ფრანც ფერდინანდისა და ჰაბსბურგების მიმართ სერბების სიძულვილი გამოიწვია.

„ტრიპლ-მონარქიის“ შექმნა პირველი გადადგმული ნაბიჯი იქნებოდა მრჩეველის აურელ პოპოვიჩის იდეის — „დიდი ავსტრიის შეერთებული შტატების“ (გერმ.: Vereinigten Staaten von Groß-Österreich) განხორციელების გზაზე. უნგრეთისა და ხორვატიის კავშირის დარღვევის იდეამ უნგრელთა გაღიზიანება გამოიწვია და ამით ფრანც ფერდინანდი შესაძლო ტახტზე ასვლის შემთხვევაში უნგრელებისა და სერბი ნაციონალისტებისათვის არასასურველი მონარქი ხდებოდა.

სიტუაცია კიდევ უფრო დაიძაბა, როცა ფრანც ფერდინანდის უშუალო ჩარევის შედეგად 1912 წელს თავის თანამდებობaზე დაბრუნდა გრაფი ფრანც კონრად ფონ ჰიოცენდორფი. ამ უკანასკნელს იმპერიის გენშტაბის შეფის თანამდებობა ეკავა და თავისი სერბეთზე „პრევენტიული თავდასხმის“ კურსის გატარების გამო 1911 წელს იმპერატორისაგან გადაყენებულ იქნა. კონრად ფონ ჰიოცენდორფი რუსეთის წინააღმდეგ ომის მოწინააღმდეგე იყო და სურდა „რევოლუციის თავიდან აშორება, რომელიც ცარისა და იმპერატორის ომს მოჰყვებოდა“.

ყოველივე ამის გამო ფრანც ფერდინანდი თავის მომავალ სამეფოში ერთ-ერთი არაპოპულარული პიროვნება იყო.

მკვლელობა სარაევოში

რედაქტირება

28 ივნისი სერბეთში ეროვნული გლოვის დღეა. 1389 წელს ამ დღეს კოსოვოს ველზე ბრძოლაში სერბების ლაშქარი დამარცხდა თურქების წინააღმდეგ. სწორედ ამიტომ სერბებმა გამიზნულ პროვოკაციად ჩათვალეს ფრანც ფერდინანდის მიერ სარაევოში, რომელიც მცირე ხნის წინ ავსტრია-უნგრეთის მიერ ანექსირებული ბოსნიის დედაქალაქი იყო, საიმპერიო ჯარების აღლუმზე დასწრება. სწორედ ამის გამო იატაკქვეშა ორგანიზაციამ — „შავი ხელი“ — გადაწყვიტა მოეწყო თავდასხმა ერცჰერცოგზე.

თავდაპირველად დაგეგმილი იყო ფრანც ფერდინანდი ბომბის აფეთქების შედეგად მოეკლათ, მაგრამ ეს გეგმა ვერ განხორციელდა. 1914 წლის 28 ივნისს 18 წლის სერბმა მოსწავლემ გავრილო პრინციპმა მოახერხა ახლო მანძილზე მიახლოვებოდა ერცჰერცოგის მანქანას და რამდენიმე ტყვია ესროლა მისთვის და მისი მეუღლისათვის. ფრანც ფერდინანდი და სოფი საავადმყოფოში მიყვანამდე გარდაიცვალნენ.

ავსტრია-უნგრეთმა მოთხოვა სერბეთის მთავრობას ტერაქტის დამგეგმავთა გაცემა და ულტიმატუმი წაუყენა მას., რომლის გასვლის შემდეგ 1914 წლის 28 ივლისს ავსტრია-უნგრეთის იმპერიამ სერბეთის სამეფოს ომი გამოუცხადა, რასაც პირველი მსოფლიო ომის დაწყება მოჰყვა.

ლიტერატურა

რედაქტირება
  • Gordon Brook-Shepherd: „Die Opfer von Sarajewo. Erzherzog Franz Ferdinand und Sophie von Chotek“
  • Friedrich Weissensteiner: „Franz Ferdinand — Der verhinderte Herrscher“
  • Erika Bestenreiner: „Franz Ferdinand und Sophie von Hohenberg“