ფრიდრიხ III (გერმანიის იმპერია)

ფრიდრიხ III (ფრიდრიხ ვილჰელმ ნიკოლაუს კარლ ფონ ჰოენცოლერნი, გერმ. Friedrich Wilhelm Nikolaus Karl von Hohenzollern) (დ. 18 ოქტომბერი, 1831, პოტსდამი, გერმანია — გ. 15 ივნისი, 1888, პოტსდამი, გერმანია) — გერმანიის კაიზერი და პრუსიის მეფე 1888 წელს, 99 დღის განმავლობაში იყო.

ფრიდრიხ III
Friedrich III
გერმანიის იმპერიის მე-2 კაიზერი
პრუსიის მე-8 მეფე
მმართ. დასაწყისი: 9 მარტი, 1888
მმართ. დასასრული: 15 ივნისი, 1888
წინამორბედი: ვილჰელმ I
მემკვიდრე: ვილჰელმ II
პირადი ცხოვრება
დაბ. თარიღი: 18 ოქტომბერი, 1831
დაბ. ადგილი: პოტსდამი
გარდ. თარიღი: 15 ივნისი, 1888
გარდ. ადგილი: პოტსდამი
მეუღლე: ვიქტორია ბრიტანელი
დინასტია: ჰოენცოლერნი
მამა: ვილჰელმ I
დედა: აუგუსტა ფონ ზაკსენ-ვაიმარ-აიზენახი

ბიოგრაფია

რედაქტირება

ფრიდრიხი ჰოენცოლერნთა დინასტიის წარმომადგენელი იყო. მისი მშობლები იყვნენ კაიზერი ვილჰელმ I (1797-1888) და მისი მეუღლე აუგუსტა ფონ ზაკსენ-ვაიმარ-აიზენახი (1811-1890).

ფრიდრიმა 1858 წელს იქორწინა ბრიტანელ პრინცესა ვიქტორიაზე (1840-1901), დედოფალ ვიქტორიას (1819-1901) ასულზე.

პოლიტიკურ ასპარეზზე კრონპრინცი ფრიდრიხი მამის ვილჰელმ I-ისა და მისი კანცლერის ოტო ფონ ბისმარკის ოპოზიციაში იყო, თუმცა ამ უკანასკნელის წარმატებული საგარეო პოლიტიკის გამო ფრიდრიხის ოპოზიციონერობას დიდი რეზონანსი არ მოჰყოლია.

სამხედრო ასპარეზზე მან მონაწილეობა მიიღო პრუსია-ავსტრიის ომში, რომლის დროსაც იგი მე-2 არმიის 1-ლი კორპუსს სარდლობდა, ხოლო გერმანია-საფრანგეთის ომში კი მე-3 არმიის მთავარსარდალი იყო. ომში გამოცენილი მამაცობის გამო იგი გერმანელ ხალხში დიდი პოპულარობითა და „ომის გმირის“ სახელით სარგებლობდა. 1871 წელს ფრიდრიხი მხარს უჭერდა ბისმარკის იდეას ვილჰელმ I გერმანიის კაიზერად გამოცხადების თაობაზე და ამისკენ უბიძგა კიდეც მამას, როცა ეს უკანასკნელი ყოყმანობდა მისთვის „საყვარელ“ პრუსიის მეფის ტიტულის დათმობაზე.

1871 წლიდან ფრიდრიხ ვილჰელმის პოლიტიკური კურსი მოწინააღმდეგეთა სასტიკი კრიტიკის მიზეზი იყო. განსაკუთრებით კი მამამის, კაიზერ ვილჰელ I-ის და ოტო ფონ ბისმარკისათვის. 1878 წელს ვილჰელმ I-ზე მომხდარი ტავდასხმის შემდეგ სამეფოს საქმეებს ფრიდრიხი განაგებდა, თუმც მალევე ჩამოშორებულ იქნა ქვეყნის მართვის სადავეებს და მხოლოდ კულტურის საქმეებს თაოსნობდა. მისი მხარდაჭერით ვილჰელმ ფონ ბოდემ შეძლო ბერლინის ცნობილი მუზეუმის (დღეს „ბოდემუზეუმი“) გახსნა და 1904 წელს მას „კაიზერ ფრიდრიხის მუზეუმი“ ეწოდა.

1888 წლის 9 მარტს მამის სიკვდილის შემდეგ ფრიდრიხ ვილჰელმი გერმანიის კაიზერი და პრუსიის მეფე გახდა. ამ დროისათვის ის უკვე მძიმედ ავად იყო. 1887 წლიდან მას ყელის კიბო ჰქონდა. ფრიდრიხ III-ემ ტახტზე მხოლოდ 3 თვე დაჰყო და იმავე 1888 წელს გარდაიცვალა. 1888 წელი გერმანიის ისტორია „სამი კაიზერის წლის“ სახელით არის ცნობილი.

ფრიდრიხ III-ემ თავისი სახელით დაარღვია საღვთო რომის იმპერიის ტრადიცია (ამ უკანასკნელის მიხედვით ის ფრიდრიხ IV უნდა ყოფილიყო) და იგი პრუსიის მეფეთა თანმიმდევრობას დაუკავშირა. ამ ნაბიჯის გადადგმა მას ბისმარკმა ურჩია, რომელიც გერმანულ სამყაროში პრუსიის ჰეგემონობაზე ზრუნავდა.

რესურსები ინტერნეტში

რედაქტირება