ნამიბია (ინგლ. Namibia, აფრ. Namibië, გერმ. Namibia), ოფიციალურად ნამიბიის რესპუბლიკა (ინგლ. Republic of Namibia, აფრ. Republiek van Namibië, გერმ. Republik Namibia) — სახელმწიფო სამხრეთ აფრიკაში. ჩრდილოეთიდან ესაზღვრება ანგოლა და ზამბია, აღმოსავლეთიდან — ბოტსვანა, სამხრეთ-აღმოსავლეთიდან და სამხრეთიდან — სამხრეთ აფრიკის რესპუბლიკა. დასავლეთიდან გარს ერტყმის ატლანტის ოკეანის წყლები. ფართობი — 825 418 კმ². 2011 წლის აღწერის მიხედვით ქვეყანაში მოსახლეობის რაოდენობა შეადგენს 2 113 077 ადამიანს.[5][6][7] ქვეყნის დედაქალაქი — ვინდჰუკი. ქვეყნის მართვას ახორციელებს მოსახლეობის მიერ 5 წლის ვადით არჩეული პრეზიდენტი და ორპალატიანი პარლამენტი.

ნამიბიის რესპუბლიკა
ინგლ. Republic of Namibia
აფრ. Republiek van Namibië
გერმ. Republik Namibia

ნამიბია
ნამიბიის
დროშა გერბი
დევიზი: Unity, Liberty, Justice
ერთობა, თავისუფლება, სამართლიანობა
ჰიმნი: Namibia, Land of the Brave
ნამიბიის მდებარეობა
დედაქალაქი
(და უდიდესი ქალაქი)
ვინდჰუკი
22°33′ ს. გ. 17°15′ ა. გ. / 22.550° ს. გ. 17.250° ა. გ. / -22.550; 17.250
ოფიციალური ენა ინგლისური
მთავრობა უნიტარული ნახევრად-საპრეზიდენტო რესპუბლიკა[1]
 -  პრეზიდენტი ჰაგე გეინგობი
 -  ვიცე-პრეზიდენტი ნიკი ლიამბო
 -  პრ.-მინისტრი საარა კუუგონგელვა
ფართობი
 -  სულ 825 615 კმ2 (34-ე)
მოსახლეობა
 -  2011 შეფასებით 2 113 077 (144-ე)
 -  2011 აღწერა 2 113 077[2] 
 -  სიმჭიდროვე 2.54 კაცი/კმ2 (235-ე)
მშპ (მუპ) 2016 შეფასებით
 -  სულ $27.035 მილიარდი[3] 
 -  ერთ მოსახლეზე $11,756[3] 
აგი (2015) 0.640[4] (საშუალო) (125-ე)
ვალუტა ნამიბიური დოლარი (NAD)
დროის სარტყელი UTC+01:00
 -  ზაფხულის (DST) UTC+02:00 (UTC)
ქვეყნის კოდი NAM
Internet TLD .na
სატელეფონო კოდი +264

ისტორია რედაქტირება

კოლონიამდელი პერიოდი რედაქტირება

პირველები აფრიკის სამხრეთ-დასავლეთის ტერიტორიაზე სავარაუდოდ მოვიდნენ კოისანურ ენებზე მოლაპარაკე ხალხი, თანამედროვე ბუშმენების წინაპრები, რომლებიც ცხოვრობენ ნამიბიის ჩრდილო-აღმოსავლეთით და ბოტსვანის ჩრდილო-დასავლეთით. ისინი შედგებოდნენ მცირე ტომობრივ ჯგუფებად და ეწეოდნენ მონადირეობას და შემგროვებლობას, ამასთან თითოეულ ჯგუფს ჰქონდა საკუთარი ტერიტორია.

არქეოლოგიის, ლინგვისტიკის და ზეპირსიტყვიერების ფრაგმენტალური მონაცემები საშუალებას გვაძლევს შევადგინოთ ტომების მიგრაციის მხოლოდ მიახლოებითი სურათი XIX საუკუნემდე. სავარაუდოდ, ყველაზე უფრო მთავარი მიგრაციები დროში გაიჭიმა რამდენიმე საუკუნის განმავლობაში. ჰოტენტოტურ ენებზე მოლაპარაკე ცალკეული ტომობრივი ჯგუფები, რომლებიც მიემართებოდნენ ჩრდილოეთი მიმართულებით მდებარე მთიანი ზეგნების რაიონებისკენ, შედგებოდა რამდენიმე ათეულიდან რამდენიმე ათას ადამიანამდე. ისინი ნადირობასთან ერთად მისდევდნენ პრიმიტიულ მესაქონლეობას, როგორც ჰოტენტოტურ ენებზე მოლაპარაკე დამარას მთის ტომი ჩრდილოეთი მთიანი ზეგნების და დიდი მთიანეთის ცენტრალური ნაწილის საზღვრებში. ჰერეროს ენაზე მოლაპარაკე მეცხოველეობით დაკავებული ტომის ხალხი გადმოსახლდა სამხრეთით კაოკოს მთიანი ზეგნების რაიონში (ჰიმბას, ტჯიმბას ტომები) და პლატოს ცენტრალურ რაიონებში (ჰერეროს, მბანდერუს ტომები). ისინი ყველანი მესაქონლეები იყვნენ და არ შეუქმნიათ ცენტრალიზირებული სოციალურ-ეკონომიკური ორგანიზაცია. მონადირეების და მესაქონლეების ჯგუფები მუდმივად გადაადგილდებოდნენ საძოვრების და წყლის ძებნის დროს, რომლის დროსაც უზარმაზარ მანძილს გადიოდნენ.

ნამიბიის ჩრდილოეთში სიტუაცია სხვანაირად განვითარდა. აქ გადმოსახლებული ადგილზე დამკვიდრებული ოვამბოს ტომი განსახლდა კუნენეს და ოკავანგოს მდინარეების გასწვრივ და მათ შორის განლაგებულ შიდა რაიონებში. ასე გაჩნდა მუდმივად დასახლებული რაიონები, რომლებიც გაყოფილი იყო ტყის მასივებით. ბუნებრივ პირობებზე დამოკიდებულებით ამ რაიონებში შეეძლოთ ეცხოვრათ რამდენიმე ასეული ადამიანიდან (გვალვიან დასავლეთში) რამდენიმე ათეულობით ათას ადამიანამდე (უფრო ნოტიო ჩრდილო-აღმოსავლეთის რაიონებში), სადაც გაჩნდნენ „სამეფოები“, რომლებმაც შექმნეს მოსახლეობის ტრადიციული სოციალურ-ეკონომიკური ორგანიზაციების საფუძველი. შემდგომში აღმოსავლეთით ძირითად სავაჭრო გზებს და მიგრაციის მარშრუტებს ემსახურებოდა მდინარეები ოკავანგო და ზამბეზი. ოვამბოს ტომები დაკავებულები იყვნენ ოტავის პლატოზე სპილენძის, კასინგეში რკინის მადნის და ვრცელ გაუდინარ, მლაშობ ნიადაგიან ქვაბულ ეტოშზე მარილის მოპოვებით.

დაახლოებით XVI საუკუნიდან ჩრდილოეთიდან შემოღწევა დაიწყო ბანტუს ხალხმაჰერერო, ოვამბო, კავანგო, იეიე, ტსვანა და სხვები. XVIII საუკუნის ბოლოს ოვამბოს ტომმა შეავიწროვა ჰერეროს, ასევე ჰოტენტოტების ტომის ხალხი და განდევნა ისინი სამხრეთისაკენ. 1830-იან წლებში კაპის კოლონიებიდან ხელახლა მოსულმა ჰოტენტოტების ტომებმა, ბელად იონკერ აფრიკანერის მეთაურობით, დაიმორჩილეს ჰერეროს და დამარას ტომები.

XIX საუკუნე რედაქტირება

 
გერმანული ეკლესია და კოლონიზატორების მონუმენტი ვინდჰუკში.

კაპის კოლონიიდან ევროპელების გადმოსახლებამ, რომელიც დაიწყო XVIII საუკუნის ბოლოს, ადგილობრივი მოსახლეობის ზოგიერთ ნაწილობრივ ევროპიზირებულ ჯგუფებს აიძულა გადასახლებულიყო მდინარე ორანჟის მარჯვენა სანაპიროზე. ორლამის ტომის ხალხი განსახლდა ჰოტენტოტურ ენებზე მოლაპარაკე ხალხს შორის კაოკოს მთიანი ზეგნების ჩრდილო-დასავლეთ ნაწილამდე. მათმა შემოჭრამ დაამსხვრია ადგილობრივი მოსახლეობის ცხოვრების ტრადიციული წესი და ამ რეგიონის არამდგრადი სოციალურ-პოლიტიკური ბალანსი. ორლამის ხალხს სჭირდებოდა საქონელი, რომლებიც მათ შეეძლოთ გადაეცვალათ ევროპულ სამრეწველო ნაწარმზე. ისინი იყენებდნენ საკუთარ ტექნიკურ უპირატესობას ადგილობრივ მოსახლეობაზე (ძირითადად ცეცხლსასროლი იარაღი) ერთადერთი პროდუქტის მოსაპოვებლად, რომელიც მოთხოვნადი იყო ევროპელებს შორის — ჰერეროს ტომის პირუტყვი. 1830—1850-იან წლებში ორლამის ტომის ბელადმა იონკერ აფრიკანერმა დაიმორჩილა ჰოტენტოტების და ჰერეროს ბევრი ტომი და შექმნა სამხედრო-ტერიტორიული წარმონაქმნი, რომლის ხელისუფლება ვრცელდებოდა თანამედროვე ნამიბიის ცენტრალური რაიონების დიდ ნაწილზე. იონკერ აფრიკანერი მას მართავდა ვინდჰუკიდან და ოკაჰანდიედან. იმავდროულად ნამიბიის სამხრეთი ნაწილის შიდა რაიონებში შეაღწიეს ევროპელმა ვაჭრებმა და მისიონერებმა, 1840 წლის შემდეგ აქ ყველაზე უფრო მეტი აქტიურობა გამოიჩინა რეინის მისიონერთა საზოგადოებამ. 1861 წელს იონკერ აფრიკანერის გარდაცვალების შემდეგ მისი სახელმწიფო დაიშალა, მაგრამ ნორმალურ ვაჭრობაში საერთო დაინტერესება აფერხებდა ურთიერთდაპირისპირებას და პირუტყვის გატაცებას.

ჩრდილოეთში ვითარების გაუარესებამ, რომელიც დაკავშირებული იყო იონკერ აფრიკანერის ხალხის ორ რეიდთან და პორტუგალიელების პირველ მცდელობასთან დაეპყროთ სამხრეთ ანგოლის შიდა რაიონები, გამოიწვია ოვამბოს ბელადების შეშფოთება, რომლებმაც ამის გამო შეიარაღება დაიწყეს. 1860—1870-იან წლებში გაცვლითი ვაჭრობის მთავარი საგანი იყო სპილოს ძვალი, მაგრამ როდესაც სპილოები ამოხოცეს, ადგილობრივმა მოსახლეობამ თავდასხმები დაიწყო თავიანთ ჩრდილოელ მეზობლებზე და იქიდან მოჰყავდათ ნაქურდალი პირუტყვი. გაჩნდა სამხედრო მეთაურების განსაკუთრებული ფენა — ლენგა, რომლებმაც საკუთარ ხელში ჩაიგდეს მნიშვნელოვანი ხელისუფლება.

1878 წელს დიდმა ბრიტანეთმა დაიპყრო უოლფიშ-ბეის რაიონი და 6 წლის შემდეგ ის შეუერთა კაპის კოლონიას. მაგრამ 1884 წელს ნამიბიის შიდა რაიონების კოლონიზაციისაკენ პირველი გადამწყვეტი ნაბიჯი გადადგა გერმანიის იმპერიამ, გამოაცხადა პროტექტორატი ბრემენელი ვაჭრის — ლუდერიცის მიერ შეძენილ ტერიტორიებზე, რომელიც მან იყიდა ჰოტენტოტების ერთ-ერთი ტომის ბელადისგან ანგრა-პეკენის უბე და მისი შემოგარენი რაიონი. შემდეგ გერმანელებმა შეძლეს ადგილობრივი ბელადებისთვის თავს მოეხვიათ ეგრეთ წოდებული „თავდაცვის შეთანხმება“, ანუ შეთანხმება პროტექტორატის შესახებ და შედეგად მალე გერმანიის კონტროლ ქვეშ აღმოჩნდა ქვეყნის ტერიტორიის მნიშვნელოვანი ნაწილი. ახალი სამფლობელოების სამართავად შეიქმნა „სამხრეთ-დასავლეთი აფრიკის გერმანული კოლონიალური საზოგადოება“, რომელმაც იარსება 10 წელი. როდესაც საზოგადოებამ ვეღარ შეძლო გამკლავებოდა ნამიბიელთა შეიარაღებულ წინააღმდეგობას, ოფიციალურმა ბერლინმა იქ გააგზავნა გუბერნატორი თეოდორ ლეიტვეინი, რის შემდეგადაც ნამიბიაში ჩავიდნენ პირველი თეთრკანიანი დასახლებულები. 1897—1898 წლებში ნამიბიაში დაიწყო მსხვილი რქოსანი საქონლის ჭირის ეპიდემია, რომელმაც ბევრი უბედურება მოუტანა ადგილობრივ სოფლის მოსახლეობას. თეთრკანიანი ვაჭრების მძარცველური მოქმედებებისა და მიწების შემდგომი დაპყრობის გამო, კრახი განიცადა გუბერნატორის მიერ განხორციელებულმა თანდათანობითი არჩევითი დაპყრობების პოლიტიკამ და აფრიკელების განდევნამ ეკონომიკურად არაპერსპექტიულ რაიონებში.

XX საუკუნე რედაქტირება

1904 წლის იანვარში გერმანელ კოლონიზატორებთან ბრძოლაში ჩაება ჰერეროს ტომის ხალხი. ვატერბერგთან გადამწყვეტ ბრძოლაში გამარჯვების შემდეგ გერმანული ქვედანაყოფების მეთაურმა ლოტარ ფონ ტროტამ გასცა ბრძანება ფიზიკურად გაენადგურებინათ ჰერეროს ტომის ყველა მაცხოვრებელი. იმავე წლის ბოლოს ბელად ჰენდრიკ ვიტბოის ხელმძღვანელობით გერმანელების წინააღმდეგ გამოვიდა სამხრეთ ნამიბიის ხალხი. 1907 წელს საომარი მოქმედებების შეწყვეტის მომენტისთვის ნამიბიელთა დანაკარგი შეადგენდა დაახლოებით 100 ათას ადამიანს, ანუ მთიანი ზეგნების ფარგლებში მცხოვრები მოსახლეობის 60 %-ს.

1914 წელს პირველ მსოფლიო ომში სამხრეთ აფრიკის კავშირი (საკ) გამოვიდა დიდი ბრიტანეთის მხარეს და შემდეგ წელს გაანადგურა გერმანიის კოლონიალური ჯარი ნამიბიის ტერიტორიაზე. 1920 წელს ნამიბია ერთა ლიგის სამეურვეო ტერიტორიის სახით გადავიდა სამხრეთ აფრიკის კავშირის მმართველობაში, რომელმაც მიიღო უფლება აქ შეესრულებინა საკანონმდებლო, აღმასრულებელი და სასამართლო ფუნქციები.

ნამიბიის გადასვლამ სამხრეთ აფრიკის კავშირის კონტროლ ქვეშ და მასზე პორტუგალიელების თავდასხმამ ანგოლის ტერიტორიიდან გამოიწვია კოლონიალური მმართველობის დამყარება ოვამბოლენდში. ეს დაემთხვა 1915—1916 წლების შიმშილს, რომელიც გრიპის ეპიდემიასთან ერთად, რომელმაც იფეთქა ორი წლის მოგვიანებით, მიზეზი გახდა ოვამბოლენდის დაახლოებით მეოთხედი მოსახლეობის დაღუპვისა.

სამხრეთ აფრიკის კავშირმა კიდევ ორჯერ გამოიყენა სამხედრო ძალა (ახლა უკვე ჰაერიდან დაბომბვის ჩათვლით) ადგილობრივი მოსახლეობის წინააღმდეგ — 1922 წელს ბონდელსვარტების (ბუშმენების ერთ-ერთი ეთნიკური ჯგუფი) აჯანყების ჩასაქრობად სამხრეთში და 1932 წელს ოვამბოს ერთ-ერთი ბელადის — იპუმბუს წინააღმდეგ.

1946 წელს ერთა ლიგის ნაცვლად შექმნილმა გაერთიანებული ერების ორგანიზაციამ უარყო სამხრეთ აფრიკის კავშირის თხოვნა მის შემადგენლობაში სამხრეთ-დასავლეთი აფრიკის ტერიტორიის მიერთების შესახებ. პასუხად სამხრეთ აფრიკის კავშირმა უარი განაცხადა სამეურვეოდ გადაეცა ეს ტერიტორია გაერთიანებული ერების ორგანიზაციისათვის და დაიწყო ხანგრძლივი სასამართლო გარჩევა გაეროს საერთაშორისო სასამართლოში. 1959 წლის 10 დეკემბრის ღამით სამხრეთ აფრიკის რესპუბლიკის გასამხედროებულმა ძალებმა და პოლიციამ დახვრიტა აფრიკელების საპროტესტო დემონსტრაცია მათი გადასახლების წინააღმდეგ ვინდჰუკის „შავ გარეუბანში“: დაიღუპა 12 ადამიანი, 50 დაიჭრა[8].

1966 წელს გაეროს გენერალურმა ასამბლეამ სამხრეთ აფრიკის რესპუბლიკას გაუუქმა მანდატი და ნამიბია გადასცა გაერთიანებული ერების ორგანიზაციას. 1971 წელს საერთაშორისო სასამართლო დაეთანხმა გაეროს ამ გადაწყვეტილებას.

საერთაშორისო სასამართლოს გადაწყვეტილებამ, მუშა-კონტრაქტორების გაფიცვამ და პოლიტიკურ ცხოვრებაში ეკლესიის აქტიური მონაწილეობის გაძლიერებამ ხელი შეუწყო კოლონიალური მმართველობის წინააღმდეგ მასიური წინააღმდეგობის პერიოდის დაწყებას. 1966 წლიდან განვითარდა შეიარაღებული ბრძოლა ქვეყნის დამოუკიდებლობისათვის. 1975—1977 წლებში სამხრეთ აფრიკის რესპუბლიკის ინიციატივით ვინდჰუკში მიმდინარეობდა ეგრეთ წოდებული „საკონსტიტუციო კონფერენცია“ სამხრეთაფრიკული ხელისუფლების დამჯერი პოლიტიკური დაჯგუფებების მონაწილეობით. შემუშავებული იქნა კონსტიტუცია, რომელიც დაფუძნებული იყო ეთნიკური ნიშნებით ქვეყნის ადმინისტრაციულ დაყოფაზე.

1978 წლის აპრილში სამხრეთ აფრიკის რესპუბლიკა დათანხმდა ცეცხლის შეწყვეტას და ნამიბიაში არჩევნების ჩატარებას გაეროს მეთვალყურეობის ქვეშ. მაგრამ მოგვიანებით მან უარი თქვა გაეროს გეგმაზე, რომელიც დაფუძნებული იყო დასავლეთის ქვეყნების წინადადებებზე. იმავე წლის მაისში ბომბებით განადგურდა სამხრეთ-დასავლეთი აფრიკის ხალხთა ორგანიზაციის (სვაპო-SWAPO) ბაზა ანგოლის ქალაქ კასინგაში, ამასთან დაიღუპა რამდენიმე ასეული ადამიანი (საკითხი მათ კლასიფიკაციაზე, როგორც მშვიდობიან მოქალაქეებზე, რჩება საკამათოდ, რადგანაც ბევრი მსახურობდა სვაპო-ში და ცხოვრობდა ბაზის ტერიტორიაზე ოჯახებთან ერთად).

სამხრეთ აფრიკის რესპუბლიკის პოზიცია კიდევ უფრო გაძლიერდა მას შემდეგ, როდასაც 1980-იან წლებში აშშ-ის ადმინისტრაციამ წამოაყენა მოთხოვნა სამხრეთ აფრიკის ჯარების გამოსვლა ნამიბიიდან მომხდარიყო კუბის ჯარის ანგოლიდან გასვლის პარალელურად, რამაც კიდევ 10 წლით გადაწია ნამიბიის პრობლემის გადაჭრის ვადა.

ხანგრძლივი სამხედრო კონფრონტაციების შემდეგ, ცნობილი როგორც კუიტო-კანავალეს ბრძოლა, 1988 წელს, სამხრეთ აფრიკის რესპუბლიკა აშშ-სთან და საბჭოთა სოციალისტური რესპუბლიკების კავშირთან (სსრკ) თანამშრომლობით წავიდა მოლაპარაკებებზე ანგოლასთან და კუბასთან აფრიკის სამხრეთში სიტუაციის დარეგულირების საკითხებზე. 1989 წლის 1 აპრილიდან გაეროს უშიშროების საბჭოს № 435 რეზოლუციის შესაბამისად დაიწყო ერთ წელზე გათვლილი ნამიბიის გადასვლა დამოუკიდებლობისაკენ, განხორციელებული გაეროს კონტროლის ქვეშ.

გარდამავალ პერიოდში სვაპო-ს ლიდერები და 40 ათასზე მეტი მათი იძულებით დევნილი მხარდამჭერი დაბრუნდა სამშობლოში, გაიმართა პოლიტიკური პარტიების და პოტენციური ამომრჩევლების 95 %-ის რეგისტრაცია. ამომრჩეველთა 97 %-მა მიიღო მონაწილეობა დამფუძნებელი ასამბლეის არჩევნებში, რომელიც გაეროს მეთვალყურეობის ქვეშ გაიმართა და რომელზეც სვაპო-ს ხმა მისცა ამომრჩეველთა 57 %-მა. დამფუძნებელმა ასამბლეამ შეიმუშავა და მიიღო ქვეყნის კონსტიტუცია. 1990 წლის 21 მარტს ნამიბია გამოცხადდა დამოუკიდებელ რესპუბლიკად, ხოლო მისი პირველი პრეზიდენტი გახდა სვაპო-ს ლიდერი სემ ნუიომა, რომელიც 1970—1980-იან წლებში ქვეყნიდან იყო გაძევებული.

დამოუკიდებლობის გამოცხადების შემდეგ მთლიანი სიტუაცია ნამიბიაში გახდა მშვიდობიანი და წყნარი, მიუხედავად უნიტას ამბოხებულთა დაჯგუფებების სამხედრო ფორმირებების ანგოლიდან პერიოდულად განხორციელებული თავდასხმებისა, რის შედეგადაც ქვეყნის ჩრდილოეთ ნაწილში 2000 წლამდე მოქმედებდა უსაფრთხოების გაძლიერებული ღონისძიებების რეჟიმი. შიდა პოლიტიკის საკითხებში ხელისუფლების მოქმედების მთავარი მიმართულება იყო ეროვნული შერიგების, სოციალური თანასწორობის და ეკონომიკური განვითარების მიღწევა. 1994 წლის არჩევნებში სვაპო-მ კიდევ უფრო განიმტკიცა საკუთარი პოლიტიკური პოზიციები და დაამტკიცა პოლიტიკურ ცხოვრებაში ლიდერობის პრეტენზიები შემდეგ არჩევნებში. აღინიშნა ზომიერი ეკონომიკური ზრდა უცხოური ტურიზმის, თევზჭერის და გადამამუშავებელი მრეწველობის სფეროში, რომელიც, უპირველეს ყოვლისა, მიღწეული იქნა სახელმწიფო ინვესტიციების ხარჯზე, მაგრამ სპეციალისტები ამტკიცებენ, რომ ნამიბიის ეკონომიკა საკმაოდ სუსტადაა დაბალანსირებული, რადგანაც ქვეყანას გააქვს ნაწარმოები პროდუქტების 80 %-ზე მეტი და იმავდროულად აკმაყოფილებს საკუთარი მოთხოვნილების დაახლოებით 70 %-ს იმპორტის ხარჯზე. დამოუკიდებლობის მოპოვებიდან პირველი 15 წლის განმავლობაში ნამიბიის ყველაზე უფრო რთულ პრობლემებად რჩება გაფიცვები, უმუშევრობა, გლეხების უკმაყოფილება მიწის რეფორმის მიმდინარეობით. მეზობელი ზიმბაბვესგან განსხვავებით, ნამიბიის ხელისუფლებამ უარი თქვა მიწის საკითხის გადაწყვეტის რადიკალურ მეთოდებზე ევროპული წარმოშობის ფერმერებისათვის მიწების ჩამორთმევის გზით.

1998—1999 წლებში კაპრივის რაიონში, ქვეყნის უკიდურეს ჩრდილო-აღმოსავლეთში, ადგილი ჰქონდა სეპარატისტულ მოძრაობას. მისი ხელმძღვანელები გამოდიოდნენ მოთხოვნით — რეგიონს მისცემოდა ფართე ავტონომია ან მინიჭებოდა დამოუკიდებლობა. ამბოხებულებს მხარს უჭერდა ზამბიის ოპოზიცია, მაშინ, როდესაც ზამბიის და ზიმბაბვეს ხელისუფლებები დახმარებას ჰპირდებოდნენ ნამიბიის მთავრობას.

1990-იან წლებში კონფლიქტი ბოტსვანასა და ნამიბიას შორის, რომელიც გამოწვეული იყო სასაზღვრო მდინარეში მდებარე საკამათო კუნძულების არსებობით, ზოგჯერ გადაიზრდებოდა ლოკალურ საომარ მდგომარეობაში და მსხვერპლითაც კი თავდებოდა. მაგრამ მხარეებმა დაარეგულირეს საკამათო საკითხი გაეროს საერთაშორისო სასამართლოს მეშვეობით; საზღვრების საბოლოო დემარკაცია დასრულდა 2003 წელს.

გეოგრაფია რედაქტირება

გეოგრაფიული მდებარეობა რედაქტირება

 
ნამიბიის რუკა
 
ნამიბიის ტოპოგრაფიული რუკა
 
ნამიბიის რელიეფი
 
ნამიბიის ბუნებრივი ზონები

ნამიბია მდებარეობს სამხრეთ აფრიკაში. ფართობი: საერთო — 825 418 კმ². სახელმწიფო საზღვრის სიგრძე ანგოლასთან შეადგენს — 1376 კმ-ს, ბოტსვანასთან — 1360 კმ-ს, სამხრეთ აფრიკის რესპუბლიკასთან — 855 კმ-ს, ზამბიასთან — 233 კმ-ს.

რელიეფი რედაქტირება

ნამიბიის ძირითადი ნაწილი შედგება მთიანი ზეგნებისგან, რომელსაც უკავია ქვეყნის ცენტრალური ნაწილი (2600 მეტრამდე). აქ მდებარეობს ქვეყნის ყველაზე უფრო მაღალი წერტილი — ბრანდბერგის (კიონიგშტაინის) მთა (2573 მეტრი). დასავლეთიდან ცენტრალური პლატო შეზღუდულია ნამიბის უდაბნოთი, რომელიც გადის ატლანტის ოკეანეზე, სამხრეთიდან — მდინარე ორანჟით, აღმოსავლეთიდან — აღმოსავლეთის გრძედის 20 და 21 გრადუსით და კალაჰარის უდაბნოთი. კაპრივის ზოლი და ქვეყნის უკიდურესი ჩრდილოეთი დაფარულია ჯუნგლებით.

სანაპირო ზოლის მთლიანი სიგრძე დაახლოებით 1500 კმ-ია და სწორხაზოვანია. არსებობს მხოლოდ ორი მოსახერხებელი უბეუოლფიშ-ბეი და ლუდერიცი.

ქვეყანაში ფუნქციონირებს ეტოშის ეროვნული პარკი.

გეოლოგია რედაქტირება

სანაპიროს ჩრდილოეთი და სამხრეთი რაიონები შედგება ღორღ-კენჭოვანი, ხოლო ცენტრალური — ქვიშოვანი მასალებისგან. სანაპიროს გასწვრივ მდებარეობს ნამიბის უდაბნო, რომლის სიგანეა 50-130 კმ და უკავია ქვეყნის ტერიტორიის დაახლოებით 20 %. ქარს გადააქვს სანაპირო ქვიშა სამხრეთიდან ჩრდილოეთისკენ და ქმნის თეთრ-ყვითელ დიუნებს სიმაღლით 40 მეტრამდე. სანაპირო დიუნების შემდეგ გადაჭიმულია გრძელი ვიწრო ლაგუნების ჯაჭვი. აქ გვხვდება გაუდინარი, მლაშობ ნიადაგიანი მრგვალი ან ოვალური ფორმის ქვაბულები. ნაპირიდან მოშორებით დიუნების შეფერილობა თანდათან გადადის წითელ ფერში რკინის ოქსიდების შემცველობის ზრდის გამო. დიუნები ნამიბის უდაბნოს შიდა რაიონებში მაღლდება 300 მეტრამდე და ყველაზე მაღლები არიან მსოფლიოში. აღმოსავლეთით ნამიბის უდაბნოს ზედაპირი საფეხურებით მაღლდება დიდ საფეხურთან. აქ ზოგ ადგილას აღმართულია მრავალრიცხოვანი პლატოები და მთები. ერთ-ერთი მათგანია გრანიტისგან აგებული ბრანდბერგის მთა (2573 მეტრი), ქვეყნის უმაღლესი წერტილი. ის გარშემორტყმულია უფრო დაბალი მთებით, რომელთა სახელია „თორმეტი აპოსტოლი“. ბრანდბერგის გამოქვაბულებში და ფერდოებზე შენარჩუნებულია პირველყოფილი ადამიანების მიერ კლდეზე ამოკვეთილი ნახატები. დიდი საფეხური მთიანი ზეგნების დასავლეთი საზღვარია, რომელიც აგებულია კრისტალური ჯიშებისგან, უპირატესად გრანიტებით და გნაისებით, რომლებიც ალაგ-ალაგ გადაფარულია კვარციტებით, ქვიშაქვებით და კირქვებით. მთიანი ზეგნები თანდათან დაბლდება მატერიკის სიღრმეში და იქმნება ცალკეულ მასივებად დანაწევრებული ტექტონიკური ღრმულები. მათგან ყველაზე დიდი — კალაჰარი — მდებარეობს ზღვის დონიდან დაახლოებით 900 მეტრ სიმაღლეზე. ის შედგება წითელი და თეთრი ქვიშებისაგან, რომლებიც ფარავენ ფუნდამენტის კრისტალურ ჯიშებს. ქვიშა ქმნის დიუნას სიმაღლით 100 მეტრამდე.

ნამიბიის ჩრდილოეთით გაუდინარ ქვაბულში მდებარეობს ეტოშის მლაშობი ფართობით დაახლოებით 5 ათასი კმ² — აფრიკაში ყველაზე დიდი. როდესაც მისი კირქვა-თიხოვანი ფენით დაფარული ბრტყელი ფსკერი რამდენიმე წელიწადში ერთხელ ივსება წყლით იქმნება დროებითი ტბა სიღრმით 1,5 მეტრამდე. აქ უძველესი დროიდან მიმდინარეობს მარილის მოპოვება.

წყლის რესურსები რედაქტირება

მდინარეები ნამიბიაში ცოტაა და მათი უმრავლესობა წყლით ივსება მხოლოდ გარკვეულ პერიოდში. მდინარის მშრალ კალაპოტს ნდონგას (მასზე ლაპარაკობს ქვეყნის ჩრდილოეთში მცხოვრები ოვამბოს ხალხი) ენაზე ჰქვია ოშანა: წვიმიან სეზონში ისინი შეიძლება შეივსონ წყლით და დატბორონ ტერიტორიების 60 %-მდე. ნამიბიის ყველაზე დიდი მდინარეებია — ორანჟი, ფიში (მისი კანიონი სიდიდით (სიგრძე და სიგანე) მეორეა მსოფლიოში აშშ-ის დიდი კანიონის შემდეგ), ოკავანგო (ჩაედინება უზარმაზარ ჭაობში ბოტსვანის ტერიტორიაზე, რომელსაც ოკავანგოს დელტა ჰქვია). ქვეყანაში არსებობს ორი შედარებით დიდი მუდმივი ტბაგინასი და ოტჯიკოტო.

კლიმატი რედაქტირება

ნამიბიის კლიმატი საკმაოდ მშრალია, ტროპიკულია. ნამიბიაში საკმაოდ ცხელა, ხოლო ნალექები მოდის საკმაოდ ცოტა (ზოგჯერ ეს დაკავშირებულია ცივი ბენგელის დინების გავლენით).

ნამიბიაში წელიწადში 300 დღეზე მეტი მზიანი ამინდია. ქვეყანა მდებარეობს ტროპიკების უკიდურეს სამხრეთში; სამხრეთი ტროპიკი ქვეყანას ყოფს დაახლოებით შუაზე. ზამთარი (ივნისი–აგვისტო), როგორც წესი, მშრალია, რადგანაც წვიმების სეზონი მოდის ზაფხულის პერიოდში, ნაკლებად წვიმიანი სეზონი უწევს სექტემბერ-ნოემბერში, ხოლო ხშირი წვიმები მოდის თებერვლიდან აპრილამდე პერიოდში.[9] სინოტივე დაბალია და ნალექების საშუალო რაოდენობა მერყეობს სანაპირო უდაბნოს რაიონების თითქმის ნული მმ-დან 600 მმ-მდე კაპრივის ზოლში. მაგრამ ნალექები საკმაოდ ცვალებადია და ხშირად დგება გვალვა.[10] წვიმების უკანასკნელი ცუდი სეზონი მოხდა 2006-2007 წლების ზაფხულში.[11] მშრალი ზამთრის გამო თოვლი საკმაოდ იშვიათი მოვლენაა ქვეყანაში. უკანასკნელად თოვლი ნამიბიაში მოვიდა 2011 წლის ივნისში.[12]

სანაპირო ზონაში ამინდი და კლიმატი უფრო მეტად გრილია, ჩრდილოეთიდან ქრის ატლანტის ოკეანის ბენგელის ნაკადი, რომელსაც მოჰყვება საკმაოდ იშვიათი ნალექი (50 მმ ან უფრო ნაკლები წელიწადში), ხშირი დაბურული ნისლი და უფრო დაბალი ტემპერატურა, ვიდრე ქვეყნის დანარჩენ ნაწილებში.[10] ზამთარში ზოგჯერ დგება მდგომარეობა, რომელიც ცნობილია როგორც ბერგის ქარი ანუ Oosweer (აფრიკაანსიდან თარგმანში: აღმოსავლეთის ამინდი), როდესაც წარმოიქმნება ცხელი, მშრალი ქარი, რომელიც ქრის შიდა რაიონებიდან სანაპიროსკენ. ეს ქარები შეიძლება გადაიზარდოს ქვიშის შტორმებად, რომელიც სჩანს თანამგზავრული სურათებიდანაც.[13]

კალაჰარის ცენტრალურ პლატოზე არსებობს დღის ტემპერატურის ფართე დიაპაზონი 30 Сº-მდე.[10]

ქვეყნის ჩრდილოეთ რაიონებში არსებული ყოველწლიური წყალდიდობები, ხშირად იწვევს არა მხოლოდ ინფრასტრუქტურის დაზიანებას, არამედ ადამიანთა სიკვდილიანობასაც.[14] წვიმები, რომლებიც ამ წყალდიდობებს იწვევს, მოდის ანგოლაში, ადიდებული წყალი მოედინება ნამიბიაში კუველაის აუზის მეშვეობით და ტბორავს ოშანას რეგიონს. უკანასკნელი ყველაზე ძლიერი წყალდიდობა ქვეყანაში მოხდა 2011 წლის მარტში და გამოიწვია 21 000 ადამიანის იძულებითი გადაადგილება.[15]

სასარგებლო წიაღისეული რედაქტირება

ნამიბია მდიდარია სასარგებლო წიაღისეულით, რომელთაგან ყველაზე უფრო მთავარია: ალმასი, ურანი, სპილენძი, ტყვია, ვოლფრამი, თუთია, კალა, ვერცხლი, ოქრო, პირიტი, მანგანუმი, ფლუორიტი და სხვა.

ალმასის რესურსების მხრივ ქვეყანას უკავია მეორე ადგილი აფრიკაში და მსოფლიოში (ბოტსვანის შემდეგ, 1999 წელი). ალმასის მარაგი ძირითადად თავმოყრილია ატლანტის ოკეანის სანაპიროზე, განსაკუთრებით ლუდერიციდან მგინარე ორანჟის შესართავამდე, ასევე შელფის ზონასთან სიახლოვეს. ნამიბიის ზღვის წყალქვეშა მარაგი (მთლიანი კონტინენტალური შელფი) წარმოადგენს სამხრეთ-დასავლეთი აფრიკის უზარმაზარი ალმასის მარაგის რაიონის ნაწილს, რომელიც მდებარეობს ატლანტის ოკეანის თანამედროვე დონის ქვეშ მდინარე ორანჟის შესართავის რაიონში. ამ რაიონის საერთო სიგრძე აღემატება 1400 კმ-ს — სამხრეთ-აღმოსავლეთში ქალაქ კეიპტაუნიდან და მდინარე ოლიფანტსის (Olifants) შესართავიდან ჩონჩხის სანაპირომდე ჩრდილო-დასავლეთში. ამ ზოლის ალმასის სამრეწველო შემცველობის ნამიბიური ნაწილის სიგრძე შეადგენს დაახლოებით 600 კმ-ს.

2002-2003 წლებში კანადურმა კომპანიამ Afri-Can Marine Minerals Corp. ნამიბიაში აღმოაჩინა ერთ-ერთი მსხვილი ალმასების ზღვის საბადო. საკუთარი საზღვაო წყალქვეშა კონცესიის ფარგლებში, სიგრძით 25 მილი, ლუდერიცის ჩრდილოეთით 2000 წელს კომპანიამ აღმოაჩინა 107 ალმასი საერთო წონით 16,5 კარატი. კონცესიის ჩარჩოებში ასევე აღმოჩენილი იქნა ორი სხვა ალმასების შემცველი ტერიტორია, რომელთა ფართობი ორჯერ უფრო მეტად აღემატება კომპანია Diamond Fields International-ის მარშალ-ფორკის (Marshall Fork) კონცესიის ფართობს, რომლის რესურსები შეფასებულია 1,1 მილიონ კარატად. [Rapaport TradeWire].

ქვეყანაში მდებარეობს მსოფლიოში უდიდესი ორინჯ-მაუტის ალმასის საბადოები.

რეჰობოტის და სვაკოპმუნდის რაიონებში აღმოჩენილია ოქრო. მოძიებული ფერადი ლითონების მარაგის თითქმის 90 % თავმოყრილია ქვეყნის ჩრდილო-აღმოსავლეთში (ცუმეი, ჰრუტფონტეინი, ოტავე). ადგილობრივი მადანი გამოირჩევა ტყვიის, თუთიის, სპილენძის, კადმიუმის და გერმანიუმის მაღალი შემცველობით. აქ პარალელურად პირველად იქნა ნაპოვნი მინერალები: რაინერიტი, ცუმებიტი და შტოტიტი, რომლებსაც გააჩნიათ ნახევარგამტარული თვისებები.

ჰრუტფონტეინის ჩრდილოეთით, აბენაბას რაიონში, მდებარეობს მსოფლიოში ერთ-ერთი უდიდესი ვანადიუმის მადანის საბადო მარაგით 16 ათასი ტონა. კარიბიბას რაიონში და ქვეყნის სამხრეთ საზღვართან არსებობს ბერილიუმის და ლითიუმის მადნის საბადოები, კაოკოში — რკინის მადნის (საერთო მარაგი 400 მილიონი ტონა), ხოლო ოჩივარონგოში — მანგანუმის (5 მილიონი ტონა).

ურანის რესურსების და მისი დადასტურებული მარაგის მიხედვით ქვეყანას უკავია პირველი ადგილი აფრიკაში და ერთ-ერთი წამყვანი მსოფლიოში (1999 წელი).

მთელ რიგ რაიონებში (კარიბიბა, ომარურუ, სვაკოპმუნდი) მდებარეობს ძვირფასი და ნახევრადძვირფასი ქვების — ტურმალინის, აკვამარინის, აგატის, ტოპაზის საბადოები.

ფაუნა რედაქტირება

ნამიბის უდაბნოს ღრმულები და დიუნები ანტილოპების ზოგიერთი ნაირსახეობების, როგორებიცაა გემსბოკის (ორიქსი) და სპრინგბოკის, ასევე აფრიკული სირაქლემის და ზოგჯერ ზებრების საცხოვრებელი ადგილია. აქ წარმოდგენილია ისეთი ცხოველები, როგორებიცაა: სპილოები, მარტორქები, ლომები, აფთრები, ტურები. დიუნები ზოგიერთი ობობის, კოღოს, მაგრამ ძირითადად, ხოჭოებიდ და ჭიანჭველების, და ქვეწარმავლების, განსაკუთრებით გეკონების და გველების სახლია. ზღვის სანაპიროზე გვხვდება სელაპების დიდი რაოდენობა, ზღვის ფრინველების კოლონიები — ფლამინგოების, ვარხვების, ჩვამების; სამხრეთში, ლუდერიცის უბის კუნძულებზე, არსებობენ პინგვინების მნიშვნელოვანი კოლონიები. უდაბნოში შეიძლება შეგვხვდეს Leucorchestris arenicola-ის ობობა, უდაბნოს ოქროს თხუნელა (Eremitalpa granti), უდაბნოსათვის ენდემური ხოჭო Onymacris unguicularis.

სახელმწიფო წყობა რედაქტირება

ნამიბია რესპუბლიკაა. სახელმწიფოს და მთავრობის მეთაურია — პრეზიდენტი, რომელსაც მოსახლეობა ირჩევს 5 წლის ვადით (შესაძლებელია მიყოლებით მეორე ვადაც).[16] ნამიბიის კონსტიტუციით ხელისუფლება რამდენიმე შტოდაა დაყოფილი.

საკანონმდებლო ფუნქციებს ასრულებს ორპალატიანი პარლამენტი — ნამიბიის ეროვნული საბჭო (2015 წლის დეკემბრიდან 42 სენატორი ირჩევა ქვეყნის 14 რეგიონალური საბჭოდან (თითოეული რეგიონიდან 3 სენატორი) 5 წლის ვადით) და ნამიბიის ეროვნული ასამბლეა (2015 წლის მარტიდან 104 დეპუტატი, აქედან 96 დეპუტატი ირჩევა მოსახლეობის მიერ ადგილობრივ არჩევნებზე 5 წლის ვადით, ხოლო 8 დეპუტატი ინიშნება ქვეყნის პრეზიდენტის მიერ).

ძირითადი პოლიტიკური პარტიები (2014 წლის არჩევნების შედეგების მიხედვით):

  • სამხრეთ-დასავლეთი აფრიკის ხალხთა ორგანიზაცია (სვაპო-SWAPO) — 40 სენატორი, 77 დეპუტატი;
  • ტურნჰალეს დემოკრატიული ალიანსი (DTA) — 1 სენატორი, 5 დეპუტატი;
  • გზა დემოკრატიისათვის და პროგრესისათვის (RDP) — 3 დეპუტატი;
  • ეროვნული საზოგადოებრივი დემოკრატიული პარტია (NUDO) — 1 სენატორი, 2 დეპუტატი;
  • გაერთიანებული დემოკრატიული ფრონტი (UDF) — 2 დეპუტატი;
  • ყველა ხალხის პარტია (APP) — 2 დეპუტატი;
  • მუშათა რევოლუციური პარტია (WRP) — 2 დეპუტატი;
  • სამხრეთ დასავლეთი აფრიკის ეროვნული კავშირი (SWANU) — 1 დეპუტატი;
  • გაერთიანებული სახალხო მოძრაობა (UPM) — 1 დეპუტატი;
  • ნამიბიის რესპუბლიკური პარტია (RP) — 1 დეპუტატი.

დანარჩენმა შვიდმა პარტიამ არჩევნების შედეგად პარლამენტში ადგილები ვერ მოიპოვა, დანარჩენი 8 დეპუტატი დაინიშნა ქვეყნის პრეზიდენტის მიერ.

მიუხედავად იმისა, რომ ქვეყნის კონსტიტუციით ნამიბიაში გარანტირებულია მრავალპარტიული სისტემა, სვაპო-SWAPO დომინანტური პარტიაა 1990 წელს დამოუკიდებლობის მიღების დღიდან.[17]

აღმასრულებელ ხელისუფლებას ახორციელებს ქვეყნის პრეზიდენტი და მინისტრთა კაბინეტი.

ნამიბიაში არსებობს სამსაფეხურიანი სასამართლო სისტემა — ქვემდგომი სასამართლო ინსტანციები, უმაღლესი სასამართლო და უზენაესი სასამართლო. ქვეყნის უმაღლესი სასამართლო ორგანოა უზენაესი სასამართლო, რომელშიც მოსამართლეები ინიშნებიან პრეზიდენტის მიერ სასამარლოს სამსახურის კომისიის რეკომენდაციით. ნამიბიაში სასამართლო სტრუქტურა სამხრეთ აფრიკის სასამართლო სტრუქტურის მსგავსია. 1919 წელს რომაულ-ჰოლანდიური სამართალი ქვეყანაში გამოცხადდა საერთო კანონად და ასეთად რჩება დღევანდლამდე.

შეიარაღებული ძალები რედაქტირება

ნამიბიის შეიარაღებული ძალები (ნამიბიის თავდაცვის ძალები) (ინგლ. Namibia Defence Force) — ნამიბიის სამხედრო ორგანიზაციაა, რომლის ამოცანაა ქვეყნის სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის უზრუნველყოფა, გარე აგრესიისგან თავდაცვა და სამოქალაქო ხელისუფლებისადმი დახმარების აღმოჩენა სამთავრობო შენობა-ნაგებობების და მთავარი ობიექტების დაცვაში, როგორც ეს განსაზღვრულია თავდაცვის კანონში.[18]

ქვეყნის შეიარაღებული ძალების სახეობებია: სახმელეთო ჯარები, სამხედრო-საზღვაო ძალები და სამხედრო-საჰაერო ძალები. ნამიბიის შეიარაღებული ძალები დაკომლექტებულია მხოლოდ კონტრაქტულ საფუძველზე მამრობითი სქესის პირებით, გაწვევა არ ხორციელდება; 18 წლიდან შესაძლებელია ნებაყოფლობითი კონტრაქტული სამსახურის გავლა.

ადმინისტრაციული დაყოფა რედაქტირება

1977—1992 წლებში ნამიბია იყოფოდა 26 რეგიონად. 1992 წლის აგვისტოში მოხდა რეგიონების რეორგანიზაცია და მათი რიცხვი შემცირდა 13-მდე (regions), რომლებიც თავის მხრივ დაყოფილია 102 (საარჩევნო) ოლქად (constituencies). 2002 წელს საარჩევნო ოლქების რაოდენობა გაიზარდა 107-მდე. 2013 წლის 9 აგვისტოს, ოკავანგოს რეგიონი გაიყო აღმოსავლეთი კავანგოს და დასავლეთი კავანგოს რეგიონებად.

 
ნამიბიის ადმინისტრაციული რუკა.

ნამიბიის რეგიონები:

№ რუკაზე რეგიონი ადმინისტრაციული ცენტრი მოსახლეობა,[5]
ად. (2011 წელი)
ფართობი,
კმ²
სიმჭიდროვე,
ად./კმ²
1 კუნენე ოპუვო 86 856 115 293 0,75
2 ომუსატი ოუტაპი 243 166 26 573 9,15
3 ოშანა ოშაკატი 176 674 8 653 20,42
4 ოჰანგვენა ეენჰანა 245 446 10 703 22,93
5 ოშიკოტო ომუტია 181 973 38 653 4,71
6 დასავლეთი კავანგო ნკურენკურუ 86 529 23 166 3,74
7 აღმოსავლეთი კავანგო რუნდუ 136 823 25 576 5,36
8 ზამბეზი კატიმა-მულილო 90 596 14 528 6,24
9 ერონგო სვაკოპმუნდი 150 809 63 579 2,37
10 ოჩოსონდიუპა ოჩივარონგო 143 903 105 185 1,37
11 ომაჰეკე გობაბისი 71 233 84 612 0,84
12 კჰომასი ვინდჰუკი 342 141 37 007 9,25
13 ჰარდაპი მარიენტალი 79 507 109 651 0,73
14 კარასი კიტმანსჰუპი 77 421 161 215 0,48
სულ: 2 113 077 824 394 2,56

დემოგრაფია რედაქტირება

  • მოსახლეობის რაოდენობა —2,568,569 მოსახლე (2017 წლის Population Pyramids of the World-ის მონაცემებით).
  • მოსახლეობის ზრდა — 1,4 % (2011 წლის აღწერა).
  • ქალაქის მოსახლეობა — 46,7 % (2015 წლის შეფასება).
  • შობადობა — 29,1 ბავშვი 1000 ადამიანზე, 3,6 ბავშვი 1 ქალზე (2011 წლის აღწერა).
  • სიკვდილიანობა — 10,7 ადამიანი 1000 მოსახლეზე. (2011 წლის აღწერა).
  • ბავშვთა სიკვდილიანობა — 38 ბავშვი 1000 დაბადებულიდან (2011 წლის აღწერა).
  • სიცოცხლის საშუალო ხანგრძლივობა — 52,19 წელი (მამაკაცების — 52,48 წელი, ქალების — 51,89 წელი) (2011 წლის აღწერა).
  • საშუალი ასაკი — 20,0 წელი (მამაკაცების — 19,8 წელი, ქალების — 20,1 წელი) (2011 წლის აღწერა).
    • 0-14 წელი: 770 142 ადამიანი (36,45 %);
    • 15-64 წელი: 1 234 445 ადამიანი (58,42 %);
    • 65 წელზე უფროსები: 108 490 ადამიანი (5,13 %) (2011 წლის აღწერა).
  • განათლება — საერთო 84 % (84,4 % მამაკაცები, 83,7 % ქალები) (2003 წლის შეფასება).
  • შიდსის ვირუსით დაავადება — 15,3 % (2007 წლის შეფასება).

ეთნიკური ჯგუფები რედაქტირება

ქვეყანაში მოსახლეობის უმრავლესობას შეადგენს ბანტუს ოჯახის ხალხი (80 %) — ძირითადად ოვამბო (50 %-ზე მეტი), ასევე ჰერერო (7 %) და სხვა ტომები. ნამიბიაში ასევე ცხოვრობს კოისანის ხალხი — ჰოტენტოტები (5 %) და ბუშმენები (3 %).

ქვეყნის მოსახლეობის 6,5 %-ს შეადგენენ მეტისები — ეგრეთ წოდებული „ფერადკანიანები“ (ისინი მეტისებში უმრავლესობას წარმოადგენენ) და „ბასტერები“ (ძირითადად ცხოვრობენ თემებში, რომლებიც მდებარეობენ ვინდჰუკის სამხრეთში არსებულ ქალაქ რეჰობოტის ირგვლივ).

მოსახლეობის 5,7 %-ს შეადგენენ თეთრკანიანები — ნიდერლანდელი, ინგლისელი, პორტუგალიელი, ფრანგი და გერმანელი კოლონისტების შთამომავლები (გერმანელების ნაწილი ინარჩუნებს საკუთარ კულტურას და ენას). ნამიბიაში თეთრკანიანთა უმრავლესობა და თითქმის ყველა ფერადკანიანი ლაპარაკობს აფრიკაანსის ენაზე და კულტურით და წეს-ჩვეულებებით არაფრით განსხვავდება სამხრეთ აფრიკის რესპუბლიკაში მცხოვრები თეთრკანიანებისგან და ფერადკანიანებისგან. ნამიბიაში ცხოვრობს 104 000 აფრიკანერი და დაახლოებით 35 000 ნამიბიელი გერმანელი.[19]

ენა რედაქტირება

ნამიბიაში ოფიციალური ენაა ინგლისური, მაგრამ იგი ძირითადად გავრცელებულია, როგორც მეორე ენა ახალგაზრდებს შორის (თუმცა არსებობენ ამ ენაზე მოლაპარაკეებიც — 7 %). მშობლიური ენის სახით ყველაზე უფრო ფართედ გავრცელებულია ოშივამბოს ენა, ანუ ნდონგა, მეორე ენაა — აფრიკაანსი (ლაპარაკობს თეთრკანიანი მოსახლეობის 60 %). 1990 წლამდე ქვეყანაში ოფიციალური ენები იყო გერმანული და აფრიკაანსი.

2011 წლის აღწერის თანახმად, ნამიბიაში ყველაზე უფრო გავრცელებული ენებია ნდონგა, ანუ ოშივამბო (მოსახლეობის 49 %-ის მშობლიური ენა), ჰოტენტოტური ენები, ანუ დამარა (11,3 %), აფრიკაანსი (10,4 %), კავანგოს ენები (9 %), ჰერერო (9 %).[20] ყველაზე უფრო ფართედ გავრცელებული და სალაპარაკო ენაა — ინგლისური. ინგლისური და აფრიკაანსი ძირითადად გამოიყენება მეორე ენის სახით, სხვადასხვა ეროვნებების ერთმანეთთან ურთიერთობისთვის.

თეთრკანიანი მოსახლეობის უმრავლესობა ლაპარაკობს გერმანულ ან აფრიკაანსის ენაზე. დღესაც კი, გერმანული კოლონიალური ეპოქის დიდი ხნის დამთავრების შემდეგ, გერმანული ენა ასრულებს ერთ-ერთ მთავარ როლს ეკონომიკურ ურთიერთობაში, რომელზეც ლაპარაკობს თეთრკანიანი მოსახლეობის 32 %. აფრიკაანსზე ლაპარაკობს თეთრკანიანი მოსახლეობის 60 %, ინგლისურ ენაზე 7 % და პორტუგალიურზე 1 %.[21] გეოგრაფიული სიახლოვით პორტუგალიურენოვან ანგოლასთან აიხსნება ლუზოფონების შედარებით მაღალი მაჩვენებელი; 2011 წელს მათი რაოდენობა სავარაუდოდ იყო 100 000 ადამიანი, ანუ მოსახლეობის საერთო რაოდენობის 4-5 %.[22]

რელიგია რედაქტირება

ნამიბიის მოსახლეობის 90 %-ზე მეტი საკუთარ თავს ქრისტიანად აღიარებს.[23] ქრისტიანების დიდი ნაწილი მიეკუთვნება პროტესტანტულ ნამიბიის ევანგელისტურ-ლუთერანულ ეკლესიას (ELCIN). ქრისტიანებს შორის მეორე ადგილი უკავია კათოლიკეებს. დანარჩენ ქრისტიანულ მიმდინარეობებს, როგორებიცაა: ანგლიკანიზმი, ბაპტიზმი, მეთოდიზმი, მორმონიზმი, მეშვიდე დღის ადვენტისტების ეკლესია, ორმოცდაათიანელობა, ჰყავთ მცირე რაოდენობის მიმდევრები.[23]

ქვეყანაში მუსლიმების რაოდენობა დაახლოებით 3 %-ია[24]. მათგან დიდი უმრავლესობა სუნიტია.

ნამიბიაში იუდაიზმს, ინდუიზმს და ბუდიზმს ასევე საკმაოდ მცირე რაოდენობით მიმდევარი ჰყავს.[23]

ეკონომიკა რედაქტირება

მთლიანი შიდა პროდუქტის (მშპ) დაახლოებით 20 % მოდის მომპოვებელ მრეწველობაზე. უპირველეს ყოვლისა, ქვეყანაში მოიპოვებენ ურანს და ალმასს,[25] მაგრამ ნამიბიის წიაღში ასევე იმყოფება სპილენძის, ოქროს, ტყვიის, თუთიის, კალის, ვერცხლის, ვოლფრამის და ბუნებრივი აირის მარაგი. განსაკუთრებით ცნობილია ალმასის საბადო ლუდერიცის შემოგარენში. სვაკოპმუნდის შემოგარენში მდებარეობს მსოფლიოში ერთ-ერთი უდიდესი ურანის მომპოვებელი კარიერი.[26]

ნამიბიაში მთელი მუშა ძალის დაახლოებით ნახევარი (47 %) დაკავებულია სოფლის მეურნეობაში, ძირითადად მეცხოველეობაში, მაშინ როდესაც სოფლის მეურნეობის წილი მთლიან შიდა პროდუქტში შეადგენს 10 %-ზე ნაკლებს. კერძოდ, მთავარი ადგილი უკავია კარაკულიანი ცხვრების გამრავლებას. მაგრამ თანდათან სულ უფრო მეტი ყურადღება ეთმობა თევზჭერასა და ტურიზმს. გადამამუშავებელი და მძიმე მრეწველობა (კერძოდ, მანქანათმშენებლობა) კი პირიქით, ნამიბიაში საკმაოდ ნაკლებადაა განვითარებული, ასე რომ ეს დარგები საკმაოდ დამოკიდებულია იმპორტზე. ნამიბიაში ასევე შედის 50 %-მდე იმპორტული მოთხოვნადი საკვები პროდუქტი.

ნამიბიის ეკონომიკა ინარჩუნებს კავშირს სამხრეთ აფრიკის რესპუბლიკის ეკონომიკასთან. ნამიბიური დოლარი მკაცრადაა მიბმული სამხრეთაფრიკულ რანდთან.

მიუხედავად იმისა, რომ ნამიბია აფრიკის ერთ-ერთი მდიდარი ქვეყანაა, უმუშევრობა აქ შეადგენს 30-დან 40 %-მდე, ხოლო ხელფასი შედარებით დაბალია. ერთი ადამიანის საშუალო თვიური შემოსავალი შეადგენს დაახლოებით $150, მაგრამ ეს შემოსავლები გადანაწილებულია საკმაოდ არათანაბრად — 2004 წელს მხოლოდ 64 000 ნამიბიელი იხდიდა გადასახადებს. შემოსავლების არათანაბარი განაწილების მხრივ ნამიბიას უკავია ერთ-ერთი ყველაზე უფრო დაბალი მაჩვენებელი მსოფლიოში. გაერთიანებული ერების ორგანიზაციის მონაცემებით, 2005 წელს მოსახლეობის 34,9 % ცხოვრობდა $1-ზე უფრო ნაკლები შემოსავალით დღე-ღამეში (გაეროს მიერ მიღებული სიღარიბის ზღვარი), 55,8 % კი — $2-ზე უფრო ნაკლები შემოსავალით დღე-ღამეში.

2008 წელს ნამიბიის მთლიანი შიდა პროდუქტი მსყიდველობითი უნარის პარიტეტის მიხედვით შეადგენდა დაახლოებით $13,25 მილიარდს ($6300 ერთ სულ მოსახლეზე — მე-8 ადგილი შავ აფრიკაში, 129-ე ადგილი მსოფლიოში), ოფიციალური კურსით — მთლიანი შიდა პროდუქტი შეადგენს $8,5 მილიარდს.

ნამიბია შედის აფრიკის, კარიბის აუზის და წყნარი ოკეანის რეგიონის ქვეყნების საერთაშორისო ორგანიზაციაში.

სოფლის მეურნეობა რედაქტირება

აფრიკის ბევრი ქვეყნისგან განსხვავებით, სოფლის მეურნეობა ნამიბიაში არ არის ეკონომიკის წამყვანი დარგი. მისი წილი მთლიან შიდა პროდუქტში შეადგენს 9,7 %-ს და მასში დასაქმებულია მუშა ძალის 47 %. ქვეყანაში არ არის სამყოფი სასოფლო სამეურნეო სავარგულები, მუშავდება ტერიტორიის მხოლოდ 1 %. მოჰყავთ სიმინდი, ხორბალი, ფეტვი. დამოუკიდებელი ნამიბიის პრობლემა გახდა დასამუშავებელი მიწა, რომლის მნიშვნელოვანი ნაწილი ეკუთვნის უმცირესობაში მყოფ ქვეყნის თეთრკანიან მოსახლეობას. ამ პრობლემის გადასაჭრელად 1995 წელს მიღებული იქნა კანონი, რომელიც ითვალისწინებს აგრარული რეფორმის სამ პრინციპს: თითოეული ფერმა გაყიდვის დროს თავდაპირველად უნდა წარედგინოს სახელმწიფოს, რის შემდეგაც სახელმწიფო ბანკი საბაზრო ფასზე ნაკლებ პროცენტებში გასცემს კრედიტს ღარიბ ადამიანებზე, ხოლო სახელმწიფო სათემო მიწები გაიყიდება მცირე მონაკვეთებად. ასეთი პოლიტიკის შედეგად 1990-2007 წლებში დაახლოებით 800 შავკანიანი ფერმერი გადასახლებული იქნა „კომერციული მიწების“ დაახლოებით 12 %-ზე. 2005 წელს დაიწყო „თეთრი ფერმების“ იძულებითი გამოსყიდვა და 2008 წლისთვის ასეთი საშუალებით სახელმწიფომ დაისაკუთრა 5 ფერმა.

მრეწველობა რედაქტირება

მრეწველობის წილი ნამიბიის მთლიან შიდა პროდუქტში შეადგენს 31,5 %-ს. აქ დასაქმებულია მუშა ძალის 20 %.

სამთომომპოვებელი მრეწველობა რედაქტირება

ნამიბია — ალმასების ერთ-ერთი მსხვილი მსოფლიო ექსპორტიორია. ალმასს მოიპოვებს კომპანია „ნამდები“, რომლის ნაწილი ეკუთვნის სამხრეთაფრიკულ კორპორაცია „დე ბირსს“. 2004 წელს მოპოვებული იქნა 1,86 მილიონი კარატი ალმასი. სამრეწველო მასშტაბებში მოიპოვება ოქრო, ურანი, თუთია, კალა, ვოლფრამი, კადმიუმი.

გადამამუშავებელი მრეწველობა რედაქტირება

ნამიბიის გადამამუშავებელი მრეწველობის მთავარი დარგია — მეტალურგია. ასევე მუშაობენ ავტომანქანების ამწყობი ქარხნები, კვების მრეწველობის საწარმოები. 1998 წელს მუშაობა დაიწყო ალმასების დამუშავების ფაბრიკა „ნაჯემმა“. მაგრამ მთლიანობაში ნამიბიის გადამამუშავებელი მრეწველობა არაკონკურენტუნარიანია სამხრეთ აფრიკის რესპუბლიკიდან, რომელთანაც ნამიბია ინარჩუნებს მჭიდრო ურთიერთობებს, იაფი საქონლის შემოტანის მიზეზით.

ენერგეტიკა რედაქტირება

ქვეყნის ელექტრომომარაგების შიდა ქსელში ძაბვა შეადგენს ცვლადი დენის 220 ვოლტს. ელექტროენერგია ძირითადად გამომუშავდება თბო და ჰიდროელექტროსადგურებში. ელექტროენერგიის გამომუშავებაში არატრადიციული მეთოდები ასევე განსაზღვრულ როლს ასრულებენ. ნამიბიის ურანის მდიდარ საბადოებზე დაყრდნობით ხელისუფლება გეგმავს ააშენოს ქვეყანაში პირველი ატომური ელექტროსადგური 2018 წლისთვის.[27]

ტრანსპორტი რედაქტირება

 
ნამიბიის რკინიგზის ქსელი

რკინიგზამ ნამიბიაში ძირითადად ფუნქციონირება დაიწყო ჯერ კიდევ კოლონიალურ ეპოქაში, როდესაც მარშრუტები, უპირველეს ყოვლისა, განისაზღვრებოდა სამხედრო მოთხოვნილებების გათვალისწინებით. რკინიგზის საერთო სიგრძე შეადგენს 2382 კმ-ს (ლიანდაგის სიგანე — 1067 მმ) და ერთმანეთთან აკავშირებს ქვეყნის ყველა მსხვილ დასახლებულ პუნქტს. დღეისათვის რკინიგზა გამოიყენება მხოლოდ სატვირთო გადაზიდვებისთვის — მგზავრები უპირატესობას ანიჭებენ ავტობუსებს. მიუხედავად ამისა ნამიბიის რკინიგზა მოსახლეობას სთავაზობს მატარებლებს — „StarLine Passenger Services“ და „Desert Express“.

ნამიბიაში გადაადგილების მთავარი საშუალებაა საავტომობილო გადაზიდვები. საავტომობილო ქსელი აღწევს ქვეყნის ყველა კუთხეებამდე, მისი სიგრძე შეადგენს თითქმის 65 000 კმ-ს (რომლის მხოლოდ 5000 კმ-ია ასფალტირებული). როგორც სამხრეთ აფრიკის რესპუბლიკაში, ნამიბიაშიც მოძრაობა მარცხენასაჭიანია.

ნამიბიაში ავიაცია ასევე საკმაოდ კარგადაა განვითარებული. ეროვნული კომპანია Air Namibia ფრენებს ახორციელებს ქვეყნის საზღვრებს გარედან ვინდჰუკის აეროპორტ ჰოსეა კუტაკოში (კოდი WDH) და უოლფიშ-ბეიში. პირდაპირ რეისებთან ერთად, ვინდჰუკში ასევე თავისუფლად შესაძლებელია იოჰანესბურგის აეროპორტიდანაც ჩასვლა. თითქმის თითოეულ ასე თუ ისე დიდ დასახლებულ პუნქტში არსებობს აეროდრომი, ხოლო გადაყვანებს ახორციელებს ბევრი მცირე კომპანია და თვითმფრინავების კერძო მფლობელი.

ნამიბიის მთავარი საზღვაო პორტია — უოლფიშ-ბეი.

ტურიზმი რედაქტირება

ტურიზმი ნამიბიის მთლიანი შიდა პროდუქტის ერთ-ერთი მთავარი დარგია (14,5 %) და ქმნის ათობით ათას სამუშაო ადგილს (ყველა დასაქმებულის 18,2 %). იგი ემსახურება მილიონზე მეტ ტურისტს წელიწადში.[28] ქვეყანა შედის აფრიკის მთავარი ტურისტული მიმართულებების რიცხვში და ცნობილია ეკოტურიზმით, რომელსაც წარმოადგენს ნამიბიის ვრცელი ველური ბუნება.[29]

ქვეყანაში ეკოტურისტებისათვის არსებობს ბევრი სახლი და სასტუმრო. სპორტული ნადირობა ნამიბიის ეკონომიკისათვის ასევე მნიშვნელოვანი და მზარდი კომპონენტია, რაც 2000 წელს შეადგენდა საერთო ტურიზმის 14 %-ს, ანუ $19,6 მილიონ აშშ დოლარს, ნამიბიაში ტურისტების განკარგულებაშია საერთაშორისო სპორტული ნადირობის მრავალრიცხოვანი სახეობები.[30] ამას გარდა, სპორტის ისეთი ექსტრემალური სახეობები, როგორებიცაა: სენდბორდინგი, პარაშუტით ხტომა და რალი 4x4 გახდნენ პოპულარულები და ქვეყნის მრავალ ქალაქში არსებობენ კომპანიები, რომლებიც ტურისტებს სხვადასხვა ტურებს სთავაზობენ. დასათვალიერებლად ყველაზე უფრო მოთხოვნადი ადგილებია: კაპრივის ზოლი, ფიშ-რივერ-კანიონი, სოსუსფლეი, ჩონჩხის ნაპირი, სესრიემი, ეტოშის მლაშობი და სანაპირო ქალაქები: სვაკოპმუნდი, უოლფიშ-ბეი და ლუდერიცი.[31]

საგარეო ეკონომიკური კავშირები რედაქტირება

იმპორტი (2005 წელი): 2,35 მილიარდი აშშ დოლარი (საკვები პროდუქტები; ნავთობპროდუქტები და საწვავი, მანქანები და მოწყობილობები, ქიმიკატები). ძირითადი ექსპორტიორები: სამხრეთ აფრიკის რესპუბლიკა — 85,2 % (2004 წელი).

ექსპორტი (2005 წელი): 2,04 მილიარდი აშშ დოლარი (ალმასი, სპილენძი, ოქრო, თუთია, ტყვია, ურანი; მსხვილი რქოსანი საქონელი, გადამუშავებელი თევზი, კარაკულის ტყავი). ძირითადი იმპორტიორები: სამხრეთ აფრიკის რესპუბლიკა — 33,4 %, აშშ — 4 % (2004 წელი).

სოციალური სფერო რედაქტირება

ჯანდაცვა რედაქტირება

ნამიბია დგას მთელი რიგი პრობლემების წინ საკუთარი მაცხოვრებლების ჯანდაცვის უზრუნველყოფის დარგში. ქვეყანაში მოქმედებს ჯანდაცვის როგორც სახელმწიფო (მოსახლეობის 85 %), ასევე კერძო (15 %) სამედიცინო სისტემა. 2006/07 ფინანსურ წელს ჯანდაცვის სახელმწიფო და კერძო ჯამურმა ხარჯებმა შეადგინა მთლიანი შიდა პროდუქტის 8,3 %.[32]

ნამიბიაში ფუნქციონირებს 343 საავადმყოფო და კლინიკა, ასევე 1150 სამედიცინო მომსახურების უფრო დაბალი რანგის დაწესებულება.[32]

ჯანდაცვის ობიექტები ქვეყანაში მრავლადაა, მაგრამ ყოველთვის არაა ხელმისაწვდომი, განსაკუთრებით ღარიბი ადამიანებისთვის. გარკვეული მომსახურება, როგორებიცაა დიალიზი და ორგანოების ტრანსპლანტაცია შესაძლებელია მხოლოდ კერძო სამედიცინო ცენტრებში, რაც ნამიბიის მოსახლეობის უმრავლესობისათვის ხელმიუწვდომელია. ამ სიტუაციამ ფართე გაშუქება მიიღო 2010 წელს, როდესაც ნამიბიელი მომღერალი და გამანთავისუფლებელი ბრძოლის გმირი ჯექსონ კაუჯეუა გარდაიცვალა თირკმლის უკმარისობის გამო[33] მას შემდეგ, რაც მან თანხის უქონლობის გამო ვერ შეძლო მიემართა კერძო კლინიკისათვის, მისი დახმარება დიალეზის მეშვეობით ვერ ჩატარდა.[34]

ქვეყნის დედაქალაქ ვინდჰუკში მოქმედებს ორი საავადმყოფო, სადაც ტარდება ოპერაციები გულით დაავადებულებზე — ვინდჰუკის ცენტრალური სახელმწიფო საავადმყოფო და რომის კათოლიკური საავადმყოფო. ორივე დაწესებულება გაიხსნა შესაბამისად 2010 და 2011 წლებში და გამოიყენება გულის ოპერაციების ჩასატარებლად ღია წესით, ზოგჯერ უცხოელი სპეციალისტების მონაწილეობით.[35]

2004 წელს ქვეყანაში მუშაობდა 598 ექიმი, ანუ 0,3 ექიმი ყოველ 1000 მოსახლეზე, და 6145 ექთანი და მედდა, ანუ 3 ექთანი და მედდა ყოველ 1000 მოსახლეზე. ეს მაჩვენებელი უფრო მნიშვნელოვნად მაღალია, ვიდრე აფრიკის დანარჩენ ქვეყნებში[36] და უმნიშვნელოდ ჭარბობს ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის მიერ რეკომენდებულ მინიმალურ მაჩვენებლებს. საერთო ციფრები ასახავენ, რომ კერძო სამედიცინო დაწესებულებები უფრო კარგად არიან დაკომპლექტებულები, ვიდრე სახელმწიფო სექტორში.[32]

განათლება რედაქტირება

ნამიბიაში განათლების მიღება სავალდებულოა 10 წლის განმავლობაში 6-დან 16 წლის ასაკამდე.[37] ქვეყანაში ფუნქციონირებს დაახლოებით 1500 სკოლა, რომელთაგან 100 კერძოა.[38] კონსტიტუცია ავალდებულებს ხელისუფლებას უზრუნველყოს უფასო დაწყებითი განათლება; მაგრამ ოჯახები იხდიან სასკოლო ფორმების, საკანცელარიო ნივთების, წიგნების, საერთო საცხოვრებლების საფასურს.

ნამიბიაში დაწყებითი და საშუალო განათლების მიღება უფასოა. I-VII კლასები განათლების მიღების პირველი დონეა, VIII-XII კლასები საშუალო. 1998 წელს დაწყებით სკოლებში სწავლობდა 400 325 ნამიბიელი ბავშვი და საშუალო სკოლებში 115 237 მოსწავლე. 1999 წელს მოსწავლეების თანაფარდობა მასწავლებლებთან შეადგენდა 32:1, განათლებაზე იხარჯებოდა მთლიანი შიდა პროდუქტის (მშპ) დაახლოებით 8 %.[39] სასწავლო პროგრამების, პედაგოგიური კვლევების და მასწავლებელთა პროფესიონალური განვითარების შემუშავება ხდება განათლების განვითარების ეროვნული ინსტიტუტის (NIED) ცენტრალურ ორგანიზაციაში — ოკაჰანდჯაში.[40]

ნამიბიაში სკოლების უმრავლესობა სახელმწიფოა, მაგრამ არსებობს საკმაოდ ბევრი კერძო სკოლა, როგორც განათლების ეროვნული სისტემის ნაწილი. მოქმედებს ოთხი პედაგოგიური უმაღლესი სასწავლო დაწესებულება, სამი სასოფლო-სამეურნეო კოლეჯი, პოლიციის კოლეჯი, პოლიტექნიკური უნივერსიტეტი და ეროვნული უნივერსიტეტი.

მასმედია რედაქტირება

მიუხედავად იმისა, რომ ნამიბიის მოსახლეობა საკმაოდ მცირერიცხოვანია, ქვეყანას აქვს მასმედიის მრავალფეროვანი არჩევანი; 2 ტელეკომპანია, 19 რადიოსადგური (სათემო რადიოსადგურების გარდა), 5 ყოველდღიური გაზეთი, რამდენიმე ყოველკვირეული და სპეციალური გამოცემა, რომლებიც აუდიტორიის ფართე ყურადღების ქვეშ იმყოფება. ამას გარდა, მოქმედებენ უცხოური მასობრივი საინფორმაციო საშუალებები, განსაკუთრებით სამხრეთ აფრიკის რესპუბლიკის. ინტერნეტ-მასმედია უმრავლეს შემთხვევაში დაფუძნებულია ბეჭვდითი გამოცემების შინაარსზე. ნამიბიას აქვს სახელმწიფო პრეს-სააგენტო, რომელსაც ჰქვია ნამიბიის საინფორმაციო სააგენტო (NAMPA).[41]

ნამიბიის პირველი გაზეთი იყო 1898 წელს გამოცემული გერმანულენოვანი Windhoeker Anzeiger. რადიო პირველად ეთერში გავიდა 1969 წელს, ტელევიზია კი 1981 წელს. გერმანელების მმართველობის პერიოდში გაზეთები ძირითადად ასახავდნენ რეალურ ცხოვრებას და გერმანულენოვანი უმცირესობის მოსაზრებებს. შავკანიან უმრავლესობას საკუთარი აზრის გამოთქმის საშუალება არ ეძლეოდა, ხოლო მისი მცდელობისთვის ისინი დევნას განიცდიდნენ. სამხრეთ აფრიკის ხელისუფლების პერიოდში მასმედია ისევ თეთრკანიანი უმცირესობის ხელში იყო და იგი პრეტორიის ხელისუფლების გავლენის ქვეშ მყოფი „სამხრეთ-დასავლეთი აფრიკის“ მთავრობის მედია სისტემას ემორჩილებოდა. დამოუკიდებელი გაზეთები და კრიტიკულად განწყობილი ჟურნალისტები განიხილებოდნენ, როგორც არსებული სისტემის საფრთხე.[41][42][43]

ყოველდღიური გაზეთები მოიცავენ „The Namibian“-ის (გამოიცემა ინგლისურ და სხვა ენებზე), „Die Republikein“-ის (აფრიკაანსი), „Allgemeine Zeitung“-ის (გერმანულენოვანი) და „Namibian Sun“-ის (ინგლისურენოვანი), ასევე სახელმწიფო საკუთრებაში მყოფი „New Era“ (უპირატესად ინგლისურენოვანი) კერძო პუბლიკაციებს. მსხვილი გაზეთების გარდა, ნამიბიაში სხვა კერძო გაზეთები დემოკრატიული მედია ჰოლდინგების ნაწილია.[41]

სხვა განსაკუთრებული დანიშნულების გაზეთებია „Informanté“, რომელიც ეკუთვნის TrustCo-ს ჰოლდინგურ ჯგუფს, ყოველკვირეული „Windhoek Observer“, ყოველკვირეული „Namibia Economist“, ასევე რეგიონალური „Namib Times“. საზოგადოებრივ-პოლიტიკურ ჟურნალებს მოიცავენ: „Insight Namibia“, „Vision2030 Focus magazine“ და „Prime FOCUS“. „Sister Namibia“ გამოირჩევა, როგორც არასამთავრობო ორგანიზაციის ყველაზე წამყვანი ჟურნალი ნამიბიაში, ხოლო „Namibia Sport“ ეროვნული სპორტული ჟურნალია. ამას გარდა, ბეჭვდითი მომსახურების ბაზარს ემატება პარტიული გამოცემები, სტუდენტური გაზეთები და სხვა სახის მასალები.[41]

სამაუწყებლო სექტორში დომინირებს ნამიბიის სახელმწიფო ტელერადიოსამაუწყებლო კორპორაცია (NBC). საზოგადოებრივი მაუწყებლობა წარმოადგენს ტელეარხს, ასევე „ეროვნულ რადიოს“ ინგლისურ და ადგილობრივ ცხრა ენაზე. ქვეყანაში არსებული 9 კერძო რადიოსადგური ძირითადად ინგლისურენოვანია, „Radio Omulunga“-ისა (ოშივამბო) და „Kosmos 94.1“-ს (აფრიკაანსი) გამოკლებით. კერძო „One Africa Television“ კონკურენციას უწევს NBC-ის 2000-იანი წლებიდან დაწყებული.[41][44]

მეზობელ ქვეყნებთან შედარებით ნამიბიას აქვს მასმედიის თავისუფლების მეტი დონე. უკანასკნელი წლების განმავლობაში „რეპორტიორები საზღვრებს გარეთ“-ის შეფასებით ქვეყანამ პრესის თავისუფლების ინდექსის მიხედვით მყარად დაიკავა ადგილი ცხრილის ზედა მეოთხედში, 2010 წელს მიაღწია 21-ე პოზიციას, კანადასთან ერთად იმყოფება ერთ დონეზე და ყველაზე მაღლა იდგა აფრიკულ ქვეყნებს შორის.[45] მაგრამ, როგორც სხვა განვითარებად ქვეყნებში, ნამიბიაშიც შეიმჩნევა სახელმწიფოს წარმომადგენლების და ეკონომიკის ზეგავლენა ქვეყნის მასმედიაზე.[41] 2009 წელს პრესის თავისუფლების ინდექსის ცხრილში ნამიბია ჩამოქვეითდა 36-ე პოზიციამდე.[46] 2013 წელს ის იყო მე-19.[47] 2014 წელს მან დაიკავა 22-ე ადგილი.[48]

ნამიბიის მასმედია და ჟურნალისტები წარმოადგენენ ნამიბიის სამხრეთ აფრიკის მედია ინსტიტუტის და ნამიბიის რედაქტორების ფორუმის ფილიალს. დამოუკიდებელი მედია-ომბუდსმენი დანიშნული იქნა 2009 წელს, რათა არ მომხდარიყო სახელმწიფოს მიერ მასობრივ საინფორმაციო საშუალებებზე კონტროლის რაიმე სახით დამყარება.[41]

სპორტი რედაქტირება

 
ნამიბიის მორაგბეთა ეროვნული ნაკრები.

ნამიბიაში სპორტის ყველაზე პოპულარული სახეობაა ფეხბურთი. ნამიბიის ეროვნული საფეხბურთო ნაკრები მონაწილეობდა 2008 წლის აფრიკის ერთა თასზე, მაგრამ მსოფლიო საფეხბურთო ჩემპიონატის ფინალურ ეტაპზე მას მონაწილეობა არასოდეს არ მიუღია, რადგანაც ვერ გადალახა შესარჩევი ეტაპები.

ყველაზე უფრო წარმატებულად ასპარეზობს ნამიბიის მორაგბეთა ეროვნული ნაკრები, რომლებმაც ითამაშეს რაგბის მსოფლიო ჩემპიონატის უკანასკნელი 5 გათამაშების ფინალურ ეტაპებზე 1999, 2003, 2007, 2011 და 2015 წლებში. ასევე პოპულარული სახეობაა კრიკეტი, მალავის ეროვნულმა ნაკრებმა მონაწილეობა მიიღო 2003 წლის მსოფლიო ჩემპიონატის ფინალურ ეტაპზე.

ქვეყანაში ჰოკეი როლიკებით პირველად ითამაშეს 1995 წელს და სულ უფრო მეტად პოპულარული ხდება უკანასკნელ წლებში. ამ სპორტის სახეობაში ქალთა ეროვნულმა ნაკრებმა მონაწილეობა მიიღო 2008 წლის მსოფლიო ჩემპიონატზე. ნამიბიაში ტარდება ერთ-ერთი ყველაზე უფრო რთული გარბენი მსოფლიოში — ნამიბიის 24 საათიანი მარათონი. ნამიბიის ყველაზე უფრო ცნობილი სპორტსმენია მძლეოსანი, სპრინტერი (100 და 200 მეტრი) ფრენკი ფრედერიქსი. მან გაიმარჯვა 4 ოლიმპიური ვერცხლის მედალი (1992, 1996 წლები), ასევე მოპოვებული აქვს რამდენიმე მძლეოსნობის მსოფლიო ჩემპიონატის მედალი. ის ასევე ცნობილია ჰუმანიტარული მოღვაწეობით ნამიბიაში და მის ფარგლებს გარეთ.

გოლფისტმა ტრევორ დოდსმა 1998 წელს გაიმარჯვა PGA-ს ტურში, რაც მისი მე-15 მოგებული ტური იყო მის კარიერაში.

პირველად ნამიბიელმა სპორტსმენებმა ზაფხულის ოლიმპიურ თამაშებში მონაწილეობა მიიღეს 1992 წელს ბარსელონაში და მას შემდეგ არ გამოუტოვებიათ არც ერთი ზაფხულის ოლიმპიადა. ზამთრის ოლიმპიურ თამაშებში ნამიბიას მონაწილეობა არასოდეს არ მიუღია.

ერთადერთი ნამიბიელი ოლიმპიური თამაშების პრიზიორია ფრენკი ფრედერიქსი, რომელმაც მძლეოსნობაში ჯამში მოიპოვა 4 ვერცხლის ოლიმპიური მედალი (2 1992 წელს ბარსელონაში და 2 1996 წელს ატლანტაში).

ნამიბიის ეროვნული ოლიმპიური კომიტეტი შეიქმნა 1990 წელს და საერთაშორისო ოლიმპიურმა კომიტეტმა აღიარა მეორე წელსვე.

თანამეგობრობის თამაშებში ქვეყანა გამოდის 1994 წლიდან და მას შემდეგ ყველა თამაშებში აქვს მონაწილეობა მიღებული. სულ მოპოვებული აქვს 18 მედალი, აქედან: 3 ოქრო, 4 ვერცხლი და 11 ბრინჯაო.

კულტურა რედაქტირება

სამზარეულო რედაქტირება

ნამიბიის ეროვნული სამზარეულო საინტერესო და ეგზოტიკურია, იგი ჩამოყალიბდა ქვეყნის ადგილობრივი ტრადიციების შერწყმით ევროპული კულინარიის ტრადიციებთან. ამასთან ქვეყნის ზოგიერთ რეგიონებში შეიმჩნევა აზიის და ცენტრალური აფრიკის კულინარული ტრადიციების გავლენა.

საქონლის და ცხვრის ხორცისგან დამზადებული საკვების გარდა ქვეყანაში გავრცელებულია უფრო ეგზოტიკური ხორციანი საკვების სახეობები — როგორებიცაა, ანტილოპის, ზებრის და ნიანგის ხორცი. ასევე პოპულარულია ფრინველების კვერცხი და ზოგიერთი სახეობის მწერები. ადგილობრივ მოსახლეობას შორის ერთ-ერთი ყველაზე უფრო მეტად გავრცელებული კერძია ჩაშუშული ხორცი სანელებლებით — „პოიკიკოსი“. რეგიონების უმრავლესობაში ასევე ამზადებენ კვამლში გამოყვანილ ხორცს, რომელსაც ჰქვია — „რაუშფლეიჰი“. ნამიბიის სამზარეულო კერძების დიდ მრავალფეროვნებას წარუდგენს ეგზოტიკური პროდუქტების მოყვარულებს — ზოგიერთ რესტორანში შეიძლება გავსინჯოთ სანელებლებით დამზადებული ჭიაყელები, შემწვარი კალიები და ლოკოკინები, ასევე ლომის ხორცის ბივშტექსი.

ბევრი აფრიკული ქვეყნებისაგან განსხვავებით, გვალვიანი ნამიბია არ არის გამორჩეული ხილის და ბოსტნეული კულტურების მრავალფეროვნებით. ბოსტნეულისგან ქვეყანაში გავრცელებულია სატაცური და ზოგიერთი ძირხვენები.

ნამიბიაში ალკოჰოლური სასმელებიდან გამოირჩევა ადგილობრივი ლუდი და ღვინო, მათ შორის საზამთროსგან დამზადებული ეგზოტიკური ღვინო — „მატაკი“, ასევე სპეციფიკური გემოს მქონე, პალმისგან თვითნებურად გამოხდილი არაყი — „უალენდე“.

დღესასწაულები რედაქტირება

ნამიბიაში სადღესასწაულო დღეებია:[49]

თარიღი დასახელება
1 იანვარი ახალი წელი
21 მარტი დამოუკიდებლობის დღე
აღდგომამდე 2 დღით ადრე დიდი პარასკევი
აღდგომიდან 1 დღის შემდეგ აღდგომის ორშაბათი
1 მაისი მშრომელთა სოლიდარობის დღე
4 მაისი კასინგასთან ბრძოლის დღე
აღდგომიდან 39 დღის შემდეგ ამაღლება
25 მაისი აფრიკის დღე
26 აგვისტო გმირთა დღე
10 დეკემბერი ადამიანის უფლებების დღე
25 დეკემბერი ქრისტეს შობა
26 დეკემბერი საჩუქრების დღე

რესურსები ინტერნეტში რედაქტირება

 
ვიკისაწყობში არის გვერდი თემაზე:

სქოლიო რედაქტირება

  1. Shugart, Matthew Søberg (September 2005). „Semi-Presidential Systems: Dual Executive and Mixed Authority Patterns“ (PDF). Graduate School of International Relations and Pacific Studies. United States: University of California, San Diego. დაარქივებულია ორიგინალიდან (PDF) — 19 August 2008. ციტირების თარიღი: 4 September 2016. დამოწმებას აქვს ცარიელი უცნობი პარამეტრ(ებ)ი: |dead-url= (დახმარება); მითითებულია ერთზე მეტი |archiveurl= და |archive-url= (დახმარება); მითითებულია ერთზე მეტი |archivedate= და |archive-date= (დახმარება)
  2. GeoHive – Namibia population. GeoHive. დაარქივებულია ორიგინალიდან — 22 მაისი 2012. ციტირების თარიღი: 12 December 2013.
  3. 3.0 3.1 Namibia. International Monetary Fund.
  4. 2016 Human Development Report. United Nations Development Programme (2016). ციტირების თარიღი: 21 March 2017.
  5. 5.0 5.1 2011 წლის მოსახლეობის აღწერა-Geohive. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2012-05-22. ციტირების თარიღი: 2016-03-15.
  6. 2011 წლის მოსახლეობის აღწერა-Statoids
  7. 2011 წლის მოსახლეობის აღწერა-Citypopulation
  8. http://www.inafran.ru/sites/default/files/news_file/kamati.pdf С. 26
  9. The Rainy Season. Real Namibia. დაარქივებულია ორიგინალიდან — 6 სექტემბერი 2010. ციტირების თარიღი: 28 July 2010.
  10. 10.0 10.1 10.2 Namibia. Encyclopædia Britannica. ციტირების თარიღი: 28 July 2010.
  11. Olszewski, John (28 May 2009). „Climate change forces us to recognise new normals“. Namibia Economist.
  12. Smith, Jana-Mari (9 June 2011). „Snow sets another record“. The Namibian. დაარქივებულია ორიგინალიდან — 22 აპრილი 2012. ციტირების თარიღი: 18 მარტი 2016.
  13. Olszewski, John (25 June 2010). „Understanding Weather - not predicting it“. Namibia Economist.
  14. Adams, Gerry (15 April 2011). „Debilitating floods hit northern and central Namibia“. United Nations Radio. დაარქივებულია ორიგინალიდან — 20 დეკემბერი 2016. ციტირების თარიღი: 18 მარტი 2016.
  15. van den Bosch, Servaas (29 March 2011). „Heaviest floods ever in Namibia“. The Namibian.
  16. Namibia: Constitution. eisa.org.za. Updated July 2005 დაარქივებული 2012-06-04 საიტზე Wayback Machine.
  17. SWAPO:Dominant party?. Swapoparty.org. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2016-03-03. ციტირების თარიღი: 2016-03-21.
  18. Namibian Ministry of Defence, Ministry of Defence - Introduction დაარქივებული 2009-06-22 საიტზე Wayback Machine. . Retrieved September 2009
  19. People-in-Country Profile: Afrikaner in Namibia. Joshuaproject.net. ციტირების თარიღი: 25 February 2014.
  20. Duddy, Jo Maré (28 March 2013). „Census gives snapshot of Namibia's population“. The Namibian.
  21. Central Intelligence Agency. (2009)Namibia. The World Factbook. დაარქივებულია ორიგინალიდან — 23 აპრილი 2020. ციტირების თარიღი: 23 January 2010.
  22. Sasman, Catherine (15 August 2011). „Portuguese to be introduced in schools“. The Namibian. ციტირების თარიღი: 24 June 2012.
  23. 23.0 23.1 23.2 International Religious Freedom Report 2007: Namibia. United States Bureau of Democracy, Human Rights and Labor (September 14, 2007). This article incorporates text from this source, which is in the public domain.
  24. IslamOnline.net- News. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2010-05-01. ციტირების თარიღი: 2016-03-23.
  25. ნამიბია — ალმასების ქვეყანა
  26. ურანის კარიერი
  27. Weidlich, Brigitte (7 January 2011). „Uranium: Saving or sinking Namibia?“. The Namibian. დაარქივებულია ორიგინალიდან — 13 იანვარი 2011. ციტირების თარიღი: 24 მარტი 2016.
  28. A Framework/Model to Benchmark Tourism GDP in South Africa. Pan African Research & Investment Services (March 2010). დაარქივებულია ორიგინალიდან — 2010-07-18. ციტირების თარიღი: 2016-03-24.
  29. Hartman, Adam (30 September 2009). „Tourism in good shape – Minister“. The Namibian.
  30. Humavindu, Michael N., Barnes, Jonothan I (October 2003). „Trophy Hunting in the Namibian Economy: An Assessment. Environmental Economics Unit, Directorate of Environmental Affairs, Ministry of Environment and Tourism, Namibia“. South African Journal of Wildlife Research. 33 (2): 65–70.CS1-ის მხარდაჭერა: მრავალი სახელი: ავტორების სია (link)
  31. Namibia top tourist destinations. Namibiatourism.com.na. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2016-12-27. ციტირების თარიღი: 2016-03-24.
  32. 32.0 32.1 32.2 Country Health System Fact Sheet. World Health Organisation (2010).
  33. Ekongo, John (2010-05-31). „Hamba kahle, Jackson Kaujeua“. New Era. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2011-07-16. ციტირების თარიღი: 2016-03-25.
  34. Isaacs, Denver (16 February 2010). „False rumours about Kaujeua“. The Namibian.
  35. Smith, Jana-Mari (5 April 2011). „RC Hospital makes history“. The Namibian. დაარქივებულია ორიგინალიდან — 27 მაისი 2012. ციტირების თარიღი: 25 მარტი 2016.
  36. Country Health System Fact Sheet. World Health Organisation (2006).
  37. Namibia. United States Department of Labor. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2008-09-05. ციტირების თარიღი: 2008-08-04. This article incorporates text from this source which is in the public domain.
  38. Fischer,G. The Namibian Educational System. Friedrich Ebert Stiftung Windhoek, Namibia. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2011-07-26. ციტირების თარიღი: 2010-09-27.
  39. Namibia – Education. Encyclopedia of Nations.
  40. National Institute for Educational Development. Nied.edu.na. ციტირების თარიღი: 26 June 2010.
  41. 41.0 41.1 41.2 41.3 41.4 41.5 41.6 Rothe, Andreas (2010): Media System and News Selection in Namibia. p. 14-96
  42. von Nahmen, Carsten (2001): Deutschsprachige Medien in Namibia
  43. One Africa Television. oneafrica.tv. 25 May 2010
  44. Press Freedom Index 2010 – Reporters Without Borders დაარქივებული 2010-11-24 საიტზე Wayback Machine. . Reports Without Borders. Retrieved 12 December 2012.
  45. Press Freedom Index 2009. Reporters Without Borders. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2012-01-28. ციტირების თარიღი: 2016-03-25.
  46. Press Freedom Index 2013. დაარქივებულია ორიგინალიდან — 27 ივლისი 2014. ციტირების თარიღი: 24 June 2013.
  47. World Press Freedom Index. Reporters Without Borders. დაარქივებულია ორიგინალიდან — 14 თებერვალი 2014. ციტირების თარიღი: 25 April 2015.
  48. Namibia - Languages, Local government, Armed forces, International cooperation, Forestry, Famous namibians, Dependencies