სახელმწიფო საზღვარი

სახელმწიფო საზღვარი — სახელმწიფო ტერიტორიის ფარგლების განმსაზღვრელი ხაზი. განასხვავებენ სახმელეთო, წყლისა და საჰაერო სახელმწიფო საზღვარს. სახმელეთო და წყლის საზღვარი მეზობელ სახელმწიფოებს შორის დადგენილია ხელშეკრულების წესით დელიმიტაციისა და დემარკაციის გზით, სანაოსნო მდინარეებზე სახელმწიფო საზღვარი ჩვეულებრივ ფარვატერზე ან ტალვეგზე გადის, არასანაოსნო მდინარეებზე — მდინარის შუაგულში, მოსაზღვრე ტბებში კი — ან მის შუაგულში, ან იმ სწორ ხაზზე, რომელიც სახმელეთო საზღვრებს ტბის ნაპირებთან აერთიანებს. საზღვაო სახელმწიფო საზღვარი, რომელიც გამოყოფს ტერიტორიულ წყლებს ღია ზღვისაგან, საერთაშორისო სამართლის შესაბამისად, მონაპირე სახელმწიფოთა კანონმდებლობით განისაზღვრება. საჰაერო სივრცის საზღვრად ითვლება ვერტიკალური სიბრტყე, რომელიც სახმელეთო და წყლის სახელმწიფო საზღვარზე გადის.

ჩინეთის დიდი კედელი, რომელზეც ამ სახელმწიფოს ჩრდილოეთ საზღვარი გადიოდა

საზღვრების რამდენიმენაირი კლასიფიკაცია არსებობს. ერთ–ერთი ყველაზე გავრცელებულია ბოგსის კლასიფიკაცია (Bogges, 1940), რომელიც სახმელეთო საზღვრებს ასე აჯგუფებს: ფიზიოგრაფიული, ანთროროპოგეოგრაფიული, გეომეტრიული და კომპლექსური.

  • ფიზიოგრაფიული საზღვრები მიჰყვება ტერიტორიის გამოკვეთილ ფიზიკურ ნიშნებს, მაგალითად მდინარეს, ქედს, ტბის ნაპირს და ა. შ.
  • ანთრონტროპოგრაფიული საზღვრები ადამიანის ხელით შექმნილ ნიშნებს მიჰყვება. ეს შეიძლება იყოს, მაგალითად, რკინიგზა.
  • გეომეტრიული საზღვრები მისდევს გრძედს ან განედს, როგორც მაგალითად, ეგვიპტის დასავლეთ და სამხრეთ საზღვრები.
  • კომპლექსური საზღვრები ზემოაღნიშნულის ნებისმიერ კომბინაციას წარმოადგენს.

სასაზღვრო დავები

რედაქტირება

რაოდენ კარგადაც არ უნდა იყოს დელიმიტირებული, დემარკირებული და დაცული საზღვარი, არ არსებობს სრული გარანტია, რომ არ წარმოიშობა სახელმწიფოთაშორისი დავა საზღვრების გამო.

გამოყოფენ ოთხი ტიპის სასაზღვრო დავას: პოზიციური, ტერიტორიული, ფუნქციური და საზღვარგადაღმა რესურსული დავა.

  • პოზიციური დავა ეხება ხოლმე საზღვრის ზუსტ მდებარეობას: ის გამომდინარეობს ან იურიდიული დოკუმენტების სხვადასხვაგვარი ინტერპრეტაციიდან, ან წარმოიშობა საზღვრის ფიზიკური თავისებურებების ცვლილების შედეგად (მაგალითად მდინარის კალაპოტის შეცვლის, კუნძულის აღმოცენებისა თუ გაქრობის გამო).
  • ტერიტორიული დავის საბაბს ქმნის ერთსა და იმავე მიწაზე მეზობელი ქვეყნების პრეტენზია, რაც ჩვეულებრივ ეყრდნობა სხვადასხვა პოზიციიდან გაგებულ ისტორიას ან „გეოგრაფიულ აუცილებლობას“ (მაგალითად, ჩაკეტილი ქვეყნის მისწრაფებას გავიდეს ღია ზღვაზე და ა. შ.).
  • ფუნქციური დავის შემთხვევაში, მეზობელი მხარეები ჩივიან, რომ საზღვარი უარყოფით გავლენას ახდენს ადამიანების, ტვირთების გადაადგილებაზე, მიწის გამოყენებაზე (მაგალითად, საძოვრად).
  • საზღვარგადაღმა რესურსული დავა წარმოიშობა, როდესაც ერთი ქვეყანა მიიჩნევს, რომ მეორე ქვეყანა მის ხარჯზე იყენებს ბუნებრივ რესურსებს, მაგალითად წყალს. ასეთი დავა განსაკუთრებით ხშირად ხდება სპარსეთის ყურის ქვეყნებს შორის ნავთობისა და გაზის წყალქვეშა საბადოების ექსპლუატაციის თაობაზე.

ლიტერატურა

რედაქტირება
  • ქართული საბჭოთა ენციკლოპედია, ტ. 9, თბ., 1985. — გვ. 249-250.
  • რ. გაჩეჩილაძე, ახლო აღმოსავლეთი. სივრცე, ხალხი, პოლიტიკა. თბილისი –2008 (გვ. 308-310)