დიდი კანიონი
დიდი კანიონი, კოლორადოს დიდი კანიონი (აშშ) (ინგლ. Grand Canyon) — მსოფლიოს ერთ-ერთი უღრმესი კანიონი. მდებარეობს კოლორადოს პლატოზე, აშშ-ის არიზონის შტატში. კანიონში მდინარე კოლორადო გზას იკვლევს თიხამიწით, ფიქლოვანი კლდეებით და ქვიშით დაფარულ ლანდშაფტში. კანიონის სიგრძე 446 კილომეტრია; სიგანე (პლატოს დონეზე) მერყეობს 6-დან 29 კილომეტრამდე. კანიონის სიღრმე შეადგენს 1800 მეტრს. მნიშვნელოვანი ეროზიის გამო, რასაც ქარი, წყალი და მზე განაპირობებს, კანიონის სივრცე მუდმივად ფართოვდება. 1979 წლიდან დიდი კანიონი შედის იუნესკოს მსოფლიო მემკვიდრეობის ძეგლთა სიაში.
გეოლოგია
რედაქტირებადიდი კანიონი ჩვენი პლანეტის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი გეოლოგიური ობიექტია. ამიტომ ის კარგად არის შესწავლილი. აქ შეიძლება დედამიწის ოთხი გეოლოგიური პერიოდის კვალის ხილვა, გეოლოგიური, ბიოლოგიური და არქეოლოგიური მასალის შემცველი მრავალფეროვანი კლდეები და ხეობები. კანიონი ითვლება ეროზირებული ნიადაგის ერთ-ერთ საუკეთესო მაგალითად. თავდაპირველად, მდინარე კოლორადო მიედინებოდა ვაკეზე, მაგრამ დედამიწის ქანების მოძრაობების შედეგად, დაახლოებით 65 მილიონი წლის წინ კოლორადოს პლატო აიწია, შეიცვალა მდინარე კოლორადოს ნაკადის კუთხე, შედეგად გაიზარდა წყლის ნაკადის სიჩქარე და მის მიმდებარე ტერიტორიაზე ქანების რღვევის შესაძლებლობა. ყველაზე ადრე მდინარემ ჩამორეცხა ზედა კირქვები, შემდეგ შეუდგა უფრო სიღრმეში მდებარე ფიქალებისა და ქვიშაქვის ჩამოშლას. ასე წარმოიქმნა დიდი კანიონი დაახლოებით 5—6 მილიონი წლის წინ. ის დღემდე ფართოვდება მიმდინარე ეროზიის შედეგად.
დიდი კანიონის ფორმირება ხდებოდა დაახლოებით 10 მლნ. წელი. დღეისათვის ხეობის სიღრმეში მდებარეობს უძველესი გრანიტები, რომელთა დაშლა ნელა მიმდინარეობს. ხეობაში 20 კმ./სთ. სიჩქარით მიედინება კოლორადოს მოწითალო-მოყავისფერო წყალი. მდინარის სახელწოდება სწორედ აქედან წარმოდგება. მდინარის სახელი ესპანურ თარგმანში ნიშნავს „წითელს“. მოძრაობაში წყალს მოაქვს იმდენი ლოდები, კენჭები, ქვიშა და თიხა, რომ ის აბსოლუტურად გაუმჭვირვალე ხდება. დღეღამის განმავლობაში მდინარეს ზღვაში ჩამოაქვს ნახევარი მილიონი ტომა ქანები. თან მოტანილი ნაშალი მასალა კიდევ უფრო ზრდის მდინარის დამანგრეველ ეფექტს. კანიონის უმაგრესი გრანიტიც კი მდინარის ზემოქმედებით ყოველწლიურად მეოთხედი მილიმეტრით პატარავდება.
ხეობის უზარმაზარი სივრცე არ წარმოადგენს უბრალო კვეთს მიწაში. ის სავსეა უწესრიგოდ მიმობნეული უცნაური ფორმებით, რომელიც გამოკვეთილია ქარისა და წყლის ეროზირების შედეგად. ეს უცნაური ფორმები მოგვაგონებს გიგანტურ პაგოდებს, პირამიდებს, კოშკებს, ციხესიმაგრის კედლებს კანიონში. ყველაფერი ერთად წარმოადგენს განუმეორებელ და დიდებულ სანახაობას. ბევრი მათგანი უკვე საკუთარ სახელსაც კი ფლობს. მაგ: ვიშნუს ტაძარი, შივას ტაძარი ვოტანის ტახტი და ა.შ. მთელი ეს ჭრელი ქვის ლაბირინთი ხასიათდება ყვითელი, წითელი, ვარდისფერი, ყავისფერი, მუქი ფერის დანალექი ქანების მონაცვლეობით, რომლებიც, საერთო ჯამში, ქმნიან პლატოს. მსოფლიოში ეს თითქმის არასრულყოფილი გეოლოგიური ქანები ქმნიან 1,5 მლრდ. წლის დედამიწის ისტორიას.
კლიმატი პლატოზე და კანიონის სიღრმეში მკვეთრად მერყეობს — როდესაც პლატოზე დაახლოებით 15 °C-ია სითბო, ხეობის სიღრმეში გახურებული ქვების წყალობით შესაძლოა ტემპერატურა გახდეს +40 °C.
ხეობის ძირში ამერიკის სამხრეთ-დასავლეთის უდაბნოს ტიპური ლანდშაფტია განსხვავებული კაკტუსებით, აგავებით და იუკებით. ზემოთ ამოსვლისას თანდატან იწყება ტუია, მუხა, ვერხვი, ტირიფი, კიდევ უფრო ზემოთ ფიჭვი და ღვიის ბუჩქები. უმდიდრესი ფაუნა მოიცავს დაახლოებით 100–მდე სახეობის ფრინველს, 60–მდე სახეობის ძუძუმწოვარს, რომელთა შორის ზოგიერთი უიშვიათეს სახეობას წარმოადგენს.
ადამიანის კვალი
რედაქტირებაამერიკის ძირძველმა მცხოვრებმა ინდიელებმა დიდი კანიონის არსებობის შესახებ ჯერ კიდევ ათასობით წლის წინ იცოდნენ. ადამიანთა ცხოვრების პირველი ნიშნები აქ, კანიონში გამოხატულია კლდეზე შესრულებულ ნახატებში, რომელიც შეიქმნა ინდიელთა მიერ დაახლოებით 3 ათასი წლის წინ.
1540 წელს დიდი კანიონი ოქროს ძებნისას მოგზაურობის დროს შემთხვევით აღმოაჩინა ესპანელ ჯარისკაცთა ჯგუფმა გარსია ლოპეს დე კარდენასის მეთაურობით. რამდენიმე ესპანელი ჯარისკაცი ინდიელთა ტომის ჰოპის წევრებთან ერთად შეეცადნენ კანიონის ფსკერზე ჩასვლას, მაგრამ სასმელი წყლის უკმარისობის გამო, იძულებული გახდნენ უკან დაბრუნებულიყვნენ.
ამის შემდეგ, კანიონი 200 წელზე მეტი ევროპელებს აღარ მოუნახულებიათ.
1776 წელს ორი ესპანელი მღვდელი ჯარისკაცთა მცირე ჯგუფის თანხლებით მოგზაურობდა სანტაფედან კალიფორნიაში გზის საძებნელად დიდი კანიონის გასწვრივ.
პირველი სამეცნიერო ექსპედიცია დიდი კანიონისკენ მოეწყო 1869 წელს. მას მეთაურობდა სამოქალაქო ომის ვეტერანი, უნივერსიტეტის პროფესორი ჯონ უიზლი პაუელი. ექსპედიციამ გამოიკვლია და აღწერა კანიონი.
ტურიზმი
რედაქტირებადიდ კანიონს ყოველწლიურად მილიონობით ტურისტი ათვალიერებს. ტარდება ექსკურსიები თვითმფრინავითა და ვერტმფრენებით. კანიონი დასერილია მრავალი ვიწრო და განიერი ბილიკით. განვითარებულია საწყლოსნო ტურები. გახსნილია მუზეუმები, რომლებიც კანიონის გეოგრაფიულ და ისტორიულ ფაქტებს ასახავს.
საინტერესო ფაქტები
რედაქტირება- ყოველწლიურად დიდ კანიონს სტუმრობს 4 მლნ. ადამიანი (მაგ: 2008 წელს კანიონს ესტუმრა 4,425,314 ადამიანი).
- ტურისტთა შორის დიდი პოპულარობით სარგებლობს კოლორადოზე გასაბერი ნავებით ჯომარდობა და კანიონში ჯორით გასეირნება.
- 2013 წელს დიდი კანიონი გადალახა ცნობილმა ამერიკელმა ბაგირზე მოსიარულემ ნიკოლას ვალენდამ, რომელმაც ხეობა გადაჭრა ბაგირის გადაბმის გარეშე.
ტრაგიკული შეჯახება
რედაქტირებაXX საუკუნის 40-50-იან წლებში ამ ადგილებში გადამფრენი მრავალმგზავრიანი ავიალაინერების ეკიპაჟები სპეციალურად გეგმავდნენ მარშრუტს იმ სახით, რომ მგზავრებისათვის მიეცათ დიდი კანიონის პეიზაჟებით ტკბობის შესაძლებლობა. ხშირად პილოტები კანიონის თავზე აკეთებდნენ 8–ანის ფორმის შემოფრენას, რომ მგზავრებისათვის გაეუმჯობესებინათ ხედვა. ეს იმ პერიოდში არ იყო შეზღუდული, მაგრამ ხშირად თვითმფრინავები სახიფათოდ უახლოვდებოდნენ ერთმანეთს ჰაერში. 1956 წლის 30 ივნისს აღნიშნული მიზეზით დიდი კანიონის თავზე ერთმანეთს შეეჯახა „Lockheed Constellation“ (ავიაკომპანია „Trans World Airlines“) და „DC-7“ (ავიაკომპანია „United Airlines“). თვითმფრინავების ნამსხვრევები დაეცა კანიონის ფსკერზე. დაიღუპა 128 ადამიანი. ეს იყო 1960 წლამდე მსოფლიოში მსხვერპლთა რიცხვით სამოქალაქო თვითმფრინავების ყველაზე დიდი ავიაკატასტროფა, რის შემდეგაც აშშ–ს ტერიტორიაზე სანახაობითი ტურები კანიონის თავზე აიკრძალა.
იხილეთ აგრეთვე
რედაქტირებაგალერეა
რედაქტირებარესურსები ინტერნეტში
რედაქტირება- Grand Canyon, ტურისტული მეგზური ვიკივოიაჟზე
- Grand Canyon National Park Service
- Grand Canyon Bibliography დაარქივებული 2016-01-17 საიტზე Wayback Machine.
- Grand Canyon Explorer: History timeline
- Grand Canyon Chamber & Visitor's Bureau
- NPS Photographs დაარქივებული 2010-05-22 საიტზე Wayback Machine.