იოჰანესბურგი, აგრეთვე ცნობილი როგორც ჯოზი, ჯო'ბურგი ან ეგოლი (ინგლ. Johannesburg, აფრ. Johannesburg, თარგი:Lang-ve, თარგი:Lang-zu, კოს. iRhawutini) — მოსახლეობის რაოდენობით უდიდესი ქალაქი სამხრეთ აფრიკაში. იოჰანესბურგი გაუტენგის პროვინციის დედაქალაქია, რომელიც თავის მხრივ უმდიდრესი პროვინციაა სამხრეთ აფრიკაში, უდიდესი ეკონომიკით სუბსაჰარული აფრიკის აგლომერაციათა შორის.[2] ეს ქალაქი ასევე მსოფლიოს 40 უდიდეს აგლომერაციათა შორისაა,[3] და ასევე მსოფლიოს უდიდესი ქალაქია, რომელიც მდინარეზე, ტბისა თუ ზღვის სანაპიროზე არ მდებარეობს.[4]

ქალაქი
იოჰანესბურგი
ინგლ. Johannesburg
აფრ. Johannesburg
თარგი:Lang-ve
თარგი:Lang-zu
კოს. iRhawutini
დროშა გერბი

ქვეყანა სამხრეთ აფრიკის რესპუბლიკის დროშა სამხრეთ აფრიკის რესპუბლიკა
დაქვემდებარება დედაქალაქი
პროვინცია გაუტენგი
კოორდინატები 26°12′16″ ს. გ. 28°02′44″ ა. გ. / 26.20444° ს. გ. 28.04556° ა. გ. / -26.20444; 28.04556
ქალაქის მერი პარკს ტაუ
დაარსდა 1886
ფართობი 334,81 კმ²
ცენტრის სიმაღლე 1753
მოსახლეობა 957 441 კაცი (2011)
სიმჭიდროვე 2859,65 კაცი/კმ²
აგლომერაცია 4 434 827[1]
სასაათო სარტყელი UTC+2
სატელეფონო კოდი 011
საფოსტო ინდექსი 2000, 2001
ოფიციალური საიტი joburg.org.za
იოჰანესბურგი — სამხრეთ აფრიკის რესპუბლიკა
იოჰანესბურგი

იოჰანესბურგი არ არის სამხრეთ აფრიკის სამ დედაქალაქთა შორის, თუმცა აქ მდებარეობს ქვეყნის საკონსტიტუციო სასამართლო, სადაც წყდება ქვეყნის ახალი აპართეიდის შემდგომი კონსტიტუციის ცვლილებები. ქალაქი ოქროთი და ძვირფასი ქვებით ვაჭრობის მსხვილი ცენტრია, მისი ვიტსატერსრანდის მინერალებით მდიდარ ქედებთან სიახლოვის წყალობით. ქალაქს ემსახურება ო. რ. ტამბოს სახელობის საერთაშორისო აეროპორტი, უმსხვილესი და ყველაზე დატვირთული აფრიკაში. ბოლო დროს ლანსერიას საერთაშორისო აეროპორტმაც დაიწყო საერთაშორისო რეისების მომსახურება და მეტროპოლისის მოპირდაპირე მხარეს მდებარეობს.

2011 წლის აღწერის თანახმად ქალაქის მოსახლეობის რაოდენობა შეადგენს 957 441 ადამიანს[5], მუნიციპალური დასახლების მოსახლეობის რაოდენობა 4 434 827 ადამიანს[6], ხოლო დიდი იოჰანესბურგის მეტროპოლისისა კი — 7 860 781 ადამიანს.[7] უფრო ვრცელი გაგებით იოჰანესბურგის აგლომერაცია მოიცავს ეკურჰულენის, უესტ რანდს, სოუეტოსა და ლენასიას, საერთო მოსახლეობით — 10 267 700 ადამიანი (2007 წელი).[8] ქალაქის ფართობია 334,81 კმ², მუნიციპალური დასახლების ფართობი კი 1644,96 კმ², რომელიც საკმაოდ ვრცელია სხვა ქალაქებთან შედარებით და, ამგვარად, მოსახლეობის სიმჭირდოვე დაბალია.

იოჰანესბურგი მოიცავს სოუეტოს, რომელიც გვიანი 1970-იანი წლებიდან 1990-იანებამდე ცალკე ქალაქი იყო. სახელი „სოუეტო“ აკრონიმია „South-Western Townships“ (სამხრეთ-დასავლეთის დაბები) და წარმოიშვა იოჰანესბურგის განაპირას სპონტანურად გაჩენილი დასახლებებიდან, სადაც ძირითადად ოქროს მადნების მაღაროების ადგილობრივი აფრიკელი მუშები ცხოვრობდნენ. იოჰანესბურგში შემოერთების შემდეგ აპართეიდის რეჟიმმა (1948-1994 წწ) სოუეტო დანარჩენი იოჰანესბურგისგან გამოჰყო, რითაც ის სრულიად შავკანიანთა დასახლება გახადა.

დასახლება ლენასიაც ამაჟამად იოჰანესბურგის ნაწილია და ის აპართეიდის პერიოდიდან ძირითადად წარმომავლობით ინდოელებითაა დასახლებული.

გაუტენგის პროვინცია მასიური ურბანიზაციის გამო სწრაფად იზრდება. გაუტენგის ურბანული ნაწილი, რომელიც ძირითადად იოჰანესბურგს, ეკურჰულენისა და ტშვანეს (დიდი პრეტორია) მოიცავს, პოლიცენტრული აგლომერაცია ხდება და მისი მოსახლეობა 2015 წლისთვის 14,6 მილიონს გადააჭარბებს.[9]

ძველად დღევანდელი იოჰანესბურგის ტერიტორიაზე სახლობდნენ ბუშმენების მონადირეთა და შემგროვებელთა ტომები, რომლებიც მიეკუთვნებიან კაპოიდების რასას. XIII საუკუნეში ამ ტერიტორიაზე დაიწყო ბანტუს ტომის ხალხის შემოჭრა, რასაც მოჰყვა მკვიდრი მოსახლეობის განადგურება. XVIII საუკუნის შუა პერიოდისათვის ბუშმენები საბოლოოდ იქნენ განადგურებულნი.

დაპყრობილი ტერიტორიებზე ბასუტოს ტომის ხალხი აშენებდა პატარა ქალაქებს თიხის სახლებისაგან, ქვის ადმინისტრაციული და რელიგიური ნაგებობებისაგან, დაკავებული იყვნენ მიწადმოქმედებით და მესაქონლეობით, ადნობდნენ რკინას. XIX საუკუნის დასაწყისში ზულუს მეომარმა ტომებმა, რომლებიც ცხოვრობდნენ დღევანდელი დურბანის სანაპიროს რაიონში, დაიწყეს მატერიკის სიღრმეში შეჭრა. ამ შეჭრას ხშირად მოსდევდა დამორჩილებული ხალხის ახალგაზრდა ქალების დატყვევება და ყველა დანარჩენი მაცხოვრებლების მთლიანი ამოწყვეტა, რამაც ბასუტოს ტომის ხალხი განადგურების წინაშე დააყენა. არსებული სიტუაცია დაეხმარა ჩრდილოეთით მიმავალ ბურებს გამაგრებულიყვნენ ვიტვატერსრანდის დაბალ მთებში, რადგანაც ადგილობრივი მაცხოვრებლები ბურებში ხედავდნენ ერთადერთ ხსნას ზულუს მეომარი ტომებისაგან. ადგილობრივი ტომები მათ აძლევდნენ საკვებს და მეგზურებს, მაგრამ შემდგომში ურთიერთობა ბურებსა და ბასუტოს ხალხს შორის მნიშვნელოვნად გაუარესდა, პირველ რიგში პირუტყვის გატაცებისა და მიწის თაობაზე ხშირი კამათის გამო.

ქალაქის ისტორია სათავეს იღებს 1886 წლიდან, როდესაც ავსტრალიელმა ოქროსმაძიებელმა ჯ. ჰარისონმა იპოვა ოქრო ლანგლაჰტეს მამულების ტერიტორიაზე. ამას მოჰყვა ოქროსმაძიებლების შემოსევა სამხრეთი აფრიკის ამ რაიონში და მისმა ქაოტურმა განაშენიანებამ აიძულა ქვეყნის ხელისუფლება მიეღო გადაწყვეტილება ქალაქის მშენებლობის შესახებ. მას პირველი არქიტექტორების — იოჰან რისიკის და იოჰან იუბერტის პატივსაცემად დაერქვა თანამედროვე სახელი. XIX საუკუნის ბოლოს იოჰანესბურგი იყო ოქროსმაძიებელთა ქალაქი, სადაც ცხოვრობდნენ მეშახტეები დედამიწის ყველა კუთხიდან, ჩინელი მუშები, არაკვალიფიცირებულ სამუშაოზე დასაქმებული შავკანიანები, ებრაელი და სომეხი ვაჭრები, ყველა ფერის მეძავების, განგსტერების, გაღარიბებული ბურების და დურბანის ირგვლივ მდებარე შაქრის ლერწმის პლანტაციებიდან გამოქცეული ინდოელების დიდი რაოდენობა. ყველაფერმა ამან ქალაქს მისცა განუმეორებელი კოლორიტი.

ხელოვნური ყრილების სიმრავლე — ოქროსმაძიებელთა დამუშავებული საბადოების ნაშთები — ქალაქის შემოგარენებს აძლევს უზარმაზარი სამშენებლო მოედნის სახეს. ბევრი ქუჩა დღემდე ინარჩუნებს ადრე აქ მდებარე შახტების დასახელებებს.

 
იოჰანესბურგი, 1896 წელი.

იოჰანესბურგის მზარდმა ეკონომიკურმა მნიშვნელობამ მიიპყრო ბრიტანელების ყურადღება. 1895 წლის ბოლოს კაპის კოლონიის დიდი ბრიტანეთის ხელისუფლებამ (ინგლისელების მიერ ჯერ კიდევ XIX საუკუნის დასაწყისში ოკუპირებული) ორგანიზება გაუკეთა პროვოკაციას, ცნობილი როგორც ჯეიმსონის რეიდი (ინგლ. Jameson Raid), რომლის მიზანი იყო ქალაქის ირგვლივ ოქროს საბადოების რაიონის ხელში ჩაგდება. ამ მიზნის ჩაშლის შემდეგ ბურებსა და ინგლისელებს შორის ურთიერთობა მყისიერად დაიძაბა და ბურების მეორე ომის შემდეგ ბურების დამოუკიდებელი რესპუბლიკები დაიპყრო ბრიტანეთის იმპერიამ.

1930-იანი წლებიდან ქალაქში დაიწყო დიდი მშენებლობები, რომელსაც ხელს უწყობდა სამხრეთ აფრიკის რესპუბლიკის საერთო ეკონომიკური ზრდა. 1940-იანი წლების ბოლოს და 1950-იანი წლების დასაწყისში ჰილბროუს პრესტიჟულ რაიონში დაიწყო პირველი აფრიკული ცათამბრჯენების მშენებლობა. 1950-იან და 1960-იანი წლების დასაწყისში შავკანიანი მოსახლეობის საცხოვრებლად ქალაქის სამხრეთ-დასავლეთში აშენდა უზარმაზარი საცხოვრებელი მასივი სოუეტო. ახალმა ავტოსტრადებმა იოჰანესბურგის ჩრდილოეთში ხელი შეუწყო ქალაქის შემოგარენის მასობრივ განაშენიანებას. 1960-იანი წლების ბოლოს და 1970-იანი წლების დასაწყისში უზარმაზარმა საოფისე გუმბათებმა, როგორიცაა კარლტონ-ცენტრი, ჩამოაყალიბეს ცენტრალური საქმიანი რაიონის ჰორიზონტი.

სამხრეთ აფრიკის რესპუბლიკაში, ზიმბაბვესგან განსხვავებით, თეთრკანიანი უმცირესობის აპარტეიდული რეჟიმის დამხობამ არ მოიტანა მთლიანი ეკონომიკური და სოციალური კატასტროფა, მიუხედავად ამისა, როგორც მთელი ქვეყანა, იოჰანესბურგმა გადაიტანა ეკონომიკური ვარდნა და დამნაშავეობის და ანტისანიტარიის მკვეთრი ზრდა. ქალაქის ცენტრალური საქმიანი რაიონი ფაქტობრივად მიტოვებული იქნა თეთრკანიანთა მიერ, მრავალრიცხოვან ცათამბრჯენებში დასახლდნენ უსახლკარონი, დამნაშავეები და ნარკომანები. ჰილბროუს რაიონი, რომელიც გაშენებულია პრესტიჟული მაღალსართულიანი საცხოვრებელი სახლებით, დაემსგავსა მოგადიშოს ან ჰარარეს. ნაწილობრივ ეს სიტუაცია შენარჩუნებულია დღემდე, თუმცა ხელისუფლება იღებს მნიშვნელოვან გადაწყვეტილებებს სიტუაციის გამოსასწორებლად. ქალაქის ეკონომიკური აქტივობის ფოკუსი გადაიხარა ჩრდილოეთისაკენ, თეთრკანიანი მოსახლეობით დასახლებულ სენდტონის რაიონში.

2010 წელს ქალაქის ორ სტადიონზე (სოკერ სიტი და ელის პარკი) გაიმართა მსოფლიო საფეხბურთო ჩემპიონატის მატჩები.

გეოგრაფია და კლიმატი

რედაქტირება

იოჰანესბურგი მდებარეობს პლატოზე, რომელიც ცნობილია როგორც მაღალი ველდი, ზღვის დონიდან 1753 მეტრ სიმაღლეზე. ქალაქის ჩრდილოეთი და დასავლეთი — ბორცვიანია, აღმოსავლეთი ნაწილი წარმოადგენს შედარებით ბრტყელ, მოსწორებულ ტერიტორიას.

ქალაქის კლიმატი ხასიათდება, როგორც სუბტროპიკული, ასევე აქვს გამოკვეთილი სუბეკვატორული ხასიათი: ზამთრის თვეები დარიანი და ცივია, ზაფხულის — ნოტიო და თბილი. ქალაქში პრაქტიკულად მთელი ნალექი მოდის ოქტომბრიდან აპრილის ჩათვლით. ნალექების წლის საშუალო რაოდენობა შეადგენს 713 მმ-ს. ყველაზე უფრო თბილი თვეა — იანვარი, ყველაზე ცივი — ივნისი. ზამთარში ქალაქში საშუალო მინიმალური ტემპერატურა დაახლოებით შეადგენს 4 °C-ს, ხშირია სუსხი, ხოლო იშვიათად ფიქსირდება მცირე ყინვები. თოვლი საკმაოდ იშვიათობაა, რადგანაც ზამთარში თითქმის არ არსებობს ნალექი.

მოსახლეობა

რედაქტირება
 
ჰილბროუს რაიონის პანორამა

2011 წლის აღწერის მონაცემებით ქალაქ იოჰანესბურგის მოსახლეობის რაოდენობა შეადგენს 957 441 ადამიანს[5]. ზუსტად იოჰანესბურგში უფრო მეტად აისახება ეთნიკური მრავალფეროვნება სამხრეთ აფრიკის რესპუბლიკაში. შავკანიანები შეადგენენ ქალაქის მოსახლეობის 64,21 %-ს (614 793 ადამიანი), თეთრკანიანები — 13,93 %-ს (133 379 ადამიანი), ფერადკანიანები — 13,89 %-ს (133 029 ადამიანი), აზიელები — 6,68 %-ს (63 918 ადამიანი)[5]. ქალაქის მოსახლეობის 42 % ასაკით 24 წელზე უფრო უმცროსია, მოსახლეობის 6 % — ასაკით 60 წელზე უფროსია. უმუშევრობის დონე შეადგენს 37 %-ს, ამასთან უმუშევართა 91 % შავკანიანია. აუცილებლად აღსანიშნავია სამხრეთ აფრიკის რესპუბლიკის ძირითადი დემოგრაფიული ტენდენციები — თეთრკანიანი მოსახლეობის რაოდენობის შემცირება მათი ქვეყნის დატოვების და შავკანიანი მოსახლეობის რაოდენობის ზრდის გამო (პირველ რიგში გარედან მათი მიგრაციის ხარჯზე, თუმცა სამხრეთ აფრიკის რესპუბლიკის შიგნით შავკანიანი მოსახლეობის მაღალი შობადობა პრაქტიკულად მთლიანად კომპენსირდება მათში შიდსის მაღალი ეპიდემიის დონით). შედეგად დღეისათვის თეთრკანიანი მოსახლეობის რაოდენობა დაბალია, ხოლო შავკანიანი მოსახლეობის — მაღალი.

2011 წლის აღწერის მონაცემებით ქალაქ იოჰანესბურგის მოსახლეობის 31,14 %-ის (284 094 ადამიანი) მშობლიური ენაა ინგლისური; მოსახლეობის 19,60 % (178 775 ადამიანი) ლაპარაკობს ზულუს ენაზე; 12,11 % (110 430 ადამიანი) — აფრიკაანსის ენაზე; 5,23 % (47 714 ადამიანი) — კოსას ენაზე[5]. მოსახლეობის დაახლოებით 29 %-მა დაამთავრა ზედა კლასები, 14 %-ს აქვს უმაღლესი განათლება. გაუნათლებელთა წილი შეადგენს დაახლოებით 7 %-ს, მოსახლეობის დაახლოებით 15 %-ს აქვს მხოლოდ დაწყებითი განათლება.

ეკონომიკა

რედაქტირება

იოჰანესბურგი — სამხრეთ აფრიკის რესპუბლიკის ყველაზე უფრო დიდი ეკონომიკური და ფინანსური ცენტრია, რომელიც აწარმოებს ქვეყნის მთლიანი შიდა პროდუქტის 16 %-ს. მომპოვებელი მრეწველობა, რომელიც როდესღაც ამ რეგიონის ეკონომიკის საფუძველი იყო, თანდათან კარგავს თავის მნიშვნელობას. მიუხედავად იმისა, რომ დღეისათვის ქალაქის საზღვრებში არ მიმდინარეობს ოქროს მოპოვება, იოჰანესბურგში განლაგებულია ბევრი სამთომომპოვებელი კომპანიის შტაბ-ბინა, მათ შორის — Gold Fields-ის. ქალაქის ეკონომიკისათვის სულ უფრო დიდი მნიშვნელობა აქვს მომსახურების სფეროს და სამრეწველო დარგებს. არსებობს მრეწველობის სხვადასხვა დარგები, სადაც განსაკუთრებით მთავარ როლს თამაშობს ფოლადის და ცემენტის წარმოება. არასამრეწველო სფერო მოიცავს ისეთ სექტორებს, როგორებიცაა საბანკო საქმიანობა, საინფორმაციო ტექნოლოგიები, ტრანსპორტი, უძრავი ქონება, მასმედია და სხვა.

იოჰანესბურგის საფონდე ბირჟა უმსხვილესი საფონდო ბირჟაა აფრიკაში. ქალაქში განლაგებულია ქვეყნის მთელი რიგი სახელისუფლო დაწესებულების ფილიალები. ქალაქი ვაჭრობის მსხვილი ცენტრია. სამხრეთ აფრიკის რესპუბლიკის მოსახლეობის დაახლოებით 12 % მუშაობს იოჰანესბურგში. არსებობს ჩრდილოვანი ეკონომიკის მნიშვნელოვანი სექტორი, რომლის მასშტაბები საკმაოდ ძნელი აღმოსაჩენია.

ტრანსპორტი

რედაქტირება
 
ქალაქის მიკროავტობუსი

აფრიკის ეროვნული კონგრესის ხელმძღვანელობა რამდენიმეჯერ აღნიშნავდა ადმინისტრაციული დედაქალაქის პრეტორიიდან იოჰანესბურგში გადატანის თაობაზე. ამასთან ერთად რეალიზდება მთლიანი ზოლის მასობრივი განაშენიანების მასშტაბური გეგმები იოჰანესბურგსა და პრეტორიას შორის ერთიანი გიგანტური მეგაპოლისის სახით თანამედროვე სატრანსპორტო ინფრასტრუქტურით. როგორც მოსალოდნელია, პერსპექტიული ჩქაროსნული მონორელსური რკინიგზა დაეხმარება განტვირთოს საავტომობილო ტრასები და ერთმანეთს დაუკავშიროს მომავალი მეგაპოლისის ყველაზე უფრო მჭიდროდ დასახლებული ცენტრები.

იოჰანესბურგის სიახლოვეს მდებარე მსხვილი აეროპორტიაო. რ. ტამბოს სახელობის საერთაშორისო აეროპორტი. ესაა მთავარი აეროპორტი, რომელიც ემსახურება სამხრეთ აფრიკის რესპუბლიკის შიდა და საერთაშორისო რეისებს, ასევე აფრიკის ყველაზე უფრო მეტად დატვირთული აეროპორტი.

ქალაქის ცენტრი გაშენებულია ცათამბრჯენებით, სადაც განლაგებულია მსხვილი ბანკების ოფისები, ეროვნული სამრეწველო კომპანიები, ტრანსეროვნული კორპორაციები, საფონდო ბირჟები, დიდი ოტელები და სხვა. ხოლო ჰილბროუს და ბერეას რაიონები შესულია მსოფლიოს ყველაზე უფრო კრიმინალური საქალაქო რაიონების სიაში.

სენდტონი ქვეყნის მსხვილი კულტურულ-კომერციული ცენტრია. განსაკუთრებულ ყურადღებას იპყრობს სენდტონ სანის სასტუმრო-სავაჭრო ცენტრი ფეშენებელური ნომრებით, რესტორნების ხშირი ქსელით და ექსკლუზიური ბუტიკებით.

სოუეტოს რაიონი განთქმულია, როგორც შავკანიანი მოსახლეობის აპარტეიდის რეჟიმთან ბრძოლის ძირითადი არენა. აქ სოფელ კლიპთაუნში, ხელი მოეწერა თავისუფლების ქარტიას და დიდი ხნის განმავლობაში ცხოვრობდა ნელსონ მანდელა.

დახურული ოქროს შახტების რაიონში მდებარე „გოლდ რიფ სიტის“ ატრაქციონების ცენტრი შესაძლებლობას იძლევა გაგახსენოთ „ოქროს ციებ-ცხელების“ ეპოქის ატმოსფერო, როდესაც ქალაქი ჯერ კიდევ შენდებოდა. აქ შესაძლებელია ჩახვიდეთ ნამდვილ შახტაში 270 მეტრის სიღრმეზე და დაინახოთ ოქროს გამოდნობის პროცესი.

კაცობრიობის აკვანი — იუნესკოს მსოფლიო მემკვიდრეობის ძეგლი. ის მდებარეობს ქალაქის ჩრდილო-დასავლეთით 25 კმ-ში. სტერკფონტეინის გამოქვაბულები განთქმულია იმით, რომ ჰომინიდების დიდი სასაფლაოა, აქ იმყოფება პირველი მოზრდილი Australopithecus africanus და Australopithecine-ის წარმომადგენლის პირველი, თითქმის მთლიანი თავის ქალა. სხვა ღირსშესანიშნაობებია — ლესედის კულტურული სოფელი (ინგლ. Lesedi Cultural Village); ჰარტბეესპოორტის დამბა (ინგლ. Hartbeespoort Dam) და მაგალისბურგი — ქალაქის მოსახლეობის პოპულარული დასვენების ადგილები. კაცობრიობის წარმოშობის მუზეუმი შეიცავს დიდ ექსპოზიციას, რომელიც ეძღვნება აფრიკაში ადამიანის ევოლუციას, ასევე კლდის მხატვრობის მდიდარ კოლექციას.

2011 წლის 14 ნოემბრიდან 20 ნოემბრის ჩათვლით იოჰანესბურგში მიმდინარეობდა მეოთხე ახალგაზრდული საერთაშორისო დელფური თამაშები და მსოფლიოს დელფური კულტურული ფორუმი (ინგლ. Delphic World Cultural Forum)[10][11]. თამაშების და ფორუმის ჩატარების ძირითადი ადგილია — „აფრიკის მუზეუმი“[12].

საერთაშორისო დელფური საბჭოს პრეზიდენტი დივინა ბაუტისტა და მისი გენერალური მდივანი კრისტიან კირში გამოდიოდნენ მეოთხე ახალგაზრდული საერთაშორისო დელფური თამაშების და „აფრიკის მუზეუმში“ მსოფლიოს დელფური კულტურული ფორუმის გახსნის და დახურვის საზეიმო ცერემონიებზე.

2010 წელს იოჰანესბურგმა მიიღო მსოფლიო საფეხბურთო ჩემპიონატი. თამაშები იოჰანესბურგში მიმდინარეობდა ორ სტადიონზე: „სოკერ სიტი და ელის პარკი“.

ქალაქში ასევე მდებარეობს სამხრეთ აფრიკის რესპუბლიკაში ერთ-ერთი ყველაზე ცნობილი საფეხბურთო კლუბი — „ორლანდო პაირეტსი“.

დამეგობრებული ქალაქები

რედაქტირება

იოჰანესბურგი დამეგობრებულია შემდეგ ქალაქებთან:

რესურსები ინტერნეტში

რედაქტირება
  1. Census 2011. StatsSA. ციტირების თარიღი: 4 August 2015.
  2. http://www.fasken.com/johannesburg/
  3. &Copy; Th. Brinkhoff. (23 January 2010) Principal Agglomerations of the World. Citypopulation.de. ციტირების თარიღი: 2 July 2010.
  4. Johannesburg. Southafrica.to. ციტირების თარიღი: 2 July 2010.
  5. 5.0 5.1 5.2 5.3 2011 წლის მოსახლეობის აღწერა
  6. Census 2011. StatsSA. ციტირების თარიღი: 4 August 2015.
  7. Thomas Brinkhoff. (15 September 2014) South Africa: Provinces and Major Urban Areas. City Population. ციტირების თარიღი: 17 April 2015.
  8. იოჰანესბურგი. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2012-01-18. ციტირების თარიღი: 11 აპრილი 2011.
  9. South African State of the Cities Report 2006 (PDF). დაარქივებულია ორიგინალიდან — 25 მარტი 2009. ციტირების თარიღი: 2 July 2010.
  10. Facebook.. 4rd Junior Delphic Games. // facebook.com. ციტირების თარიღი: 2012-7-28.
  11. Delphic Greetings from Johannesburg. // wikimedia.org. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2012-06-20. ციტირების თარიღი: 2011-12-9.
  12. IV Junior Delphic Games for Joburg. // artlink.co.za. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2012-06-20. ციტირების თარიღი: 2011-11-27. (ინგლისური)
  13. 13.0 13.1 13.2 13.3 13.4 13.5 13.6 13.7 13.8 city of Johannesburg - Making Joburg an entry point into Africa. joburg.org.za. დაარქივებულია ორიგინალიდან — 5 იანვარი 2013. ციტირების თარიღი: 30 November 2015.
  14. NYC's Partner Cities. The City of New York. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2013-08-14. ციტირების თარიღი: 2012-12-16.