ზულუ

(გადამისამართდა გვერდიდან ზულუ (აფრიკელი ხალხი))
ამ გვერდს არა აქვს შემოწმებული ვერსია, სავარაუდოდ მისი ხარისხი არ შეესაბამებოდა პროექტის სტანდარტებს.

ზულუ (ზულუ amaZulu, ინგლ. Zulus) — აფრიკული ეთნოსი, რომელთა რაოდენობა 10 მილიონ ადამიანს აღემატება და ძირითადად სახლობენ კვაზულუ-ნატალის პროვინციაში, სამხრეთ აფრიკის რესპუბლიკაში. ზულუს მცირე ჯგუფები ცხოვრობენ ასევე, — ლესოთოში, სვაზილენდში, ზიმბაბვეში, ზამბიასა და მოზამბიკში.

საერთო მოსახლეობა
12,159,000[1]
რეგიონები მნიშვნელოვანი მოსახლეობით
სამხრეთ აფრიკის რესპუბლიკის დროშა სამხრეთ აფრიკის რესპუბლიკა 10,659,309 (2001-ის აღწერით)
12,559,000[1][2]
ლესოთოს დროშა ლესოთო 324,000[1]
ზიმბაბვეს დროშა ზიმბაბვე 167,000[1]
ესვატინის დროშა ესვატინი 107,000[1]
მალავის დროშა მალავი 66,000[1]
ბოტსვანის დროშა ბოტსვანა 5,900[1]
მოზამბიკის დროშა მოზამბიკი 6,000[1]
ენები ზულუ (ზოგიერთები ასევე საუბრობენ პროტუგალიურ,აფრიკაანსსა და ინგლისურ ენებზე).
რელიგიები ქრისტიანობა, ზულუს რელიგია

ორიენტაციები

რედაქტირება

იდენტიფიცირება და ადგილმდებარეობა

რედაქტირება
 

აფრიკის ეთნიკურ მაცხოვრებთა გაერთიანება ზულუსები არის ერთ-ერთი, კაფრის მიწის იმ უძლიერესი ოთხი ტომიდან, რომლებიც სამხრეთ აფრიკის პროვინციაში — კვაზულუ-ნატალიში სახლობდნენ. მათი განსახლების არეალი 28° და 29° გრძედებს შორის იყო, რომელსაც აღმოსავლეთიდან — ინდოეთის ოკეანე, დასავლეთიდან — დრაკონის მთები, ჩრდილოეთიდან — მოზამბიკისა და სვაზილენდის სახელმწიფო საზღვრები, ხოლო სამხრეთიდან მდინარე „ტუგელა“ ესაზღვრება.

რეგიონი ნაყოფიერი და უხვმოსავლიანია. რაც განპირობებულია იმით, რომ ტემპერატურა ზომიერია. აქ ზაფხულის სეზონი (ოქტომბრიდან აპრილის ჩათვლით) — თბილი და ნალექიანია, ხოლო ზამთარი (ივნისიდან აგვისტომდე) — შედარებით გრილი და მშრალი.

ზულუსების იდენტობა დროთა განმავლობაში შეიცვალა. მეფე შაკას ბატონობამდე ზულუს ტომი მოიცავდა ერთ კლანს, რომელიც ზულუსების წინაპრად მოიხსენიება. შაკას მმართველობის შემდეგ ზულუსების კლანი გახდა ასეულობით პატარა კლანის მბრძანებელი. ბრიტანეთის მხრიდან მათი კოლონიზაციის შემდეგ, რომელიც 1843 წელს დაიწყო, ზულუსების ტერიტორიული იდენტობა უფრო მეტად გამოიკვეთა და კონკრეტულ ტერიტორიასთან ასოცირებული გახდა — ეს იყო კვაზულუ-ნატალის ჩრდილოეთით მდებარე ტერიტორია, რომელიც „ზულულენდის“ სახელითაა ცნობილი. დღესდღეობით კი, ზულუსების ეთნოსის იდენტობა მათ ენასთან და მონარქიასთანაა დაკავშირებული.

დემოგრაფია

რედაქტირება

ზულუსების საერთო მოსახლეობის რაოდენობის ზუსტი დადგენა სირთულეს წარმოადგენს, რადგან ყველა ვინც ლაპარაკობს მათ ნაციონალურ ენაზე — ისიზულუ-ზე, — არ არის ზულუს ტომის წარმომადგენელი. კვაზულუ-ნატალის პროვინციის კარი ღიაა ყველა სამხრეთ აფრიკელისთვის და ამიტომ, აქ მაცხოვრებლები არ არიან მხოლოდ ზულუსები. სამხრეთ აფრიკული სტატისტიკური მონაცემების მიხედვით, 1996 წელს სამხრეთ აფრიკის საერთო მოსახლეობიდან (40,583,573 ადამიანი) ისიზულუზე მოსაუბრეთა რიცხვი — 9,200,144 ადამიანს შეადგენდა. 1997 წლისთვის, დაახლოებით, — 8,713,100 შავკანიანი სახლობდა კვაზულუ-ნატალის ტერიტორიაზე (ამ დროს მთლიანად სამხრეთ აფრიკის ტერიტორიაზე 31 460 970 შავკანიანი ცხოვრობდა). ცნობილია რომ, სამხრეთ აფრიკის მაცხოვრებელთა 74,6 პროცენტი, რომელიც ისიზულუს ენაზე საუბრობს, ცხოვრობს კვაზულუ-ნატალის პროვინციაში.

ზულუსების ძირითადი სალაპარაკო ენა ისიზულუს ენაა, რომელიც მიეკუთვნება სამხრეთ აფრიკის ნგუნის ენებს და აერთიანებს ისიხოსას, ისისვაზისა და ისინდებლის (ინგლ. the isiXhosa, the isiSwazi and the isiNdebele) ენებს. სამხრეთ აფრიკაში ნგუნი თანაარსებობდა სოზოსა და ხოისანის ენებთან (ინგლ. the Sotho and the Khoisan) ერთად, რომელთაც ასევე ჰქონდათ ქვედანაყოფები. ყველა, ზემოთ ნახსენები, სამხრეთ აფრიკული კულტურულ-ლინგვისტური ჯგუფი (ხოისანის გარდა) ხშირად კლასიფიცირებულია, როგორც ბანტუს ენის ხალხთა მონათესავე ენა, ლინგვისტური თავისებურებების მსგავსების გამო. არსებობს გარკვეული ვარაუდი იმის სესახებ, რომ ამ ენებს აქვთ საერთო წარმომავლობა. თუმცა ეს ჯერ საკამათო საკითხია.

ისტორია და კულტურული ურთიერთობები

რედაქტირება
 
ბრიტანელი ჯარისკაცები მარშირებენ ბაზრის ქუჩაზე

ამ ხალხის ისტორია, ისევე როგორც მათი წინაპრებისა და ძველი მეფეების ისტორია ჯერ კიდევ ბურუსითაა მოცული. მეფეთაგან მხოლოდ სენზანაკონა , შაკა და დინგაანი არიან ცნობილნი. ზოგადად ზულუსების ისტორია, მის ამჟამინდელ მეფესთან სველიზინ გუდვილთან (ინგლ. Zwelithini Goodwill) ერთად, სულ რვა მეფეს ითვლის. შაკა ზულუ იწოდება პირველ, ყველაზე ცნობილ და გავლენიან მეფედ - სამხედრო უნარების ფლობისა და გამოყენებისთვის, ასევე მრავალი პატარა ტომის დაპყრობისა და ქვეყნისთვის შემოერთებისათვის. მე-19 საუკუნის დასწყისისთვის ზულუ, ისევე როგორც სხვა დანარჩენი ტომები, რომელთაც მისი მსგავსი ტიპის სამხედრო მოწყობა გააჩნდათ, ცდილობდა დაემორჩილებინა და პოლიტიკური ბატონობის ქვეშ მოექცია სხვა ტომები. დომინანტობისთვის და პირველობისთვის ბრძოლა ტომებს შორის მიმდინარეობდა მანამ, სანამ ასპარეზზე კოლონიზატორები არ გამოჩნდნენ. ინგლისმა ნატალის პროვინცია ოფიციალურად 1845 წელს დაიპყრო, ამ დროისთვის ჰოლანდიელების, გერმანელებისა და ფრანგების შთამომავლებს (ადგილობრივები მათ ბურებად მოიხსენიებდნენ) ამ ტერიტორიების დაპყრობა უკვე დაწყებული ჰქონდათ. თუმცა ნატალის სტატუსი, როგორც ბურის კოლონია ხანმოკლე და არამტკიცე აღმოჩნდა. ბურებმა მოგვიანებით დაიპყრეს „ზულულენდის“ დასავლეთ ნაწილი ბურების რესპუბლიკის შექმნის მიზნით. კოლონიზატორებისა და ადგილობრივების ურთიერთობას სისასტიკე და უნდობლობა ახასიათებდა. პოლიტიკური არეულობის ფონზე 1880 წელს, ზულუს სამეფო უფრო და უფრო სუსტდებოდა. ამას ემატებოდა ისიც, რომ დააპატიმრეს მეფე, ქვეყანაში იყო შიდა კონფლიქტები. ამით ისარგებლა ბრიტანეთმა და მოგვიანებით ქვეყანა ცამეტ სამთავროდ დაყო - ამ პროცესს შეფსტონიანის სისტემა (ინგლ. Shepstonian system) ეწოდა.

ზულუს ისტორიის შესახებ დიდი ეჭვი და გაურკვევლობა არსებობს, რადგან ხშირად ის გამოყენებული იყო, როგორც პოლიტიკური იარაღი აპარტეიდის (პოლიცია ან სადამცველო სისტემა სამხრეთ აფრიკაში სეგრეგაციასთან, რასიზმსა და დისკრიმინაციასთან საბრძოლველად) მხარადსაჭერად ან საწინააღმდეგოდ. უფრო მოგვიანებით კი, მეოცე საუკუნის ბოლო ათწლელულის დასაწყისში, ის გამოყენებულ იქნა ინკაზას თავისუფლებისთვის ბრძოლის (ინგლ. IFP)  წინააღმდეგ. თუმცა, მიუხედავად ყველაფრისა ზულუსებს ჰქონდათ შენარჩუნებული თავდაჯერებულობა და ზულუს უსაზღვრო სიყვარული — პატრიოტობა. ამას მრავალ საქმეში ამჟღავნებდნენ - მათი გვარები დაკავშირებული იყო სიტყვასთან ზულუ, სახელებიც აუცილებლად ასოცირდებოდა ზულუსთან, ისინი ასევე ცდილობდნენ შეენარჩუნებინათ განსაკუთრებული კულტურული ტრადიციები.

ნატალის ოკუპაცია ბანტუს ხალხების მიერ

რედაქტირება

ზულუსები, შეიძლება ითქვას რომ ყველაზე ცნობილი და გავლენიანი ხალხია სამხრეთ აფრიკის ბანტუს ტომებს შორის. მათი ძლიერება, განსაკუთრებით შაკას (შავკანიან ნაპოლეონად იწოდებოდა) მამართველობის პერიოდში გაიზარდა, როდესაც იგი თითქმის ნახევარი კონტინენტის მბრძანებელი გახდა. მანამდე, ზულუსებსაც სხვა ზღვის სანაპიროზე მცხოვრები ტომების მსგავსად უმნიშვნელო როლი ეჭირათ. ბანტუს ხალხის გამოჩენამ ოკუპირებულ ნატალიში მათ შორის ურთიერთობის დაძაბვა გამოიწვია. ამ ხალხების ერთმანეთთან ინტეგრირება არ აღმოჩნდა მარტივი. მათი ეროვნული ტრადიციების გარდა, არსებობს ისეთი წყაროებიც, როგორებიცაა სხვადასხვა დამპყრობლების მიერ გაკეთებული ჩანაწერები, მათზე დაყრდნობითაც შეიძლება ოკუპირებულ პროვინციაზე - კვაზულუ-ნატალიზე ინფორმაციის მოძიება.

აფრიკული წარმოდგენებით სამხრეთ-აღმოსავლეთში მცხოვრები ბანტუს ხალხები ამ ტერიტორიაზე აფრიკის დასავლეთ სანაპიროდან უნდა მოხვედრილიყვნენ. მათი ვარაუდით, მარშრუტი, რომლის საშუალებითაც ამჟამინდელ ადგილსამყოფელს მიაღწიეს, მიუყვებოდა სამხრეთ-ცენტარლური ტომების მოგზაურობის ტრაექტორიას ანუ გადიოდა ცენტრალური პლატოს სამხრეთ ნაწილზე. ეს დასკვნა ძირითადად დაფუძნებულია იმ ფაქტზე, რომლის მიხედვითაც 1498 წელს, როცა პირველმა პორტუგალიურმა ფლოტმა გადმოლახა ინდოეთის ოკეანე და მიაღწია მდინარე ლიმპოპოს. ერთ-ერთი კაცი ბორდიდან, სახელად მარტინ აფონსო, რომელიც ფლობდა მრავალ დიალექტს, მათ შორის იმასაც, რომელზეც დასავლეთ სანაპიროს მცხოვრებლები ლაპარაკობდნენ, მათი გადმოცემებიდან მიხვდა თუ როგორ მიაღწიეს ამ ნაწილს. როგორც მემატიანე დამიაო დე გოუსი გადმოგვცემს, ეს ხალხი გვინეიდან უნდა მოსულიყო ამ ადგილებში. ზიალები (ინგლ. Theal - აფრიკაში მცხოვრები ხალხის სახელწოდება) მათ თვლიან ზამბეზის სამხრეთიდან მომავალ ტომებად და იხსენიებენ როგორც - ბატონგად (ინგლ. Batonga or Bathonga). მათ ამ ტერიტორიისთვის სადღაც მეთხუთმეტე საუკუნეში უნდა მიეღწიათ. კვლავ ზიალების გადმოცემით, შემდეგი ვინც ამ ადგილზე გამოჩნდნენ იყვნენ - ხოსას, ზემბუსა და პონდოს ხალხები. მას შემდეგ, რაც აღმოაჩინეს, რომ ჩრდილოეთი ნაწილი უკვე ოკუპირებული იყო ბოტონგას ტომების მიერ, გაბრუნდნენ სამხრეთისკენ, სწორედ იქ, სადაც ნატალები სახლობდნენ. ამ მოგზაურობის შედეგი ასეთი იყო - ხოსა - ზემბუს წარმომადგენლები შეხვდნენ ადგილობრივ აფრიკულ ტომებს, კერძოდ ჰოტენტოტოს ხალხს, ისინი დაქორწინდნენ და ამ გზით მოხდა ამ ტომების მცხოვრებლების ენისა და სისხლის შერევა.

პოლიტიკური ინსტიტუტები

რედაქტირება

ამ ხალხის პოლიტიკური ინსტიტუტების განხილვამდე, უნდა დავინახოთ განვასხვავება ზულუს მთავრობსა და ნორმალურ მთავრობას შორის, რომელიც ზოგადად ტომებს ჰყავთ. ეს უკანასკნელი ზულუსებთან შაკას დაპყრობების შემდეგ ჩამოყალიბდა და საკმაოდ ბუნებრივად შეეთვისა ნატალების კულტურას.

პატრიარქატული წყობილობის დროს ნორმალური მთავრობა გულისხმობს რომ ტომში, რომელიც შედგება დიდი ოჯახებისგან მთავრობა მამიდან შვილზე გადადის და ამასთან მამა ამ ტიტულს ატარებს მანამ, სანამ მას ფიზიკური გამძლეობა აქვს. ჩვეულებრივი, უბრალო გამგებლისგან განსხვავებით, მას ხალხთან უფრო ახლო კავშირი ჰქონდა, ხშირად ეს კავშირი შეიძლება ინტიმურიც ყოფილიყო. ამას ხალხი იმის სანაცვლოდ აკეთებდა, რომ შემდგომში მისგან გარკვეული სახის დახმარება მიეღოთ. მბრძანებელი იყო ყველას ქმედებისა და გადაწყვეტილების შემფასებელი. მისგან ხალხი ასევე იღებდა დახმარებებსა და რჩევებს სხვადასხვა საკითხის თაობაზე. მშობლები მას ასევე ეკითხებოდნენ შვილების დაქორწინებასა და ამის მსგავსს ყველა სხვა საგანგებო საკითხზე.

ისეთი ტირანი მმართველიც კი, როგორიც იყო შაკა, გამუდმებით ცდილობდა, რომ თავის ხალხზე ეზრუნა, რადგან წინააღმდეგ შემთხვევაში ის ხვდებოდა, რომ მისი მმართველობა მალე დასრულდებოდა. თუ ზულუს მეფის სურვილები ხალხის ნების წინააღმდეგ წავიდოდა მათ შეეძლოთ ძლიერი წინააღმდეგობა გაეწიათ მისთვის, მაშინ, როდესაც სხვა სიტუაციაში შეიძლება ბელადს თავისი ძალაუფლება გამოეყენებინა და მხოლოდ საკუთარი ნების უზრუნველყოფაზე ეფიქრა. ამ პრინციპით, თითქოს ეს გენერლები დასაქმებულნი არიან, რათა ივარჯიშონ თავიანთი ძალაუფლების მართვის სასწავლად.

ტომის მთავრობასთან ოფიცართა სამი კლასია დაკავშირებული. ყველაზე მნიშვნელოვანია — იზინ-დუნა (ინგლ. izin-duna, სიტყვის პირდაპირი მნიშვნელობა - ერთი წლის ხარი), რომელიც თავის მხრივ დაყოფილია დიდ და მცირე ოფიცრებად. პირველი — ეს არის გენერლის კონსულები და სახელმწიფოს ძირითადი მინისტრები. მეორე კი — ინფერიორთა წოდება და მთავრობის დაქვემდებარებაში მყოფნი. დანარჩენი ორი კლასის წარმომადგენლები არიან - აბა-იასა (რაც ნიშნავს პირუტყვის ჯოგს) და ამა-პინი , ისინი ინიშნებიან იზინ-დუნას მიერ და თავიანთი სამუშაოს კარგად შესრულების შემდეგ, შესაძლოა კვლავ დაწინაურდნენ მათ მიერ.

დასახლებები

რედაქტირება
 
ზულუსები რონდავალთან

კვაზული-ნატალი (ინგლ. KwaZulu-Natal) არის როგორც აგრარული, ასევე ურბანული რეგიონი. მისი მეტროპოლისია დურბანი. ზულუსების საცხოვრებელი პირობები დიდად არ განსხვავდება სამხრეთ აფრიკის სხვა შავკანიანი ხალხებიs საცხოვრებელი პირობებისგან. ზულუს ხალხი აგრარულ სექტორში ძირითადად პატარა ოჯახად ცხოვრობს. მათ უმეტესობას არ აქვს ისეთი საბაზისო მომსახურების მიღების შესაძლებლობა, როგორიცაა ელექტროობა, სუფთა წყალი, ტრანსპორტი, ჰოსპიტალი ან კლინიკა. მათი ჰოუმსტედი ძირიდადად შედგება რონდაველისგან, რაც არის ტალახისგან ან ბეტონის ბლოკებისგან აგებული წრიული სახლი, რომელიც გადახურულია  შუშასთან და ზოგჯერ რკინის შრეებთან შერეული ჩალით. ტალახით ან ბეტონის ბლოკებით აგებული სახლები ბრტყელი, მართკუთხა სახურავით ისეთივე პოპულარულია, როგორც რონდაველები და ნაგებობის ეს ორი ტიპი ხშირად თანაარსებობს, რადგან  რონდაველები უფრო ხშირად გამოიყენება როგორც სამზარეულო, ან სახლი, რომლიდანაც წინაპრებს უკავშირდებიან. მეოცე საუკუნის მეორე ნახევრამდე საცხოვრებელს სახლს წარმოადგენდა ფუტკრის სკის მსგავსი ფორმის მქონე ქოხი. ეს იყო მრგვალი, ბალახისგან მჭიდროდ დაწნული ქოხები პატარა ზომის კარებით, რომლებშიც შესვლაც შესაძლებელი იყო მხოლოდ მუხლებზე დადგომით.

ზულუს ხალხის ის ნაწილი, რომელიც ურბანულ ცხოვრებას მისდევს, ძირითადად დაბებსა და გარეუბნებში ცხოვრობს. ისინი აშენდნენ 1950-იან და 1960-იან წლებში მთავრობის მიერ საკუთარი, რასობრივ სეგრეგაციაზე დამყარებული მმართველობის გასამტკიცებლად. ბიდონვილის მსგავსს ობიექტებს წარმოადგენდა „შავი“ ხალხის და მათი ოჯახების განსათავსებელ ტერიტორიას, რომელიც ახლოს იყო ქალაქებში მდებარე სამუშაო ადგილებთან. ამ პერიოდის მთავრობამ ააგო 4 ოთახიანი სახლების დიდი რაოდენობა, რომლებშიც ცხოვრების სანაცვლოდ ხალხს ქირა უნდა გადაეხადა. კვაზულუ-ნატალში, ზულუს ხალხი სარგებლობდა ამ სახლებით და დღესაც, რამდენიმე გამონაკლისის გარდა, გარეუბნების ძირითადი მაცხოვრებლები სწორედ ზულუსები არიან. გასათვალისწინებელია ის ფაქტი, რომ დღეს ხსენებული სახლები კერძო საკუთრებას წარმოადგენენ და მათ სანაცვლოთ ქირის გადახდა აღარ ხდება.

ადრეული 1990-იან წლებში აპარტეიდის მმართველობის გაუქმების შემდეგ, უბრანული არეალის ნაწილი უფრო კომპლექსური გახდა. მაგალითად ქალაქ დურბანის შიდა ნაწილში ზულუსები თანაარსებობენ სამხრეთ აფრიკის  სხვადასხვა  ხალხებთან, რომლებიც კვაზულუ-ნატალში ჩავიდნენ მრავალი განსხვავებული მიზეზის გამო: პოლიტიკური თავშესაფრისა თუ სამუშაოს ძებნისათვის, სწავლისთვის და ა.შ.

ეკონომიკა

რედაქტირება

არსებობა

რედაქტირება

მეცხრამეტე საუკუნის შუა ხანებამდე ზულუს ხალხი მთლიანად დამოკიდებული იყო მებაღეობასა და პირუტყვის გაზრდაზე. მათთვის ძირითადი კულტურა იყო სიმინდი, ხოლო ცხოველებიდან ყველაზე მნიშვნელოვანი იყო მსხვილფეხა რქოსანი საქონელი, სხვადასხვა ფრინველი და თხები. დღეს ისინი მიირთმევენ ისპანახის, გოგრის, ლობიოს, კარტოფილისა და სხვა ბოსტნეულის რამდენიმე სახეობას, რომლებსაც ისინი თავად იყვანენ, ან ყიდულობენ. ზულუსები არ არიან ვეგეტარიანელები, თუმცა ბევრს არ შეუძლია საკვებად საკმარისი რაოდენობის ხორცის შეძენა, რის გამოც რაციონის მთავარი შემადგენელი პროდუქტები არიან სიმინდი, ხორბლის ფქვილი და ბრინჯი.

კომერციული აქტივობები

რედაქტირება

საბაზრო ეკონომიკისა და მებაღეობისგან შემდგარი დუალისტური ეკონომიკა დამახასიათებელი იყო გვიანი მეცხრამეტე და ადრეული მეოცე საუკუნისთვის. ეს სიტუაცია არსებითად შეიცვალა, როდესაც ზულუს ხალხი ძალის გამოყენებით გადაასახლეს არასაკმარისი სიდიდის მიწაზე და აიძულეს ემუშავათ ფულის სანაცვლოდ, რათა გადასახადების გადახდა შესძლებოდათ. ზულუს ხალხი, არაოფიციალური სექტორის რანგში ჩაება წვრილმან ვაჭრობაში, რათა მიეღოთ შემოსავალი, მაშინ როდესაც მათი ოჯახის სხვა წევრები გარეუბნებსა და ქალაქებში მუშაობდნენ. მხოლოდ მათი  მცირე ნაწილია ჩართული სერიოზულ კომერციულ აქტივობაში. პროფესიული სამსახურების წარმოქმნა მათთვის ძალზე მნიშვნელოვანია. მიუხედავად იმისა, რომ მებაღეობას კვლავ მნიშვნელოვანი ადგილი უჭირავს აგრარულ სექტორებში, საკმარისი რაოდენობის საკვები მაინც არ არის და მისი მოპოვება კომერციულ ბაზართანაა დაკავშირებული. წვრილმასშტაბიანი აგრარული სექტორი ძალიან მცირე ფულად შემოსავალს იძლევა.    

 სამრეწველო ხელოვნება და სამოსი

რედაქტირება
 
ზულუსები თანამედროვე ურბანულ ტანისამოსში

ზულუს ხალხის ძირითადი ეკონომიკური აქტივობა ტრადიციულად იყო მებაღეობა და მსხვილფეხა საქონელისა და თხების გაზრდა-გაყიდვა. მათი ძირითადი სამრეწველო ინსტრუმენტი არის თოხი. ასევე სახლის ერთ-ერთ მნიშვნელოვან ნივთს წარმოადგენდა სალესი ქვა, თუმცა, მისი მნიშვნელობა დროთა განმავლობაში დავიწყებას მიეცა. ზულუსები, საკუთარი ისტორიის განმავლობაში, ასევე იყვნენ ჩაბმულნი ნადირობაშიც, ამის დამადასტურებელია მათ მიერ დამზადებული მძიმეთავიანი, მოკლე კომბლები და შუბები. ორივე გამოიყენებოდა როგორც ნადირობაში, ასევე საომარ მოქმედებებში. კომბლებს და ჯოხებს გამოიყენებდნენ საბრძოლო შეჯიბრებებშიც, რომლებიც ცერემონიალური ცეკვის ნაწილი იყო. ქალები თიხისაგან ამზადებდნენ სხვადასხვა ნივთებს, რომლებიც გამოიყენებოდნენ საჭმლის მოსამზადებლად, პროდუქტის შესანახად და როგორც ჭურჭელი. მათ დღესაც ამზადებენ ისინი, ვინც სწავლავლობს ვაჭრობას და მსგავსი ნივთები კვლავ იყიდება ბაზრობებზე, თუმცა ეს იმას არ ნიშნავს, რომ ზულუსები თიხის ნივთებს აქტიურად იყენებენ. საკვებს უმეტეს შემთხვევაში ლითონის ქვაბებში ამზადებემ. პალმისგან დაწნული ისეთი ნივთები, როგორიცაა კალათა, ჭილობი, ფილტრი ლუდისთვის და ჭურჭლის ხუფი, ასევე მზადდება კომერციული მიზნებისთვის. ზულუსების მძივებით ქარგვაც დღეს ძირითადად ტურისტებზე და სპეციფიკურ ცერემონიებზეა გათვლილი. ზულუს ყოველდღიური ტანისამოსი არაფრით განსხვავდება სხვა ურბანული არეალების მაცხოვრებელთა სტილისგან. რაც შეეხება ზულუს ტრადიციულ ტანისამოსს, ის ძალიან ფერადად წარმოგივდგება. დღეს მას იშვიათად ატარებენ და ისიც მხოლოდ კონკრეტულ შემთხვევებში. ქალები, კაცები და ბავშვები მძივებს იყენებენ, როგორც აქსესუარს. კაცებს აცვიათ თხის ან მსხვილფეხა საქონლის ტყავისგან დამზადებული ამაბჰეშუ, რომელიც ფორმით წინსაფარს წააგავს, ისინი ასევე თავს ირთავენ ბუმბულითა და ქურქით. ქალებს აცვიათ ასევე თხის ან მსხვილფეხა საქონლის ტყავისგან დამზადებული შავი კაბა, ისიდვაბა. თუ ქალი გათხოვილი არ არის, მას საკუთარი სხეულის ზედა ნაწილის დასაფარად აქვს მხოლოდ მძივების აცმის ტარების უფლება.

ზულუს კულტურისთვის არ არის დამახასიათებელი მსხვილი ვაჭრობა, თუმცა კვაზულუ-ნატალის პროვინციას გააჩნია ზღვაზე გასასვლელი, შესაძლებელია საჰაერო და საგზაო კავშირი კომერციული ვაჭრობისთვის.         

შრომის დანაწილება

რედაქტირება

ოჯახში შრომის დანაწილება ძირითადად ხდება ქალებსა და კაცებს შორის. ტრადიციულად, მამაკაცს ეკისრებოდა ვალდებულება ეკონიმიკური უზრუნველყოფა, ოჯახის დაცვა, ოჯახის ცერემონიალური აქტივობების სათავეში ჩადგომა და სხვადასხვა ფიზიკური სამუშაოების შესრულება, როგორიცაა შინაური საქონლის მწყემსობა, სახლებისა კრაალის შენებაში მონაწილეობის მიღება (ადგილობრივ პირთა წრიული, შემოღობილი დასახლება) და ასე შემდეგ. მამაკაცი საკუთარ თავს აღიქვამდა, როგორც ოჯახის მომმარაგებელს და მათი სტატუსი, როგორც ოჯახის მთავრის, საკმაოდ დიდია. აგრარულ არეალებში ქალები კვლავ არიან დაკავებული მებაღეობით. მათ ყოველდღიურ აქტივობებში შედის სახლის საქმიანობა — დასუფთავება, რეცხვა, საჭმლის მომზადება, წყლით მომარაგება და ბავშვის გაზრდა. ეკონიმიკური მოთხოვნილებების დაკმაყოფილების მიზნით ქალების დასაქმება შესაძლებელია, თუმცა მათ უწევთ იმ ფაქტორის გათვალისწინება, რომ მათი პატივსაცემი, საოჯახო რუტინა მაინც უნდა შესრულდეს ან მათ მიერ სამუშაომდე და მის შემდეგ, ან დაქირავებული პიროვნების მიერ.

მიწის მფლობელობა

რედაქტირება

ყველა მიწა ტომობრივ გაერთიანებებში არის ბელადის კონტროლის ქვეშ, რომელიც ანაწილებს მას როგორც საცხოვრებელი მიზნებისთვის ისე კულტივაციისათვის ოჯახის უფროსის თხოვნის საფუძველზე. ისტორიულად მთლიანად ბელადების ავტორიტეტს წარმოადგენდა ადამიანთა გაერთიანება მათ სამფლობელოში. თუმცა მათი განუსაზღვრელი როლი კოლონიალიზმმა შთანთქა, რომლის დროსაც მათი როლი გადასახადების ამკრეფელობამდე შემცირდა. მიწა წაართვეს, თავად სახელწოდება „ბელადი“ კი აღარ არის მისაღები ლიდერებისთვის, ვინაიდან ეს ერთგვარად ახლა მათთვის ასოცირდება იმ დამორჩილებულობაზე კოლონიალიზმის ეპოქაში, როდესაც მათ უწევდათ როგორც „მოსამსახურეებად“ ცხოვრება ამ მკაცრი რეჟიმის ქვეშ. თავად მათ ურჩევნიათ მოიხსენიონ როგორც ზულუს ალტერნატივა „ამაკოსით“ AMAKHOSI (მხოლობითში INKOSI). ზულუსებს მიწის საკუთრებაში ქონისა და ქირაობის მრავალი სახე აქვთ.

საგვარეულო

რედაქტირება

საგვარეულო და ნათესაური ჯგუფები

რედაქტირება

გვარები ამ ხალხში აღნიშნავს ინდივიდუალებისა და ოჯახების იდენტობას. ისინი ასევე მოიცავს ერთგვარ „შესაქებ“ ანუ განმასხვავებელ სახელებს, რომლებიც ასახავს ურთიერთკავშირს სხვადასხვა გვარებს შორის და ამასთან მნიშვნელოვან მოვლენებს ამ ხალხისა. ერთი და იმავე გვარის წარმომადგენლები ერთ დროს მიეკუთვნებოდნენ ერთ ადგილას ლოკალიზებულ კლანს, თუმცა მე-20 საუკუნის დასაწყისში ცხოვრების ეს მოდელი რადიკალურად შეიცვალა. თუმცა აღსანიშნავია, რომ დღემდე როდესაც ერთი და იგივე გვარის წარმომადგენლები პირველად ხვდებიან ერთმანეთს იოჰანესბურის აეორპორტში ისე ხვდებიან და ესალმებიან, როგორც ნათესავებს. ზულუს ხალხი მისდევს ეგზოგამიის ჩვეულებას ახლო ნათესავებთან მათი დედის მხრიდან და აგრეთვე დედის გვარის მატარებლებთან.

ნუკლეარული ოჯახი (მხოლოდ მშობლებისა და მათი შვილებისაგან შედგება, რომლებიც იმყოფებიან მშობლების კმაყოფაზე) დღეს ყველაზე გავრცელებული ფორმაა ნათესაობისა. შვილები დამოკიდებულნი არიან მშობლებზე, მანამ სანამ არ დაქორწინდებიან და არ გახდებიან ფინანსურად და ეკონომიკურად დამოუკიდებელნი. დიდი მნიშვნელობა ენიჭება გაფართოებულ ოჯახებს (ოჯახი, რომელიც შედგება ორი ან მეტი თაობისგან, რომლის წევრებიც ცხოვრობენ ერთად ან უშუალო სიახლოვეს და აქვთ ერთიანი მეურნეობა (მაგ: მშობლები, მოზრდილი შვილები და მათი ოჯახები)) ეკონომიკური თანადგომისთვისა და რიტუალებისა თუ ცერემონიების შესრულებისათვის. ზულუ ხალხში ვხვდებით მატრიარქატსაც. დაუქორწინებელი ქალის შვილები დედის საგვარეულოს აგრძელებენ.

ტერმინოლოგია ნათესაობაში

რედაქტირება

როდესაც საქმე გვაქვს ნუკლეარულ ოჯახთან ტერმინოლოგია ამგვარია: UMAMA აღნიშნავს დედას, UBABA - მამას, UDADEWETHU - დას, UMFOWETHU - ძმას, UDODAKAZI - ქალიშვილს, ხოლო ვაჟიშვილს აღნიშნავს ტერმინი UNDODANA. ცოლისა და ქმრის ნათესავების შემთხვევაში ტერმინოლოგია შეცვლილია მათ შორის მოყვრული (ქორწინების შედეგად შეძენილი ნათესავი) კავშირის ასახვისათვის. ასე მაგალითად ქალისათვის მისი დედამთილი არის MAMEZALA, თუმცა მიმართვის დროს როგორც „MAMA“ ისე მოიხსენიებს. ასევეა მამამთილის შემთხვევაში რომელიც მათ ენაზე ითქმის როგორც UABABEZALA და აქაც მიმართვისას იყენებენ მხოლოდ „BABA-ს“. სხვა პატივისცემის გამომხატველი ტერმინები დის/მულის/რძლისა და ძმის/მაზლის/სიძის მიმაართ არის შესაბამისად „SISI“ და „BHUTI“. ეს ტერმინები შესაძლებელია სხვა ენიდან იყოს შემოსული, თუმცა მათ ხშირად იყენებენ როგორც პატივისცემის ნიშნად, განსაკუთრებით იმ ადამიანების მიმართ, რომელთაც არ სურთ რომ სახელით მიმართონ. ბიძაშვილები ერთმანეთს მოიხსენიებენ როგორც „MZALA“ ან „GAZI“. ეს უკანასკნელი უმეტესწილად გამოიყენება ე.წ. პარალელური ბიძაშვილებს (დეიდაშვილი და მამის ძმის შვილი) შორის დედის მხრიდან. მამის მხარეს მამის ძმას მოიხსენიებენ როგორც BAB’OMKHULU ან BAB’OMCANE გამომდინარე მათი ასაკიდან. მამიდა (მამის და) არის BABEZAKI. რაც შეეხება დედის მხარეს დეიდას (დედის და) მიმართავენ როგორც MAM'KHULU ან  MAM'NCANE აქაც შესაბამისად იმის მიხედვით ახალგაზრდაა იგი თუ ხანშიშესული. ბიძა (დედის ძმა) მოიხსენიება როგორც MALUME, ხოლო თავად ბიძა დიშვილს MSHANA-ს უწოდებს. რაც შეეხება ბებიასა და ბაბუას ისინი აღინიშნება ტერმინებით UGOGO და UMKHULU შესაბამისად. მამაკაცის ნათესავები მისი სიმამრისათვის არიან UMUKHWE, სიდედრისათვის UMKHWEKAZI, ხოლო მეუღლის და-ძმებისათვის USIBALI.

მიუხედავად იმისა, რომ ისტორიულად ზულუს ხალხში პოლიგამია იყო ქორწინების ძირითადი ფორმა, დღესდღეობით აქ პოპულარულია მონოგამური ქორწინება. თუმცა პოლიგამია ბოლომდე არ მივიწყებულა განსაკუთრებით კვაზულუ-ნატალის ზოგიერთ პროვინციაში. დაქორწინების შემდეგ ქალი ხდება მამაკაცის ოჯახის წევრი და მას მოიხსენიებენ მათი მამის სახელის ან გვარის მიხედვით, რასაც უმატებენ პრეფიქს „MA-ს“. ბავშვები აგრძელებენ მამის ხაზს.

საოჯახო მეურნეობა

რედაქტირება

ტიპური კომლი ზულუსებში გულისხმობს მამაკაცს, მის მეუღლეს ან მეუღლეებსა და მათ შვილებს. ზოგიერთ შემთხვევაში საოჯახო მეურნეობას განაგებენ მამაკაცის მშობლები, როგორც ყველაზე უფროსი წარმომადგენლები კომლისა. კვაზულუ-ნატალიში უფრო და უფრო ხშირი ხდება ბავშვის არაკანონიერად (ქორწინების გარეშე) დაბადება. რაც შეეხება მარტოხელა დედებს, ისინი რჩებიან თავიანთ ოჯახში და მათი შვილები დარჩებიან მატრიარქატში თუ მამის ნათესავებს გადახდილი არ ექნებათ ყალიმი (საფასური, რომელსაც უხდის სასიძო ქალის მშობლებს).

ქონება და მისი გადაცემის წესი

რედაქტირება

ზულუს ხალხის ცნობიერებაში არ არსებობდა მიწის საკუთრების ცნება. მთელი არსებული მიწა ბელადის ან მეფის საკუთრებაში უნდა ყოფილიყო, რაც მათ წარმოდგენაში გამოხატავდა ერის მთლიანობას. მინიჭებული ძალაუფლებით, ბელადს შეეძლო გადაენაწილებინა ეს მიწები თავის დაქვემდებარებულ ხალხზე. მიწა გაიცემოდა ყოველივეზე, თუმცა არ გადადიოდა უშუალოდ საკუთრებაში და არავის ჰქონდა მისი გაყიდვის თუ გაცვლის უფლება. ამის გათვალისწინებით ზულუს საკუთრებაში შედიოდა: მსხვილი საქონელი, თხები, ცხვრები და სხვა შინაური ცხოველები. გარდა ამის, მათ მფლობელობაში შედიოდა საცხოვრებელი ადგილები, იარაღები, ჭურჭელი და ასევე პირადი საკუთრება, როგორსაც მაგალითად წარმოადგენდა ტანსაცმელი. აღსანიშნავია, რომ ამ ხალხში სიმდიდრე და პრესტიჟი იზომებოდა საქონლის რაოდენობის მიხედვით. ტომის მთავარი ეკონომიკური დასაყრდენი სწორედ საქონელი იყო, რომელიც არამარტო ზულუს საკვების რაციონის დიდ ნაწილს შეადგენდა, არამედ გამოიყენებოდა ტანისამოსშიც. არც არის გასაკვირვი, რომ ყველაზე მეტად სწორედ საქონელზე ზრუნავდნენ და მატი დაკარგვა უდიდეს ტრაგედიად აღიქმებოდა.

ზულუს ხალხში ქონების მემკვიდრეობით მიღება ყოველთვის ხდებოდა მამის ხაზით, ხოლო მნიშვნელოვანი თანამდებობები, მაგალითად როგორიც იყო ბელადობა, გადაიცემოდა უფროსს ვაჟზე. მამის გარდაცვალების შემდეგ ოჯახის ქონებას ეუფლეოდა უფროსი ვაჟი, თუმცა არსებობდა გამონაკლისებიც. თუ ოჯახში არ არსებობდნენ მამრობითი სქესის მემკვიდრეები, მაშინ ქონება გადადიოდა მონათესავე ოჯახის უფროსი ვაჟის მფლობელობაში.

სოციალიზაცია

რედაქტირება

რაც შეეხება სოციალურ წყობას, ბავშვებს ადრეული ასაკიდამვე ჩანერგილი აქვთ შრომის დანაწილების წესები. ქალებს ევალებოდათ საშინაო საქმეები, ხოლო მამაკაცები დაკავებულები იყვნენ სამეურნეო საქმიანობითა და ოჯახის გარეთ, სხვებთან ურთიერთობებით. ახალგაზრდა ბიჭები და გოგონები დროის უმეტეს ნაწილს სკოლებში ატარებდნენ, ხოლო მოგვიანებით შესაძლებლობის მქონე სკოლადამთავრებულებს შეუძლიათ სწავლა გააგრძელონ ინსტიტუტებში. ასევე მნიშვნელოვანია ზულუს კულტურაში არსებული ცერემონიები, რომლებიც შესაბამისად ტარდებიან ადამიანის ცხოვრების სხვადასხვა ეტაპზე და ეხმარება მისთვის განკუთვნილი, ახალი როლის მორგებაში.

სოციო-პოლიტიკური წყობა

რედაქტირება

სოციალური წყობა

რედაქტირება

ზულუს ხალხში სოციალური სტატუსი ტრადიციულად მინიჭებული იყო ნათესაობრივი კავშირისა და ხელმძღვანელობის მიხედვით. როგორც არსებობდა სერიოზული პატივისცემა ოჯახის თავისა და მამის ხაზის მიმართ, ასევე დიდი პატივისცემა გააჩნდათ ზოგადად მამაკაცების მიმართ, როგორც მნიშვნელოვანი იდენტობის მატარებლები. აღსანიშნავია ასევე უდიდესი პატივი ინკოსისა (ინგლ. INKOSI (ბელადის)) და მისი ოჯახის, როგორც ჯგუფის სამეფო ოჯახის მიმართ. ზულუს ხალხში არსებობს სოციო-ეკონომიკური უთანასწორობა, რაც განპირობებული იყო კაპიტალისტური ეკონომიკის ფულის მარაგებთან სხვადასხვა ხელმისაწვდომობით. ეს ეკონომიკური განსხვავებები ასევე თანაარსებობდა სხვადასხვა ცხოვრების სტილში: როგორც ტრადიციულ ზულუს ხალხის ცხოვრებაში, რაც აისახება მათ რელიგიაზე, ჩაცმის წესსა და აგრესიულ დამოკიდებულებაზე დასავლური სტრანდარტებისა და მანერების მიმართ. ასევე ალტერნატიულ, დასავლური კაპიტალისტური ცხოვრების სტილში.

პოლიტიკური წყობა

რედაქტირება

ზულუს წყობაში ყველაზე მცირე პოლიტიკურ ერთეულს წარმოადგენდა კრაალი (მესაქონლე ტომების საცხოვრებელი ადგილია, შედგება რამდენიმე ქოხისაგან). კრაალი იმართებოდა კრაალის თავის მიერ, რომელსაც თავის მხრივ ავტორიტეტი გააჩნდა თავის დაქვემდებარებულ ხალხზე. იგი წარმოადგენდა აბსოლუტურ მფლობელს კრაალის მთელ ქონებაზე, რომელშიც არ შედიოდა უშუალოდ ოჯახების ქონებაი და მათი პირადი საკუთრება. იგი ასევე ვალდებულია ჩაახშოს წარმოშობილი დაპირისპირებები და დავები. კრაალის თავი თავის მხრივ ექვემდებარება რაიონის გამგეს იზიგოდის (ინგლ. IZIGODI). მმართველობაში ისინი წარმოადგენდნენ ბელადების ქვე დანაყოფებს, რომლებიც თავის მხრივ ექვემდებარებიან მმართველებს იზინდუნებს (ინგლ. IZINDUNA). იზიგოდის გააჩნია იმავე ძალაუფლება თავის დაქვემდებარებულ რაიონზე, როგორიც ბელადს მთელ სოფელზე. იგი პასუხისმგებელია კანონებსა და წესრიგზე თავის რაიონში. მას მამობრივი ზრუნვა გააჩნია თავის ხალხზე და ითვლებოდა, რომ მისი წინაპრებიც მის მსგავსად მოქმედებდნენ. იზიგოდი პასუხისმგებელი იყო ბელადის ან მეფის წინაშე. ბელადი მოიაზრებოდა ხალხის მამად და ზულუს ხალხს სჯეროდა, რომ სწორედ მისი წინაპრები განაპირობდნენ თემის კეთილდღეობას.

ზულუს ხალხს ჰყავდათ მონარქი, რომელსაც უდიდეს პატივს სცემდა ამაკოსის (ინგლ. AMAKHOSI (ბელადების)) ქვეშ დაქვემდებარებული ხალხი. ამანკოსი მეფის მიმართ პატივისცემას გამოხატავს „ტრადიციული ბელადების სახლში“ დასწრებითა და მეფის მიერ მოწყობილი ყველა ფესტივალის მხარდაჭერით. მეფე სამართლის განსახიერება იყო და როგორც წინაპრების წარმომადგენელი, რიტუალების ცენტრში იმყოფებოდა. იგი მთლიანობაში გამოსახავდა ერს და მისი შეურაცხყოფა დიდ ცოდვად ითვლებოდა. მეფე წარმოადგენდა საკანონმდებლო და სასამართლო ორგანოებს, თუმცა მისი ძალაუფლება შეზღუდული იყო. ხალხი ჩვეულებრივ ადათების მიხედვით იმართებოდა და არ არსებობდა კანონმდებლობის ხშირად გამოყენების საჭიროება. მეფეს არ შეეძლო კანონებს მიღება თავისი მრჩეველების გარეშე, რომლებიც უშუალოდ ხალხის ნებას წარმოადგენდნენ. თანხმობის გარეშე მიღებული კანონი ჩაითვლებოდა ადათებისგან გადახვევას და მისი საზოგადოებაში მიღება დამოკიდებული იქნებოდა სახალხო აზრზე. მიუხედავად იმისა, რომ ზულუს მეფე მიიჩნეოდა ყველაფრის მფლობელად, იქნებოდა ეს ხალხი, საქონელი თუ მიწა, როგორც უკვე აღვნიშნე მას არ შეეძლოთ თავისუფლად მიეღო კანონები, წამოეწყო ომი და თანხმობის გარეშე გაეცა მიწა. კიედვ ერთი შეზღუდვა, რაც არსებობდა მეფის ძალაუფლებაზე იყო ის, რომ მას არ შეეძლო სათანადო მიზეზის გარეშე ვინმე სიკვდილით დაესაჯა. თუმცა მიზეზის პოვნა არც ისე რთულ იყო, თუ მას მართლაც სურდა ვინმეს თავიდან მოშორება. უმეტეს შემთხვევაში ასეთი პირი წარმოადგენდა მდიდარ კაცს, რომელსაც დიდი ქონება გააჩნდა საქონლის სახით და მთელი მისი ოჯახის სიკვდილის შემთხვევაში მეფე ჩამოართმევდა ქონებას. ბრალი უმეტეს შემთხვევაში ჯადოსნობაში ედებოდათ და ექიმის დამტკიცების შემდეგ, აღნიშნულ ბრალდებულსა და მის ოჯახს სიკვდილით სჯიდნენ.

ზოგიერთ მმართველობაში ბელადებს ჰყავდათ დამატებით მრჩეველები, რომლებიც სხვა ხელმძღვანელებთან ერთად წარმოადგენდნენ ტომის ავტორიტეტს და ეხმარებოდნენ ბელადს ხალხის მართვაში. ამასთან ერთად, დემოკრატიულად არჩეული ადგილობრივი მთავრობის სტრუქტურები კვაზულუ-ნატალის პროვინციის ყველა ხალხისათვის აწესრიგებდნენ სერვისებზე ხელმისაწვდომას. ეს სტრუქტურები მჭიდრო კავშირში მუშაობდნენ კვაზულუ-ნატალის პროვინციის მთავრობასთან და საკმაოდ სადავო საკითხს წარმოადგენს მათი ურთიერთობა ბელადებთან.

სოციალური კონტროლი

რედაქტირება

ზულუს ხალხზე რამდენადმე გავლენა იქონია ინდივიდუალიზმმა. უფროსი თაობა ხშირად ტრაბახობდა, რომ ახალგაზრდა თაობის სწორად აღზრდა თემის თითოეული წევრის მოვალეობა იყო, თუმცა მოგვიანებით ხალხის უმრავლესობას ერჩივნა თვითონ მიეხედა თავისი საქმისათვის. ეკლესიისა და ოჯახის ინსტიტუტებს შეზღუდული კონტროლი გააჩნდათ ხალხის მორალურ ქცევებზე. ასევე სახალხო სასჯელი არც ისე ხშირი იყო, როგორც უფროსი თაობის ხალხი ირწმუნებოდნენ. ამის მაგივრად ცუდ საქციელზე რეაგირება შესაბამისი ინსტიტუტის მოვალეობა იყო, იქნებოდა ეს სკოლა, პოლიცია თუ თემის ავტორიტეტი (მთავრობის შესაბამისი სტუქტურები).

კონფლიქტი

რედაქტირება

რეგიონალური კომფლიქტები

რედაქტირება

დრო და დრო ჩნდებოდა კონფლიქტი რამდენიმე ბელადს შორის, რაც უპირველეს ყოვლისა გამოწვეული იყო გამყოფი საზღვრებით. ამ ყველაფერს ამწვავებდა კოლონიური მიწის პოლისები. საბოლოო ჯამში ეს ყველაფერი მთავრდებოდა შუღლით ორ დაპირისპირებულ მხარეს შორის და ხშირად მასში ერთვებოდნენ სახელმწიფო ინსტიტუტები, როგორებიც იყვენენ პოლიცია, თავდაცვითი ძალა და სასამართლო. სხვა სახის კონფლიქტებს წარმოადგენდნენ რამდენიმე პოლიტიკურ ძალას შორის დაპირისპირება პოლიტიკურ უთანხმოებაზე. პრეკოლონიალურ პერიოდში ასევე არსებობდა დაპირისპირება თემებს შორის, რაც ხშირ შემთხვევაში ეხებოდა საკუთრებას ან საზღვრებს. ამ პროცესებში ხშირი იყო არა-ზულუ ჯგუფების ჩართულობა, რომლებიც აქეზებდნენ სხვებს გაეზარდათ თავიანთი საზღვრები. ეს ჯგუფები ხშირ შემთხვევაში წარმოადგენდნენ სამხრეთში არსებულ კოსასა (ინგლ. Xhosa) და ბასუტოს (ინგლ. BaSotho) ხალხებს.

ბრიტანელებთან დაპირისპირება

რედაქტირება

ბრიტანელებსა და ზულუსებს შორის ომი დაიწყო მას შემდეგ, რაც ბრიტანულმა არმიამ სცადა ნატალის რეგიონის გავლით ზულულენდის ოკუპირება. მიუხედავად იმისა, რომ ზულუსები წინააღმდეგობას უწევდნენ, ევროპელებმა მაინც მოახერხეს მათი დამარცხება და 1840 წელს ზულუსების მეფის - დინგანის ტახტიდან ჩამოგდება. მის ნაცვლად ტახტზე ავიდა მისი შვილი მფანდი, რომელიც გახდა ბრიტანელების კონტროლირებადი, მოსაზღვრე ბოერის რესპუბლიკის ვასალი, ხოლო 1843 წელს ბრიტანელებმა დაიმორჩილეს ნატალი და ზულულენდი. 1972 წელს მეფე მპანდი გარდაიცვალა და ის ჩაანაცვლა მისმა მემკვიდრე ქეთშავიომ, რომელსაც მის ტერიტორიაზე ევროპული დომინირების აღმოფხვრა სურდა. 1878 წელს მან უარი განაცხადა ბრიტანელების მიერ წამოყენებულ მოთხოვნაზე და არ დაშალა საკუთარი არმია, რის შედეგადაც ბრიტანელებმა, ქეთშავიოს დასჯის მიზნით, კვლავ შეუტიეს ზულულენდს. მათ იწვნიეს სერიოზული დამარცხება ისლანდვანასთან და ჰლობანის მთასთან, სადაც 1300 ბრიტანელი მეომარი მოკვდა ან მძიმედ დაიჭრა, თუმცა 29 მარტს კჰამბულას ბრძოლაში სიტუაცია ბრიტანელების სასარგებლოდ შეიცვალა.

ამის შემდეგ ზულუსები კიდევ ერთხელ დამარცხდნენ ულუნდისთან და მეფე იძულებული იყო დანებებოდა ბრიტანელებს. 1887 წელს, ზულუსების მრავალი აჯანყების ჩახშობის შემდეგ, ბრიტანელებმა ოფიციალურად მოახდინეს ზულულენდის ანექსია და 1897 წელს ის გახდა ნატალის პროვინციის ნაწილი, რომელიც თავის მხრივ 1910 წელს სამხრეთ აფრიკის გაერთიანებას შეუერთდა.

რელიგია და გამომხატველი კულტურა

რედაქტირება

რელიგიური რწმენა

რედაქტირება

ზულუს ხალხს ძლიერი რწმენა ჰქონდა თავისი წინაპრების ძლევამოსილებაში. მათ კოსმოლოგიაში ღმერთი უმთავრესია და რამდენიმე ფორმად გვევლინება. მათ შორის მნიშვნელოვანნი არიან: უმველინგქანჯი (ინგლ. UMVELINGQANGI) - მამრობითი სქესის ღმერთი, რომელიც პასუხისმგებელია ყველა ცოცხალ არსებაზე, უნომხუბულვანო (ინგლ. UNOMKHUBULWANO) - მდედრობითი სქესის ღმერთი, რომელიც ხალხს საკვებით ამარაგებდა და გამოიხატებოდა კარგი მოსავლიანობით, ასევე ფიქრობენ, რომ არსებობდა ამინდის მაკონტროლებელი ღმერთი, რომელიც უშუალოდ ჭექა-ქუხილს იმორჩილებდა. მათი კოსმოლოგია ასევე მოიცავდა წინაპრებს, რომლებსაც შეეძლოთ კარგი გავლენა ჰქონოდათ მათი ოჯახის წევრების სიცოცხლეზე, თუ მათგან სათანადო მოპყრობას მიიღებდნენ. კოსმოლოგია ასევე ითვალისწინებდა ბუნების ძალას, რაც კი გულისხმობდა უშუალოდ მცენარეებისა და ცხოველების გამოყენებას უმუტის (ინგლ. UMUTHI (წამლების)) დასამზადებლად და მათ სწორად ან არასწორად გამოყენებას, რაც ხალხზე ან ნეგატიურად ან პოზიტიურად იმოქმედებდა. ეს ყველაფერი უმეტესწილად ტრადიციული წამლების დარგს მიეკუთვნებოდა.

აღსანიშნავია ასევე ქრისტიანობის გავლენა ზულუს ხალხზე. მათი უმეტესობა აერთიანებს ტრადიციულ რელიგიურ რწმენებსა და ამ რელიგიას. ასევე მათ შორის არიან ისინიც, ვინც აშკარად გამოხატავს თავის გაქრისტიანებას და მათი უმეტესი ნაწილი მისდევს ქრისტიანობის პროტესტანტულ ტრადიციებს.

ზულუს რელიგია არსებითად ყოფით ცხოვრებაზე  დაფუძნებული რელიგიაა, რომელიც მოიცავს სავალდებულო საოჯახო  რიტუალებს, რომლებსაც  წარმართვენ  ოჯახის უფროსები. ეს  რიტუალები უმეტეს შემთხვევაში მოითხოვენ  მსხვერპლშეწირვას ცხოველის სახით, უმეტეს შემთხვევაში ისინი სწირავენ თხებს.

მათში ასევე არსებობს ეკლესიები, ცნობილი, როგორც  აფრიკის მკვიდრი ეკლესიები, რომლებიც აერთიანებენ დასავლურ ქრისტიანობასა და ზულუს ხალხის წინაპრებთან კომუნიკაციის გზებს. მათ ჰყავთ მკურნალები და მღვდლები, რომლებიც აძლევენ მითითებებს თუ როგორ აღასრულონ ესა თუ ის რიტუალი. ტრადიციულად მათ ჰყავთ წინასწარმეტყველები, რომლებიც  იკვლევენ ავადმყოფობისა და სხვადასხვა უბედურების მიზეზებს. მათი ქმედებები უკავშირდება სხვადასხვა ჯადოსნობებს .

ცერემონიალები

რედაქტირება

ზულუსები აქტიურად აღნიშნავენ ისეთ ცერემონიალებს როგორებიც არიან: ბავშვის დაბადება, მომწიფება, ქორწინება, და სიკვდილი. ისინი ცერემონიალების დროს, სხვადასხვა ცხოველს მსხვერპლად სწირავენ საკუთარ წინაპრებს. ზულუსები განსაკუთრებით აღნიშნავენ დაბადებისა და მომწიფების ცერემონიალებს. მათთვის უშვილობა და გოგონას დაბადება არის უდიდესი უბედურება. ქორწინება არ არის მტკიცე მანამ, სანამ შვილი განსაკუთრებით კი, ვაჟი არ დაიბადება.ზულუს ახალშობილებს სახელებს არქმევენ და მათ წინაპრებს აცნობენ ცერემონიალით, რომლესაც ჰქვია იმბელეკო (ინგ. IMBELEKO). ამ  ცერემონიალის დროს წინაპრებს სწირავენ ცხოველებს ხშირ შემთხვევაში კი ცხვარს.                    

მომწიფების ცერემონია უმამულუ (ინგ. UMAMULU) არის ახალგაზრდების ზრდასრულებად გამოცხადება, დღესდღეობით მას მხოლოდ გოგონებისათვის აღნიშნავენ. ამ ცერემონიალით ხდება გოგონების გამოყოფა, როგორც უკვე მომწიფებულები და ზრდასრულები, რომლებიც მზად არიან გათხოვებისთვის.  ცერემონიალი განსაკუთრებით აღინიშნება, ცეკვითა და სიმღერით. ცერემონიალზე კარგად ილხენენ და ამასთანავე აუცილებლად სწირავენ ცხოველს, ეს ცხოველი კი ძირითად შემთხვევაში არის ძროხა. ყოველივე ამის შემდგომ, გოგონა ოფიციალურად ცხადდება ქორწინებისთვის მზად. შემდეგ იწყება „სიყვარულის პოვნის“ დღეები. გოგონას შეუძლია გადადგას პირველი ნაბიჯი სასიყვარულო წერილის გაგზავნით იმ ბიჭთან, რომელმაც მის მიმართ სიმპათია გამოხატა. ზულუსების სასიყვარულო წერილი მზადდება მძივებისაგან. სხვადასხვა ფერს განსხვავებულ მნიშვნელობას ანიჭებენ და ამ მძივების გარკვეული კომბინაცია განსხვავებულ შინაარს ატარებს. სასიყვარულო ურთიერთობა დგება მას შემდეგ, რაც ვაჟი დაუბრუნებს საპასუხო წერილს ან ესტუმრება გოგონას. როდესაც ორივე მხარე გაუმხელს ერთმანეთს სიყვარულს, ამის შემდეგ წყვილს შეუძლია საჯაროდ  ერთად ყოფნა. მოგვიანებით  ბიჭი მიდის ხელის სათხოვნელად გოგოს მშობლებთან ოჯახში.

ქორწინება

რედაქტირება
 
ზულუსების ტრადიციული საქორწინო ტანისამოსის მოდერნიზებული ვერსია

იმისათვის, რომ ქორწინება შედგეს აუცილებელი წინაპირობაა, საქმრომ გადაიხადოს ქორწინების საფასური. ეს არის ერთგვარი ნიშანი იმისა, რომ მამაკაცი თანახმაა შეირთოს ქალი ცოლად. ადამიანთა უმრავლესობა ამჯობინებს, რომ გადაიხადოს ორნაირი - დასავლური და ტრადიციული ქორწილი. დასავლური ქორწილი იმართება ტაძარში, ხოლო ტრადიციული ქორწილი, რომელსაც ეწოდება უმგაგო (ინგ. UMGCAGCO) იმართება სასიძოს ოჯახში. ტრადიციულ ქორწილში არ გზავნიან მოსაწვევ ბარათებს და ნებისმიერს შეუძლია მასზე დასწრება. სწორედ ამიტომ, ტრადიციულ ქორწილში უამრავი ადამიანი იყრის თავს. დასავლური სტილის ქორწილში პატარძალი იმოსება თეთრ საქორწინო კაბაში, ტაძარში ცერემონიალის შემდეგ კი ნეფე-პატარძალი იცვამს ტრადიციულ სამოსს. მამაკაცი ატარებს  ტრადიციული თხელ სამოსს, ხოლო დედოფალი ატარებს თავსაბურავს, მძივებით გაწყობილ ყელსაბამსა და ნაზი ტყავის წინსაფარს. ქორწინება აერთიანებს ისევე როგორც ორ ადამიანსა და ორ ოჯახს, ასევე ამ ორი ოჯახის წინაპრებს. სწორედ ამიტომ, ოჯახები მიწაზე ღვრიან ლუდს, იმის ნიშნად, რომ მათი წინაპრებიც ესალმებიან ამ ქორწინებას. ქორწილის მნიშვნელოვანი ნაწილია ზულუსების ტრადიციული ცეკვები, სადაც ნეფისა და დედოფლის ნათესავები ერთმანეთს ეჯიბრებიან. როდესაც მამაკაცი ირთავს ცოლს იგი ვალდებულია, პატივის ცემა გამოხატოს როგორც თავად მეუღლის, ასევე მის ოჯახის წევრებისა და გარდაცვლი წინაპრების მიმართ. სწორედ ამიტომ, მნიშვნელოვანია, ქორწილში ცხოველის შეწირვა, ძირითად შემთხვევებში ეს ცხოველი არის ძროხა ან თხა.

დაკრძალვა

რედაქტირება

ზულუსებისათვის ადამიანის სიკვდილი განსაკუთრებით საზარელი დანაკარგია. ისინი დიდად განასხვავებენ იმას, თუ რითი გარდაიცვლება ადამიანი ავადმყოფობით თუ მკვლელობით. ამ უკანასკნელ შემთხვევაში მიცვალებულს უტარდება დამატებითი რიტუალი, რომლითაც სურთ, რომ ასეთი უბედურება მომავალში თავიდან  აიცილონ. მათ მიაჩნიათ, რომ ადამიანის გარდაცვალება აბინძურებს მათ სამყოფელს და მრავალი ცერემონია ტარდება იმისათვის, რომ განიწმინდონ ამ უბედურებისაგან. ეს რიტუალები, რა თქმა უნდა, აგრეთვე მოიცავს გარდაცვალებულის სხვა სამყაროში „გაგზავნას“.

ზულუსებს აქვთ მტკიცე რწმენა სიკვდილის შემდგომ სიცოცხლეზე. ისინი უდიდეს პატივს აგებენ გარდაცვლილ წინაპრებს და სჯერათ, რომ ისინი არიან შუამავლები ღმერთსა და მათ შორის. ზულუსებისათვის დაკრძალვა არის უმნიშვნელოვანესი რიტუალი, რომელსაც დღესდღეობითაც საკმაოდ მკაცრად იცავენ. დაკრძალვისას ბევრი მნიშვნელოვანი წესი აქვთ მათ შორის კი, უმნიშვნელოვანესია ცხოველის შეწირვა, როგორც გარდაცვლილის საჩუქარი, (ამას განსაკუთრებით იმ შემთხვევებში მიმართავენ, როდესაც გარდაცვლილი არის ოჯახის უფროსი წევრი) ასევე უძველესი რიტუალის ნაწილია ხელების დაბანა შეწირული ცხოველის ფეკალიით (ამას აკეთებენ, როდესაც უკვე დამარხავენ მიცვალებულს), ამას მოჰყვება საკმევლის კმევა, რაც მათთვის წინაპრებთან კომუნიკაციის საშუალებაა და შემდეგ კი სვამენ სპეციალურ ზულუსურ ლუდს. სიკვდილი განიხილება, როგორც სიცოცხლის ახალი საფეხური, ხოლო დაკრძალვა არის ამ გარდაქმნის ზეიმი. მათთვის ძალიან მნიშვნელოვანია, რომ პანაშვიდი სწორად წარიმართოს, წინააღმდეგ შემთხვევაში მათ სჯერათ, რომ შესაძლებელია გარდაცვლილის უკან დაბრუნება, რომელიც უამრავ პრობლემებს შეუქმნის ცოცხლებს. აღსანიშნავია, რომ გარდაცვლილს საფლავის ქვას უხსნიან გარდაცვალებიდან ერთი ან ორი წლის შემდეგ, რომელსაც ახლავს მსგავსი სახის რიტუალები, რასაც დაკრძალვისას იყენებენ. ძველი ტრადიციის მიხედვით დიდებული, საპატიო, ზულუსი იმარხებოდა სახლში, საცხოვრებელი სახლის უკან, ხოლო ოჯახის უფროსი იკრძალებოდა ცხოველის სადგომში. სამარხებში დამარხვა ჩნდება მეცხრამეტე საუკუნიდან მისიონერების გამოჩენის შემდეგ.

სამეფო ცერემონიალები

რედაქტირება

სამეფო ცერემონიალი მოიცავს ლერწმით ცეკვას, სადაც ქალები აწყობენ აღლუმს მეფის სასახლისკენ ათასობით მაყურებლის თვალწინ და აჩვენებ ქალურ უბიწოებასა  და სინაზეს. ტრადიციის მიხედვით მეფე თუ მოისურვებს შეუძლია ამოარჩიოს ამ აღლუმიდან ერთ-ერთი საუკეთესო ქალბატონი საცოლედ.

ზულუსები ყოველი წლის 24 სექტემბერს აგრეთვე აღნიშნავენ გრინვიჩის დროს შაკა ზულუს  (ინგლ. SHAKA ZULU), რომელსაც ისტორიულად შაკას დღე უწოდეს, ეს დღეს ძალზედ მნიშვნელოვანი იყო მათთვის და საუკუნეების განმავლობაში აღნიშნავენ, ხოლო სამხრეთ აფრიკის ახალ დემოკრატიულ ერაში ამ დღის სახელი შეიცვალა და მას „მემკვიდრეობის დღე“ (ინგლ. Heritage-day) ეწოდა, სავარაუდოდ ეს დღე ცნობილია მთელი სამხრეთ აფრიკელი ხალხისთვის. თუმცა, ხალხის ნაწილი ამ დღეს მაინც ზულუს დღესასწაულს აღნიშნავს. ზულუს მეფეებში არსებობს მეტად საინტერესო ტრადიცია - ყოველ შობის დილას ის ადგილობრივ ნაციონალურ რადიოში ავრცელებს 20 წუთიან მიმართვას ზულუს ხალხთან.

ხელოვნება

რედაქტირება

ზულუსები განთქმულნი არიან თავიანთი სამეთუნეო საქმიანობით. ქოთნების შექმნის ხელოვნება და მისი გაფორმება ზულუსელი ქალის მნიშვნელოვანი უნარია. მძივებით გაფორმება, ბალახისა და პალმის ქსოვა ზულუს ხელოვნებაში და ხელნაკეთობაში განსაკუთრებით მნიშვნელოვანია. ისინი ძალიან კრიატიულები და შემოქმედებითები არიან, სწორედ ამიტომ მათ ყოფით ცხოვრებაში მნიშვნელოვანი ადგილი უჭირავს ამ ხელოვნებას. როგორც წესი ხელნაკეთობებს აკეთებენ ქალბატონები, მაგრამ კვაზულუ-ნატალის ზოგიერთ ნაწილში მამაკაცებიც აქტიურად არიან დაკავებულები ხეზე  ჭრით.

მედიცინა

რედაქტირება

ზულუსებში მედიცინის ორი ფორმა არსებობს: პირველი - ეს არის მედიცინა, რომელიც ეხება ფიზიკურ დაავადებებს და ადამიანის სხეულის ფსიქოლოგიურ პრობლემებს. მეორე - ეს არის შთაგონების ძალის მქონე მედიცინა, რომელსაც აქვს გასაოცარი უნარი მოახდინოს  დადებითი ან უარყოფითი ზეგავლენა პაციენტებზე. ამ სახის მედიცინას უფრო გამოიყენებდნენ, ერთმანეთზე გადამტერებული ადამიანები, როგორც საბრძოლო იარაღს. ზულუსები ასევე კარგად იყენებდნენ დასავლური მედიცინის პრაქტიკასაც. ზულუს ხალხის ტრადიციულ მედიცინაში აქტიურად გამოიყენება სხვადასხვა მცენარითა და ცხოველით  მკურნალობა.

ძალიან პოპულარულია ფეხბურთი როგორც კაცებში ისე პატარა ბიჭებში. ახალგაზრდა ბიჭებში განსაკუთრებით კი მათში, ვინც დიდი მდინარეების მახლობლად ცხოვრობენ, პოპულარულია ასევე ცურვაც. გოგონებსაც აქვთ თამაშის უფლება, თუმცა ამას მხოლოდ მაშინ ახერხებენ, როცა რჩებიან დედის დახმარებას საშინაო საქმეებში. ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული თამაში გოგონებში, განსაკუთრებით კი კვაზულუს სოფლებში არის „მასიანა/მაპაკატი“ (ინგლ. masishayana/maphakathi). წესების თანახმად ორი გოგონა დგება ერთმანეთის საპირისპიროდ დაახლოებით 50 მეტრის მანძილზე. მესამე გოგონა დგება მათ შორის და სახით იმის მხარეს, ვისაც ტენისის ბურთი უჭირავს. მათი მიზანია შუაში მდგარ გოგონას გაარტყან ბურთი, თავის მხრივ გოგონა ცდილობს აიცილოს. თუ მას ბურთი შეეხება მაშინი გავარდება, თუ მოახერხებს რომ ათჯერ აიცილოს ბურთი იგი მიიღებს ქულას. გოგონებსა და ბიჭებს ერთნაირად იზიდავთ შეჯიბრება სირბილში. ყველაზე ცნობილი ფეხბურთელები არიან დოქტორ კუმალო, ლუკას რადებე და სიფივ ჩაბალა. აგრეთვე ზულუს ხალხის წარმომადგენელია პარაოლიმპიკელი მორბენალი და ოქროს მედლის მფლობელი სამკელო რადებე.

რესურსები ინტერნეტში

რედაქტირება
 
ვიკისაწყობში არის გვერდი თემაზე:
  1. 1.0 1.1 1.2 1.3 1.4 1.5 1.6 1.7 The Zulu people group are reported in 7 countries. ციტირების თარიღი: 21 August 2015.
  2. International Marketing Council of South Africa. (9 July 2003) South Africa grows to 44.8 million. southafrica.info. დაარქივებულია ორიგინალიდან — 22 მაისი 2005. ციტირების თარიღი: 4 March 2005.
მოძიებულია „https://ka.wikipedia.org/wiki/ზულუ“-დან