ამ გვერდს არა აქვს შემოწმებული ვერსია, სავარაუდოდ მისი ხარისხი არ შეესაბამებოდა პროექტის სტანდარტებს.

ავსტრალიელები (ინგლ. Australians) — ავსტრალიის კონტინენტის თანამედროვე მოსახლეობა, რომელიც ავსტრალიის მოქალაქეა. სალაპარაკო ენაზე ავსტრალიელებს ხშირად უწოდებენ „აუსებს“ (ინგლ. „Aussies“). ავსტრალია მულტიკულტურული ქვეყანაა, რომელშიც მრავალი ეთნიკური წარმომავლობის ადამიანი ცხოვრობს, ამიტომ ავსტრალიურ კულტურაში ნებისმიერი, ვისაც ამ ქვეყნის მოქალაქეობა აქვს, ავსტრალიელად ითვლება, განურჩევლად ეთნიკური წარმომავლობისა. 2021 წლის გამოთვლებით ავსტრალიის ამჟამინდელი მოსახლეობა 25,804,000 უნდა იყოს.

ავსტრალიელები
ავსტრალიელები მსოფლიოში
ავსტრალიური დიასპორის მსოფლიო რუკა
საერთო მოსახლეობა
25,763,214
ენები ავსტრალიური ინგლისური
ავსტრალიური აბორიგენული ენები
სხვა უმცირესობათა ენები
რელიგიები 52% ქრისტიანი (კათოლიციზმი, ანგლიკანიზმი და სხვა მიმდინარეობები)
8% სხვადასხვა არაქრისტიანული რელიგიები
30% ურელიგიო

1788 წლიდან მეორე მსოფლიო ომამდე ქვეყნის ეროვნული შემადგენლობა მრავალფეროვნებით არ გამოირჩეოდა და ის ძირითადად ბრიტანული და ირლანდიური წარმოშობის იყო, თუმცა მეცხრამეტე საუკუნეში ავსტრალიაში საკმაო რაოდენობის ჩინელი და გერმანელი ჩავიდა.

ბევრი თავდაპირველი დასახლება, რომელიც ბრიტანელებმა ავსტრალიაში დაარსეს, მსჯავრდებულთა კოლონია იყო, რომლებიც ბრიტანეთიდან ავსტრალიაში გამოაგზავნეს, რათა ბრიტანეთი კრიმინალთაგან „დაეცალათ“ და ციხეები არ გადავსებულიყო. ავსტრალიამდე ბრიტანეთი მსჯავრდებულებს ამერიკულ კოლონიებში აგზავნიდა, თუმცა აშშ-ს დამოუკიდებლობის გამოცხადების შემდეგ, ამ ფუნქციის შესრულება ავსტრალიამ დაიწყო.

1850-იან წლებში ავსტრალიაში დაიწყო „თავისუფალი მოსახლეების“ მასიური იმიგრაცია, რაც განპირობებული იყო ავსტრალიის ოქროს ციებ-ცხელებით. მეორე მსოფლიო ომის შემდგომ ათწლეულებში ავსტრალიაში დაიწყო ევროპელთა მასიური გადმოსახლება, ოღონდ ამჯერად მათ რიცხვში მრავალი სამხრეთ და აღმოსავლეთ ევროპელი იყო, წინა ათწლეულების იმიგრანტთა ბრიტანულ-ირლანდიურ წარმომავლობასთან შედარებით.

1901-1973 წლებში ავსტრალიაში მოქმედებდა „თეთრი ავსტრალიის პოლიტიკა“, რომელიც არათეთრკანიან და არაევროპელ იმიგრანტებს უკრძალავდა ქვეყანაში დასახლებას, ეს განსაკუთრებით ეხებოდა აზიელებსა და წყნარი ოკეანის კუნძულების აბორიგენ მოსახლეობებს. 1973 წლიდან ეს მიდგომა შეიცვალა და ავსტრალიამ მულტიკულტურალიზმის გეზი აირჩია. ავსტრალიას ამჟამად მსოფლიოში სიდიდით მერვე იმიგრანტთა მოსახლეობა ჰყავს, 2019 წელს მოსახლეობის ოცდაათი პროცენტი იმიგრანტი იყო. XXI საუკუნეში ავსტრალიაში იმიგრანტთა დიდი ტალღამ განაგრძო ჩამოდინება, თუმცა ამ შემთხვევაში, იმიგრანტები ძირითადად აზიელები არიან.

ავსტრალიის მოსახლეობის მცირე ნაწილი ამ კონტინენტის აბორიგენი მოსახლეობაა, რომელიც მოიცავს აბორიგენ ავსტრალიელებს, ტასმანელებსა და ტორესის სრუტის კუნძულელებს.

ავსტრალიური იდენტობისა და ეროვნული ხასიათის ჩამოყალიბება მეცხრამეტე საუკუნიდან დაიწყო. ავსტრალიელთა ძირითადი ენა ავსტრალიური ინგლისურია, ავსტრალიური კულტურა და ლიტერატურა კი დაფუძნებულია ანგლო-კელტურ და ზოგადად, დასავლურ-ქრისტიანულ ტრადიციებზე, შესაბამისად, ყველაზე გავრცელებული რელიგია ქრისტიანობაა.

წარმოშობა

რედაქტირება
 
ევროპული წარმოშობის ავსტრალიელი მორაგბეები.

2016 წლის კვლევის მიხედვით, ავსტრალიელთა მიერ ყველაზე ხშირად დასახელებული მათი ეროვნული წარმოშობა შემდეგნაირია:

ევროპელები

რედაქტირება

დღეისთვის ავსტრალიის მოსახლეობის უმეტესობა ევროპული წარმოშობისაა, 2016 წლის გათვლებით ევროპელი ავსტრალიელები მოსახლეობის 76%-ს შეადგენენ. ისტორიულად ევროპელმა იმიგრანტებმა ავსტრალიის, როგორც ქვეყნის, ფორმირებაზე უდიდესი გავლენა იქონიეს, ამიტომაც ავსტრალია დასავლური სამყაროს ნაწილად ითვლება.

1788 წლიდან მოყოლებული, როცა ავსტრალიაში ბრიტანელების ჩამოსახლება დაიწყო, ავსტრალიის მოსახლეობის უმეტესობას ევროპული წარმომავლობის ადამიანები შეადგენენ.

მიუხედევად იმისა, რომ ზოგიერთი ავსტრალიელთა იდენტობას მსჯავრდებულებს უკავშირებს, ავსტრალიის მოსახლეობის აბსოლუტური უმრავლესობა ამ კონტინენტზე თავისი ნებით ჩამოვიდა. მოსახლეობის მხოლოდ მეხუთედი ითვლება მსჯავრდებულთა შთამომავლად. პირველი მოსახლეები კი, რომლებიც ავსტრალიაში საკუთარი ნებით ჩავიდნენ, ძირითადად, იყვნენ ლონდონიდან, მიდლენდსიდან, ჩრდილოეთი ინგლისიდან და ირლანდიიდან. მეცხრამეტე საუკუნეში ჩამოსული ევროპელები უკვე მთლიანი ბრიტანეთიდან და ირლანდიიდან იყვნენ, მოსახლეობის მნიშვნელოვანი ნაწილი მოდიოდა სამხრეთ ინგლისიდან, ირლანდიიდან და შოტლანდიიდან. ანგლო-კელტური წარმოშობის მოსახლეებმა დიდწილად განაპირობეს ავსტრალიის ხასიათისა და კულტურის ფორმირება. 1840-ინი წლებისთვის ავსტრალიაში უკვე მოსახლეობის უმეტესობას თავისუფალი ნებით ჩამოსახლებული ხალხი შეადგენდა და მსაჯვრდებულები და მათი შთამომავლები უმცირესობაში იყვნენ. მეცხრამეტე საუკუნეში ავსტრალიის მოსახლეობის ყველაზე დიდ არაბრიტანული წარმოშობის საზოგადოებას გერმანელები ქმნიდნენ. 1901 წლისთვის ავსტრალიის მოსახლეობის 98% ანგლო-კელტური (ბრიტანულ-ირლანდიული) წარმოშობის იყო და ამ მხრივ „ბრიტანეთზე უფრო ბრიტანულად“ ითვლებოდა.

1901-1940 წლებში ავსტრალიაში 140,000 არაბრიტანელი ევროპელი ჩამოვიდა, თუმცა 1939-1945 წლებში ავსტრალიის მოსახლეობის 98% კვლავ ბრიტანულ-ირლანდიური წარმოშობის იყო. 1947 წლამდე მოსახლეობის დიდი უმრავლესობა ბრიტანულ-ირლანდიური წარმომავლობის იყო. 1950-იან წლებში მოსახლეობის მეორე ყველაზე დიდი არაბრიტანული ჯგუფი ნიდერლანდელები გახდნენ. 1971 წელს საზღავრგარეთ დაბადებულთა 70% ევროპელი იყო. 1957 წელს „თეთრი ავსტრალიის პოლიტიკის“ გაუქმებამ გამოიწვია არაევროპული წარმომავლობის ერების მასიური იმიგრაცია, განკასუთრებით აზიიდან და ახლო აღმოსავლეთიდან.

აზიელები

რედაქტირება

2016 წლის კვლევაში 3,514,915 ადამიანი იყო აზიური წარმოშობის, ესენი, ძირითადად, არიან ჩინელები, ინდოელები, ფილიპინელები, ვიეტნამელები, კორეელები და შრი-ლანკელები. ჩინელი ავსტრალიელები ავსტრალიის მოსახლეობის 5,6%-ს შეადგენდენ, ინდოელები — 2,8%-ს.

აბორიგენები

რედაქტირება
 
ავსტრალიელი აბორიგენები.

აბორიგენი ავსტრალიელები ავსტრალიის კონტინენტის უძველესი მოსახლეობაა. მიიჩნევა, რომ მათი წინაპრები აფრიკიდან აზიაში დაახლოებით 70,000 წლის წინ გადასახლდნენ და ავსტრალიაში 50,000 წლის წინ ჩააღწიეს. დროთა განმავლობაში ახალმოსახლეები ავსტრალიის კონტინენტზე გაიშალნენ და ჩამოყალიბდნენ ასობით განსხვავებულ ჯგუფად თავ-თავიანთი ენებითა და კულტურით. ბრიტანელთა ჩამოსახლების დაწყებისას მიიჩნევა, რომ აბორიგენთა რაოდენობა 315,000-750,000 იყო და 500 სხვადასხვა ტომად იყოფოდა, რომლებიც განსხავებულ ენებზე საუბროდნენ.

2016 წლის კველვაში 649,171 ადამიანმა განაცხადა, რომ აბორიგენი იყო, რაც ავსტრალიის მოსახლეობის 2,8%-ია. აბორიგენი ავსტრალიელები სხვა ეთნიკურ ჯგუფებთან შედარებით განიცდიან კრიმინალისა და უმუშევრობის უფრო მაღალ მაჩვენებლებს და დაბალი დონის განათლების მაჩვენებელს. არააბორიგენ ავსტრალიელებთან შედარებით, მამრობითი და მდედრობითი სქესის აბორიგენთა სიცოცხლის საშუალო ასაკი, შესაბამისად, 11 და 17 წლით ნაკლებია.

რესურსები ინტერნეტში

რედაქტირება
მოძიებულია „https://ka.wikipedia.org/wiki/ავსტრალიელები“-დან