ბონ სკოტი
რონალდ ბელფორდ „ბონ“ სკოტი (ინგლ. Ronald Belford „Bon“ Scott; 9 ივლისი, 1946 – 19 თებერვალი, 1980) — შოტლანდიური წარმოშობის ავსტრალიელი მომღერალი და სიმღერების ავტორი, ყველაზე კარგად ცნობილი, როგორც AC/DC-ის წამყვანი მომღერალი და ლირიკოსი 1974 წლიდან 1980-მდე, გარდაცვალებამდე.
ბონ სკოტი | |
---|---|
სკოტი AC/DC-ის კონცერტზე, 1979. | |
ბიოგრაფია | |
დაბ. თარიღი | 9 ივლისი, 1946 |
დაბ. ადგილი | ფორფარი, ანგუსის საბჭო, შოტლანდია |
წარმოშობა | ფრიმანტლი, დასავლეთი ავსტრალია, ავსტრალია |
გარდ. თარიღი | 19 თებერვალი, 1980 |
გარდ. ადგილი | აღმოსავლეთი დალვიჩი, ლონდონი, ინგლისი |
დასაფლავებულია | ფრიმანტლის სასაფლაო[1] |
ეროვნება | შოტლანდიელი ავსტრალიელი |
ჟანრ(ებ)ი |
როკ-ენ-როლი ბლუზ-როკი ჰარდ-როკი |
საქმიანობა | მუსიკოსი, მომღერალი, სიმღერების ავტორი |
ინსტრუმენტ(ებ)ი | ვოკალი |
აქტიური | 1964–1980 |
საიტი | bonscottofficial.com |
ბონ სკოტი ვიკისაწყობში |
ბიოგრაფია
რედაქტირებასკოტი ქალაქ ფორფარში, ანგუსის საბჭოში, შოტლანდიაში, დაიბადა და ადრეული წლები კირიმიურში გაატარა. 1952 წელს, ექვსი წლის ასაკში, ოჯახთან ერთად საცხოვრებლად ავსტრალიაში გადავიდა, სადაც თავდაპირველად ოთხი წლის მანძილზე მელბურნში იცხოვრა, შემდეგ კი ფრიმანტლში, დასავლეთ ავსტრალიაში, გადავიდა.
სკოტმა თავისი პირველი ბენდი The Spektors 1964 წელს ჩამოაყალიბა, რომელშიც ის დრამერი იყო და ხანდახან ვოკალისტის ფუნქციებსაც ითავსებდა. ბონი კიდევ რამდენიმე ბენდის წევრი იყო, მაგალითად, The Valentines და Fraternity, სანამ 1974 წელს AC/DC-ში დეივ ევანზს ჩაანაცვლებდა, როგორც წამყვან მომღერალს. 1970-იან წლებში AC/DC-ის პოპულარობამ იმატა თავდაპირველად ავსტრალიაში, შემდეგ კი — მსოფლიო მასშტაბითაც. 1979 წელს ჯგუფის ახალმა ალბომმა Highway to Hell-მა ამერიკის შეერთებული შტატების ტოპ ოცეულში დაიმკვიდრა ადგილი, ბენდი დიდი კომერციული წარმატების პირას იყო. თუმცა 1980 წლის 19 თებერვალს სკოტი ლონდონში გარდაიცვალა, ტრაგიკული სიკვდილის დეტალები ბოლომდე გარკვეული არაა და სიკვდილის მიზეზად სხვადასხვა ფაქტები სახელდება. ოფიციალური ვერსიით, სკოტი ძლიერი ალკოჰოლური ინტოქსიკაციის შედეგად გარდაიცვალა.
ბონ სკოტის სიკვდილის შემდეგ თავდაპირველად AC/DC დაშლასაც კი აპირებდა, თუმცა შემდეგ სკოტის ადგილას ჯგუფმა ინგლისელი ბრაიან ჯონსონი მიიღო, ბრიტანული გლემ-როკ ჯგუფის, Geordie-ის, მომღერალი. AC/DC-ის შემდგომი ალბომი Back in Black ხუთი თვის შემდეგ გამოვიდა და ის სკოტის ხსოვნას ეძღვნებოდა. Back in Black იმდენად წარმატებული ალბომი გამოდგა, რომ მსოფლიოში ყველა დროის გაყიდული მუსიკალური ალბომების რაოდენობით მეორე ადგილზე გავიდა.
2004 წელს ბრიტანულმა ჟურნალმა Classic Rock-მა სკოტი „ყველა დროის საუკეთესო 100 წამყვანი ვოკალისტის“ სიაში შეიყვანა. 2006 წელს Hit Parader-მა სკოტი მეხუთე ადგილზე გაიყვანა თავის სიაში „ყველა დროის საუკეთესო 100 მძიმე მეტალის ვოკალისტი“.
ლიტერატურა
რედაქტირება- Wall, Mick (2012). AC/DC: Hell Ain't a Bad Place to Be. London: Orion Publishing group.
- Fink, Jesse (2017), Bon: The Last Highway, The Untold Story of Bon Scott and AC/DC's Back In Black, Penguin Random House Australia.