შეძენილი იმუნური დეფიციტის სინდრომი (ინგლ. Acquired Immune Deficiency Syndrome, AIDS) — მდგომარეობა, რომელიც ვითარდება აივ-ინფექციის (ინგლ. Human Immunodeficiency Virus) ფონზე და ხასიათდება CD4+ ლიმფოციტების რაოდენობის კლებით, მრავალი ოპორტუნისტული ინფექციური და არაინფექციური დაავადებებით. არსებითად არის აივ-ინფექციის ბოლო სტადია.

შიდსი
წითელი ლენტი არის შიდსით დაავადებულთა სოლიდარობის სიმბოლო
დარგი infectious diseases Edit this on Wikidata
კლასიფიცირება და გარე წყაროები
DiseasesDB 5938
ICD-10 B24.
ICD-9 042
MedlinePlus 000594
eMedicine eMedicine: emerg/253
Patient UK შიდსი

შიდსი რეგისტრირებულია მსოფლიოს ხუთივე კონტინენტის 206 ქვეყანაში. ოფიციალური მონაცემებით, სადღეისოდ მსოფლიოში შიდსის ვირუსით ინფიცირებულია 20 მილიონამდე ადამიანი, მათგან 80% სქესობრივი გზით დაავადდა. (აქედან 70% ჰეტეროსექსუალურ, ხოლო 10% ჰომოსექსუალურ კავშირებზე მოდის). აივ-ით ინფიცირებულია მსოფლიოში აღრიცხულ ნარკომანთა 80%.

პერინატალური გადაცემა

რედაქტირება

პერინატალური გადაცემა ეწოდება აივ-ით ინფიცირებული ან შიდსით დაავადებული დედიდან ახალშობილის დაინფიცირებას. ბავშვი შეიძლება დაინფიცირდეს დედის ორსულობის პერიოდში, მშობიარობის დროს და ძუძუთი კვებისას, რადგან დედის რძეც შეიცავს ვირუსს.[1] ამ დროს მასპინძელი ორგანიზმის ანუ ბავშვის ინფიცირების რისკი სხვადასხვა, როგორც ვირუსთან, ასევე დედისა და ახალშობილის ორგანიზმთან დაკავშირებული ფაქტორების მიხედვით არის 20-28%.[2] 1994 წელს კვლევამ აჩვენა, რომ რისკს მნიშვნელოვნად ამცირებდა ზიდუვოდინით მკურნალობა. ამის შემდეგ ორსული ქალების ტესტირებისა და შემდეგ მკურნალობის შედეგად პერინატალურად ინფიცირებულ ბავშვთა რიცხვი საგრძნობლად შემცირდა.[3]

2008 წლის მონაცემებით შვეიცარიაში არც ერთი ახალი შემთხვევა არ დაფიქსირებულა, მთელ ევროპაში კი პერინატალური გადაცემის რიცხვი ნულს უახლოვდება. ანალოგიური სიტუაციაა ჩრდილოეთ ამერიკაში.[4] სუბსაჰარულ აფრიკაში 2008 წელს აივ-ით ინფიცირებული ორსულების 45%-მა გაიარა შესაბამისი მკურნალობა და იქ დაახ. 390 000 (210 000–570 000) ინფიცირების შემთხვევა დაფიქსირდა. ეს სიტუაციის თვალსაჩინო გამოსწორებაა, თუგავითვალისწინებთ იმას, რომ 2004 წელს მკურნალობა მხოლოდ 9%-მა გაიარა.[5]

ინფიცირებული ბავშვების დიდი უმრავლესობა პერინატალური გზით ინფიცირდება. დანარჩენები წარმოადგენენ სექსუალური ძალადობის მსხვერპლებს ან დაინფიცირებული სისხლის მათ ორგანიზმში მოხვედრის შედეგად ინფიცირებულთ.

სიმპტომები

რედაქტირება

ინფიცირებული ადამიანი თავს ჯანმრთელად გრძნობს. 3-10 წლის განმავლობაში ის გამოვლინდება იმუნური სისტემის ღრმა დაზიანების შემდეგ და ხასიათდება სხვადასხვანაირად, ყველაზე ხშირად შემდეგნაირად:

  • ტემპერატურის უმიზეზო მომატება 30 დღეზე მეტი ხნის მანძილზე;
  • ლიმფური კვანძების გადიდება;
  • ძლიერი საერთო სისუსტე;
  • მუქი წითელი ფერის ლაქები კანსა და ლორწოვან გარსებზე;
  • გახანგრძლივებული პნევმონია (ფილტვების ანთება), რომელიც არ ექვემდებარება ჩვეულებრივ მკურნალობას;
  • ძლიერი ოფლიანობა, განსაკუთრებით ღამით;
  • თეთრი ფერის ნადები პირის ღრუს ლორწოვანზე;
  • პათოლოგიური მოვლენები ცენტრალური ნერვული სისტემის მხრივ და სხვ.

ინფიცირების დადგენა

რედაქტირება

დღეს ადამიანის ინფიცირების ლაბორატორიული დიაგნოსტიკისთვის სხვადასხვა საშუალებები არსებობს, თუმცა ძირითადი საშუალებებია სისხლში აივ საწინააღმდეგო ანტისხეულების და ვირუსის გენეტიკური მასალის განსაზღვრა. თავდაპირველად შესაძლო ინფიცირებულ ადამიანს უტარდება პირველადი ანუ სკრინინგული დიაგნოსტიკა. სკრინინგულ მეთოდებს შორის ფართოდაა გავრცელებული ე. წ. „სწრაფი/მარტივი“ მეთოდები და ანტისხეულების გამოვლენა იმუნოფერმენტული ანალიზის მეშვეობით. სკრინინგული მეთოდით ინფიცირების დადასტურებულ სუბიექტს უნდა ჩაუტარდეს დამადასტურებელი ანუ კონფირმაციული დიაგნოსტიკა. დღესდღეობით კონფირმაციულ მეთოდებს შორის ყველაზე ზუსტია პოლიმერიზაციის ჯაჭვური რეაქციის მეთოდი (PCR). საკუთრივ PCR ორი სახისაა: თვისობრივი და რაოდენობრივი. თვისობრივი მეთოდი გამოიყენება ინფიცირების ადრეულ სტადიაში ყოფნის, სკრინინგული დიაგნოსტიკის გაურკვეველი შედეგის და ახალშობილის ინფიცირების გამოსავლენად. რაოდენობრივი მეთოდი საშუალებას იძლევა განისაზღვროს ვირუსის რაოდენობა ორგანიზმში, რაც ხელს უწყობს მკურნალობის ეფექტურობას.

წარმოქმნა

რედაქტირება

ადამიანის იმუნოდეფიციტის ვირუსში, გამოიყოფა ორი ტიპი, რომელიც აინფიცირებს ადამიანს: აივ-1 და აივ-2. აივ-1 არის მეტად საშიში და ასევე უფრო იოლად გადაცემადი. მსოფლიოში აივ ინფექციების ძირითადი ნაწილი მისგან არის გამოწვეული. 2006 წლის 25 მაისს ჟურნალ Science-ში გამოქვეყნდა, რომ სწორედ აივ-1 არის მსგავსი მაიმუნის იმუნოდეფიციტის ვირუსისა, რომელიც აღმოაჩინეს შიმპანზეებში.[6][7] მოლეკულური დაკვირვებებიდან ჩანს, რომ აივ შიმპანზეებიდან ადამიანში გადაცემულა ახლო წარსულში.

მეცნიერების მტკიცებით ვირუსის შიმპანზედან ადამიანებში გავრცელდა XIX საუკუნის ბოლოს ან XX საუკუნის დასაწყისში კამერონის ტყეებში, მდინარე სანაგასთან ახლოს ან კონგოს დემოკრატიული რესპუბლიკის დედაქალაქ კინშასას მიმდებარე ტერიტორიებში. ერთ-ერთი ვერსიის მიხედვით, აივ გავრცელდა მონადირისგან, რომელსაც ნადირობისას უკბინა შიმპანზემ. ვირუსის დიდ არეალზე გავრცელებას ხელი შეუწყო აფრიკის კოლონიზაციამ და აქედან იაფასიანი სისხლის ექსპორტმა ამერიკისა და ევროპის სისხლის ბანკებში.[8]

რესურსები ინტერნეტში

რედაქტირება
  1. მედპორტალი - შიდსი. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2007-09-28. ციტირების თარიღი: 2010-04-10.
  2. დედიდან ბავშვზე აივ ინფექცია/შიდსის გადაცემის პროფილაქტიკა, თბილისი, 2007, გვ.21
  3. შვილზე აივ-ის პერინატალური გადაცემა და მისი პრევენცია
  4. შიდსის ეპიდემიური სტატისტიკა, 2009, გვ.68
  5. შიდსის ეპიდემიური სტატისტიკა, 2009, გვ. 35
  6. ეპიდემიური და არაეპიდემიური აივ-1-ის წინამორბედი
  7. ჯეიმზ ოუენი -შიდსის წარმოშობა კამერონელი შინპანზეების ჯგუფიდან, 25 მაისი, 2006
  8. დედიდან ბავშვზე აივ ინფექცია/შიდსის გადაცემის პროფილაქტიკა, თბილისი, 2007, გვ.9