კაპრივის ზოლი
კაპრივის ზოლი[1][2] (ინგლ. Caprivi Strip, გერმ. Caprivizipfel) — ნამიბიის ტერიტორიის გრძელი ვიწრო შვერილი, რომელიც გადაჭიმულია 450 კმ-ზე ქვეყნის ტერიტორიის ძირითადი მასივის ჩრდილო-აღმოსავლეთ დაბოლოებიდან აღმოსავლეთისკენ, მდინარე ზამბეზისთან. მისი სიგანე შეადგენს 32 კმ-დან 105 კმ-მდე. ის წარმოადგენს საკმაოდ ბრტყელი მთის ხეობის მონაკვეთს, რომელიც მდებარეობს კალაჰარის ჭაობიან ჩრდილოეთ განაპირა მხარეს ზღვის დონიდან დაახლოებით 950 მეტრ სიმაღლეზე. აღმოსავლეთიდან ის შემოსაზღვრულია მდინარე ზამბეზით, რომლის მერეც იწყება ზამბია, სამხრეთიდან და ნაწილობრივ სამხრეთ-დასავლეთიდან — მდინარე ჩობეთი, რომლის მერეც მდებარეობს ბოტსვანა. ჩრდილოეთიდან ეს ტერიტორია ესაზღვრება ანგოლას, ხოლო დასავლეთით მას კვეთავს მდინარე ოკავანგო. ეს ტერიტორია დღეისათვის გაყოფილია ნამიბიის ზამბეზის და ოკავანგოს რეგიონებით.
გეოგრაფია
რედაქტირებაკაპრივის ზოლი — ტერიტორიაა ტროპიკული კლიმატით, საკმაოდ მაღალი ტემპერატურებით და ტენიანობით; დეკემბრიდან მარტის ჩათვლით — წვიმიან სეზონში — მოდის ბევრი ნალექი, რითაც კაპრივი ხდება ყველაზე უფრო ნოტიო რეგიონი ნამიბიაში. ხშირი მდინარისეული მცენარეულობა (განსაკუთრებით ლელქაში), ხშირი ტყეები, ქვიშოვანი დიუნები და ჭაობები საკმაოდ აძნელებენ რეგიონში გადაადგილებას; ეს ველური, ძნელადმისადგომი და ხელუხლებელი ცივილიზაციის ადგილია. აქ გვხვდება ცხოველთა 450-ზე მეტი სახეობა. დამახასიათებელია ფრინველების დიდი სხვადასხვაობა.
მდიდარი ნცენარეული და ცხოველთა სამყაროს დასაცავად რეგიონის ტერიტორიის დიდ ნაწილზე შეიქმნა ნაკრძალები და ეროვნული პარკები, რომლებიც ბოლო დროს იზიდავს მრავალრიცხოვან ტურისტებს. ტურისტული ინდუსტრიის განვითარების მიზნით რეგიონში პირველად გაიყვანეს ასფალტირებული გზა; დანარჩენი ადგილობრივი გზები — ეს ძირითადად მხოლოდ გზაგაკვალული გრუნტიანი ავტოგზებია.
ისტორია
რედაქტირებაXIX საუკუნის შუა პერიოდში კაპრივის ზოლის ტერიტორიის ნაწილში ცხოვრობდა ხალხი კოლოლო. კოლოლოს ბელადებთან მეგობრული დამოკიდებულება ჰქონდა ინგლისელ მოგზაურს და მისიონერს დეივიდ ლივინგსტონს, რომელმაც კოლოლოს მიწები გამოიყენა, როგორც ბაზა თავისი მოგზაურობებისთვის ცენტრალურ აფრიკაში. XIX საუკუნის ბოლოს კოლოლოს ხალხი ამ ადგილებში შეავიწროვეს, ხოლო მდინარე ზამბეზიდან მოსული ლოზის ხალხი პრაქტიკულად მთლიანად გაანადგურეს.
ზანზიბარის შეთანხმების თანახმად რეგიონი 1890 წელს შევიდა გერმანიის სამხრეთ-დასავლეთი აფრიკის შემადგენლობაში[3]. კაპრივის ზოლს გერმანიის იმპერიისთვის მდინარე ზამბეზისთან უნდა მიეცა სუვერენული დაშვება; თავისი სახელი მან მიიღო მაშინდელი გერმანელი კანცლერის — გრაფ ლეო ფონ კაპრივის პატივსაცემად. პირველი მსოფლიო ომის შემდეგ რეგიონი ქვეყნის დანარჩენ ნაწილთან ერთად გადავიდა სამხრეთ აფრიკის კავშირის (მოგვიანებით — სამხრეთ აფრიკის რესპუბლიკა) მმართველობის ქვეშ, რომელიც ქვეყანას ფლობდა 1990 წლამდე, როდესაც ნამიბიამ მიიღო დამოუკიდებლობა.
კაპრივის ზოლის მოსახლეობა საკმაოდ განსხვავდება ნამიბიის დანარჩენი ნაწილის მოსახლეობისგან; ამასთან დაკავშირებით ისტორიის მანძილზე რამდენიმეჯერ წარმოიშვებოდა დაპირისპირება ლოზის ხალხსა და ნამიბიის ჩრდილოეთში ყველაზე მრავალრიცხოვან ოვამბოს ხალხს შორის. კონფლიქტების შედეგად 1994 წელს შეიქმნა კაპრივის განთავისუფლების არმია, რომელიც გამოდიოდა კაპრივის დამოუკიდებლობის მოთხოვნით.
მოსახლეობა
რედაქტირებატერიტორიის მოსახლეობის რაოდენობა საკმაოდ მცირეა, მოსახლეობა ცხოვრობს მცირერიცხოვან სოფლებში. რეგიონის აღმოსავლეთი ნაწილი დასახლებულია ბანტუს ენოვანი ხალხით — ლოზი, რომელთა ძირითადი ნაწილი ცხოვრობს ზამბიის სამხრეთ-დასავლეთში და ბოტსვანაში. ლოზის ხალხი დაკავებულია მეცხოველეობით, მეთევზეობით და ნადირობით; მოჰყავთ სიმინდი, მარცვლეული, ასევე ნესვი და მანიჰოტი. რეგიონის უკიდურესი აღმოსავლეთის მოსახლეობა საცხოვრებელი ადგილებიდან ყოველწლიურად გადაჰყავთ მდინარე ზამბეზის ადიდების გამო. რეგიონის დასავლეთი ნაწილი დასახლებულია მხოლოდ მომთაბარე ხალხის — სანის (ბუშმენები) ჯგუფებით.
მდინარე ზამბეზიზე მდებარე პატარა ქალაქი კატიმა მულილო — რეგიონის ყველაზე დიდი დასახლებული პუნქტი და ზამბეზის რეგიონის ადმინისტრაციული ცენტრია.
რესურსები ინტერნეტში
რედაქტირებასქოლიო
რედაქტირება- ↑ Scudder, T. et al. 1993. The IUCN Review of the Southern Okavango Integrated Water Development Project. Gland, Switzerland: IUCN, p. 371.
- ↑ Firestone , Matthew & Adam Karlin. 2012. Botswana & Namibia. Footscray, Victoria: Lonely Planet, p. 137.
- ↑ Perras, Arne (2004). Carl Peters and German Imperialism 1856-1918 : A Political Biography: A Political Biography. Clarendon Press, გვ. 168–79.