ზაფხულის ოლიმპიური თამაშები

ზაფხულის ოლიმპიური თამაშებიზაფხულის შეჯიბრი საზაფხულო და საერთო სეზონურ სპორტის სახეობებში. ტარდება 4 წელიწადში ერთხელ საერთაშორისო ოლიმპიური კომიტეტის ეგიდის ქვეშ. თამაშები ტარდება 1896 წლის შემდეგ. ოლიმპიური მოძრაობის აღორძინება თანამედროვეობაში დაკავშირებულია ბარონ პიერ დე კუბერტენის სახელთან. ზაფხულის ოლიმპიური თამაშები წარმოადგენს არა მხოლოდ სპორტულ შეჯიბრებას, არამედ გლობალურ მოვლენას, რომელიც აერთიანებს ხალხებს, კულტურებს და იდეებს. მისი მნიშვნელობა სცდება სპორტის ფარგლებს და მოიცავს სოციალურ, კულტურულ და ეკონომიკურ ასპექტებს, რაც ოლიმპიადას უნიკალურ და შეუცვლელ მოვლენად აქცევს თანამედროვე მსოფლიოში.

ზაფხულის ოლიმპიური თამაშების ჩატარების ადგილები
ზაფხულის ოლიმპიური თამაშების გამარჯვებულების რუკა
  ქვეყნები, რომლებმაც ზაფხულის ოლიმპიურ თამაშებში 1-4-ჯერ გაიმარჯვეს
  ქვეყნები, რომლებმაც ზაფხულის ოლიმპიურ თამაშებში 5-9-ჯერ გაიმარჯვეს
  ქვეყნები, რომლებმაც ზაფხულის ოლიმპიურ თამაშებში 10- ან უფრო მეტჯერ გაიმარჯვეს

ოლიმპიური თამაშების ისტორია ძველ საბერძნეთში იწყება. იმართებოდა ოლიმპიაში, ელიდაში, პელოპონესის ნახევარკუნძულის ჩრდილო-დასავლეთ მხარეში. პირველ ოლიმპიურ თამაშებზე კონკრეტული ცნობები არ მოიპოვება. ყველაზე ადრეული და ისტორიულად სარწმუნო ცნობა თარიღდება ძვ.წ. 776 წლით, როცა გამარჯვებულთა გვარების ჩაწერა და თამაშების აღრიცხვა დაიწყეს.

ანტიკური ოლიმპიური თამაშები საერთო-სახალხო რელიგიურ დღესასწაულს წარმოადგენდა, რომელიც საკულტო ცერემონიალისა და სპორტული შეჯიბრებებისგან შედგებოდა და ძველბერძნული პანთეონის უმაღლეს ღვთაებას — ზევსს ეძღვნებოდა. ზოგიერთი გადმოცემის თანახმად, ოლიმპიური თამაშები თვით ზევსმა დააფუძნა, სხვა ლეგენდის მიხედვით — მისმა ვაჟმა, ჰერაკლემ.

გამარჯვებულს დაფნის გვირგვინით ამკობდნენ, სწამდათ, რომ მას თვითონ ზევსი ირჩევდა. ანტიკურ ოლიმპიურ თამაშებში ყველაზე მეტი, 12 გამარჯვება როდოსელმა მორბენალმა ლეონიდასმა მოიპოვა, რომელიც 164, 160, 156 დ 152 წლების ოლიმპიადებში გამოდიოდა და ჩემპიონი გახდა ერთდროულად სამ დისციპლინაში — სტადონში, დიაულოსსა და ჰოპლიტოდრომოსში. გამოჩენილი სპორტსმენები იყვნენ აგრეთვე კროტონელი მოჭიდავე მილო და როდოსელი მოკრივე დიაგორასი.

ანტიკურ ოლიმპიურ თამაშებს პირობითად ხუთ პერიოდად ყოფენ:

პირველი პერიოდი. მოიცავს ჩვენს წელთაღრიცხვამდე 776-720 წლებს, როცა დღესასწაულს მხოლოდ ადგილობრივი ხასიათი ჰქონდა: მასში დასავლეთ პელოპონესის მცხოვრებნი მონაწილეობდნენ.

მეორე პერიოდი. ძვ.წ. 720-576 წლები. ცნობილია სპარტანული პერიოდის სახელითაც.

მესამე პერიოდი. ოლიმპიური თამაშები საერთო-ბერძნულ მნიშვნელობას იძენს. სხვაგვარად მას პანელინურ პერიოდსაც უწოდებენ. ამ დროს ოლიმპიადები აღმავლობას განიცდის და მონათმფლობელურ დემოკრატიასა და ელინურ პატრიოტიზმთან ერთად, ფაქტობრივად, განვითარების უმაღლეს წერტილს აღწევს.

მეოთხე პერიოდი. მაკედონიური პერიოდი. იწყება პერონის ბრძოლის შემდეგ (ძვ. წ. 338 წელი) და ოლიმპიადების ისტორიაში დაცემის ხანად იხსენიება. თამაშებში გამოსვლას იწყებენ პროფესიონალი ათლეტები.

მეხუთე პერიოდი. იწყება საბერძნეთის მიერ დამოუკიდებლობის დაკარგვის შემდეგ (ძვ. წ.146 წელი). ამ პერიოდში დღესასწაული კვლავ ადგილობრივი მნიშვნელობისა ხდება. ძველი დიდებისა და ბრწყინვალებისგან მას მხოლოდ გარეგნული ფორმა აქვს შერჩენილი.

ოლიმპიური თამაშები აკრძალა რომის ომპერატორმა თეოდოსიუს პირველმა 394 წელს, როგორც წარმართული რიტუალი. ერთი წლის შემდეგ მდინარე ალფეოსის ნაპირთან მოხდა ბრძოლა რომაელებსა და გოთებს შორის. ოლიმპია დაინგრა. 426 წელს იმპერატორ თეოდოსიუს მეორის ბრძანებით, ოლიმპიის წარმართული ტაძრის ნანგრევები საბოლოოდ გაანადგურეს.[1]

ოლიმპიური თამაშების აღორძინება

რედაქტირება

ოლიმპიური თამაშების აღორძინება მე-19 საუკუნის ბოლოს ფრანგი პედაგოგის, პიერ დე კუბერტენის ინიციატივით მოხდა. 1894 წელს დაარსდა საერთაშორისო ოლიმპიური კომიტეტი (IOC), ხოლო 1896 წელს ათენში ჩატარდა პირველი თანამედროვე ოლიმპიური თამაშები, რომელშიც 14 ქვეყნის 241 სპორტსმენი მონაწილეობდა. როგორც ანტიკურ თამაშებში, პირველ ოლიმპიადაშიც მხოლოდ მამაკაცები მონაწილეობდნენ. პირველი თამაშების პროგრამაში შედიოდა სპორტის ცხრა სახეობა — კლასიკური ჭიდაობა, ველოსპორტი, ტანვარჯიში, მძლეოსნობა, ცურვა, ტყვიის სროლა, ჩოგბურთი, ძალოსნობა და ფარიკაობა. გათამაშდა მედლების 43 კომპლექტი.[2]

პირველი თამაშების შემდეგ, ზაფხულის ოლიმპიური თამაშები მუდმივად ვითარდებოდა და ფართოვდებოდა. 1900 წლის პარიზის თამაშებში მონაწილეობა მიიღო 24 ქვეყნის 997 სპორტსმენმა, მათ შორის პირველად ქალებმა. თამაშების პროგრამა მუდმივად იზრდებოდა, ემატებოდა ახალი სპორტის სახეობები და დისციპლინები.

ოლიმპიური თამაშები ყოველ ოთხ წელიწადში ერთხელ ტარდება, რაც ტრადიციულად ძველ ბერძნულ ოლიმპიადებს უკავშირდება. ეს პერიოდულობა საშუალებას აძლევს სპორტსმენებს მოემზადონ და საუკეთესო სპორტულ ფორმას მიაღწიონ. თუმცა, ისტორიის განმავლობაში მსოფლიო ომებისა და პანდემიების გამო თამაშები რამდენჯერმე გადაიდო ან გაუქმდა.

პირველი და მეორე მსოფლიო ომების გამო, ოლიმპიური თამაშები სამჯერ შეჩერდა. 1916 წლის თამაშები, რომლებიც უნდა გამართულიყო ბერლინში, გაუქმდა პირველი მსოფლიო ომის გამო. 1940 და 1944 წლების თამაშები, რომლებიც უნდა გამართულიყო ტოკიოსა და ლონდონში, გაუქმდა მეორე მსოფლიო ომის გამო.

ცივი ომის დროს, ოლიმპიური თამაშები გახდა პოლიტიკური დაძაბულობის ასპარეზი. 1980 წელს მოსკოვის თამაშები ბოიკოტირებული იქნა აშშ-სა და მისი მოკავშირეების მიერ, ხოლო 1984 წლის ლოს-ანჯელესის თამაშები ბოიკოტირებული იყო საბჭოთა კავშირის და მისი მოკავშირეების მიერ.

ოლიმპიური თამაშების მნიშვნელობა

რედაქტირება

ზაფხულის ოლიმპიური თამაშები არა მხოლოდ სპორტული შეჯიბრებებია, არამედ კულტურული და სოციალური მოვლენაც. ისინი ხელს უწყობენ საერთაშორისო თანამშრომლობას, კულტურათა გაცვლას და მშვიდობის განმტკიცებას. თამაშები ასევე წარმოადგენს პლატფორმას, სადაც სპორტსმენები აჩვენებენ თავიანთ უნარებსა და ძალისხმევას, რაც შთაგონების წყაროა მილიონობით ადამიანისთვის მთელ მსოფლიოში. ზაფხულის ოლიმპიური თამაშები წარმოადგენს უნიკალურ მოვლენას, რომელიც აერთიანებს სპორტს, კულტურასა და საერთაშორისო თანამშრომლობას. მისი მდიდარი ისტორია და მუდმივი განვითარება ასახავს ადამიანთა სწრაფვას სრულყოფილებისა და ერთიანობისკენ.

სპორტული მნიშვნელობა

რედაქტირება

ოლიმპიური თამაშები სპორტსმენებისთვის უმაღლესი ასპარეზია, სადაც მათ შეუძლიათ წარმოაჩინონ თავიანთი უნარები და მიაღწიონ კარიერის პიკს. თამაშების პროგრამა მოიცავს მრავალფეროვან სპორტის სახეობებს, რაც სპორტის განვითარებასა და პოპულარიზაციას უწყობს ხელს. ოლიმპიადა ასევე ხელს უწყობს ახალი სპორტული ტალანტების აღმოჩენას და სპორტის მასობრიობის ზრდას.

სოციალური და კულტურული მნიშვნელობა

რედაქტირება

ოლიმპიური თამაშები ხელს უწყობს სხვადასხვა კულტურების და ერების დაახლოებას. თამაშების დროს, მასპინძელი ქვეყანა წარმოადგენს თავის კულტურულ მემკვიდრეობას, რაც აძლიერებს საერთაშორისო ურთიერთგაგებას და ტოლერანტობას. გარდა ამისა, ოლიმპიადა ხელს უწყობს ჯანსაღი ცხოვრების წესის პოპულარიზაციას და ახალგაზრდებში სპორტისადმი ინტერესის გაღვივებას.

ეკონომიკური გავლენა

რედაქტირება

ოლიმპიური თამაშები მასპინძელი ქვეყნისთვის მნიშვნელოვანი ეკონომიკური მოვლენაა. თამაშების ორგანიზება მოითხოვს ინფრასტრუქტურის განვითარებას, რაც ქმნის ახალ სამუშაო ადგილებს და ხელს უწყობს ეკონომიკის ზრდას. თუმცა, მნიშვნელოვანია, რომ მასპინძელმა ქვეყნებმა უზრუნველყონ გრძელვადიანი სარგებელი და თავიდან აიცილონ პოტენციური ეკონომიკური რისკები.

ლეგენდარული ოლიმპიური ჩემპიონები

რედაქტირება

ზაფხულის ოლიმპიური თამაშები წარმოადგენს სპორტის უმაღლეს ასპარეზს, სადაც მთელი მსოფლიოდან ათასობით სპორტსმენი იკრიბება, რათა აჩვენონ თავიანთი უნარები და იბრძოლონ ოქროს მედლებისთვის. თამაშების ისტორია სავსეა გამორჩეული მიღწევებითა და ლეგენდარული ჩემპიონებით, რომლებმაც მნიშვნელოვანი კვალი დატოვეს სპორტის სამყაროში.

  • მაიკლ ფელპსი — ამერიკელი მოცურავე, 23-გზის ოლიმპიური ჩემპიონი. პლანეტის აბსოლუტური რეკორდსმენი მოპოვებული ოლიმპიური ოქროს მედლების რაოდენობის მიხედვით. სპორტის ისტორიაში ოლიმპიური მედლების ყველაზე დიდი (რაოდენობის მიხედვით) კოლექციის მფლობელი — 28 მედალი (23 ოქრო, 3 ვერცხლი და 2 ბრინჯაო). მისი უნიკალური მიღწევები ცურვაში დღემდე შეუდარებელია.[3][კომ. 1]
  • ლარისა ლატინინა — საბჭოთა ტანმოვარჯიშე, ცხრაგზის ოლიმპიური ჩემპიონი (1956, 1960, 1964). 2012 წლამდე ის იყო პლანეტის ყველაზე ტიტულოვანი სპორტსმენი და ჰქონდა სპორტის ისტორიაში ოლიმპიური მედლების ყველაზე დიდი (რაოდენობის მიხედვით) კოლექცია — 18 მედალი (9 ოქრო, 5 ვერცხლი და 4 ბრინჯაო).[4]
  • ქეითი ლედეკი — ამერიკელი მოცურავე თავისუფალი სტილით საშუალო და გრძელ დისტანციებზე (200, 400, 800 და 1500 მეტრზე). 9-გზის ოლიმპიური ჩემპიონი. აღიარებულია ისტორიაში ერთ-ერთ უძლიერეს მოცურავედ.[5]
  • პაავო ნურმი — ფინელი საშუალო და შორ მანძილზე მორბენალი, ცხრაგზის ოლიმპიური ჩემპიონი და მძლეოსნობის ისტორიაში ყველაზე მეტი ოლიმპიური მედლების (12) მფლობელი. მეტსახელად — „მფრინავი ფინელი“.[6]
  • მარკ სპიცი — ამერიკელი მოცურავე, ცხრაგზის ოლიმპიური ჩემპიონი. პირველი ადამიანი, რომელმაც მოიპოვა 7 ოლიმპიური ოქროს მედალი ერთ ოლიმპიური თამაშებზე (მიუნხენი 1972).[7]
  • უსეინ ბოლტი — იამაიკელმა სპრინტერმა უსეინ ბოლტმა 2008, 2012 და 2016 წლების ოლიმპიადებზე მოიპოვა ოქროს მედლები 100 და 200 მეტრიან დისტანციებზე, დაამყარა რა მსოფლიო რეკორდები და დაამტკიცა თავისი უნიკალური სპორტული შესაძლებლობები.[8]
  • ნადია კომენეჩი — 1976 წლის მონრეალის ოლიმპიადაზე რუმინელმა ტანმოვარჯიშემ ნადია კომენეჩიმ მიიღო პირველი სრულყოფილი 10 ქულა ტანვარჯიშის ისტორიაში, რაც მის კარიერაში გარდამტეხ მომენტად იქცა.[9]
  • ჯესი ოუენსი — ამერიკელმა მძლეოსანმა ჯესი ოუენსმა 1936 წლის ბერლინის ოლიმპიადაზე ოთხი ოქროს მედალი მოიპოვა, დაამარცხა რა ნაცისტური იდეოლოგიის რასობრივი უპირატესობის თეორია.[10][კომ. 2]
  • კარლ ლუისი — ამერიკელმა მძლეოსანმა კარლ ლუისმა 1984–1996 წლების ოლიმპიადებზე 9 ოქროს მედალი მოიპოვა სირბილსა და ხტომაში, რაც მას ყველა დროის ერთ-ერთ ყველაზე წარმატებულ ოლიმპიელად აქცევს.[11][კომ. 3]
  • ლევან თედიაშვილი — ქართველმა მოჭიდავემ ლევან თედიაშვილმა 1972 და 1976 წლების ოლიმპიადებზე მოიპოვა ოქროს მედლები თავისუფალ ჭიდაობაში, დაამტკიცა რა თავისი ერთპიროვნული უპირატესობა მსოფლიო არენაზე.[12]

მედლების სტატისტიკა ქვეყნების მიხედვით

რედაქტირება
No. Nation ოქრო ვერცხლი ბრინჯაო ჯამში თამაშები
1   აშშ 1105 879 780 2764 29
2   საბჭოთა კავშირი 395 319 296 1010 9
3   ჩინეთი 303 226 198 727 12
4   დიდი ბრიტანეთი 298 340 343 981 30
5   საფრანგეთი 239 277 299 815 29
6   იტალია 229 201 228 658 29
7   გერმანია 213 220 255 688 18
8   იაპონია 189 162 191 542 24
9   უნგრეთი 187 161 182 530 28
10   ავსტრალია 182 192 226 600 28
11   გდრ 153 129 127 409 5
12   შვედეთი 151 181 182 514 28
13   რუსეთი 147 126 150 423 6
14   ნიდერლანდები 110 112 134 356 28
15   სამხრეთი კორეა 109 100 111 320 19
16   ფინეთი 101 85 119 305 27
17   რუმინეთი 93 101 123 317 23
18   კუბა 86 70 88 244 22
19   კანადა 80 117 156 353 28
20   პოლონეთი 73 93 142 308 23

რესურსები ინტერნეტში

რედაქტირება

კომენტარები

რედაქტირება
  1. მაიკლ ფელპსი არა მხოლოდ საუკეთესო მოცურავეა ისტორიაში, არამედ ის არის ყველა დროის უდიდესი ოლიმპიელი, რომელმაც მანამდე არსებული ყველა რეკორდი დაამხო.
  2. ჯესი ოუენსმა მხოლოდ ერთ ოლიმპიადაზე იასპარეზა, მან გადალახა დისკრიმინაცია და რთულ ვითარებაში ოთხი ოქროს მედალი მოიპოვა. მან გაიმარჯვა 100 მ, 200 მ, 4x100 მ ესტაფეტაში და სიგრძეზე ხტომაში 1936 წლის ოლიმპიადაზე, ნაცისტურ გერმანიაში, რითაც აჩვენა შეუპოვრობის საუკეთესო მაგალითი. მისი გავლენა საზოგადოებრივ აზროვნებაზე აღემატება სპორტულ მიღწევებს და ამდენად, ისტორიაში ერთ-ერთი ყველაზე ცნობილი ოლიმპიელია.
  3. კარლ ლუისი ითვლება ყველა დროის ერთ-ერთ საუკეთესო სპორტსმენად და ადვილი გასაგებია რატომ. მან გაიმეორა თავისი ბავშვობის გმირის, ჯესი ოუენსის მიღწევები 1984 წელს, ლოს ანჯელესში, როცა ოთხი ოლიმპიური ოქროს მედალი მოიპოვა. მან ტრიუმფით დაასრულა 100 მ, 200 მ, სიგრძეზე ხტომა და 4x100 მ დისციპლინები. ლუისმა მოიპოვა კიდევ ხუთი ოლიმპიური ოქროს მედალი სეულში 1988 წელს, ბარსელონაში 1992 წელს და ატლანტაში 1996 წელს, მათ შორის წარმატებით დაიცვა სიგრძეზე ხტომის ტიტული სამივე თამაშზე. ის ერთ-ერთია იმ სამი ოლიმპიელიდან, რომელმაც ოთხჯერ მოიგო ერთი და იგივე ინდივიდუალური ტურნირი და არის ოთხი ოლიმპიური სპორტსმენიდან ერთ-ერთი, რომელმაც ცხრა ოქროს მედალი მოიპოვა.