სპრინგბოკი ან მხტუნავი ანტილოპა (ლათ. Antidorcas marsupialis)[1]წყვილჩლიქოსანი ძუძუმწოვარი ნამდვილი ანტილოპების ქვეოჯახისა. თავის გვარში ერთადერთი სახეობაა. გაერთიანებულია ტრიბაში Antilopini (გაზელებთან, საიგასთან, ძერენებთან და სხვა გვარებთან ერთად).

სპრინგბოკი

მეცნიერული კლასიფიკაცია
ლათინური სახელი
Antidorcas marsupialis (Zimmermann, 1780)
დაცვის სტატუსი
საჭიროებს ზრუნვას
ყველაზე ნაკლები საფრთხის ქვეშ
IUCN 3.1 Least Concern : 1676
გავრცელება

სხეულის ზედა ნაწილი შეფერილია მოყვითალო-წითელ ფერში, ქვედა კი — თეთრად. ამ ორ ნაწილს შორის, გვერდებზე აქვს მურა-შავი ზოლი. თეთრ დრუნჩზე, თვალებიდან პირის კუთხეებისკენ გასდევს მუქი ზოლები. ზოგჯერ ახასიათებს ერთფეროვანი შეფერილობა: თეთრი ან შოკოლადისფერ-ყავისფერი. მისი სხეულის სიგრძეა 120–150 სმ, სიმაღლე მინდაოში — 70–90 სმ, მასა — 18–45 კგ. ორივე სქესის წარმომადგენელს აქვს შავი რგოლოვანი სტრუქტურის რქები.

გავრცელებულია სამხრეთ აფრიკაში, კერძოდ: სამხრეთ აფრიკის რესპუბლიკის, ნამიბიის, ანგოლისა და ბოტსვანის ვრცელ სავანებში. ბინადრობს დაბალი ბალახით დაფარულ, ქვიან ან ქვიშიან ნახევარუდაბნოებში. იკვებება ბუჩქების ბალახით, ყლორტებით, კვირტებითა და ფოთლებით. თვეობით ძლებენ წყლის გარეშე.

სპრინგბოკს შეუძლია 2–3 მეტრის სიმაღლეზე ახტომა. ავითარებს 90 კმ/სთ სიჩქარეს, რითაც ერთ-ერთი უსწრაფესი ძუძუმწოვარია: კონკურენტობას უწევს რქაფიწალა ანტილოპასა და გარნას მეორე ადგილისათვის (პირველ ადგილზეა ავაზა).

წლის გვალვიან დროს ცხოვრობენ 5–50 წევრიან ჯოგებად. წვიმის სეზონზე ქმნიან უზარმაზარ ჯოგებს.

მაკეობა გრძელდება 170 დღე-ღამე. ჩვეულებრივ დედალი შობს ერთ ხბოს, იშვიათად — ტყუპს. ფეხზე დგომა მეორე-მესამე დღეს შეუძლიათ. მშობლებს 5–6 თვისანი შორდებიან. სქესობრივ სიმწიფეს დედლები 6–7 თვის ასაკში აღწევენ, მამლები — 2 წლის ასაკში.

ლიტერატურა

რედაქტირება
  1. springbok — ინგლისურ-ქართული ბიოლოგიური ლექსიკონი.