ჭიაყელები
ჭიაყელები — მცირეჯაგრიანი რგოლოვანი ჭიების რამდენიმე ოჯახის საერთო სახელწოდება. მათი სხეული შედგება 80-დან 300-მდე სეგმენტისაგან. ყოველ სეგმენტზე, წინას გარდა, 8-8 (ზოგ ტროპიკულ ფორმებს რამდენიმე ათეული) მოკლე ჯაგარია, რომლებსაც ჭიაყელები მოძრაობის დროს ეყრდნობიან. აქვთ კარგად განვითარებული სისხლის მიმოქცევა. სუნთქავენ კანით. ნერვული სისტემა შედგება სუსტად განვითარებული თავის ტვინისა და მუცლის ძეწკვისაგან. გრძნობის ორგანოები არ აქვთ, სამაგიეროდ კანში ბევრი მგრძნობიარე უჯრედია. არიან ჰერმაფროდიტები. განაყოფიერება და კვერცხების განვითარება ხდება პარკებში, რომლებსაც გამოყოფს სარტყელი - წინა რამდენიმე სეგმენტის ჯირკვლოვანი გამსხვილება. პარკიდან გამოსული პატარა ჭიები 3-4 თვის შემდეგ ზრდასრული ჭიის ზომას აღწევენ. ჭიაყელებს კარგად აქვთ განვითარებული რეგენერაციის უნარი. ბინადრობენ ნიადაგში. იკვებებიან მცენარეული ნარჩენებით, ნაკელით და სხვა. ჭიაყელები მოიცავენ 1500-მდე სახეობას. დიდი მნიშვნელობა აქვთ როგორც ნიადაგწარმომქმნელებს, მაგრამ გარკვეული ზიანიც მოაქვთ, რადგან ღორის ფილტვის ჰელმინთებისა და ფრინველების ზოგი პარაზიტის შორისული მასპინძლები არიან.