აკანთოცეფალები, თავეკლიანი ჭიები (Acanthocephales), პარაზიტული ჭიების კლასი. ცნობილია 500-ზე მეტი სახეობა. ახასიათებს სხეულის ორმხრივი სიმეტრია, კუტიკულით დაფარული კანი, გრძელი და რგოლური კუნთებისაგან შედგენილი კან-კუნთოვანი პარკი, ქიტინოვანი კაუჭებით შეიარაღებული ხორთუმი. აკანთოცეფალების სხეულის სიგრძეა ჩვეულებრივ 1,5-40 მმ, იშვიათად 65 მმ, იკვებებიან ოსმოსურად - სხეულის მთელი ზედაპირით. საჭმლის მომნელებელი, სუნთქვისა და სისხლის მიმოქცევის ორგანოები არა აქვთ. გამომყოფი ორგანოებია პროტონეფრიდიები (ზოგს სულ არ გააჩნია). ნერვული სისტემა პრომიტიული აგებულებისაა.

Corynosoma wegeneri

აკანთოცეფალები განსხვავებულსქესიანები არიან. განვითარების პერიოდში იცვლიან მასპინძელს (საბოლოო მასპინძელი - ხერხემლიანები, შუამავალი - უმეტესად ფეხსახსრიანები - კიბოსნაირნი, მწერები). თევზებში, ფრინველებსა და ძუძუმწოვრებში აკანთოცეფალები ზოგჯერ აკანთოცეფალოზის ძლიერ ეპიზოოტიას იწვევენ, ადამიანს კი იშვიათად ასნებოვნებენ. საქართველოში შინაურ და გარეულ ცხოველებში აღრიცხულია აკანთოცეფალების 29 სახეობა.

ლიტერატურა

რედაქტირება
  • ყურაშვილი ბ., ქსე, ტ. 1, გვ. 247, თბ., 1975