ტვინი — ნერვული სისტემის ცენტრალური ნაწილი, რომელიც უზრუნველყოფს ორგანიზმის სასიცოცხლო ფუნქციების რეგულაციისა და უმაღლესი ნერვული მოქმედების განხორციელების ყველაზე სრულყოფილ ფორმებს. ტვინის ძირითადი სტრუქტურულ-ფუნქციური ერთეულია ნეირონი. ფილოგენეზში ნერვული უჯრედების დიფუზური ბადე იცვლება განკერძოებული ნერვული კვანძებით, რომელთა განსაზღვრული სახით განლაგება ქმნის მუცლის ძეწკვს — მუცლის ტვინს. ზოგიერთ მწერსა და მოლუსკს უაღრესად აქვს განვითარებული თავის განგლიონი, ე. წ. თავის ტვინი. ხერხემლიანი ცხოველებისა და ადამიანის ტვინი შედგება ზურგის ტვინისა და თავის ტვინისაგან, დაფარულია გარსებით და დაცულია ხერხემლისა და ქალას ძვლოვანი ქსოვილებით. თავის ტვინი შეიცავს ტვინის ღეროს (მოგრძო ტვინი, ხიდი, შუა ტვინი), ნათხემსა და დიდ ტვინს, რომელიც გამოყოფილია 2 ჰემისფეროდ და დაკავშირებულია ტვინის ღეროსთან შუამდებარე ტვინით. მოზრდილი ადამიანის თავის ტვინის მასაა საშუალოდ 1400 გრამი; ზურგის ტვინის მასა შეადგენს ტვინის მასის 2%–ს, ნათხემისა – 10%–ს, ღეროს სტრუქტურებისა – 6%–ს. ტვინის მასის 5/6 მოდის დიდი ტვინის ჰემისფეროებზე. ტვინი შედგება რუხი (შეიცავს ნეირონების სხეულებსა და დენდრიტებს) და თეთრი (შეიცავს აქსონებს, რომელთა მიელინური გარსი განაპირობებს თეთრ ფერს) ნივთიერებისაგან. ტვინის ევოლუცია დაკავშირებულია მთელ რიგ მორფოლოგიურ გარდაქმნებს, როგორიცაა თავის ტვინისა და დიდი ტვინის ჰემისფეროების შეფარდებითი მასის, დიდი ტვინის შუბლისა და საფეთქლის წილების შეფარდებითი ზომის, ღარების სიღრმისა და ხვეულების რაოდენობის ზრდა და ტვინის ქერქის აგებულების გართულება. ანთროპოგენეზის პროცესში ტვინის თვისებრივმა გარდაქმნამ და დიფერენციაციამ ოპტიმალური კომპლექსი შექმნა ნეოანთროპში, რომელშიც შეთავსებულია ტვინისა და დიდი ტვინის დიდი შეფარდებითი მასა და ახალი ქერქის ძლიერი განვითარება, სპეციფიკური ციტოარქიტექტონული ველების წარმოქმნა, რაც დამახასიათებელია მხოლოდ ადამიანისათვის. ინტეგრაციის მაღალი დონე უზრუნველყოფილია ნეირონების დიდი რაოდენობით, მაღალი სპეციალიზაციით, ურთიერთგანლაგებისა და კონტაქტების სირთულით.

ადამიანის თავის ტვინი

ლიტერატურა

რედაქტირება