თასმისებური ჭიები, ლენტისებური ჭიები (Cestoidea) — უხერხემლო ცხოველთა კლასი ბრტყელი ჭიების ტიპისა. სქესმწიფე თასმისებური ჭიები ხერხემლიან ცხოველთა და ადამიანთა პარაზიტებია. ცნობილია თასმისებური ჭიების 3000-მდე სახეობა. სხეული ბრტყელი აქვთ, რამდენიმე მმ-იდან 20 მ-მდე სიგრძისა. შედგება 2-იდან რამდენიმე ათასამდე ნაწევრისაგან (პროგლოტიდისაგან). სხეულის წინა ბოლოზე აქვთ თავი,თავზე — კაუჭებით გარშემოვლებული მისაწოვრები და 1 ან 4 ხორთუმი. საჭმლის მომნელებელი, სისხლის მიმოქცევისა და სუნთქვის ორგანოები არა აქვთ. თასმისებური ჭიები ჰერმაფროდიტებია — თითოეულ ნაწევარში განვითარებულია როგორც სათესლეები, ისე საკვერცხეები, სადაც უამრავი კვერცხია. მრავლდებიან თვითგანაყოფიერების ან ჯვარედინი განაყოფიერების გზით. განვითარების ციკლი მეტად რთულია და მიმდინარეობს ერთი ან ორი შუამავალი მასპინძლის მონაწილეობით. დეფანიტური მასპინძლის სხეულში თასმისებური ჭიები სქესობრივ სიმწეფეს აღწევს. განაყოფიერებული კვერცხები დეფინიტური მასპინძლის ექსკრემენტთან ერთად გარეთ გამოიყოფა. კვერცხში ვითარდება ლარვა-ონკოსფერა, რომელსაც 3 წყვილი კაუჭი აქვს და იგი შემდეგ 1 ან 2 შუამავალი მასპინძლის ორგანიზმში განაგრძობს განვითარებას. ონკოსფერა კვერცხიდან გამოდის და აღწევს მასპინძლის სხეულის ღრუს ან რომელიმე ორგანოს, სადაც გარდაიქმნება ცისტიცერკად, ფანად, ცენურად, ექინოკოკად ან სხვა ტიპის მეორე ლარვად. ესენი უსქესოდ მრავლდებიან, ივითარებენ სკოლექსს (ზოგ შემთხვევაში მრავალს) და შუამავალ მასპინძელთან ერთად ძირითად (დეფინიტურ) მასპინძელში ხვდებიან. აქ ისინი ემაგრებიან ნაწლავის კედელს და სქესმწიფე ჭიებად გარდაიქმნებიან. თასმისებური ჭიები ადამიანს აავადებენ ჰიმენოლეპიდოზით, ტენიიდოზით, ექინოკოკოზით, დიფილობოთრიოზით.