აეროდრომი (აერო... და ბერძ. δρόμος [dromos] — „სარბიელი“) — თვითმფრინავების ასაფრენ-დასაფრენი, დასაყენებელი და მათი მომსახურებისათვის განკუთვნილ ნაგებობათა და მოწყობილობათა კომპლექსი, მიწის ნაკვეთი და მისი მიმდებარე საჰაერო სივრცე. აეროდრომის ძირითადი ნაწილებია საფრენი ზონა (საფრენი ველი, უსაფრთხოების გვერდითი და კიდური ზოლები, საჰაერო მისასვლელები) და აეროტორია (50 კმ რადიუსზე აეროდრომის მიმდებარე საჰაერო სივრცე). აეროდრომები იყოფა ორ მთავარ ჯგუფად: სამოქალაქო და სამხედრო აეროდრომებად. აღჭურვილობისა და გამოყენების მიხედვით სამხედრო აეროდრომი შეიძლება იყოს ძირითადი, სათადარიგო და ცრუ; დანიშნულების მიხედვით – საჯარისო, სასწავლო, სატრასო და სპეციალური. სამოქალაქო აეროდრომებია აეროპორტები და სპეციალური დანიშნულების აეროდრომები (საქარხნო, სასწავლო, სპორტული, სასოფლო-სამეურნეო, სატყეო, სანიტარული ავიაციის, კომბინირებული და სხვა). გამოყენების ხასიათის მიხედვით არის მუდმივი (რეგულარული ექსპლუატაციისათვის) და დროებითი აეროდრომები. მუდმივი აეროდრომის საფრენ ველს აქვს ერთი ან რამდენიმე ასაფრენ-დასაფრენი ზოლი (სიგრძე 5 ათ. მ-მდე, სიგანე 200–360 მ), მაღალი ინტენსივობის სინათლეთა კომპლექსი, საჰაერო მიმოსვლის მართვის რადიოდა რადიოლოკაციური საშუალებები (თვითმფრინავთა შეუფერხებელი ფრენისათვის) და რადიოშუქურების სისტემა (ხელსაწყოთა საშუალებით თვითმფრინავს დაფრენის უზრუნველსაყოფად). ტერიტორიის ასაფრენ-დასაფრენი ზოლის საფართა მზიდი თვისებებისა და სხვა მახასიათებლების, თვითმფრინავების ტიპის მიხედვით აეროდრომები იყოფა კლასებად.

აშშ-ის სამხედრო აეროდრომი

ლიტერატურა

რედაქტირება