ახალი გვინეა
ახალი გვინეა (ინდონ. Pulau Irian, ინგლ. New Guinea, ტოკ-პისინის ენა — Niugini) — მსოფლიოში სიდიდით მეორე კუნძული (გრენლანდიის შემდეგ), რომლის ფართობი შეადგენს 786 000 კმ²-ს. კუნძული მდებარეობს წყნარი ოკეანის სამხრეთ-დასავლეთ ნაწილში. გეოგრაფიულად ეს ტერიტორია მიეკუთვნება მალაის არქიპელაგს[1] ეს კუნძული წარმოადგენს აზიის და ოკეანეთის გამყოფს. ახალი გვინეა მიეკუთვნება ავსტრალიის კონტინენტს[2] ახალი გვინეა ავსტრალიისგან გამოყოფილია ტორესის სრუტის მეშვეობით. ეს ტერიტორია მიიჩნევა მელანეზიის კუნძულების ჯგუფის ნაწილად. რაც შეეხება პოლიტიკურ თვალსაზრისს, ახალი გვინეა იყოფა ორ ნაწილად. დასავლეთი პაპუა შედის ინდონეზიის შემადგენლობაში რიგითი პროვინციის სახით. აღმოსავლეთ ნაწილში მდებარეობს, სუვერენული სახელმწიფო პაპუა-ახალი გვინეა. კუნძულზე დაახლოებით 9 500 000 ადამიანი (2010) ცხოვრობს, ეს ტერიტორია ერთ-ერთი ყველაზე მეჩხრად დასახლებული ადგილია (12 კაცი/კმ²).
მშობ. სახელი: ინდონ. Pulau Irian ინგლ. New Guinea ტოკ-პისინის ენა — Niugini | |
---|---|
კუნძული ახალი გვინეა | |
გეოგრაფია | |
მდებარეობა | მელანეზიის არქიპელაგი |
კოორდინატები | 5°20′ ს. გ. 141°36′ ა. გ. / 5.333° ს. გ. 141.600° ა. გ. |
ფართობი | 786 000 კმ² |
უმაღლესი წერტილი |
4884 მ პუნჩაკ-ჯაია |
ინდონეზია პაპუა-ახალი გვინეა | |
დემოგრაფია | |
მოსახლეობა | ~ 9 500 000 (2010) |
სიმჭიდროვე | 12 ად. /კმ² |
ეთნიკური ჯგუფები | პაპუასები და მელანეზიელები |
ახალი გვინეა გეოლოგიური თვალსაზრისით, მოქცეულია ტექტონიკურად აქტიურ ზონაში. აქ არის მრავალი ვულკანი, მათ შორის სიმაღლის თვალსაზრისით უმაღლესია პუნჩაკ-ჯაია, სიმაღლე — 4884 მ (16 023 ფტ). კუნძული მდიდარია ფლორის და ფაუნის მრავალფეროვნებით, აქ არის მრავალი ენდემური ჯიშის ცხოველი და მცენარე.
კუნძულზე ადამიანის უძველესი ნასახლარები 40 000 წლით თარიღდება, ახალ გვინეაზე ადამიანი აზიის კონტინენტიდან მოხვდა. XVI საუკუნეში კუნძულზე პირველად მივიდნენ ევროპელები, ესენი იყვნენ ესპანელები, მათ ახალ აღმოჩენილ კუნძულს ნუევა გვინეა უწოდეს. მოგვიანებით ეს ტერიტორია შევიდა ნიდერლანდების იმპერიის შემადგენლობაში, ახალი გვინეა გაერთიანდა ჰოლანდიურ ოსტ-ინდოეთში. გერმანიის იმპერიის გაძლიერების შემდეგ, გერმანელებმა მოახდინეს კუნძულის ჩრდილოეთი ნაწილის ანექსირება, აქ შეიქმნა გერმანული ახალი გვინეა. პირველი მსოფლიო ომის შემდეგ, როდესაც მოხდა გერმანიის და მისი მოკავშირეების დამარცხება, ვერსალის ხელშეკრულების საფუძველზე, კუნძული ავსტრალიას გადაეცა. 1975 წელს კუნძულის აღმოსავლეთ ნაწილს დამოუკიდებლობა მიენიჭა.
პოლიტიკური დაყოფა
რედაქტირებაპოლიტიკური თვალსაზრისით კუნძული ახალი გვინეა იყოფა, თითქმის თანაბარ ორ ნაწილად, ესენია:
- დასავლეთ ნაწილი (იხილეთ დასავლეთი პაპუა), მისი საზღვარი გადის, 141°E განედზე. ეს საზღვარი მხოლოდ ერთ მონაკვეთში მიუყვება მდინარე ფლაის სანაპირო ზოლს. ეს ტერიტორია ადრე შედიოდა ნიდერლანდების შემადგენლობაში, ამჟამად კი მას ინდონეზია აკონტროლებს, აქ არსებობს ინდონეზიის ორი პროვინცია. ესენია:
- დასავლეთი პაპუა, რომლის ადმინისტრაციულ ცენტრს წარმოადგენს ქალაქი მანოკვარი.
- პაპუა, რომლის ადმინისტრაციულ ცენტრს წარმოადგენს ქალაქი ჯაიაპურა.
- კუნძულის აღმოსავლეთი ნაწილი უკავია, პაპუა-ახალ გვინეას, რომელმაც დამოუკიდებლობა მოიპოვა 1975 წელს. მანამდე ეს ტერიტორია სხვადასხხვა სახელმწიფოთა შემადგენლობაში შედიოდა. პაპუა-ახალი გვინეა შედგება შემდეგი რეგიონებისგან:
- პაპუას რეგიონი. ეს ტერიტორია შედგება შემდეგი პროვინციებისგან: დედაქალაქის ეროვნული ოლქი, დასავლეთი პროვინცია (ფლაი), ყურე, ცენტრალური, ორო და მილნ-ბეი.
- ჰაილენდსის რეგიონი. ეს ტერიტორია შედგება შემდეგი პროვინციებისგან: საუთერნ-ჰაილენდსი, ენგა, უესტერნ-ჰაილენდსი, ჯივაკა, ჰელა, სიმბუ და ისტერნ-ჰაილენდსი.
- მომასეს რეგიონი, ეს ტერიტორია შედგება შემდეგი პროვინცებისგან: აღმოსავლეთი სეპიკი, მორობე, მადანგი და სანდაუნი (დასავლეთი სეპიკი).
- აილენდსის რეგიონი. ეს ტერიტორია შედგება შემდეგი პროვინციებისგან: მანუსი, დასავლეთი ახალი ბრიტანეთი, აღმოსავლეთი ახალი ბრიტანეთი, ახალი ირლანდია და ბუგენვილის ავტონომიური რეგიონი.
მოსახლეობა
რედაქტირებაკუნძულზე ცხოვრობს დაახლოებით 9 500 000 კაცი (2010).
ახალი გვინეა მსოფლიოში გამორჩეულია თავისი მოსახლეობის მრავალფეროვნებით. აქ მრავალი სხვადასხვა ტომის წარმომადგენელი ცხოვრობს. ისინი ძირითადად აბსოლუტურად განსხვავებულ ენებზე მეტყველებენ, რის გამოც ეს ადგილი მსოფლიოში ლინგვისტური თვალსაზრისით ყველაზე მრავალფეროვანია. აქედან 826 ენაზე მოსაუბრენი პაპუა-ახალ გვინეაში ცხოვრობენ, ხოლო 257 ენაზე მოსაუბრენი ირიან ჯაიაში (დასავლეთი პაპუა). ეს ენები თავისი ენათა ოჯახების მიხედვით მიეკუთვნება პაპუას ენებს და ავსტრონეზიულ ენებს.[3]
აქ მცხოვრები პაპუასები არიან კუნძულის უძველესი მოსახლეობის შთამომავლები.
გეოგრაფია
რედაქტირებაახალი გვინეა წარმოადგენს მსოფლიოს ერთ-ერთ უდიდეს კუნძულს, რომელიც მიეკუთვნება ავსტრალიის კონტინენტს. კუნძული კონტინენტისგან აღმოსავლეთიდან გამოყოფილია არაფურის ზღვით, ხოლო დასავლეთიდან ტორესის სრუტის და მარჯნის ზღვის მეშვეობით. ეს კუნძული განიხილება მალაის არქიპელაგის შემადგენელ ნაწილად და მდებარეობს არქიპელაგის უკიდურეს სამხრეთ-აღმოსავლეთ ნაწილში. მსოფლიოს მეორე უდიდესი კუნძულის სამხრეთით არის ავსტრალია და კარპენტარიის ყურე, ხოლო დასავლეთით მდებარეობს ბისმარკის და სოლომონის კუნძულების არქიპელაგები.
კუნძულის ცენტრალურ ნაწილში არის ქედი, რომელიც გადაჭიმულია აღმოსავლეთიდან დასავლეთისაკენ 1600 კილომეტრის სიგრძეზე. ახალი გვინეის დასავლეთ ნაწილში არის კუნძულის და საერთოდ, მთელი ოკეანეთის უმაღლესი მწვერვალი, რომლის სიმაღლე 4884 მეტრს შეადგენს. აქ არის დიდი სიმაღლის მთები, რამდენიმე მწვერვალის სიმაღლე აღემატება 4000 მეტრს, კუნძულის ზოგიერთი მთა მყინვარებითაა დაფარული[4]. კუნძული მოქცეულია ეკვატორულ კლიმატურ სარტყელში.
ახალი გვინეაში არსებული, უდიდესი მწვერვალებია:
- პუნჩაკ-ჯაია, ამ მწვერვალს ზოგჯერ მოიხსენიებენ თავისი ყოფილი ჰოლანდიური სახელით. პუნჩაკ-ჯაია მოქცეულია ინდონეზიის ტერიტორიაზე. სიმაღლე — 4884 მეტრი (16 024 ფტ). თავისი სიმაღლით ახალი გვინეა წარმოადგენს მსოფლიოში ყველაზე მაღალ კუნძულს.
- პუნჩაკ-ტრაკორა, ეს მწვერვალი მოქცეულია ინდონეზიის ტერიტორიაზე. სიმაღლე — 4750 მეტრი (15 584 ფტ).
- ვილჰელმის მთა მდებარეობს კუნძულის აღმოსავლეთ ნაწილში და ის წარმოადგენს პაპუა-ახალი გვინეის უმაღლეს მწვერვალს. სიმაღლე — 4509 მეტრი (14 793 ფტ). ვილჰელმი აგრეთვე წარმოადგენს ბისმარკის ქედის უმაღლეს მწვერვალსაც.
- გილუვე არის პაპუა-ახალ გვინეაში სიმაღლის თვალსაზრისით მეორე მწვერვალი — 4368 მეტრი (14 331 ფტ). სიმაღლის თვალსაზრისით ეს ვულკანი, ოკეანეთში ერთ-ერთ უმაღლესია.
მნიშვნელოვანია კუნძულის ჩრდილოეთით და სამხრეთით არსებული ვაკეები და დაბლობები. ეს ტერიტორიები გადაჭიმულია ასობით კილომეტრზე. ახალი გვინეის ვრცელი ტერიტორიები უკავია სავანეებს, ჭაობებს და მანგროს ტყეებს. სწორედ დაბლობების ტერიტორიაზე, ინდონეზიაში არის ლორენცის ეროვნული პარკი, რომელიც 1999 წელს იუნესკომ მსოფლიო მემკვიდრეობად გამოაცხადა.
ეს ტერიტორია მდიდარია თავისი ჰიდროგრაფიული ქსელით, აქ მრავლად არის წყალუხვი მდინარეები, მათგან აღსანიშნავია: სეპიკი, მამბერამო, ფლაი და დიგული. კუნძულზე ყველაზე დიდი ტბაა მარი.
კუნძული მდიდარია ფლორისა და ფაუნის მრავალფეროვნებით, აქ მრავალი ენდემური ჯიშის წარმომადგენელი სახლობს. მდიდარია კუნძულის მწვანე საფარი, ახალ გვინეაში არსებობს დაახლოებით 11 000-20 000 მცენარის სახეობა. აქ ცხოვრობს დაახლოებით 650 ფრინველის სახეობა, მათგან აღსანიშნავია სამოთხის ფრინველები, მეკარვიები, თუთიყუშები და კაზუარები. არსებობს 400 ამფიბიის, 455 პეპელის სახეობა.
ისტორია
რედაქტირებაპირველი ადამიანები ახალ გვინეაზე დასახლდნენ დაახლოებით 40 000 წლის წინ. უძველესი მაცხოვრებლების ნასახლარები აღმოჩენილია კუნძულის მთიან რეგიონებში. ნასახლარებში აღმოჩენილია უძველესი სასოფლო-სამეურნეო სარწყავი სისტემები. დადგენილი არ არის კერძოდ მოსავლის რომელი სახეობის მოყვანა ხდებოდა ამ პერიოდში. კუნძულზე შაქრის ლერწამი ჯერ კიდევ ჩვენს ერამდე 6000 წლის წინ არსებობდა.[5]
ახალი გვინეაზე გავრცელებული იყო წყნარ ოკეანური ლაპიტას კულტურა. ამას მეტყველებს კუკის ძველი სამიწათმოქმედო დასახლება. ეს ადგილი იუნესკომ მსოფლიო მემკვიდრეობად მიიჩნია.
XVI საუკუნეში პირველი ევროპელები, რომლებმაც დაამყარეს, კონტაქტი ახალ გვინეასთან, გახდნენ ესპანელები და პორტუგალიელები. 1525-1527 წლებში პორტუგალიელი ხორხე დე მენესესი ჩავიდა კუნძულის დასავლეთ ნაწილში.
1545 წელს ესპანელი ნავიგატორი იუნიგო ორტის დე რეტესი თავისი გემით ახალი გვინეის ჩრდილოეთ სანაპირო ზოლის სიახლოვეს დაცურავდა. ის მდინარე მამბერამოს გავლით კუნძულზე დაეშვა, სწორედ ამ ნავიგატორმა უწოდა ახალ ტერიტორიას ნუევა გვინეა. უკვე მოგვიანებით 1606 წლისათვის, ესპანელმა ნავიგატორმა ლუის ვაზ დე ტორესმა მოახდინა, აღმოსავლეთ ტერიტორიის გამოკვლევა. მისი ექსპედიცია აგრეთვე მოეწყო ბასილაკის კუნძულზეც.[6]
1828 წელს კუნძულის დასავლეთი ნაწილი ნიდერლანდების იმპერიის საკუთრება გახდა. 1883 წელს, მოხდა საფრანგეთის მიერ კუნძულ ახალი ირლანდიის მცირე ხნით ანექსირება. რაც შეეხება კუნძულის სამხრეთ-აღმოსავლეთ ნაწილს, ეს ტერიტორია შედიოდა ბრიტანეთის იმპერიის შემადგენლობაში. მას შემდეგ რაც ევროპაში მოხდა გერმანიის გაძლიერება. 1884 წელს ახალი გვინეის ჩრდილო-აღმოისავლეთი ნაწილი მოექცა გერმანიის იმპერიის შემადგენლობაში, აქ შეიქმნა გერმანიის ახალი გვინეა (აგრეთვე ე. წ. კაიზერ ვილჰელმის მიწა). 1898 წლიდან 1902 წლამდე ქალაქ მონოკვარში არსებობდა, პირველი ჰოლანდიური ადგილობრივი მთავრობა. ხოლო კუნძულის სამხრეთით ბრიტანელებს შექმნილი ჰქონდათ ბრიტანული ახალი გვინეა.
1905 წელს ბრიტანელებმა საკუთარ გამგებლობაში არსებულ ტერიტორიას გადაარქვეს სახელი და მას პაპუას ტერიტორია უწოდეს. 1906 წელს ეს ტერიტორია ოფიციალურად გადაეცა ავსტრალიას. პირველი მსოფლიო ომის პერიოდში ავსტრალიურმა შეიარაღებულმა ძალებმა მოახდინა, გერმანელების მიერ კონტროლირებადი მიწების დაკავება, 1920 წელს აქ შეიქმნა ახალი გვინეის ტერიტორია. ომის დასრულების შემდეგ ერთა ლიგამ ავსტრალიას ეს ადგილები სამანდატოდ გადასცა.
1938 წლის 4 აგვისტოს რიჩარდ არჩბოლდმა აღმოაჩინა ბალიემის ხეობა, ეს ხეობა ამავე სახელწოდების მდინარის მიდამოებში მდებარეობს. ამ მიდამოებში ცხოვრებდა დანის ეთნიკური ჯგუფი.[7]
1942 წელს იაპონიამ მოახდინა ჰოლანდიური ახალი გვინეის და ავსტრალიური ტერიტორიის დაპყრობა. ავსტრალიის ტერიტორია რომელსაც სამხედრო ადმინისტრაცია მართავდა, ცნობილი იყო უბრალოდ ახალი გვინეის სახელით. კუნძულის სიახლოვეს მნიშვნელოვანი ბრძოლები იმართებოდა იაპონიასა და აშშ-ს შორის. საბოლოოდ მოკავშირეების გამარჯვების შემდეგ, კუნძულიდან გაძევებული იქნა იაპონელები. კუნძულის დასავლეთ ნაწილში აღდგენილი იქნა ჰოლანდიელების მმართველობა. 1949 წლის დეკემბრიდან ამ მიწების კონტროლი ინდონეზიის ხელში გადავიდა. რამდენიმე წლის შემდეგ აქ კვლავ აღდგენილი იქნა ჰოლანდიელების მმართველობა.
1950-იანი წლებიდან ნიდერლანდებმა და ავსტრალიამ დაიწყეს მოლაპარაკება ამ რეგიონის სრული დამოუკიდებლობის მინიჭების საკითხზე. დასავლეთ პაპუაში შეიქმნა სპეციალური ორგანო, შემუშავდა დასავლეთ პაპუის გერბი, დროშა, ჰიმნი და სახელმწიფოს სხვა ატრიბუტები. ამ ყველაფერმა ინდონეზიის გაღიზიანება გამოიწვია, მან დაიწყო მისი არმიის მობილიზება, ინდონეზიას ამავე პერიოდში სამხედრო დახმარება გაუწია საბჭოთა კავშირმა. ნიდერლანდელები მზად იყვნენ წინააღმდეგობა გაეწიათ ინდონეზიელებისთვის, დაიწყო დიპლომატიური მოლაპარაკებები. 1962 წლის 1 ოქტომბერს ნიდერლანდებმა ეს ტერიტორია სამართავად გადასცა გაეროს. 1963 წლის 1 მაისს კუნძულის დასავლეთი ნაწილი გადავიდა ინდონეზიის კონტროლის ქვეშ, ინდონეზიელებმა ამ ტერიტორიას დასავლეთი ირიანი უწოდეს, ხოლო შემდგომ ირიან-ჯაია დაარქვეს. რამდენიმე წლის შემდეგ კუნძულის დასავლეთ ნაწილში ინდონეზიის წინააღმდეგ ბრძოლა დაიწყო, მაგრამ ეს ბრძოლა მარცხით დასრულდა, დაიღუპა მრავალი ადგილობრივი მოსახლე.[8]
1971 წლამდე აღმოსავლეთი ახალი გვინეა კვლავ ავსტრალიის კონტროლის ქვეშ რჩებოდა. ამა წლის 16 სექტემბერს ჩამოყალიბდა ახალი სრულიად დამოუკიდებელი სახელმწიფო პაპუა-ახალი გვინეა.
2000 წელს ირიან-ჯაიას ოფიციალურად ეწოდა „პაპუას პროვინცია“, ამ პროვინციას მიენიჭა სპეციალური ავტონომიური სტატუსი.
რესურსები ინტერნეტში
რედაქტირება- The Intoxicating Birds of New Guinea by John Tidwell
- Online documentaries re OPM sponsored by West German-based Friends of Peoples Close to Nature დაარქივებული 2010-11-29 საიტზე Wayback Machine.
- Facsimile of material from "The Discovery of New Guinea" by George Collingridge დაარქივებული 2010-11-29 საიტზე Wayback Machine.
- Scientists hail discovery of hundreds of new species in remote New Guinea დაარქივებული 2006-02-09 საიტზე Wayback Machine.
- PapuaWeb დაარქივებული 2021-01-16 საიტზე Wayback Machine.
- პაპუა ახალი გვინეა. mongabay.com
სქოლიო
რედაქტირება- ↑ Wallace, Alfred Russell. (1863)On the Physical Geography of the Malay Archipelago. დაარქივებულია ორიგინალიდან — 17 იანვარი 2010. ციტირების თარიღი: 30 November 2009.; Wallace, Alfred Russel (1869). The Malay Archipelago. London: Macmillan and Co, გვ. 2.
- ↑ Allen, Jim; Gosden, Chris; Jones, Rhys; White, J. Peter (1988). „Pleistocene dates for the human occupation of New Ireland, northern Melanesia“. Nature. 331 (6158): 707–709. doi:10.1038/331707a0.
- ↑ Encyclopædia Britannica Online
- ↑ Recent Global Glacier Retreat Overview
- ↑ დაარქივებული ასლი. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2009-07-06. ციტირების თარიღი: 2010-11-06.
- ↑ Translation of Torres’ report to the king in Collingridge, G. (1895) Discovery of Australia p.229-237. Golden Press Edition 1983, Gradesville, NSW. ISBN 0 855589566
- ↑ Diamond, Jared. The Third Chimpanzee. Harper Collins, 1993
- ↑ West Papua Support. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2007-10-13. ციტირების თარიღი: 2010-11-06.