პაპუა-ახალი გვინეა

სხვა მნიშვნელობებისთვის იხილეთ პაპუა (მრავალმნიშვნელოვანი).

პაპუა-ახალი გვინეა (ინგლ. Papua New Guinea, ტოკ-პისინის ენა — Papua Niugini, ჰირი-მოტუს ენა — Papua Niu Gini), ოფიციალური სახელი პაპუა-ახალი გვინეის დამოუკიდებელი შტატები — სახელმწიფო სამხრეთ-აღმოსავლეთ აზიასა და ოკეანეთში, მდებარეობს ახალი გვინეის კუნძულის აღმოსავლეთ ნაწილში, ბისმარკის არქიპელაგზე, სოლომონის არქიპელაგის ჩრდილოეთ ნაწილში (ბუგენვილის, ბუკას კუნძულები), დ’ანტრკასტოს კუნძულებზე და სხვა. დასავლეთით არის ინდონეზიის პროვინციები პაპუა და დასავლეთი პაპუა. ქვეყნის ძირითადი ნაწილი მოქცეულია წყნარი ოკეანის სამხრეთ-დასავლეთით. დედაქალაქი — პორტ-მორზბი.

პაპუა-ახალი გვინეის დამოუკიდებელი შტატები
Papua Niugini
პაპუა-ახალი გვინეა
პაპუა-ახალი გვინეას
ჰიმნი: O Arise, All You Sons
პაპუა-ახალი გვინეას მდებარეობა
დედაქალაქი
(და უდიდესი ქალაქი)
პორტ-მორზბი
9°30′ ს. გ. 147°07′ ა. გ. / 9.500° ს. გ. 147.117° ა. გ. / -9.500; 147.117
ოფიციალური ენა ინგლისური ენა, ტოკ პისინი, ჰირი მოტუ ენა
მთავრობა კონსტიტუციური მონარქია
 -  მეფე ჩარლზ III
 -  გენერალ-გუბერნატორი ბობ დადაე
 -  პრემიერ-მინისტრი პიტერ ო’ნილი
ფართობი
 -  სულ 462 840 კმ2 (56-ე)
 -  წყალი (%) 2
მოსახლეობა
 -  2013 შეფასებით 7 334 638 (104-ე)
 -  2011 აღწერა 7 275 324 
 -  სიმჭიდროვე 16 კაცი/კმ2 (201-ე)
მშპ (მუპ) 2016 შეფასებით
 -  სულ $28.022 მილიარდი.[1] (139-ე)
 -  ერთ მოსახლეზე $3542[1] 
აგი (2015) 0.516[2] (დაბალი) (154)
ვალუტა კინა (PGK)
დროის სარტყელი UTC+10:00
ქვეყნის კოდი PG
Internet TLD .pg
სატელეფონო კოდი 675

პაპუა-ახალი გვინეა არის მსოფლიოში ერთ-ერთი ყველაზე მრავალფეროვანი ქვეყანა, აქ დაახლოებით 850 ადგილობრივი ტომი ცხოვრობს, რომლებიც ჯერ კიდევ ძველი ტრადიციების მიმდევრები არიან, ქვეყნის მოსახლეობა შეადგენს 7 275 324 ადამიანს[3][4][5](2011 წელი), უმთავრესად პაპუასები და მელანეზიელები. აქ მოსახლეობის უმრავლესობა სოფლებში ცხოვრობს, პაპუა-ახალი გვინეის ქალაქებში ცხოვრობს მთელი მოსახლეობის 18 %.[6] მოსახლეობის დიდი ნაწილი უკიდურეს სიღატაკეში ცხოვრობს. ფართობი — 462 840 კმ². მდიდარია ქვეყნის ფლორა და ფაუნა.

ოფიციალური ენებია — ინგლისური, ტოკ-პისინი და ჰირი-მოტუ. მოსახლეობის დიდი ნაწილი — ქრისტიანია, დანარჩენები მისდევენ ადგილობრივ ტრადიციულ სარწმუნეობებს. ადმინისტრაციულ-ტერიტორიული დაყოფა: 20 პროვინცია. შედის ერთა თანამეგობრობაში. სახელმწიფოს მეთაურია — გაერთიანებული სამეფოს მონარქი ჩარლზ III, რომელიც ქვეყანაში წარმოდგენილია გენერალ-გუბერნატორით. საკანონმდებლო ორგანოა — ეროვნული პარლამენტი.

ქვეყანაში განვითარებულია სოფლის მეურნეობა, მოსახლეობის დიდი ნაწილი სწორედ ამ სფეროშია დასაქმებული. 1975 წელს პაპუა-ახალმა გვინეამ მოიპოვა დამოუკიდებლობა ავსტრალიისგან.

დასახელება

რედაქტირება

დასახელება „პაპუა“ წარმოიშვა მალაიური ენის სიტყვიდან „პაპუვა“, რაც თარგმანში ქართულად ნიშნავს „ხუჭუჭი“ (მეორე ვერსიით სიტყვიდან „ორანგ პაპუა“ — „ხუჭუჭი შავთავიანი ადამიანი“[7]). ახალი გვინეის კუნძულს ასეთი დასახელება მისცა პორტუგალიელმა მენეზეშმა 1526 წელს, ადგილობრივი მაცხოვრებლების თმის ფორმის აღსანიშნავად[8]. 1545 წელს კუნძულს ესტუმრა ინიგო ორტის დე პეტესი და მას დაარქვა „ახალი გვინეა“, რადგანაც, მისი აზრით, ადგილობრივი მოსახლეობა ჰგავდა გვინეის აბორიგენებს აფრიკაში[8] (შესაძლებელია, მან შეამჩნია ახალი კუნძულის და აფრიკული გვინეის ნაპირების მსგავსება[7]).

ევროპული კოლონიზაციის დაწყებიდან დამოუკიდებლობის მიღებამდე ქვეყანამ რამდენიმეჯერ შეცვალა თავისი ოფიციალური დასახელება. სამხრეთ-აღმოსავლეთი ნაწილი 1884—1906 წლებში იწოდებოდა ბრიტანეთის ახალ გვინეად[9], ხოლო 1906—1949 წლებში — პაპუა[8][9] (ავსტრალიის კონტროლ ქვეშ). ჩრდილო-აღმოსავლეთი ნაწილი თავიდან გერმანიის კოლონია იყო და 1884—1920 წლებში ერქვა გერმანიის ახალი გვინეა (1914 წლიდან ავსტრალიის კონტროლ ქვეშ)[8][10], ხოლო 1920—1949 წლებში, ერთა ლიგის გადაწყვეტილების თანახმად, გახდა ავსტრალიის სამეურვეო ტერიტორია და ეწოდა ახალი გვინეის ტერიტორია.[8][11]. 1949 წელს ორი ავსტრალიური კოლონია გაერთიანდა ერთ კოლონიად — პაპუა და ახალი გვინეის ტერიტორია[8][12]. 1972 წელს პროვინციამ მიიღო დასახელება ტერიტორია პაპუა—ახალი გვინეა[13]. 1975 წლიდან დასახელება პაპუა—ახალი გვინეა ოფიციალური გახდა ახალი დამოუკიდებელი სახელმწიფოსთვის[8].

ფიზიკურ-გეოგრაფიული დახასიათება

რედაქტირება

გეოგრაფიული მდგომარეობა და რელიეფი

რედაქტირება
 
პაპუა-ახალი გვინეის რუკა

პაპუა-ახალი გვინეის სახელმწიფო მდებარეობს წყნარი ოკეანის დასავლეთ ნაწილში, ავსტრალიის ჩრდილოეთით და ეკვატორიდან შორიახლოს. ქვეყანას უკავია კუნძულ ახალი გვინეის აღმოსავლეთი ნაწილი, მისგან ჩრდილო-აღმოსავლეთით მდებარე ბისმარკის არქიპელაგი (რომლის შემადგენლობაშიც შედიან დიდი კუნძულები ახალი ბრიტანეთი, ახალი ირლანდია, ასევე საადმირალოს კუნძულები, ტაბარის კუნძულები, ლიჰირის კუნძულები, ტანგას კუნძულები, ფენის კუნძულები, სენტ-მატიასის კუნძულები და სხვები), აღმოსავლეთით განლაგებული სოლომონის არქიპელაგის (ყველაზე დიდი კუნძულები ბუგენვილი და ბუკა) ჩრდილოეთი ნაწილი, ახალი გვინეის კუნძულიდან სამხრეთ-აღმოსავლეთით მდებარე დ’ანტრკასტოს კუნძულები, მურუას კუნძულები, ტრობრიანის კუნძულები, ლუიზიადის არქიპელაგი, ასევე სხვა ახლომდებარე კუნძულები და რიფები (სულ 600-ზე მეტი[14]).

პაპუა-ახალ გვინეას გარს აკრავს არაფურის, მარჯნის, სოლომონის და ბისმარკის ზღვები, ასევე წყნარი ოკეანე. ავსტრალიის კონტინენტიდან ქვეყანა გამოყოფილია ტორესის სრუტით, სიგანით დაახლოებით 160 კმ. სახელმწიფოს აქვს სახმელეთო საზღვარი მხოლოდ ინდონეზიასთან (დასავლეთით), რომელიც გავლებულია 141-ე მერიდიანზე და მხოლოდ მცირე ნაწილში უხვევს დასავლეთით მდინარე ფლაისთან ერთად. ზღვით ესაზღვრება ავსტრალიას (სამხრეთით), სოლომონის კუნძულებს (სამხრეთ-აღმოსავლეთით), ნაურუს (აღმოსავლეთით) და მიკრონეზიის ფედერაციულ შტატებს (ჩრდილოეთით).

კუნძული ახალი გვინეა და ქვეყნის სხვა კუნძულების უმრავლესობას აქვს მთიანი რელიეფი. ტერიტორიის მნიშვნელოვანი ნაწილის სიმაღლე ზღვის დონეზე 1000 მეტრზე მეტია, ხოლო ახალი გვინეის ზოგიერთი მწვერვალი აღწევს 4500 მეტრს, ანუ მუდმივი თოვლის ზოლს. მთის ქედების უმრავლესობა წარმოადგენს ვულკანების ჯაჭვს. პაპუა-ახალ გვინეაში 18 მოქმედი ვულკანია. მათი დიდი ნაწილი მდებარეობს ქვეყნის ჩრდილოეთში. ვულკანურ აქტივობას მოსდევს ძლიერი, კატასტროფული მიწისძვრები.

ახალი გვინეის კუნძულის აღმოსავლეთის ნაწილის მთავარი ქედი იწყება 50 კმ-იანი ზოლით პირდაპირ ინდონეზიის საზღვრიდან (სტარის მთები, რომლებიც მთიანი მთა მაოკეს გაგრძელებაა), რომელიც თანდათან ფართოვდება 250 კმ-მდე ცენტრალურ ნაწილში (ქედი სენტრალ-რეინჯი, ბისმარკის ქედი ქვეყნის ყველაზე მაღალი წერტილით — მთა ვილჰელმი — სიმაღლით 4509 მეტრი, შრედერის ქედი, მიულერის ქედი და სხვა). შემდეგ სამხრეთ-აღმოსავლეთში მთები ვიწროვდება და დაბლდება (გადადიან ოუენ-სტენლის ქედში, მაქსიმალური სიმაღლით 4072 მეტრი — მთა ვიქტორია) და კუნძულის სამხრეთ-აღმოსავლეთ დაბოლოებასთან იძირება წყლის ქვეშ. ზოგიერთი პიკი ამოწეულია წყლიდან და ქმნის ლუიზიადის არქიპელაგს[15]. ამ მთების ჩრდილოეთი ფერდოები დამრეცია, ხოლო სამხრეთი ნელ-ნელა გადადის დაბლობში. სენტრალ-რეინჯის ქედის სამხრეთ მთისწინა ზონას ეძახიან პაპუას პლატოს. რაც უფრო ახლოა ზღვასთან, პლატოც უფრო დაბალია, და თანდათან გადადის ჭაობიან დაბლობში.

პაპუა-ახალი გვინეის ტერიტორიის ცენტრალური მთების პარალელურად ინდონეზიიდან შემოდის ჩრდილოეთი სანაპირო მთების დაბალი ქედის ტოტები: ნაწილობრივ ბევანის მთები (სიმაღლით 1960 მეტრამდე), ტორიჩელის მთები (ყველაზე მაღალი წერტილი — სულენის მთა, სიმაღლით 1650 მეტრი), პრინც ალექსანდრეს მთები (ყველაზე მაღალი წერტილი — ტურუს მთა, სიმაღლით 1240 მეტრი)[16]. სანაპირო მთები მთავრდება დაბლობით (მდინარეების სეპიკის და რამუს ხეობები). როგორც ამ მთების ნაწილს ხშირად განიხილავენ მთებს ადელბერტს (ყველაზე მაღალი წერტილი — მენგამის მთა, სიმაღლით 1718 მეტრი), რომელიც მდებარეობს მდინარე რამუს მარჯვენა ნაპირზე, ასევე ფინისტერის და სარუვაგედის მთებს, რომლებიც მდებარეობენ ჰუონის ნახევარკუნძულზე, მაქსიმალური სიმაღლით 4121 მეტრი (ბანგეტას მთა). მთავარი კუნძულის გარდა მნიშვნელოვანი ქედები მდებარეობენ კუნძულებზე ახალი ბრიტანეთი (ქედი უაიტმანი, ნაკანის და ბაინინგის მთები, მაქსიმალური სიმაღლით 2334 მეტრი — ვულკანი ულავუნი) და ახალი ირლანდია (შეინიცის და ვორონის ქედები, სიმაღლით 2340 მეტრამდე).

გეოლოგია

რედაქტირება
 
ტავურვური.
 
პაპუა-ახალი გვინეას მთიანეთ.

პაპუა-ახალი გვინეა მდებარეობს გეოლოგიურად აქტიურ რეგიონში ავსტრალიურ (მოძრავი ჩრდილოეთისკენ სიჩქარით 7 სმ/წელიწადში) და წყნარი ოკეანის (მოძრავი დასავლეთისკენ სიჩქარით 10 სმ/წელიწადში) ლითოსფერული ფილაქნების პირაპირზე[17]. კუნძული ახალი გვინეა მდებარეობს ავსტრალიური ფილაქნის ჩრდილოეთ დაბოლოებაში და ისტორიამდელი სუპერმატერიკ საჰულის (მეგანეზია) ნაწილია. გეოლოგიასთან მიმართებაში ქვეყანა იყოფა ორ მთავარ გეოლოგიურ პროვინციად: ავსტრალიურ ფილაქანზე განლაგებულ ფლაის პლატფორმად და ფილაქნების პირაპირზე განლაგებულ ახალი გვინეის ოროგენულ ზონად[18].

ფლაის პლატფორმა წარმოადგენს დაბლობს, რომელიც ჩამოყალიბებულია დანალექი ნარჩენებისაგან, დაწყებული მეზოზოური ერიდან დამთავრებული მეოთხეულ პერიოდამდე. ახალი გვინეის ოროგენული ზონა შედგება სხვადასხვა დეფორმირებული დანალექი, მეტამორფული და მაგმური ქანებისგან (ინტრუზიულის ჩათვლით). ეს ზონა მოიცავს დანაოჭების რაიონს (პაპუის, ახალი გვინეის შეცოცების ზოლი, ოეუნ-სტენლის შეცოცების ზოლი), კუნძულების რკალს (მელანეზიური რკალი) და შიდა მცირე საზღვაო აუზებს[18].

პაპუის დანაოჭების რაიონი სენტრალ-რეინჯის ქედებით და პაპუის პლატო ჩამოყალიბდა მთის ჯიშების ჰორიზონტალური დაწნეხვით და დაფარულია მიოცენის პერიოდის კარბონატული დანალექი ნარჩენების სქელი ფენისაგან. ახალი გვინეის შეცოცების ზოლი მდებარეობს პაპუის დანაოჭების ჩრდილოეთით და რელიეფში წარმოდგენილია სანაპირო მთებით. ის უფრო მეტად აგებულია გნაისებით, რომლებიც ჩამოყალიბებულია საშუალო დაწნეხვისას მეტამორფიზმის დროს დანალექი და ვულკანური ჯიშებისაგან. იშვიათად გვხვდება გნაისები, რომლებიც ჩამოყალიბებულია ძლიერი დაწნეხვისას. შეცოცების ზოლი ჩამოყალიბდა ორ ეტაპად: სამხრეთ ნაწილში აქტიურობა გამოვლინდა ცარცული სისტემის გვიან პერიოდში, ხოლო ჩრდილოეთ ნაწილში — ეოცენის — ოლიგოცენის (ინტრუზიული მინერალების გაბროს და ბაზალტის ჩამოყალიბებით ტორიჩელის მთებში) პერიოდში[18]. ოეუნ-სტენლის შეცოცების ზოლი ჩამოყალიბდა პაპუის დანაოჭების რაიონის სამხრეთ-დასავლეთ რაიონში გადანაცვლების შედეგად, პრაქტიკულად შეუმჩნეველია თანამედროვე რელიეფზე. ზოლი ჩამოყალიბებულია დანალექი ჯიშებით, დაგროვილი ცარცული პერიოდიდან მიოცენის პერიოდამდე, მაღალი წნევის მეტამორფული ჯიშების ჩათვლით[18]. მელანეზიური რკალის კუნძულები (ახალი ბრიტანეთი, ახალი ირლანდია, საადმირალოს კუნძულები და სხვა უფრო მცირე კუნძულები) ძირითადად ჩამოყალიბებულია ეოცენ-ოლიგოცენიური პერიოდის ინტრუზიული ვულკანური ჯიშებით უფრო ძველი ნარჩენი ჯიშების მცირე ჩანართებით. მიოცენის და ადრეული პლიოცენის ვულკანური პროცესები ამ რაიონში შესუსტდა და კუნძულების ზედაპირი დაიფარა კარბონატული ნალექების ფენით. პლიოცენის პერიოდიდან დღევანდელი დღის ჩათვლით ვულკანური აქტივობა შეიმჩნევა მხოლოდ კუნძულ ახალ ბრიტანეთზე და კუნძულთა ჯაჭვზე უმბოი — მანამი. ლავებს უფრო მეტად აქვთ კარბონატული შემადგენლობა[18].

სასარგებლო წიაღისეული

რედაქტირება
 
სპილენძის მაღარო სამხრეთ-დასავლეთ პაპუა-ახალ გვინეაში.

ქვეყანას გააჩნია წარმოებისთვის მნიშვნელოვანი ზოგიერთი სასარგებლო წიაღისეულის მარაგი. სასარგებლო წიაღისეულის პირველი საბადო (ოქრო) აღმოაჩინეს ჯერ კიდევ 1888 წელს კუნძულ ვანატინაიზე, მაგრამ ის მალე გამოილია[19]. 2008 წლის მდგომარეობით იწარმოება სპილენძის, ოქროს, მოლიბდენის, ვერცხლის, ტელურის, ნიკელის, კობალტის, ბუნებრივი აირის, ნავთობის და ცემენტის ნედლეულის სამრეწველო მოპოვება.

ცნობილია სპილენძის 4 მსხვილი საბადო: ნენა (პროვინცია სანდაუნი, მარაგი შეფასებულია 32 მილიონ ტონა ნედლეულად სპილენძის შემადგენლობით 2,3 %), ოკ-ტედი (დასავლეთი პროვინცია, მარაგი შეფასებულია 510 მილიონ ტონა ნედლეულად სპილენძის შემადგენლობით 0,69 %), პანგუნა (ბუგენვილის ავტონომიური რეგიონი, მარაგი შეფასებულია 710 მილიონ ტონა ნედლეულად სპილენძის შემადგენლობით 0,4 %), უაფი (პროვინცია მორობე, მარაგი შეფასებულია 19 მილიონ ტონა ნედლეულად სპილენძის შემადგენლობით 1,4 %)[20]. საწარმოო მოპოვება წარმოებს მხოლოდ ოკ-ტედის საბადოზე, რომელზეც დამუშავება წარმოებს ღია წესით. 2008 წელს მოცემულ საბადოზე მოიპოვეს 187 000 ტონა სპილენძი[19]. პანგუნის საბადოზე სამუშაოები არ სწარმოებს 1989 წლის მაისიდან კუნძულზე სამოქალაქო კონფლიქტების გამო. იგეგმება სპილენძის მოპოვების განახლება[21].

2008 წელს ქვეყანაში მოპოვებული იქნა 65 ტონა ოქრო[22]. აშშ-ის გეოლოგიური სამსახურის მონაცემებით[22] პაპუა-ახალ გვინეას ოქროს მოპოვებით უკავია მე-11-ე ადგილი მსოფლიოში, ხოლო ოქროს საერთო მარაგი ფასდება 2300 ტონად. ყველაზე მსხვილი საბადოებია: ლიჰირის კუნძულები (პროვინცია ახალი ირლანდია, მარაგი შეფასებულია 188 მილიონ ტონა ნედლეულად ოქროს შემადგენლობით 3,6 გრ/ტ; 2008 წელს მოპოვებულია 24 ტონა ოქრო), ოკ-ტედი (მარაგი შეფასებულია 510 მილიონ ტონა ნედლეულად ოქროს შემადგენლობით 0,63 გრ/ტ; 2008 წელს მოპოვებულია 16 ტონა ოქრო), პანგუნა (მარაგი შეფასებულია 710 მილიონ ტონა ნედლეულად ოქროს შემადგენლობით 0,49 გრ/ტ), პორგერა (პროვინცია ენგა, მარაგი შეფასებულია 65,4 მილიონ ტონა ნედლეულად ოქროს შემადგენლობით 4,6 გრ/ტ; 2008 წელს მოპოვებულია 19 ტონა ოქრო), ტოლუკუმა (ცენტრალური პროვინცია, მარაგი შეფასებულია 700 მილიონ ტონა ნედლეულად ოქროს შემადგენლობით 13,3 გრ/ტ; 2008 წელს მოპოვებულია 2 ტონა ოქრო) და სხვა[19][20]. მოპოვება წარმოებს როგორც ღია კარიერებში, ასევე შახტებში. გეოლოგიური კვლევების შედეგად ხდება ახალი საბადოების გახსნა, რომელთაგან ბევრს შეიძლება ჰქონდეს საწარმოო დანიშნულება[19].

ქვეყანაში ვერცხლის ყველაზე დიდი საბადო იყო მისიმის მადანი, რომელიც მდებარეობს კუნძულ მისიმაზე პროვინციაში მილნ-ბეი. 1991 წელს მასზე მოპოვებული იქნა 100 ტონა ვერცხლი. მარაგი შეფასებულია 35,7 მილიონ ტონა ნედლეულად ვერცხლის შემადგენლობით 11,0 გრ/ტ[20]. 2001 წელს საბადო მარაგის გამოლევის გამო დაიკეტა[23]. 2008 წელს მოპოვებული იქნა 52 ტონა ვერცხლი ორ საბადოზე: ოკ-ტედის საბადოზე (48 ტონა ვერცხლი) და პორგერას საბადოზე (4 ტონა ვერცხლი). დაკონსერვებული რჩება პანგუნას მსხვილი საბადო (მარაგი შეფასებულია 530 მილიონ ტონა ნედლეულად ვერცხლის შემადგენლობით 1,18 გრ/ტ)[19]. ასევე ცნობილია მოლიბდენის (მარაგი შეფასებულია 21 300 ტონად), ტელურის, ნიკელის და კობალტის (არსებობს ცნობა 31 500 ტონა ნიკელის და 3300 ტონა კობალტის ყოველწლიურად მოპოვების მზადყოფნის თაობაზე 20 წლის განმავლობაში) საწარმოოდ მნიშვნელოვანი საბადოები, რომლებიც ჯერ არ მოიპოვება[19].

პაპუა-ახალ გვინეას ასევე აქვს ნახშირწყალბადის მნიშვნელოვანი მარაგი. არსებობს ბუნებრივი აირის ერთი საბადო (ჰაიდეს გაზფილდი, პროვინცია საუთერნ-ჰაილენდსი) — 2008 წელს აქ მოპოვებული იქნა 135 მილიონი მ³ აირი; და რამდენიმე ნავთობის საბადო — ძირითადად კუტუბუს ტბის რაიონში (2008 წლის მდგომარეობით მარაგი შეფასებულია 12,1 მილიონ ტონად[24].; სველი ნავთობის მოპოვება — 12 400 მილიონი ბარელი)[19].

ჰიდროლოგია

რედაქტირება

პაპუა-ახალი გვინეის შემადგენლობაში შემავალ კუნძულებზე საკმაოდ ხშირი მდინარეების ქსელია. მდინარეების სათავეები იწყება მთებში და ჩაედინებიან ოკეანეში, მათგან აღსანიშნავია: სეპიკი, მამბერამო, ფლაი და დიგული. თავსხმა წვიმების პერიოდში მდინარეები ნაპირიდან გადმოდიან და წყლით ფარავენ დიდ ტერიტორიებს, რითაც ბევრი რაიონი ჭაობდება. განსაკუთრებით ბევრი ჭაობია კუნძულ ახალ გვინეაზე. დაჭაობებულ ადგილებზე ფართედაა გავრცელებული მალარია. ქვეყანაში ყველაზე დიდი ტბაა მარი.

ქვეყნის კლიმატიტროპიკულია, ტერიტორიის უმეტეს ნაწილში — ტენიანი. ტემპერატურის ცვალებადობა წლის განმავლობაში უმნიშვნელოა. დღის საშუალო ტემპერატურაა დაახლოებით 26 °C. წელიწადის დრო განსხვავდება მხოლოდ ნალექების რაოდენობით — მშრალი სეზონი და წვიმიანი სეზონი. სხვადასხვა ადგილებში ეს სეზონები მოდის სხვადასხვა თვეებში.

მაგრამ კლიმატი ცხელი შეიძლება ჩავთვალოთ მხოლოდ სანაპირო რაიონებში. მთიანი რაიონები თავისი კლიმატით მნიშვნელოვნად განსხვავდება დაბლობი ადგილების კლიმატისაგან. იქ ტემპერატურა დაბალია, ნალექები კი ბევრი. 2500-3000 მეტრზე მაღლა ჰაერის დღე-ღამის საშუალო ტემპერატურა 10 °C-ზე მეტი არ არის. იქ თითქმის განუწყვეტლივ მოდის ნელი, ცივი წვიმა, ზოგჯერ მოდის სეტყვა. ეს რაიონები დასახლებული არ არის.

ფლორა და ფაუნა

რედაქტირება
 
ხის კენგურუ.

პაპუა-ახალი გვინეის მცენარეულობა და ცხოველთა სამყარო მდიდარია და მრავალფეროვანი. იქ იზრდება 20 ათას სახეობაზე მეტი მცენარე. კუნძულ ახალი გვინეის სანაპიროს გასწვრივ გადაჭიმულია მანგროს ტყეების ფართე (ადგილებში 35 კმ-მდე) ზოლი. ეს ზონა სრულიად გაუვალია, და ის შეიძლება გადავლახოთ, მხოლოდ მდინარის გაცურვით. მდინარეების გასწვრივ იზრდება ველური შაქრის ლერწამი, ხოლო დაჭაობებულ ადგილებში — ლათ. Cýcas-ის მცირე მასივი.

ასობით სახეობის ხეებისგან ჩამოყალიბებული ხშირი ტენიანი ტროპიკული ტყეებით დაფარულია მთის კალთები. მაგრამ ახლა იქ ასევე არსებობს პლანტაციები და ბაღები. იზრდება ქოქოსის პალმა, ბანანი, შაქრის ლერწამი, ნესვის ხე, გორგლისებური — ტარო, იამსი, ბატატი, მანიჰოტი და სხვა კულტურები. ბაღები ენაცვლებიან ტყეებს. მიწის ნაკვეთები მუშავდება მხოლოდ 2—3 წელი, შემდეგ 10—12 წელი ისინი იფარება ტყით.

1000—2000 მეტრის ზემოთ ტყეები ხდება შემადგენლობით უფრო ერთგვაროვანი, იქ უფრო ჭარბობს წიწვოვანი ჯიშები, განსაკუთრებით არაუკარია. ამ ხეებს აქვთ სამეურნეო მნიშვნელობა: მათი მერქანი — ძვირფასი სამშენებლო მასალაა. მაგრამ მოჭრილი ხე-ტყის მიტანა გართულებულია კარგი გზების უქონლობის გამო.

ახალი გვინეის მაღალმთიანეთი დაფარულია ბუჩქებით და მდელოებით. მთებს შუა ქვაბულებში გავრცელებულია ბალახოვანი მცენარეულობა, რომელიც აღმოცენდა ტყეების ადგილზე უპირატესად ხანძრების შედეგად.

ქვეყნის ცხოველთა სამყარო წარმოდგენილია ქვეწარმავლებით, მწერებით და განსაკუთრებით მრავალრიცხოვანი ფრინველებით. ძუძუმწოვრებიდან, როგორც მეზობელ ავსტრალიაში, აღსანიშნავია მხოლოდ ჩანთოსანთა წარმომადგენლები — ბანდიკუტი (ჩანთოსანი მაჩვი) (ლათ. Peramelemorphia), ვალაბი (ხის კენგურუ) (ლათ. Wallabia), კუსკუსი (ლათ. Phalanger) და სხვა. ტყეებში და სანაპიროზე ბევრი გველი, მათ შორის შხამიანი და ხვლიკებია. ზღვის ნაპირებზე და დიდ მდინარეებზე გვხვდება ნიანგები და კუები. ჩიტებიდან აღსანიშნავია კაზუარი (ლათ. Casuarius), სამოთხის ფრინველი, გვირგვინოსანი მტრედი, თუთიყუში, ლათ. Megapodiidae. ევროპელებმა კუნძულზე შემოიყვანეს შინაური ქათმები, ძაღლები და ღორები. გარეული ღორები, ასევე ვირთაგვები, მინდვრის თაგვები და ზოგიერთი სხვა ცხოველი ფართედ გავრცელდა ქვეყნის მთელ ტერიტორიაზე.

 
ახალი გვინეა 1884-1919 წლებში.

ევროპული კოლონიზაციის პერიოდისთვის დღევანდელი პაპუა-ახალი გვინეის ტერიტორია დასახლებული იყო პაპუასებით და მელანეზიელებით. ისინი ცხოვრობდნენ ქვის ხანის პირობებში, დაკავებული იყვნენ ნადირობით, თევზჭერით და საკვების შეგროვებით.

ახალი გვინეა 1526 წელს აღმოაჩინა პორტუგალიელმა ზღვაოსანმა ჟორჟი დი მენეზიშმა. კუნძულს სახელი 1545 წელს დაარქვა ესპანელმა ზღვაოსანმა ინიგო ორტის დე რეტესმა, რომელმაც შეამჩნია ადგილობრივი მოსახლეობის მსგავსება აფრიკული გვინეის მოსახლეობასთან.

კუნძულის გამოკვლევა და იქ ევროპელების შეღწევა დაიწყო მხოლოდ XIX საუკუნეში. მაგალითად, რუსმა მკვლევარმა ნიკოლოზ მიკლუხო-მაკლაიმ საერთო ჯამში პაპუასებს შორის თითქმის ოთხი წელი იცხოვრა (1870-იანი და 1880-იანი წლების დასაწყისში).

XIX საუკუნეში პაპუა-ახალ გვინეას სტუმრობდნენ სხვა ევროპელებიც — ვაჭრები, ვეშაპზე მონადირეები, მისიონერები. პაპუა-ახალ გვინეაში ევროპელებმა შემოიტანეს პირველი რკინის იარაღი.

1884 წლიდან კუნძულ ახალი გვინეის სამხრეთ-აღმოსავლეთი ნაწილი იმყოფებოდა ბრიტანეთის იმპერიის დაქვემდებარებაში, რომელმაც XX საუკუნის დასაწყისში გადასცა ის ავსტრალიას.

ჩრდილო-აღმოსავლეთი ნაწილი ახლომდებარე კუნძულებით — ბისმარკის არქიპელაგი და სხვა (ამ ტერიტორიებს მოგვიანებით დაუმკვიდრდა სახელი ახალი გვინეა) 1880-იან წლებში დაიპყრო გერმანიამ, პირველი მსოფლიო ომის შემდეგ, 1920 წელს გადაეცა ავსტრალიას, როგორც ერთა ლიგის სამეურვეო ტერიტორია (მოგვიანებით — გაერთიანებული ერების ორგანიზაციის სამეურვეო ტერიტორია).

1949 წელს პაპუა-ახალი გვინეის ორივე ნაწილი ადმინისტრაციული თვალსაზრისით გააერთიანა ავსტრალიის ხელისუფლებამ.

1973 წელს პაპუა-ახალი გვინეის ტერიტორიამ მიიღო შიდა თვითმმართველობა. 1975 წლის სექტემბერში გახდა გამოუკიდებელი სახელმწიფო.

1988—1997 წლებში კუნძულ ბუგენვილზე მიმდინარეობდა პარტიზანული ომი — ბუგენვილის რევოლუციური არმია იბრძოდა კუნძულის გამოყოფისთვის პაპუა-ახალი გვინეის შემადგენლობიდან. პარტიზანებთან საბრძოლველად პაპუა-ახალი გვინეის მთავრობა იყენებდა ქვეყნის პრაქტიკულად მთელ შეიარაღებულ ძალებს (დაახლოებით 2 ათასი ჯარისკაცი და ოფიცერი), ასევე სთხოვა დახმარება ავსტრალიას, რომელმაც გამოაგზავნა მცირე სამხედრო კონტინგენტი, და დაიქირავა პროფესიონალი დაქირავებულთა ჯგუფი. ამ ომის მიმდინარეობისას დაიღუპა დაახლოებით 20 ათასი ადამიანი.

ქრონოლოგიური ცხრილი

რედაქტირება
წელი თარიღი მოვლენა
1824 ნიდერლანდებმა კუნძულ ახალი გვინეის მიწები 141° ა. გ. დასავლეთით გამოაცხადა თავის საკუთრებად.
1884 3 ნოემბერი გერმანიამ გამოაცხადა პროტექტორატი კუნძულის ჩრდილო-აღმოსავლეთ ნაწილზე (141° ა. გ. აღმოსავლეთით) და დაარქვა გერმანიის ახალი გვინეა.
1884 6 ნოემბერი დიდმა ბრიტანეთმა გამოაცხადა პროტექტორატი კუნძულის სამხრეთ-აღმოსავლეთ ნაწილზე (141° ა. გ. აღმოსავლეთით) და დაარქვა ბრიტანეთის ახალი გვინეა.
1885 აპრილი გერმანიამ დაამყარა პროტექტორატი სოლომონის კუნძულების ჩრდილოეთ ნაწილზე (კუნძული ბუკა, კუნძული ბუგენვილი, კუნძული შუაზელი, კუნძული შორტლენდი, კუნძული სანტა-ისაბელი, ატოლი ონტონგ-ჯავა (ლორდ-ჰაუ)).
1886 ბრიტანეთის ახალი გვინეა ხდება დიდი ბრიტანეთის კოლონია.
1899 14 ნოემბერი გერმანიამ ატოლი ონტონგ-ჯავა, კუნძული შუაზელი, კუნძული შორტლენდი და კუნძული სანტა-ისაბელი გადასცა სოლომონის კუნძულების ბრიტანეთის პროტექტორატს. კუნძული ბუკა და კუნძული ბუგენვილი შევიდა კოლონია გერმანიის ახალი გვინეის შემადგენლობაში.
1906 1 სექტემბერი დიდმა ბრიტანეთმა გადასცა ავსტრალიის კავშირს ბრიტანეთის ახალი გვინეის კოლონია და მას სახელად დაარქვა პაპუა.
1914 11 ნოემბერი გერმანიის ახალი გვინეა ოკუპირებული იქნა ავსტრალიის მიერ, რის შემდეგაც მას დაერქვა ჩრდილო-აღმოსავლეთი ახალი გვინეა.
1920 17 დეკემბერი ავსტრალიამ მიიღო ერთა ლიგის მანდატი ჩრდილო-აღმოსავლეთ ახალი გვინეის მართვაზე და მას სახელად ეწოდა ახალი გვინეის ტერიტორია.
1942 21 იანვარი კუნძულ ახალ გვინეაზე იაპონიის ოკუპაციის დასაწყისი.
1942 10 აპრილი ავსტრალიამ ტერიტორიალურად გააერთიანა პაპუა და ახალი გვინეის ტერიტორია და მას სახელად დაერქვა — პაპუა და ახალი გვინეის ტერიტორია.
1949 მიწების ადმინისტრაციული გაერთიანება.
1971 1 ივლისი ავსტრალიის ხელისუფლებამ ტერიტორიას მისცეს ახალი სახელი: პაპუა-ახალი გვინეის ტერიტორია.
1973 დეკემბერი პაპუა-ახალი გვინეის ტერიტორიამ მიიღო თვითმმართველობა.
1975 16 სექტემბერი გამოცხადდა დამოუკიდებელი სახელმწიფო პაპუა-ახალი გვინეა ერთა თანამეგობრობის შემადგენლობაში, მიღებულ იქნა კონსტიტუცია.

ადმინისტრაციული დაყოფა

რედაქტირება

პაპუა-ახალი გვინეა დაყოფილია 4 რეგიონად, ხოლო ისინი 22 პროვინციად.

რეგიონები

რედაქტირება
 
პაპუა-ახალი გვინეის რეგიონები
  ჰაილენდსის რეგიონი
  აილენდსის რეგიონი
  მომასეს რეგიონი
  პაპუას რეგიონი
რეგიონი ფართობი,
კმ²
მოსახლეობა,
ად. (2011)
სიმჭიდროვე,
ად./კმ²
1 აილენდსი 56 602 1 096 543 19,37
2 მომასე 141 837 1 867 657 13,17
3 პაპუა 199 979 1 456 250 7,28
4 ჰაილენდსი 63 657 2 854 874 44,85
სულ 462 840 7 275 324 15,72

პროვინციები

რედაქტირება
 
პაპუა-ახალი გვინეის პროვინციები
დროშა პროვინცია ადმინისტრაციული ცენტრი ფართობი,[25]
კმ²
მოსახლეობა,
ად. (2011)
სიმჭიდროვე,
ად./კმ²
რეგიონი
1   ცენტრალური პორტ-მორზბი 29 998 269 756 8,99 პაპუა
2   სიმბუ კუნდიავა 6112 376 473 61,60 ჰაილენდსი
3   ისტერნ-ჰაილენდსი გოროკა 11 157 579 825 51,97 ჰაილენდსი
4   აღმოსავლეთი ახალი ბრიტანეთი კოკოპო 15 274 328 369 21,50 აილენდსი
5   აღმოსავლეთი სეპიკი ვევაკი 43 426 450 530 10,37 მომასე
6   ენგა ვაბაგი 11 704 432 045 36,91 ჰაილენდსი
7   ყურე კერემა 34 472 158 197 4,59 პაპუა
8   მადანგი მადანგი 28 886 493 906 17,10 მომასე
9   მანუსი ლორენგაუ 2000 60 485 30,24 აილენდსი
10   მილნ-ბეი ალოტაი 14 345 276 512 19,28 პაპუა
11   მორობე ლაე 33 705 674 810 20,02 მომასე
12   ახალი ირლანდია კავიენგი 9557 194 067 20,31 აილენდსი
13   ორო პოპონდეტა 22 735 186 309 8,19 პაპუა
14   ბუგენვილის ავტონომიური რეგიონი არავა 9384 249 358 26,57 აილენდსი
15   საუთერნ-ჰაილენდსი მენდი 15 089 510 245 33,82 ჰაილენდსი
16   დასავლეთი პროვინცია (ფლაი) დარუ 98 189 201 351 2,05 პაპუა
17   უესტერნ-ჰაილენდსი მაუნტ-ჰაგენი 4299 362 850 84,40 ჰაილენდსი
18   დასავლეთი ახალი ბრიტანეთი კიმბე 20 387 264 264 12,96 აილენდსი
19   სანდაუნი (დასავლეთი სეპიკი) ვანიმო 35 820 248 411 6,93 მომასე
20   დედაქალაქის ეროვნული ოლქი პორტ-მორზბი 240 364 125 1517,19 პაპუა
21   ჰელა ტარი 10 498 249 449 23,76 ჰაილენდსი
22   ჯივაკა მინი 4798 343 987 71,69 ჰაილენდსი
სულ 462 840 7 275 324 15,72

მოსახლეობა

რედაქტირება
 
ჰულუს ხალხის წარმომადგენელი, საუთერნ-ჰაილენდსიდან.

მოსახლეობის რაოდენობა — 6,1 მილიონი (2010 წლის ივლისის შეფასება)

მოსახლეობის ზრდა — 2,0 % (ფერტილობა — 3,5 დაბადებული ერთ ქალზე)

მოსახლეობის სიმჭიდროვე — 13 ად./კმ²

შობადობა — 27 დაბადებული 1000 კაცზე

სიკვდილიანობა — 6,6 ადამიანი 1000 ადამიანზე

ჩვილთა სიკვდილიანობა — 44,6 ბავშვი 1000 დაბადებულზე

მამაკაცების სიცოცხლის ხანგრძლივობა — 63,8 წელი

ქალების სიცოცხლის ხანგრძლივობა — 68,3 წელი

იმუნოდეფიციტის ვირუსით (სპიდი) დაინფიცირებულები — 1,5 % (2007 წლის შეფასება)

განათლება — 63 % მამაკაცი, 51 % ქალი (2000 წლის აღწერა)

ქალაქის მოსახლეობის წილი — 12 %

65 წელზე უფროსი ადამიანების წილი — 3,5 %

15 წელზე უმცროსი ადამიანების წილი — 36,9 %

მოსახლეობის ბოლო აღწერა ჩატარდა 2011 წელს (7 275 324 ად.)

ეთნო-რასობრივი შემადგენლობა — მელანეზიელები, პაპუასები, ნეგრიტოსები, მიკრონეზიელები, პოლინეზიელები.

ენები — ოფიციალური: ტოკ-პისინი (ყველაზე გავრცელებული), ჰირი-მოტუ (იცის 2 %-მა), ინგლისური (იცის 1 %-მა). 800-ზე მეტი აბორიგენული ენა. ქვეყანა ყველაზე უფრო მეტი ენების რაოდენობით (მსოფლიოში არსებული ენების საერთო რაოდენობის დაახლოებით 10 %). მისი ერთ-ერთი ახსნაა — მთებით ჩაკეტილ ხეობებში მოსახლე ხალხებს შორის კომუნიკაციების არარსებობა.

რელიგია — კათოლიკები — 27 %, ლუთერანები — 19,5 %, პაპუა-ახალი გვინეის გაერთიანებული ეკლესიის მიმდევრები — 11,5 %, ადვენტისტები — 10 %, ორმოცდაათიანელები ღმერთის ასამბლეიდან — 8,6 %, ევანგელისტები — 5,2 %, ანგლიკანები — 3,2 %, ბაპტისტები — 2,5 %, სხვა პროტესტანტები — 8,9 %, ბაჰაისტები — 0,3 %, აბორიგენული და სხვა სარწმუნოებები — 3,3 % (2003 წლის აღწერით)[26].

პოლიტიკური სისტემა

რედაქტირება
 
პრემიერ-მინისტრი პიტერ ო’ნილი

ქვეყანაში კონსტიტუციური მონარქიაა. სახელმწიფოს მეთაურია — გაერთიანებული სამეფოს მეფე ჩარლზ III, რომელსაც წარმოადგენს გენერალ-გუბერნატორი (2011 წლის 25 თებერვლიდან — მაიკლ ოგიო). გენერალ-გუბერნატორს ნიშნავს დედოფალი პაპუა-ახალი გვინეის პარლამენტის არჩევნების შედეგების მიხედვით.

პარლამენტი — ერთპალატიანია, 109 ადგილი, მათ შორის 89 დეპუტატს ირჩევს მოსახლეობა 5 წლის ვადით, კიდევ 20 — ინიშნება პროვინციებიდან.

პარლამენტში წარმოდგენილია:

  • ეროვნული ალიანსი — 30 ადგილი
  • პაპუა-ახალი გვინეის პარტია — 8 ადგილი
  • სახალხო მოძრაობა — 6 ადგილი
  • პანგუ — 5 ადგილი
  • სახალხო დემოკრატიული მოძრაობა — 5 ადგილი
  • გაერთიანებული რესურსების პარტია — 5 ადგილი
  • სახალხო პროგრესის პარტია — 5 ადგილი
  • სახალხო ეროვნული კონგრესი — 5 ადგილი

ამას გარდა, კიდევ 12 პარტიას პარლამენტში აქვს 4-დან ერთამდე ადგილი, და არჩეულია 16 უპარტიო დეპუტატი. პარტიული ფრაქციების შემადგენლობა ხშირად იცვლება, რადგანაც დეპუტატები იცვლიან პარტიულ კუთვნილებას. 2007 წლის ივლისში პაპუა-ახალ გვინეაში საპარლამენტო არჩევნების წინ სულ ოფიციალურად დარეგისტრირებული იყო 45 პოლიტიკური პარტია.

საგარეო პოლიტიკა

რედაქტირება

პაპუა-ახალი გვინეის საგარეო პოლიტიკა დამყარებულია ავსტრალიასთან და სხვა ტრადიციულ მოკავშირეებთან მჭიდრო კავშირში, ასევე მეზობელ ქვეყნებთან კოოპერატიულ ურთიერთობაში. მისი შეხედულებები საერთაშორისო პოლიტიკურ და ეკონომიკურ საკითხებზე, როგორც წესი, ზომიერია. პაპუა-ახალი გვინეას აქვს დიპლომატიური ურთიერთობა 56 ქვეყანასთან.

პაპუა-ახალი გვინეა ეკუთვნის მთელ რიგ რეგიონალურ ორგანიზაციებს, მათ შორის: აზია-წყნარი ოკეანის ეკონომიკური თანამშრომლობა; ასეანის რეგიონალური ფორუმი (პაპუა-ახალი გვინეა ასეანის წევრი-დამკვირვებელია); წყნარი ოკეანის თანამეგობრობის სამდივნო; წყნარი ოკეანის კუნძულების ფორუმი; ბუნების დაცვის სამხრეთ-წყნარი ოკეანის რეგიონალური პროგრამა.

ურთიერთობა ქვეყნებთან

რედაქტირება

ავსტრალია

რედაქტირება

ურთიერთობა ავსტრალიასთან გამწვავდა 2006 წელს, როდესაც პრემიერ-მინისტრმა მაიკლ სომარეს ბრალი დაედო ჯულიანა მოტის სოლომონის კუნძულებზე გაქცევაში ხელშეწყობაში. მოტი ავსტრალიაში გამოცხადდა ძებნილად სერიოზული ბრალდებით ბავშვებთან დაკავშირებით სექსუალურ ნიადაგზე დანაშაულში. შედეგად, ავსტრალიის ხელისუფლებამ სომარეს აუკრძალა ავსტრალიაში ჩასვლა; ყველა მოლაპარაკება კანბერასა და პორტ-მორზბის შორის შეწყდა. 2007 წლის სექტემბერში ამ ორი ქვეყნის ურთიერთობაში გამოიკვეთა დათბობა და 2007 წლის დეკემბერში, ავსტრალიის ახალი პრემიერ-მინისტრი კევინ რადი შეხვდა სომარეს ბალის კუნძულზე.

2000-იანი წლების დასასრულს პაპუა-ახალმა გვინეამ დაიწყო თავისი ურთიერთობის გამყარება კუბასთან. კუბა ქვეყანას ეხმარება სამედიცინო სფეროში. 2008 წლის სექტემბერში პაპუა-ახალი გვინეის ხელისუფლებამ ორგანიზება გაუკეთა კუბის და წყნარი ოკეანის ქვეყნების მინისტრების პირველ შეხვედრას ჰავანაში, რომლის მიზანი იყო „თანამშრომლობის გაღრმავება“ კუბასა და წყნარი ოკეანის ქვეყნებს შორის, კერძოდ კლიმატის ცვლილებების შედეგების წინააღმდეგ ბრძოლაში.

ურთიერთობის დაწყების თარიღი: 1976 წელი

2005 წლის ნოემბრის მდგომარეობით, პაპუა-ახალი გვინეის ურთიერთობა წყნაროკეანელ მეზობელ ფიჯისთან იყო დაძაბული, რადგანაც დაქირავებულ მებრძოლთა გარკვეული რაოდენობა ფიჯიდან არალეგალურად მოქმედებდა კუნძულ ბუგენვილზე, აიარაღებდა და ამზადებდა აჯანყებულებს.

საფრანგეთი

რედაქტირება

ოფიციალური დიპლომატიური ურთიერთობა დამყარდა 1976 წელს. პაპუა-ახალი გვინეა დეკოლონიზაციის შესახებ გაეროს სპეციალური კომიტეტის წევრია. საფრანგეთის ხელისუფლება აღნიშნავს, რომ მას აქვს „ზომიერი“ ურთიერთობა პორტ-მორზბისთან ახალი კალედონიის დეკოლონიზაციის საკითხთან მიმართებაში - რომელიც, როგორც პაპუა-ახალი გვინეა, მდებარეობს მელანეზიაში. საფრანგეთის ეროვნული კრება ემხრობა პაპუა-ახალ გვინეასთან მეგობრული ურთიერთობის შენარჩუნებას.

ინდონეზია

რედაქტირება

ინდონეზიას პაპუა-ახალ გვინეასთან აქვს სახმელეთო საზღვარი სიგრძით 760 კმ, რომელიც ძაბავს დიპლომატიურ ურთიერთობას ამ ორ ქვეყანას შორის რამდენიმე ათეული წლების განმავლობაში. ინდონეზიას აქვს​​ პაპუა-ახალ გვინეაში საელჩო ქალაქ პორტ-მორზბიში და საკონსულო ქალაქ ვანიმოში.

ჩინეთის სახალხო რესპუბლიკა

რედაქტირება

დამოუკიდებელმა სახელმწიფომ პაპუა-ახალმა გვინეამ და ჩინეთის სახალხო რესპუბლიკამ დაამყარეს ოფიციალური დიპლომატიური ურთიერთობა 1976 წელს, პაპუა-ახალი გვინეის დამოუკიდებლობის მიღებისთანავე. ამ ორ ქვეყანას დღეისათვის აქვთ დიპლომატიური, ეკონომიკური და დაბალი ხარისხით სამხედრო ურთიერთობები. ორ ქვეყანას შორის ურთიერთობები საკმაოდ თბილია, ჩინეთი მსხვილი ინვესტორია, ასევე ეხმარება პაპუა-ახალ გვინეას განვითარებაში.

ფილიპინები

რედაქტირება

2009 წლის მარტში, ფილიპინებმა და პაპუა-ახალმა გვინეამ ხელი მოაწერეს მემორანდუმს ურთიერთდახმარების შესახებ, რომელიც გააღრმავებს ურთიერთობას ამ ორ ქვეყანას შორის თევზის მეურნეობის განვითარების სფეროში. მემორანდუმი ხელს შეუწყობს ტექნოლოგიების გადაცემას აკვაკულტურების, გემების საწარმოების, ინვესტიციების, ტექნიკური მომზადების, ერთობლივი გამოკვლევების განვითარებისთვის და თითოეული ქვეყნის „სტრატეგიული შევსების“ გეგმებს „მარჯნის სამკუთხედში“. იმავე წელს პაპუა-ახალმა გვინეამ ფილიპინებს დახმარება სთხოვა მისი ასეანის ქვეყნების წევრად მიღებაში.

დიდი ბრიტანეთი

რედაქტირება

პაპუა-ახალი გვინეა და დიდი ბრიტანეთი იყვნენ გაერთიანებული სამეფოს მონარქის ელისაბედ II-ის მმართველობის ქვეშ. დიპლომატიური ურთიერთობა დიდ ბრიტანეთთან დამყარდა 1975 წელს, როდესაც პაპუა-ახალმა გვინეამ მიიღო დამოუკიდებლობა ავსტრალიისგან.

აშშ-მა და პაპუა-ახალმა გვინეამ ხელი მოაწერეს „ხელშეკრულებას აშშ-სა და წყნარი ოკეანის ქვეყნებს შორის თინუსის მრავალმხრივი რეწვის თაობაზე“, რომლის თანახმადაც აშშ კუნძულოვან ქვეყნებს უხდის 63 მილიონ დოლარს წელიწადში, ხოლო ისინი ნებას აძლევენ აშშ-ს მათი თევზსაჭერი გემების გამოყენებაზე. აშშ ასევე მხარს უჭერს პაპუა-ახალი გვინეის ძალისხმევას ბიომრავალფეროვნების დაცვის სფეროში; საერთაშორისო ინიციატივებს მარჯნის რიფების თაობაზე, მიმართული ტროპიკულ ქვეყნებში რიფების დაცვაზე.

პაპუა-ახალი გვინეა და ერთა თანამეგობრობა

რედაქტირება

პაპუა-ახალი გვინეა ერთა თანამეგობრობის სახელმწიფო-წევრია 1975 წლიდან, როდესაც მან მიიღო დამოუკიდებლობა ავსტრალიისგან.

პაპუა-ახალი გვინეა ბრიტანეთის თანამეგობრობის წევრია და ამ ორგანიზაციის სხვა სახელმწიფო-წევრებში მის საელჩოებს ხელმძღვანელობენ „უმაღლესი კომისრები“ ელჩის რანგში.

შეიარაღებული ძალები

რედაქტირება

პაპუა-ახალი გვინეის შეიარაღებული ძალები (ინგლ. Papua New Guinea Defence Force) — სამხედრო ორგანიზაციაა, რომლის დანიშნულებაა ქვეყნის თავდაცვა, სახელმწიფოს თავისუფლების და დამოუკიდებლობის დაცვა. შეიარაღებული ძალები კომპლექტება ნებაყოფლობით კონტრაქტულ საფუძველზე მამრობითი სქესის 16 წელზე უფროსი პირებისაგან (მშობლების თანხმობით და სკოლაში 12 კლასის დამთავრების შემდეგ), იძულებითი გაწვევა არ ხორციელდება.

საერთო მონაცემები

რედაქტირება
პაპუა-ახალი გვინეის შეიარაღებული ძალები[27]
შეიარაღებული ძალების სახეობები:
სახმელეთო ჯარი
საზღვაო ოპერაციების ძალები
საჰაერო ოპერაციების ძალები
გასაწვევი ასაკი და კომპლექტაციის წესი: პაპუა-ახალი გვინეის შეიარაღებული ძალები კომპლექტირდება ნებაყოფლობით კონტრაქტულ საფუძველზე მამრობითი სქესის 16 წელზე უფროსი პირებისაგან (მშობლების თანხმობით და სკოლაში 12 კლასის დამთავრების შემდეგ), იძულებითი გაწვევა არ ხორციელდება.
სამხედრო სამსახურისთვის დასაშვები ადამიანთა რესურსი: მამაკაცები ასაკით 16-49 წელი: 1 568 210

ქალები ასაკით 16-49 წელი: 1 478 965 (2010 წლის შეფასება)

სამხედრო სამსახურისთვის ვარგისი ადამიანთა რესურსი: მამაკაცები ასაკით 16-49 წელი: 1 130 951

ქალები ასაკით 16-49 წელი: 1 137 753 (2010 წლის შეფასება)

ყოველწლიურად გასაწვევ ასაკს მიღწეული ადამიანთა რესურსი: მამაკაცები ასაკით: 67 781

ქალები ასაკით: 65 820 (2010 წლის შეფასება)

სამხედრო ხარჯები — პროცენტი მთლიანი შიდა პროდუქტიდან: 0,54 (2012 წელი)

126-ე ადგილი მსოფლიოში[28]

ეკონომიკა

რედაქტირება

პაპუა-ახალი გვინეა — სამხრეთ-აღმოსავლეთ აზიის რეგიონში საკმაოდ დაბალი ცხოვრების დონია ქვეყანაა. ბუნებრივი რესურსებით პაპუა-ახალი გვინეა საკმაოდ მდიდარია, მაგრამ მათი გამოყენება გაძნელებულია ადგილობრივი პირობებისა და ინფრასტრუქტურების განვითარებაზე დიდი დანახარჯების გამო. მიუხედავად ამისა სპილენძის მადნის, ოქროს და ნავთობის საბადოების დამუშავება იძლევა სავალუტო შემოსავლების თითქმის ორ მესამედს.

სასარგებლო წიაღისეულის მოპოვება, მათ შორის ნავთობის, სპილენძის და ოქროს, შეადგენს საექსპორტო შემოსავლების 72 %-ს. ხანგრძლივი არასტაბილური პერიოდის შემდეგ ბოლო წლების განმავლობაში ეკონომიკის მდგომარეობა გაუმჯობესდა. მთავრობა პრემიერ-მინისტრ მეკერე მორაუტას ხელმძღვანელობით ცდილობდა მთლიანობაში შეენარჩუნებინა სახელმწიფო ინსტიტუტები, დაესტაბილებინა ადგილობრივი ვალუტა, დაებალანსებინა ეროვნული ბიუჯეტი, სახელმწიფო საწარმოების პრივატიზირება გაეკეთებინა იქ, სადაც ეს აუცილებელი იყო და დაემყარებინა მშვიდობა კუნძულ ბუგენვილზე. ავსტრალია ყოველწლიურად უყოფს 240 მილიონ დოლარს დახმარების სახით, რაც შეადგენს სახელმწიფო ბიუჯეტის 20 %-ს. მთავრობის ძირითადი ამოცანებია: ინვესტორების ნდობის გამყარება, სახელმწიფო საკუთრების ობიექტების პრივატიზაციის გაგრძელება, კანონმდებლების მხარდაჭერის შენარჩუნება და ავსტრალიასთან ურთიერთობის კიდევ უფრო გაუმჯობესება.

  • მთლიანი შიდა პროდუქტი (მსყიდველობითი უნარის პარიტეტის მიხედვით): 11,99 მილიარდი დოლარი (2004 წლის შეფასება).
  • მთლიანი შიდა პროდუქტი ერთ სულ მოსახლეზე 2009 წელს — 2,4 ათასი დოლარი (178-ე ადგილი მსოფლიოში).
  • მთლიანი შიდა პროდუქტის რეალური ზრდის დონე: 0,9 % (2004 წლის შეფასება).
  • მთლიანი შიდა პროდუქტის შემადგენლობა ეკონიმიკის სექტორის მიხედვით (2004 წლის შეფასება):
    • სოფლის მეურნეობა: 34,5 %;
    • წარმოება: 34,7 %;
    • მომსახურების სფერო: 30,8 %.

წარმოება (მთლიანი შიდა პროდუქტის 37 %) — ნავთობის მოპოვება და გადამუშავება, ოქროს მოპოვება, ვერცხლის, სპილენძის მადნის, კოპრის დამუშავება, პალმის ზეთის წარმოება, მერქნის დამუშავება, მშენებლობა.

სოფლის მეურნეობა

რედაქტირება

სოფლის მეურნეობა ჯერ კიდევ მთავარ როლს თამაშობს პაპუა-ახალი გვინეის ეკონომიკაში და აქვს ნატურალური მეურნეობის სახე. მასში დაკავებულია მოსახლეობის 85 %.

სოფლის მეურნეობა (მთლიანი შიდა პროდუქტის 33 %-ია, მომუშავეთა 85 %) — ყავა, კაკაო, კოპრა, ქოქოსი, ჩაი, შაქარი, კაუჩუკი, ბატატი, ხილი, ბოსტნეული კულტურები, ვანილი, ზღვის პროდუქტები, ფრინველები, ღორი.

მრეწველობა

რედაქტირება

მრეწველობის მთავარი დარგია — სამთომომპოვებელი წარმოება. ქვეყნის წიაღისეული მდიდარია მინერალური რესურსებით, მოიპოვება ოქრო და სპილენძი. სპილენძის მოპოვება კუნძულ ბუგენვილზე დაწყებულია 1972 წლიდან, როდესაც პაპუა-ახალი გვინეა ჯერ კიდევ ავსტრალიის კოლონია იყო.

ენერგეტიკა

რედაქტირება

ქვეყანა მდიდარია ჰიდრორესურსებით. მაგრამ მათზე მოდის ქვეყანაში გამომუშავებული ელექტროენერგიის მხოლოდ 5 %. ელექტროენერგიის წარმოებაში ლომის წილი მოდის მერქნის ნახშირზე.

  • ელექტროენერგიის წარმოება: 1,679 მილიარდი კვტ·სთ (2002)
  • ელექტროენერგიის მოხმარება: 1,561 მილიარდი კვტ·სთ (2002)
  • ელექტროენერგიის ექსპორტი და იმპორტი — არა
  • ნავთობის წარმოება: 46 200 ბარელი დღე-ღამეში (2004 შეფასება)
  • ნავთობის მოხმარება: 15 000 ბარელი დღე-ღამეში (2004 შეფასება)
  • ნავთობის დადასტურებული მარაგი: 170 მილიონი ბარელი (2004 შეფასება)
  • აირის წარმოება: 110 მილიონი მ³ (2001 შეფასება)
  • აირის დადასტურებული მარაგი: 385,5 მილიარდი მ³ (2004)

ტრანსპორტი

რედაქტირება

პაპუა-ახალი გვინეის რელიეფის თავისებურებები აძნელებს ავტოგზების მშენებლობას. ქვეყანაში დღემდე არ არსებობს რკინიგზა, და არ არის კავშირი ქვეყნის მსხვილ ქალაქებს შორის. პაპუა-ახალი გვინეის ყველა ავტოგზიდან მხოლოდ 3,5 %-ს აქვს მყარი საფარი.

  • ავტოგზები:
    • სულ: 19 600 კმ;
    • საფარით 686 კმ;
    • საფარის გარეშე 18 914 კმ (1999 შეფასება)
  • წყლის გზები: 10 940 კმ (2003)
  • მილსადენები: ნავთობისთვის — 264 (2004)
  • პორტები: კიეტა, ლაე, მადანგი, პორტ-მორზბი, რიბოლი.
  • სავაჭრო ფლოტი:
    • სულ: 23 გემი (წყალწყვით 1000 ბრუტო რეგისტრული ტონა (ბრტ) და მეტი) საერთო წყალწყვით 47 586 ბრტ/60 934 დეტვეიტი-ტონა;
    • უცხოელი მესაკუთრეების გემები: სინგაპური — 2, დიდი ბრიტანეთი — 6;
    • სხვა ქვეყნებში დარეგისტრირებული გემები: 1
    • სხვადასხვა ტიპის გემები: ბალკერები— 1, მშრალი ტვირთის გადამტანი — 12, ქიმიკატების გადამზიდი ტანკერები — 1, ნავთობისა და მადნის გადამზიდი გემები — 2, კონტეინერგადამზიდები — 1, ნავთობის გადამზიდი ტანკერები — 4, როლკერები — 2 (2003 შეფასება)
  • აეროპორტი აეროპორტები: 571 (2004 შეფასება)
    • აეროპორტები ასაფრენ-დასაჯდომი ზოლებით და მყარი საფარით:
      • სულ: 21. 2348 მეტრიდან 3047 მეტრამდე — 2; 1524 მეტრიდან 2437 მეტრამდე — 14; 914 მეტრიდან 1523 მეტრამდე — 4; 914 მეტრზე ნაკლები — 1 (2004 შეფასება)
    • აეროპორტები ასაფრენ-დასაჯდომი ზოლებით მყარი საფარის გარეშე:
      • სულ: 550. 1524 მეტრიდან 2437 მეტრამდე — 10; 914 მეტრიდან 1523 მეტრამდე — 62; 914 მეტრზე ნაკლები — 478 (2004 შეფასება)
  • ვერტმფრენების აეროდრომები: 2 (2003 შეფასება)

შედის აფრიკის, კარიბის აუზის და წყნარი ოკეანის რეგიონის ქვეყნების საერთაშორისო ორგანიზაციაში.

სოციალური სფერო

რედაქტირება

ადამიანის უფლებების დარღვევები

რედაქტირება

მსოფლიოს უფლებადამცველების პრეტენზიები გამოწვეულია პოლიციელების მხრიდან ძალის გამოყენების თაობაზე ბავშვების მიმართ, მათ აბუჩად აგდებაზე და სექსუალური ძალადობის გამოყენებაზე პოლიციის განყოფილებებში. ბავშვებს, რომლებმაც მიიღეს ტრავმები პოლიციელების მხრიდან, ხშირად არ უტარდებათ სამედიცინო დახმარება. შემორჩენილია იმ ქალების რიტუალური მკვლელობების პრაქტიკა, რომლებიც ეჭვმიტანილები არიან ჯადოქრობაში. სტატისტიკის მიხედვით, პაპუა-ახალ გვინეაში ქალების ორი მესამედი მუდმივად განიცდის ოჯახურ ძალადობას, გამოკითხვით ქალების ნახევარი ასევე განიცდის სექსუალურ ძალადობას. ჯადოქრობა იდევნება კანონით, როგორც წესი ჯადოქრობის შემთხვევებს არჩევს სასოფლო სასამართლოები, რომლებიც მსჯავდებულებს ეპყრობიან წინასწარვე მიკერძოებით. ასეთი პრაქტიკის წინააღმდეგ გამოდიან ადგილობრივი უფლებადამცველები და კათოლიკური ეკლესია. არის უფლებადამცველი აქტივისტების უკვალოდ დაკარგვის და მკვლელობის შემთხვევები, მათ შორის მათიც, ვინც გამოდის ქალების უფლებების დასაცავად.

დანაშაული

რედაქტირება

დასახლებული პუნქტების შესახებ გაეროს პროგრამის მონაცემებით, მთლიანად ქვეყანაში დანაშაულის დონე საკმაოდ მაღალია, რაც „ერთ-ერთი ყველაზე უფრო სერიოზული პრობლემაა, რომელიც გავლენას ახდენს ქალაქების განვითარებაზე და მართვაზე პაპუა-ახალ გვინეაში“.[29]

განსაკუთრებით კრიმინოგენურია ქვეყნის მსხვილი ქალაქები (მაგალითად, პორტ-მორზბი, ლაე), რაც აიხსნება ამ ქალაქებში ისეთი სოციალურ-კრიმინოგენური ფენომენის არსებობა, როგორიცაა რესკოლიზმი (ტოკ-პისინის ენა — raskol — „ბანდიტი“, აღმოცენდა ინგლ. rascal — „მატყუარა უსაქმური“, „ეშმაკი ადამიანი“, „უზნეო ადამიანი“).

სიკვდილით დასჯა

რედაქტირება

სიკვდილით დასჯა ქვეყანაში აიკრძალა 1954 წლიდან 1991 წლამდე, 1991 წელს პარლამენტმა შემოიღო სიკვდილით დასჯა განზრახ მკვლელობაზე, მაგრამ ფაქტობრივად მოქმედებს მორატორიუმი, არც ერთი სიკვდილით დასჯის შემთხვევა ამ პერიოდის განმავლობაში არ განხორციელებულა. მაგრამ 2009 წელს დედის მიერ საკუთარი ოთხი შვილის მკვლელობის შემთხვევამ საზოგადოებაში წამოწია საკითხი მორატორიუმის მოხსნის თაობაზე.

კანონი ჯადოქრობაზე

რედაქტირება

პაპუა-ახალ გვინეაში კანონი ჯადოქრობაზე მიღებული იქნა 1971 წელს. თუმცა ის არ ამტკიცებს, რომ სინამდვილეში არსებობენ ჯადოქრები და ჯადოქრობა, მაგრამ ადგენს, რომ ადამიანები, რომლებიც საკუთარ თავს თვლიან „შელოცვილებად“ პასუხს არ აგებენ საკუთარ მოქმედებაზე. თუ კლავენ ჯადოქარს, ეს გამოიყენება როგორც შემამსუბუქებელი გარემოება სასამართლოში. ხშირად ბრალდების მსხვერპლი ხდებოდნენ სხვა ტომის ხალხიდან ნათესავების გარეშე მოსული ქალები. 2013 წლის თებერვალში ქალაქ მაუნტ-ჰაგენში ადგილი ჰქონდა 20 წლის ქალზე თვითგასამართლებას. მას ბრალად დასდეს ბიჭის მკვლელობა ჯადოქრობის დახმარებით, რის შემდეგაც ბიჭის ნათესავებმა ცოცხლად დაწვეს ქალი შეგროვილი ხალხის თვალწინ. გაეროს წარმომადგენლებმა დაგმეს ეს აქცია. 2012 წელს ქვეყანაში ბოგინობდა ბრუშათა წინააღმდეგ მონადირეების სექტა, რომლებიც კლავდნენ ორივე სქესის ჯადოქრებს და ჭამდნენ მათ სხეულებს. სექტის წევრების სიტყვებით, ჩვეულებრივი ადამიანებისაგან ჯადოქრების გამორჩევაში მათ ეხმარებოდნენ სულები. ქვეყნის ხელისუფლებას კანიბალების მოქმედებების გამო მოუწია ქვეყანაში მიმდინარე არჩევნების გაგრძელება, რადგანაც ბევრ მოქალაქეს ეშინოდა საარჩევნო უბნებში მისვლა.

2013 წლის აპრილში პაპუა-ახალი გვინეის პრემიერ-მინისტრი პიტერ ო'ნილი დაპირდა მოსახლეობას გაეუქმებინა ქვეყნის ტერიტორიაზე მოქმედი კანონი ჯადოქრობაზე.

ლიტერატურა

რედაქტირება
  • Biskup, Peter, B. Jinks and H. Nelson. A Short History of New Guinea (1970)
  • Connell, John. Papua New Guinea: The Struggle for Development (1997) online
  • Gash, Noel. A Pictorial History of New Guinea (1975)
  • Golson, Jack. 50,000 years of New Guinea history (1966)
  • Griffin, James. Papua New Guinea: A political history (1979)

რესურსები ინტერნეტში

რედაქტირება

მთავრობა

ზოგადი ინფორმაცია

  1. 1.0 1.1 Papua New Guinea. International Monetary Fund. ციტირების თარიღი: 20 April 2012.
  2. 2016 Human Development Report. United Nations Development Programme (2016). ციტირების თარიღი: 21 March 2017.
  3. მოსახლეობის აღწერა — (2011) Geohive
  4. მოსახლეობის აღწერა — (2011) City Population
  5. მოსახლეობის აღწერა — (2011) Png Nso
  6. World Bank data on urbanisation. World Development Indicators. World Bank (2005). დაარქივებულია ორიგინალიდან — 2009-02-03. ციტირების თარიღი: 2005-07-15.
  7. 7.0 7.1 სამოთხის ფრინველების კუნძული. პაპუა-ახალი გვინეის ისტორია (მალახოვსკი კ. ვ.). Geography.su: გეოგრაფიული ატლასი მოსწავლეებისთვის. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2011-08-21. ციტირების თარიღი: 2010-02-15.
  8. 8.0 8.1 8.2 8.3 8.4 8.5 8.6 ბუტინოვი, ნ. ა., მოკლე ისტორიული ცნობები // პაპუა-ახალი გვინეის ხალხი (ტომობრივი წყობიდან დამოუკიდებელ სახელმწიფომდე) / ა. მ. რეშეტოვის რედაქციის ქვეშ, სანქტ-პეტერბურგი: პეტერბურგის აღმოსავლეთმცოდნეობა, 2000, ISBN 5-85803-146-3.
  9. 9.0 9.1 სამოთხის ფრინველების კუნძული. პაპუა-ახალი გვინეის ისტორია (მალახოვსკი კ. ვ.). Geography.su: გეოგრაფიული ატლასი მოსწავლეებისთვის. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2011-08-21. ციტირების თარიღი: 2010-02-15.
  10. სამოთხის ფრინველების კუნძული. პაპუა-ახალი გვინეის ისტორია (მალახოვსკი კ. ვ.). Geography.su: გეოგრაფიული ატლასი მოსწავლეებისთვის. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2011-08-21. ციტირების თარიღი: 2010-02-15.
  11. სამოთხის ფრინველების კუნძული. პაპუა-ახალი გვინეის ისტორია (მალახოვსკი კ. ვ.). Geography.su: გეოგრაფიული ატლასი მოსწავლეებისთვის. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2011-08-21. ციტირების თარიღი: 2010-02-15.
  12. სამოთხის ფრინველების კუნძული. პაპუა-ახალი გვინეის ისტორია (მალახოვსკი კ. ვ.). Geography.su: გეოგრაფიული ატლასი მოსწავლეებისთვის. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2011-08-21. ციტირების თარიღი: 2010-02-15.
  13. History of Papua New Guinea. History of Nations. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2011-08-21. ციტირების თარიღი: 2010-02-15.
  14. Ingrid Gascoigne., Geography // Papua New Guinea. Cultures of the World Series, 2, Marshall Cavendish, 2009, ISBN 9780761434160.
  15. ნ. ა. ბუტინოვი., ბუნებრივი პირობები // ახალი გვინეის პაპუასები / ს. ა. ტოკარევი, მოსკოვი: "ნაუკა", 1968.
  16. Northern New Guinea montane rain forests (AA0116). World Wildlife Fund. ციტირების თარიღი: 21 აპრილი 2010.
  17. Papua New Guinea Geology. Florida Museum of Natural History. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2013-05-30. ციტირების თარიღი: 24 აპრილი 2010.
  18. 18.0 18.1 18.2 18.3 18.4 PAPUA NEW GUINEA. DEPARTMENT OF MINING. INFORMATION BOOKLET 2003. The European Shareholders of Bougainville Copper. ციტირების თარიღი: 24 აპრილი 2010.
  19. 19.0 19.1 19.2 19.3 19.4 19.5 19.6 Susan Wacaster., The Mineral Industry of Papua New Guinea // U.S. Geological Survey Minerals Yearbook, 2010.
  20. 20.0 20.1 20.2 Travis Q. Lyday., The Mineral Industry of Papua New Guinea // U.S. Geological Survey Minerals Yearbook, 1994.
  21. Annual report 2007. Bouginville copper limited. ციტირების თარიღი: 16 მაისი 2010.[მკვდარი ბმული]
  22. 22.0 22.1 MINERAL COMMODITY. SUMMARIES 2009. USGS. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2011-08-21. ციტირების თარიღი: 24 მაისი 2010.
  23. Misima Gold and Silver Mine, Papua New Guinea. Net Resources International. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2011-08-21. ციტირების თარიღი: 29 მაისი 2010.
  24. ნავთობი. "მინერალ"-ის საინფორმაციო-ანალიტიკური ცენტრი. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2011-08-21. ციტირების თარიღი: 29 მაისი 2010.
  25. University of Papua New Guinea The State of the Forests in Papua New Guinea
  26. პაპუა-ახალი გვინეა მსოფლიო ქვეყნების ცსს-ს ცნობარში. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2011-04-10. ციტირების თარიღი: 2010-11-4.
  27. Military of PAPUA NEW GUINEA, CIA — The World Factbook. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2011-04-10. ციტირების თარიღი: 2014-10-24.
  28. MILITARY EXPENDITURES The World Factbook. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2014-07-27. ციტირების თარიღი: 2014-10-25.
  29. Safer Port Moresby Initiative. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2013-07-06. ციტირების თარიღი: 2014-10-25.