მალაიზია
მალაიზია — სახელმწიფო სამხრეთ აზიაში; მოიცავს ცამეტ შტატს და სამ ფედერალურ ტერიტორიას, რომელიც გადაჭიმულია 329 825 კმ²-ზე. დედაქალაქი - კუალა-ლუმპური. მთავრობა მეორე ქალაქში - პუტრაჯაიაშია განთავსებული. მალაიზიის მოსახლეობა 28 მილიონს აღწევს. სამხრეთ ჩინეთის ზღვა ქვეყანას 2 რეგიონად ყოფს: ნახევარკუნძულოვანი მალაიზია და მალაიზიის ბორნეო (კუნძულის მალაიზიის კუთვნილი ნაწილი).
მალაიზია Malaysia მალაიზია |
||||||
---|---|---|---|---|---|---|
|
||||||
დევიზი: „Bersekutu Bertambah Mutu“ „ძალა ერთობაშია“ |
||||||
ჰიმნი: Negaraku |
||||||
|
||||||
დედაქალაქი (და უდიდესი ქალაქი) | კუალა-ლუმპური 3°08′ ჩ. გ. 101°42′ ა. გ. / 3.133° ჩ. გ. 101.700° ა. გ. | |||||
ოფიციალური ენა | მალაური | |||||
მთავრობა | კონსტიტუციური მონარქია | |||||
- | მეფე | იბრაჰიმი | ||||
- | პრ.-მინისტრი | ანვარ იბრაჰიმი | ||||
ფართობი | ||||||
- | სულ | 329 847 კმ2 (67-ე) | ||||
- | წყალი (%) | 0.3 | ||||
მოსახლეობა | ||||||
- | 2008 შეფასებით | 27 496 000 (43-ე) | ||||
- | 2000 აღწერა | 24 821 286 | ||||
- | სიმჭიდროვე | 83 კაცი/კმ2 (110-ე) | ||||
მშპ (მუპ) | 2007 შეფასებით | |||||
- | სულ | $357.9 მილიარდი (29-ე) | ||||
- | ერთ მოსახლეზე | $14,400 (57-ე) | ||||
აგი (2007) | 0.811 (მაღალი) (63-ე) | |||||
ვალუტა | რინგიტი (MYR ) |
|||||
დროის სარტყელი | UTC+08:00 | |||||
ქვეყნის კოდი | MYS | |||||
Internet TLD | .my | |||||
სატელეფონო კოდი | 60 |
მალაიზია ესაზღვრება ტაილანდს, ინდონეზიას და ბრუნეის. ქვეყანა ეკვატორთან ახლოსაა და იქ ტროპიკული კლიმატია. ქვეყანას მართავს არჩეული მონარქი და მთავრობას მეთაურობს პრემიერ-მინისტრი.
1963 წლამდე მალაიზია როგორც ქვეყანა არ არსებობდა.
გეოგრაფია
რედაქტირებამალაიზია მდებარეობს ეკვატორულ სარტყელში. სანაპირო ხაზი ოდნავაა შეჭრილ-შემოჭრილი. მალაკის ნახევარკუნძულის უმეტესი ნაწილი მთაგორიანია (მთების სიმაღლე 1000-2000 მ, უმაღლესი მთა ტაჰანი, 2187 მ). სამხრეთ-დასავლეთ და ჩრდილო-აღმოსავლეთ სანაპიროს გასწვრივ და სამხრეთ ნაწილში ალუვიური დაბლობებია. დაბლობებია კუნძულ კალიმანტანის გასწვრივაც, თვით კუნძულზე კი ბორცვები და ქედებია (სიმაღლე 2000-2400 მ), ჩრდილოეთ ნაწილში აღმართულია კინაბალუს მთის მასივი (4101 მ, მთის უმაღლესი წერტილი). სასარგებლო წიაღისეულიდან მოიპოვება კალის, რკინის, სპილენძის მადანი, ქვანახშირი, ნავთობი, ოქრო, ალუმინი, ბოქსიტი და სხვა.
ჰავა
რედაქტირებაჰავა მალაკის ნახევარკუნძულის სამხრეთ ნაწილში და კუნძულ კალიმანტანზე ეკვატორულია, ჩრდილოეთში - სუბეკვატორული მუსონური. საშუალო თვიური ტემპერატურებია 25-28 °C (ბარში). ნალექები სანაპიროზე 2000-2500 მმ წელიწადში, მთაში ზოგან 4000 მმ-მდე. კინაბალუს მასივის კალთებზე 5000 მმ-ზე მეტი. მდინარეთა ქსელი ხშირია. მდინარეები შედარებით მოკლე, მაგრამ წყალუხვია. ყველაზე დიდი მდინარეებია რაჯანგი, ბარამი, კინაბატანგანი (კ. კალიმანტანი), პაჰანგი (მალაკის ნ. კ).
ფლორა და ფაუნა
რედაქტირებამალაიზიის დიდ ნაწილზე გაეწერებული ლატერიტული ნიადაგებია, დაბლობებზე - ალუვიური. ტერიტორიის დაახლოებით ¾ შემოსილია მარადმწვანე ნოტიო ტროპიკული ტყით, შედარებით მშრალ მთათაშუა ქვაბულებში ქსეროფიტული ბუჩქნარია, სანაპიროს გასწვრივ — მანგროვანი. მალაიზიის ცხოველთა სამყარო განეკუთვნება ინდომალაის ზოო-გეოგრაფიულ ოლქს. ბინადრობს სპილო, მარტორქა, ჰიმალაის დათვი, ვეფხვი, ჯიქი, გარეული ხარი, ადამიანის მსგავსი მაიმუნები, ტაპირი, ნიანგი, პითონი და სხვა. ქვეყანაში რამდენიმე ეროვნული პარკია.
ისტორია
რედაქტირებაპირველი სახელმწიფოები მალაიზიის ტერიტორიაზე (ლანკასუკა, ტამბრალინგა, ტაკოლა, კედაჰი და სხვა) მალაკის ნახევარკუნძულის ჩრდილოეთით — ინდოეთიდან ჩინეთში მიმავალი სავაჭრო გზების გზაჯვარედინებზე წარმოიშვა. XV-XVI საუკუნეებში მალაკის ნახევარკუნძული, არქიპელაგი რიგაუ და კუნძულ სუმატრის აღმოსავლეთი ნაწილი გაერთიანდა და მალაკის სასულთნოს ძალაუფლებას დაექვემდებარა. ამავე პერიოდში აღზევდა კუნძულ კალიმანტანის ჩრდილოეთით ბრუნეი, რომლის სულთნებმაც კუნძულის თითქმის მთელი ჩრდილოეთი ნაწილი დაიმორჩილეს. XVI საუკუნეში ისლამი სახელმწიფო რელიგია გახდა.
1511 წელს პორტუგალიელებმა მიიტაცეს მალაკის სასულთნო. მალაკის დასავლეთ ნაწილში — მალაიაში შეიქმნა რამდენიმე სასულთნო. მათგან ყველაზე ძლიერი იყო ჯოჰორი, რომელიც XVI-XVII საუკუნეებში მალაიის სახელმწიფოს ცენტრი გახდა. 1641 წელს ჯოჰორის სასულთნოსთან შეკავშირებულმა ნიდერლანდელებმა მალაკის მთელი ნახევარკუნძული დაიპყრეს. ნიდერლანდელი კოლონიზატორები, რომლებიც ცდილობდნენ ხელში ჩაეგდოთ კონტროლი ვაჭრობასა და კალის გატანაზე მალაკის სრუტეში, შეეჯახნენ ჯოჰორს. ჯოჰორი XVII საუკუნის დასასრულსა და XVIII საუკუნის დასაწყისში განიცდიდა სერიოზულ საშინაო და საგარეო სიძნელეებს. ჯოჰორთან ორი ომის (1756-1758 და 1783-1787) შედეგად ნიდერლანდელებმა მას თავს მოახვიეს არათანასწორუფლებიანი ხელშეკრულება. XVIII საუკუნის ბოლოს ჯოჰორი რამდენიმე სამფლობელოდ დაიშალა. XVIII საუკუნის დასასრულიდან XX საუკუნის დასაწყისამდე ინგლისელმა კოლონიზატორებმა მიიტაცეს მალაიის ტერიტორია, დააარსეს კოლონიები სტრეიტს-სეტელმენტსი და ბრიტანეთის მალაია. 1888 წელს დამყარდა ინგლისის პროტექტორატი საბაჰსა და სარავაკში.
XX საუკუნის დასაწყისში მალაია, საბაჰი და სარავაკი დიდი ბრიტანეთის აგრარულ-სანედლეულო დანამატად (კაუჩუკისა და კალის მიმწოდებლად) გადაიქცა.
1941 წლის დეკემბრიდან 1945 წლამდე, მეორე მსოფლიო ომის დროს, მალაიზიის ტერიტორია იაპონიის ჯარებმა დაიკავეს. დამყარდა სამხედრო-კოლონიური რეჟიმი. 1943 წელს ქვეყანაში ფართოდ გაიშალა ანტი-იაპონური ეროვნულ-განმათავისუფლებელი მოძრაობა, რაც იაპონიის ჯარების განადგურებით დასრულდა. 1945 წელს მალაიზიაში ისევ ინგლისელები დაბრუნდნენ. მათ სცადეს ძველი წესების აღდგენა, 1946 და 1948 წლების კონსტიტუციური რეფორმების შედეგად მალაიას გამოეყო სინგაპური. 1946 წელს შეიქმნა ინგლისის კოლონია მალაის კავშირი (1948-იდან მალაის ფედერაცია). 1946 წელს სარავაკი და საბაჰი დიდი ბრიტანეთის კოლონიების სამინისტროს გამგებლობაში გადავიდა. 1948 წლის ივნისში იფეთქა ეროვნულ-განმათავისუფლებელმა მოძრაობამ, რის გამოც ინგლისის ხელისუფლებამ საგანგებო მდგომარეობა შემოიღო. 1957 წლის 31 აგვისტოს ინგლისელი კოლონიზატრორები იძულებულნი გახდნენ მალაის ფედერაცია ეღიარებინათ დამოუკიდებელ სახელმწიფოდ ბრიტანეთის თანამეგობრობის ფარგლებში. 1957 წელს მიიღეს კონსტიტუცია. ამავე წელს დაიდო ხელშეკრულება თავდაცვისა და ურთიერთდახმარების შესახებ მალაის ფედერაციასა და დიდ ბრიტანეთს შორის, რომლის მიხედვიდაც დიდმა ბრიტანეთმა, ავსტრალიამ და ახალმა ზელანდიამ მალაიის ტერიტორიასა და სინგაპურში შეიარაღებული ძალების განლაგების უფლება მიიღეს.
1957 წელს მალაიზია გაეროს წევრი გახდა. 1963 წლის 16 სექტემბერს შეიქმნა მალაიზიის ფედერაცია ბრიტანეთის თანამეგობრობის ფარგლებში, რომელშიც შევიდნენ მალაიის ფედერაცია, სინგაპური, საბაჰი და სარავაკი. ფედერაციაში ჩრდილოეთ კალიმანტანის შესვლის გამო ინდონეზიამ და ფილიპინებმა მალაიზიასთან სავაჭრო და დიპლომატიური ურთიერთობა გაწყვიტეს.
მოსახლეობა
რედაქტირებამალაიზიის მოსახლეობა რთული ეთნიკური შედგენილობისაა. უმეტესობა მალაიურ-პოლინეზიური ოჯახის ენებზე მოლაპარაკე ხალხებია. ცხოვრობენ აგრეთვე ჩინელები, ინდოელები და სხვა. სახელმწიფო რელიგიაა ისლამი. არიან ქრისტიანობის, ბუდიზმისა და კონფუციანელობის მიმდევრებიც. კუნძულ კალიმანტანზე მცხოვრები დაიაკების დიდი ნაწილი ინარჩუნებს ძველ ანიმისტურ რწმენებს.
რესურსები ინტერნეტში
რედაქტირება- Malaysia, ტურისტული მეგზური ვიკივოიაჟზე
- მალაიზიის მთავრობის პორტალი დაარქივებული 2011-08-30 საიტზე Wayback Machine.
- მალაიზიის პრემიერ-მინისტრის ოფისი
- მალაიზიის სტატისტიკის დეპარტამენტი
- მთავრობა და კაბინეტის წევრები დაარქივებული 2011-08-17 საიტზე Wayback Machine.
- მალაიზია, ენციკლოპედია ბრიტანიკა
- Malaysia entry at The World Factbook დაარქივებული 2019-01-07 საიტზე Wayback Machine.
- მალაიზიის ატლასი ვიკიმედიისგან
- Malaysia tourism board დაარქივებული 2013-04-03 საიტზე Wayback Machine.
ლიტერატურა
რედაქტირება- ქართული საბჭოთა ენციკლოპედია, ტ. 6, თბ., 1983. — გვ. 380-381.