პოლინეზიელები
პოლინეზიელები (ლათ.Polynesians) — წყნარი ოკეანის კუნძულებზე მცხოვრები ხალხი, რომლებიც კარგად ფლობდნენ ზღვაოსნობის ხელოვნებას და ახალი მიწების აღმოჩენის იმედით მოგზაურობდნენ. პოლინეზიელთა მითოლოგიით, ისინი ციდან ჩამოსულან დედამიწაზე და მისტიკური ქვეყნის გავლით სხვადასხვა ადგილას დასახლებულან. ვარაუდობენ, რომ მისტიკურ ქვეყანაში ჰავაები იგულისხმება. ზოგი ისტორიკოსისა და ენათმეცნიერის აზრით, ისინი, სავარაუდოდ, წარმოშობით ტაივანიდან არიან და მიგრაციის შედეგად ჯერ ფილიპინებამდე (ძვ.წ. 3000), შემდეგ (ძვ.წ. 2000) გვინეაში ბისმარკის არქიპელაგამდე ნავებით ჩაუღწევიათ. ამ მოგზაურობაში მათ თან წაიყოლეს ღორები, ძაღლები და ქათმები, ხილი და ბოსტნეული. პოლინეზიელებმა განავითარეს ე.წ. ლაპიტას კულტურა. ისინი იარაღებს ნიჟარებისგან, ხოლო დახვეწილ ჭურჭელს კერამიკისგან ამზადებდნენ.
მიგრაცია
რედაქტირებაპოლინეზიელები ზღვით მოგზაურობებს ახალი მიწის აღმოჩენის იმედით გეგმავდნენ. ისინი შესანიშნავი ნავიგატორები იყვნენ და კარგად ერკვეოდნენ ცაზე ვარსკვლავების განლაგებაში, საოკეანო დინებებში, ქარის მიმართულებების თავისებურებებსა და ველურ ბუნებაში. ძვ.წ. X-VII საუკუნეებში პოლინეზიელებმა გეზი აიღეს ახალი კალედონიის, ვანუატუს, ფიჯის, სამოასა და ტონგასკენ. მოგვიანებით ძვ.წ. II საუკუნეში კი, ჰავაის კუნძულებამდე ჩააღწიეს. მათი ნაწილი 850 წელს აოტიაროაში (ახალი ზელანდია) დასახლდა და ე.წ. მაორის კულტურა განავითარა. ისინი მისდევდნენ ცხოველების მოშენებას და მემცენარეობას.
პოლინეზიელთა მოგზაურობები
რედაქტირებაპოლინეზიელებმა გამოიგონეს და გააუმჯობესეს დიდი საოკეანო ნავები, რომლებიც აფრებითა და ნიჩბების მეშვეობით მაღალ სიჩქარეს ავითარებდნენ. სასურველი მიმართულებებით სწრაფად გადასაადგილებლად პოლინეზიელები ქარისა და ზღვის დინების ძალასაც იყენებდნენ. წყნარ ოკეანეში გასვლისას, მოსალოდნელ ქარებსა და ტალღებთან გასამკლავებლად, ნავების გამძლეობას განაპირობებდა ორმაგი კორპუსი ან გამძლე ტივტივა. პოლინეზიური საოკეანო ნავის (კანოე) 2 ტიპია ცნობილი, ნავი – გამძლე ტივტივითა და ლატანის ფიცარნაგით მოხერხებული იყო ახლომდებარე ადგილებში გადასაადგილებლად, ხოლო ორმაგი კორპუსითა და კაიუტებით, დიდი წყალწყვის ნავს უფრო შორეული საოკეანო ნაოსნობისთვის იყენებდნენ.
ოკეანეში მოგზაურობები
რედაქტირებაპოლინეზიელებმა იმოგზაურეს ამერიკის კონტინენტზე, ვაჭრობდნენ ავსტრალიის ზოგიერთ აბორიგენ ტომთან. ახალი ნადავლისა თუ მიწის პოვნის იმედით, ისინი ოკეანეში ათასობით კილომეტრს გადიოდნენ. წყნარი ოკეანის კუნძულებზე პოლინეზიელები ცხოვრობდნენ თემებად, რომლებსაც ბელადები მართავდნენ. მათ დიდ წარმატებას მიაღწიეს ხეზე კვეთაშიც. ისინი იზოლირებულნი აღმოჩნდენ აზიისა და ინდონეზიისგან, სადაც ვითარდებოდა ქალაქები და სახელმწიფოები. XVIII საუკუნიდან, როდესაც ამ რეგიონში ჩავიდნენ ევროპელი მკვლევრები (მაგალითად კაპიტანი კუკი), დაიწყო მათი გაქრისტიანება. აღდგომის კუნძულზე აღმოჩენილია ქვაში გამოკვეთილი თავების შესანიშნავი ქანდაკებები, თითოეულის სიმაღლე 12 მეტრია. ზოგის აზრით, ეს ქანდაკებები პოლინეზიელებმა შექმნეს. თუმცა, ვინაიდან მათ სხვაგან არსად დაუდგამთ მსგავსი ქანდაკებები, შესაძლოა, ისინი გაცილებით უფრო ძველია და სხვა ცივილიზაციას ეკუთვნის.
ლიტერატურა
რედაქტირება- მსოფლიო ისტორიის ენციკლოპედია, გამომცემლობა „ელფი“. თბ., 2009. გვ.88-89