აღდგომის კუნძული, იგივე რაპანუი (ესპ. Isla de Pascua, ადგილ. Rapa Nui) — ვულკანური წარმოშობის კუნძული წყნარი ოკეანის აღმოსავლეთ ნაწილში. 1888 წლიდან ეკუთვნის ჩილეს. ფართობი 165,5 კმ². უმაღლესი წერტილის სიმაღლე ზღვის დონიდან დაახლოებით 539 მეტრი. ბევრია ჩამქრალი ვულკანი. ჰავა ნოტიო-ტროპიკული, ნალექების საშუალო წლიური მაჩვენებლი 1300 მმ-ია. ბუნებრივი მცენარეულობა — ბუჩქნარი და ბალახი.

აღდგომის კუნძული
Rapa Nui
Isla de Pascua

აღდგომის კუნძული
აღდგომის კუნძულის
დროშა
აღდგომის კუნძულის მდებარეობა
დედაქალაქიჰანგა-როა
27°09′ ს. გ. 109°25′ დ. გ. / 27.150° ს. გ. 109.417° დ. გ. / -27.150; -109.417
ოფიციალური ენა ესპანური, რაპანუი[1]
მთავრობა ჩილეს სპეციალური ტერიტორია[2]
 -  პროვინციული გუბერნატორი კარმენ კარდინალი
 -  მერი ლუს ზასო პაოა
ფართობი
 -  სულ 163,6 კმ2 
მოსახლეობა
 -  2017 აღწერა 7750 
 -  სიმჭიდროვე 47,37 კაცი/კმ2 
ვალუტა პესო (CLP)
დროის სარტყელი UTC-06:00
 -  ზაფხულის (DST) UTC-05:00 (UTC)
ქვეყნის კოდი CHL
Internet TLD .cl
სატელეფონო კოდი +56 32
ადგომის კუნძული, სალა-ი-გომესი, სამხრეთ ამერიკა და მათ შორის მდებარე სხვა კუნძულები
ორთოგრაფიული პროექცია აღდგომის კუნძულით ცენტრში

აღდგომის კუნძული ცნობილია ქვის ვეებერთელა ქანდაკებებითა და იეროგლიფური დამწერლობით. ამ კულტურის ნაშთებს სწავლობდნენ ინგლისური (1914-1915), ფრანგული, ბელგიური (1934-1935) ექსპედიციები. 1955-1956 წლებში გათხრებს აწარმოებდა ნორვეგიულ-ამერიკული ექსპედიცია თურ ჰეიერდალის ხელმძღვანელობით. აღდგომის კუნძულის დასახლების ისტორია სავსებით ნათელი არაა.

აღდგომის კუნძული მსოფლიოში ყველაზე შორეულ დასახლებულ კუნძულად მიიჩნევა.[3]

კუნძულზე შექმნილი რაპა-ნუის ეროვნული პარკი 1983 წელს იუნესკომ მსოფლიო მემკვიდრეობის სიაში შეიტანა.

სახელი

სახელი „აღდგომის კუნძული“ კუნძულს ოფიციალურად პირველმა ევროპელმა მნახველმა, ნიდერლანდელმა მკვლევარმა იაკობ როგევენმა უწოდა, რომელიც მას შემთხვევით წააწყდა 1722 წლის აღდგომა დღეს, როდესაც ის დეივისის კუნძულებს ეძებდა. როგევენმა მას პააშ-ეილანდი უწოდა (XVIII საუკუნის ნიდერლანდურ ენაზე „აღდგომის კუნძული“).[4] იგივეს ნიშნავს კუნძულის ოფიციალური ესპანური სახელწოდება ისლა-დე-პასკუა (Isla de Pascua).

ამჟამინდელი პოლინეზიური სახელი რაპანუი კუნძულს 1860-იან წლებში ეწოდა და მომდინარეობს მისი ტოპოგრაფიული მსგავსებიდან ტუბუაის კუნძულთა ჯგუფის ბასის კუნძულებში მდებარე კუნძულ რაპა-იტისთან.[5] მიუხედავად ამისა, თურ ჰეიერდალი ამტკიცებდა, რომ რაპა კუნძულის თავდაპირველი სახელია, ხოლო რაპა-იტის ეს სახელი სწორედ ამ კუნძულიდან გაქცეულებმა უწოდეს.

მრავლადაა ვერსიები კუნძულის „თავდაპირველი“ პოლინეზიური სახელის შესახებ. მათ შორისაა სახელი ტე-პიტი-ო-ტე-ჰენუა, რაც „ხმელეთის ჭიპს“ ან „ხმელეთის დასასრულს“ ნიშნავს. პიტო ნიშნავს როგორც ჭიპს, ისე ჭიპლარს, რაც მიიჩნეოდა არსებული სამყაროსა და სულების სამყარო პოს დამაკავშირებლად, რომელიც გადაჭიმული იყო ოკეანის სიღრმეში, შორეულ აღმოსავლეთით. ვინაიდან აღდგომის კუნძული პოლინეზიის ყველაზე აღმოსავლეთით მდებარე კუნძულია, შესაძლოა ეს სახელი ამასაც უკავშირდებოდეს, რადგან ის მდებარეობს დანარჩენი მსოფლიოს „დასასრულს“. როდესაც კუნძულის სახელი ალფონს პინარმა თავის 1877 წელს გამოქვეყნებულ წიგნში მოგზაურობა აღდგომის კუნძულზე (ფრანგ. Voyage à l'Île de Pâques) თარგმნა როგორც „ხმელეთის ჭიპი“, მისი მეორე მნიშვნელობა მთლად დაიკარგა. ზოგიერთი ზეპირი გადმოცემის თანახმად, კუნძულს პირველად ტე-პიტო-ო-ტე-კაინგა-ა-ჰაუ-მაკა ანუ „ჰაუ მაკას მიწის პატარა ნაგლეჯი“ ერქვა.[6] სხვა სახელი მატა-კი-ტე-რანგი კი „ცისკენ მომზირალ თვალებს“ ნიშნავს.

მდებარეობა და ფიზიკური გეოგრაფია

აღდგომის კუნძული მსოფლიოს ერთ-ერთი ყველაზე იზოლირებული დასახლებული კუნძულია. მისი უახლოესი დასახლებული მეზობელია პიტკერნის კუნძულები, რომლებიც მისგან 2075 კმ დასავლეთით მდებარეობს, მისი მოსახლეობა კი მხოლოდ 100 ადამიანია. აღდგომის კუნძული ჩილეს ქალაქ კალდერას განედზე მდებარეობს და კონტინენტური ჩილეს უახლოეს წერტილიდან დაშორებულია 3510 კმ-ით. მისგან ყველაზე ახლოს, 415 კმ-ით დასავლეთით მდებარეობს კუნძული სალა-ი-გომესი, რომელიც დაუსახლებელია.

კუნძულის მაქსიმალური სიგრძე 24,6 კმ-ია, სიგანე 12,3 კმ. გააჩნია სამკუთხედის ფორმა. საერთო ფართობი 163,6 კმ²-ია, უმაღლესი წერტილი კი ზღვის დონიდან 507 მეტრზე მდებარეობს. კუნძულზე არსებობს სამი რანო (კრატერის მტკნარი ტბები) — რანო-კაუ, რანო-რარაკუ და რანო-აროი, მაგრამ არაა არც ერთი მუდმივი ნაკადული ან მდინარე.

კლიმატი და ამინდი

აღდგომის კუნძულის კლიმატი ნოტიო სუბტროპიკულია. ყველაზე დაბალი ტემპერატურა ფიქსირდება ივლისსა და აგვისტოში (18 °C - 64 °F) და ყველაზე მაღალი თებერვალში[7] (მაქსიმალური 28 °C - 82 °F), სამხრეთ ნახევარსფეროს ზაფხულში. ზამთარი შედარებით რბილია.[8] ნალექების წლიური ჩამონადენის თვალსაზრისით, ყველაზე წვიმიანი თვეა აპრილი. კუნძულის იზოლირებული მდებარეობა განაპირობებს ქარებს, რომლებიც თავის მხრივ, დაბალ ტემპერატურას განაპირობებენ. ხანდახან, კუნძულს უტევენ კოკისპირული წვიმები და წვიმის შტორმები. ეს ძირითადად ზამთრის თვეებში ხდება (ივნისი-აგვისტო). იმის გამო, რომ იგი მდებარეობს სამხრეთ წყნარი ოკეანის სუბტროპიკული ანტიციკლონის კიდეზე და ეკვატორული კონვერგენციული ზონის მიღმა, კუნძულის გარშემო არ შეიმჩნევა ციკლონები და ტროპიკული ციკლონები.[9]

აღდგომის კუნძულის კლიმატი[10]
იან თებ მარ აპრ მაი ივნ ივლ აგვ სექ ოქტ ნოე დეკ წლიური
საშუალო ტემპერატურა (°C) 23.3 23.7 23.1 21.8 20.3 18.8 18.2 18.0 18.4 19.2 20.4 21,8 20.5
ნალექები (მმ) 92,2 86,9 86,4 117,5 127,9 102,3 93,9 85,5 84,3 73,1 80,0 92,4 1124,7

გეოლოგია

აღდგომის კუნძული ვულკანური წარმოშობის მაღალი კუნძულია. ძირითადად შედგება სამი ჩამქრალი შეერთებული ვულკანისგან, მათ შორის ძირითადია ტერევაკა (სიმაღლე 507 მ). დანარჩენი ორი ვულკანია პოიკე და რანო-კაუ აღმოსავლეთ და სამხრეთ ნაწილებში, რომლებიც კუნძულს სამკუთხედის ფორმას აძლევენ. შედარებით პატარა კონუსები და ვულკანური წარმონაქმნები მოიცავს რანო-რარაკუს კრატერს, წიდის კონუს პუნა-პუნას და სხვა მრავალ ვულკანურ მღვიმეს, რომლებიც მოიცავენ ლავის მილებს.[11] წარსულში პოიკე არსებობდა როგორც ცალკე კუნძული, სანამ ტერევაკას ვულკანური მასა მას უფრო დიდ კუნძულთან გააერთიანებდა. კუნძულზე დომინირებს ჰავაიიტეს და ბაზალტური ნაკადები, რომლებიც მდიდარია რკინით და ამჟღავნებენ მსგავსებას გალაპაგოსის კუნძულებზე არსებულ მაგმურ კლდეებთან.[12]

აღდგომის კუნძული გარშემორტყმულია ისეთი პატარა კუნძულებით, როგორებიცაა მოტუ-ნუი და მოტუ-იტი, რომლებიც ოკეანის ფსკერიდან 2000 მ სიმაღლეზე არიან აზიდულები და დიდ ვულკანურ მთის მწვერვალებს წარმოადგენენ. მთა სალა-ი-გომესის მთაგრეხილის (ძირითადად წყალქვეშა) ნაწილია, მთის მასივის, რომელიც დიდი რაოდენობით შეიცავს წყალქვეშა მთებს. მასივი გადაჭიმულია 2700 კმ-ზე აღმოსავლეთის მიმართულებით, ნასკას მთაგრეხილამდე და მას მიეკუთვნება კუნძულის დასავლეთით მდებარე წყალქვეშა მწვერვალები პუკაო და მოაი.[13] მთაგრეხილი ჩამოყალიბდა ნასკას ფილის აღმოსავლეთ ცხელ წერტილთან მოწყვეტის შედეგად.[13] ნასკას გადაადგილებამ და ფარალონის ფილის ჩამოყალიბებამ გრძელი წყალქვეშა მთაგრეხილი შექმნა. პუკაო, მოაი და აღდგომის კუნძული 750 000 წლის წინ შეიქმნენ და მთაგრეხილის ყველაზე ახალგაზრდა კუნძულებს წარმოადგენენ. ბოლო ამოფრქვევა დაფიქსირებულია 100 000 წლის წინ.

XX საუკუნის პირველ ნახევარში, რანო-კაუს კრატერის კედლებიდან შეიმჩნეოდა ორთქლის გამოდინება, რაც კუნძულის მმართველმა ფოტოკამერაზე დააფიქსირა.[14] გეოლოგების თანახმად, ბოლო ვულკანური აქტივობა აღდგომის კუნძულზე 10 000 წლის წინ შეიმჩნეოდა.

რანო-კაუს კრატერის ტბა

ისტორია

რაპა-ნუის ეროვნული პარკი*
იუნესკოს მსოფლიო
მემკვიდრეობის ძეგლი

 
ქვეყანა   ჩილე
ტიპი კულტურული
კრიტერიუმები i, iii, v
სია 274
რეგიონი** ლათინური ამერიკა და კარიბები
კოორდინატები 27°07′00″ ს. გ. 109°22′00″ დ. გ. / 27.11667° ს. გ. 109.36667° დ. გ. / -27.11667; -109.36667
გაწევრიანების ისტორია
გაწევრიანება 715  (უცნობია სესია)
* იხ. ინგლ. სახელი UNESCO-ს სიაში.
** იუნესკოს მიერ კლასიფიცირებული რეგიონი.
  მსოფლიო მემკვიდრეობა UNESCO, ობიექტი № 715
ინგლ.რუს.ფრ.

აღდგომის კუნძულის ისტორია ძალზე მდიდარი, მაგრამ საკამათოა. მისმა მოსახლეობამ გაუძლო შიმშილობებს, ეპიდემიებს, სამოქალაქო ომს, მონათვაჭრობას, კოლონიალიზმს და დეფორესტაციას. მიუხედავად ამისა, ერთ დღესაც, იგი დაკნინდა. კუნძულელებს მათმა კულტურულმა მემკვიდრეობამ სახელი ქვეყნად გაუთქვა, მიუხედავად ამ მემკვიდრეობის რაოდენობისა და ხარისხის არაპროპორციულობისა ამ ხალხის რაოდენობასთან.

 
აჰუ-ტონგარიკი რანო-რარაკუს სიახლოვეს. 1990-იან წლებში აღმოჩენილი და აღდგენილი მოაის 15 ქანდაკება

კუნძულის თავდაპირველი დასახლებები სავარაუდოდ ახ. წ. 300-1200 წლებით თარიღდება, რაც დაახლოებით ემთხვევა პირველი მოსახლეების გამოჩენას ჰავაიზე. რადიუმ-ნახშირბადის მეთოდით დათარიღებამ შეცვალა პოლინეზიის ადრეული დასახლებების თარიღების მანამდე არსებული თითქმის ყველა პოსტულატი. ამჟამად მიჩნეულია, რომ აღდგომის კუნძული დასახლდა ახ. წ. დაახლოებით 700-1100 წლებში. მიუხედავად ამისა, არქეოლოგების — ტერი ჰანტისა და კარლ ლიპოს მიმდინარე გამოკვლევები გვთავაზობენ ოდნავ გვიან თარიღს: „ანაკენას ადრეული სტრატიგრაფიული შრეების რადიუმ-ნახშირბადის მეთოდით დათარიღებისას მიღებული მონაცემები და უფრო ადრეული რადიუმ-ნახშირბადის თარიღები მიუთითებს, რომ კუნძულის კოლონზაცია მოხდა მოგვიანებით, დაახლოებით ახ. წ. 1200 წელს. მნიშვნელოვანი ეკოლოგიური ბიძგები და მთავარი კულტურული ღონისძიებები რაც მონუმენტურ არქიტექტურასა და სტატუეტებში აისახა, დაიწყო პირველი დასახლებიდან სულ მოკლე ხანში.“[15][16]

ზეპირი გადმოცემის თანახმად, პირველი დასახლება იყო ანაკენა. როგორც ჯარედ დაიმონდი შენიშნავს, კალეტა-ანაკენას ტერიტორია წარმოადგენდა საუკეთესო თავშესაფარს გაბატონებული მაღლობებისგან, ისევე როგორც მისი ქვიშიანი სანაპიროები კანოეების გადასხმისა და ზღვაში გაშვებისთვის, ამიტომ სრულიად შესაძლებელია, რომ სწორედ ამ ადგილზე მოხდა პირველი დასახლების დაარსება.[17] მიუხედავად ამისა, ეს ჰიპოთეზა წინააღმდერგობაში მოდის რადიოკარბონულ დათარიღებასთან, რომლის მიხედვითაც, ბევრი წლებით ადრე დასახლებები არსებობდა სხვა ადგილებში, განსაკუთრებით ტაჰაიში, რომლის რადიოკარბონული თარიღებიც ანაკენას რამდენიმე საუკუნით უსწრებს.

ყველაზე უფრო შესაძლო ვერსიით, კუნძული პოლინეზიელებით იქნა დასახლებული, რომლებიც კანოეებით ან კატამარნებით მოვიდნენ 3200 კმ-ით დაშორებული მარკიზის კუნძულებიდან ან 2600 კმ-ით დაშორებული გამბიეს კუნძულებიდან (კუნძული მანგარევა). როდესაც კუნძულს ჯეიმზ კუკი ესტუმრა, მისი ეკიპაჟის ერთ-ერთმა პოლინეზიელმა წევრმა კუნძულ ბორა-ბორადან, ადგილობრივებთან კომუნიკაციის დამყარება შეძლო, რადგან მათი ენა მისთვის გასაგები აღმოჩნდა. რაპანუის ენა საოცრად ახლოს იყო მანგარევანულ ენასთან, მისი ლექსიკის 80 % ამ ენის მსგავსია. 1999 წელს, პოლინეზიელთა ნავების რეკონსტრუქციებით განახორციელეს მოგზაურობა, რის შედეგადაც აღდგომის კუნძულამდე 19 დღეში მიაღწიეს.[18]

ზეპირი გადმოცემების თანახმად, რომლებიც 1860-იან წლებში მისიონერებმა ჩაიწერეს, კუნძულს თავდაპირველად ძლიერი კლასობრივი სისტემა ჰქონდა. უმაღლესი მმართველი არიკი ფლობდა უზარმაზარ ძალაუფლებას დანარჩენ ცხრა კლანსა და მათ მმართველებზე. უმაღლესი მმართველი კუნძულის ლეგენდარული დამფუძნებლის — ჰოტუ მატუას პირდაპირი შთამომავალი იყო. კულტურის ყველაზე თვალსაჩინო ელემენტი იყო სტატუეტების მასივების — მოაის წარმოება, რომლებიც გაღმერთებულ წინაპრებს წარმოადგენდნენ. სჯეროდათ, რომ ცოცხლებს ჰქონდათ სიმბიოზური ურთიერთობა მკვდრებთან, სადაც მკვდრები უზრუნველყოფდნენ ყველაფერს, რაც კი ცოცხლებს სჭირდებოდათ (ჯანმრთელობა, მიწისა და ცხოველთა ნაყოფიერება, იღბალი და ა. შ.). ამიტომ, ცოცხლები ქვაში უკვდავყოფდნენ გარდაცვლილებს, რაც სულთა სამყაროში მათ უკეთეს ადგილას დამკვიდრებას უზრუნველყოფდა. ვინაიდან დასახლებები სანაპიროზე იყო განლაგებული, მოაის ქანდაკებები სანაპირო ხაზის გასწვრივ იყო ჩამწკრივებული ისე, რომ დასახლებასა და თავიანთ შთამომავლობას გაჰყურებდნენ, ზურგი კი ზღვისკენ, სულთა სამყაროსკენ ჰქონდათ მიქცეული.

ჯარედ დაიმონდის მოსაზრებით, მოაის მშენებლობების შემდეგ აღდგომის კუნძულზე ადგილი ჰქონდა კანიბალიზმს, რაც გამოწვეული იყო ბუნებრივი გარემოს დეგრადაციითა და უკიდურესი დეფორესტაციით, რამაც არსებული ეკოსისტემის სრული დესტაბილიზაცია მოახდინა.[19] ბარბარა ვესტი წერს: „აღდგომის კუნძულზე ევროპელთა მოსვლამდე გარკვეული ხნით ადრე, რაპანუიმ განიცადა სოციალური სისტემის საშინელი ძვრა, რაც გამოწვეული იყო კუნძულის ეკოლოგიის შეცვლით... 1722 წელს ევროპელთა მოსვლისას, კუნძულის მოსახლეობა შემცირებული იყო 2000-3000-მდე, მაშინ როცა წინა საუკუნეში მოსახლეობის რიცხვი 15 000-ს აღწევდა.“[20]

როგორც კი კუნძული ჭარბად დასახლებული აღმოჩნდა და რესურსები შემცირდა, მეომრებმა, რომლებიც მატატოას სახელით არაინ ცნობილნი, ხელში ჩაიგდეს კიდევ უფრო მეტი ძალაუფლება და ამ დროს დასრულდა წინაპართა კულტი, რომელიც ადამიანი-ფრინველის კულტმა ჩაანაცვლა. ბევრელი ჰუანი წერს: „მანას (ძალაუფლების) ცნება, რომელიც დამყარებული იყო მემკვიდრეობით ლიდერებზე, გადავიდა ადამიანი-ფრინველის პერსონის ხელში, რაც დაახლოებით 1540 წელს მოხდა და გრძელდებოდა მოაის პერიოდის ფინალურ ეტაპამდე.“[21] როგორც ეს კულტი აწესებდა, მიცვალებულ წინაპრებთან კავშირის დასამყარებლად საჭირო არ იყო გრძელი სტატუეტები. ამის შემდეგ, ადამიანებმა შეჯიბრი დაიწყეს. ამ პროცესში მნიშვნელოვანი როლი ითამაშა ღმერთმა მაკემაკემ, რომელსაც ადამიანთა შექმნა მიეწერებოდა. კეტრინ რუტლედჯი, რომელიც 1919 წლის თავისი ექსპედიციის[22] განმავლობაში სისტემატიურად აგროვებდა კუნძულის ტრადიციებს, აღნიშნავს, რომ ადამიანი-ფრინველისადმი (რაპანუის ენაზე tangata manu) მიძღვნილი შეჯიბრებები დაიწყო დაახლოებით 1760 წლისთვის, ევროპელთა გამოჩენის შემდეგ და შეწყდა 1878 წელს, როდესაც კათოლიკე მისიონერებმა, რომლებიც კუნძულზე 1864 წელს გამოჩნდნენ, პირველი ეკლესია ააშენეს. პეტროგლიფები, რომლებიც აღდგომის კუნძულზე ადამიან-ფრინველს განასახიერებენ, აბსოლუტურად მსგავსია ჰავაიზე არსებული ზოგიერთი პეტროგლიფისა, რაც იმაზე მიუთითებს, რომ მისი ცნება კუნძულის თავდაპირველმა მოსახლეებმა მოიტანეს.

ჰანტისა და ლიპოს დოკუმენტაცია, რომელიც გამოცემა Science-ში დაიბეჭდა,[15] გვთავაზობს, რომ დაიმონდის თეზისს არ ადასტურებს არქეოლოგიური მტკიცებულებები. ჰანტმა და ლიპომ კუნძულზე ვერ აღმოაჩინეს 1200 წლამდელი დეფორესტაციის ან ადამიანთა ცხოვრების ვერანაირი კვალი. სანაცვლოდ, ისინი გვთავაზობენ მოსაზრებას, რომ კუნძულის საზოგადოების კოლაფსის მთავარი მიზეზი გახდა პოლინეზიური ვირთხა, რომელიც ადრეულ მოსახლეებს ნავებს მოჰყვა. მათი ჰიპოთეზით, ვირთხები იმდენად გამრავლდნენ, რომ 20 მილიონ ერთეულს მიაღწიეს, შემდეგ მათ სწრაფად, მთლიანად გაანადგურეს ადგილობრივი პალმის თესლი, რამაც კუნძულის საკვებით მომარაგების კოლაფსი გამოიწვია.

თავიანთ 1722 - 1770 წლების ანგარიშებში, ევროპელები ახსენებენ ფეხზე მდგომ ქანდაკებებს, მაგრამ კუკის 1774 წლის ექსპედიცია შენიშნავს, რომ მოაის გარკვეული ნაწილი დაწვენილი იყო სახით დაბლა, რისი მიზეზიც ომი იყო.

კუნძულის ისტორიის შესახებ დაიმონდისა და ჰეიერდალის ვერსიების თანახმად, ჰური მოაი — ანუ ქანდაკებების წაქცევა მიმდინარეობდა 1830-იან წლებში, რაც მძვინვარე შიდა ომით იყო გამოწვეული. 1838 წლისთვის შემორჩენილი იყო ერთადერთი ფეხზე მდგარი მოაი, რომელიც რანო-რარაკუს ფერდობებზე მდებარეობდა. არსებობს კუნძულის ევროპელებამდელი საზოგადოებრივი კოლაფსის მცირე არქეოლოგიური მტკიცებულება. ამ პერიოდის კუნძულელების ძვლების პათოლოგიისა და ოსტეომეტრული მონაცემები ნათლად აჩვენებენ, რომ ეს უბედურებები შესაძლებელია პირდაპირ დაკავშირებული ყოფილიყო ძალადობასთან.

კუნძულის მოსახლეობის პირველი დაფიქსირებული კონტაქტი ევროპელებთან 1722 წლის 5 აპრილს (აღდგომა დღეს) შედგა, როდესაც კუნძულს ნიდერლანდელი მოგზაური იაკობ როგევენი ესტუმრა. ამ დროისათვის მოსახლეობა დაახლოებით 2000-3000 ადამიანს შეადგენდა. ეს რიცხვი შესაძლოა მეტიც იყო, რადგან სრულიად შესაძლებელია მოსახლეობის გარკვეული ნაწილი როგევენის ჯგუფის გამოჩენისას ამტყდარი გაუგებრობით შეშინებული დამალულიყო. შემდეგი უცხოელი მნახველები 1770 წლის 15 ნოემბერს კუნძულს ორი ესპანური გემით — სან-ლორენცოთი და სანტა-როსალიათი მიადგნენ. ესპანელებმა კუნძული აღწერეს როგორც მასიურად დაუმუშავებელი, რომლის სანაპირო ზოლშიც ქვის ქანდაკებები იყო ჩამწკრივებული.

 
პატარა კუნძული მოტუ-ნუი, ადამიანი-ფრინველის კულტის ცერემონიის ნაწილი

ოთხი წლის შემდეგ, 1774 წელს, კუნძულს ამჯერად ბრიტანელი მკვლევარი ჯეიმზ კუკი ეწვია, რომელიც იუწყებოდა, რომ ზოგიერთი ქანდაკება განადგურებული იყო. 1825 წელს კუნძულს მოადგა ბრიტანული ხომალდი HMS Blossom, რომლის წევრების აღწერითაც, მათ კუნძულზე ფეხზე მდგომი ქანდაკებები ვერ ნახეს. აღდგომის კუნძული XIX საუკუნის განმავლობაში კვლავ მრავალჯერ იქნა მონახულებული, მაგრამ ამ დროისათვის კუნძულელები ფრიად არამეგობრულობას იჩენდნენ მოსულთა მომართ, რის გამოც 1860-იან წლებამდე კუნძულის შესახებ ძალიან მწირი ინფორმაცია იყო ცნობილი.

1860-იან წლებში მიმდინარე გამანადგურებელი მოვლენების სერიამ კუნძულის მოსახლეობის უდიდესი ნაწილი გაანადგურა ან კუნძული დაატოვებინა. 1862 წელს მოხდა პერუელი მონათვაჭრების თავდასხმა. ძალადობრივი დაჭერები თვეების განმავლობაში გრძელდებოდა, რომლის დროსაც დაჭერილ იქნა მოსახლეობის ნახევარი — 1500 ქალი თუ კაცი.[23] დატყვევებულთა შორის იყო კუნძულის უმაღლესი მმართველი, მისი მეუღლე და ის ადამიანები, რომლებმაც იცოდნენ რონგორონგოს დამწერლობაზე წერა და კითხვა. როდესაც მონათვაჭრებმა მათ მიერ გატაცებული ხალხის უკან დაბრუნება განიზრახეს, კუნძულზე მათ ყვავილის ეპიდემია ჩაიტანეს, რაც დარჩენილ მცირე მოსახლეობასაც მოედო. გამანადგურებელი ეპიდემია აღდგომის კუნძულიდან მარკიზის კუნძულებზეც გავრცელდა. აღდგომის კუნძულის მოსახლეობა იმ დონემდე შემცირდა, რომ ხშირად გარდაცვლილთა დამმარხავიც აღარავინ იყო. XIX საუკუნის შუა წლებში ვეშაპისმჭერმა გემებმა კუნძულზე ტუბერკულოზი შეიტანეს, რამაც ასევე მრავალი ადამიანი იმსხვერპლა, მათ შორის იყო კუნძულის პირველი ქრისტიანი მისიონერი ეჟენ ეირო, რომელიც დაავადებით 1867 წელს გარდაიცვალა. მას მოსახლეობის დაახლოებით მეოთხედი მიჰყვა. მომდევნო წლებში, მეცხვარეობის ფერმების მმართველებმა და მისიონერებმა გარდაცვლილების მიწის ნაკვეთების შესყიდვა დაიწყეს, რამაც ახალმოსახლეებსა და ადგილობრივებს შორის დიდი დაპირისპირება გამოიწვია.

ჟან-ბაპტისტ დიუტრუ-ბორნიემ მისიონერთაგან შეიძინა ჰანგა-როას გარშემო არსებული მათი კუთვნილი ტერიტორიები და შემდეგ ასი წყვილი ადგილობრივი კუნძულ ტაიტიზე, თავის მფარველებთან წაიყვანა სამუშაოდ. 1871 წელს დიუტრუ-ბორნიეს მისიონერებმაც მიბაძეს და 171 ადგილობრივი გამბიეს კუნძულებზე წაიყვანეს.[24] დარჩენილებს შორის მხოლოდ ძირითადად მოხუცი კაცებიღა იყვნენ. ექვსი წლის შემდეგ, აღდგომის კუნძულზე მხოლოდ 111 ადამიანიღა ცხოვრობდა, რომელთაგან 36-ს შეეძლო შთამომავლობის გაგრძელება.[25] მომდევნო დეკადაზე ნაკლებ პერიოდში, მოსახლეობის 97 % დაიღუპა ან წავიდა, შესაბამისად, კუნძულის კულტურული ცოდნის უდიდესი ნაწილიც მათთან ერთად დაიკარგა.

ალექსანდრე სალმონი, ინგლისელი ებრაელი ვაჭრისა და ტაიტის პომარეს დინასტიის პრინცესას ვაჟი, გამუდმებით ცდილობდა მემკვიდრეობით მიღებული კოპრის პლანტაციებიდან საბოლოოდ დაებრუნებინა მუშები სამშობლოში. მან გამოისყიდა კუნძულის მიწების უდიდესი ნაწილი და ერთადერთი სამუშაოდ დამქირავებელი გახდა. ის ბევრს მუშაობდა აღდგომის კუნძულზე ტურიზმის განვითარებისთვის, ამავე დროს ის მთავარი ინფორმატორი იყო კუნძულზე მომუშავე ბრიტანული და გერმანული არქეოლოგიური ექსპედიციებისთვის. 1888 წლის 2 იანვარს, სალმონმა კუნძულის მიწების კუთვნილი ნაწილი ჩილეს მთავრობას მიჰყიდა და დოკუმენტს თვითონ ხელი მოაწერა როგორც მოწმემ, კუნძულზე უფლებების გადაცემისას. იმავე წლის დეკემბერში, იგი ტაიტიზე დაბრუნდა. აღდგომის კუნძულს რეალურად ის 1878 წლიდან 1888 წლამდე მართავდა, სანამ მასზე უფლებებს ჩილეს გადასცემდა.

 
პოლიკარპო ტორო

კუნძულის სრული ანექსია ჩილემ 1888 წლის 9 სექტემბერს მოახდინა, საზღვაო ოფიცერ ოფიცერ პოლიკარპო ტოროს ხელმძღვანელობითა და „კუნძულის შემოერთების ხელშეკრულებით (ესპ. Tratado de Anexión de la isla). წარმოადგენდა რა ჩილეს მთავრობას ატამუ ტეკენასთან ხელის მოწერისას, უმაღლესი მმართველისა და მისი მეუღლის გარდაცვალების შემდეგ, ტორო ჩილეს მთავრობის მიერ „მეფედ“ იწოდა. ამ ხელშეკრულების კანონიერებას ზოგიერთი ადგილობრივი დღემდე ეჭვქვეშ აყენებს. ოფიციალურად, ჩილემ იყიდა მხოლოდ მეზონ-ბრანდერის ცხვრების რანჩო მიმდებარე ტერიტორიებით, რომლებიც თავის მხრივ შეძენილი იყო კუნძულის ეპიდემიით გარდაცვლილი მოსახლეების შთამომავლებისგან, ხოლო შემდეგ სუვერენიტეტი მთელს კუნძულზე გაავრცელა.

1960-იან წლებამდე, რაპანუის გადარჩენილი წარმომადგენლები მხოლოდ ჰანგა-როაში ცხოვრობდნენ. კუნძულის დარჩენილი ნაწილი 1953 წლამდე იჯარით იყო გადაცემული უილიამსონ-ბალფურის კომპანიაზე, როგორც ცხვრების ფერმა.[26] 1966 წლამდე კუნძულს მართავდა ჩილეს საზღვაო-სამხედრო ძალები, ამ წლიდან კი იგი მთლიანად ღია გახდა და საკუთრებაში ჩილეს მოქალაქეებს გადაეცათ.[27]

XXI საუკუნე

2007 წლის 30 ივლისს, კონსტიტუციური რეფორმის შედეგად აღდგომის კუნძულსა და ხუან-ფერნანდესის კუნძულებს (აგრეთვე ცნობილი როგორც რობინზონ კრუზოს კუნძული) ჩილეს „სპეციალური ტერიტორიების“ სტატუსი მიენიჭათ. სპეციალური კანონის მიღების მოლოდინში, კუნძული კვლავ იმართება როგორც ვალპარაისოს რეგიონის ერთ-ერთი პროვინცია.[28]

2010 წლის 11 ივლისს, ადგილობრივი დროით 18:15:15-ზე კუნძულზე 1300 წლის შემდეგ პირველად დაფიქსირდა მზის სრული დაბნელება.[29]

BBC-ს თანახმად, 2010 წლის 3 დეკემბერს 25 ადამიანი დაშავდა ჩილეს პოლიციის მიერ რეზინის ტყვიების გამოყენებისას, როდესაც ისინი ადგილობრივთა გარკვეული ჯგუფის იმ შენობებიდან გასახლებას ცდილობდნენ, რომლებიც მათ სამი თვის განმავლობაში ეკავათ და აცხადებდნენ, რომ ისინი იმ მიწაზე იყო აშენებული, რომელიც მათ წინაპრებს არაკანონიერად წაგლიჯეს.[30]

ეკოლოგია

 
აღდგომის კუნძულის ხედი კოსმოსიდან, 2001 წ.

აღდგომის კუნძული, მის უახლოეს მეზობელ, 415 კმ-ით აღმოსავლეთით მდებარე მომცრო კუნძულ სალა-ი-გომესთან ერთად, ეკოლოგების მიერ განსხვავებულ, რაპანუის სუბტროპიკული ფართოფოთლოვანი ტყეების ეკორეგიონად მიიჩნევა. თავდაპირველი, სუბტროპიკული ნოტიო ფართოფოთლოვანი ტყეები დღეისათვის აღარ გვხვდება, თუმცა ლავის ნაკადებში აღმოჩენილი ნამარხები, ყვავილის მტვრისა და ხის პალეობოტანიკური კვლევები მიუთითებენ, რომ კუნძული წარსულში ტყიანი ყოფილა, ხეების მასივით, ბუჩქებითა და ბალახეულობით დაფარული. როგორც ნამარხები მეტყველებს, ერთ-ერთი დომინანტი ხის ჯიშები ყოფილა ამჟამად გადაშენებული პალმა Paschalococos disperta, და ჩილეური ღვინის პალმა (Jubaea chilensis). ამ ხეებს საშუალო სიმაღლის მისაღწევად დაახლოებით 100 წელი სჭირდებოდათ. პოლინეზიურმა ვირთხამ, რომელიც თავდაპირველ მოსახლეებს მოყვათ თან, უმნიშვნელოვანესი როლი ითამაშა რაპანუის პალმის გაქრობაში. ვირთხის კბილები, რომლებიც მღვიმეებსა და სხვადასხვა ადგილებშია აღმოჩენილი, მიუთითებს, რომ პოლინეზიური ვირთხა სერიოზულად უშლიდა ხელს პალმების გამრავლებას. ამ ფაქტმა და ასევე მოსახლეობის მხირდან პალმების გაჩეხვამ, დაახლოებით 350 წლის წინ კუნძულზე ამ მცენარის გადაშენება გამოიწვია.[31] პრეისტორიული ხანიდან, კუნძულზე იზრდებოდა ტორომიროს ხე (Sophora toromiro), მაგრამ ამჟამად ის ველურად მზარდი აღარ გვხვდება. მიუხედავად ამისა, კიუს სამეფო ბოტანიკური ბაღები და გოტენბურგის ბოტანიკური ბაღი აღდგომის კუნძულზე ამ მცენარის კვლავ გაშენების მიზნით სამეცნიერო პროგრამას ახორციელებენ. პალმისა და ტორომიროს ფაქტობრივად გაქრობის შემდეგ, კუნძულზე მნიშვნელოვნად ნაკლები ნალექია, რაც ნაკლები კონდენსაციითაა გამოწვეული. მას შემდეგ, რაც თითქმის მთელი საუკუნის განმავლობაში კუნძული გამოიყენებოდა ათასობით ცხვრის საძოვრად, 1900-იანი წლების შუაში, კუნძული ბალახითა და ტოტორათი (Schoenoplectus californicus tatora) ძირითადად რანო-რარაკუსა და რანო-კაუს კრატერული ტბების სიახლოვესღა იყო დაფარული. ის ფაქტი, რომ კუნძულზე ეს ლერწმები იზრდება, რომლებსაც ანდებში ტოტორას ეძახიან, მოყავდათ იმის მთავარ არგუმენტად, რომ ქანდაკებების მშენებლები სამხრეთამერიკული წარმოშობის იყვნენ, მაგრამ როგორც ტბის სედიმენტებისა და ყვავილის მტვრის ანალიზებმა აჩვენა, ეს ლერწმები კუნძულზე უკვე 30 000 წელია რაც იზრდება. ადამიანთა მოსვლამდე, აღდგომის კუნძულზე თავს იყრიდა ზღვის ფრინველთა დიდი კოლონიები, რომელთა შორის 30 ადგილობრივი სახეობის იყო. ნამარხი მტკიცებულებები მიუთითებს ხუთი სახეობის ხმელეთის ფრინველზე (ორი ლაინასებრნთა, ორი თუთიყუშის და ერთი ყანჩა), რომელთაგან დღიესათვის აქ ყველა ამომწყდარია.[32]

იმუნოსუპრეზანტული ნარკოტიკი სიროლიმუსი პირველად სწორედ აღდგომის კუნძულის ნიადაგის სინჯებში, სტრეპტომიცეტის (Streptomyces hygroscopicus) ბაქტერიებში აღმოაჩინეს. ამის გამო, ეს ნარკოტიკი ასევე ცნობილია როგორც რაპამიცინი.[33] ამჟამად მას სიცოცხლის გახანგრძლივების მიზნით თაგვებზე სცდიან.[34]

აღდგომის კუნძულის ანაკენას პლაჟის პანორამა. ნაჩვენები ქანდაკებები პირველი იყო, რომლებიც 1955 წელს ადგილობრივებმა ძველი მეთოდების გამოყენებით აღმართეს თავიანთ პირვანდელ ადგილებზე.

კუნძულზე ხეები საკმაოდ მეჩხრადაა, იშვიათია ბუნებრივი ჭალები. ყოველივე ამის მიზეზი კი ისაა, რომ ადგილობრივებმა ქანდაკებების მშენებლობის პროცესში კუნძული დაუნდობლად გაჩეხეს. ექსპერიმენტულმა არქეოლოგიამ აჩვენა, რომ ზოგიერთ ქანდაკებას შესაძლოა ათავსებდნენ Y-ის ფორმის ხის ჩარჩოზე, რომელსაც მირო მანგა ერუას უწოდებდნენ და შემდეგ მისი დახმარებით დგამდნენ საბოლოო დანიშნულების საცერემონიო ადგილებზე.[35] სხვა თეორიის მიხედვით კი იყენებდნენ ხის ორ პარალელურ რელსს, რომლითაც ქანდაკებებს გადააადგილებდნენ.[36] რაპანუის ტრადიციები მეტაფორიულად ხსნის სულიერ ძალაუფლებას (მანა) როგორც საშუალებას, რომლითაც მოაი „გადაადგილდებოდა“ სამტეხლოდან.

სამხრეთულ განედში მდებარეობის გამო, მცირე გამყინვარების პერიოდის (დაახლოებით 1650-1850 წ.წ.) კლიმატურმა ეფექტებმა დეფორესტაციის პროცესი კიდევ უფრო გაამწვავა, მიუხედავად იმისა, რომ ამ მოვლენის კვალი კუნძულზე დიდად არ იგრძნობა.[35] ბევრი მკვლვარი[37] მცირე გამყინვარებით გამოწვეულ ტემპერატურის ვარდნას რესურსების გამოლევისა და პალმის ხეების გაქრობის პროცესში დამხმარე ფაქტორად მიიჩნევს. თუმცა ამ მოსაზრებას ექსპერტები არ ეთანხმებიან, როცა საქმე პალმების გაქრობას ეხება.

ჯარედ დაიმონდი თავის წიგნში კოლაფსი, რომელშიც აფასებს ძველი აღდგომის კუნძულის წარსულ კოლაფსს, კუნძულზე მომხდარ დეფორესტაციის უმთავრეს მიზეზად კლიმატურ ცვლილებას მიიჩნევს. აღდგომის კუნძულის ისტორიის ჰეიერდალისეული რომანტიკული ინტერპრეტაციით შთაგონებული დაიმონდი (როგორც ის კოლაფსის მე-2 თავში აღიარებს) დაჟინებით საუბრობს, რომ ხეების გაქრობა შეესატყვისება მისი ცივილიზაციის დაკნინებას XVII-XVIII საუკუნეებში. ის შენიშნავს, რომ ამ პერიოდში მათ შეწყვიტეს ქანდაკებების მშენებლობა და დაიწყეს აჰუების (პლატფორმა, რომელზეც იდგა ქანდაკებები) დანგრევა. მაგრამ ეს მოსაზრება სუსტია, რადგან ამ პერიოდში აღმავლობას განიცდიდა ადამიანი-ფრინველის კულტი, ასევე დიდი ზემოქმედება მოახდინა მკვლევრების, ვეშაპსაჭერი გემებისა სანდლის ხეებითა და მონებით მოვაჭრეთა გამოჩენამ.

საყოფაცხოვრებო ნარჩენების ნაგავსაყრელების შემცველობა აჩვენებს თევზისა და ფრინველთა ძვლების უცაბედ კლებას, რადგან კუნძულელებმა დაკარგეს სათევზაო ხომალდების მშენებლობის საშუალება, ხოლო ფრინველებმა დასაბუდებელი ადგილები. ზოგიერთ ადგილებში შეიმჩნევა ნიადაგის ეროზიის კვალი, რაც ხეების ნაკლებობითაა გამოწვეული. დანალექთა ნიმუშები ადასტურებს, რომ ადგილობრივ მცენარეთა სახეობების ნახევარზე მეტი გაქრა და კუნძულის მცენარეული საფარი რადიკალურად შეიცვალა. პოლინეზიელები უპირველესად ფერმერები იყვნენ და არა მეთევზეები, მათი საკვები შედგებოდა ისეთი კულტურული მცენარეების პროდუქტებისაგან, როგორებიცაა ტაროს ფესვები, ტკბილი კარტოფილი, მანიოკი, იამსი და ბანანი. პროტეინის ძირითადი წყარო იყო ქათამი და არა თევზი. პოლინეზიის ყველა კუნძულზე და მათ შორის აღდგომის კუნძულზეც ადგილი ჰქონდა კანიბალიზმს, განურჩევლად უხვმოსავლიანობისა თუ შიმშილობის პერიოდისა.

 
კუნძულის შიდა ნაწილის ხედი

ანთროპოლოგი ბონი პეისერი შენიშნავს კუნძულზე რესურსების საკმარისობას იმ დროისათვის, როდესაც აქ ევროპელები პირველად მოვიდნენ. კუნძულზე ჯერ კიდევ იყო პატარა ხეები, ძირითადად ტორმირო, რომელიც XX საუკუნეში გაქრა სავარაუდოდ ნელი ზრდისა და კუნძულის ეკოსისტემის ცვლილებების გამო. იაკობ როგევენის კაპიტანი კორნელიუს ბუმენი თავის უბის წიგნაკში აღნიშნავს: „ჩვენ ვნახეთ იამსი, ბანანები და ცოტა ქოქოსის პალმები და არანაირი სხვა ხე ან კულტურა“. როგევენის ოფიცერ კარლ ფრიდრიხ ბეჰრენსის კი აღნიშნავს: „ადგილობრივები გვთავაზობდნენ პალმის ტოტებს მშვიდობის ნიშნად“. ეთნოგრაფ ალფრედ მეტროს თანახმად, საცხოვრებელი სახლების ყველაზე მეტად გავრცელებული ტიპს უწოდებდნენ „ჰარე პაენგას“ (დღეისათვის ცნობილი როგორც „ნავი სახლი), რადგან მისი სახურავი გადაბრუნებულ ნავს წააგავდა. სახლების საძირკვლად გამოყენებული იყო ბაზალტის ფილები, რომელსაც ხის კოჭებისთვის დარჩენილი ჰქონდა ხვრელები, რომლებიც მთავარი საყრდენის ფუქნციას ასრულებდნენ. ამ ყველაფერს შემდეგ ხურავდნენ ტოტორას ჩალის ფენით, რასაც შემდეგ დაწნული შაქრის ლერწმის ფოთლების ფენა მოსდევდა, სულ ბოლოს კი დაწნული ბალახის ფენა. იმ დროის ევროპელი მნახველები იუწყებიან, რომ მათ იხილეს „პალმის ხეების დიდი კუნძები“. პეისერის მტკიცებით, ეს იმაზე მიუთითებს, რომ ამ დროისათვის დიდი ხეები კიდევ არსებობდა რაც წინააღმდეგობაში მოდის ბოუმანის ზემოთქმულ ციტატასთან. პლანტაციები უფრო ხშირად კუნძულის შიდა ნაწილებში მდებარეობდა, მაღლობებს მიღმა, თავღია ლავის მილებსა და სხვა — მარილიანი ძლიერი ქარებისა და სანაპიროდან მომდინარე მლაშე შხეფებისგან დაცულ ადგილებში. შესაძლებელია, რომ ბევრი ევროპელი კუნძულის შიდა ნაწილებში შესვლას ვერ რისკავდა. ევროპელთათვის XIX საუკუნემდე გამოუკვლეველი რჩებოდა ქანდაკებების სამტეხლო, რომელიც სანაპიროდან ერთი კილომეტრის დაშორებით, შთამბეჭდავ, 100 მ სიმაღლის კლდეზე მდებარეობდა.

ბოლო საუკუნეებში აღდგომის კუნძულზე ადგილი ჰქონდა ნიადაგის მასშტაბურ ეროზიას, რაც სავარაუდოდ მიწათმოქმედებითა და მასიური დეფორესტაციითაა გამოწვეული. როგორც ჩანს, ეს პროცესი თანდათანობითია და შესაძლოა ის კიდევ უფრო გააუარესა XX საუკუნეში ცხვრების მოშენებამ. როგორც იაკობ როგევენი იუწყებოდა, აღდგომის კუნძული განსაკუთრებით ნაყოფიერი იყო: „ცხოველთა სამყაროს ერთადერთი წარმომადგენელი, რომელსაც ისინი ზრდიან არის ქათამი. მათ მოყავთ ბანანი, შაქრის ლერწამი და ყველაზე მეტად ტკბილი კარტოფილი.“ 1786 წელს კუნძულს ესტუმრა ფრანგი საზღვაო ოფიცერი და მკვლევარი ჟან-ფრანსუა დე ლაპერუზი. როგორც მისი მებაღე აღნიშნავს, წელიწადში სამი დღე მუშაობა საკმარისი იყო მოსახლეობის რჩენისთვის.

ლაპერუზის ექსპედიციის მაიორი როლენი წერს: „შიმშილისგან დაუძლურებული ადამიანების ნაცვლად, ჩემს თვალწინ სრულიად საპირისპირო სურათი გადაიშალა — მნიშვნელოვანი რაოდენობის მოსახლეობა, რომელიც გამოირჩეოდა უფრო მეტი სილამაზითა და მიმზიდველობით, ვიდრე სხვა ნებიემიერ კუნძულზე. ნიადაგი, სულ მცირე მუშაობის შედეგადაც კი უზრუნველყოფდა მოსახლეობის გამოკვებას, დოვლათი იმაზე მეტი მოდიოდა, ვიდრე ის მაცხოვრებლებს სჭირდებოდათ.“[38]

დაიმონდის მიხედვით, კუნძულის თანამედროვე მოსახლეთა ზეპირ ტრადიციებში კანიბალიზმის ნიშნები ჩანს, რასაც ის კოლაფსის დამაჩქარებელ მტკიცებულებად მიიჩნევს. მაგალითისათვის, იგი აღნიშნავს როგორ უთხრა ერთმა სასტიკად შეურაცხყოფილმა მაცხოვრებელმა თავის მტერს: „დედაშენის ხორცი ჩემს კბილებს შორის გაიჭედება“. დაიმონდის მტკიცებით, ეს იმაზე მიუთითებს, რომ საკვების მარაგი საბოლოოდ გაქრა.[39] აქვე უნდა აღინიშნოს, რომ პოლინეზიურ კულტურებში კანიბალიზმი ფართოდ იყო გავრცელებული.[40] ადამიანთა ძვლები აღმოჩენილია რელიგიური პლატფორმების უკან, რაც იმაზე მიუთითებს, რომ აღდგომის კუნძულზე კანიბალიზმი რიტუალური ადათის ხასიათს ატარებდა. თანამედროვე ეთნოგრაფიული კვლევები რომელიმე პერიოდში ფართო კანიბალიზმის არსებობას ეჭვქვეშ აყენებს. კუნძულის პირველი მეცნიერული გამოკვლევა (1914) აჩვენებს, რომ ადგილობრივი მოსახლეობა სასტიკად უარყოფდა მათი ან მათი წინაპრების კანიბალიზმის მიმდევრობას.[22]

დემოგრაფია

2002 წლის აღწერა

2002 წლის აღწერის მიხედვით, კუნძულის მოსახლეობა 3791 ადამიანს შეადგენდა, მათგან ადგილობრივი იყო 60 %; ჩილეური, ევროპული ან კასტისური (ევროპელისა და მეტისის ნარევი) წარმოშობის 39 %; ხოლო დარჩენილი 1 % ამერიკის ადგილობრივები კონტინენტური ჩილედან.[41] ასევე აღინიშნება რაპანუის ხალხის მიგრაცია კუნძულის ფარგლებს გარეთ. მოსახლეობის სიმჭიდროვე შეადგენს 23 ადამიანს კმ²-ზე. 2017 წლის აღწერის მონაცემებით კი კუნძულის მოსახლეობა შეადგენს 7750 ადამიანს[42], მათგან ადგილობრივები შეადგენენ მთლიანი მოსახლეობის 40 %-ს, ხოლო ლათინოამერიკელები 60 %-ს. დღეისათვის, ადგილობრივები ცდილობენ შეზღუდონ იმიგრაცია კონტინენტური ჩილედან, რასაც ჩილეს კონსტიტუციაში შეტანილი ცვლილება ითხოვს.

მოსახლეობის ცვლილების დინამიკა[43]
1992
2002
2012
2017
2764
3791 
5761 
7750 
ეთნიკური შემადგენლობა, % 1992 წ., აღწერა 2002 წ., აღწერა 2012 წ., აღწერა 2017 წ., აღწერა
ადგილობრივები 70,0 60,7 48,3 40,0
ლათინოამერიკელები 30,0 39,3 51,7 60,0

[44][45]

ასევე აღსანიშნავია, რომ მოსახლეობის აღწერის დროს ადგილობრივების რიცხვში შეყვანილია რაპანუი-კონტინენტური ჩილეს შერეული მოსახლეობა, ამიტომ სუფთა რაპანუიელების ხვედრითი წილი ნაკლებია.

დემოგრაფიული ისტორია

1982 წელს კუნძულის მოსახლეობა 1936 ადამიანს შეადგენდა. შემდგომ აღწერაზე მოსახლეობის ზრდა ძირითადად განპირობებულია კონტინენტური ჩილედან ევროპული და კასტისური წარმოშობის ხალხის ჩამოსახლებით. აღსანიშნავია, რომ მათმა უმრავლესმა ნაწილმა ადგილობრივზე იქორწინა. ამ დროისათვის, მოსახლეობის დაახლოებით 70 % ადგილობრივი იყო. ევროპელთა მოსვლამდე, კუნძულის მოსახლეობა სავარაუდოდ 7-17 000 ადამიანს შეადგენდა. კუნძულის ისტორიაში მოსახლეობის ყველაზე დაბალი მაჩვენებელი 1877 წელს დაფიქსირდა — 111 ადამიანი, რომელთაგან შთამომავლები მხოლოდ 36-ს ჰყავდა. დღეისათვის, რაპანუის ყოველი ადგილობრივი თავს სწორედ იმ 36 ადამიანის შთამომავლად მიიჩნევს.

ენა

კუნძულის ოფიციალური ენაა ესპანური, მაგრამ ყოველდღიურ ცხოვრებაში მოსახლეობა ძირითადად იყენებს რაპანუის — აღმოსავლეთ პოლინეზიური ენის ერთ-ერთ დიალექტს.

 
ჰანგა-როას ქალაქის ჰოლი

ადმინისტრაცია და სამართლებრივი სტატუსი

ხუან-ფერნანდესის კუნძულებთან ერთად, აღდგომის კუნძულს გააჩნია სუი გენერისი (ლათ. sui generis) საკონსტიტუციო სტატუსი — „ჩილეს სპეციალური ტეროტორია“, რაც მათ 2007 წელს ებოძათ. მიუხედავად ამისა, საკონსტიტუციო ცვლილების ამ საკითხისადმი მიძღვნილი თავი დღემდე განსჯის საგანია, რის გამოც კუნძული კვლავ რჩება როგორც ვალპარაისოს რეგიონის ერთ-ერთი პროვინცია; გააჩნია მხოლოდ ერთი კომუნა. ამ მხრივ ის ერთადერთი პროვინციაა ჩილეში, რადგან ყველა დანარჩენი როგორც წესი ერთზე მეტ კომუნას მოიცავს. პროვინციასაც და კომუნასაც ჩილეში Isla de Pascua-ს უწოდებენ და ის მოიცავს როგორც მთლიან კუნძულს, ისე მიმდებარე პატარა კუნძულებსა და კლდეებს, ასევე 380 კმ-ით აღმოსავლეთით მდებარე კუნძულ სალა-ი-გომესს.[46]

სამოქალაქო მმართველობა

ჩილეს საარჩევნო დაყოფის მიხედვით, აღდგომის კუნძული წარმოადგენს მე-13 საარჩევნო რაიონსა და მე-6 საარჩევნო ოლქს. ხუან ფერნანდესის კომუნასთან ერთად, მოსახლეობას ჰყავს ორი წარმოამდგენელი დეპუტატთა პალატაში, ასევე ორი წარმომადგენელი სენატორი ჩილეს სენატში.

  • პროვინციული გუბერნატორი: პედრო პაბლო ედმუნდს პაოა (2010 —) — დანიშნული ჩილეს პრეზიდენტის მიერ.[47]
  • მერი: ლუის ზასო პაოა — პირდაპირი არჩევნების გზით არჩეული ოთხი წლის ვადით (2010-2012). მმართველობა მდებარეობს ჰანგა-როაში.
  • მუნიციპალური საბჭო — პირდაპირი არჩევნების გზით არჩეული ოთხი წლის ვადით (2010-2012):
 
სათევზაო ნავები აღდგომის კუნძულზე
    • მარტა რაკელ ოტუს ტუკი
    • ხიმენა ტრენგოვე ვალეხოსი
    • ხულიო არაკი ტეპანო
    • ელიანა ამელია ოლივარეს სან ხუანი
    • ალბერტო ოტუს ჩავესი
    • მარსელო პონტ ილი

რელიგიური მმართველობა

აღდგომის კუნძულის კათოლიკური სამწყსო ამჟამად ჩილეს ვალპარაისოს ეპარქიას მიეკუთვნება, მაგრამ 1911 წლამდე ის კუნძულ ტაიტის ეკლესიის დაქვემდებარებაში იყო. 1934 წლის 24 ოქტომბრიდან შევიდა ჩილეს არაუკანიის ეპარქიის შემადგენლობაში, 2002 წლიდან კი ვალპარაისოს ეპარქიაში გადაინაცვლა.

ეკონომიკა

 
მატავერის აეროპორტის ხედი

ინფრასტრუქტურა

 
ჰანგა-როას საავადმყოფო
 
ჰანგა-როას მთავარი ქუჩა — ატამუ ტეკენას გამზირი

1970-იანი წლებში ნასამ კუნძულზე მდებარე მატავერის აეროდრომი გააფართოვა და შექმნა კოსმოსური შატლისთვის აუცილებელი ასაფრენი ბილიკი, რის შედეგადაც, ამჟამად კუნძულზე დიდ თვითმფრინავებსაც კი შეუძლიათ დაჯდომა. ამის შემდეგ, საკმაოდ სწრაფი ზრდა იწყო ტურიზმმა, რაც დღემდე რჩება კუნძულის შემოსავლების ძირითად წყაროდ. სხვა დასასვენებელი კუნძულებისგან განსხვავებით, აღდგომის კუნძულზე ტურისტების რაოდენობა საკმაოდ ლიმიტირებულია. ბოლო პერიოდში, შეიქმნა წყალმომარაგების ცენტრალური სისტემა. ჰანგა-როასა და მატავერის აეროდრომის სიახლოვეს მდებარე გზები მოასფალტებულია. ასევე მოასფალტებულია ჰანგა-როადან ანაკენას პლაჟისკენ მიმავალი და სანაპიროს გასწვრივ, სამხრეთით, პოიკეს ნახევარკუნძულამდე მიმავალი გზები.

ჰანგა-როას სკოლაში განათლების მიღება შესაძლებელია პრუებლას დონემდე, რაც ფრანგული ბაკალავრიატის ექვივალენტურია. პროფესიული და უმაღლესი განათლების მიღების ერთადერთი გზაა სასწავლებლად კონტინენტზე წასვლა. აქვე აღსანიშნავია, რომ იუნესკო მხარს უჭერს ორენოვან სწავლებას, როგორც ესპანურად, ისე რაპანუიზე. სამედიცინო სერვისი იმაზე ბევრად უკეთესია, ვიდრე ჩილეს სხვა მოშორებულ ტერიტორიებში. პატარა საავადმყოფოს ჰყავს ექიმი, სტომატოლოგი და მედდა. ასევე მოქმედებს სასწრაფო დახმარების სერვისი.

1970-იანი წლებიდან მნიშვნელოვნად გაუმჯობესდა სხვა ინფრასტრუქტურაც, ისეთები, როგორებიცაა ეკლესია, ფოსტა, საბანკო მომსახურება, აფთიაქები, პატარა მაღაზიები, სუპერმარკეტი, სასაუზმე ბარები და რესტორნები, რაც ძირითადად ტურისტთა მოთხოვნების დაკმაყოფილების მიზნით მოხდა. ასევე შესაძლებელია სხვა მომსახურებები, მაგალითად თანამგზავრული ტელეფონი და ინტერნეტი. ახალგაზრდებისთვის აშენდა ღამის კლუბი.

ტურიზმი

1967 წელს სანტიაგოდან განხორციელებული პირველი კომერციული ფრენის შემდეგ, კუნძულზე ტურიზმმა სწრაფი ზრდა იწყო. მას წელიწადში დაახლოებით 40 000 მნახველი სტუმრობს და სწორედ ტურიზმი წარმოადგენს კუნძულის ძირითად რესურსს. 2008 წლიდან ფრენებს ახორციელებს ერთადერთი ავიაკომპანია ჩილეური LAN ავიახაზები. სანტიაგო-პაპეეტეს რეისი აღდგომის კუნძულის გავლით კვირაში ორჯერ სრულდება, რის დროსაც მგზავრებს საშუალება ეძლევათ კუნძულზე დარჩნენ სამდღიანი გაჩერების განმავლობაში, სანამ თვითმფრინავი გზას გააგრძელებს.

მატავერის საერთაშორისო აეროპორტის ბილიკი ორონგოში, ადამიანი-ფრინველის სოფელში მდებარეობს.

კუნძულს ერთადერთი ნავსადგური გააჩნია პატარა გემებისთვის. საკრუიზო გემების მიღება ჰანგა-როას ნავსადგურში ხდება. მგზავრების გადმოსხმა, რაც ხშირად პირდაპირ ღია ზღვაში ხდება, არც ისე სასიამოვნო პროცესია.

ტურისტებს ემსახურებიან როგორც კერძო სახლები, ისე სასტუმროები, რომლებიც სამვარსკვლავიან კატეგორიას შეესაბამებიან. კუნძულზე არსებული მაღალი ფასები პროდუქტებზე იმითაა განპირობებული, რომ ისინი ძირითადად იმპორტირებულია კონტინენტიდან.

იქიდან გამომდინარე, რომ ტურიზმი მოსახლეობის ძირითად საარსებო საშუალებას წარმოადგენს, არსებობენ კარგად გათვითცნობიერებული, ყველა ძირითად ენაზე მოლაპარაკე ადგილობრივი გიდები. ღირსშესანიშნაობებამდე მისვლის ძირითადი საშუალებაა ცხენი, თუმცა გამოცდილ მოგზაურებს ფეხით გადაადგილებაც შეუძლიათ.

კულტურა

მითოლოგია

ყველაზე მნიშვნელოვანი მითოლოგიური პერსონაჟები არიან:

  • ტანგატა-მანუ — ადამიანი-ფრინველი, რომელსაც თაყვანს სცემდნენ 1860-იან წლებამდე.
  • მაკემაკე — მნიშვნელოვანი ღმერთი
  • აკუ-აკუ — გამოქვაბულების მცველი
  • მოია-კავა-კავა — ჰანაუ-ეპეს (გრძელყურიანების) აჩრდილი.
  • ჰეკაი იტე უმუ პარე ჰაონჰა ტაკაპუ ჰანაუ ეპე კაი ნორუეგო — წმინდა შელოცვა, რომელსაც გამოქვაბულში შესვლამდე აკუ-აკუს დასამშვიდებლად წარმოთქვამდნენ.

ქვაზე მუშაობა

რაპანუის ხალხი ფაქტობრივად ქვის ხანის ცივილიზაცია იყო და ისინი ფართოდ იყენებდნენ ადგილობრივ სხვადასხვა სახის ქვას:

  • ბაზალტი — მტკიცე ქვა, გამოყენებულია მოაის მხოლოდ ერთ ქანდაკებაში, რომელიც დღეს ლონდონის მუზეუმში ინახება.
  • ობსიდიანივულკანური შუშა, რომლის ბასრ პირსაც საჭრელ იარაღად იყენებდნენ. ასევე, მისგან დამზადებულ თვალებს უსვამდნენ ქანდაკებებს.
  • წითელი სკორია ჰანგა-როას კრატერის, პუნა-პაუს სამტეხლოდან — კაშკაშა წითელი ქვა, რომელსაც პუკაოდ (ქანდაკებების ქუდი) იყენებდნენ. ასევე მისგანაა დამზადებული რამდენიმე ქანდაკება.
  • ტუფირანო-რარაკუს კრატერიდან ბევრად უფრო ადვილად დასამუშავებელი ქვა, ვიდრე ბაზალტი. მისგანაა დამზადებული ქანდაკებების უმეტესი ნაწილი.

მოაი (ქანდაკებები)

 
ტუკუტური — იშვიათი, მუხლებზე დაჩოქილი წვეროსანი მოაი

ქვის დიდი ქანდაკებები, იგივე მოაი, რომლებითაც აღდგომის კუნძული მთელ მსოფლიოშია ცნობილი, ახ. წ. 1100-1680 წლებში ააგეს. სულ არსებული 887 მონოლითური ქვის ქანდაკება ამჟამად განლაგებულია როგორც კუნძულზე, ისე მისგან საკმაოდ დაშორებულ მუზეუმებში.[48] მიუხედავად იმისა, რომ ქანდაკებებს ხშირად მოიხსენიებენ როგორც „აღდგომის კუნძულის თავები“, ისინი მთლიან სხეულებს წარმოადგენენ, უმრავლესი მათგანი გამოქანდაკებულია თეძოებიდან თავის ჩათვლით. ზოგიერთი ქანდაკება მუხლებითა მინდორზეა დაჩოქილი, ხელები კი მუცელზე უწყვია.[49][50] მცოცავი ნიადაგების გამო, ზოგიერთი ქანდაკება კისრამდე მიწაშია ჩარჭმული.

თითქმის ყველა მოაი (95 %) გამოკვეთილია ერთმანეთისგან განსხვავებულად, დაპრესილი, ადვილად დამუშავებადი გამკვრივებული ვულკანური ფერფლის ან ტუფისგან, რომლებსაც ერთადერთ ადგილას, ჩამქრალ ვულკან რანო-რარაკუში მოიპოვებდნენ. ადგილობრივები, რომლებიც მათ აქანდაკებდნენ, იყენებდნენ მხოლოდ ქვის იარაღებს, ძირითადად ბაზალტისას, რომელიც კუნძულზე მრავლადაა. როდესაც ქვის იარაღები დაბლაგვდებოდა, მათ ახალ პირს ულესავდნენ. გამოკვეთის დაწყების წინ, ვულკანურ ქვას წყალში ალბობდნენ, რასაც სამუშაოს პროცესში პერიოდულად კვლავ იმეორებდნენ. მიუხედავად იმისა, რომ ერთსა და იმავე დროს განსხვავებულ ქანდაკებებზე ბევრი ჯგუფი მუშაობდა, 5-6 კაციან ჯგუფს ერთი მოაის დასამზადებლად დაახლოებით ერთი წელი სჭირდებოდა. თითოეული ქანდაკება საგვარეულოს მიცვალებულ მმართველს წარმოადგენდა.

 
ქალაქ ჰანგა-როასთან მდებარე ორი აჰუ მოაის ქანდაკებებითურთ

აღსანიშნავია, რომ ქანდაკებების მხოლოდ მეოთხედი იქნა აღმართული, მაშინ როდესაც დაახლოებით ნახევარი დარჩა რანო-რარაკუს სამტეხლოსა და სხვადასხვა ადგილებში, სავარაუდოდ მათი საბოლოო ადგილისკენ მიმავალ გზაზე. უდიდესი ქანდაკება დადგმულია პლატფორმაზე, რომელსაც „პაროს“ უწოდებდნენ. იგი 82 ტონას იწონის და სიგრძეში 9,8 მეტრია.[51] იგივე წონის სხვა რამდენიმე ქანდაკება დადგმულია ჩრდილოეთ და სამხრეთ სანაპიროზე. დღემდე უცნობია თუ რა მეთოდით გადაჰქონდათ ქანდაკებები. შესაძლებელ ვარიანტებს შორის ერთ-ერთად მიიჩნევენ ე. წ. მირო მანგა ერუას, Y-ს ფორმის მარხილს გადაჯვარედინებული ნაწილებით, რომელზეც ქანდაკებებს ჰაუ-ჰაუს ხის დრეკადი და მტკიცე ქერქის თოკების კისერზე შემოხვევით აბამდნენ.[52] მოაის ზომებიდან გამომდინარე, მის გაწევაში მონაწილეობა უნდა მიეღო 180-250 ადამიანს. დაახლოებით 50 ქანდაკება ჩვენს დროში ხელახლა იქნა აღმართული თავიანთ თავდაპირველ ადგილებზე. მათ შორის ერთ-ერთი პირველი იყო აჰუ ატურე ჰუკე ანაკენას პლაჟზე 1958 წელს. მისი აღმართვა ჰეიერდალის ექსპედიციის დროს მოხდა და გამოყენებულ იქნა ტრადიციული მეთოდები.

აჰუ

 
აჰუ აკივი — ერთ-ერთი კუნძულის შიდა ნაწილში მდებარე სულ რამდენიმე აჰუდან. იგი ერთადერთია, რომლის ქანდაკებებიც ოკეანისკენ იმზირებიან

აღდგომის კუნძულზე აჰუს უწოდებენ ქვის პლატფორმებს. ქანდაკებების მშენებლობის პერიოდსა და მას შემდეგაც, ბევრი სხვადასხვაგვარი აჰუ ააგეს. ბევრ მათგანს ასევე იყენებდნენ ადამიანის ჩონჩხების შესანახად. ერთი მათგანი შემდეგში დინამიტით ააფეთქეს; აჰუ ტონგარიკი კი ცუნამიმ კუნძულის შიდა ნაწილში გადააადგილა. 313 ცნობილი აჰუდან 125-ზე აღმართული იყო მოაი — ძირითადად მხოლოდ ერთი, რისი მიზეზიც სავარადუოდ მოაის მშენებლობების ხანის სიმოკლე და მათ გადაადგილებასთან დაკავშირებული სირთულეებია. რანო-რარაკუდან ერთ კილომეტრში მდებარე აჰუ ტონგარიკზე აღმართული იყო ყველაზე მეტი და ყველაზე მაღალი ქანდაკებები, სულ 15 ცალი. მოაის სხვა გამორჩეული აჰუებია აჰუ აკივი, რომელიც 1960 წელს უილიამ მულოიმ აღადგინა, ნაუ-ნაუ ანაკენას სანაპიროზე და ტაჰაი. ზოგიერთი ქანდაკება, რომელიც შესაძლოა ხისგან ყოფილიყო დამზადებული, დაკარგულია.

 
აჰუ ტონგარიკის მოაი (ნაჩვენებია 6 მოაი სულ არსებული 15-დან)

აჰუს მონახაზის კლასიკური ელემენტებია:

  • რამდენიმე ფუტის სიმაღლის საყრდენი კედელი, როლემიც როგორც წესი, ზღვას გაჰყურებს
  • ფორმის ბაზალტის ფილებით აგებული ფასადური სამკუთხა კედელი, რომელსაც პაენგას ეძახდნენ
  • წითელი სკორიასგან დამზადებული აბრა, რომელიც ფასადზე იყო მიმაგრებული
  • დახრილობა კუნძულის შიდა მხარეს, რომელიც გაშლილ ფრთებს მოგვაგონებდა
  • ზომების მიხედვით დალაგებული წყლისგან გაცვეთილი მრგვალი ქვებისგან შექმნილი ქვაფენილი
  • ქვების მწკრივი დახრილობამდე
  • მოკირწყლული მოედანი აჰუს წინ. მას მარაეს უწოდებდნენ
  • აჰუს შიგა ნაწილი სავსე იყო ლოდებით

ბევრი აჰუს წვერში განლაგებული იყო:

  • ოთხკუთხა პიედსტალზე შემდგარი, კუნძულის შიდა ნაწილისკენ მომზირალი მოაი
  • პუკაო (ქუდები) მოაის თავზე (1300 წლის შემდეგ აგებულ პლატფორმებზე)
  • ცერემონიის მსვლელობისას, ქანდაკებებს თვალებს უსვამდნენ. თვალის თეთრი ნაწილი დამზადებული იყო მარჯნისგან, ირისი - ობსიდიანის ან წითელი სკორიასგან

აჰუმ განვითარება ჰპოვა პოლინეზიური ტრადიციული მარაედან. ამ კონტექსტში, აჰუ აღნიშნავდა პატარა სტრუქტურას, ზოგჯერ ჩალით გადახურულს, სადაც წმინდა საგნები, მათ შორის სტატუეტები იყო განლაგებული. როგორც წესი, აჰუ, მარაეს ან მთავარი მოედნის გვერდით მდებარეობდა, სადაც ცერემონიები იმართებოდა. მიუხედავად ამისა, აღდგომის კუნძულზე აჰუმ და მოაიმ ბევრად ფართო ზომები შეიძინეს. აქ მარაე აჰუს წინ მდებარე მოუპირკეთებელ მოედანს წარმოადგენს. უდიდესი აჰუს სიგრძე 220 მეტრია და 15 ქანდაკებას იტევს, რომელთაგან ზოგიერთის სიმაღლე 9 მეტრია. აჰუს მშენებლობისას გამოყენებული ქვები როგორც წესი ბევრად პატარაა ვიდრე მოაი, ამიტომ მასალების მოზიდვა ნაკლებ შრომას მოითხოვდა, მაგრამ ძალზე შრომატევადი იყო მის წინ მდებარე ხელოვნური მოედნის მშენებლობა.

აჰუები ძირითადად სანაპიროზეა განლაგებული, სადაც ისინი რიგში არიან ჩამწკრივებული, გარდა რამდენიმე აჰუსი ტერევაკას მთის დასავლეთ კალთებსა და რანო-კაუს და პოიკეს მაღლობების აჰუებისა. ერთი აჰუ ქანდაკებებთნ ერთად 1880-იან წლებში აღწერილი იყო რანო-კაუსთან მდებარე კლდეებზე, მაგრამ კატერინ რუტლეჯის ექსპედიციამდე იგი სანაპიროზე ჩამოიქცა.

მსოფლიოს ჭიპი

 
„მსოფლიოს ჭიპი“

ანაკენას პლაჟის სიახლოვეს, აჰუ ტე პიტო კურას გვერდით მდებარეობს უჩვეულო ქვის ძეგლი, რომელიც წარმოადგენს წყლისგან გაცვეთილ პლაჟის ქვას, მისი მსგავის ასევე აღმოჩენილია ახალ ზელანდიაში. როგორც დღეს ადგილობრივები ამბობენ, ცენტრალური მრგავლი ქვა ჰოტუ მატუამ მოიტანა თავის სამშობლოდან. გეოლოგები კი მიიჩნევენ, რომ ქვა ადგილობრივი წარმოშობისაა, რაც ასევე ემთხვევა ადრეულ ზეპირ გადმოცემებს. ამ გადმოცემების თანახმად, ეს კლდე დააფუძნა კლანმა, რომელიც მას საზღვრის აღმნივშნელად იყენებდა. შემდგომში ის მათ ჩრდილოეთის კლანების გაერთიანება მირუმ წაართვა, რომლებმაც იგი ტე პიტო კურაში წაიღეს როგორც ომის ნადავლი. ის ფაქტი, რომ ქვა დიდია და ბუნებრივად მრგვალი, მიუთითებს რომ ის „მანას“ ფუნქციებით იყო დატვირთული და გამოიყენებოდა როგორც თილისმა. „ჭიპი“ ქვა შეიცავს რკინას და გააჩნია მაგნიტური მიზიდულობა.

ქვის კედლები

აღდგომის კუნძულის ქვით მშენებლობის ერთ-ერთი უმაღლესი ხარისხის მაგალითია ვინაპუს აჰუს კედელი. იგი აგებულია კირხსნარის გარეშე, დამუშავებული ბაზალტის ნატეხებისგან, რომლებიც ზომით ზუსტად ერთმანეთის ტოლია და დაახლოებით 7 ტონას იწონიან. მას გარკვეული გარეგნული მსგავსება გააჩნია სამხრეთ ამერიკაში არსებულ ინკების მიერ აგებულ ზოგიერთ ქვის კედელთან.

ქვის სახლები

 
ჰარე მოა — საქათმე. 3D ლაზერული სკანერით მიღებული ფოტო

აღდგომის კუნძულზე წარსულში სახლების ორი ტიპი იყო გავრცელებული: ჰარე პაენგა — სახლი ოვალური საძირკვლით, აშენებული ბაზალტის ფილებით და გადახურული ჩალით, რის შედეგადაც სახურავი ამოტრიალებულ ნავს ემსგავსებოდა და ჰარე ოკა — ქვის მრგვალი სტრუქტურა. კიდევ ერთი სახეობის ქვის სტრუქტურებს ტუპას უწოდებდნენ, რაც ძალიან წააგავდა ჰარე ოკას, გარდა იმისა რომ ტუპაში ასტრონომი-ქურუმები ცხოვრობდნენ და ისინი სანაპიროსთან იყო განლაგებული, სადაც ვარსკვლავების მოძრაობაზე დაკვირვება ადვილი იყო. დასახლებები ასევე მოიცავდა ჰარე მოას, ქვის წაგრძელებულ სტრუქტურებს, რომლებსაც საქათმეებად იყენებდნენ. უნიკალურია საცერემონიო სოფელ ორონგოს სახლები, რადგან ისინი მიემსგავსებია ჰარე პაენგას, მაგრამ ნაგებია ბაზალტის ბრტყელი ფილებით, რომელსაც რანო-კაუს კრატერში მოიპოვებდნენ. ყველა ტიპის სახლის შესასვლელი ძალიან დაბალია და შიგ შესვლა მხოლოდ გახოხებითაა შესაძლებელი.

გავრცელებული ინფორმაციით, რაპანუის ადრეული ხანის მოსახლეობა გარდაცვლილებს პატარა სამგლოვიარო კანოეთი ზღვაში უშვებდა, ისევე როგორც პოლინეზიის სხვა კუნძულებზე მცხოვრები მათი თანამოძმეები. მოგვიანებით მათ მიცვალებულთა საიდუმლო გამოქვაბულებში დაწვა დაიწყეს, ისე რომ ძვლები მტრის მიერ შებღალვისგან დაეცვათ. XVIII საუკუნის გვიანი პერიოდის არეულობის დროს, კუნძულელებმა მიცვალებულთა დაწვა წაქცეულ მოაისა და სტრუქტურის წინა კედელს შორის სივრცეში დაიწყეს. ეპიდემიის მძვინვარების დროს კი აშენებდნენ მასიურ საფლავს, რომელიც ნახევრად პირამიდის ფორმის ქვის სტრუქტურას წამროადგენდა.

პეტროგლიფები

პეტროგლიფები ქვაზე ამოკვეთილ სურათებს ეწოდება. აღდგომის კუნძულს მათი ერთ-ერთი უმდიდრეის კოლექცია გააჩნია მთელი პოლინეზიის მასშტაბით. კატალოგში შეტანილია დაახლოებით 1000 ადგილის 4000-ზე მეტი პეტროგლიფი. ნახაზებსა და სურათებს ქვაზე მრავალი მიზეზით კვეთდნენ, მათ შორისაა: შეექმნათ ტოტემები, მოენიშნათ ტერიტორია ან უკვდავეყოთ პიროვნება ან რაიმე მოვლენა. კუნძულზე პეტროგლიფების განსაკუთრებული თემების სიხშირის განსხვავებული ვარიაციებია, რომლებიც ძირითადად ადამიანი-ფრინველის თემატიკაზეა შესრულებული და თავმოყრილია ორონგოში. სხვა თემატიკებს შორისაა ზღვის კუები, კომარი (ქალის გარეგანი სასქესო ორგანოები) და მაკემაკე — ადამიანი-ფრინველის კულტის უზენაესი ღმერთი.[53]

პეტროგლიფები ასევე დამახასიათებელია მარკიზის კუნძულებისათვის.


გამოქვაბულები

აღდგომის კუნძულსა და მის მეზობელ პატარა კუნძულ მოტუ-ნუიზე განსაკუთრებით მრავლადაა გამოქვაბულები. ბევრ მათგანში შეიმჩნევა წარსულში ადამიანთა მიერ მათი გამოყენების კვალი, როგორც მცენარეთა მოსაყვანად, ისე საფორტიფიკაციოდ. ისინი მოიცავენ ვიწრო შესასვლელებსა და შესაფარებელ ადგილებს. ბევრი გამოქვაბული მოხსენიებულია რაპანუის მითებსა და ლეგენდებში.

 
რონგორონგოს ნიმუში

რონგორონგო

უცნობია აღდგომის კუნძულის დღემდე გაუშიფრავი დამწერლობის — რონგორონგოს შექმნის ისტორია — შეიქმნა ის გარე გავლენით თუ ევროპელებთან კონტაქტის შემდეგ. დასავლური დამწერლობის გაცნობამ 1770 წლის ესპანელთა ვიზიტის დროს, შესაძლოა კუნძულის მმართველ კლასს შთააგონა რონგორონგოს, როგორც რელიგიური იარაღის შექმნა.[54] რონგორონგოს გარკვეული მსგავსება გააჩნია პეტროგლიფების მოყვანილობასთან,[55] მაგრამ ათასობით პეტროგლიფისგან განსხვავებით, მისი არც ერთი ნიმუში არაა ქვაზე ამოკვეთილი.

რონგორონგოს შესახებ პირველად 1864 წელს ფრანგი მისიონერი ეჟენ ეირო იუწყება. ამ დროისათვის, რამდენიმე კუნძულელი აცხადებდა, რომ მათ შეეძლოთ ნაწერის გაგება, მაგრამ მისი გაშიფვრის ყოველი მცდელობა უშედეგო აღმოჩნდა. ტრადიციის თანახმად, წერა-კითხვა მხოლოდ მმართველმა ოჯახებმა და მღვდლებმა იცოდნენ. სწორედ ეს გახდა რონგორონგოზე კითხვის მთელი ცოდნის დაკარგვის მიზეზი, რადგან 1860-იან წლებში კუნძულის ელიტა მოსპეს.

რონგორონგოს ასობით აღმოჩენილი ნიმუშიდან (ძირითადად ხის დაფები, კვერთხები და სკულპტურები) მხოლოდ 28 გადარჩა, რადგან მათი უდიდესი ნაწილი მისიონერებმა გაანადგურეს. ისინი დღეს მთელი მსოფლიოს მასშტაბით, სხვადასხვა მუზეუმებშია მიმოფანტული, მხოლოდ რამდენიმე მათგანი რჩება აღდგომის კუნძულზე. ენა დღემდე გაუშიფრავი რჩება. ერთადერთი, რაზეც სწავლულები თანხმდებიან ისაა, რომ რონგორონგო პიქტოგრაფიული დამწერლობაა და ბუსტროფედონის სტილში იკითხება, ანუ წერის მიმართულება ცვალებადია ხაზების მიხედვით.

ხეზე კვეთა

 
არატიპური კასრისებური სტატუეტი
 
გამხდარი სტატუეტი

XVIII-XIX საუკუნეებში აღდგომის კუნძულზე ხე-მასალა დიდ იშვიათობას წარმოადგენდა, მაგრამ ხეზე შესრულებულმა განსხვავებულმა და მაღალი დონის ორნამენტებმა კუნძულიდან მაინც მიაშურეს მსოფლიოს სხვადასხვა მუზეუმებს. მათ შორის განსაკუთრებულებია:[56]

  • რემირო — ნამგალა მთვარის ფორმის ყელსაბამის ორნამენტი,[57] რომელსიც ასევე გამოსახულია რაპანუის დროშაზე. ამჟამად ბრიტანეთის მუზეუმში ორი რემირო ინახება, რომლებსაც თან რონგორონგოს დამწერლობაზე შესრულებული აღწერა ახლავს.
  • მოკო მირო — ხვლიკისთავიანი კაცი
  • მოაი კავაკავა — ტორომიროს ფიჭვისგან გამოკვეთილი ადამიანის მაღალდეტალური გროტესკული ფიგურები, რომლებიც წინაპრებს განასახიერებენ. უფრო ადრეული ფიგურები როგორც წესი იშვიათია და ისინი ძირითადად ქალებს წარმოსახავს, გამხდარი ტანითა და ესპანიოლათი. ფიგურების ნეკნები და მალები გაშიშვლებულია. მათი სხეული უფრო გაბრტყელებულია და ხშირად ტანის გადაკვეთაზე გამოსახულია ქალის ხელი. ამ ფიგურებს, მიუხედავად ზოგიერთი მათგანის დიდი ზომისა, კისერზე ჩამოკიდულს ატარებდნენ ტომის წევრები, როგორც ორნამენტულ სამკაულს. უფრო მეტი ფიგურის მატარებელი, უფრო მნიშვნელოვან ადამიანს წარმოადგენდა.
  • აო — საცეკვაო ფარფლებიანი თათები

XXI საუკუნის კულტურა

რაპანუის ხალხი ყოველწლიურად მართავს ფესტივალ ტაპატის, რომელიც 1975 წლიდან იმართება თებერვალში და წარმოადგენს რაპანუის კულტურის დღესასწაულს. კუნძულელებს ასევე შექმნილი აქვთ ეროვნული საფეხბურთო ნაკრები. ქალაქ ჰანგა-როაში მოქმედებს სამი დისკო-კლუბი. სხვა კულტურული საქმიანობები მოიცავს მუსიკალურ ტრადიციებს, რომელიც სამხრეთამერიკულ და პოლინეზიურ გავლენას განიცდის.

იხილეთ აგრეთვე

რესურსები ინტერნეტში

ლიტერატურა

ქართული

  • ჰეიერდალი თ., აღდგომის კუნძულის საიდუმლოება, თბ., 1962;

ინგლისური

  • Diamond, Jared (2005). Collapse. How Societies Choose to Fail or Succeed.. New York: Viking. ISBN 0-14-303655-6. 
  • Fischer, Steven Roger (1995). „Preliminary Evidence for Cosmogonic Texts in Rapanui’s Rongorongo Inscriptions“. Journal of the Polynesian Society (104): გვ. 303–21.
  • Fischer, Steven Roger (1997). Glyph-breaker: A Decipherer's Story. New York: Copernicus/Springer-Verlag. 
  • Fischer, Steven Roger (1997). RongoRongo, the Easter Island Script: History, Traditions, Texts. Oxford and New York: Oxford University Press. ISBN 0198237103. 
  • ჰეიერდალი, თურ (1961). რედ. Thor Heyerdahl & Edwin N. Ferdon Jr.: The Concept of Rongorongo Among the Historic Population of Easter Island. Stockholm: Forum. 
  • ჰეიერდალი, თურAku-Aku; The 1958 Expedition to Easter Island.
  • Metraux, Alfred (1940). „Ethnology of Easter Island“. Bernice P. Bishop Museum Bulletin. Honolulu: Bernice P. Bishop Museum Press (160).
  • Routledge, Katherine (1919). The Mystery of Easter Island. The story of an expedition. London. ISBN 0404142311. 
  • Steadman, David (2006). Extinction and Biogeography in Tropical Pacific Birds. University of Chicago Press. ISBN 978-0-226-77142-7. 
  • Altman, Ann M. (2004). Early Visitors to Easter Island 1864–1877 (translations of the accounts of Eugène Eyraud, Hippolyte Roussel, Pierre Loti and Alphonse Pinart; with an Introduction by Georgia Lee). Los Osos: Easter Island Foundation. 
  • Englert, Sebastian F. (1970). Island at the Center of the World. New York: Charles Scribner's Sons. 
  • Hunt, Terry L. (September–October 2006). „Rethinking the Fall of Easter Island“. American Scientist (94): p. 412.CS1-ის მხარდაჭერა: დამატებითი ტექსტი (link)
  • Lee, Georgia (1992). The Rock Art of Easter Island. Symbols of Power, Prayers to the Gods. Los Angeles: The Institute of Archaeology Publications. ISBN 0917956745. 
  • Thomson, William J. (1891). „Te Pito te Henua, or Easter Island. Report of the United States National Museum for the Year Ending June 30, 1889“. Annual Reports of the Smithsonian Institution for 1889. Washington: Smithsonian Institution: გვ. 447–552.in Google Books
  • van Tilburg, Jo Anne (1994). Easter Island: Archaeology, Ecology and Culture. Washington D.C.: Smithsonian Institution Press. ISBN 0714125040. 
  • Vergano, Dan. "Were rats behind Easter Island mystery?" USA Today (November 15, 2009)

სქოლიო

  1. Isla de Pascua - Easter Island - Rapa Nui, Informaciones. PortalRapaNui.cl. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2012-01-14. ციტირების თარიღი: 2011-11-11.
  2. სპეციალური კანონის მიღების მოლოდინში, კუნძული კვლავ იმართება როგორც ვალპარაისოს რეგიონის ერთ-ერთი პროვინცია.
  3. ¡WELCOME TO RAPA NUI - ISLA DE PASCUA - EASTER ISLAND!. PortalRapaNui.cl. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2011-11-01. ციტირების თარიღი: 2011-11-11.
  4. იაკობ როგევენის ნიდერლანდური ჟურნალის ორიგინალის თარგმანი ინგლისურად, სხვა მნიშვნელოვან დამატებით ინფორმაციასთან ერთად გამოქვეყნდა: Andrew Sharp (ed.), The Journal of Jacob Roggeveen (Oxford 1970).
  5. William Thompson. (1891)Easter Island: Early Witnesses. Rongorongo.org. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2007-12-24. ციტირების თარიღი: 2011-11-11.
  6. Thomas S. Barthel (1978). The Eighth Land: The Polynesian Settlement of Easter Island. Honolulu: University of Hawaii. (თავდაპირველად გამოიცა გერმანიაში 1974 წელს)
  7. EASTER ISLAND - WEATHER AND CLIMATE. Enjoy-Chile.org. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2009-09-29. ციტირების თარიღი: 2011-11-11.
  8. Easter Island. Letsgochile.com. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2017-06-03. ციტირების თარიღი: 2011-11-11.
  9. Weather. islandheritage.org. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2009-10-02. ციტირების თარიღი: 2011-11-11.
  10. მონაცემები აღებულია 1942—1990 წლებში მატავერის მეტეოროლოგიურ სადგურში. წყარო: Climate data for 27°S 109°W. WorldClimate.com. ციტირების თარიღი: 2011-06-09.
  11. Easter Island, Global Volcanism Program. volcano.si.edu. ციტირების თარიღი: 2010-03-18.
  12. P. E. Baker; F. Buckley; J. G. Holland (1974). „Petrology and geochemistry of Easter Island“ (PDF). Contributions to Mineralogy and Petrology. 44: 85–100. Bibcode:1974CoMP...44...85B. doi:10.1007/BF00385783. დაარქივებულია ორიგინალიდან (PDF) — 2011-02-21. ციტირების თარიღი: 2011-09-01.CS1-ის მხარდაჭერა: მრავალი სახელი: ავტორების სია (link)
  13. 13.0 13.1 KARSTEN M. HAASE, PETER STOFFERS, C. DIETER GARBE-SCHÖNBERG. (1997)The Petrogenetic Evolution of Lavas from Easter Island and Neighbouring Seamounts, Near-ridge Hotspot Volcanoes in theSE Pacific. Oxford University Press. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2011-05-24. ციტირების თარიღი: 2011-11-11.
  14. Rapanui: Edmunds and Bryan Photograph Collection.. Libweb.hawaii.edu. ციტირების თარიღი: 2010-11-06.
  15. 15.0 15.1 T. L. Hunt, C.P. Lipo (2006). „Late Colonization of Easter Island“. Science. 311 (5767): 1603. doi:10.1126/science.1121879. PMID 16527931.
  16. Terry Hunt, Carl Lipo (2011). The Statues that Walked: Unraveling the Mystery of Easter Island. Free Press. ISBN 1-43915031-1. 
  17. Jared M. Diamond (2005). Collapse: How Societies Choose to Fail or Succeed. Viking Press. ISBN 0-14-303655-6. OCLC 62868295. 
  18. The Voyage to Rapa Nui 1999–2000. Polynesian Voyaging Society. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2011-09-27. ციტირების თარიღი: 2011-11-12.
  19. Bo Rothstein (2005). Social traps and the problem of trust. Cambridge University Press, გვ. 20. ISBN 0521848296. 
  20. Barbara A. West (2008). Encyclopedia of the Peoples of Asia and Oceania. Infobase Publishing, გვ. 684. ISBN 0816071098. 
  21. Beverley Haun (2008). Inventing 'Easter Island'. University of Toronto Press, გვ. 8. ISBN 0802098886. 
  22. 22.0 22.1 Routledge (1919)
  23. Diamond (2005), გვ. 171
  24. Routledge (1919), გვ. 208
  25. George Cooke. Easter Island: Early Witnesses. Rongorongo.org. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2009-04-11. ციტირების თარიღი: 2011-11-12.
  26. G. Lee. Annexation by Chile. Netaxs.com. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2012-01-28. ციტირების თარიღი: 2011-11-12.
  27. Diamond (2005), გვ. 112
  28. Chilean Law 20,193. ჩილეს ეროვნული კონგრესი. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2011-02-21. ციტირების თარიღი: 2011-11-12.
  29. Eclipse fever focuses on remote Easter Island. Msnbc.msn.com. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2012-11-05. ციტირების თარიღი: 2011-11-12.
  30. Easter Island land dispute clashes leave dozens injured. www.bbc.co.uk. ციტირების თარიღი: 2011-11-12.
  31. C. Michael Hogan. (2008-12-18) Chilean Wine Palm: Jubaea chilensis. GlobalTwitcher.com. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2012-10-17. ციტირების თარიღი: 2011-11-12.
  32. Steadman (2006), გვ. 248–252
  33. Joanna Russell. Rapamycin — Introduction. ციტირების თარიღი: 2009-07-10.
  34. Charles Bankhead, Staff Writer. (2009-07-09) Rapamycin Extends Longevity in Mice. Medpagetoday.com. ციტირების თარიღი: 2011-11-12.
  35. 35.0 35.1 Jones, David T. (2007). „Easter Island, What to learn from the puzzles?“. American Diplomacy. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2007-11-28. ციტირების თარიღი: 2021-03-13.
  36. Diamond (2005), გვ. 107
  37. Finney (1994), Hunter Anderson (1998); P.D. Nunn (1999, 2003); Orliac and Orliac (1998)
  38. Heyerdahl (1961), გვ. 57
  39. Diamond (2005), გვ. 109
  40. Patrick V. Kirch. Introduction to Pacific Islands Archaeology. University of California. Berkeley.edu. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2008-12-06. ციტირების თარიღი: 2011-11-12.
  41. (ესპანური) Primeros datos del Censo: Hay 37.626 mujeres más que hombres en la V Región. Estrellavalpo.cl (2002-06-11). ციტირების თარიღი: 2010-11-06.
  42. Censo 2017 es. National Statistics Institute. დაარქივებულია ორიგინალიდან — 11 მაისი 2018. ციტირების თარიღი: 11 May 2018
  43. ჩილეს სტატისტიკის ეროვნული ინსტიტუტი დაარქივებული 2017-09-11 საიტზე Wayback Machine. (ესპანური)
  44. Isla de Pascua duplica su población en veinte años por fuerte migración desde el continente | Plataforma Urbana. ციტირების თარიღი: 2013-05-12
  45. Slow-Burning Rebellion Against Chile on Easter Island — The New York Times. ციტირების თარიღი: 2017-09-30
  46. (ესპანური) Territorial division of Chile (PDF). ჩილეს სტატისტიკის ეროვნული ინსტიტუტი. INE.cl (2007). ციტირების თარიღი: 2011-03-14.
  47. (ესპანური) Gobernadores. ჩილეს მთავრობა. Subdere.gov.cl. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2011-07-22. ციტირების თარიღი: 2011-11-12.
  48. Easter Island Statue Project. ციტირების თარიღი: 2009-03-30.
  49. Skjølsvold, Arne "Report 14: The Stone Statues and Quarries of Rano Raraku In Thor Heyerdahl and Edwin N. Ferdon Jr. (eds.) 'Reports of the Norwegian Archaeological Expedition to Easter Island and the East Pacific'", Volume 1, Archaeology of Easter Island, ამერიკული კვლევის სკოლისა და ახალი მეხიკოს მუზეუმის მონოგრაფიები, ნომერი 24, ნაწ. 1, 1961, გვ. 339-379. (გვ. 346 ქანდაკებების ზოგადი აღწერილობისა და ნახ.91-ისთვის, გვ. 347, გვ. 360-362 დაჩოქილი ქანდაკებების აღწერილობისათვის)
  50. Van Tilburg, Jo Anne (1994). Easter Island. Archaeology, Ecology and Culture. British Museum Press, გვ. 134-135, ნახ. 106. 
  51. Paro. Pbs.org. ციტირების თარიღი: 2010-11-06.
  52. J. R. Flenley, Sarah M. King (1984). „Late Quaternary pollen records from Easter Island“. Nature. 307 (5946): 47. doi:10.1038/307047a0.
  53. Lee (1992)
  54. Fischer (1997), გვ. 63
  55. Fischer (1997), გვ. 31, 63
  56. Routledge (1919), გვ. 268
  57. Wooden gorget (rei miro). ბრიტანეთის მუზეუმი. Britishmuseum.org. ციტირების თარიღი: 2011-11-12.