ანაკენა
ანაკენა — თეთრი მარჯნის ქვიშიანი პლაჟი წყნარ ოკეანეში მდებარე ჩილეს კუთვნილ აღდგომის კუნძულზე, რაპა-ნუის ეროვნულ პარკში. ანაკენაზე მდებარეობს ორი აჰუ (პლატფორმა) რომელთაგან ერთზე მხოლოდ ერთი ქანდაკებაა (მოაი) აღმართული, მეორეზე კი ექვსი.
ანაკენა უჩვეულოა აღდგომის კუნძულისათვის, რადგან ის ერთ-ერთია კუნძულზე სულ არსებული ორი პლაჟიდან, განსხვავებით არსებული კლდოვანი სანაპირო ზოლისგან.
კუნძულის ზეპირი გადმოცემის თანახმად, სწორედ ანაკენას მოადგა ჰოტუ მატუა — პოლინეზიელი მმართველი, რომელიც ორი კანოეთი მოვიდა და კუნძულზე პირველი დასახლება დააარსა.
მოგვიანებით ის საცერემონიო ადგილი გახდა, სადაც ადგილობრივები რონგორონგოზე დაწერილ დაფებს კითხულობდნენ.
ანაკენა ცნობილია ადამიანი-ფრინველის კულტით, რაგდან როდესაც ახალი ადამიანი-ფრინველი დასავლეთის კლანებიდან იყო, მისი დღესასწაულები აქ იმართებოდა.
თანამედროვე არქეოლოგიური გათხრების შედეგად აღმოჩენილია ნივთები, რომლებიც ამტკიცებს, რომ ანაკენა ახ. წ. 1200 წელზე ადრე ყოფილა დასახლებული. ლინგვისტური და სხვა კვლევები მიუთითებს, რომ პირველი დასახლებები კუნძულზე ახ. წ. 300 - 1200 წლებში ჩაისახა.
ანაკენაზე რამდენიმე არქეოლოგიური გათხრა ჩატარდა, მათ შორის იყო კეტრინ რუტლეჯის 1914 წელს, უილიამ მულოისა და თურ ჰეიერდალის 1950-იან წლებში. ორივე მათგანისას აღდგენილ იქნა აჰუები.
ანაკენა გადაღებულია კევინ რეინოლდსის ფილმ რაპანუის ერთ-ერთ ეპიზოდში, სადაც თამაშობენ ჯეისონ სკოტ ლი, ესაი მორალესი, სანდრინ ჰოლტი და სხვ. ფილმის პროდიუსერია კევინ კოსტნერი.