ინკების ცივილიზაცია
ინკების ცივილიზაცია – თავისი ძლიერების მწვერვალს ინკებმა XVI საუკუნის დასაწყისში მიაღწიეს, როდესაც მათ შექმნეს უზარმაზარი იმპერია, რომელიც მოიცავდა ერთ მლნ. კმ²-ს და აერთიანებდა თანამედროვე პერუს, ეკვადორის, ბოლივიის, ნაწილობრივ კოლუმბიის, არგენტინისა და ჩილეს ტერიტორიებს, ხოლო იმპერიის ცენტრი მდებარეობდა ანდების, ჰიმალაის მთების შემდეგ სიმაღლით მსოფლიოში მეორე მთიანეთის ფერდობზე. ინკები თავიანთ სამფლობელოს ტაუანტინსუიუს უწოდებდნენ – რაც კეჩუას ენაზე "სამყაროს ოთხ გაერთიანებულ მხარეს" ნიშნავდა. ინკების მფლობელობაში მყოფ ამ სახელმწიფოს ტერიტორიაზე ცხოვრობდა 9 მლნ ადამიანი, რომლებიც 100-მდე ეთნიკურ ჯგუფს წარმოადგენდნენ. მხოლოდ თავიანთი ნებისყოფისა და მახვილი ჭკუის წყალობით, ინკებმა უმოკლეს დროში შეძლეს მაღალგანვითარებული კოლუმბამდელი ცივილიზაციის შექმნა ისე, რომ არ იცოდნენ ბორბლიანი ტრანსპორტი და ანბანური დამწერლობა. ეს უზარმაზარი იმპერია, რომელსაც მართავდნენ დიდი მპყრობელები-მეომრები, რომელთაგან თითოეული თავის თავს საპა ინკას, ანუ "ერთადერთ, განუმეორებელ, უნიკალურ ინკას" უწოდებდა, ესპანელთა რაზმმა, რომელიც სულ 200-მდე კაცისგან შედგებოდა, უმოკლეს ვადაში დაიპყრო.[1]
სტატიები თემატიკაზე ინკების ცივილიზაცია | |
საზოგადოება | |
---|---|
განათლება | |
რელიგია | |
მითოლოგია | |
გზები | |
არმია | |
სოფლის მეურნეობა | |
სამზარეულო | |
ინკების ისტორია | |
ინკების იმპერია | |
დაპყრობა |
ისტორია
ინკები თანამედროვე პერუს ტერიტორიაზე ჩვ. წ-ის დაახლოებით 1200 წელს გამოჩნდნენ, როგორც ამას მათი მმართველების სიიდან ვგებულობთ. ინკები მცირერიცხოვანი, მთებში მცხოვრები ეთნიკური ჯგუფი იყო, რომლებიც ზემოაღნიშნულ წელს დასახლდნენ კუსკოს ველზე. მთიელები თავის თავს "ინკებს" უწოდებდნენ მმართველის სახელის მიხედვით, რომელიც "საპა ინკას" ტიტულს ატარებდა. კუსკოს ველზე დასახლების დამფუძნებელი იყო მანკო კაპაკი, ინკების სახელმწიფოს პირველი მმართველი. ინკები გადმოცემის მიხედვით, თავს მზის შვილებად თვლიდნენ და თავიანთ მოვალეობად მიაჩნდათ ყველა ველურის განათლება, ჭკუაზე მოყვანა. ამ დანიშნულების პრაქტიკული განხორციელება მათ დაიწყეს პაჩაკუტის, პატივმოყვარე და იღბლიანი მმართველის დროს, რომელმაც არა მარტო მრავალი ტომი დაიპყრო, არამედ გაავრცელა კიდეც ინკების კულტურა და რელიგია.
აღმასვლა
იმპერატორმა პაჩაკუტიმ და მისმა მემკვიდრე ტუპაკ ინკა იუპანკიმ შექმნეს უზარმაზარი იმპერია, უდიდესი ცივილიზაცია, რომლის სამართავადაც საჭირო იყო განსაზღვრული, კარგად დამუშავებული სისტემა. როგორც კი პაჩაკუტი იპყრობდა ახალ მიწებს, იგი იქ ჯანსაღ პოლიტიკას ატარებდა: დაპყრობილ ხალხებს ადგილებზე უტოვებდა მათ მმართველებს და არ უკრძალავდა ადგილობრივი ღმერთების თაყვანისცემას. მან ურთიერთობებისათვის საერთო – კეჩუას ენა დაამკვიდრა, რომელზეც მხოლოდ კუსკოში ლაპარაკობდნენ და იგი იმპერიის ოფიციალურ ენად აქცია. იგი არ უკრძალავდა იმპერიაში შემავალ ხალხებს თავიანთ ენებზე ლაპარაკს, მაგრამ მოითხოვდა ოფიციალური ენის ცოდნასაც. კეჩუას ენა დღემდე შემორჩა და მასზე ანდების მთებში, თანამედროვე პერუს ტერიტორიაზე მცხოვრები დაახლოებით 10 მლნ კაცი ლაპარაკობს.
სახელმწიფოს სათავეში ედგა დიდი ინკა, რომელიც მზის ცოცხალ განსახიერებას წარმოადგენდა. საინტერესოა, რომ ინკების ყოველი ახალი მეფე თუ იმპერატორი, მემკვიდრეობით იღებდა მხოლოდ ძალაუფლებას და არა სიმდიდრეს, ამიტომაც მეფე საქმიანობას დაპყრობით იწყებდა, იერთებდა რა ახალ მიწებს და სიმდიდრეს აგროვებდა.
იმპერატორმა პაჩაკუტიმ დაადგინა, რომ ის მზის ღმერთის პირდაპირა შთამომავალია და რომ ქვეყანას ღვთის განგებით მართავს. იმპერიის ინსპექტირების დროს, მას ოქროს ტახტრევანით დაატარებდნენ, რომელიც ძვირფასი ქვებით იყო მორთული, ხოლო უკან მოყვებოდა რამდენიმე ათასი კაცისაგან შემდგარი ამალა. არავის არ ჰქონდა საპა ინკასათვის პირდაპირ თვალებში შეხედვის უფლება. მას რამდენიმე ასეული მხევალისგან შემდგარი ჰარამხანა გააჩნდა, მაგრამ მისი მეუღლე, დედოფალი ანუ კოია, ირჩეოდა საპა ინკას ღვიძლი დებისგან. სწორედ კოიასაგან შეძენილი შვილებისგან ირჩევდა იმპერატორი მემკვიდრეს. სიძნელეები, რომლებიც თავს იჩენდნენ ხოლმე ტახტის მემკვიდრეობით მიღების დროს, სრულად გამოჩნდა როდესაც პაჩაკუტის შვილიშვილი უაინა კაპაკი, ტახტის მემკვიდრის ოფიციალურად გამოცხადებამდე, ყვავილისგან გარდაიცვალა. მისი კანონიერი მემკვიდრე, ნინან კუიუჩიც ეპიდემიამ იმსხვერპლა. ცოცხალი გადარჩა მხოლოდ ორი პრინცი უასკარი და ატაჰუალპა, რომლებმაც ტახტისათვის ბრძოლა სამოქალაქო ომად აქციეს, რამაც იმპერიის დაცემა გამოიწვია.
იმპერიის დაცემა. ესპანელთა მიერ დაპყრობა
ესპანელთა გამარჯვება ინკებზე განპირობებული იყო იმ მოვლენებით, რომლებიც თვითონ იმპერიის შიგნით მიმდინარეობდა. ინკების იმპერიის ტრაგიკული დაცემის ისტორია ჩვენთვის ძირითადად ცნობილია ესპანელი ისტორიკოსებისგან. თვით პისაროს გამოკლებით, კონკისტადორების უმრავლესობა, რომელთა შორისაც იყო ისტორიკოსი ერნანდო დე სოტო, განათლებული ადამიანები იყვნენ და მათ მიერ დატოვებული ჩანაწერები საკმაოდ სანდო წყაროა. ამ ჩანაწერების დაკვირვების წყალობით, რომლებსაც ესპანეთის მმართველები აგზავნიდნენ ახალ კოლონიებში და რომლებიც პატიოსნად ეკიდებოდნენ საქმეს, ისტორიკოსებმა შეძლეს აღედგინათ ინკების ცხოვრების საინტერესო სურათები.
ხმები იმის შესახებ, რომ არსებობს "ოქროს მიწები", უკვე XVI საუკუნიდან აღიზიანებდა ევროპელთა ცნობიერებას. ესპანეთ-იტალიის სამხედრო კამპანიების ვეტერენმა, ახალგაზრდობაში ღორების მწყემსმა, ფრანსისკო პისარომ გადაწყვიტა თავად გაერკვია ამ ქვეყნის არსებობის შესაძლებლობა და გაეშურა ამერიკისაკენ. ეს უვიცი და გაუნათლებელი, იმავე დროს სასტიკი ადამიანი, შვიდი წლის მანძილზე მონაწილეობდა ინდიელთა აჯანყების ჩახშობაში კუნძულ ესპანიოლაზე.
1527 წელს, პისარომ ორი წარუმატებელი ცდის შემდეგ, მიაღწია ქალაქ ტულებესას, სადაც ადგილობრივ ინდიელთაგან შეიტყო იმ ქვეყნის არსებობის შესახებ, სადაც სასახლეები ოქროსა და სხვა ძვირფასი ლითონების ფურცლებითაა მოჭედილი, სადაც ულამაზესი და ძვირფასი ქვებით მოკირწყლული ბაღებია, მიხვდა რა, რომ მისი ძალები არ იქნებოდა საკმარისი ამ ქვეყნის დასაპყრობად, პისარო დაბრუნდა ესპანეთში და იმპერატორ კარლოს V-ს სთხოვა დამატებითი ძალები. შედეგად, პისარომ მეფისგან მიიღო რაც უნდოდა, აგრეთვე იმ მიწების გუბერნატორისა და კაპიტანგენერლის ტიტული, რომლებსაც ის დაიპყრობდა და გააკონტროლებდა.
ჩამოვიდა რა ინკების მიწაზე, 1532 წელს, კონკისტადორებმა გამოიყენეს სამოქალაქო ომი, რომელიც მიმდინარეობდა ძმებს – უასკარსა და ატაჰუალპას შორის, იმპერიის უმაღლესი თანამდებობის – საპა ინკას დაუფლებისათვის და მცირე ძალებით გაანადგურეს ინკები.[2] პისაროს სულ 180 თავზეხელაღებული ავანტიურისტი ჰყავდა, რომელთაგან, მხოლოდ 67-ს ჰყავდა ცხენი.
გაიარეს რა ძნელად სავალი მთიანი ბილიკები, ესპანელებმა ეშმაკობით მოადუნეს ატაჰუალპას სიფხიზლე და პისარომ ინკებს ნამდვილი სასაკლაო მოუწყო, როდესაც 6000 უაიარღო მეომარი ინკა იმპერიის ცენტრში გაჟლიტა ისე, რომ თვითონ ერთი კაციც კი არ დაუკარგავს. ინკები დასუსტებულები იყვნენ სამოქალაქო ომითა და ყვავილის ეპიდემიით. ტყვედ ჩავარდნილმა ატაჰუალპამ შეინარჩუნა თავისი ყველა სამეფო პრივილეგია და 20 დღის განმავლობაში ისწავლა ესპანურად საუბარი და წერა-კითხვა, რაც წარმოუდგენლად მიუღწეველი აღმოჩნდა წერა-კითხვის უცოდინარი პისაროსათვის.
შენიშნა რა ოქროს დანახვაზე "წვეროსანთა" (ასე უწოდებდნენ ინკები ესპანელებს) თვალებში სიხარბის ნაპერწკალი, ატაჰუალპამ საკუთარი თავის გათავისუფლებაში მათ ფანტასტიკური გამოსასყიდი შესთავაზა: 6,7X5,2 ფართობის ოთახის ოქროთი გავსება საკუთარი თავის სიმაღლეზე და "ინდილეთა ქოხის" ვერცხლით გავსება ორჯერ! ამით, ინკების მმართველმა საკუთარ თავს სასიკვდილო განაჩენი გამოუტანა. ინკებისთვის ოქრო არავითარ ღირებულებას არ წარმოადგენდა. ისინი მას "მზის ოფლს", ხოლო ვერცხლს "მთვარის ცრემლებს" უწოდებდნენ. მათგან ინკები შესანიშნავ ნაკეთობებს ამზადებდნენ, მაგრამ "ვალუტად" ისინი ქსოვილს თვლიდნენ.
ხმები ინკების იმპერიის არაჩვეულებრივი სიმდიდრის შესახებ, მალე გასცდა მის ფარგლებს და ქვეყანაში ნადავლის მოყვარულთა ახალი ტალღის მოზღვავება გამოიწვია. ატაჰუალპას სიცოცხლისთვის გაღებული გამოსასყიდი ესპანელებმა გადაადნეს. ოქროს წონა გამოვიდა 6078 კგ, ხოლო ვერცხლისა 11 793 კგ, მაგრამ ამან ვერ იხსნა ატაულაპას სიცოცხლე, ესპანელებმა იგი დაახრჩვეს და დაწვეს.
ესპანელთა მიერ ინკების სახელმწიფოს დაპყრობის შედეგები საშინელი იყო: მათი აქ ჩამოსვლიდან 50 წლის შემდეგ ტაუანტინსუიუს მოსახლეობა 7 მლნ ადამიანიდან შემცირდა 500 ათას კაცამდე. გაჩანაგება და სიცივე, კატორღული შრომა და ევროპელთა მიერ შემოტანილი დაავადებები მუსრს ავლებდა ქვეყნის მოსახლეობას. მრავალი მათგანი სიკვდილს ოქროს და ვერცხლის მაღაროებში ნახულობდა, სადაც მათ ძალით ამუშავებდნენ.
ინკების ცივილიზაციის ვერც ერთმა სფერომ ვერ გაუძლო ევროპელთა ძალადობას. მათი სასახლეები და ტაძრები შებღალეს და შეურაცხყვეს, ნაწილობრივ დაანგრიეს. იმპერატორების მუმიები დაწვეს, ოქროსა და ვერცხლის საუკეთესო ნაკეთობები ევროპაში გაგზავნეს კარლოს V-თვის საჩუქრად, რომლებიც ჯერ სევილიაში გამოფინეს, ხოლო შემდეგ ჩაიდინეს გამაოგნებელი ვანდალიზმი – ინკების ხელოვნების ეს საუკეთესო ნიმუშები გადაადნეს.
1572 წელს, ესპანელებმა ქალაქ კუსკოს მოედანზე თავი მოჰკვეთეს ინკების უკანასკნელ ბელადს, ტუპაკ ამარუს, რითაც დასრულდა ინკების დინასტია.
საზოგადოება
იმპერიის მართვა და პოლიტიკა
ბრძნული პოლიტიკის წყალობით, იმპერიაში სხვადასხვა ხალხების კულტურა ერთმანეთს მჭიდროდ გადაეჯაჭვა: ისინი ერთმანეთს უზიარებდნენ არა მარტო ცოდნასა და გამოცდილებას, არამედ ცვლიდნენ რესურსებსაც, რის გამოც აღმოცენდა ურთიერთდახმარების ისეთი საზოგადოება, რომლის მსგავსიც მანამდე არ არსებობდა.
ბიუროკრატიული აღრიცხვიანობისათვის, ინკებმა იმპერიაში შემავალი ოჯახები აკურატულად დაყვეს ათეულებად. თითოეულ 10 "ოჯახურ კერიას" მართავდა ერთ-ერთი რომელიმე ოჯახის თავი, რომელიც ანგარიშს აბარებდა 50 ოჯახისგან შემდგარ ჯგუფის ხელმძღვანელს. ეს უკანასკნელი, თავის მხრივ, ანგარიშვალდებული იყო პრეფექტების წინაშე, რომლებიც მართავდნენ 100, 500, 5 000, 10 000 "ოჯახურ კერიას". ყოველივე ეს წარმოადგენდა ნატურალური გადასახადების აკრეფის კარგ საშუალებას. ხელოსნები საიმპერატორო კარისა და დიდებულებისათვის გასაოცარი სილამაზის ნივთებს ამზადებდნენ. აღებულ მოსავალს აგზავნიდნენ უზარმაზარ საწყობებში. ამ საწყობიდან ყოველდღე გაიცემოდა სასურსათო ულუფა და ნივთები ქვრივებზე, ობლებზე, ქრონიკულად დაავადებულებსა და შრომის უნარის არმქონე ადამიანებზე. ხოლო სტიქიური უბედურებების დროს, დახმარება ყველა ადამიანზე გაიცემოდა. სოციალური დაცვის ამგვარი ღონისძიებების შედეგად, იმპერიაში არავინ არ შიმშილობდა. საწყობებში უთვალავი რაოდენობით იყო ყველაფერი: სურსათ-სანოვაგე თუ საბრძოლო იარაღები. მოსახლეობას არ ეშინოდა მოუსავლიანობის ან სტიქიური უბედურებისა. მაგრამ ამ უსაფრთხოებისათვის საჭირო იყო მსხვერპლის გაღება, ამგვარ მსხვერპლს კი რეგლამენტირებული, ბიუროკრატიული ცხოვრების სტილი წარმოადგენდა.
ხელისუფლების ბოროტად გამოყენების თავიდან აცილების მიზნით, საპა ინკას გააჩნდა განსაკუთრებულ ინსპექტორთა მთელი სამსახური, რომელშიც დიდებულები შედიოდნენ. ისინი მოძრაობდნენ ინკოგნიტოდ და ამოწმებდნენ ადგილობრივ მოხელეთა საქმიანობას. მათ უწოდებდნენ "ტოკოი-რიკოკს" (ისინი, ვინც ყველაფერს ხედავენ). ამგვარი რევიზორებისგან მიღებული ინფორმაცია დედაქალაქში ჩაჰქონდათ სპეციალურ კურიერებს ინკების მიერ შესანიშნავად მოწყობილი გზების წყალობით. ეს გზები წარმოადგენდა საინჟინრო ხელოვნების სასწაულს, 15 ათას მილზე მეტი სიგრძის მოხერხებულ საგზაო მაგისტრალებს, რომლებზედაც გარკვეულ მანძილზე ერთმანეთისგან დაცილებული სასტუმრო – სადგურები (ტამბო) მდებარეობდა, სადაც ოფიციალურ პირებს შეეძლოთ თავშესაფრისა და საგზლის მიღება. მორბენალი კურიერები (ჩასკი) ერთმანეთისაგან რამდენიმე მილის მანძილზე იყვნენ დაცილებულნი. კურიერი, რომელიც ამ საქმიანობისათვის ჯერ კიდევ ახალგაზრდობაში იყო შერჩეული სწრაფი სირბილისა და გამძლეობის გამო, რომელსაც იგი მთის გაიშვიათებულ ატმოსფეროში ამჟღავნებდა, ბოლომდე ხარჯავდა თავის ძალებს. მორიგ საფოსტო სადგურთან მიახლოებისას, იგი საყვირს უბერავდა. მეორე კურიერი, რომელიც საყვირით გებულობდა კოლეგის მოახლოებას, სწრაფად ემზადებოდა და მასთან ერთად გარბოდა რამდენიმე ასეულ მეტრს და ცდილობდა, ზუსტად დაემახსოვრებინა ის ინფორმაცია, რომელიც მას მესამე კურისრისთვის უნდა გადაეცა, ის მეოთხეს და ა .შ. გზებისა და კურიერული სისტემის ამგვარი მოწყობის წყალობით, ინფორმაცია დანიშნულ ადგილამდე აღწევდა დღეში 250 მილის სიჩქარით. ზოგიერთი შიკრიკები ზღვის სანაპიროდან, იმავე დღეს დაჭერილ თევზს აწვდიდნენ იმპერატორის სამზარეულოს.
რელიგია
ინკების იმპერია თეოკრატიული იყო, რომლის სათავეშიც იდგა საპა ინკა, რომელიც მზის ღმერთის შვილად ითვლებოდა. სწორედ მზე იყო ინკების უმთავრესი ღმერთი. მზის კულტი მთელი იმპერიის ოფიციალურ ღვთაებად ითვლებოდა. ამ კულტისადმი თაყვანის საცემად, ინკები აშენებდნენ უამრავ ტაძარს, რომელთაგან მთელს იმპერიაში უმთავრესი იყო კორიჩანჩას ტაძარი კუსკოში. ეს ტაძარი წმინდათაწმინდად ითვლებოდა იმპერიის მასშტაბით. მზის კულტის ტაძრებს ინკები მთელი იმპერიის ტერიტორიაზე მრავლად აშენებდნენ, რომელთაგან ზოგიერთმა ჩვენს დრომდეც მოაღწია. ერთ-ერთი ასეთია პერუში მდებარე ვილკაშუმანის ტაძარი. პერუს უმაღლესი მწვერვალის, ოსკარანის მახლობლად შეგვიძლია ვნახოთ ტაძარი, სადაც სრულდებოდა მსხვერპლშეწირვა.
თითქმის ყველა ტაძარს ჰყავდა თავისი ქურუმი, რომელიც ტაძარში ცხოვრობდა. ქურუმები ასრულებდნენ წინასწარმეტყველების, ჯადოქრების და მკურნალების ფუნქციას. მთავარი ქურუმი იყო კუსკოს ქურუმი, მას ვილაკ უმუს უწოდებდნენ.
მსხვერპლშეწირვას ინკებისთვის ძალიან დიდი მნიშვნელობა ჰქონდა. ისინი ამ რიტუალს თითქმის ყოველდღიურად ასრულებდნენ. მსხვერპლად ძირითადად ცხოველებს სწირავდნენ, განსაკუთრებით ლამას. გარდა ცხოველებისა, განსაკუთრებული გაჭირვების ჟამს, ეპიდემიებისა თუ ბუნებრივი კატაკლიზმებისას, ინკები მსხვერპლად სწირავდენ ადამიანებსაც.
მითოლოგია
მზის ღმერთამდე, ინკების მთავარი ღმერთი იყო ვირაკოჩა, რომლის კულტიც 700 - 1200 წლებში გამოჩნდა. ის ჯერ კიდევ ინკებამდელი ცივილიზაციების მთავარი ღმერთი იყო. ვირაკოჩა ნელ-ნელა ჩაანაცვლა მზის კულტმა, რომელიც XV საუკუნეში იმპერატორმა პაჩაკუტიმ უკვე ოფიციალურად დააკანონა. ამის შემდეგ დაიწყო სხვა კულტების ნელ-ნელა განდევნა, ვირაკოჩას უამრავი ტაძარი დაანგრიეს და ისინი ჩაანაცვლეს მზის კულტის ტაძრებით.
სწავლა–განათლება
ინკა პაჩაკუტი ზრუნავდა მომავალი თაობების ლიოალურობაზე. ის დედაქალაქში იწვევდა დაპყრობილი პროვინციების მმართველების შვილებს იმ სკოლებში სასწავლებლად, რომლებშიც ინკი დიდებულების შვილები სწავლობდნენ. ამ ახალგაზრდებს შემდეგ აბრუნებდნენ სახლებში, სადაც ისინი ინკების სასარგებლო პროპაგანდას ეწეოდნენ. სტუდენტებს ასწავლიდნენ რელიგიას, გეომეტრიას, ისტორიას, სამხედრო სტრატეგიასა და ორატორულ ხელოვნებას. 16 წლის ახალგაზრდები უაღრესად რთულ გამოცდებს აბარებდნენ, სადაც ისინი აჩვენებდნენ თავის გამძლეობას, ძალას, ცოდნასა და მოხერხებულობას. ამგვარი გამოცდები ჩვეულებრივ ერთი თვე გრძელდებოდა, ტარდებოდა ღია ცის ქვეშ და ყველა მსურველს შეეძლო მასზე დასწრება. მონაწილეებს აშიმშილებდნენ 6 დღის განმავლობაში, აძლევდნენ მხოლოდ მცენარეულ საკვებს და წყალს, რის შემდეგაც, მათ სწრაფად უნდა გაერბინათ ოთხ-ნახევარი მილი. შემდეგ გაუნძრევლად უნდა მდგარიყვნენ, როდესაც დახელოვნებული მოფარიკავე მათ ჩხვლეტდა და ჭრილობებს აყენებდა ან ბასრი იარაღით ახლადაბიბინებულ ულვაშებს აჭრიდა. "მათ სასტიკად სცემდნენ ხელებსა და ფეხებზე წნელებით, რათა დარწმუნებულიყვნენ მათ მიერ ნებისმიერი ტკივილის ამტანიანობაში, ხოლო ის ახალგაზრდა, რომელიც ოდნავ მაინც გაამჟღავნებდა ტკივილს, უმოწყალოდ იდევნებოდა" – წერდა ცნობილი ესპანელი ქრონისტი გარსილასო დე ლა ვეგა. იგი ასევე აღნიშნავს, რომ სამხედრო თამაშობების დროს ხშირი იყო ახალგაზრდების დასახიჩრება და სიკვდილი.
გამოცდები მთავრდებოდა რაინდად კურთხევით. თვით საპა ინკა ხელში იღებდა ოქროს ნემსს, თითოეული ახალგაზრდა მის წინ მუხლებზე დგებოდა და იმპერატორი საკუთარი ხელით უხვრეტდა მათ ყურების ბიბილოებს საყურეებისათვის. მათ გადაეცემოდათ ოქროს დისკები (საყურეები) - კასტის ნიშნები და კურსდამთავრებულები თავის ადგილს იკავებდნენ უმაღლესი კლასის წარმომადგენელთა შორის.
ქანცის გაწყვეტამდე ავარჯიშებდნენ სპეციალურად შერჩეულ ქალიშვილებსაც, რომელთა რიცხვიც იმპერიაში იყო მუდმივი და 15 ათასს შეადგენდა. სპეციალური აგენტები ჩხრეკდნენ ქვეყნის კუთხე-კუნჭულებს და ეძებდნენ ქალიშვილებს, რომლებსაც არჩევდნენ სილამაზის, ნიჭისა და წარმომავლობის მიხედვით. შერჩეულ გოგონებს ჰყოფდნენ ათკაციან ჯგუფებად და აგზავნიდნენ მონასტრებში, სადაც ხანდაზმული "მამაკონები" მათ ქსოვას, ქსოვილის შეღებვას, განსაკუთრებული საჭმელების და ჩიჩას (არყის მსგავსი ალკოჰოლური სასმელი) მომზადებასა და რელიგიური რიტუალების ჩატარებას ასწავლიდნენ. განსაკუთრებული ყურადღება ექცეოდა საფეიქრო საქმეს, რადგან სწორედ ისინი ამზადებდნენ ალპაკის და ვიკუნიას მატყლისაგან ნატიფ და ნაზ ქსოვილებს, რომლისგანაც იკერებოდა ტანსაცმელი იმპერატორისა და მისი ცოლისათვის.
სამწლიანი სწავლების შემდეგ, გოგონები ჩამოჰყავდათ კუსკოში, სადაც იმპერატორი თვითონ ირჩევდა ცოლებს თავისთვის და სხვა დიდებულებისათვის. ვინც შერჩევის გარეშე რჩებოდა, მათ მონასტრებში ქურუმებად ანაწილებდნენ: აქ ისინი გამორჩეული ქალბატონებივით ცხოვრობდნენ, დროს განცხრომაში ატარებდნენ და საყოველთაო პატივისცემით სარგებლობდნენ.
მეცნიერება
ინკები ფლობდნენ უზარმაზარ ცოდნას მეცნიერების სხვადასხვა სფეროში, განსაკუთრებით მათემატიკასა და ასტრონომიაში. მათ ჰქონდათ საკუთარი მზისა და მთვარის კალენდარი, იცოდნენ ბუნიობის მოვლენის შესახებ, რომლის მიხედვითაც თესდნენ თუ იღებდნენ მოსავალს.
ინკებს საოცრად მაღალ დონეზე ჰქონდათ განვითარებული მედიცინა, რომლითაც ისინი ბევრად უსწრებდნენ იმ დროის ევროპელებს. მრავალი სამკურნალო მცენარის გამოყენებით, რომელთა თვისებებსაც ინკები ზედმიწევნით იცნობდნენ, ისინი ებრძოდნენ და წარმატებითაც ამარცხებდნენ უსერიოზულეს დაავადებებს, მაგალითად მალარიას, რომელსაც ქინაქინით კურნავდნენ. მეცნიერების გაოცებას იწვევს ინკების განვითარების დონე ქირურგიაში. 1975 წელს, პარიზში ჩატარდა პლასტიკური ქირურგიის მუშაკთა საერთაშორისო კონგრესი, რომელზეც პერუელმა მეცნიერმა ე. აპინიმ წარადგინა იმის დამამტკიცებელი მასალები, რომ ინკები, ჯერ კიდევ უხსოვარ დროს, აკეთებდნენ ურთულეს ოპერაციებს თავის ქალაზე. მეცნიერმა შეისწავლა 150 პრეპარირებული თავის ქალა ლიმას და კუსკოს ანთროპოლოგიის მუზეუმებიდან და დაადგინა, რომ ძველ ქირურგებს შეეძლოთ დაზიანებული თავის ქალის ნაწილების შეცვლა ორგანული მასალისგან ან ოქროსგან დამზადებული ფირფიტებით. პაციენტების გამოჯანმრთელების მაჩვენებელი საკმაოდ მაღალი იყო - დაახლოებით 70 პროცენტი. ანესთეზიისათვის იყენებდნენ მცენარეს - კოკაინის ხეს.
შეიარაღება
ინკების კანონების თანახმად, ყოველი მამაკაცი, რომელიც ვარგისი იყო სამხედრო სამსახურისთვის, განიხილებოდა როგორც არმიის წევრი საჭიროების შემთხვევაში. ინკების ოფიცერთა კორპუსი შედგებოდა რამდენიმე კლასისაგან. მათ შორის მაღალი რანგის ოფიცრები, მმართველი კლასიდან. ასევე ოფიცრები კანონმდებელთა წრიდან, რომლებიც გათავისუფლებულნი იყვნენ გადასახადებისგან და აყვანილი იყვნენ ინკთა უმაღლეს კლასში.
ინკები იყენებდნენ სხვადასხვა საბრძოლო იარაღებს ძირითადად მეზობელ ცივილიზაციებთან ომის დროს. იმ დროისათვის, ინკების არმია მთელს რეგიონში ყველაზე ძლევამოსილი იყო. ამის ერთ-ერთი მიზეზი ის იყო, რომ ინკებს ნებისმიერ დროს, საჭიროების შემთხვევაში, შეეძლოთ სოფლის რიგითი მკვიდრი ან ფერმერი ექციათ და გამოეყენებინათ ჯარისკაცად. ამიტომ იყო, რომ თითქმის ყველა ინკა მამაკაცს ერთხელ მაინც ჰქონდა ომში მონაწილეობა მიღებული.
ინკები ბრძოლაში შედიოდნენ დაფდაფებისა და სხვადასხვა დასარტყამი ინსტრუმენტების ხმაურით, რაც მათ ერთგვარი ტრიუმფის შეგრძნებას მატებდათ. მათი საბრძოლო–თავდაცვითი აღჭურვილობა შემდეგნაირად გამოიყურებოდა:
- ხის, ლერწმის ან ცხოველის ტყავისგან დამზადებული მუზარადი;
- უზარმაზარი სფეროები;
- პალმის ან ბამბისაგან დამზადებული მრგვალი ფარები;
- ბამბის მოსასხამები და მეტალის ფირფიტა-საფარველები გულმკერდისა და მხრების დასაცავად;
- შუბებისა და ისრებისგან დასაცავი საშუალებები.
ინკების საბრძოლო შეიარაღება კი ასეთი იყო:
- ბრინჯაოს სასროლი შუბები;
- ხის ორტარიანი, წაწვეტებული ხმლები;
- რკინის ან ხის წაწვეტებულთავიანი კომბლები;
- სპილენძის და ქვისთავიანი სხვადასხვა იარაღები;
- "ბოლა" და "აილო" – წაგრძელებულ ქვაზე გამობმული თოკი, რომლის მოქნევითაც მოწინააღმდეგეს კოჭავდნენ (მას აგრეთვე ნადირობაშიც გამოიყენებდნენ).
ინკების ძალზედ მოწესრიგებული გზების სისტემა არმიას საკმაოდ სწრაფად გადაადგილების საშუალებას აძლევდა. ერთი დღის სავალ ყოველ მონაკვეთზე აშენებული იყო სასტუმროსმაგვარი შენობები – (ტამბო), სადაც არმიას შეეძლო დაესვენა და ესადილა.
არქიტექტურა
გასაოცარია ინკების არქიტექტურა. ისინი არა მარტო სილამაზით, არამედ უდიდესი მდგრადობით და სიმყარით გამოირჩევიან, განსაკუთრებით მიწისძვრისადმი, რომელიც ამ რეგიონში საკმაოდ ხშირია. შემდგომში, ესპანელებმა, უამრავი შენობა ააშენეს ისე, რომ საძირკვლად დატოვეს ინკების შენობების ფუძეები, რომლებიც აღმოჩნდა, რომ ბევრად უფრო მყარი იყო, ვიდრე მათ მიერ აშენებული. ინკების არქიტექტურის ყველაზე თვალსაჩინო ნიმუშებია მაჩუ-პიკჩუ და კუსკო, რომლის მისადგომებთანაც აღმართულია უზარმაზარი ციხე-სიმაგრე საქსაუმანი. თითოეული ქვა, რომლითაც ის არის აგებული, 150 ტონას იწონის. როგორ მოახერხეს ამოდენა ლოდების ატანა მთაზე, ზღვის დონიდან 4 ათასი მეტრის სიმაღლეზე, შემდეგ კი მათი ასე მჭიდროდ შედუღება, ამ კითხვაზე პასუხი ჯერჯერობით არ არსებობს.
გზები
ინკებს შესანიშნავი გზების ისტემა გააჩნდათ, რომელიც ორი უმთავრესი მაგისტრალისაგან შედგებოდა. ევროპელი ვინმე სიეზა დე ლეონის აღწერით, "ინკებს ჰქონდათ ორი გზა, რომელიც სიგრძეზე მიუყვებოდა მთელს მათ ქვეყანას. სამეფო გზა, რომელიც გადიოდა ზღვის დონიდან ძალიან მაღლა, მთებში. მისი სიგრძე იყო 3250 მილი. მეორე – სანაპირო გზა, რომელიც მიუყვებოდა ოკეანის სანაპიროს, მისი სიგრძე იყო 2520 მილი".
სოფლის მეურნეობა
იმის გამო, რომ ინკები მთიან ადგილებში სახლობდნენ, ძალიან პრობლემური იყო მიწათმოქმედების საკითხი. ეს პრობლემა ინკებმა მარტივად გადაწყვიტეს: ციცაბო ფერდობებზე გაჭრეს ტერასები, სადაც მათ საუკეთესო მოსავალი მოჰყავდათ. გასაოცარია, მაგრამ ისინი იყენებდნენ საირიგაციო სისტემასაც, რომელსაც დღესაც კი გაოცებაში მოჰყავს მნახველი. ინკებს ძირითადად მოჰყავდათ მაისი ანუ სიმინდი, პომიდორი, არაქისი, წიწაკა, ნესვი, ანანასი, კაკაო, კოკაინის ხე, ბამბა, კარტოფილი. ინკებისათვის ყველა ეს მცენარეული კულტურა უაღრესად მნიშვნელოვანი იყო, მაგრამ მათი კვების რაციონში მთავარი ადგილი მაინც კარტოფილს ეკავა, განსხვავებით აცტეკებისა და მაიას ცივილიზაციისაგან, რომელთთვისაც ასეთი მცენარე მაისი (სიმინდი) იყო. სწორედ ინკებმა მოაშენეს პირველად დედამიწაზე კარტოფილი.
საინტერესო იყო კარტოფილის შენახვის პროცესი: ინკები მას ღამე ტოვებდნენ სიცივეში, შემდეგ დილით გარეცხავდნენ წყლით და შემდეგ მზეზე გაფენდნენ. ამ პროცედურას იმეორებდნენ 3 - 4-ჯერ და კარტოფილი უკვე მზად იყო შესანახად.[3]
ცხოველებიდან ინკებს მოშენებული ჰყავდათ ლამა და ალპაკა, რომელთაც გამწევი ძალის გარდა, სახორცედაც გამოიყენებდნენ.
დამწერლობა
ერთობ ორიგინალური იყო ინკების "კვანძოვანი დამწერლობა" – კიპუ. იგი წარმოადგენდა გრძელ ბაწარს, რომელზეც ჩამოკიდებული იყო სხვადასხვა ფერის და ზომის ძაფები. ფერების შეხამება და კვანძების კომბინაცია ბაწარზე ან თოკზე გამოიყენებოდა გადასახადების დასაანგარიშებლად, სხვადასხვა ისტორიული მოვლენის დასაფიქსირებლად, საკუთარი სახელიებისა და სხვადასხვა ფონეტიკური ელემენტების გადმოსაცემად. პერუს ერთ-ერთ ტაძარში აღმოაჩინეს უნიკალური კიპუ, რომელიც 6 კგ-ს იწონიდა. ინკების ისტორიის მცოდნე მეცნიერთა აზრით, ზოგიერთი კიპუს სიგრძე უტოლდებოდა მანძილს, მაგალითად ბათუმიდან ბაქომდე, ხოლო ინფორმაციის მოცულობით, შეეცლო მრავალტომიანი სტატისტიკური ცნობარი შეეცვალა.
დღესასწაულები
ყოველ თვე ინკებს სამი სადღესასწაულო დღე ჰქონდათ. დღესასწაული ინკებისთვის იყო ის მაცოცხლებელი წყარო, რომლისგანაც ისინი თავის ძალას ხაპავდნენ: ეს იყო ხალხსა და ხელისუფლებას შორის კავშირის განმტკიცების, ტახტისადმი ერთგულებისა და შრომისმოყვარეობის თავისებური ჯილდო და ბოლოს, მასებისთვის დაგროვილი ემოციებისაგან გათავისუფლების თავისებური საშუალება. ზეიმების დროს, იმპერატორი მონაწილეებს უზრუნველყოფდა ყოველივე აუცილებლით – საკვებით, სასმელით, მისი ხელმძღვანელობით მიმდინარეობდა რელიგიური რიტუალები, მსხვერპლშეწირვა, მამლების ჩხუბი, მუსიკალური წარმოდგენები და ცეკვები. ყველაზე დიდი დღესასწაული ტარდებოდა წვიმების სეზონის პირველ თვეს – დეკემბერში. ზეიმს ერქვა "კოპაკ რაიმი" (დიდი ზეიმი). სწორედ ამ დროს, კუსკოში, როგორც საერთო ზეიმის ნაწილი, ტარდებოდა ყმაწვილების მამაკაცებად მონათვლის ცერემონიალი. ეს ცერემონიალი იმდენად წმინდად ითვლებოდა, რომ მასზე კუსკოს არა ინკი მაცხოვრებლები 6 მილის სიახლოვეს არ დაიშვებოდნენ.
ცეკვები ატარებდა რიტუალურ ხასიათს და სრულდებოდა მონოტონური, ჰიპნოზური სიმღერების თანხლებით. მღვდელმა კობომ, რომელმაც ესპანელთა მიერ ქვეყნის დაპყრობის შემდეგ მოინახულა კოლსოს პროვინცია, დაახლოებით 40-მდე სხვადასხვა ცეკვა აღწერა. აკომპანემენტი გამოირჩეოდა დასარტყმელი და ჩასაბერი ინსტრუმენტების გასაოცარი მრავალფეროვნებით. ინკებს ჰქონდათ დიდი და პატარა დოლები, სხვადასხვა ფორმის, ზომის და სახის ფლეიტები, რომლებიც გაკეთებული იყო ძვლისგან, ლერწმისგან. ინკებს დიდი რაოდენობით საყვირები გააჩნდათ, რომლებიც მზადდებოდა ზღვის ნიჟარებისგან, გოგრისა და ხისგან.
სხვადასხვა წეს–ჩვეულებანი
ჩაცმულობა
საინტერესოა ინკების ჩაცმულობა: არისტოკრატი მამაკაცები ატარებდნენ ტუნიკს მუხლებამდე, ხოლო ქალები კოჭებამდე. წელზე შემოჭერილი ჰქონდათ ქამრები ჰერალდიკური ნიშნებით, ან ატარებდნენ ოქროს სარჭებით დამაგრებულ მანტიებს (ტუპუ).
ინკები მისდევდნენ ე.წ. "პარალელურ მემკვიდრეობას": მამაკაცები მემკვიდრეობას იღებდნენ მამებისგან, ქალები – დედებისგან. პრივილეგირებული ინკები ყურის ბიბილოზე ატარებდნენ დიდ, ბრტყელ ვერცხლის ან ოქროს რგოლს, რომელთა წონაც ჭიმავდა ყურებს, რის გამოც ესპანელებმა ინკებს "დიდყურიანები" შეარქვეს.
მუმიფიცირება
გარდაცვლილი საპა ინკებისა (იმპერატორების) და მათი ცოლების მუმიებს ინახავდნენ ჩვენთვის დღემდე უცნობი რაღაც ქიმიური პროცესებისა და ბალახების საშუალებით. ყველაზე კარგი ბამბისაგან დამზადებული ქსოვილის რამდენიმე ფენაში გახვეული მუმიები ისხდნენ მდიდრულ ტანსაცმელში გამოწყობილნი და მათ ისე ემსახურებოდნენ, როგორც ცოცხლებს. მსახურები ასრულებდნენ ნებიმიერ მათ "სურვილს", აჭმევდნენ და ასმევდნენ, დაატარებდნენ ტახტრევნებით, ისინი (მუმიები) ერთმანეთთან სტუმრად "დადიოდნენ", მათ ეკითხებოდნენ რჩევებს და ა. შ.
დიდი პაჩაკუტის შვილთაშვილმა უასკარმა, იმპერიისთვის ერთობ დიდ მფლანგველობად ჩათვალა გარდაცვლილ მბრძანებელთა მუმიების შენახვა, მაგრამ ყოველივე ამის გაუქმება ვერ შეძლო, რადგან დიდებულთა შორის უკმაყოფილება დაიწყო. 1559 წელს, როდესაც კუსკოს მთავარმა მოსამართლე პო დე ონდეგარდომ შეიტყო. რომ ინკები ჯერ კიდევ მალულად თაყვანს სცემდნენ მუმიებს, მან ბრძანა მათი მოძებნა. სამი საპა ინკას მუმია, თვით პაჩაკუტისა და მისი ორი კოიის მუმიების ჩათვლით, ლიმაში გააგზავნეს და იქ კოცონზე დაწვეს.
ოჯახური ტრადიციები
ინკებში სისუფთავის უაღრესად მაღალი სტანდარტები არსებობდა, თუმცა ბევრ მათგანს, პირის დასაბანადაც კი არ ჰყოფნიდა წყალი. ინკების საზოგადოებაში არავის არ ჰქონდა უფლება დრო სიზარმაცეში და დროსტარებაში გაეფლანგა, მაგრამ მოხუცები სახელმწიფოს განსაკუთრებული ყურადღებით სარგებლობდნენ. 50 წელს მიღწეული მშრომელი კაცი თავისუფლდებოდა შრომითი ბეგარისა და გადასახადებისგან. მოხუცები აგროვებდნენ ფიჩხს ტყეში, ამზადებდნენ საჭმელს, გრეხდნენ ბაგირებს, უვლიდნენ ბავშვებს და ოჯახებს ეხმარებოდნენ მოსავლის აღების დროს.
ინკები მოითხოვდნენ, თითოეულ ქალს, საოჯახო კერის დიასახლისს, არა მარტო ოჯახის კეთილდღეობაზე ეზრუნა, არამედ იგი უზრუნველეყო სწორი კვებითა და თვალყური ედევნებინა, რომ ტანსცმელი, საოჯახო ნივთები და ოჯახის წევრთა ტანი სუფთა ყოფილიყო. ინსპექციის დღეებში, რომელსაც ხელისუფლება ატარებდა ხოლმე, თითოეული სახლის შესასვლელ კარებზე ჩამოფარებული ჭილოფი აწეული უნდა ყოფილიყო, რათა ინსპექტორს დაენახა, თუ როგორ ამზადებდა დიასახლისი საჭმელს, როგორ რეცხავდა სარეცხს და ა. შ. და თუ ინსპექტორი დაინახავდა, რომ დიასახლისი ვერ ართმევს თავს საოჯახო საქმეებს, მაშინ იგი სასტიკად ისჯებოდა: თანასოფლელების თვალწინ, მას აიძულებდნენ ეჭამა ის ჭუჭყი, რომელსაც მისი სახლიდან გამოხვეტდნენ, ხოლო მის ქმარს აიძულებდნენ დაელია ის ბინძური წყალი, რომელიც რჩებოდა ოჯახის წევრთა ბანაობის შემდეგ.
ინკების კანონებით, ქორწინება ითვლებოდა სამუდამოდ არა მარტო დიდებულებისათვის, არამედ უბრალო ხალხისათვისაც. ქურდობა, ძარცვა და ძალადობა, სიკვდილით ისჯებოდა, თანაც დაუყოვნებლივ. ამიტომაც, სახელმწიფოში საპატიმროები არ არსებობდა.
ინკები სიამოვნებით უსმენდნენ საჯაროდ წაკითხულ თქმულებებს, რომლებიც თაობიდან თაობებს გადაეცემოდა. გარდა ამისა, ზეპირსიტყვიერება ინახავდა ლოცვებს, საგმირო თქმულებებს, რელიგიურ პოეზიას, ბალადებს უიღბლო სიყვარულის შესახებ – ყოველივე ეს სრულდებოდა ირგვლივ არსებული ბუნების, მთებისა და გზების, ხევებისა და ველების მხატვრული აღწერით. ზოგიერთმა ამ ზეპირსიტყვიერების ნიმუშმა ჩვენამდეც მოაღწია, ოღონდ განახლებული ვერსიით. აი ამ მითებიდან ერთ–ერთი: "ესპანელმა დამპყრობლებმა ხელთ იგდეს ინკარი, მზის ღმერთის შვილი, სასტიკად აწამეს და თავი მოჰკვეთეს. მისი თავი, თანამედროვე ვერსიით, საიმედო ადგილას გადამალეს, სადაც მას ახალი ტანი გამოება". პერუელებს დღესაც სჯერათ, რომ ინკარი დაბრუნდება ძველი ცივილიზაციის აღსადგენად.
სამზარეულო
ძველი დიდებისა და ძლიერების აღდგენის რწმენას გასაოცარი ძალა გააჩნია: სულ უფრო პოპულარული ხდება კვების ის პროდუქტები, რომლებსაც ინკები ხმარობდნენ. მაგალითად ამარანტი – მცენარე, რომელსაც ისპანახის მსგავსი ფოთელბი გააჩნია, ხოლო მარცვლები, შეწვის დროს ბატი-ბუტივით სკდება. იზრდება ინტერესი არკაჩასადმი – ჩვენი სტაფილოს მსგავი მცენარისადმი, რომელსაც შემწვარი სტაფილოს გემო აქვს. საინტერესოა ნიუნიასი – შემწვარი არაქისის გემო მქონე ლობიო.
ტაუანტინსუიუს ხალხების ჩამომავლები დღესაც ცხოვრობენ სამხრეთ ამერიკის ქვეყნების – პერუს, ბოლივიისა და ეკვადორის ტერიტორიებზე. მათი რაოდენობა 18 მილიონია, რომელთაგან 5/6 ლაპარაკობს ინკების იმპერიის ოფიციალურ – კეჩუას ენაზე, რომელსაც მაშინ "რუნა სიმი" (ადამიანური ენა) ეწოდებოდა.
იხილეთ აგრეთვე
რესურსები ინტერნეტში
ლიტერატურა
- გივი ბოლოთაშვილი. მსოფლიო ცივილიზაციების ისტორია. თბილისი – 2004
სქოლიო
- ↑ Civilizations in America. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2010-02-09. ციტირების თარიღი: 2010-02-03.
- ↑ The Conquest of the Inca Empire. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2009-07-06. ციტირების თარიღი: 2010-02-03.
- ↑ Weatherford, J. McIver (1988). Indian givers: how the Indians of the Americas transformed the world. New York: Fawcett Columbine, გვ. 63. ISBN 0-449-90496-2.