მთავარი მენიუს გახსნა
კარტოფილი
Solanum tuberosum (Aardappelplant) Nicola.jpg

კარტოფილი (ლათ. Solánum tuberósum) — მრავალწლოვანი გორგლიანი სახეობები ლათ. Solanum-ის გვარის (ლათ. Tuberarium-ის სექციის) ძაღლყურძენასებრთა ოჯახისა.

200-მდე ველური და კულტურული სახეობაა. კულტურაში დანერგილია უმთავრესად 2 მონათესავე სახეობა: ანდიური კარტოფილი (ლათ. Solanum andigenum) და ჩილური კარტოფილი (ლათ. Solanumtuberosum). ფართოდაა გავრცელებული ზომიერჰავიან ქვეყნებში. კარტოფილის ბუჩქის სიმაღლე 50-80 სმ აღწევს, შედგება 3-6 ღეროსაგან, გორგლი ღეროს მიწისქვეშა სახეცვლილებაა. მის ზედაპირზე ჩაღრმავებებში 3-4 კვირტიანი თვლები ზის.

გორგლის ფორმა შეიძლება იყოს მომრგვალო, წაგრძელებული, ოვალური და სხვა. გარეგანი შეფერილობა და რილობის ფერი — თეთრი, ყვითელი, ვარდისფერი, წითელი და ლურჯი. კარტოფილის ფესვი ფუნჯაა, სუსტად განვითარებული, ფოთოლი კენტფრთისებრგანკვეთილია, აქვს ნაკვთები და ნაკვთულები, ფერად მომწვანო-მოყვითალო ან მუქი მწვანეა. ყვავილი ხუთწვერიანია, თეთრი, მოწითალო-ისსფერი ან მოლურჯო-იისფერი. ნაყოფი სფეროსებრი ან ოვალური კენკრაა, აქვს ძალიან წვრილი თესლები (1000 ცალი 0,5-0,6 გ იწონის).

კარტოფილი მრავლდება ვეგეტატიურად — გორგლით (სელექციის მიზნით — თესლით), რომელიც საშუალოდ შეიცავს 76,3 % წყალს და 23,7 % მშრალ ნივთიერებას, მ. შ. 17,5 % სახამებელს, 0,5 % შაქარს, 1-2 % ცილას, 1 %-მდე მინერალურ მარილებს, აგრეთვე C, B1, B2, B6, PP და სხვა ვიტამინებს.

კარტოფილი კულტურაში შემოიტანეს სამხრეთ ამერიკელმა ინდიელებმა ჯერ კიდევ 14 ათასი წლის წინათ. ევროპაში (ესპანეთში) გადმოიტანეს დაახლოებით 1565 წელს, შემდეგ გავრცელდა მრავალ ქვეყანაში, რუსეთში კარტოფილის გავრცელებას უკავშირებენ პეტრე I-ს, რომელსაც XVII საუკუნის ბოლოს კარტოფილით სავსე ტომარა ჰოლანდიიდან სამშობლოში გამოუგზავნია. 1970 წელს მსოფლიოში კარტოფილი დათესილი იყო დაახლოებით 22,3 მლნ. ჰა-ზე.

საქართველოში კარტოფილის ნათესები აღნიშნული აქვს სოლომონ II იმერთა მეფეს 1787 წლის წერილში, 1820-იან წლებში გაჩნდა თბილისის ახლომახლო, 1913 წელს კარტოფილის ნათესებმა უკვე 6800 ჰა-ს მიაღწია. 1975 წელს კარტოფილის სათესი ფართობი 28 ათას ჰა-ს აღემატებოდა. საქართველოში კარტოფილს თესავენ უმთავრესად ახალქალაქის, ახალციხის, წალკის, დმანისის, თეთრი წყაროს, ხულოს, შუახევის მუნიციპალიტეტებში. მოჰყავთ მთაშიც (ნინოწმინდის მუნიციპალიტეტი, სვანეთი, რაჭა და სხვა), სადაც ნათესები ზღვის დონიდან 2200-2300 მ-მდე აღწევს. 70-იან წლებში ფართოდ გავრცელდა საადრეო კარტოფილის მოყვანა უმთავრესად ბოლნისის რაიონში. რესპუბლიკაში კარტოფილის საშუალო მოსავლიანობა 120 ც/ჰა შეადგენს. ახალქალაქის, ახალციხისა და წალკის მუნიციპალიტეტებში კარტოფილის მოსავალი უფრო მეტია - 174-178 ც/ჰა. საქართველოს ბარის ზონაში კარტოფილს თესავენ ზაფხულშიც, თავთავიანი პურეულის აღების შემდეგ და მეორე მოსავალს იღებენ. ამ ზონაში (ზღვის დონიდან 500 მ-მდე) საადრეო მოსავლის მისაღებად კარტოფილი შეიძლება დაითესოს შემოდგომაზეც - ნოემბერში. საქართველოში კარტოფილის ფართოდ გავრცელებული ჯიშებია: მაჟესტიკი, თრიალეთური სახალხო, ლორხი, ეპიკური და სხვა.

ლიტერატურარედაქტირება

  • ბადრიშვილი გ., კარტოფილის კულტურა საქართველოში, თბ., 1963;
  • მისივე, მემცენარეობა, თბ., 1974;
  • ჯაფარიძე ა., მემცენარეობა, თბ., 1975;
  • Букасов С. М., Камераз А. Я., Основы селекции картофеля, М.-Л., 1959;
  • Картофель, под ред. Н. С. Бацанова, М., 1970