მაჩუ-პიქჩუ

(გადამისამართდა გვერდიდან მაჩუ-პიკჩუ)
ვიკიპედიის რედაქტორების გადაწყვეტილებით, სტატიას „მაჩუ-პიქჩუ“ მინიჭებული აქვს რჩეული სტატიის სტატუსი. მაჩუ-პიქჩუ ვიკიპედიის საუკეთესო სტატიების სიაშია.

მაჩუ-პიქჩუ (კეჩ. Machu Picchuძველი მწვერვალი) — ინკების კოლუმბამდელი, XV საუკუნის ძეგლი პერუში, კუსკოს რეგიონში, ზღვის დონიდან 2430 მეტრ სიმაღლეზე. გაშენებულია მდინარე ურუბამბის ხეობის თავზე, მთაგრეხილზე, რომელიც ქალაქ კუსკოდან 80 კილომეტრით ჩრდილო-დასავლეთით მდებარეობს. არქეოლოგთა უმრავლესობა დარწმუნებულია, რომ მაჩუ-პიქჩუ აშენდა როგორც ინკების იმპერატორ პაჩაკუტის (1438–1472) მამული. მას ხშირად მოიხსენიებენ „ინკების ქალაქის“ სახელით. მთელ მსოფლიოში, ინკების სამყარო ბევრისთვის სწორედ მაჩუ-პიქჩუს პორტრეტთან ასოცირდება.

მაჩუ-პიქჩუს ისტორიული ნაკრძალი*
იუნესკოს მსოფლიო
მემკვიდრეობის ძეგლი

ქვეყანა პერუს დროშა პერუ
ტიპი შერეული
კრიტერიუმები i, iii, vii, ix
სია [1]
რეგიონი** ლათინური ამერიკა და კარიბები
კოორდინატები 13°09′47″ ს. გ. 72°32′44″ დ. გ. / 13.16306° ს. გ. 72.54556° დ. გ. / -13.16306; -72.54556
გაწევრიანების ისტორია
გაწევრიანება 1983  (მე-7 სესია)
ნომერი 274
* იხ. ინგლ. სახელი UNESCO-ს სიაში.
** იუნესკოს მიერ კლასიფიცირებული რეგიონი.
უაინა-პიქჩუს მთა, რომელიც მაჩუ-პიქჩუს ნაქალაქარს დასცქერის

მისი მშენებლობა ინკებმა დაახლოებით 1400 წელს დაიწყეს, ერთი საუკუნის შემდეგ კი, როგორც უკვე ინკების იმპერატორის ოფიციალური რეზიდენცია, ესპანელი კონკისტადორების გამოჩენის დროს მიატოვეს. მიუხედავად იმისა, რომ მის შესახებ ადგილობრივთათვის ცნობილი იყო, დანარჩენმა სამყარომ მასზე 1911 წლამდე არაფერი იცოდა, სანამ ის საერთაშორისო ყურადღების ცენტრში ამერიკელმა ისტორიკოსმა, იელის უნივერსიტეტის პროფესორმა ჰირამ ბინგემმა არ მოაქცია. ამის შემდეგ, მაჩუ-პიქჩუ მნიშვნელოვანი ტურისტული ღირსშესანიშნაობა გახდა. შენობათა უდიდესი ნაწილი შერემონტდა, რათა უფრო თვალნათელი გამხდარიყო, თუ როგორ გამოიყურებოდა მაჩუ-პიქჩუ თავდაპირველად.[1] 1976 წლისთვის, ძეგლის 30 % უკვე აღდგენილი იყო.[2] აღდგენითი სამუშაოები დღემდე გრძელდება.[3]

ინკების დაპყრობის დროს, მაჩუ-პიქჩუს შესახებ ესპანელთათვის არაფერი იყო ცნობილი, შესაბამისად იგი შედარებით ხელუხლებლადაა შემონახული, რაც მის მნიშვნელობას კიდევ უფრო ზრდის. 1981 წელს იგი პერუს ისტორიულ ნაკრძალად გამოცხადდა, 1983 წელს კი ის იუნესკომ შეიტანა მსოფლიო მემკვიდრეობის ძეგლთა სიაში.[4] 2007 წელს, საერთაშორისო ინტერნეტ-გამოკითხვაში მაჩუ-პიქჩუ მსოფლიოს ახალ შვიდ საოცრებას შორის დაასახელეს.

მაჩუ-პიქჩუ ინკების კლასიკურ სტილშია ნაგები, ნატიფი ქვის კედლებით. მისი სამი ძირითადი სტრუქტურაა: ინტიჰუატანა (მზის დასაბმელი სვეტი), მზის ტაძარი და სამფანჯრიანი ოთახი. სამივე მათგანი განლაგებულია ტერიტორიაზე, რომელსაც არქეოლოგები მაჩუ-პიქჩუს წმინდა რაიონს უწოდებენ. 2007 წლის სექტემბერში, პერუმ და იელის უნივერსიტეტმა თითქმის მიაღწიეს შეთანხმებას, რომლის მიხედვითაც უნდა გადაიხედოს მაჩუ-პიქჩუდან წაღებული იმ არტეფაქტების დაბრუნების საკითხი, რომლებიც იელს XX საუკუნის ადრეულ წლებში ჰირამ ბინგემმა გადასცა. 2010 წლის ნოემბერში, იელის უნივერსიტეტის წარმომადგენელი არტეფაქტების პერუს უნივერსიტეტისათვის დაბრუნებას დასთანხმდა.[5]

ისტორია

მაჩუ-პიქჩუ დაახლოებით 1450-იან წლებში აშენდა, ინკების იმპერიის ძლიერების პიკზე.[6] მშენებლობის პერიოდი ინკების ორი უძლიერესი იმპერატორის — პაჩაკუტისა (1438-1471) და ტუპაკ ინკა იუპანკის (1472-1493) მმართველობის პერიოდს ემთხვევა.[7] ზუსტად 100 წლის შემდეგ, 1572 წელს, ინკებმა იგი მიატოვეს, რაც ესპანური დაპყრობის ერთ-ერთი გვიანი შედეგი იყო.[6][8] სავარაუდოა, რომ მისი მოსახლეობა ყვავილის ეპიდემიამ გაანადგურა, რომელიც ამ არეალში ესპანელი კონკისტადორების გამოჩენამდე სხვა მოგზაურებმა შეიტანეს.[9] ერთ-ერთი წერილი ახსენებს სასახლე პიქჩოს, თუმცა არ არსებობს არანაირი ჩანაწერი, რომელიც ამ შორეულ ქალაქში ესპანელთა ყოფნას დაადასტურებდა. სხვა ადგილებში კონკისტადორთა მიერ დაზიანებული წმინდა ნაგებობები მაჩუ-პიქჩუში ხელუხლებელია.[8]

 
მაჩუ-პიქჩუ 1911 წელს, რეკონსტრუქციამდე

ჰირამ ბინგემი ვარაუდობდა, რომ ეს კომპლექსი ინკების ე. წ. „მზის ქალწულების“ დაბადების ტრადიციულ ადგილს წარმოადგენდა.[10] მეცნიერების მიერ უფრო ბოლო დროს ჩატარებულმა არქეოლოგიურმა გამოკვლევებმა აჩვენა, რომ მაჩუ-პიქჩუ იმპერატორ პაჩაკუტის მამული იყო.[8] ასევე, ეროვნული გეოგრაფიული საზოგადოების მეცნიერმა იოჰან რაინჰარდმა წარმოადგინა მტკიცებულება იმისა, რომ ეს ადგილი შერჩეულ იქნა მისი მდებარეობისა და შედარებითი ხელშეუხებელი ლანდშაფტის, მაგალითად მთების გამო, რომლებიც ისეა განლაგებული, რომ ემთხვევა ინკებისთვის მნიშვნელოვან ასტრონომიულ მოვლენებს.

იოჰან რაინჰარდს სჯერა, რომ მაჩუ-პიქჩუ ინკების წმინდა რელიგიური ძეგლი იყო. ეს თეორია ძირითადად მის მდებარეობას ეყრდნობა. რაინჰარდი მას „წმინდა გეოგრაფიას“ უწოდებს, რადგან ძეგლი მთებითაა გარშემორტყმული, რომლებსაც ინკებისა და ამ მიწაზე მათზე ადრე მობინადრე კულტურათა ცხოვრებაში დიდი რელიგიური დატვირთვა ჰქონდა. მთის უმაღლეს მწვერვალზე, რომლის სახელსაც მაჩუ-პიქჩუ ატარებს, არის „ხელოვნური პლატფორმები, რომელთაც რელიგიური ფუნქციები აქვს, რაც თვალნათლივ ჩანს ინკების რიტუალებში“ (რაინჰარდი 2007). ეს რაინჰარდის ყველაზე დამაჯერებელი მტკიცებულებაა, რადგან ამ ტიპის ქვების წყობა მხოლოდ რელიგიურ ადგილებშია აღმოჩენილი, რაც ნათლად მიუთითებს ამ ძეგლის რელიგიურ დატვირთვაზე.[11] მეორე თეორია მიიჩნევს, რომ მაჩუ-პიქჩუ ინკების ლიაქტა იყო — დასახლება, რომელსაც დაპყრობილი რეგიონის ეკონომიკის კონტროლისთვის აშენებდნენ. სხვა თეორია კი ამტკიცებს, რომ იგი შესაძლოა ციხე ყოფილიყო ინკების საზოგადოების წინაშე ჩადენილი საზარელი დანაშაულის კრიმინალთათვის. კიდევ ერთი ალტერნატიული თეორია ვარაუდობს, რომ მაჩუ-პიქჩუ სასოფლო-სამეურნეო სატესტო სადგური იყო. აქ შესაძლებელი იყო ბევრი განსხვავებული კულტურის ტესტირება მრავალ განსხვავებულ მიკროკლიმატში, რის შესაძლებლობასაც მდებარეობა და ტერასები იძლეოდა. დიდი ოდენობით მოსავლის მიღება რა თქმა უნდა არ იყო შესაძლებელი, მაგრამ ამით ინკებს შეეძლოთ განესაზღვრათ თუ სად რა კულტურა უნდა მოეყვანათ. ასევე არსებობს თეორია, თითქოს ქალაქი ღმერთების ადგილსამყოფელად ან მეფეთა კორონაციისთვის აშენდა.[12]

 
ხედი უაინა-პიქჩუდან

მიუხედავად იმისა, რომ ციტადელი ინკების დედაქალაქ კუსკოსგან მხოლოდ 80 კილომეტრითაა დაცილებული, ესპანელებს ის არასდროს უპოვიათ და შესაბამისად არ გაუძარცვავთ და დაუნგრევიათ ინკების სხვა ძეგლების მსგავსად.[8] საუკუნეთა მანძილზე, გარსშემორტყმულმა ჯუნგლებმა მაჩუ-პიქჩუ დაფარა და მისი არსებობის შესახებ ძალიან ცოტა გარეშე პირმა თუ იცოდა.

1911 წლის 24 ივლისს, სამეცნიერო საზოგადოებას ჰირამ ბინგემმა მაჩუ-პიქჩუს აღმოჩენის შესახებ ამცნო. იელის უნივერსიტეტის პროფესორი, ამერიკელი ისტორიკოსი ბინგემი ქალაქ ვილკაბამბას ეძებდა — ინკების უკანასკნელ თავშესაფარს ესპანური დაპყრობის დროს. არეალის გარშემო ის წლების განმავლობაში მოგზაურობდა და კვლევა-ძიებას აწარმოებდა. ერთ დღესაც, მაჩუ-პიქჩუსკენ ბინგემს ადგილობრივი, 11 წლის კეჩუა ბიჭი — პაბლიტო ალვარესი გაუძღვა.[8][13] ამ დროისთვის, მაჩუ-პიქჩუს ზოგიერთ სტრუქტურაში კეჩუას ოჯახები დასახლებულიყვნენ.

ბინგემმა უმალ დაიწყო ძეგლის არქეოლოგიური შესწავლა და მის შესახებ მოხსენებაც შეადგინა. მან კომპლექსს „ინკების დაკარგული ქალაქი“ უწოდა, რაც შემდეგში მისი პირველი წიგნის სათაურიც გახდა. 1915 წლამდე, ბინგემი მაჩუ-პიქჩუს კიდე არაერთხელ ესტუმრა და გათხრები აწარმოა, რა დროსაც მან მრავალგვარი არტეფაქტი შეაგროვა, რომლებიც იელში წაიღო. მაჩუ-პიქჩუს აღმოჩენის შესახებ ბინგემმა რამდენიმე წიგნი და სტატია დაწერა.

ძეგლმა მნიშვნელოვანი რეკლამირება მიიღო ეროვნული გეოგრაფიული საზოგადოების წყალობით, რომელმაც 1913 წლის აპრილის მთლიანი ნომერი მაჩუ-პიქჩუს დაუთმო.

1981 წელს, მაჩუ-პიქჩუს მიმდებარე 325,92 კმ² ტერიტორია პერუმ „ისტორიულ ნაკრძალად“ გამოაცხადა. გარდა თავად ძეგლისა, ნაკრძალი მიმდებარე რეგიონის დიდ ნაწილს მოიცავს, რომელიც მდიდარია პერუს იუნგასისა და ცენტრალური ანდების ნოტიო პუნის ეკორეგიონების ფლორითა და ფაუნით.[14]

1983 წელს, იუნესკომ მაჩუ-პიქჩუ მსოფლიო მემკვიდრეობის ძეგლთა სიაში შეიტანა. „ინკების ცივილიზაციის არქიტექტურის აბსოლუტუირ შედევრი და უნიკალური დამამტკიცებელი საბუთი“ — ნათქვამია ორგანიზაციის დასკვნაში.[4]

2008 წელს, მსოფლიო მონუმენტთა ფონდმა მაჩუ-პიქჩუ მსოფლიოში 100 ყველაზე საფრთხის ქვეშ მყოფ ძეგლთა სიაში ჩასვა, რაც მიმდებარე გარემოს დეგრადაციითაა გამოწვეული. ეს ყოველივე კი შედეგია ტურიზმის მხრიდან მომდინარე საფრთხისა, ასევე სერიოზული საფრთხე მომდინარეობს ახლომდებარე ქალაქ აგუას-კალიენტესის უკონტროლო განვითარებისგან, მათ შორისაა მაჩუ-პიქჩუსკენ მიმავალი გაუმართავი ტრამვაი და ხიდის მშენებლობა მდინარე ურუბამბაზე, რაც ძეგლის მიღწევის საშუალებას ბევრად მეტ ტურისტს მისცემს. აღსანიშნავია, რომ ამ ხიდის მშენებლობით, მთავრობა სასამართლოს განკარგულების უგულებელყოფას ახდენს.

ადრეული გამოვლინებები

 
მაჩუ-პიქჩუს რუკა

მიუხედავად იმისა, რომ ბინგემი პირველი ადამიანი იყო, რომელმაც მაჩუ-პიქჩუს შესახებ დანარჩენ მსოფლიოს ამცნო, არსებობს ცნობები, რომ ბინგემამდე ძეგლი სხვა გარეშე პირებმაც იხილეს. როგორც კუსკოს ფრანგი მკვლევარი, სიმონ ვესბარდი ამტკიცებს, რომელიც დიდი ხნის მანძილზე იკვლევდა ინკების დედაქალაქს, 1901 წლის 14 ივლისს, მაჩუ-პიქჩუს ერთ-ერთ კლდეზე ამოკაწრულია სახელები: ენრიკე პალმა, გაბინო სანჩესი და აგუსტინ ლისარაგა; მათმა ავტორებმა კლდეზე სავარაუდოდ საკუთარი სახელები დატოვეს. 1904 წელს, მაჩუ-პიქჩუს ნანგრევები დაშორებული მთიდან სავარაუდოდ დაინახა ინჟინერმა, სახელად ფრანკლინმა. მან ნანახის შესახებ ამ რეგიონში მოღვაწე ქრისტიან მისიონერ თომას პაინეს უამბო. პაინეს ოჯახი მაჩუ-პიქჩუს აღმომჩენად თომასის დასახელებას მოითხოვს. ასევე არსებობს 1906 წლის მოხსენება, რომ პაინე და ახლაგზარდა მისიონერი სტიუარტ მაკნარინი (1867–1956) ნანგრევებზე ავიდნენ.

არსებობს კიდევ ერთი ვერსია, რომ ბევრად უფრო ადრე, 1867 წელს ძეგლი მოინახულა და გაძარცვა გერმანელმა ბიზნესმენმა, აუგუსტო ბერნსმა.[15] აღმოჩენილია რამდენიმე მტკიცებულება, რომ მასზე უფრო ადრე, მაჩუ-პიქჩუს ეწვია ასევე გერმანელი ინჟინერი ჰასელი. მაჩუ-პიქჩუ ისტორიკოსების მიერ აღმოჩენილ 1874 წელზე უფრო ძველ რუკებზეა მონიშნული.[16]

გეოგრაფია

 
მაჩუ-პიქჩუს მდებარეობა
 
აისი მაჩუ-პიქჩუში

მაჩუ-პიქჩუ სამხრეთ ნახევარსფეროში მდებარეობს, ეკვატორიდან 13,164 გრადუსით სამხრეთით.[17] გაშენებულია ქალაქ კუსკოდან 80 კმ-ით ჩრდილო-დასავლეთით, მთის თხემზე, ზღვის დონიდან დაახლოებით 2450 მეტრზე, ქალაქ კუსკოზე 1000 მეტრით დაბლა.[17] შესაბამისად, კლიმატი აქ უფრო რბილია, ვიდრე ინკების დედაქალაქში. მაჩუ-პიქჩუ სამხრეთ ამერიკის ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი არქეოლოგიური ძეგლია და ერთ-ერთი ყველაზე მონახულებადი ტურისტული ღირსშესანიშნაობა მთელს ლათინურ ამერიკაში, პერუში კი ყველაზე მონახულებადი.[18]

წელიწადის განმავლობაში, მაჩუ-პიქჩუში გამოიყოფა მშრალი და ტენიანი სეზონები. ნალექების ყველაზე მეტი წლიური მაჩვენებელი ოქტომბერ-აპრილში მოდის. თუმცა, წვიმა მოსალოდნელია წელიწადის ნებისმიერ დროს.[17]

მაჩუ-პიქჩუ მდინარე ურუბამბის ხეობის მაღლა მდებარეობს, რომელიც მას სამი მხრიდან ერტყმის, მდინარისკენ ვერტიკალურად ჩაშვებული 450 მეტრიანი კლიფებით. დილაობით, მდინარიდან ნისლი იწევა.[8] ქალაქის მდებარეობა სამხედრო საიდუმლოებას წარმოადგენდა, ღრმა უფსკრულები და მთები კი შესანიშნავ ბუნებრივ დაცვას უზრუნველყოფდა. მდინარე ურუბამბაზე, პონგო-დე-მანიკეს კანიონზე გადებული ინკების ხიდი ინკების არმიისათვის მაჩუ-პიქჩუს საიდუმლო შესასვლელი იყო. ქალაქის დასავლეთით ასევე იყო აშენებული სხვა სამსვეტიანი ხიდი, იმ ადგილას, სადაც უფსკრულის თავზე აღმართული კლიფები ერთმანეთს 6 მეტრზე უახლოვდებიან.

ქალაქი გაშენებულია ორ მთას — მაჩუ-პიქჩუსა და უაინა-პიქჩუს შორის არსებულ უნაგირაზე.[8] მის წყალმომარაგებას უზრუნველყოფდა წყაროები, რომელთა ბლოკირებაც ადვილი არ იყო. მიწა სრულიად საკმარისი იყო იმისთვის, რათა იმაზე ოთხჯერ მეტი საკვები პროდუქტები მოეწიათ, ვიდრე ხალხი ცხოვრობდა. ბორცვები დატერასებულია, არა მხოლოდ სასოფლო-სამეურნეო მიზნებისთვის, არამედ მტრისათვის ქალაქში შესვლის უფრო გასაძნელებლად. ამავე დროს, ტერასები მიწის ეროზიას ამცირებდა და ქალაქს მეწყერისგან იცავდა.[19] მაჩუ-პიქჩუდან ქალაქ კუსკოში, მთებში მიმავალი ორი გზიდან, ერთი მზის ჭიშკარს გაივლის, მეორე კი ინკების ხიდს. ორივე მათგანის დაბლოკვა ადვილი იყო, თუკი მას მტრები როგორმე მიუდგებოდნენ. მიუხედავად იმისა, თუ რა იყო მაჩუ-პიქჩუს თავდაპირველი დანიშნულება, ფაქტია, რომ ის სტრატეგიულ, საკმაოდ დაცულ ადგილასაა გაშენებული.

ძეგლი

 
ინკების მიერ აგებული კედელი მაჩუ-პიქჩუში
 
ჩამოწოლილი ნისლი ტერასებიანი სტრუქტურების თავზე
 
დატერასებული მინდვრები ზემო სასოფლო-სამეურნეო სექტორში
 
სამოსახლო სექტორი
 
ინკების შენობის ინტერიერი. ჩანს ტრაპეციის ფორმის ფანჯრები
 
მზის ტაძარი

მაჩუ-პიქჩუს ნანგრევები კედლის საშუალებით ორ მთავარ ნაწილადაა გაყოფილი: ურბანულ და აგრარულ სექტორებად. გარდა ამისა, აგრარული სექტორი თავის მხრივ, დაყოფილია ზემო და ქვემო ნაწილებად, ურბანული სექტორი კი ფართო მოედნების საშუალებით აღმოსავლეთ და დასავლეთ ნაწილებად.[8]

მაჩუ-პიქჩუს ცენტრალური შენობები ინკების კლასიკურ არქიტექტურულ სტილშია გადაწყვეტილი, რომლისთვისაც დამახასიათებელია ნატიფი მშრალი ქვის სწორი კედლები. ინკები ამ ტექნიკის ნამდვილი ოსტატები იყვნენ; ქვები ისეა ამოჭრილი, რომ ერთმანეთს მჭიდროდ ეკვრის, ყოველგვარი კირხსნარის გარეშე. ქალაქის ცენტრალურ ნაწილში მრავალი გზაჯვარედინი იმდენად სრულყოფილია, რომ მის ქვებს შორის ბალახიც კი არასდროს ამოსულა.

ზოგიერთ შენობას ინკები კირხსნარის გამოყენებით აგებდნენ, მაგრამ მათი სტანდარტით, ასეთი კონსტრუქცია უვარგისად ითვლებოდა და არ გამოიყენებოდა მნიშვნელოვანი სტრუქტრების მშენებლობისას. როგორც ცნობილია, პერუ სეისმურად საკმაოდ აქტიური ქვეყანაა, თუმცა, კირხსნარის გარეშე აგებული შენობები მიწისძვრისადმი უფრო მედეგი იყო, ვიდრე კირხსნარით აგებული. მშრალად აგებული კედლები დანგრევის გარეშე იძლეოდა სხვაგან გადატანის საშუალებას.

ინკების კედლების მონახაზს მრავალი დეტალი აქვს, რომლებიც მათ მიწისძვრის დროს დანგრევისგან იცავდა. კარები და ფანჯრები ტრაპეციის ფორმისაა და დახრილია შიდა მიმართულებით ძირიდან წვერისკენ; კუთხეები როგორც წესი, მომრგვალებულია; ოთახებში შიდა კუთხეები ხშირად ოდნავ დაქანებულია; სტრუქტურის გასამაგრებლად, გარე კუთხეებში ხშირად „L“-ის ფორმის ბლოკებს იყენებდნენ.

ინკებს ყოფაცხოვრებაში არასოდეს გამოუყენებიათ ბორბალი. თუმცა, მის შესახებ საკმაოდ კარგად იცოდნენ, რაც მათ მიერ შექმნილი სათამაშოებიდანაც ჩანს, რომლებშიც ბორბლებია გამოყენებული; მიუხედავად ამისა, მას პრაქტიკაში არ გამოიყენებდნენ. ბორბლის არაპრაქტიკულობა შესაძლოა გამოწვეული იყო ძლიერი გადამზიდავი ცხოველების ნაკლებობით, ციცაბო რელიეფითა თუ გაუვალი მცენარეულობით. თუ როგორ გადააადგილებდნენ ისინი უზარმაზარ ქვის ბლოკებს, დღემდე საიდუმლოდ რჩება; თუმცა ეჭვგარეშეა, რომ დახრილ ზედაპირზე ამ ქვების ასატანად ინკები ასობით ადამიანს იყენებდნენ. ზოგიერთ ქვას დღემდე შერჩენილი აქვს სახელური, რომელსაც ალბათ მისთვის სასურველი პოზიციის დასაკავებლად გამოიყენებდნენ. დამტკიცებულია, რომ ამ ყველაფრის შემდეგ ისინი სახელურებს აცლიდნენ, თუმცა ზოგიერთი მათგანის მოშორება როგორც ჩანს, გამორჩათ.

მაჩუ-პიქჩუს კომპლექსი შედგება 140 სტრუქტურისგან, რომელთა შორისაა ტაძრები, სიწმინდეები, პარკები და რეზიდენციები, რომლებიც ჩალით გადახურულ სახლებს მოიცავს. აგებულია ასზე მეტი ქვის საფეხურებიანი კიბე — ხშირად მხოლოდ ერთი გრანიტის ქვით და მრავალი ფანტანი. ერთმანეთთანაა გადაჯაჭვული კლდეებში გაყვანილი წყლისა და სადრენაჟო სისტემის არხები, რაც ძირითად საირიგაციო სისტემას წარმოქმნის. როგორც ნივთმტკიცებები უჩვენებს, საირიგაციო სისტემის წყალობით, წმინდა წყაროდან წყალი თითოეულ სახლს მიეწოდებოდა.

არქეოლოგიური მონაცემების თანახმად, მაჩუ-პიქჩუს ურბანული ნაწილი სამ დიდ რაიონად იყო დაყოფილი: წმინდა უბანი, სამოსახლო უბანი სამხრეთით და ქურუმთა და დიდებულთა უბანი.

პირველ ზონაში ნამდვილი არქეოლოგიური განძეულია განლაგებული: ინტიჰუატანა, მზის ტაძარი და სამფანჯრიანი ოთახი. სამივე მათგანი ინტის ეძღვნებოდა — ინკების მზის ღმერთსა და უზენაეს ღვთაებას.

სამოსახლო უბანში დაბალი კლასის ხალხი ცხოვრობდა. იგი სასაწყობე შენობებსა და უბრალო სახლებს მოიცავს.

სამეფო უბანი ანუ დიდებულთა სექტორი ფერდობებზე მწკრივებად გაშენებული სახლების ჯგუფია. ამაუტასების (განსწავლული ადამიანები) გამოირჩეოდა მოწითალო ფერის კედლებით, ნუსტასების (პრინცესები) ზონას კი ტრაპეციის ფორმის ოთახები ჰქონდა. მონუმენტური მავზოლეუმი ამოკვეთილი სტატუეტია, კამაროვანი ინტერიერითა და ნაკვეთი ნახატებით. იგი რიტუალებსა და მსხვერპლშეწირვისთვის გამოიყენებოდა.

მაჩუ-პიქჩუს რეგიონამდე ინკებს გზები ჰქონდათ გაყვანილი, რომლებიც მათ დიდ საგზაო სისტემას მიეკუთვნებოდა. დღეისათვის, ათობით ათასი ტურისტი მაჩუ-პიქჩუსკენ სწორედ ინკების ბილიკებით მეიმართება. ურუბამბის ხეობაში ორ ან ოთხდღიანი ტურის წინ ისინი აკლმატიზაციის მიზნით ჯერ კუსკოში ჩერდებიან, შემდეგ კი ფეხით მიუყვებიან იზოლირებული ქალაქისკენ ანდების ქედებში გამავალ გზებს.

მაჩუ-პიქჩუს მოსახლეობა ჩართული იყო მოკლე მანძილზე ვაჭრობაში, რაზეც ქალაქში აღმოჩენილი არაადგილობრივი არტეფაქტები მიუთითებს. მაგალითად, ბინგემმა ქალაქის შესასვლელ ჭიშკართან სახეუცვლელი ობსიდიანის ნატეხები იპოვა. 1970-იან წლებში, მეცნიერებმა ბურგერმა და ასარომ დაადგინეს, რომ ეს ობსიდიანები ტიტიკაკადან, ჩივაის ობსიდიანის საბადოდან იყო.[20]

საყარაულო შენობის ფუნქციას სამკედლიანი ნაგებობა ასრულებდა, რომლის ერთი ყველაზე გრძელი კედელი საცერემონიო ტერასას უერთდება. ინკების სამკედლიან არქიტექტურულ სტილს ვაირონას უწოდებენ.[21]

ძეგლის 3D ლაზერული სკანირება

2005 და 2009 წლებში არკანზასის უნივერსიტეტმა მთლიანი მაჩუ-პიქჩუსა და უაინა-პიქჩუს მთაზე არსებული ნანგრევების ლაზერული სკანირება ჩაატარა. მიღებული შედეგები დაინტერესებულ პირებს თავიანთ საიტზე შესთავაზეს.[22]

2010 წლის იანვრის ევაკუაცია

2010 წლის იანვარში, ძიერი წვიმის შედეგად წარმოქმნილმა წყალდიდობამ მაჩუ-პიქჩუსკენ მიმავალი გზები და რკინიგზა ჩამარხა, ზოგიერთ ადგილას კი გადარეცხა. საფრთხე შეექმნა 2 000-ზე მეტ ადგილობრივსა და ამავე რაოდენობის ტურისტს, რომლებიც ტერიტორიიდან საჰაერო ტრანსპორტის საშუალებით გაიყვანეს. მაჩუ-პიქჩუ დროებით დაიკეტა,[23] თუმცა 2010 წლის 1 აპრილს კვლავ გაიხსნა.[24]

ინტიჰუატანის ქვა

 
ინტიჰუატანა

ინტიჰუატანა ერთ-ერთია სამხრეთ ამერიკაში აღმოჩენილი მრავალი სარიტუალო ქვიდან. ქვები ისეა ჩამწკრივებული, რომ ზამთრის ნაბუნიობის დროს პირდაპირ მზისკენაა მიმართული. ქვის სახელი კეჩუას ენიდან მომდინარეობს: ინტი ნიშნავს „მზეს“, ვატა კი ზმნის ძირია და „დაბმას“ ნიშნავს (ჰუატა ესპანური მართლწერით). ნა სუფიქსი არსებით სახელს ადგილმდებარეობის აღსანიშნავად ემატება. აქედან გამომდინარე, სიტყვასიტყვით ინტი ვატანა „მზის დაბმის“ ადგილს ან საშუალებას ნიშნავს, რასაც ხშირად სხვადასხვა ენებში „მზის დასაბმელ ბოძსაც“ უწოდებენ. ინკებს სჯეროდათ, რომ თავისი წლიური გზის მანძილზე, მზეს ცაში სწორედ ეს ქვა აკავებდა. ქვა სამხრეთის 13°9'48"-ზე მდებარეობს. 11 ნოემბრისა და 30 იანვრის შუადღეს, მზე ზუსტად სვეტის თავზე ექცევა, ისე, რომ ჩრდილსაც კი არ ტოვებს. 21 ივნისს ქვა სამხრეთის მიმართულებით ყველაზე გრძელ ჩრდილს წარმოქმნის, 21 დეკემბერს კი ყველაზე მოკლეს ჩრდილოეთის მიმართულებით. მეცნიერები ვარაუდობენ, რომ ეს ქვა ასტრონომიული საათის ან კალენდრის ფუნქციებს ასრულებდა.

ტურიზმი

მაჩუ-პიქჩუ იუნესკოს მსოფლიო მემკვიდრეობის ძეგლია. 1911 წელს აღმოჩენის დღიდან, მის სანახავად მიმავალ ტურისტთა რაოდენობა იზრდება; ამ რიცხვმა 2000 წელს 400 000 შეადგინა.[25] იქიდან გამომდინარე, რომ ის პერუს ყველაზე მონახულებადი ძეგლი და შემოსავლების ერთ-ერთი მთავარი წყაროა, უფრო და უფრო საფრთხის ქვეშ დგება ეკონომიკური და კომერციული სექტორების მხრიდან. 1990-იანი წლების ბოლოს, პერუს მთავრობამ გადაწყვიტა საბაგიროსა და ფეშენებელური სასტუმროს აშენება, თავისი ტურისტული კომპლექსით, ბუტკებითა და რესტორნებით. თუმცა ამ გეგმას ხალხი წინ აღუდგა, მათ შორის იყვნენ პერუელი საზოგადო მოღვაწეები, საერთაშორისო მეცნიერები, აკადემიები; ისინი შიშობდნენ, რომ ვიზიტორთა გაზრდილი რიცხვი ნანგრევებს საშინელ საფრთხეს შეუქმნიდა.[26] ბევრი ასევე აპროტესტებდა ძეგლის სიახლოვეს ხიდის აშენებას.[27] თუმცა, მაჩუ-პიქჩუს თავზე არასაფრენი ზონაა შექმნილი.[28] ყოველივე ამის გათვალისწინებით, იუნესკო მაჩუ-პიქჩუს საფრთხის ქვეშ მყოფ ძეგლთა სიაში შეტანას ფიქრობდა.[27]

1980-იან წლებში, მაჩუ-პიქჩუს ცენტრალური მოედნიდან ქვის დიდი ნაჭერი სხვა ადგილას გადაიტანეს, რათა ვერტმფრენის დასაჯდომი ადგილი მოეწყოთ. 1990-იანი წლებიდან ხელისუფლებამ ვერტმფრენების დაჯდომა აკრძალა. 2006 წელს, კუსკოში მოღვაწე ერთ-ერთი კომპანია მაჩუ-პიქჩუს თავზე ტურისტული გადაფრენების განხორციელებას გეგმავდა და შეეცადა კიდეც ლიცენზიის მოპოვებას, მაგრამ ხელისუფლებამ მყისიერი უარით უპასუხა.[29]

მაჩუ-პიქჩუს ხედი უაინა-პიქჩუდან. მოჩანს „ჰირამ ბინგემის გზა“, რომელზეც ქალაქ აგუას-კალიენტესიდან ტურუსტული ავტობუსები მოძრაობენ.

შეზღუდვები შესვლაზე

2011 წლის ივლისში, კუსკოს რეგიონულმა კულტურის დირექციამ (DRC) მაჩუ-პიქჩუში შესვლის ახალი წესები შეიმუშავა.[30] ამ მკაცრი წესების მთავარი მიზანი ტურიზმის მხრიდან ძეგლზე მომდინარე საფრთხის შემცირება იყო. მნახველთა რიცხვი დღეში 2 500-მდე შეიზღუდა, უაინა-პიქჩუზე კი დღეში 400 ადამიანამდე.

2012 წლის მაისში, იუნესკოს კონსერვაციის ექსპერტებმა პერუს ხელისუფლებას „საგანგებო ზომების“ მიღებისკენ მოუწოდა, რათა დამატებით მოეწესრიგებინათ ძეგლის ბუფერული ზონა და დაეცვათ იგი ტურიზმთან დაკავშირებული განვითარებისგან, განსაკუთრებით კი ეს ქალაქ აგუას-კალიენტესს ეხებოდა, რომელიც სწრაფად ვითარდება.[31]

დავა იელის უნივერსიტეტთან

1912 და 1914–15 წლებში, ჰირამ ბინგემმა მაჩუ-პიქჩუს საგანძურები გათხარა — კერამიკული ჭურჭლები, ვერცხლის ქანდაკებები, იუვილერია და ადამიანთა ძვლები; 18 თვის განმავლობაში, მან ეს ყველაფერი პერუდან აშშ-ში, იელის უნივერსიტეტში წაიღო. ეს განძეული დღემდე იელში ინახება, იმ არგუმენტით, რომ პერუს არ აქვს ამ არტეფაქტების მოვლისათვის სათანადო ისფრასტრუქტურა და პირობები.

ანთროპოლოგმა ელიან კარპმა, რომელიც პერუს ყოფილი პრეზიდენტს, ალეხანდრო ტოლედოს მეუღლეა, იელის უნივერსიტეტი ბინგემის მიერ გატანილი პერუს საგანძურის, ათასობით ნივთის მითვისებაში დაადანაშაულა. ბევრი მათგანი იელში მუზეუმში იყო გამოფენილი. ამის შემდეგ, უნივერსიტეტმა პერუს ზოგიერთი არტეფაქტი დაუბრუნა, თუმცა დარჩენილი ნაწილის დაბრუნებაზე უარი განაცხადა, რაშიც მას ფედერალური კანონი დაეხმარა.[32]

2007 წლის 19 სექტემბერს, გამოცემა Courant-მა გაახმოვანა, რომ იელმა და პერუმ არტეფაქტების დაბრუნების თაობაზე შეთანხმებას მიაღწიეს. შეთანხმება მოიცავს ერთობლივი გამოფენის, მუზეუმისა და კვლევითი ცენტრის აშენებას ქალაქ კუსკოში, რაც იელის უნივერსიტეტმა პერუს მთავრობას მოსთხოვა. იელი მაჩუ-პიქჩუში გათხრილ საგნებზე პერუს ყველა უფლებას აღიარებს, მაგრამ პერუსთან ერთად იზიარებს უფლებებს უნივერსიტეტში დარჩენილ კოლქციის იმ ნაწილზე, რომლებიც იელში შემდგომი შესწავლის მიზნით რჩება.[33]

2008 წლის 19 ივნისს, National Geographic Society-ს ვიცე-პრეზიდენტმა ტერი გარსიამ ყოველდღიურ პერუულ გამოცემა La República-ში პუბლიკაცია გამოაქვეყნა. „ჩვენ ამ შეთანხმების ნაწილი ვიყავით. National Geographic-ი იქ იყო, ჩვენ ვიცით რაც ითქვა, ეს ობიექტები დროებით იყო გასესხებული და უნდა დაბრუნდეს“.

2010 წლის 21 ნოემბერს, იელის უნივერსიტეტი ერთხმად დათანხმდა სადავო არტეფაქტების თავიანთ სამშობლოში — პერუში დაბრუნებას.

La Casa Concha (ნიჟარის სახლი), რომელიც ქალაქ კუსკოს კოლონიური ცენტრის სიახლოვეს მდებარეობს, ის მუდმივი ადგილი იქნება, სადაც იელის უნივერსიტეტიდან დაბრუნებული არტეფაქტები გამოიფინება. სან-ანტონიო-აბად-დელ-კუსკოს სახელმწიფო უნივერსიტეტის კუთვნილი ეს შენობა ასევე გახდება ადგილობრივი თუ უცხოელი სტუდენტების სწავლების კერა.

მაჩუ-პიქჩუს პანორამული ხედი უაინა-პიქჩუს მიმართულებით
სამოსახლო სექტორის პანორამა

ახალი აეროპორტი

2012 წლის აგვისტოში, პერუს პრეზიდენტმა ოლიანტა უმალამ განაცხადა, რომ ტურიზმის წახალისების £290-იანი ინვესტირების ფარგლებში, ქალაქ კუსკოში აშენდება ახალი საერთაშორისო აეროპორტი, რომელიც ამჟამინდელ პატარა, საშინაო აეროპორტს ჩაანაცვლებს.[34]

მედიაში

1954 წელს, კომპანია Paramount Pictures-მა კუსკოსა და მაჩუ-პიქჩუში გადაიღო ფილმი „ინკების საიდუმლო“, რაც ჰოლივუდის უმთავრესი სტუდიიდან ძეგლის გადაღების პირველი შემთხვევა იყო. ფილმში გადაღებისათვის ხუთასი ადგილობრივი დაიქირავეს.[35]

მაჩუ-პიქჩუ ასევე თვალსაჩინოდ წარმოჩნდა 2004 წლის ფილმში „მოტოციკლისტის დღიურები“, რომელიც ახალგაზრდა მარქსისტი რევოლუციონერის — ერნესტო ჩე გევარას 1952 წლის მოგზაურობას ასახავს და მისი მემუარების მიხედვითაა გადაღებული.[36]

NOVA TV-ის ოსტატურად გაკეთებული დოკუმენტური ფილმი „მაჩუ-პიქჩუს აჩრდილები“ მოგვითხრობს მაჩუ-პიქჩუს საიდუმლოებებზე.[37]

2010 წლის სამხრეთ ინდურ ტაიმილურ ფილმ Enthiran-ში გამოყენებული სიმღერა „კილიმანჯარო“ მაჩუ-პიქჩუშია გადაღებული.[38] გადაღების ნებართვა პერუს მხარემ მხოლოდ ინდოეთის მთავრობის ჩარევის შემდეგ გასცა.[39][40]

ამერიკულ როკ-ჯგუფ The Strokes-ის მეოთხე ალბომ Angles-ში შესულია სიმღერა სახელწოდებით „მაჩუ-პიქჩუ“.

იხილეთ აგრეთვე

რესურსები ინტერნეტში

  მსოფლიო მემკვიდრეობა UNESCO, ობიექტი № 274
ინგლ.რუს.ფრ.
 
ვიკისაწყობში არის გვერდი თემაზე:

სურათები

ლიტერატურა

სქოლიო

  1. Pedro Sueldo Nava A walking tour of MachupicchuEditorial de Cultura Andina, 1976, Pages 9-10
  2. Pedro Sueldo Nava A walking tour of MachupicchuEditorial de Cultura Andina, 1976, Page 9
  3. Peter Davey "Outrage - rebuilding Machu Picchu, Peru - Brief Article". Architectural Review, The. 08 Jul, 2011. https://archive.today/20120708063009/findarticles.com/p/articles/mi_m3575/is_1256_210/ai_79759800/
  4. 4.0 4.1 UNESCO advisory body evaluation (PDF).
  5. „CNN: "Peru's president: Yale agrees to return Incan artifacts". 20 November 2010.
  6. 6.0 6.1 Wright et al 2000b, გვ.1.
  7. Historic Sanctuary of Machu Picchu. UNESCO World Heritage Centre. ციტირების თარიღი: 2012-05-06.
  8. 8.0 8.1 8.2 8.3 8.4 8.5 8.6 8.7 Wright & Valencia Zegarra 2001, 2003, გვ.1.
  9. McNeill, W. H.. Plagues & Peoples, გვ. 183. 
  10. Bingham 1922, გვ.334.
  11. Reinhard, Johan 2007 Machu Picchu: Exploring an Ancient Sacred Center. Regents of the University of California, Los Angeles.
  12. Weatherford 1988, გვ. 60–62.
  13. Machu Picchu History. ourworldwonders.com. ციტირების თარიღი: 2011-10-27.
  14. Olson, D. M, E. Dinerstein; et al. (2001). „Terrestrial Ecoregions of the World: A New Map of Life on Earth“. BioScience. 51 (11): 933–938. doi:10.1641/0006-3568(2001)051[0933:TEOTWA]2.0.CO;2. ISSN 0006-3568. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2011-10-14. ციტირების თარიღი: 2012-08-27. et al.-ის დაწვრილებითი გამოყენება |author=-ში (დახმარება)CS1-ის მხარდაჭერა: მრავალი სახელი: ავტორების სია (link)
  15. Dan Collyns (6 June 2008). „Machu Picchu ruin 'found earlier'. BBC News.;Michael Marshall. (7 June 2008) 'Incan lost city looted by German businessman'. NewScientist.
  16. Romero, Simon (December 7, 2008). „Debate Rages in Peru: Was a Lost City Ever Lost?“. New York Times.
  17. 17.0 17.1 17.2 Wright & Valencia Zegarra 2001, 2004, გვ.ix.
  18. Davies 1997, გვ.163.
  19. Wright et al 2000b, გვ.2.
  20. Burger and Salazar 2004
  21. Wright & Valencia Zegarra 2001, 2004, გვ.8.
  22. Computer Modeling of Heritage Resources.
  23. BBC, jhayzee27. (29 January 2010) Machu Picchu Airlift Rescues 1,400 Tourists. Disaster Alert Network LLC. UBAlert. დაარქივებულია ორიგინალიდან — 9 მარტი 2011. ციტირების თარიღი: 7 February 2010.
  24. travel staff, Seattle Times (5 February 2010). „Machu Picchu to reopen earlier than expected after storms“. The Seattle Times. ციტირების თარიღი: 7 February 2010.
  25. "Llegada de visitantes al Santuario Histórico de Machu Picchu" დაარქივებული 2012-04-17 საიტზე Wayback Machine. , Observatorio Turistico Del Peru. 22 March 2012
  26. Sacredland.org დაარქივებული 2004-08-18 საიტზე Wayback Machine. , Sacred Land Film Project.
  27. 27.0 27.1 "Bridge stirs the waters in Machu Picchu", BBC News Online, 1 February 2007
  28. "Peru bans flights over Inca ruins", BBC News Online, 8 September 2006
  29. Collyns, Dan (8 September 2006). „Peru bans flights over Inca ruins“. BBC News. ციტირების თარიღი: 24 August 2010.
  30. "Machu Picchu New Entrance Rules", Peru Guide (the only). 18 December 2011
  31. დაარქივებული ასლი. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2013-03-12. ციტირების თარიღი: 2012-09-03.
  32. Hartford Courant. "Peru Presses Yale On Relics." 14 March 2006..
  33. Hartford Courant. "Yale To Return Incan Artifacts" by Edmund H. Mahoney. 19 September 2007
  34. Plans for Machu Picchu airport to boost tourism in Peru (August 24, 2012).
  35. Production Notes – Secret Of The Incas დაარქივებული 2009-06-06 საიტზე Wayback Machine. @ TCM Database
  36. Excerpted Clip of Machu Picchu from the film The Motorcycle Diaries directed by Walter Salles, distributed by Focus Features, 2004
  37. Endhiran The Robot : First Indian movie to shoot at Machu Pichu. One India. დაარქივებულია ორიგინალიდან — 8 დეკემბერი 2010. ციტირების თარიღი: 11 October 2010.
  38. Enthiran beats James Bond. Behindwoods. ციტირების თარიღი: 24 August 2010.
  39. Lahiri, Tripti. (2010-10-01) WSJ blog: "Machu Picchu Welcomes Rajnikanth and India". Blogs.wsj.com. ციტირების თარიღი: 2012-05-06.