კეჩუა (კეჩ. Qhichwa runa) — სამხრეთ ამერიკაში (პერუ, ბოლივია, ეკვადორი, არგენტინა, კოლუმბია, ჩილე) მცხოვრები ინდიელი ხალხი, რომელიც ინკების ტაუანტინსუიუს სახელმწიფოს კულტურული ტრადიციების მემკვიდრეა.

კეჩუას წარმომადგენელი

უკანასკნელი მონაცემებით, ამ ხალხის რაოდენობა შეადგენს 25 245 000 ადამიანს, რომელთაგან პერუში ცხოვრობს 13 887 073 ადამიანი, ეკვადორში - 6 018 691, ბოლივიაში - 3 821 820, არგენტინაში - 1 469 830, კოლუმბიაში - 39 100, ხოლო ჩილეში 8480 კეჩუას წარმომადგენელი. კეჩუა შეადგენს პერუს მოსახლეობის 47%-ს, ეკვადორის მოსახლეობის 41,3%-ს, ბოლივიის მოსახლეობის კი 37,1%-ს. ბევრი კეჩუა (განსაკუთრებით პერუსა და ეკვადორის ჩრდილოეთ და ცენტრალურ ნაწილში მცხოვრები) გადავიდა ესპანურ ენაზე, ამიტომაც ამ ქვეყნებში კეჩუას ენაზე მოლაპარაკეთა რაოდენობა არ ემთხვევა ამ ხალხის რაოდენობას.

კეჩუა იყო ამერიკის უძლიერესი ხალხი ესპანელების მიერ მათი დაპყრობის მომენტისათვის. ძველი სამყაროს კრიტერიუმების მიხედვით, კეჩუას კულტურა იდგა უფრო მაღლა, ვიდრე აცტეკებისა და მაიას კულტურები მექსიკაში. მაშინ, როდესაც ეს ორი უკანასკნელი იმყოფებოდა ენეოლითის ხანაში, კეჩუა შევიდა ბრინჯაოს ხანაში. კეჩუას სოციალური ორგანიზების საფუძველს წარმოადგენს თემი - აილიუ (ayllu), რომელსაც ასევე ეწოდება ინდიელთა თემი (comunidad indígena) და გლეხების თემი (comunidad campesina). თემი ერთიანდება სისხლით ნათესაობის, საერთო ტერიტორიისა და წევრთა შრომითი ურთიერთდახმარების საფუძველზე, ასევე საერთო ტოტემური წინაპრის (wak'a) თაყვანისცემით. უძველესი თემები, რომელთა შესახებაც მოიპოვება ინფორმაცია, იყო იანაუარა, ჩუმპიუილკა, კოტანერა, კოტაპამპა და უმასუიუ. დღეისათვის არსებობს ათასობით კეჩუას თემი. 2007 წელს მარტო პერუში სახლობდა 6 000-ზე მეტი ოფიციალურად აღიარებული კუჩუასა და აიმარას თემი და მათი რაოდენობა იზრდება. 1950 წელს ბოლივიაში სახლობდა 3779 თემი. კეჩუას ძირითადი საქმიანობაა მიწათმოქმედება და მეცხოველეობა. ასევე, როგორც დაქირავებული მუშახელი დასაქმებული არიან სამთომომპოვებელ დარგში და მოახლეებად სახლებში.

რესურსები ინტერნეტში

რედაქტირება