მანკო კაპაკი (კეჩ. Manqo Qhapaq) — კუსკოს სამეფოს ლეგენდარული, პირველი საპა ინკა, ინკების მითოლოგიის პერსონაჟი. მანკო კაპაკთან დაკავშირებით უამრავი განსხვავებული ლეგენდა არსებობს, მაგრამ ყველა მათგანი სწორედ მას მიაწერს კუსკოს დაარსებას.

მანკო კაპაკი

ლეგენდა ინტიზე

რედაქტირება

ერთ-ერთი მითის თანახმად, მანკო კაპაკი იყო მზის ღმერთი ინტის ძე და პაჩა კამაკის ძმა.ამ ლეგენდის თანახმად, მანკო კაპაკი და მისი ძმები მზის ღმერთმა გამოაგზავნა დედამიწაზე. მართლაც, ერთ დღეს, ისინი პაკარიტამბოს გამოქვაბულიდან ოქროს კვერთხებით ხელში (ინკა იუარი) მოევლინნენ სამყაროს. მათ მითითებული ჰქონდათ, რომ აეშენებინათ მზის ღმერთის ტაძარი იქ, სადაც კვერთხი ჩაერჭობოდა მიწაში. მიწისქვეშა გამოქვაბულებით, ისინი გაემგზავრნენ კუსკოში, სადაც ააშენეს თავიანთი მამის, ინტის ტაძარი.

ლეგენდა ვირაკოჩაზე

რედაქტირება

ამ ლეგენდის თანახმად, მანკო კაპაკი ღმერთ ვირაკოჩას ძე იყო. ის და მისი და-ძმები (აიარ ანკა, აიარ კაში, აიარ უჩუ, მამა ოცლო, მამა უაკო, მამა რაუა), ცხოვრობდნენ კუსკოსთან ახლოს, პაკარი-ტამპუში. მოგზაურობისას, ისინი თავიანთ გარშემო იკრებდნენ სხვადასხვა ტომის ხალხს. ერთხელაც, მათ გადაწყვიტეს კუსკოს ხეობის ხალხების დაპყრობა.

ამ ლეგენდის თანახმადაც, მანკო კაპაკს ჰქონდა ოქროს კვერთხი, რომელიც მას მამამისმა უბოძა. შემდგომში, ეჭვიანობის ნიადაგზე, მანკო კაპაკმა მოღალატურად დახოცა თავისი უფროსი ძმები და გახდა კუსკოს ერთადერთი მმართველი.

ცხოვრება

რედაქტირება

თითქმის ორმოცი წლის განმავლობაში მართავდა მანკო კაპაკი კუსკოს სამეფოს. მან შეადგინა სამართლის კოდექსი და გააუქმა ადამიანების მსხვერპლად შეწირვა. ამ სამართლის კოდექსის თანახმად, იკრძალებოდა ცოლად დის შერთვა, მაგრამ ვინაიდან ეს მაღალი წრის წარმომადგენლებს არ ეხებოდათ, მან თვითონ იქორწინა საკუთარ დაზე – მამა ოკლო ან მამა სელოზე. მისგან მანკო კაპაკს ეყოლა ვაჟი – როკა, რომელიც შემდგომში, მამამისის სიკვდილის შემდეგ, გახდა საპა ინკა.

მანკო კაპაკი მეფობდა დაახლოებით 1230 წლამდე, თუმცა ზოგიერთი მისი სიკვდილის თარიღად 1107 წელს მიიჩნევს.

თანამედროვე ეპოქაში, მანკო კაპაკი არაერთი მხატვრული ნაწარმოების გმირად იქცა.

რესურსები ინტერნეტში

რედაქტირება