გოგრა
გოგრა (ლათ. Cucurbita) — ერთწლოვანი და მრავალწლოვანი მხოხავი მცენარის გვარი გოგრისებრთა ოჯახისა. გოგრა ბაღჩეული კულტურაა, აქვს მთავარღერძა მძლავრი ფესვთა სისტემა, დატოტვილი და მიწაზე გართხმული ან საყრდენზე ასული ღერო, გრძელყუნწიანი და ბუსუსიანი ფართო ფოთოლი, დიდი ყვითელი, ზარისებური ყვავილი. მისი ძირითადი ნაწილი ნიადაგში 40–50 სმ სიღრმეზეა გავრცელებული, ცალკეული ფესვები – 4-5 მ-ზე, ღერო მხოხავი და მხვიარაა, ფოთოლი ფართო (25 სმ ), გრძელყუნწიანი და ბუსუსიანი, ზარისებური ყვავილი ყვითელი ან ნარინჯისფერია. სახეობისა და ჯიშის შესაბამისად, ისხამს სხვადასხვა ფორმისა და შეფერილობის ნაყოფს, რომლის მასა 4-10 კგ. ზოგიერთი სახეობის გოგრა რამდენიმე ათეულ კგ-ს იწონის. თესლი მსხვილი, ოვალური, თეთრი ან მოყვითალოა. გოგრა გაყოფილსქესიანი, ერთსახლიანი, ჯვარედინმტვერია, სითბოსა და სინათლის მოყვარული გვალვაგამძლე მცენარეა.
გოგრა | ||||||||||||
---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|
| ||||||||||||
მეცნიერული კლასიფიკაცია | ||||||||||||
| ||||||||||||
ლათინური სახელი | ||||||||||||
Cucurbita | ||||||||||||
|
გოგრის 13 სახეობიდან ფართოდაა კულტივირებული ერთწლოვანი 3 სახეობა:
- მსხვილნაყოფა ანუ გიგანტური გოგრა (ლათ. Cucurbita maxima), რომლისგანაც გამოყვანილია სუფრის, საკვები და დეკორატიული ჯიშები — თეთრი თაფლა 611, მსხვილნაყოფა 1 და სხვა;
- მაგარკანიანი გოგრა (ლათ. Cucurbita pepo) (საქართველოში ძველთაგანვეა გავრცელებული). არის სუფრისა და დეკორატიული ჯიშები. ამ სახეობას ეკუთვნის ყაბაყი და პატისონი.
- ჯავზის გოგრა (ლათ. Cucurbita moschata) (საქართველოში ცნობილია თაფლა გოგრის, ხურჯინას, ბორჩალური გოგრის სახელით, გავრცელებულია ქვემო ქართლის დაბლობ ზონაში). მისი ჯიშებია: კაშგარის 1644, ლენინაბადისა და სხვა.
გოგრას იმერეთსა და რაჭალეჩხუმში კვახს უწოდებენ; გურიასა და აჭარაში – ხაპს; სამეგრელოსა და სვანეთში – კოპეშიას, კვახნეს; საინგილოში – გუგრას; ჭანეთში – კაიშს, ყოყორეს და სხვ.
მსხვილნაყოფა და მუსკატური გოგრის სამშობლოა ამერიკა, მაგარკანიანის – აზია-აფრიკა. თესლი აღმოცენებას იწყებს 15°C ტემპერატურაზე, მისი ზრდა-განვითარების ოპტიმალური ტემპრაა 25–28°C. კარგად ხარობს ნაყოფიერ, ღრმა, ორგანულ და მინერულ სასუქით უხვად განოყიერებულ მსუბუქი მექანიკური შედგენილობის ნიადაგზე. გოგრის ნაყოფი შეიცავს მინერ. მარილებს, ნახშირწყლებს, პექტინებს, კაროტინს, ვიტამინებს (С, B1, B2, E) და სხვ. გ-ის თესლისაგან ხდიან ზეთს. გ. სამკურნალო მცენარეა, იყენებენ საჭმელად, აგრეთვე ცხოველთა საკვებად.
გოგრა სითბოს მოყვარული გვალვაგამძლე მცენარეა. კარგად ხარობს ნაყოფიერ, ღრმა, ორგანული და მინერალური სასუქით უხვად განოყიერებულ მსუბუქ ნიადაგზე. გოგრას იყენებენ საჭმელად, ცხოველთა საკვებად. გოგრის თესლისაგან ხდიან საჭმელ ზეთს. მოსავლიანობა 1 ჰა-ზე ზოგჯერ 1000 ც-ს აღემატება.
-
მუსკატური გოგრა (Cucurbita moschata)
ლიტერატურა
რედაქტირება- ჯაფარიძე გ., კვაჭაძე გ., მებოსტნეობა, თბ., 1951;
- კვაჭაძე გ., მებოსტნეობა, გამოც. მე-2, თბ., 1965;
- Даскалов Хр. С., Колев Н. Б., Овощеводство, София, 1958;
- კვაჭაძე გ., ქართული საბჭოთა ენციკლოპედია, ტ. 3, თბ., 1978. — გვ. 201.;
- ჯაფარიძე ვ., ენციკლოპედია „საქართველო“, ტ. 2, თბ., 2012. — გვ. 71-72..