სხვა მნიშვნელობებისთვის იხილეთ კაკაო (მრავალმნიშვნელოვანი).

კაკაო, შოკოლადის ხე (ლათ. Theobroma cacao) — ტანდაბალი (5—8 მ) მარადმწვანე ხე სტერკულიასებრთა ოჯახისა. აქვს მუქი მწვანე, პრიალა ფოთლები და ყვითელი ან მოწითალო ყვავილები. ნაყოფი (კოლოფა) ყვითელი, ნარინჯისფერი ან წითელია, მისი სიგრძეა 30 სმ, სიგანე — 10—12 სმ, 300—600 გ იწონის და 25—60 თესლს შეიცავს. ყოფაცხოვრებაში „კაკაოს პარკს“ უწოდებენ.

კაკაო

მეცნიერული კლასიფიკაცია
სამეფო:  მცენარეები
ოჯახი:  სტერკულიასებრნი
გვარი:  კაკაო
ლათინური სახელი
Theobroma cacao
Theobroma cacao

ველურად იზრდება ცენტრალურ და სამხრეთ ამერიკის ტენიან ტროპიკულ ტყეებში. ძველთაგანვე კულტივირებულია ორივე ნახევარსფეროს ტროპიკებში. ამრავლებენ უმთავრესად თესლით. კარგად ხარობს ორანჟერეებში. თეობრომინისა და მთრიმლავი ნივთიერებების შემცველობის გამო თესლს მწარე, მწკლარტე გემო აქვს. საგემოვნო თვისებების გასაუმჯობესებლად რბილობმოცლილ თესლს 2—7 დღე-ღამის განმავლობაში უტარებენ ფერმენტაციას, რის შედეგადაც იგი სასიამოვნო გემოსა და არომატს იძენს.

კაკაოს თესლის შედგენილობაა (მშრალ ნივთიერებაზე გადაანგარიშებით %-ში): წყალი 4—6; ცხიმი, კაკაოს ზეთი 51—54; სახამებელი 7—19; გლუკოზა, ფრუქტოზა 1—2; ცილა 10—12; თეობრომინი, კოფეინი 1—1,5; მთრიმლავი ნივთიერებები 4—7; მჟავები 1—2; მინერალური ნივთიერებები 2-3. კაკაოს ნაყოფისაგან იღებენ ბურღულს, ბურღულის წვრილად დაქუცმაცებით — „სრესილ კაკაოს“, რომლისგანაც კაკაოს ზეთსა და შოკოლადს ამზადებენ. სრესილი კაკაოს დაწნეხით იღებენ კაკაოს ზეთს, დარჩენილი კოპტონისაგან კი — კაკაოს ფხვნილს.

ლიტერატურა

რედაქტირება

რესურსები ინტერნეტში

რედაქტირება