კალენდარი (ლათ. Calendarium — „ვალების ჩანაწერი“, „ვალების დავთარი“< Calendae [მრ. რ.] — „თვის პირველი დღე“) — დროის შედარებით ხანგრძლივ პერიოდებად (დღე-ღამეებად, კვირებად, თვეებად, წელიწადებად, საუკუნეებად) დანაწილებისა და აღრიცხვის სისტემა სოციალური, რელიგიური, კომერციული, ადმინისტრაციული და სხვა მიზნებისათვის.

იუნესკოს მონაცემების მიხედვით, დღევანდელ დღეს ჩვენს პლანეტაზე მოქმედებს დაახლოებით 40 კალენდარი – როგორც „სამოქალაქო“ ასევე რელიგიური. თითოეულ მათგანს შექმნისა და განვითარების საკუთარი ისტორია გააჩნია.

სიტყვა კალენდარი მომდინარეობს სიტყვა კალენდადან (ლათ. Calendae ან Calendae — რომში ყოველი თვის პირველი დღე, ვალების გადახდის დღე) ძველ რომში მევალეები გადასახადებს ტრადიციულად იხდიდნენ ყოველი თვის პირველ რიცხვებში, რომელთაც „კალენდები“ ეწოდებოდათ. აღნიშნული წესი ბერძნებთან არ არსებობდა და რომის არაკეთილსინდისიერი მევალეები ირონიულად იძახდნენ რომ „ვალებს გაგისტუმრებთ ბერძნულ კალენდებშიო“.

რთულია იმის დადგენა თუ ზუსტად როდის დაიწყო დროის აღრიცხვისათვის დღე-ღამეზე უფრო ხანგძლივი ერთეულის გამოყენება. კვირაც უხსოვარი დროიდან შემოიღეს. მისი ხანგძლივობა განაპირობა მთვარის თვის 4 ნაწილად დაყოფამ, აგრეთვე იმ ფაქტმა, რომ რიცხვი 7 გამოხატავდა ცაზე ყველაზე კაშკაშა პლანეტების და მზისა და მთვარის საერთო რიცხვსაც.

ფაქტია, რომ კვირის და თვის წარმოქმნაც და მათი კალენდარულ თვლაში გამოყენება მთვარის ფაზებთან იყო დაკავშირებული. დამკვიდრებულია მოსაზრება, რომ პირველი კალენდარული სისტემა, რომლითაც მოხდა წელიწადის ზომის ერთეულად მიღება იყო მთვარის კალენდარი. იმისდა მიხედვით, თუ როგორ ცდილობდნენ ადამიანები მთვარისმიერი კალენდრების ტროპიკულ წელიწადთან ჰარმონიაში მოყვანას, განსხვადებოდა თვებისა და მათში არსებული დღეების რიცხობრივი მნიშვნელობა. აღნიშნულმა მცდელობამ კაცობრიობა მთვარისმიერი კალენდრიდან, ჯერ მთვარე-მზისიერ კალენდარზე, შემდეგ კი მზისიერ კალენდრებზე გადაიყვანა.

მიუხედავად კალენდარული სისტემების თანმიმდევრულმა სრულყოფამ, კაცობრიობის ისტორიაში ყველგან ერთროულად არ მომხდარა ერთი სისტემიდან მეორეზე გადასვლა. ყველა ქვეყანა ოდითგანვე ინარჩუნებდა თავის ორიგინალობას და სხვადასხვა დროს გადადიოდნენ ახალ, უფრო მორგებულ სისტემებზე.

კალენდარული სისტემები

რედაქტირება

მთვარისმიერი კალენდრები

რედაქტირება

კაცობრიობამ ოდითგანვე შეამჩნია, რომ მთვარისმიერი თვე არ წარმოადგენდა ნატურალურ რიცხვს, არამედ დაახლოებით უდრიდა 29,5 დღე-ღამეს (უფრო ზუსტი მნიშვნელობისათვის, მთვარის სინოდური თვე უდრის 29,5306 დღე-ღამეს). ამიტომ გადაწყდა ორი მთელი რიცხვის (29-სა და 30-ის) კომბინაციით მიეღწიათ აღნიშნული სიდიდისათვის. ბევრ ქვეყანაში იყენებდნენ მთვარის ფაზებზე დაყრდნობილ ე. წ. მთვარისმიერ კალენდარს — ჰიჯრას, რომლის მიხედვით მთვარისმიერი წელიწადი შეიცავდა 30- და 29-დღეღამიან 12 თვეს (354 დღე-ღამე). ყოველი თვის პირველი დღე უნდა ემთხვეოდეს ახალმთვარეობას. რადგანაც მთვარისმიერი წელიწადი 11 დღე-ღამით მზისიერ წელიწადზე მოკლეა, ეს ართულებდა თარიღების გაიგივებას ამ ორ კალენდარში.

მთვარე-მზისიერი კალენდრები

რედაქტირება

კიდევ უფრო რთულია მთვარე-მზისიერი კალენდარი, რომელიც ითვალისწინებს მზის ხილული წლიური მოძრაობის შეთავსებას მთვარის ფაზების მონაცვლეობასთან, ძველად ასეთ კალენდრებს იყენებდნენ ბაბილონში, ჩინეთსა და საბერძნეთში. მთვარისმიერი კალენდარი უფრო ძველია, უფრო ადრინდელი ისტორიის კუთვნილებაა, რადგანაც მთვარის ფაზების მონაცვლეობის შემჩნევა უფრო ადვილია, ვიდრე მზის ირგვლივ დედამიწის გარემოქცევით გამოწვეული სეზონური ცვლილებებისა.

კალენდრის აღნიშნული ტიპი არ ჯერდებოდა მთვარისმიერი კალენდრის 12 თვეს და მისი ტროპიკულ წელიწადთან დაახლოების მოტივით აუცილებლობამ მოიტანა პერიოდულად მეცამეტე თვის დამატება. მთვარე-მზისიერი კალენდრების სახეობებია:

19 წლიანი ციკლები:
  • მეტონის ციკლი — წარმოადგენდა 6940 დღე-ღამისგან შემდგარ 19-წლიან ციკლს (საშუალო წლიური ხანგრძლივობა უდრიდა 365,26315789 დღე-ღამეს);
  • კალიპეს ციკლი — წარმოადგენდა 76-წლიან ოთხ მეტონის ციკლს, რომელსაც დაკლებული ჰქონდა 1 დღე (საშუალო წლიური ხანგრძლივობა უდრიდა 365,25 დღე-ღამეს);
  • ჰიპარქეს ციკლი — წარმოადგენდა 304-წლიან ოთხ კალიპეს ციკლს, რომელსაც დაკლებული ჰქონდა 1 დღე (საშუალო წლიური ხანგრძლივობა უდრიდა 365,24671 დღე-ღამეს);
  • დიდი ინდიქტიონი — წარმოადგენდა 532-წლიან ოცდარვა 19-წლიან (შვიდ კალიპეს?) ციკლს.

მზისიერი კალენდრები

რედაქტირება

აღნიშნული პერიოდები, ანუ დროის შუალედები, განისაზღვრება ცის სხეულთა მოძრაობებით (მზის ამოსვლა-ჩასვლა, წელიწადის დროთა ცვლა, მთვარის ფაზების მონაცვლეობა), რაც ადვილად და საყოველთაოდ შეიმჩნევა და უშუალოდ მოქმედებს ადამიანთა საქმიანობაზე. ყველა პერიოდს შორის უფრო გამოკვეთილი და ყოველდღიურ საქმიანობასთან ყველაზე მეტად დაკავშირებული დღე-ღამეა. უკანასკნელი განისაზღვრება დედამიწის ერთი მობრუნებით თავისი ღერძის ირგვლივ და, როგორც თითქმის უცვლელი პერიოდი, დროის საზომ ერთეულს წარმოადგენს. დიდი შუალედების გასაზომი ძირითადი ერთეულია ტროპიკული წელიწადი, რომელიც მზის ირგვლივ დედამიწის ერთი გარემოქცევით განისაზღვრება. იგი შედგება დღე-ღამოთა არა მთელი, არამედ წილადი რიცხვისაგან (365,2422 დღე-ღამე, ანუ 365 დღე-ღამე, 5 საათი, 48 წუთი, 46 წამი). დროის აღრიცხვის საქმეში ეს ქმნის ერთგვარ სიძნელეს, რის გამოც მიიჩნევენ, რომ წელიწადში დღე-ღამეების მთელი რიცხვია (365 ან 366). ასეთი ერთგვარად პირობითი წელიწადი სამოქალაქო წელიწადია. მისი ხანგრძლივობა საშუალო ტროპიკული წელიწადის ტოლი უნდა იყოს, რათა წლების სამოქალაქო ანგარიში, ანუ წელთაღრიცხვა, არ დაშორდეს იმ ბუნებრივი მოვლენის (მზის ირგვლივ დედამიწის გარემოქცევის) პერიოდულობას, რომელსაც უნდა ემყარებოდეს იგი. სამოქალაქო და ტროპიკული წელიწადის ერთიმეორესთან დაახლოება და შეთავსება კალენდრის ანუ წელთაღრიცხვის, ისტორიული პრობლემაა, რომელსაც ქმნის დროის საზომ ერთეულებად აღებული ორი პერიოდის — დღე-ღამისა და ტროპიკული წელიწადის უთანაზომობა.

ძველეგვიპტური კალენდარი

რედაქტირება

ძველეგვიპტური კალენდარი წარმოადგენდა იულიუსის კალენდრის წინამორბედს. ეგვიპტელბმა აარჩიეს ყველაზე მარტივი და ცხადი გამოსავალი: მათ წელთაღრიცხვაში იყო 365 დღე. მაგრამ, ასეთი სიმარტივე მიღებული იქნა სიზუსტის ხარჯზე. ტროპიკული წლის ხანგრძლივობა, როგორც უკვე იყო აღნიშნული, წარმოადგენს 365,2422 დღეს და შესაბამისად, ამ კალენდარის ცდომილება იძლეოდა ერთი დღის „დაგროვებას“ ყოველ ოთხ წელიწადში (1/(365.2422 – 365)≈4). ასეთ სისტემაში რომელიმე ფიქსირებული თარიღი (მაგალითად, გაზაფხულის ბუნიობა) თანდათანობით გადაადგილდებოდა კალენდარში, ინაცვლებდა რა გაზაფხულიდან ზაფხულზე, შემოდგომაზე, ზამთარზე და, 1460 წლის განმავლობაში სრული ციკლის შესრულების შემდეგ, ბრუნდებოდა თავის საწყის წერტილში.

იულიუსის კალენდარი

რედაქტირება

ძველეგვიპტური კალენდარი იყო ძალიან მოუხერხებელი, და ამიტომ რომის იმპერატორმა იულიუს კეისარმა მეცნიერ სოზიგენის რჩევით მოახდინა კალენდრული რეფორმა, რომელიც ძალაში შევიდა ძვ. წ. 45 წლის 1 იანვარს. ახალი კალენდრის მიხედვით ყოველი მომდევნო სამი წელიწადის ხანგრძლივობა მიღებულ იქნა 365 დღე-ღამე, ხოლო ყოველი მეოთხე წელიწადისა — 366 დღე-ღამედ. ამგვარად წელიწადის საშუალო ხანგრძლივობა იყო 365,25 დღეღამე, რაც ძალიან ახლო იყო ტროპიკულ წელიწადის ხანგრძლივობასთან (365,2422 დღე-ღამე). წელიწადის 12 თვედ დაყოფისას, ყოველ თვეში გარკვეული კანონზომიერებით 30 ან 31 დღე-ღამე მოაქციეს, ხოლო თებერვალში — 28 (უბრალო წელიწადი) ან 29 (ნაკიანი წელიწადი). ნაკიან წელიწადად ჩაითვალა ყოველი ის წელიწადი, რომლის რიგითი ნომერი 4-ზე იყოფოდა უნაშთოდ. იულიუსის კალენდარი 325 წელს ქრისტიანულმა ეკლესიამ სცნო, მაგრამ იგი საბოლოოდ VII საუკუნეში მოწესრიგდა. 4 წელიწადის მანძილზე დაგროვილი განსხვავება იულიუსის საშუალო და ტროპიკულ წელიწადთა შორის უმნიშვნელოა (44 წუთი და 56 წამი), საუკუნეების მანძილზე კი იგი იმდენად შესამჩნევი გახდა, რომ მისი უგულვებელყოფა შეუძლებელი შეიქმნა, რამდენადაც ბუნიობისა და მზებუდობის დღეები თანდათანობით ადრინდელი კალენდარულ რიცხვებზე მოდიოდა. მაგალითად IV საუკუნეში ზაფხულის ბუნიობა 21 მარტს მოდიოდა, XVI საუკუნეში კი — 11 მარტს. ამგვარად, იულიუსის წელთაღრიცხვა 10 დღე-ღამით „ჩამორჩებოდა ბუნებას“.

გრიგორიანული კალენდარი

რედაქტირება

დროთა განმავლობაში უფრო და უფრო ნათელი ხდებოდა, რომ არც იულიუსის კალენდარი იყო ზუსტი. არ იყო საჭირო ადამიანი ყოფილიყო დიდი ასტრონომი, რომ დაენახა გაზაფხულის ბუნიობის თარიღის თანდათანობითი გადმონაცვლება უფრო და უფრო ადრეულ თარიღებზე. მიუხედავად იმისა, რომ ეს ფაქტი შემჩნეული იყო საკმაოდ ადრე, ახალი გაუმჯობესების პრაქტიკული მცდელობა იწყება მხოლოდ XIII საუკუნიდან, როდესაც დასავლეთში ასტრონომიის მიმართ გაჩნდა ახალი ინტერესი. ეს ცდომილება შემჩნეული იყო აღმოსავლეთშიც, სადაც გრიგორ ნიკიფორმა და ისააკ არგირმა, XIV საუკუნის ბიზანტიელმა ავტორებმა, თავის ნაშრომში მიუთითეს ამ ცდომილებაზე. მაგრამ ბიზანტიელები არ გვთავაზობდნენ რაიმე ცვლილებებს, ვინაიდან 1492 წელს სამყაროს დაარსებიდან 7000 წელი სრულდებოდა და მორწმუნეები, რომლებიც მაცხოვრის მეორედ მოსვლის მოლოდინში იყვნენ, არ წუხდნენ დროებითი კალენდრული რეალობის გაუმჯობესებით.

კალენდრული რეფორმის მომხრეების ხმები დასავლეთში XVI საუკუნისათვის უფრო და უფრო ძლიერდებოდა. ამიტომ დაახლოებით 1573 წელს რომის პაპმა გრიგოლ XIII-მა შექმნა სპეციალური კომისია, რომელმაც ათწლიანი მუშაობის შემდეგ პაპს წარუდგინა „ორმაგი“ რეფორმის პროექტი: პასქალიის და კალენდრული რეფორმა. შემოთავაზებული იყო ნაკიანი დღეების უფრო გართულებული სისტემა: 400 წლის განმავლობაში მათი რაოდენობა მცირდებოდა 3-ით, ანუ ყოველ 400 წელიწადში 100, 200 და 300 წლები არ უნდა ყოფილიყო ნაკიანი, ხოლო მე-400-ე წელი რჩებოდა ნაკიანად. ამ კალენდრის გამოყენება ძალაში შევიდა 1582 წელს. პაპის გრიგოლ XIII-ს ბულის (Inter gravissimas) საფუძველზე დღეთა ანგარიში გადანაცვლებულ იქნა 10 დღით: 4 ოქტომბრის მომდევნო დღე გამოცხადდა 15 ოქტომბრად. ამის შემდეგ გაზაფხულის ბუნიობა კვლავ 21 მარტს დაემთხვა. ამავე რეფორმით ის წელი, რომლის საუკუნეების რიცხვი მთელია, მაგრამ უნაშთოდ 4-ზე არ იყოფა (წლების რიცხვი კი იყოფა), არ ჩაითვალა ნაკიანად (ნაკიანია 1600, 2000, 2400 წლები. ნაკიანი არ არის 1700, 1800, 1900, 2100 წლები). ამ წესის განხორციელება კიდევ უფრო მეტად აახლოებს სამოქალაქო წელთაღრიცხვას წელთა ბუნებრივ მიმდინარეობასთან. თუ იულიუსის კალენდარში სამი დღე-ღამის ცდომილება გროვდებოდა ყოველ 400 წელიწადში, გრიგორიანულ კალენდარში ერთი დღე-ღამის ცდომილება 3300 წელიწადის მანძილზე დაგროვდება.

გრიგორიანულ კალენდარს უწოდებენ წელთაღრიცხვას ახალი სტილით. პირველად იგი შემოიღეს XVI საუკუნის 80-იან წლებში იტალიაში, ესპანეთში, პორტუგალიაში, პოლონეთში, საფრანგეთში, უნგრეთსა და ევროპის ზოგიერთ სხვა სახელმწიფოში, უფრო გვიან — გერმანიაში (XVII-XVIII საუკუნეებში), ინგლისში (XVIII საუკუნეში), იაპონიაში (XIX საუკუნეში). რევოლუციამდელ რუსეთში ახალი სტილი არ იყო შემოღებული. იგი შემოიღეს ოქტომბრის რევოლუციის შემდეგ 1918 წლის 24 იანვრის დეკრეტით. ამ დროისათვის იულიუსის კალენდარი 13 დღე-ღამით „ჩამორჩებოდა“, ამიტომ 1 თებერვალი 14 თებერვლად გამოცხადდა. კვირის დღეები ორივე კალენდარში ერთმანეთს ემთხვევა. ამჟამად მსოფლიოს ყველა განვითარებულ სახელმწიფოში გრიგორიანულ კალენდარს იყენებენ.

შესწორებული იულიუსის კალენდარი

რედაქტირება

კიდევ ერთ მნიშვნელოვანი გაუმჯობესების და ამავე დროს კალენდრული სისტემის გართულების მცდელობას ადგილი ჰქონდა 1923 წელს, როდესაც კონსტანტინეპოლში ჩატარდა მართლმადიდებელი ეკლესიების თათბირი. ამ თათბირის მონაწილეებმა მიიღეს შესწორებული იულიუსის კალენდარი. მისი პერიოდია 900 წელი, რომლის განმავლობაში ნაკიანი წლების რაოდენობა მცირდება 7-ით. ამ კალენდრით მიღებული წლის ხანგრძლივობაა 365 + 218/900=365.24222, ანუ ამ კალენდრით 40000-ზე მეტი წლის განმავლობაში მოხდება 1 დღიანი ცდომილების დაგროვება. ამ რეფორმას მოყვა ბერძენი „მეძველსტილეების“ განხეთქილება, რომლებმაც უარი თქვეს მიეღოთ ეს სიახლე.

დღევანდელ დღეს რუსული, იერუსალიმის, საქართველოს და სერბული ეკლესიები და ამავე დროს მონასტრები ათონზე უძრავი დღესასწაულების დასადგენად იყენებენ იულიუსის კალენდარს. ყველა დანარჩენი ადგილობრივი ეკლესია კი – შესწორებულ იულიუსის კალენდარს, რომელიც 2800 წლამდე მთლიანად ემთხვევა გრიგორიუსის კალენდარს.

სხვა კალენდარული სისტემები

რედაქტირება

ძველად რომში წლებს ანგარიშობდნენ სხვადასხვანაირად, მაგალითად იმპერატორების მართველობის დასაწყისიდან. წლების ახლანდელი ანგარიშის საწყისია ქრისტეს დაბადება. ამ საწყისიდან წარმოებულ წელთაღრიცხვას ჩვენს ერას ან ახალ წელთაღრიცხვას ვუწოდებთ. ისტორიულ ამბებზე რაც ამ საწყისამდე მომხდარა, ვუთითებთ, როგორც ძველად მომხდარს და წლებს ვანგარიშობთ იმავე საწყისიდან, მათ მატებას კი — შებრუნებული მიმართულებით.

ასტრონომიაში სპეციალური მიზნებით გამოიყენება სხვა აღრიცხვაც: დღეების თანმიმდევრული ანგარიში ძვ. წ. 4713 წლის 1 იანვრის შუალედიდან. ასე ათვლილ დღე-ღამეებს იულიუსის დღეები ეწოდება, თუმცა მას არა აქვს რამე საერთო იულიუს კეისართან. 1970 წლის 1 იანვარს დაემთხვა 2440588 იულიუსის დღე-ღამე, 1980 წლის 1 იანვარს — 2444240.

ბევრ ქვეყანაში, უმეტესად აფრიკის და აღმოსავლეთის ქვეყნებში (ერაყში, ლიბანში, სირიაში, ალჟირში, მაროკოში, ტუნისში და სხვა), სადაც გავრცელებულია ისლამი, ხმარობენ მთვარის ფაზებზე დაყრდნობილ კალენდარს (ჰიჯრა), რომლის მიხედვითაც, მთვარისმიერი წელიწადი შეიცავს 30 და 29 დღე-ღამიან 12 თვეს (354 დღე-ღამე).

ლიტერატურა

რედაქტირება
  • ხარაძე ე., ქართული საბჭოთა ენციკლოპედია, ტ. 5, თბ., 1980. — გვ. 330-331.;
  • Володомонов Н. В., Календарь: прошлое, настоящее, будущее, М., 1974;
  • Селешников С. И., История календаря и хронология, 2 изд., М., 1972.

რესურსები ინტერნეტში

რედაქტირება
 
ვიკისაწყობში არის გვერდი თემაზე: