შესწორებული იულიუსის კალენდარი
შესწორებული იულიუსის კალენდარი, აგრეთვე ცნობილი მილანკოვიჩის კალენდრის სახელით — კალენდარი, რომელიც შემუშავებულია სერბი მეცნიერის მილუტინ მილანკოვიჩის მიერ 1923 წელს. შესწორებული იულიუსის კალენდარი დაფუძნებულია იულიუსის კალენდარზე და მხოლოდ მცირედით განსხვავდება გრიგორიანული კალენდრისაგან, თუმცა ამ უკანასკნელთან შედარებით დაახლოებით ათჯერ უფრო ზუსტად შეესაბამება ასტრონომიულ წელიწადს. დღემდე შექმნილ კალენდარულ სისტემებს შორის შესწორებული იულიუსის კალენდარი ყველაზე ზუსტია.
გრიგორიანული კალენდრისაგან განსხვავებით, შესწორებულ იულიანურ კალენდარს აკლდება არა სამი დღე ყოველ ოთხას წელიწადში, არამედ შვიდი დღე ყოველ ცხრაას წელიწადში. 900-წლიანი კალენდარული პერიოდი შეიცავს 682 წელიწადს 365 დღით და 218 ნაკიან წელიწდს 366 დღით, შესაბამისად 900-წლიან პერიოდში ჯამში 328 718 დღეა. 2800 წლამდე შესწორებული იულიუსის კალენდარი და გრიგორიანული კალენდარი ერთმანეთის იდენტურია, თარიღები ზუსტად ემთხვევა ერთმანეთს. 2800-დან 5600 წლამდე ზოგიერთ საუკუნეში შესწორებული იულიუსის კალენდარი მხოლოდ ერთი დღით უსწრებს გრიგორიანულ კალენდარს.
გრიგორიანული კალენდარი | იულიუსის კალენდარი | შესწორებული იულიუსის კალენდარი | |
---|---|---|---|
ხანგრძლივობა | 365 დღე, 5 საათი, 49 წუთი და 12 წამი (365,2425 დღე) | 365 დღე, 6 საათი (365,25 დღე) | 365 დღე, 5 საათი, 48 წუთი და 50 წამი (365,24222 წელი) |
ტროპიკული წელი | 365 დღე, 5 საათი, 48 წუთი და 46,1 წამი (365,24217 დღე) | 365 დღე, 5 საათი, 48 წუთი და 46,1 წამი (365,24217 დღე) | 365 დღე, 5 საათი, 48 წუთი და 46,1 წამი (365,24217 დღე) |
სხვაობა | 25,9 წამი (0.00033 დღე) | 11 წუთი და 13.9 წამი (0,00783 დღე) | 3,9 წამი (0,00005 დღე) |
გამოყენება
რედაქტირებაშესწორებულ იულიუსის კალენდარს იყენებენ შემდეგი ავტოკეფალური მართლმადიდებელი ეკლესიები:
კონსტანტინოპოლის, ალექსანდრიის, ანტიოქიის, რუმინეთის, ბულგარეთის, კვიპროსის, საბერძნეთის, ალბანეთის, პოლონეთის, ჩეხეთისა და სლოვაკეთის
იულიუსის კალენდარს იყენებენ შემდეგი მართლმადიდებელი ეკლესიები:
იერუსალიმის, რუსეთის, საქართველოსა და სერბეთის
1923 წლის საერთო მართლმადიდებლურ თათბირზე კონსტანტინოპოლში წარმოდგენილმა მართლმადიდებელმა ეკლესიებმა გადაწყვიტეს 1924 წლის 9 მარტი გამოეცხადებინათ 1924 წლის 23 მარტად და ამგვარად საეკლესიო პრაქტიკა გადაეყვანათ შესწორებულ იულიანურ კალენდარზე, რითაც განხორციელდა სეკულარული და საეკლესიო კალენდრების თანხვედრა.
გამონაკლისი აღმოჩნდა რუსეთის მართლმადიდებელი ეკლესია, რომელმაც ოქტომბრის რევოლუციის შემდგომ განვითარებული პოლიტიკური მიზეზების გამო ვერ შეძლო კონგრესზე მონაწილეობა და ძველ, იულიუსის კალენდარზე დარჩა. ამის შემდგომ ზოგიერთმა სხვა ეკლესიამაც გადახედა თავის გადაწყვეტილებას და მისი აღსრულება გადაავადა, რადგან რუსეთის გარდა კომუნისტური რეჟიმის ქვეშ მოქცეული სხვა ეკლესიებიც განიცდიდნენ პოლიტიკურ გავლენას. სხვა მართლმადიდებელმა ეკლესიებმა კალენდარული რეფორმა საჭიროდ მიიჩნიეს და ახალ კალენდარზე გადავიდნენ. ამან გამოიწვია ის, რომ დღეს სხვადასხვა მართლმადიდებელ ეკლესიაში სხვადასხვა კალენდარი გამოიყენება და დღესასწაულთა თარიღები ერთმანეთს არ ემთხვევა. თუმცა ამ სხვაობას არ მართლმადიდებელ ეკლესიაში განხეთქილება (სქიზმა) არ გამოუწვევია და ევქარისტიული კავშირი თხუთმეტ ავტოკეფალურ ეკლესიას შორის არსებობს.
თავდაპირველად ჩაფიქრებული იყო აღდგომის ახალი კალენდრის მიხედვით აღნიშვნაც, თუმცა რაკი რამდენიმე ეკლესია ძველ კალენდარზე დარჩა, გადაწყდა, რომ აღდგომისა და სხვა მოძრავი დღესასწაულების ახალი კალენდრით აღნიშვნა გადავადებულიყო ყოველ მართლმადიდებელ ეკლესიაში მანამ, სანამ ყველგან არ მოხდება ძველი კალენდრის ჩანაცვლება ახლით. აღდგომის, როგორც ყველაზე მნიშვნელოვანი ქრისტიანული დღესასწაულის აღვნიშვნისას გადამწყვეტი მნიშვნელობა მიენიჭა არა თარიღის ასტრონომიულ სიზუსტეს, არამედ მართლმადიდებელი ეკლესიის ერთობას — პრინციპულად დადგინდა, რომ ეს დღესასწაული ყველამ ერთსა და იმავე დღეს უნდა აღნიშნოს.
შესწორებული იულიუსის კალენდარი საქართველოს ეკლესიაში
რედაქტირებასაქართველოს ეკლესიის საკათალიკოსო საბჭომ 1923 წლის 24 ოქტომბერს კათოლიკოს-პატრიარქ ამბროსის ლოცვა-კურთხევით (რომელიც პატიმრობაში იმყოფებოდა), გამოიტანა განჩინება, რომლის მიხედვითაც უძრავი დღესასწაულები 1923 წლის 1 ნოემბრიდან უნდა აღნიშნულიყო ახალი კალენდრით, ხოლო მოძრავი — ძველი სტილით. ეს განჩინება რეალურადაც განხორციელდა და 1923 წლის 1 ნოემბრიდან 1925 წლის 11 მარტამდე საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესია შესწორებულ იულიუსის კალენდარს გამოიყენებდა.
როგორც კათოლიკოს-პატრიარქი კალისტრატე (ცინცაძე) მოგვიანებით თავის ნაშრომში „მწარე მოგონებანი საქართველოს ეკლესიის ახლო წარსულიდან“ წერს, საქართველოს ეკლესიის ულტრარეფორმისტულად განწყობილმა ჯგუფმა მოინდომა, ახალი სტილით აღენიშნათ აღდგომის დღესასწაულიც, რაც ეწინააღმდეგებოდა როგორც საქართველოს ეკლესიის საკათალიკოსო საბჭოს განჩინებას, აგრეთვე საერთო მართლმადიდებლურ პრაქტიკას. სამღვდელოებისა და მრევლის უდიდესი ნაწილი უარყოფითად შეხვდა აღდგომის თარიღის თვითნებურად შესწორებას, რამაც საყოველთაო მღელვარება გამოიწვია ეკლესიაში. შექმნილი ვითარებიდან გამომდინარე, საპატიმროდან ახლად გამოსულმა კათოლიკოს-პატრიარქმა ამბროსიმ გადაწყვიტა, დროებით შეეჩერებინა შესწორებული კალენდრის მოქმედება და 1925 წლის 11 მარტს საქართველოს ეკლესიის საკათალიკოსო საბჭომ მიიღო ახალი გადაწყვეტილება ძველ სტილზე დროებით დაბრუნების შესახებ.
1927 24 ივნისს საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის IV საეკლესიო კრებამ ხელმეორედ მიიღო გადაწყვეტილება, საქართველოს ეკლესიაში ახალი სტილის კალენდრის შემოღებისა. ამ გადაწყვეტილებას თბილისში დადებითად შეხვდნენ, თუმცა რეგიონულ ეპარქიებში სამღვდელოებისა და მრევლის ნაწილმა წინააღმდეგობა გამოხატა კალენდრის შესწორების გამო. ეკლესიაში შექმნილი არეულობის გამო, მომდევნო 1928 წლის 28 სექტემბერს საქართველოს ეკლესიის საკათალიკოსო სინოდმა მიიღო ახალი განჩინება შესწორებული კალენდრის მოქმედების დროებით შეჩერებისა და ძველ სტილზე დაბრუნების შესახებ. აღსანიშნავია, რომ განჩინება ეპისკოპოსებს ავალებდა, სამომავლოდ გაეწიათ პროპაგანდა ახალი სტილის, შესწორებული იულიუსის კალენდრის სასარგებლოდ.
შემდგომ პერიოდში საქართველოს მართლმადიდებელ ეკლესიაში შესწორებულ იულიუსის კალენდარზე დაბრუნების საკითხი აღარ განხილულა.
რესურსები ინტერნეტში
რედაქტირება- შესწორებული იულიუსის კალენდარი, წმინდა პავლე მოციქულის სახელობის მართლმადიდებლური ღვთისმეტყველების ცენტრი
- დეკანოზი ილია ჭიღლაძე: საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესია და ე. წ. „ახალი სტილი“ (შესწორებული იულიუსის კალენდარი), წმინდა პავლე მოციქულის სახელობის მართლმადიდებლური ღვთისმეტყველების ცენტრი
- The Calendar of the Orthodox Church by Dr. Lewis J. Patsavos, Ph.D.
- The "Revised" Julian Calendar: Memorandum of Explanation by the Holy Synod (Orthodox Church in America)
- Liturgical Havoc Wreaked by the "New Julian" Calendar by Hieromonk Cassian
- The Essence of the Church Calendar
- On the Question of the "Revised Julian Calendar" დაარქივებული 2015-10-24 საიტზე Wayback Machine. by Father George Lardas
- The 70th Anniversary of the Pan-Orthodox Congress, Part I of II by Bishop Photius of Triaditsa
- The 70th Anniversary of the Pan-Orthodox Congress, Part II of II by Bishop Photius of Triaditsa
- Freeware calendar date conversion and astronomy events calculator for Windows. Interconverts dates of Revised Julian, Julian, Gregorian and several other calendars.