თუთიყუშისნაირნი (Psittaciformes) — ფრინველების რიგი. მათი სხეულის სიგრძე 9,5 სმ-იდან 1 -მდე მერყეობს, წონა 10 -იდან 1 კგ-ზე მეტი, შეფერილობა მკვეთრია, ჭარბობს ღია მწვანე ფერი. აქვთ კაუჭისებრი მასიური ნისკარტი, მოღუნულბრჭყალებიანი ღონიერი ფეხები, მე-4 თითი უკანაა მიბრუნებული და ძლიერ მოქნილია. ფრთები გრძელი და წვეტიანია. რიგში 315 სახეობაა.

თუთიყუშისნაირნი
Cacatua leadbeateri
Cacatua leadbeateri
მეცნიერული კლასიფიკაცია
სამეფო:  ცხოველები
ტიპი:  ქორდიანები
კლასი:  ფრინველები
რიგი:  თუთიყუშისნაირნი
ლათინური სახელი
Psittaciformes

თუთიყუშისნაირებს ყოფენ 2 ოჯახად:

  1. ლორები ანუ ფუნჯიანები (Loridae), რომელთა ენის წვერი შეიცავს მრავალრიცხოვან ძაფისებრ დვრილს. ოჯახში 60 სახეობაა.
  2. გლუვენიანები ანუ ნამდვილი თუთიყუშები (Psittacidae) აერთიანებს 255 სახეობას.

თუთიყუშისნაირნი გავრცელებული არიან მეტწილად ტროპიკულ სარტყელში, თუმცა ამერიკაში აღწევენ ჩრდილო განედის 42°-სა და სამხრეთ განედის 54°-ს. თუთიყუშისნაირთა უმეტესობა მეხეურია. ერთეულები (ნესტორი, ციანორამფუსი და სხვა) ცხოვრობენ ველებსა და ნახევრად უდაბნოებში. ზოგიერთ თუთიყუშისნაირს (ახალზელანდიური კაკაპო ანუ ბუსებრი თუთიყუში) დაკარგული აქვს ფრენის უნარი. თუთიყუშისნაირნი მონოგამური ფრინველებია. ბუდეს იკეთებენ ხის ფუღუროებში, ქვებს შორის ნაპრალებში და სხვა.

დედალი დებს 2-3 ან 5-8 თეთრ კვერცხს. კრუხობს მეტწილად დედალი. ინკუბაცია გრძელდება 3 კვირამდე. ბარტყი იჩეკება შიშველი და თვალაუხილავი. თუთიყუშისნაირნი იკვებებიან მცენარეული (ნაყოფი, თესლი, ნექტარი), იშვიათად ცხოველური (მწერები) საკვებით. ახალ ზელანდიაში ნესტორი ხანდახან თავს ესხმის ცხვრებს. ზოგი თუთიყუშისნაირნი (არა, ჟაკო) მნიშვნელოვან ზიანს აყენებს მეურნეობას. თუთიყუშისნაირნი ავადდებიან ფსიტაკოზით (ორნითოზით), რომელიც შეიძლება ადამიანსაც გადაედოს. ლამაზი კაშკაშა შეფერილობისა და ხმის მიბაძვის უნარის გამო თუთიყუშისნაირნი ხშირად ჰყავთ გალიებში.

რესურსები ინტერნეტში

რედაქტირება

ლიტერატურა

რედაქტირება