სისტემა,
პერიოდი
სექცია,
ეპოქა
სართული,
საუკუნე
საუკუნე (Ma)
პალეოგენი პალეოცენი დანიური უფრო ახალგაზრდა
ცარცული ზედა
ცარცული
მაასტრიხტული 65,5–70,6
კამპანიური 70,6–83,5
სანტონური 83,5–85,8
კონიაკური 85,8–88,6
ტურონული 88,6–93,5
სენომანური 93,5–99,6
ქვედა
ცარცული
ალბური 99,6–112
აპტური 112–125
ბარემული 125–130
ჰოტრივული 130–133,9
ვალანჟინური 133,9–140,2
ბერიასული 140,2–145,5
იურული ზედა იურული ტიტონური უფრო ძველი
ცარცული სისტემის სტრატიგრაფიული დანაწილების სქემა,
სტრატიგრაფიის საერთაშორისო კომისიის მიხედვით[1]

ცარცული სისტემა (პერიოდი) (სახელი ეწოდა ევროპის ტერიტორიაზე ამ სისტემის ნალექებში საწერი ცარცის ფართო გავრცელების გამო) — მეზოზოური ჯგუფის რიგით მესამე (უკანასკნელი) სისტემა (გეოლოგიური წელთაღრიცხვის მეზოზოური ერის უკანასკნელი პერიოდი). მოსდევს იურულ სისტემას (პერიოდს) და წინ უსწრებს პალეოგენურ სისტემას (პერიოდს). აბსოლუტური გეოქრონოლოგიით ცარცული პერიოდი დაიწყო 135-137 მლნ. წლის წინათ და გრძელდებოდა დაახლოებით 70 მლნ. წელი. ცარცული სისტემა გამოყო 1822 წელს ბელგიელმა გეოლოგმა ჟ. ომელიუს დ’ალუამ პარიზის აუზში.

ცარცული სისტემა იყოფა 2 სექციად, სექციები — სართულებად. ბერიასული, ვალანჟინური, ჰოტრივული და ბარემული სართულები გაერთიანებულია ნეოკომურ ზესართულად, ხოლო კონიაკური, სანტონური, კამპანური და მაასტრიხტული სართულები - სენონურ ზესართულად. იურული პერიოდის ბოლოს მომხდარი ზღვის ვრცელი რეგრესიის შედეგად ადრინდელ ცარცულ ეპოქაში ზღვიური აუზები შემორჩა ხმელთაშუა ზღვის არეში, დასავლეთ ამერიკისა და აღმოსავლეთ აზიის გეოსინკლინურ როფებში, აღმოსავლეთ ევროპის ბაქნის აღმოსავლეთ ნაწილში, ჩრდილოეთ ციმბირში და სხვა ადგილებში. ბაქნების ვრცელი არეები, განსაკუთრებით სამხრეთ ნახევარსფეროში, ხმელეთს წარმოადგენდა. ცარცული პერიოდის შუაში წყნარი ოკეანის პერიფერიის გეოსინკლინურ სარტყლებში გაძლიერდა ტექტონიკური მოძრაობები. გვიანდელ ცარცულ ეპოქაში დედამიწა ისტორიაში ერთ-ერთი უდიდესი ტრანსგრესიის შედეგად ზღვამ მოიცვა აღმოსავლეთ ევროპის, ჩრდილოეთ ამერიკის, აფრიკის და ავსტრალის ბაქნების ვრცელი ფართობები. ცარცული პერიოდის ბოლოს განახლდა ტექტონიკური მოძრაობები წყნარი ოკეანის პერიფერიაზე. გვიანდელ ცარცულ ეპოქაში დედამიწის მრავალ ადგილას აღინიშნება მძლავრი ვულკანიზმი. ცარცულ პერიოდში გრძელდებოდა გონდვანის შემდგომი დანაწევრება. ადრინდელი ცარცული ეპოქის ხმელეთის ფლორაში ჭარბობდა გვიმრანაირები და შიშველთესლოვნები. გაჩნდა პირველი ფარულთესლიანები, რომლებიც ეპოქის ბოლოს გაბატონდნენ. ხერხემლიანთა ფაუნაში ყველაზე მეტად იყვნენ გავრცელებული ქვეწარმავლები (დინოზავრები და მფრინავი ხვლიკები); გაჩნდა პირველი პლაცენტიანი ძუძუმწოვრები. ზღვიურ უხერხემლოთა ფაუნაში ჭარბობდნენ მოლუსკები, განსაკუთრებით ამონიტები და ბელემნიტები. ცარცული პერიოდის ბოლოს ამოწყდა ამ პერიოდისათვის და საერთოდ მეზოზოური ერისათვის დამახასიათებელი ცხოველების რამდენიმე ჯგუფი: ამონიტები, ბელემნიტები, რუდისტები, დინოზავრები, მფრინავი ხვლიკები და სხვა ცხოველები.

ცარცული სისტემის ნალექები ყველა კონტინენტზეა გავრცელებული ბურღვით ისინი დადგენილია ოკეანის ფსკერზედაც.

სასარგებლო წიაღისეულიდან ცარცული სისტემის ნალექებში აღსანიშნავია ქვანახშირისა და მურა ნახშირის, ნავთობისა და აირის, რკინის მადნის, მარილების, ფოსფორიტებისა და სხვა საბადოები.

ლიტერატურა

რედაქტირება
  • ჯანელიძე ა., ისტორიული გეოლოგიის მოკლე კურსი, თბ., 1963;
  1. ICS Timescale Chart.