ბელემნიტები (ლათ. Belemnitida), ამომწყდარ ცხოველთა რიგი თავფეხიანთა კლასისა. ცხოვრობდნენ კარბონული პერიოდიდან პალეოგენურამდე. გარეგნულად ემსგავსებიან თანამედროვე კალმარებსა (Teuthoidea) და სიპინებს (Sepiidae), მაგრამ, მათგან განსხვავებით, აქვთ შიგა ნიჟარა, რომელიც ფრაგმოკონის, პროოსტრალიმისა და როსტრუმისაგან შედგება. კამერებად დაყოფილ ფრაგმოკონში ზურგის მხარეს მიუყვება სიფონი, რომლის საშუალებითაც მყარდება კავშირი სხეულისა და კამერებს შორის. ფირფიტისებრი პროოსტრაკუმი ფრაგმოკონის წინ მდებარეობა. იგი ძლიერ თხელია, ადვილად იშლება და იშვიათად განამარხდება. როსტრუმი (სიგრძე 40 სმ-მდე) ფრაგმოკონს დაზიანებისაგან იცავდა და ცხოველს ჰორიზონტალურად ცურვას უადვილებდა. ბელემნიტები ბინადრობდნენ ზღვებში, კარგად ცურავდნენ. ფართოდ გავრცელებული მტაცებლები იყვნენ, გამოირჩეოდნენ სახეობათა სიმრავლითა და მრავალფეროვნებით, ახასიათებდატ სწრაფი ევოლუცია, რის გამოც ისინი მიჩნეულია სახელმძღვანელო ნამარხებად იურული და ცარცული სისტემებისათვის. საქართველოში ბელემნიტები ხშირად გვხვდებოდა ქვედა იურულ (ლიასი) ნალექებში, შედარებით იშვიათად - შუა და ზედა იურულში. განსაკუთრებით ფართოდ იყვნენ გავრცელებული ცარცულ ნალექებში.

ლიტერატურა

რედაქტირება