სოლომონის კუნძულები
სოლომონის კუნძულები (ინგლ. Solomon Islands) — ქვეყანა ოკეანეთში, წყნარი ოკეანის სამხრეთ-დასავლეთ ნაწილში, მელანეზიაში. უკავია სოლომონის არქიპელაგის დიდი ნაწილი და ზოგიერთი სხვა კუნძულოვანი ჯგუფები. სახელმწიფო შედგება, დაახლოებით, ათასი კუნძულისგან. მდებარეობს პაპუა-ახალი გვინეიდან აღმოსავლეთით. სოლომონის კუნძულების ფართობი შეადგენს 28 400 კვადრატულ კილომეტრს. 2009 წლის აღწერის მონაცემებით, მოსახლეობის რაოდენობა შეადგენს 515 870 ადამიანს[1]. დედაქალაქი — ჰონიარა, მდებარეობს კუნძულ გუადალკანალზე.
სოლომონის კუნძულები | ||||||
---|---|---|---|---|---|---|
დევიზი: "To Lead is to Serve" | ||||||
ჰიმნი: God Save Our Solomon Islands |
||||||
|
||||||
დედაქალაქი (და უდიდესი ქალაქი) | ჰონიარა 9°28′ ს. გ. 159°49′ ა. გ. / 9.467° ს. გ. 159.817° ა. გ. | |||||
ოფიციალური ენა | ინგლისური ენა | |||||
მთავრობა | კონსტიტუციური მონარქია | |||||
- | მეფე | ჩარლზ III | ||||
- | გენერალ-გუბერნატორი | ფრენკ კაბუი | ||||
- | პრემიერ-მინისტრი | გორდონ დარსი ლილო | ||||
ფართობი | ||||||
- | სულ | 28 400 კმ2 (142-ე) | ||||
- | წყალი (%) | 3.2 | ||||
მოსახლეობა | ||||||
- | 2005 შეფასებით | 552 438 (170-ე) | ||||
- | 2009 აღწერა | 515 870 (2009 წელი) | ||||
- | სიმჭიდროვე | 17 კაცი/კმ2 (189-ე) | ||||
მშპ (მუპ) | 2005 შეფასებით | |||||
- | სულ | $911 მილიონი (171-ე) | ||||
- | ერთ მოსახლეზე | $1894 (146-ე) | ||||
აგი (2007) | 0.552 (საშუალო) (136-ე) | |||||
ვალუტა | სოლომონის კუნძულების დოლარი (SBD ) |
|||||
დროის სარტყელი | UTC+11:00 | |||||
Internet TLD | .sb | |||||
სატელეფონო კოდი | 677 |
გეოგრაფია
რედაქტირებასახელმწიფო მდებარეობს კუნძულ ახალი გვინეიდან აღმოსავლეთით და შედგება, დაახლოებით, ათასი კუნძულისაგან. ყველაზე დიდი კუნძულებია: გუადალკანალი, სანტა-ისაბელი, მალაიტა, სან-კრისტობალი, შუაზელი, ბელონა, რენელი, სუოლოუ. ასევე, მოიცავს კუნძულოვან ჯგუფებს: ნიუ-ჯორჯიის კუნძულები, დაფის კუნძულები, სანტა-კრუსის კუნძულები, ნგელას კუნძულები და სხვა.
კუნძულები, უპირატესად, ვულკანური წარმოშობისაა. ქვეყანაში არსებობს მოქმედი ვულკანები. ქვეყნის უმაღლესი წერტილი ზღვის დონიდან — პიკი პოპომანასეუ გუადალკანალის კუნძულზე მდებარეობს და სიმაღლით 2 335 მეტრია[2]. მდინარეები სიგრძეში მოკლე, მაგრამ წყალუხვებია.
კლიმატი სუბეკვატორულია, საკმაოდ ნოტიო. თვის საშუალო ტემპერატურაა 26 °C-დან 28 °C-მდე. ნალექები 2 300 მმ-დან 7 500 მმ-მდეა წელიწადში. მაისიდან ოქტომბრის ჩათვლით ჭარბობს სამხრეთ-აღმოსავლეთის პასატები, დეკემბრიდან მარტის ჩათვლით — ჩრდილო-დასავლეთის ეკვატორული მუსონები.
კუნძულების დიდი ნაწილი დაფარულია მარადმწვანე ტყეებით (პალმები, ფიკუსები და სხვა); უფრო მეტად მშრალი ადგილები — სავანებით; სანაპიროები — მანგროს ტყეებით. ცხოველთა სამყაროდან აღსანიშნავია: ვირთხები, ღამურები, ნიანგები, ხვლიკები, გველები, გიგანტური ბაყაყები; ფრინველებიდან — გარეული მტრედები, თუთიყუშები და სხვა.
სეისმოლოგია
რედაქტირებასოლომონის კუნძულები მდებარეობს სეისმურად სახიფათო რეგიონში — წყნარი ოკეანის ვულკანურ ცეცხლოვან რგოლში, სადაც ხშირად ხდება მიწისძვრები. 2010 წლის იანვარში მოხდა მიწისძვრა, რომლის ბიძგების მაგნიტუდამ 7,2 ბალი შეადგინა, ბიძგებმა ხელი შეუწყო ცუნამის წარმოშობას ტალღების მაქსიმალური სიმაღლით 2,5 მეტრი. საერთო ჯამში, უსახლკაროდ დარჩა, დაახლოებით, ათასი ადამიანი. ბიძგები მაგნიტუდით 6,9 ბალი, აღინიშნა 2011 წლის 23 აპრილს. უკანასკნელი ბიძგები 2013 წლის 6 თებერვალს მოხდა მაგნიტუდით 8,0 ბალი.
ისტორია
რედაქტირებაპაპუასურ ენებზე მოლაპარაკე პირველმა მოსახლეებმა სოლომონის კუნძულებზე შემოსვლა დაიწყეს ჩვენს წელთაღრიცხვამდე, დაახლოებით, 3000 წელს, ხოლო ავსტრონეზიულ ენებზე მოლაპარაკეებმა — დაახლოებით 4 000 წლის წინ. მათ თან შემოიტანეს ისეთი კულტურის ელემენტები, როგორიცაა კანოე აუტრიგერით. ჩვენს წელთაღრიცხვამდე დაახლოებით 1200 და 800 წლებს შორის პერიოდში ბისმარკის არქიპელაგიდან კუნძულებზე მოვიდნენ პოლინეზიელების წინაპრები (ლაპიტას კულტურის ხალხი), რომლებიც ფლობდნენ თიხისგან ჭურჭლის დამზადების ტექნიკას.[3]
სოლომონის კუნძულები 1568 წელს აღმოაჩინა ესპანელმა მეზღვაურმა ალვარო დე ნეირა მენდანიამ, რომელიც ადგილობრივ მაცხოვრებლებს სანებს ოქროზე უცვლიდა, რის გამოც ეს არქიპელაგი „სოლომონის ოქროს ქვეყანას“ შეადარა და მას სოლომონის კუნძულები დაარქვა.
შემდგომი ორი ასწლეულის განმავლობაში არქიპელაგზე ევროპელები არ გამოჩენილან. ხელმეორედ არქიპელაგი 1767 წელს აღმოაჩინა ინგლისელმა ფილიპ კარტერეტმა.
1840-იანი წლების შუიდან სოლომონის კუნძულებზე კათოლიკე და პროტესტანტმა მისიონერებმა არაერთხელ სცადეს დამკვიდრება, მაგრამ დიდი ხნის განმავლობაში მათ ეს ვერ მოახერხეს: ბევრი მათგანი აბორიგენებმა მოკლეს.
ევროპელების მიერ სოლომონის კუნძულების ათვისება დაიწყო მხოლოდ 1860-იანი წლებიდან, როდესაც იქ ფეხი მოიკიდეს პირველმა თეთრკანიანმა ვაჭრებმა. აბორიგენები ცდილობდნენ დაეხოცათ ეს ვაჭრები, მაგრამ მათ, მისიონერებისგან განსხვავებით, შეძლეს საკუთარი თავდაცვის ორგანიზება.
1893 წელს დიდმა ბრიტანეთმა გამოაცხადა თავისი პროტექტორატი სოლომონის კუნძულებზე. 1907 წლიდან ინგლისელმა მეწარმეებმა სოლომონის კუნძულებზე დაიწყეს ქოქოსის პალმის პლანტაციების შექმნა. XX საუკუნის დასაწყისში არქიპელაგზე კვლავ გამოჩნდნენ მისიონერები, რომლებმაც აბორიგენებს ქრისტიანობა მიაღებინეს.
მეორე მსოფლიო ომის დროს არქიპელაგის კუნძულების ნაწილი იაპონიამ დაიპყრო. 1942 წლიდან 1945 წლამდე კუნძულებზე მიმდინარეობდა გუადალკანალის ბრძოლა იაპონელებსა და ანტიჰიტლერული კოალიციის ქვეყნებს შორის (დიდი ბრიტანეთი, აშშ, ავსტრალია და ახალი ზელანდია), რომელიც იაპონელთა დამარცხებით დამთავრდა.
1978 წლის ივლისში სოლომონის კუნძულებმა მიიღო დამოუკიდებლობა დიდი ბრიტანეთისგან. სახელმწიფოში არის კონსტიტუციური მონარქია, ქვეყნის მმართველად გაერთიანებული სამეფოს მონარქი ჩარლზ III ითვლება. ქვეყნის პირველი პრემიერ-მინისტრი გახდა პიტერ კენილორეა.
1998 წლიდან სოლომონის კუნძულებზე საკმაოდ გამწვავდა ტომთაშორისი დაძაბულობა, რამაც შეიარაღებული დაპირისპირება გამოიწვია. 2003 წლის ივნისში პრემიერ-მინისტრმა ალან კემაკეზამ დახმარების თხოვნით მიმართა ავსტრალიას, ქვეყანაში კანონისა და წესრიგის აღდგენაზე. მომდევნო თვეს სოლომონის კუნძულებზე ჩავიდნენ ავსტრალიის, ახალი ზელანდიის და ოკეანეთის ზოგიერთი ქვეყნების (ფიჯი, პაპუა-ახალი გვინეა, ტონგა და სხვა) სამხედრო და პოლიციური ძალები — „სოლომონის კუნძულების დახმარების რეგიონული მისია“ (RAMSI), სულ, დაახლოებით, 2200 პოლიციელი და სამხედრო პირი. მათ აღადგინეს წესრიგი და განაიარაღეს ტომების მებრძოლები.
პოლიტიკური მოწყობა
რედაქტირებასოლომონის კუნძულების პოლიტიკური წყობაა — კონსტიტუციური მონარქია ხელისუფლების პარლამენტარული სისტემით. დედოფალი ელისაბედ II — სოლომონის კუნძულების მონარქი და სახელმწიფოს მეთაურია. მის ხელისუფლებას წარმოადგენს გენერალ-გუბერნატორი, რომელსაც ირჩევს პარლამენტი ხუთი წლის ვადით.
პარლამენტი ერთპალატიანია, შედგება 50 წარმომადგენლისაგან, ირჩევა ყოველ ოთხ წელიწადში. უკანასკნელი არჩევნების შედეგების მიხედვით (2010 წლის აგვისტო) პარლამენტში 19 დამოუკიდებელი დეპუტატი და 12 პოლიტიკური პარტიის წარმომადგენელია (ყველაზე დიდ პარტიას ჰყავს — 13 დეპუტატი, დანარჩენებს — 3-დან 1 დეპუტატამდე). პარლამენტი შეიძლება ვადამდე დათხოვნილ იქნეს მისი წევრების ხმათა უმრავლესობით.
21 წელზე უფროსი ასაკის ნებისმიერ სოლომონის კუნძულების მოქალაქეს აქვს უფლება მიიღოს მონაწილეობა არჩევნებში[4]. მთავრობის მეთაურია — პრემიერ-მინისტრი, მას ირჩევს პარლამენტი და იგი ნიშნავს სხვა მინისტრებს. მინისტრთა კაბინეტი შედგება 20 ადამიანისაგან. თითოეულ სამინისტროს ხელმძღვანელობს მინისტრი, რომელსაც ეხმარება მდივანი (Permanent Secretary).
სოლომონის კუნძულების პოლიტიკური პარტიები სუსტებია, პარლამენტური კოალიციები საკმაოდ არასტაბილურია. მთავრობას ხშირად უცხადებენ უნდობლობის ვოტუმს და შედეგად მთავრობის შემადგენლობა ხშირად იცვლება. მინისტრთა კაბინეტის შემადგენლობის ცვლილება — ასევე ჩვეულებრივი საქმეა.
სოლომონის კუნძულებზე სამხედრო ქვედანაყოფები არ არსებობს, თუმცა დაახლოებით 500 კაცისაგან შემდგარ პოლიციაში, შედის საზღვრების დაცვის ქვედანაყოფი. პოლიცია ასრულებს მეხანძრეთა ფუნქციას, დახმარებას უწევს საგანგებო სიტუაციების დროს და ახორციელებს საზღვაო პატრულირებას. პოლიციას ხელმძღვანელობს გენერალ-გუბერნატორის მიერ დანიშნული კომისარი. კომისარს აკონტროლებს პრემიერ-მინისტრი.
- 2006 წლის 23 აპრილს შედგა ახალი მთავრობის ინაგურაციის ცერემონია, რომელსაც თავში ჩაუდგა სნაიდერ რინი. ახალი მთავრობის მიზანი იყო გაეძლიერებინა ბრძოლა კორუფციასთან, რომელიც მიზეზი გახდა ახლო წარსულში მომხდარი მასობრივი უწესრიგობებისა, რის შედეგადაც დედაქალაქის რამდენიმე რაიონი (უპირველეს ყოვლისა ჩინური კვარტალი) ბოლომდე დაიწვა.
იმავე დღეს ქვეყნიდან დაიწყო ეთნიკური ჩინელების მასიური ევაკუაცია, რომელთა რაოდენობა აქამდე 2 ათასამდე იყო. ზუსტად ისინი გახდნენ ადგილობრივი მოსახლეობის უკმაყოფილების მთავარ ობიექტად. სნაიდერ რინის, რომელსაც აქამდე ეკავა პრემიერ-მინისტრის მოადგილის პოსტი, ჰქონდა მჭიდრო საქმიანი კონტაქტები ჩინურ თემთან და ბევრით იყო მათზე დამოკიდებული.
საერთაშორისო ურთიერთობები
რედაქტირებასოლომონის კუნძულები — გაერთიანებული ერების ორგანიზაციის, ერთა თანამეგობრობის, წყნარი ოკეანის თანამეგობრობის სამდივნოს, წყნარი ოკეანის კუნძულების ფორუმის, საერთაშორისო სავალუტო ფონდის და აფრიკის, კარიბის აუზის და წყნარი ოკეანის რეგიონის ქვეყნების წევრია.
ურთიერთობა პაპუა-ახალ გვინეასთან, რომელიც დაიძაბა ქვეყანაში კუნძულ ბუგენვილიდან დევნილების შემოსვლის გამო, რომლის მიზეზიც გახდა ბუგენვილელი სეპარატისტების აჯანყება და შემდეგ ამ აჯანყებულთა წინააღმდეგ სამთავრობო ჯარების შეტევა, აღდგა. ბუგენვილის თაობაზე მშვიდობიან შეთანხმებას მიაღწიეს 1998 წელს, საზღვრებთან დაკავშირებული ყველა საკითხი დარეგულირდა 2004 წელს ხელმოწერილი პაპუა-ახალ გვინეასა და სოლომონის კუნძულებს შორის მიღწეული შეთანხმებით.
ადმინისტრაციული მოწყობა
რედაქტირებაადმინისტრაციულად სოლომონის კუნძულები დაყოფილია 9 პროვინციად. ამასთან ერთად ქვეყნის დედაქალაქი ჰონიარა, რომელიც კუნძულ გუადალკანალზე მდებარეობს, გამოყოფილია განსაკუთრებულ ადმინისტრაციულ ერთეულად — დედაქალაქის ტერიტორიად.
№ | პროვინცია | ადმინისტრაციული ცენტრი | ფართობი, კმ² |
მოსახლეობა,[1] ად. (2009) |
სიმჭიდროვე, ად./კმ² |
---|---|---|---|---|---|
1 | ცენტრალური პროვინცია | ტულაგი | 615 | 26 051 | 42,36 |
2 | შუაზელის პროვინცია | ტარო | 3837 | 26 372 | 6,87 |
3 | გუადალკანალის პროვინცია | ჰონიარა | 5336 | 93 613 | 17,54 |
4 | ისაბელის პროვინცია | ბუალა | 4136 | 26 158 | 6,32 |
5 | მაკირა-ულავა | კირაკირა | 3188 | 40 419 | 12,68 |
6 | მალაიტას პროვინცია | აუკი | 4225 | 137 596 | 32,57 |
7 | რენელი და ბელონა | ტიგოა | 671 | 3041 | 4,53 |
8 | ტემოტუ | ლატა | 895 | 21 362 | 23,87 |
9 | დასავლეთი პროვინცია | გიზო | 5475 | 76 649 | 14,00 |
10 | დედაქალაქის ტერიტორია | ჰონიარა | 22 | 64 609 | 2936,77 |
სულ | 28 400 | 515 870 | 18,16 |
მოსახლეობა
რედაქტირებამოსახლეობის რაოდენობა — 515 870 ად. (2009 წლის აღწერა).
მოსახლეობის წლიური ზრდა — 2,3 % (2009 წლის აღწერა).
შობადობა — 26,9 ახალდაბადებული 1000 ქალზე (ფერტილობა — 3,4 დაბადებული ქალზე)
სიკვდილიანობა — 3,7 1000 ადამიანზე.
სიცოცხლის საშუალო ხანგრძლივობა — 71 წელი მამაკაცებისთვის, 76 წელი ქალებისთვის.
ეთნიკური შემადგენლობა: მელანეზიელები — 95,3 % (491 466 ად.), პოლინეზიელები — 3,1 % (15 911 ად.), მიკრონეზიელები — 1,2 % (6446 ად.), ჩინელები — 0,1 % (654 ად.), ევროპელები — 0,1 % (721 ად.), სხვები — 0,1 % (672 ად.) (2009 წლის აღწერა).[5]
ენები: ინგლისური (ოფიციალური) — მასზე ლაპარაკობს მოსახლეობის 1-2 %, საყოველთაო ურთიერთობისათვის გამოიყენება მელანეზიური პიჯინის ერთ-ერთი ნაირსახეობა — სოლომონის კუნძულების პიჯინი (ნეო-სოლომონიკი, სოლომონური პიჯინი), სინამდვილეში იგი კრეოლური ენაა. სულ ქვეყანაში 120 ადგილობრივი ენაა.
რელიგია: მელანეზიის ეკლესიის მიმდევრები — 31,9 % (164 639 ად.), კათოლიკები — 19,6 % (100 999 ად.), სამხრეთის ზღვების ევანგელისტები — 17,1 % (88 395 ად.), მეშვიდე დღის ადვენტისტები — 11,7 % (60 506 ად.), პაპუა-ახალი გვინეისა და სოლომონის კუნძულების გაერთიანებული ეკლესიის მიმდევრები — 10,1 % (51 919 ად.), ქრისტიანული ამხანაგობის ეკლესიის მიმდევრები — 2,5 % (13 153 ად.), სხვა ქრისტიანები — 4,4 %, სხვები — 2,7 % (14 076 ად.). (2009 წლის აღწერა).[5]
სოლომონის კუნძულების მოსახლეობის განათლების დონის შესახებ მონაცემები — არ არსებობს.
ქალაქებში მცხოვრები მოსახლეობის წილი — 19,7 % (101 798 ად.) (2009 წლის აღწერა).
ეკონომიკა
რედაქტირებაქვეყნის ეკონომიკის საფუძველია — სოფლის მეურნეობა, თევზჭერა, ხე-ტყის დამზადება.
მომუშავეთა სამი მეოთხედი დაკავებულია სოფლის მეურნეობაში, ასევე თევზჭერის და ხე-ტყის დამზადების სფეროში. საწარმოო სექტორში (თევზის გადამუშავება, ტყის მასალები) დასაქმებულია მომუშავეთა 5 %, მომსახურების სფეროში — 20 %.
მთლიანი შიდა პროდუქტი ერთ სულ მოსახლეზე (2009 წელს) — 2,5 ათასი დოლარი (177-ე ადგილი მსოფლიოში).
მოჰყავთ კაკაო, ქოქოსის პალმა, ბრინჯი, კარტოფილი, ბოსტნეული კულტურები, ხილი. უვლიან შინაურ ცხოველებს.
ქვეყანას აქვს ტყვიის, თუთიის, ნიკელის და ოქროს დიდი მარაგი, ასევე ბოქსიტების და ფოსფატების, მარაგიც, მაგრამ ისინი არ მუშავდება.
საგარეო ვაჭრობა
რედაქტირებაექსპორტი — 0,24 მილიარდი დოლარი. 2008 წელს — ხე-ტყე, თევზი, კოპრა, პალმის ზეთი, კაკაო.
ძირითადი მყიდველები (2009 წელი) — ჩინეთი — 54,1 %, სამხრეთ კორეა — 6,2 %, ფილიპინები — 6 %, ესპანეთი — 4,9 %.
იმპორტი — 0,26 მილიარდი დოლარი. 2008 წელს — საკვები პროდუქტები, სამრეწველო საქონელი, საწვავი, ქიმიური პროდუქტები.
ძირითადი მომწოდებლები (2009 წელი) — სინგაპური — 24,7 %, ავსტრალია — 23,1 %, ახალი ზელანდია — 5,2 %, ფიჯი — 4,5 %, პაპუა-ახალი გვინეა — 4,3 %, მალაიზია — 4 %.
კულტურა
რედაქტირებასოლომონის კუნძულებზე მნიშვნელოვან ფარგლებში შენარჩუნებულია საკუთარი ძველი კულტურული სახე.
სოფლებში ჭარბობს ტრადიციული ტიპის სახლები: მსუბუქი, მართკუთხა ქოხები ბოძებზე მიმაგრებული კედლებით და პალმის ფურცლებიანი ორფერდიანი სახურავით. მაგრამ მსხვილ დასახლებულ პუნქტებში არცთუ ისე ცოტაა ევროპული ტიპის ნაგებობები.
ტანსაცმელში ევროპულმა ელემენტებმა მნიშვნელოვნად შეზღუდა ტრადიციული, მაგრამ ადგილობრივი მოსახლეობის ნაწილი აგრძელებს თეძოებზე შემოკრული სახვევების და მოკლე კაბების ტარებას.
კუნძულელების სულიერ კულტურაში ტრადიცია ასევე მჭიდროდაა გადაბმული თანამედროვეობასთან. ადგილობრივ მოსახლეობას შორის შედარებით კარგად შენარჩუნებულია ფოლკლორი, საკუთარი სიმღერები და ცეკვები, გამოყენებითი ხელოვნება, მაგრამ ასევე ნელ-ნელა მკვიდრდება თანამედროვე კულტურაც.
სპორტი
რედაქტირებასოლომონის კუნძულების ნაკრები ფეხბურთში ისტორიაში შევიდა, როგორც პირველი გუნდი, რომელმაც მოუგო ახალი ზელანდიის ნაკრებს და გავიდა 2006 წლის მსოფლიო საფეხბურთო ჩემპიონატის შესარჩევ პლეი-ოფში. მაგრამ პლეი-ოფის პირველივე შეხვედრაში მათ წააგეს ავსტრალიის ნაკრებთან ანგარიშით 0:7.
2008 წლის 14 ივნისს სოლომონის კუნძულების ეროვნულმა ნაკრებმა ფუტსალში გაიმარჯვა ფიჯიში ჩატარებულ ფუტსალის ოკეანეთის ჩემპიონატში და მიიღო უფლება მონაწილეობა მიეღო 2008 წლის ფუტსალის მსოფლიო ჩემპიონატში, რომელიც ტარდებოდა 2008 წლის 30 სექტემბრიდან 19 ოქტომბრამდე ბრაზილიაში. სოლომონის კუნძულების ნაკრები პლაჟის ფეხბურთში ითვლება ოკეანეთის საუკეთესო ნაკრებად და მონაწილეობას იღებდა ბოლო სამ პლაჟის ფეხბურთის მსოფლიო ჩემპიონატში.
რესურსები ინტერნეტში
რედაქტირებასქოლიო
რედაქტირება- ↑ 1.0 1.1 მოსახლეობის აღწერა (Recensement national de 2009). დაარქივებულია ორიგინალიდან — 2011-12-16. ციტირების თარიღი: 2014-12-08.
- ↑ Mount Popomanaseu, Solomon Islands. Peakbagger.com. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2012-06-23. ციტირების თარიღი: 2012-05-06.
- ↑ Kirch, Patrick Vinton (2002). On the Road of the Winds: An Archaeological History of the Pacific Islands. Berkley, California: University of California Press. ISBN 0-520-23461-8
- ↑ CIA — The World Factbook — Solomon Islands. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2016-05-27. ციტირების თარიღი: 2014-12-08.
- ↑ 5.0 5.1 სოლომონის კუნძულების მოსახლეობის აღწერა (2009)