დ’ანტრკასტოს კუნძულები
დ'ანტრკასტოს კუნძულები (ინგლ. D'Entrecasteaux Islands) — არქიპელაგი სოლომონის ზღვაში, წყნარი ოკეანის სამხრეთ-დასავლეთ ნაწილში, ეკუთვნის პაპუა-ახალ გვინეას. არქიპელაგი გადაჭიმულია 160 კმ-ზე სიგრძეში, ამასთან ხმელეთის ფართობი შეადგენს დაახლოებით 3100 კმ²-ს. ჩრდილოეთ ნაწილში კუნძულ ახალი გვინეიდან გამოყოფილია უარდ ჰანტის სრუტით, ხოლო სამხრეთ ნაწილში — გოშენის სრუტით. ადმინისტრაციულად მიეკუთვნება რეგიონ პაპუას პროვინცია მილნ-ბეის.
მშობ. სახელი: ინგლ. D'Entrecasteaux Islands | |
---|---|
დ'ანტრკასტოს კუნძულები | |
გეოგრაფია | |
მდებარეობა | სოლომონის ზღვა |
კოორდინატები | 9°39′ ს. გ. 150°42′ ა. გ. / 9.650° ს. გ. 150.700° ა. გ. |
მთავარი კუნძული | ფერგუსონი |
ფართობი | 3100 კმ² |
უმაღლესი წერტილი | 2566 მ |
პაპუა-ახალი გვინეა | |
რეგიონი | პაპუა |
პროვინცია | მილნ-ბეი |
გეოგრაფია
რედაქტირებად'ანტრკასტოს კუნძულები წარმოადგენს კუნძულთა ჯგუფს, რომლებიც მდებარეობენ სოლომონის ზღვაში კუნძულ ახალი გვინეის აღმოსავლეთ დაბოლოებასთან, პაპუის ნახევარკუნძულის ჩრდილოეთი სანაპიროს გასწვრივ. არქიპელაგი ჩრდილოეთ ნაწილში კუნძულ ახალი გვინეიდან გამოყოფილია უორდ-ჰანტის სრუტით, სიგანით დაახლოებით 30 კმ, სამხრეთ ნაწილში — გოშენის სრუტით, სიგანით 18 კმ[1]. გეოლოგიურად არქიპელაგი წარმოადგენს ნაწევებით დანაწევრებულ ოუენ-სტენლის ჰორსტ-ანტიკლინორიულ დაბოლოებას. კუნძულების ჯგუფი გაჭიმულია ჩრდილო-დასავლეთიდან სამხრეთ-აღმოსავლეთისაკენ 160 კმ-ზე.
ჩრდილო-დასავლეთიდან სამხრეთ-აღმოსავლეთისკენ ძირითადი კუნძულებია: გუდენაფი (ანუ ნიდულა[2]; 687 კმ²); ფერგუსონი (ანუ მორატაუ[3]; 1437 კმ²), არქიპელაგის ყველაზე დიდი კუნძული, რომელიც გუდენაფიდან გამოყოფილია მორზბის სრუტით, სიგანით 4 კმ და ნორმანბის კუნძულიდან — დოუსონის სრუტით, სიგანით 3 კმ; და ნორმანბი (ანუ დუაუ[4]; 1040 კმ²). ამ სამი კუნძულის გარდა, კუნძულების ჯგუფის შემადგენლობაში შედიან მრავალი ფართობით უფრო მცირე კუნძულები და რიფები. მათ შორის ყველაზე დიდებია — სანაროა, დობუ, უაგიპა, ნეკუმარა, კუაიოპე, ამფლეტის კუნძულები (18 მომცრო კუნძული). კუნძულების რელიეფი — მთიანია, მწვერვალებით 2000 მეტრზე მეტი (მაქსიმალური სიმაღლე — 2566 მეტრი, ვინეუოს პიკი კუნძულ გუდენაფზე).
გეოლოგიური თვალსაზრისით, დ'ანტრკასტოს კუნძულების უმრავლესობას აქვთ ვულკანური წარმოშობა (ისინი ვუდლარკის აუზის რიფტული სისტემის დასავლეთი ნაწილია და ჩამოყალიბდა დაახლოებით 5 მილიონი წლის წინ წყნარი ოკეანისა და ინდო-ავსტრალიური ფილაქნების შეჯახების შედეგად[5]), და ზოგიერთ მათგანში დღემდე გრძელდება ვულკანური აქტივობა (ვულკანები კუნძულ ფერგუსონის სამხრეთში და კუნძულ ნორმანბიზე აქტიური იყო პლიოცენის და პლეისტოცენის დროს[5]) და არსებობს გეოთერმალური წყაროები, მაგალითად, გუდენაფზე[6] ან ფერგუსონზე.[7] ყველაზე ცხელი გეოთერმალური წყაროები მდებარეობენ სოფელ დეიდეისთან კუნძულ ფერგუსონზე. ფერგუსონსა და ნორმანბის კუნძულებს შორის მდებარეობს კუნძულების პატარა ჯგუფი რამდენიმე ვულკანური ცენტრებით, რომლებიც შეიძლება იყვნენ ერთ-ერთი ადგილობრივი ვულკანის ჩაძირული კალდერის ნაწილი.[8] გეოლოგიურად დ'ანტრკასტოს კუნძულები ავსტრალიური ტექტონიკური ფილაქნის ნაწილია.
ისტორია
რედაქტირება1793 წელს ჟან-ფრანსუა ლაპერუზის დაკარგული გემის ძებნის დროს კუნძულები ევროპელთაგან პირველმა აღმოაჩინა ფრანგმა მოგზაურმა ჟოზეფ ბრუნი დ'ანტრკასტომ.[9] შემდგომში მის პატივსაცემად დაერქვა კუნძულს ეს სახელი. თითქმის ასი წლის გასვლის შემდეგ, 1874 წელს, დ'ანტრკასტოს კუნძულების დასავლეთი ნაწილი გამოიკვლია კაპიტანმა ჯონ მორზბიმ, რომელიც გახდა პირველი ევროპელი, რომელიც გადაჯდა არქიპელაგზე.[10] 1888 წელს მოხდა დ'ანტრკასტოს კუნძულების ფორმალური ანექსია ბრიტანეთის იმპერიის მიერ, რომელიც გახდა ბრიტანეთის ახალი გვინეის ნაწილი (1904 წლიდან — პაპუა ავსტრალიის მმართველობის ქვეშ).[11]
1891 წელს კუნძულ დობუზე, რომელიც შედის არქიპელაგის შემადგენლობაში, დაარსდა მეთოდისტების ქრისტიანული მისია ავსტრალიიდან. დაახლოებით ამავე დროს დაიწყო კუნძულელების დაქირავება ოქროს საბადოებზე და ქოქოსის პალმის პლანტაციებში სამუშაოდ. მეორე რელიგიური მისია დაარსდა 1898 წელს გუდენაფის კუნძულის სამხრეთ სანაპიროზე.[10]
მეორე მსოფლიო ომის წლებში 1942 წელს, იაპონიის არმიამ დროებით დაიპყრო კუნძული გუდენაფი, მაგრამ შემდგომში იძულებული გახდა დაეტოვებინა იგი ავსტრალიელებთან დამარცხების გამო. 1943 წელს ამ კუნძულზე ავსტრალიის სამეფო სამხედრო-საჰაერო ძალებმა ააშენეს აეროდრომი ასაფრენ-დასაჯდომი ზოლით 1829 მეტრი, ასევე ინფრასტრუქტურის სხვა ობიექტები. 1943 წლის ივნისიდან 1944 წლის აგვისტომდე პერიოდში აეროდრომი მოკავშირეების მიერ გამოიყენებოდა სამხედრო ოპერაციების მოსამზადებლად, რომლებიც ტარდებოდა იაპონელთა წინააღმდეგ კუნძულ ახალ გვინეაზე და მეზობელ კუნძულებზე. 1963 წლიდან აეროდრომი გაიხსნა კომერციული გადაზიდვებისთვის. 1942 წლის ივნისში კუნძულ ფერგუსონზე ასევე შეიქმნა ამერიკული ბაზა სატორპედო კატერებისათვის.
1975 წლიდან დ'ანტრკასტოს კუნძულები დამოუკიდებელი სახელმწიფო პაპუა-ახალი გვინეის ნაწილია.[11]
სქოლიო
რედაქტირება- ↑ D'Entrecasteaux Islands. www.oceandots.com. დაარქივებულია ორიგინალიდან — 20 აგვისტო 2010. ციტირების თარიღი: 3 აპრილი 2010.
- ↑ Young, Michael., Magicians of Manumanua: Living Myth in Kalauna, Berkeley: University of California Press.
- ↑ Islands of Papua New Guinea. UN SYSTEM-WIDE EARTHWATCH Web Site. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2012-04-22. ციტირების თარიღი: 2010-04-04.
- ↑ Islands of Papua New Guinea. UN SYSTEM-WIDE EARTHWATCH Web Site. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2012-04-22. ციტირების თარიღი: 2010-04-04.
- ↑ 5.0 5.1 TECHNICAL REPORT ON THE MT. NAKRU,SIMUKU, SINIVIT, NORMANBY AND FENI PROPERTIES,PAPUA NEW GUINEA. PETER CHRISTOPHER & ASSOCIATES INC.. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2008-07-20. ციტირების თარიღი: 4 აპრილი 2010.
- ↑ Goodenough. Global Volcanism Program. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2012-04-22. ციტირების თარიღი: 2010-04-04.
- ↑ Iamalele. Global Volcanism Program. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2012-04-22. ციტირების თარიღი: 2010-04-04.
- ↑ Dawson Strait Group. Global Volcanism Program. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2012-04-22. ციტირების თარიღი: 2010-04-04.
- ↑ Max Quanchi; John Robson., Historical Dictionary of the Discovery and Exploration of the Pacific Islands, Lanham, Maryland; Toronto; Oxford: The Scarecrow Press, Inc., 2005. — P. xv, ISBN 0810853957.
- ↑ 10.0 10.1 Jenness M.A.; Ballantyne A., The Northern D'Entrecasteaux, Oxford University Press, 1920.
- ↑ 11.0 11.1 Stanley J. Ulijaszek., Population, Reproduction and Fertility in Melanesia, Berghahn Books, 2008. — P. 92, 256 p, ISBN 1845452690.