კალდერა (ესპ. caldera — დიდი ქვაბი) — წრიული ან ოვალური ფორმის ვულკანური წარმოშობის ღრმული. აქვს ციცაბო ან საფეხურებიანი კედლები და თითქმის ბრტყელი ფსკერი. დიამეტრი 10-15 კმ, ზოგჯერ მეტიც, სიღრმე — რამდენიმე ასეული მ.

მოზრდილი კალდერა (ალასკა)

განარჩევენ აფეთქებითსა და ჩაქცევით კალდერებს. პირველი წარმოიქმნება ვულკანურ ყელში დაგროვილი აირების აფეთქებით, მეორე — დაცარიელებული მაგმური კერის სახურავზე გაჩენილი წრიული რღვევების გასწვრივ ხმელეთის ზედაპირის ჩაქცევით. ასეთი კალდერები უფრო დიდია და უფრო ხშირად გვხვდება. კალდერა ხშირად დაკავებულია ტბებით.

რელიეფის ასეთი ფორმები გვხვდება იაპონიაში, ფილიპინებში, ალასკაში და სხვ.

მოზრდილი კალდერა გვხვდება სამხრეთ საქართველოშიც, მათ შორის აღსანიშნავია მთა სამსარის ვულკანური კონუსის შიგნით არსებული 3 კმ დიამეტრის კალდერა, რომლის ფსკერი სხვადასხვა მყინვარული მასალითაა მოფენილი, სადაც გაბნეულია წვრილ-წვრილი ტბები.

იხილეთ აგრეთვე

რედაქტირება

ლიტერატურა

რედაქტირება