კუები
კუები (ლათ. Testudines) — ქვეწარმავალთა რიგი. სხეული მოქცეული აქვთ ძვლოვან ჯავშანში, რომელიც შედგება ამობურცული ზურგის ბაკანისა ანუ კარაპაქსისაგან და უფრო ბრტყელი მუცლის ფარის ანუ პლასტრონისაგან. ორივე ფარი ერთმანეთთან მოძრავად ან უძრავადაა დაკავშირებული. ჯავშანს ქმნის მალების გაფართოებული წარზიდული მორჩები და ნეკნები, აგრეთვე კანის გაძვალებანი. ლავიწი და მკერდის ძვალი შესულია მუცლის ფარის შედგენილობაში. კუების უმრავლესობას ჯავშანი დაფარული აქვს რქოვანი ფირფიტებით, ან ფარებით, ზოგიერთებს — კანით. კბილები არა აქვთ, ყბების ბოლოები დაფარულია რქოვანი შალითით. კისერი მოძრავია. აქვთ 2 ანალური ბუშტი, რომელიც წყლით ივსება და გამოიყენება დამატებითი სუნთქვის ორგანოდ (წყლის ფორმებში), აგრეთვე გრუნტის დასარბილებლად კვერცხის დების დროს. კიდურების კუნთები კარგად აქვთ განვითარებული, ტანისა კი თითქმის გამქრალია. ზურგის ტვინი უკეთესად არის განვითარებული, ვიდრე თავისა. გრძნობის ორგანოებიდან ყველაზე კარგადაა განვითარებული ყნოსვის, გემოვნებისა და შეხების ორგანოები. ტანად ყველაზე დიდია კუების ზღვის ფორმები (სიგრძე 2 მ, მასა 400 კგ აღწევს). თანამედროვე კუებს ყოფენ 2 ქვერიგად, 12 ოჯახად და 240-მდე სახეობად.[1] საქართველოში გვხვდება 3: ხმელთაშუა ზღვის კუ (Testudo graeca) — გავრცელებულია აღმოსავლეთ საქართველოს ველისა და ნახევრად უდაბნოს ზონაში, ჭაობის კუ (Emys orbicularis) — გვხვდება მთელი საქართველოს წყალსატევეებში, კასპიური კუ (Clemmys caspica) — ბინადრობს აღმოსავლეთ საქართველოს წყალსატევებში (ხშირად ჭაობის კუებთან ერთად).
კუები | ||||||||||||
---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|
კუების ნაირსახეობები | ||||||||||||
მეცნიერული კლასიფიკაცია | ||||||||||||
| ||||||||||||
ლათინური სახელი | ||||||||||||
Testudines | ||||||||||||
|
კუები გავრცელებულია ყველა კონტინენტზე (გარდა ანტარქტიდისა). ყველაზე ბევრია ტროპიკებში, ცივ სარტყელში არ გვხვდება. კუების ნაწილი ხმელეთზე ბინადრობს. ზღვის კუების შებრტყელებული ფორმის კიდურები ფარფლებს მოგვაგონებს. ზოგი სახეობა ნახევრად წყლის ცხოვრების ნირს ეწევა. ხმელეთის კუები ძირითადად მცენარეულობით იკვებებიან, წყლის ფორმები — ცხოველებით (უხერხემლოები, თევზები). ყველა კუ კვერცხმდებია, დებს 1-160 კვერცხს. კუები დიდხანს ცოცხლობენ, ზოგი ფორმა 200 წელს და მეტს ძლებს. კუს ხორცსა და კვერცხს მაღალი საკვები ღირებულება აქვს. ჯავშნისაგან ამზადებენ სხვადასხვა ნაკეთობას.
ლიტერატურა
რედაქტირება- Жизнь животных, т. 4, ч. 2, М., 1969;
- Терентьев В. П., Герпетология, М., 1961;
- მუსხელიშვილი თ, ქართული საბჭოთა ენციკლოპედია, ტ. 6, თბ., 1983. — გვ. 55-56.
სქოლიო
რედაქტირება- ↑ Иорданский Н. Н. ЧЕРЕПАХИ // Большая российская энциклопедия. т. 34. — М., 2017. — стр. 452–453.