აკაკი პაპავა

ქართველი მწერალი და ჟურნალისტი

აკაკი პაპავა (დ. 1890 — გ. 27 ივლისი, 1964) — ქართველი მწერალი და ჟურნალისტი.

აკაკი პაპავა
დაბადების თარიღი 1890
დაბადების ადგილი სამტრედია, ქუთაისის მაზრა, საქართველო-იმერეთის გუბერნია, რუსეთის იმპერია
გარდაცვალების თარიღი 27 ივლისი, 1964(1964-07-27)
გარდაცვალების ადგილი არგენტინა
დასაფლავებულია ლევილის სასაფლაო
საქმიანობა მწერალი და ჟურნალისტი
მოქალაქეობა რუსეთის იმპერია
 საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკა
 სსრკ
 არგენტინა
ალმა-მატერი მოსკოვის საიმპერატორო უნივერსიტეტის იურიდიული ფაკულტეტი

ბიოგრაფია

რედაქტირება

აკაკი პაპავა დაიბადა 1890 წელს სამტრედიაში. პირველდაწყებითი განათლება სამტრედიაშივე მიიღო, დაამთავრა ქუთაისის რეალური სასწავლებელი და შემდეგ იურევის უნივერსიტეტის ისტორია–ფილოლოგიის ფაკულტეტზე შევიდა, საიდანაც მოსკოვის უნივერსიტეტის იურიდიულ ფაკულტეტზე განაგრძო სწავლა.

აკაკი პაპავამ ქართული საზოგადოების ყურადღება ჯერ კიდევ სტუდენტობის დროს მიიპყრო, როცა საქართველოს ქალაქებსა და დაბებში კითხულობდა ლექციებს ქართულ ლიტერატურაზე, ეწეოდა საზოგდოებრივ მოღვაწეობას. მისი პირველი წერილები 1910-იანი წლებიდან ქვეყნდებოდა ქართული პრესის ფურცლებზე: „იმერეთი", „საფირონო", „კოლხიდა", „თემი", „ერი", „თეატრი და ცხოვრება", „ცისარტყელა", „პრომეთე", „ლომისი", „ქართველი მწერლობა", „სახალხო გაზეთი" და სხვ. აკაკი პაპავა იყო სოციალისტ–ფედერალისტთა პარტიის წევრი.

დიდია აკაკი პაპავას ღვაწლი ქართული თეატრის წინაშე. 1914 წელს იგი სრულიად საქართველოს სათეატრო მოღვაწეთა პირველი ყრილობის დელეგატად აირჩიეს, ხოლო ქართველ მწერალთა საერთო ყრილობამ აკაკი პაპავა მწერალთა კავშირის მეორე თავმჯდომარედ დანიშნა (პირველი თავმჯდომარე იყო კოტე მაყაშვილი).

I მსოფლიო ომის წლებში აკაკი პაპავა სამხედრო სამსახურში, კერძოდ, კავკასიის ფრონტზე გაიწვიეს, სადაც აირჩიეს კავკასიის ჯარისკაცთა საბჭოს წევრად. რევოლუციამ კავკასიის ფრონტზე მოუსწრო. საქართველოში დაბრუნებული აკაკი პაპავა იყო ქალაქის საბჭოს ხმოსანი, ქალაქის გამგეობისა და ამავე დროს საქართველოს პარლამენტის წევრი, ხოლო საქართველოში საბჭოთა ხელისუფლების დამყარების შემდეგ, ხელმძღვანელობდა მწერალთა კავშირის განყოფილებას, რედაქტორობდა ორკვირეულ სახელოვნო–საინფორმაციო ჟურნალ „ხელოვნებას".

1922 წელს აკაკი პაპავა გერმანიაში, ბერლინში გაემგზავრა. 1923 წელს ოჯახიც უერთდება და მეუღლესთან, თამართან ერთად უცხოეთში იწყებს ერთობლივ ლიტერატურულ და მეცნიერულ საქმიანობას.

II მსოფლიო ომის წლებში პაპავების ოჯახი სხვადასხვა ქალაქში ცხოვრობდა, ხოლო 1949 წლიდან სამხრეთ ამერიკაში, კერძოდ, არგენტინაში გადასახლდა. ამ პერიოდიდან აკაკი პაპავა ინტენსიურად თანამშრომლობდა ქართულ ემიგრანტულ პრესაში – „კავკასიონი", „ბედი ქართლისა", „მამული", „სახალხო გაზეთი". წერდა ნოველებს, რომანებს, იყო დრამატურგიც და ისტორიის მკვლევარიც.

1956 წელს ბუენოს–აირესში აკაკი პაპვამ მეუღლესთან ერთად გამოსცა წიგნი: „მარიამ უკანასკნელი დედოფალი საქართველოსი". აკაკი პაპავას წერილები ხშირად იბეჭდებოდა ნიუ–იორკში გამომავალ ქართულ გაზეთ „ქართულ აზრში".

აკაკი პაპავას პირველი ლექსები ჯერ კიდევ ემიგრაციაში წასვლამდე, საქართველოში, „ჩანგში" ყოფილა გამოქვეყნებული. უცხოეთში დაწერილი ლექსების კრებული აკაკი პაპავამ გამოსცა სათაურით „1500–წლოვან თბილისს", ხოლო უკანასკნელ ლექსთა კრებული „მოწამეთობა" 1962 წელს ნიუ–იორკში დაიბეჭდა. საინტერესო წერილები მიუძღვნა აკაკი პაპავამ შოთა რუსთაველის დაბადების 800 წლისთავს. მისი წერილი – „ვეფხისტყაოსანი" და მისი ავტორი" 1966 წელს პარიზში „კავკასიონის" საგანგებო ნომერში გამოქვეყნდა.

განსაკუთრებული აღნიშვნის ღირსია პაპავების ღვაწლი უცხოეთში გაბნეული ქართული რელიქვიებისა და არტეფაქტების მოძიებისა და გადარჩენის საქმეში. მათ შორის სიონის ტაძრის საკურთხევლის ოქროსა და ვერცხლის მკედით ნაქარგი გადასაფარებელი, რომელსაც აკაკი პაპავა 1937 წელს ბერლინში წააწყდა. ქართველმა ემიგრანტებმა იგი შეიძინეს – ინახებოდა პაპავების ოჯახში. დიდი ხნის შემდეგ, რეზო თაბუკაშვილის ხელით, საქართველოში დაბრუნდა და დღეს ხელოვნების მუზეუმშია დაცული.

აკაკი პაპავა გარდაიცვალა 1964 წლის 27 ივლისს, არგენტინაში. ანდერძის თანახმად, გადმოასვენეს საფრანგეთში და პარიზთან ახლოს ლევილში, ქართველთა სავანეში დაკრძალეს.

რესურსები ინტერნეტში

რედაქტირება