რევაზ თაბუკაშვილი

ქართველი რეჟისორი და სცენარისტი
(გადამისამართდა გვერდიდან რეზო თაბუკაშვილი)
სხვა მნიშვნელობებისთვის იხილეთ თაბუკაშვილი.

რევაზ (რეზო) შალვას ძე თაბუკაშვილი (დ. 2 აგვისტო, 1927, თბილისი — გ. 5 აგვისტო, 1990, იქვე) — ქართველი მწერალი, დრამატურგი, მთარგმნელი, სცენარისტი, რეჟისორი. საქართველოს სსრ ხელოვნების დამსახურებული მოღვაწე (1967), შოთა რუსთაველის სახელობის სახელმწიფო პრემიის ლაურეატი (1981).[1]

რევაზ თაბუკაშვილი
დაბადების თარიღი 2 აგვისტო, 1927(1927-08-02)
დაბადების ადგილი თბილისი
გარდაცვალების თარიღი 5 აგვისტო, 1990(1990-08-05) (63 წლის)
გარდაცვალების ადგილი თბილისი
დასაფლავებულია დიდუბის პანთეონი
საქმიანობა კინოოპერატორი, სცენარისტი და კინორეჟისორი
მოქალაქეობა  სსრკ
მეუღლე მედეა ჯაფარიძე

ბიოგრაფია

რედაქტირება

დაიბადა ცნობილი ქართველი პედაგოგისა და საზოგადო მოღვაწის შალვა თაბუკაშვილის ოჯახში. წარჩინებით დაამთავრა თბილისის მეშვიდე საშუალო სკოლა. სწავლა განაგრძო მოსკოვის საერთაშორისო ურთიერთობათა ინსტიტუტში, რომელიც 1949 წელს დაასრულა.

თაბუკაშვილის ლექსები და თარგმანები იბეჭდებოდა 1940-იანი წლებიდან. მისი პიესები წარმატებით იდგმებოდა თბილისის თეატრების სცენებზე: „რაიკომის მდივანი“ (მარჯანიშვილის თეატრი, 1953, რეჟ. ლილი იოსელიანი; რუსთაველის თეატრი, 1972, რეჟ. რობერტ სტურუა), „რას იტყვის ხალხი“ (მარჯანიშვილის თეატრი, 1956, რეჟ. ლილი იოსელიანი; 1975, რეჟ. ლალი ნიკოლაძე), „დენბურგის ზარი“ (რუსთაველის თეატრი, 1970, რეჟ. გოგი ქავთარაძე) და სხვა.

თაბუკაშვილის ინიციატივითა და უშუალო მონაწილეობით საქართველოს დაუბრუნდა ჩვენი ქვეყნის ისტორიისთვის უაღრესად მნიშვნელოვანი, მსოფლიოს სხვადასხვა წიგნსაცავსა და არქივში გაბნეული ხელნაწერები, დოკუმენტები თუ ფოტომასალა. მათ შორისაა თურქულ ტერიტორიაზე არსებული ქართული ძეგლების ვ. ქიქოძის მიერ გადაღებული ფოტომასალა (700 სლაიდი), ვ. ღამბაშიძის მიერ გადაღებული აკაკი წერეთლის დაკრძალვის პროცესიის ფოტოების ნეგატივები და სხვა.

მეტად მნიშვნელოვანი გამოდგა რეზო თაბუკაშვილისთვის სიცოცხლის ბოლო 10-12 წელი, როდესაც იგი მთელი არსებით გატაცებული იყო საავტორო დოკუმენტური ფილმებით. 1980 წელს ეკრანებზე გამოვიდა მისი პირველი კინოდილოგია სერიიდან — „ქარველები იტალიაში“ („კვალი ნათელი“ და „ალპური ვარსკვლავი“). ამას მოჰყვა „მიხეილ ხერგიანი“, „პირველად იყო სიტყვა“, „ფურცლები ფრანგული დღიურიდან“, „საქართველოს მეჭურჭლეთუხუცესი“ და ისევ დილოგია „ნაძარცვის კვალდაკვალ“ და „შორიელთა სიახლოვე“. დაკრძალულია მწერალთა და საზოგადო მოღვაწეთა დიდუბის პანთეონში.

ფილმოგრაფია

რედაქტირება

სცენარის ავტორი

რედაქტირება

თაბუკაშვილმა დაწერა კინოსცენარები ფილმებისთვის:

  • „წარსული ზაფხული“ (1959, რეჟ. ნელი ნენოვა, გენო წულაია).
  • „კარდაკარ“ (1960, რეჟ. ოთარ აბესაძე და მერაბ კოკოჩაშვილი).
  • „ქორბუდა“ (1963, რეჟ. ა. ხინტიბიძე და გ. ლავრელაშვილი).
  • „ჯვარცმული კუნძული“ (1968, რეჟ. შოთა მანაგაძე).
  • „მზე შემოდგომისა“ (1973, რეჟ. თ. „ბიჭები იასამნის ქუჩიდან“).
  • „სადა ხარ ჩემო სავანე“ (1975, რეჟ. ო. კოჩაკიძე, ფ. სლოვინსკი და ი. ჩიკვაიძე).
  • „რეპორტაჟი ნიდერლანდებიდან“ (1976, რეჟ. გია ჭუბაბრია).
  • „რაც დავიწყებით არ იბინდება“ (1976, რეჟ. გია ჭუბაბრია).
  • „ფაცურა" (1976, რეჟ. რ. ლორთქიფანიძე).
  • „ქართველები ნიდერლანდებში“ (1976).
  • „ორაგულის ბედი“ (1977, რეჟ. გია ჭუბაბრია).
  • „საქართველოს მეჭურჭლეთუხუცესი“ (1985, რეჟ. რ. თაბუკაშვილი).
  • „ზღვის მაშვრალნი“ (1986, რეჟ. ე. სეშანი და გ. გაბესკირია).

ავტორია ლიბრეტოების ოპერებისთვის „მინდია“ (კომპოზიტორი ოთარ თაქთაქიშვილი), „ქაჯანა“ (კომპოზიტორი მერი დავითაშვილი). თაბუკაშვილმა თარგმნა უილიამ შექსპირის სონეტები (1968 გამოიცა 100 სონეტი და 1979 – სონეტების კრებული).

დამდგმელი რეჟისორი

რედაქტირება

თაბუკაშვილმა გადაიღო დოკუმენტური ფილმები:

  • „კვალი ნათელი” (1978).
  • „ალპური ვარსკვლავი“ (ფილმი ეძღნება ფორე მოსულიშვილის ხსოვნას, 1979).
  • „ვიტორიო სელა“ (1980).
  • „მთანი მაღალნი” (1980).
  • „მიხეილ ხერგიანი“ (1981).
  • „პირველად იყო სიტყვა“ (1982).
  • „ფურცლები ფრანგული დღიურიდან“ (1983).
  • „საქართველოს მეჭურჭლეთუხუცესი“ (1985).
  • „ნაძარცვის კვალდაკვალ“ (1986).
  • „შორეული სიახლოვე“ (1987).

მსახიობი

რედაქტირება
  • „ჩაძირული ქალაქის მაძიებლები“ (1972).
  • „ბესამე“ (1989, რეჟ. ნ. ახვლედიანი).

ლიტერატურა

რედაქტირება
  • ზ. ბაბუნაშვილი, თ. ნოზაძე, „მამულიშვილთა სავანე“, გვ. 161, თბ., 1994

რესურსები ინტერნეტში

რედაქტირება
  1. საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკა (2012). საქართველოს ბიოგრაფიული ლექსიკონი — რეზო თაბუკაშვილი — საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან. პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. nplg.gov.ge. წაკითხვის თარიღი: 26 ნოემბერი, 2018.