სხვა მნიშვნელობებისთვის იხილეთ მოსულიშვილი.

ფორე (ქრისტეფორე) ნიკოლოზის ძე მოსულიშვილი (დ. 20 ივლისი 1916, ქვემო მაჩხაანი, სიღნაღის მუნიციპალიტეტი — გ. 3 დეკემბერი 1944, სოფ. ლესა, ნოვარა, დასაფლავებულია ქ. არონაში, ჩრდილოეთ იტალია) — ქართველი, ოქროს მედლის „მხედრული მამაცობისათვის“ კავალერი, იტალიის ეროვნული გმირი (1970), საბჭოთა კავშირის გმირი (1990).

ფორე მოსულიშვილი
მეტსახელი ფორე
ეროვნება ქართველი
დაბადების თარიღი 20 ივლისი, 1916
დაბადების ადგილი ქვემო მაჩხაანი
გარდაცვალების თარიღი 3 დეკემბერი, 1944
გარდაცვალების ადგილი ლესა
კუთვნილება საბჭოთა კავშირი
ჯარის სახეობა საველე ქვეითი, პარტიზანი
სამხედრო სამსახურის წლები 19391944
წოდება სერჟანტი
ნაწილი გარიბალდის 118-ე ბრიგადა „რემო სერვადეის“ მეორე ბატალიონის „პეპინოს“ ქვედანაყოფი „არმანდო“.
ბრძოლები/ომები დიდი სამამულო ომი, იტალიის წინააღმდეგობის მოძრაობა La Resistenza italiana
ჯილდოები Medaglia d'Oro al Valor Militare alla Memoria – 1970 წლის 28 თებერვალი, საბჭოთა კავშირის გმირი - 1990

ბიოგრაფია

რედაქტირება

ფორე მოსულიშვილი დაიბადა 1916 წელს, სიღნაღის რაიონის სოფელ ქვემო მაჩხაანში. საშუალო სკოლის დამთავრების შემდეგ მუშაობდა კოლმეურნეობაში, შემდეგ სწავლობდა ლაგოდეხის სასოფლო-სამეურნეო ტექნიკუმში, რომლის წარმატებით დამთავრების მერე, 1939 წელს გაიწვიეს წითელ არმიაში.

მეორე მსოფლიო ომის წინ სამხედრო სამსახურს გადიოდა ლატვიის ქალაქ დაუგავპლისში. სწორედ აქედან მიიღო მისი უკანასკნელი წერილი ოჯახმა 1941 წლის მაისში.

ერთ–ერთ ბრძოლაში ფორე დაიჭრა და უგონოდ მყოფი ტყვედ აიყვანეს გერმანელებმა.

სხვა ტყვეებთან ერთად ფორე პოლონეთში გადაიყვანეს, კრუშინას (პოლონურად Kruszyna) საკონცენტრაციო ბანაკში, სადაც იყო გადაბირებულ ქართველ სამხედროთა გადამზადების ცენტრი.[1] აქ ოფიცრებსა და უნტეროფიცრებს ამზადებდნენ ვერმახტის ძალებისთვის.

1943 წლის დამლევს ფორე მოსულიშვილი პოლონეთიდან საფრანგეთში გადაიყვანეს, მერე კი ქალაქ სტრეზაში (იტალია, ნოვარის პროვინცია).

იტალიელ პარტიზანებთან

რედაქტირება

1944 წლის 7 სექტემბერს ფორე მოსულიშვილი სამოცდაათზე მეტ ქართველთან ერთად იტალიელ პარტიზანებისკენ გადავიდა, რომლებიც გარიბალდის ბრიგადის სახელით მოქმედებდნენ პიემონტში. ქართველები პარტიზანულ რამზებში გადაანაწილეს. ფორე მოხვდა გარიბალდის რემო სერვადეის სახელობის 118-ე ბრიგადის მეორე ბატალიონის, „პეპინოს“ ქვედანაყოფ „არმანდოში“.

პირველი საბრძოლო ოპერაცია „არმანდომ“ 14 სექტემბერს ჩაატარა, როცა დაბა ომენიის ჰოსპიტალიდან გამოიხსნა ჯენეზიას მახლობლად ტყვედ ჩავარდნილი ძმები გოგიშვილები და ედო დელ გრატა. ამ შეტაკებისას ფორემ უხმაუროდ მოხსნა დაცვა და საშუალება მისცა რაზმს დაეკავებინა შენობა. მალე ფორეს დიდი შენაერთის მეთაურობა შესთავაზეს, მაგრამ უარი განაცხადა: ადგილმდებარეობას არ ვიცნობ კარგად და არც იტალიური ვიციო...

1944 წლის სექტემბრის ბოლოს მისი რაზმი იბრძოდა დაბა დომოდოსოლოს რაიონში, სადაც მოსპეს 30 გერმანელი ჯარისკაცი, ხოლო ფორემ დაცვის ცხვირწინ ააფეთქა ხიდი, რომელიც რაიონს ნოვარას პროვინციასთან აკავშირდებდა. ერთხელ მოენის შოვნა იყო საჭირო, ფორემ გადაიცვა გერმანელი ოფიცრის ფორმა და თამამად შევიდა ქ. სტერზას ლუდხანაში, ერთ–ერთი ოფიცერს ჩუმად იარაღი დაადო და ასე მიიყვანა პარტიზანთა ბანაკში. გერმანელი ისე დაფეთდა, კარგა ხანს ხმას ვერ იღებდა.

თავგანწირვა თექვსმეტი პარტიზანის გადასარჩენად

რედაქტირება

ნაცისტებმა გადაწყვიტეს გაენადგურებინათ პარტიზანები და ფართომასშტაბიანი შეტევა განახორციელეს გარიბალდის 118-ე „რემო სერვადეის” ბრიგადაზე, რომელიც დაიშალა მცირე დანაყოფებად და ისე განაგრძო ვაფენ-სს-ის მეთექვსმეტე მოტორიზებულ დივიზია „რაიხსფიურერ სს“-ის (მეთაურო - სს-ის ობერფიურერი ოტო ბაუმი) შენაერთებთან ბრძოლა, რაც სავსებით შეესაბამებოდა პარტიზანული ბრძოლის ტაქტიკას.

1944 წლის 3 დეკემბრის გამთენიისას სოფელ კოლონიას ბოლოს, „მოტტა როსსა“-ს გორაკზე მდებარე ერთ „ბაიტაში“ (ბაიტა — იტალიურად, მწყემსების ქოხი, უდუღაბოდ ნაშენი) ღამის გასათევად შეფარებული პარტიზანული ქვედანაყოფი „არმანდო“ დივიზია „რაიხსფიურერ სს“-ის სამასკაციანი დაჯგუფების ალყაში აღმოჩნდა.

პარტიზანულ ქვედანაყოფ „არმანდოში“ იმჟამად მყოფი ჩვიდმეტი პარტიზანიდან შვიდი ქართველი იყო: ფორე მოსულიშვილი, მიხეილ საყვარელიძე, ბაგრატ ესართია, შალვა კვირიკაშვილი (რაჭა), შოთა ბექაია (სამტრედია, დიდი ჯიხაიში), ვლადიმერ ჭეჟია (ზუგდიდი), ზაქარია თომაშვილი. ცნობილია რამდენიმე იტალიელის ვინაობაც: ედო დელ გრატა, რაზმის მეთაური სოფელ რიგლიონედან (ქალაქ პიზა-ს კომუნა); მარიო ძინონი, სოფელ კოლაცადან; ფენტო ფერეტი, ქალაქ ომენიიდან.

გააფთრებულ შეტაკებაში ბევრი გერმანელი დაიღუპა, მაგრამ პარტიზანებიდან ფორე და კიდევ ორი კაცი დაიჭრა, ამასთან ვაზნებიც შემოელიათ.

ფაშისტები მეთაურის დანებებას მოითხოვდნენ, დანარჩენებს კი სიცოცხლის შენარჩუნებას პირდებოდნენ.

მარიო ძინონი იხსენებს:

 
„ერთმანეთს გადავხდეთ, ვერც რაზმის მეთაური ედო დელ გრატა და ვერცერთი ჩვენთაგანი ადგილიდან დაძვრას ვერ ვბედავდით. გერმანელებთან გასვლა წამებით სიკვდილს ნიშნავდა. როცა ჩვენს დახოცვამდე, ალბათ, წამები იყო დარჩენილი, სისხლით შეღებილი ფორე მოსულიშვილი კართან მივიდა, გამოაღო და გერმანელებს შესძახა: „მეთაური მე ვარ, თქვენთან ტყვეობას სიკვდილი მირჩევნია! გაუმარჯოს პარტიზანებს! გაუმარჯოს თავისუფლებას!“ და თავი მოიკლა. მისმა თავგანწირვამ თექვსმეტ კაცს შეგვინარჩუნა სიცოცხლე...“
 
ოქროს მედალი მხედრული მამაცობისათვის (იტალიის სახელმწიფო ჯილდო)

სიკვდილის შემდეგ

რედაქტირება

იტალიის მთავრობამ სათანადოდ დააფასა ფორე მოსულიშვილის თავგანწირვა და 1970 წლის 28 თებერვალს იტალიის რესპუბლიკის პრეზიდენტმა ჯუზეპე სარაგატიმ ხელი მოაწერა დეკრეტს ფორე ნიკოლოზის ძე მოსულიშვილის სიკვდილის შემდგომ ქვეყნის უმაღლესი ჯილდოთი - ოქროს მედლით „მხედრული მამაცობისათვის“ დაჯილდოების შესახებ (d'Oro al Valor Militare alla Memoria[მკვდარი ბმული]).

დაჯილდოების მოტივაციაში ნათქვამია:

 
„ქართული ჯგუფის უნტერ-ოფიცერმა გერმანულ არმიას გამოსტაცა სამოცდაათამდე თანამემამულე სრული შეიარაღებითა და აღჭურვილობით და შედიოდა როგორც პარტიზანი იტალიურ მოქმედ შენაერთებთან ლომბარდიაში, რითაც თავი გამოიჩინა სამხედრო ნიჭითა და თავისუფლებისადმი რწმენით. სასტიკი თავდაცვითი აქციისას, თავისი ქვედანაყოფიანად ალყაში მოქცეულმა, გრძელი და სისხლიანი ბრძოლის შემდეგ, როცა საბრძოლო მასალა სრულიად ამოეწურათ და მტერი მოითხოვდა, რომ ყველას სიცოცხლეს შეუნარჩუნებდა, თუკი მეთაური დანებდებოდა, მან სტიქიურად და გმირული ჟესტით შეცვალა თავისი მეთაური და განაცხადა, რომ თავად იყო მეთაური. იმავდროულად, უცაბედად, მან პისტოლეტი ამოიღო და იძულებული იყო, საფეთქელში დაეხალა ბოლო ტყვია, შეძახილით: „გაუმარჯოს პარტიზანებს! გაუმარჯოს იტალიის თავისუფლებას!“

ჯარისკაცის, მეომრის, იარაღის თანამოძმის ბრწყინვალე ფიგურამ, ყოველგვარი წარმომავლობისა და საზღვრების მიღმა, შეძლო ერთ იდეალში შეერთებინა თავისი სამშობლოს სიყვარული, რაც თავისუფალ ადამიანებს ახასიათებს.

მოტარონე - ლესა (ნოვარა), 3 დეკემბერი, 1944“
([2])

ოქროს მედალი „მხედრული მამაცობისათვის“ იტალიის რესპუბლიკის უმაღლესი და ყველაზე საპატიო ჯილდოა. ამ მედლის კავალერი იტალიის ეროვნულ გმირად ითვლება და გენერალიც კი ვალდებულია პირველი მიესალმოს იმ ჯარიკაცს, რომელიც ამ მედალს ატარებს. ოქროს მედლის კავალერთა რიცხვი მცირეა და იშვიათად თუ გადაეცემა მფლობელს, რადგან უმრავლეს შემთხვევაში ისინი ცოცხლები აღარ არიან...

ფიოდორ პოლეტაევთან ერთად ფორე მოსულიშვილი მეორე უცხოელია, რომელიც იტალიამ თავის ეროვნულ გმირად აღიარა.

1990 წელს მიენიჭა საბჭოთა კავშირის გმირის წოდება (სიკვდილის შემდეგ).[3]

„მოსულიშვილი“ იტალიურად

რედაქტირება

1970 წლის 28 თებერვლის დეკრეტში, რომლითაც ფორე მოსულიშვილი დაჯილდოვდა ოქროს მედლით „მხედრული მამაცობისათვის“ მისი გვარი ჩაწერილია ასე: MUSOLISHVILI Phore Nikolaevic, რაც შეცდომაა და იგივე შეცდომა მექანიკურად განმეორდა როგორც ვებ-გვერდებზე,[4] ასევე ქალაქ ბელჯირატეს იმ ქუჩის სახელწოდებაში, სადაც თავისფულების ბაიტას მუზეუმი მდებარეობს[5] მოტა როსას გორაკზე.

ფორე მოსულიშვილის მართებული ტრანსკრიფცია იტალიურად ასე იქნებოდა: Pore Mossulishvili.

  • ალპური ვარსკვლავი[6], დოკუმენტური ფილმი (ეძღვნება ფორე მოსულიშვილის ხსოვნას), რეჟისორი რევაზ თაბუკაშვილი, 1979

ლიტერატურა

რედაქტირება
  • სიხარულიძე ე., ქართული საბჭოთა ენციკლოპედია, ტ. 7, თბ., 1984. — გვ. 145.
  • ნაცარაშვილი ო. „კახეთის გამოჩენილი ადამიანები“, თბილისი, 2001, გვ. 256
  • სიხარულიძე ე. „იტალიის ეროვნული გმირი“, „საბჭოთა საქართველო“ თბილისი, 1988, ISBN 5-529-00329-X
  • მიხო მოსულიშვილი — „თოვლიანი დღის ნათელში“ (მოთხრობა-მენიპეა), ჟურნალი „ლიტერატურული პალიტრა“, № 10 (25), ოქტომბერი, 2006
  • Кавалери ордена славы трёх степеней. Биограф. словарь. М.: Воениздат. 2000

რესურსები ინტერნეტში

რედაქტირება
  1. Georgische Infanterie გერმანული. lexikon-wehrmacht.de. ციტირების თარიღი: 16 თებერვალი, 2021
  2. Le onorificenze della Repubblica Italiana იტალიური. www.quirinale.it. ციტირების თარიღი: 16 თებერვალი, 2021
  3. Мосулишвили Форе (Христофор) Николаевич რუსული. www.warheroes.ru. ციტირების თარიღი: 16 თებერვალი, 2021
  4. Donne e Uomini della Resistenza: Pore Mosulishvili იტალიური. ANPI. ციტირების თარიღი: 16 თებერვალი, 2021
  5. Museo Baita della Libertà (Belgirate), Via P. Musolishvili - 28832 Belgirate (Vb). დაარქივებულია ორიგინალიდან — 2014-08-12. ციტირების თარიღი: 2011-01-16.
  6. დაარქივებული ასლი. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2012-03-14. ციტირების თარიღი: 2011-09-25.