დიდი სამამულო ომი
ეს სტატია/სექცია არ არის დასრულებული სახის. ვიკიპედიის ერთ-ერთი რედაქტორი თვლის, რომ ამ სტატიის მხოლოდ ნაწილია დაწერილი და ის არ არის დასრულებული სახის. |
დიდი სამამულო ომი (დასავლეთის ქვეყნებში — მეორე მსოფლიო ომის აღმოსავლეთი ფრონტი) — ომი ერთის მხრივ საბჭოთა სოციალისტური რესპუბლიკების კავშირსა (სსრკ) და მეორეს მხრივ სსრკ-ის ტერიტორიაზე შეჭრილ ნაცისტურ გერმანიასა და მის ევროპელ მოკავშირეებს შორის (იტალია, უნგრეთი, რუმინეთი, ფინეთი). წარმოადგენდა მეორე მსოფლიო ომის უმნიშვნელოვანეს და გადამწყვეტ ნაწილს. დასრულდა წითელი არმიის ბერლინში შესვლითა და მესამე რაიხის შეიარაღებული ძალების კაპიტულაციით.
მდგომარეობა ომის დაწყებამდე
რედაქტირებაძალაუფლების ხელში ჩაგდების შემდეგ (1933) გერმანელი ფაშისტები სსრკ-ის წინააღმდეგ ომისათვის მზადებას შეუდგნენ. საბჭოთა კავშირის დაპყრობა გადამწყვეტი ეტაპი უნდა გამხდარიყო მსოფლიოზე ბატონობის მოპოვებაში. გერმანიის სამხედრო და ეკონომიკური პოტენციალის გაძლიერებას ხელი შეუწყო აშშ-ის, დიდი ბრიტანეთისა და საფრანგეთის მმართველი წრეების ჩაურევლობის პოლიტიკამ გერმანიის საგარეო და საშინაო საქმეებში და სხვადასხვა დასავლური მონოპოლიების ფინანსურმა დახმარებამ, რომლებიც გერმანული აგრესიის მთავარ მიმართულებად სსრკ-ს განიხილავდნენ. თუმცა, ფაშისტურმა გერმანიამ გადაწყვიტა მსოფლიოზე ბატონობისათვის ბრძოლაში ჯერ დასავლეთ ევროპას გასწორებოდა და შემდეგ უკვე მათი სამხედრო-ეკონომიკური პოტენციალი გამოეყენებინა საბჭოთა სახელმწიფოს წინააღმდეგ. 1939 წელს მესამე რაიხის პოლონეთში შეჭრით დაიწყო მეორე მსოფლიო ომი (1939–1945); პირველ წლებში მან თითქმის მთლიანი ევროპა დაიპყრო, გერმანიისა და მისი დაპყრობილი ქვეყნების ეკონომიკა სამხედრო რელსებზე გადავიდა, რამაც მნიშვნელოვნად გააძლიერა მათი სამხედრო პოტენციალი. 1941 წლისთვის ფაშისტებს 8,5 მილიონიანი არმია ჰყავდათ, მათ შორის სახმელეთო დაახლ. 6 მილიონი და საჰაერო 1,7 მილიონი. გააჩნდათ უდიდესი სამხედრო ტექნიკა.
მანამდე, 1939 წლის 23 აგვისტოს ნაცისტური გერმანიისა და საბჭოთა კავშირის საგარეო საქმეთა მინისტრების მიერ ხელი მოეწერა ამ ორ ქვეყანას შორის თავდაუსხმელობის პაქტს, რომელიც აღმოსავლეთ ევროპის დანაწილებასაც ითვალისწინებდა. ხელმომწერთა სახელების მიხედვით ამ პაქტს მოლოტოვ-რიბენტროპის პაქტი ეწოდა.[1]
ჰიტლერული გერმანია სსრკ-სთან ომისათვის მზადებას უშუალოდ 1940 წლის ზაფხულიდან შეუდგა. ფაშისტების პოლიტიკურ გეგმაში შედიოდა საბჭოთა კავშირის ტერიტორიის დაპყრობა, სოციალისტური წყობის დამხობა, „საბჭოთა ხალხის“ ფიზიკური მოსპობა და დამონება. ამ გეგმის მიხედვით, მათ, 30 წლის განმავლობაში, დასავლეთ ციმბირში, ჩრდილოეთ კავკასიაში, სამხრეთ ამერიკასა და აფრიკაში უნდა გადაესახლებინათ 50 მილიონი პოლონელი, უკრაინელი, ბელორუსი, ლიტველი, ლატვიელი და ესტონელი; დანარჩენი ნაწილი უნდა „გაეგერმანელებინათ“ და 10 მილიონი გერმანელი კოლონისტის მუშახელი გამხდარიყო; რუსეთი უნდა დაეყოთ ცალკეულ ადმინისტრაციულ-ტერიტორიულ ერთეულებად და ამით რუსი ხალხის ერთობა და ინტელიგენცია ფიზიკურად უნდა მოესპოთ, გაეუქმებინათ საშუალო და უმაღლესი განათლება, ხელოვნურად შეეზღუდათ მშობიარობა. ამ მიზნის იდეოლოგიურ საფუძველს წარმოადგენდა უკიდურესი შოვინიზმი — არიული რასის „უპირატესობა“, გერმანიისათვის „სასიცოცხლო სივრცის დაპყრობა“, ზიზღი კომუნიზმისა და ე. წ. „დაბალი რასების“ მიმართ და სხვ. ომის გეგმა, რომელსაც „ბარბაროსა“ ეწოდა, რამდენიმე მძლავრი ჯგუფის ერთდროულ და მოულოდნელ დარტყმას ითვალისწინებდა წითელი არმიის დაყოფის, გარშემორტყმისა და განადგურების მიზნით, შემდეგ სწრაფ წინსვლას, ქვეყნის უმნიშვნელოვანესი ცენტრების (მოსკოვი, ლენინგრადი, კიევი და სხვ.) დაპყრობას და ამგვარად, არხანგელსკ-ვოლგის ხაზზე გასვლას.
გერმანიამ და მისმა მოკავშირეებმა ჯამში 190 დივიზია (5,5 მილიონი კაცი), 3712 ტანკი, 4950 საბრძოლო თვითმფრინავი, 47 460 ქვემეხი და ნაღმსატყორცნი და 193 საბრძოლო ხომალდი გამოყვეს „ბარბაროსას“ გეგმის განსახორციელებლად. მთელი ეს ძალიბი სამი მიმართულებით იყო გაშლილი. „ჩრდილოეთის“ ჯგუფში (ლენინგრადის მიმართულება), რომელსაც გენერალ-ფელდმარშალი ვილჰელმ ფონ ლეები მეთაურობდა, 29 დივიზია შედიოდა. ამ ჯგუფის ამოცანას წარმოადგენდა ბალტიისპირეთში მყოფი საბჭოთა ჯარების განადგურება და ლენინგრადისა ბალტიის ზღვის ნავსადგურების დაპყრობა. „ცენტრის“ ჯგუფში (მოსკოვის მიმართულება) გენერალ-ფელდმარშალ ფედორ ფონ ბოკის მეთაურობით 50 დივიზია და 2 მოტორიზებული ბრიგადა იყო თავმოყრილი. ამ ჯგუფს, მე-2 საჰაერო ფლოტის მხარდაჭერით (ჯამში 1680 თვითმფრინავი), ევალებოდა ბელორუსიის ტერიტორიაზე მდგარი საბჭოთა ჯარების განადგურება და მოსკოვის მიმართულებით წინსვლა. „სამხრეთის“ ჯგუფში (კიევის მიმართულება) გენერალ-ფელდმარშალ გერდ ფონ რუნდშტეტის მეთაურობით შედიოდა 57 დივიზია და 13 ბრიგადა. მისი ამოცანა იყო მარჯვენა ნაპირის უკრაინაში მყოფი წითელი არმიის ნაწილების განადგურება, დნეპრის გადალახვა და აღმოსავლეთისაკენ წაწევა. ფინეთში თავმოყრილ ჯგუფში შედიოდა გერმანელთა არმია „ნორვეგია“ და ფინელთა მე-2 არმია (ჯამში 21 დივიზია და 3 ბრიგადა) გენერალ-პოლკოვნიკ ნიკოლაუს ფონ ფალკენჰორსტისა და მარშალ კარლ გუსტავ მანერჰაიმის ხელმძღვანელობით. მათ უნდა დაეკავებინათ მურმანსკი და ლენინგრადის აღებაში უნდა დახმარებოდნენ „ჩრდილოეთის“ ჯგუფს.
ომის ეს სტრატეგიული გეგმა დიდწილად ავანტიურისტული ხასიათისა იყო და გერმანიის სამხედრო-ეკონომიკური ძალების გადაჭარბებულ შეფასებასა და საბჭოთა კავშირის ძალების შეუფასებლობას ემყარებოდა. მესამე რაიხის მთავარსარდლობა ომის დასრულებას რამდენიმე თვეში, ზამთრის დადგომამდე ვარაუდობდა.
კომუნისტურმა პარტიამ და საბჭოთა მთავრობამ გაითვალისწინა ფაშისტურ ძალებთან შეიარაღებული კონფლიქტის შესაძლებლობა და შესაბამისი ზომების მიღებას შეუდგა. ომამდელი ხუთწლედების წარმატებულმა შესრულებამ მკვეთრად გააძლიერა სსრკ-ის ეკონომიკური პოტენციალი. ქვანახშირისა და მეტალის მეორე მძლავრი ბაზა შეიქმნა აღმოსავლეთში. ომის მოახლოების შესაძლებლობასთან დაკავშირებით ჩაატარეს მნიშვნელოვანი ღონისძიებები მრეწველობის, ტრანსპორტის, თავდაცვის, შეიარაღებული ძალების მოწესრიგებისა და ტექნიკური აღჭურვილობის საკითხებში. 1939 წელს სამხედრო საჭიროებებისათვის გამოიყო სახელმწიფო ბიუჯეტის 25,6%; 1940 წელს — 32,6%, 1941 წელს სამხედრო ბიუჯეტმა 43,6%-ს მიაღწია. სწრაფად აშენდა და გაფართოვდა არსებული სამხედრო ქარხნები. 1939–1941 წლების პირველ ნახევარში გამოუშვეს 17 ათასი საბრძოლო თვითმფრინავი, 7,6 ათასი ტანკი, 80 ათასი ქვემეხი და ნაღმსატყორცნი, 200 ათასი ტყვიამფრქვევი და ავტომატი. 1940 წლისათვის აიგო 100-ზე მეტი, შენდებოდა 269 ცალი სხვადასხვა სახის საბრძოლო ხომალდი, მაგრამ თავდაცვისათვის ეს არ იყო საკმარისი. განსაკუთრებით იგრძნობოდა საზენიტო და ტანკსაწინააღმდეგო იარაღის, ტყვია-წამლისა და გამწევი ტექნიკის ნაკლებობა.
ფაშისტური გერმანიის საომარი მზადების საპასუხოდ საბჭოთა მთავრობა 1941 წლის გაზაფხულზე შეუდგა თავდაცვითი ღონისძიებების განხორციელებას. გენშტაბმა შეიმუშავა სახელმწიფო საზღვრების დაცვის ახალი გეგმა; ივნისის დასაწყისში არმიასა და ფლოტში გაიწვიეს 755 ათასი კაცი; მაის-ივნისში დაიწყო დასავლეთ საზღვრებისაკენ ჯარების გადაჯგუფება და ა. შ. თუმცა, ეს ღონისძიებები დაგვიანებული აღმოჩნდა და ომის დაწყებისათვის მათი ბოლომდე მიყვანა ვერ მოხერხდა.
ომის პირველი პერიოდი (21 ივნისი, 1941 — 18 ნოემბერი, 1942)
რედაქტირებაზაფხულისა და შემოდგომის კამპანია (1941)
რედაქტირება1941 წლის 22 ივნისს გამთენიისას, მოსკოვის დროით დილის 4 საათზე ფაშისტური გერმანია ომის გამოუცხადებლად, თავდაუსხმელობის პაქტის დარღვევით თავს დაესხა საბჭოთა კავშირს. მათი ავიაცია 250–300 კმ-ზე შეიჭრა ქვეყნის საზღვრებში. დაბომბა აეროდრომები, რკინიგზის კვანძები, სამხედრო-საზღვაო ბაზები, ქალაქები და სხვ. საარტილერიო მომზადების შემდეგ საბჭოთა კავშირის ტერიტორიაზე შევიდნენ მესამე რაიხის არმიის მთავარი ძალები. სსრკ-ის წინააღმდეგ ომში ერთდროულად ჩაებნენ გერმანიის მოკავშირე სახელმწიფოები — რუმინეთი, იტალია, ფინეთი და უნგრეთი. ფაშისტებს პირველი საზღვრებთან განლაგებული დივიზიები და გარნიზონები შეხვდნენ. საბჭოთა წინააღმდეგობამ დაახლოებით ერთი კვირით შეაჩერა თავდამსხმელები, მაგრამ საბოლოოდ მოწინააღმდეგის დიდი უპირატესობისა და წითელი არმიის დიდი დანაკარგების გამო (ომის პირველივე დღეს გერმანელებმა მწყობრიდან გამოიყვანეს დაახლოებით 1200 საბჭოთა თვითმფრინავი) მათი წინააღმდეგობა გატყდა, ფაშისტებმა სწრაფად წაიწიეს წინ და 3 კვირის განმავლობაში ჩრდილო-დასავლეთის მიმართულებით 500 კმ-ზე წაიწიეს, დასავლეთისაზე — 550 კმ-ზე, სამხრეთ-დასავლეთისაზე კი — 300–350 კმ-ზე. დაიკავეს ლატვია, ლიტვა, უკრაინის, ბელორუსიისა და მოლდოვის დიდი ნაწილი.
კომუნისტურმა პარტიამ და საბჭოთა მთავრობამ 22 ივნისს გააკეთა მიმართვა და ხალხს მოუწოდა მთელი ძალები წარემართა ქვეყნის თავდაცვის განმტკიცებისაკენ, კომუნისტები ირწმუნებოდნენ ომში გამარჯვებას. მობილიზაციის შედეგად, 1 ივლისისათვის არმიაში გაიწვიეს 5,3 მილიონი კაცი. მათგან ჩამოყალიბდა სახალხო ლაშქარი. კომუნიტურმა პარტიამ ომის პირველივე დღეებში შეძლო ხალხის მობილიზება და ქვეყნის გადაყვანა სამხედრო რელსებზე. ამ საქმეში დიდი მნიშვნელობა ჰქონდა პარტიისა და მთავრობის დირექტივებს, რომელიც ჩამოყალიბებული იყო საკავშირო კპ (ბ) ცეკას გენერალური მდივნისა და სსრკ სახკომსაბჭოს თავმჯდომარის, იოსებ სტალინის გამოსვლაში, 1941 წლის 3 ივლისს. 30 ივნისს შეიქმნა საგანგებო ორგანო — თავდაცვის სახელმწიფო კომიტეტი, რომელსაც სათავეში ისევ სტალინი ედგა; 24 ივნისს — საევაკუაციო საბჭო, მას უნდა უზრუნველეყო საწარმოების გადაყვანა აღმოსავლეთში და იქ ახალი სამრეწველო ცენტრების შექმნა. 1941 წლის III კვარტლის სახალხო-სამეურნეო სამობილიზაციო გეგმა 30 ივნისს დამტკიცდა. ივნის-ნოემბერში აღმოსავლეთ რაიონებში გადაიყვანეს 1523 სამრეწველო საწარმო, რომელთა დიდმა ნაწილმა 1941 წლის ბოლოს განაახლა მუშაობა. მეურნეობის გეგმიანმა სისტემამ გააადვილა ქვეყნის სამხედრო რელსებზე გადაყვანა, თუმცა ეს მაინც დიდ დროს მოითხოვდა. ამის გამო 1941–1942 წლების დასაწყისში სამხედრო მრეწველობა სრული დატვირთვით ჯერ ვერ მუშაობდა, რაც ტყვია-წამლისა და იარაღის ნაკლებობას იწვევდა.
10 ივლისს საბჭოთა შეიარაღებული ძალების სტრატეგიული ხელმძღვანელობის მიზნით იოსებ სტალინის (თავმჯდომარე), ვიაჩესლავ მოლოტოვის, სემიონ ტიმოშენკოს, სემიონ ბუდიონის, კლიმენტ ვოროშილოვის, ბორის შაპოშნიკოვისა და გიორგი ჟუკოვის შემადგენლობით ჩამოყალიბდა უმაღლესი მთავარსარდლობის ბანაკი. 19 ივლისს სტალინი დაინიშნა თავდაცვის სახალხო კომისრად, 8 აგვისტოს — სსრკ შეიარაღებული ძალების უმაღლეს მთავარსარდლად. უმაღლესი მთავარსარდლობა ყველა ძირითად გადაწყვეტილებას შესაბამისი ფრონტებისა და ჯარების სარდლებთან და სხვა პასუხისმგებელ პირებთან ერთად იღებდა. უმაღლესი მთავარსარდლობის წარმომადგენლები ახდენდნენ ადგილებზე კოორდინაციას. უმაღლესი მთავარსარდლობის უმნიშვნელოვანეს ორგანოს წარმოადგენდა გენშტაბი, რომლის უფროსები იყვნენ: გიორგი ჟუკოვი (1941 წლის ივლისამდე), ბორის შაპოშნიკოვი (ივლისი, 1941–მაისი, 1942), ალექსანდრე ვასილევსკი (მაისი, 1942–თებერვალი, 1945), ალექსეი ანტონოვი (1945 წლის თებერვლიდან). ომის პირველ პერიოდში 3 მთავარსარდლობა შეიქმნა ფრონტებისა და ფლოტების კოორდინაციის მიზნით — ჩრდილო-დასავლეთი მიმართულებისა (გაუქმდა 1941 წლის აგვისტოში), დასავლეთისა (გაუქმდა 1941 წლის სექტემბერში, აღდგა 1942 წლის თებერვალში, გაუქმდა მაისში) და სამხრეთ-დასავლეთისა (გაუქმდა 1942 წლის ივნისში), რომელთაც შესაბამისად სათავეში ედგნენ კლიმენტ ვოროშილოვი, სემიონ ტიმოშენკო (1942 წლის თებერვალში შეცვალა გიორგი ჟუკოვმა) და სემიონ ბუდიონი (1941 წლის სექტემბერში შეცვალა სემიონ ტიმოშენკომ).
1941 წლის ივლის-სექტემბერში მთელ ფრონტზე უზარმაზარი მასშტაბის საომარი მოქმედებები გაიშალა. გერმანელთა „ჩრდილოეთის ჯგუფი“ ლენინგრადისკენ გაჭრას ცდილობდა. საბჭოთა წინააღმდეგობის მიუხედავად, მათ მოახერხეს ესტონეთის დაპყრობა და ლენინგრადთან მიახლოება. სცადეს ქალაქის იერიშით აღება, მაგრამ ვერ შეძლეს. ამის შემდეგ დაიწყო ლენინგრადის ხანგრძლივი ბლოკადა.
გერმანელებმა დასავლეთის მიმართულებით შეძლეს დნეპრის გადალახვა და 16 ივლისს დაიპყრეს ქალაქი სმოლენსკი. წითელი არმიის ნაწილებს, გერმანელებისათვის აქ მიყენებული ძლიერი დარტყმების გამო პირველად მიენიჭათ გვარდიელთა სახელწოდება.
სამხრეთ-დასავლეთის მიმართულებით გერმანიისა და რუმინეთის შეიარაღებულმა ძალებმა დაძლიეს საბჭოთა წინააღმდეგობა და 19 სექტემბერს კიევი აიღეს, ხოლო ოქტომბერ-ნოემბერში — დონბასი. ოდესისა და, განსაკუთრებით სევასტოპოლის დამცველებმა დიდი ხნით შეაჩერეს გერმანელთა რამდენიმე არმია.
მესამე რაიხის მთავარსარდლობამ 1941 წლის სექტემბერში მთელი ძალები გადაისროლა მოსკოვის ასაღებად. ამ ოპერაციას ეწოდა „ტაიფუნი“. მის განსახორციელებლად თავმოყრილი იყო 77,5 დივიზია (1 183 693–1 929 406 კაცი),[2][3][4][5] 1700 ტანკი, 950 თვითმფრინავი, 14 ათასი ქვემეხი და ნაღმსატყორცნი. მათ დაუპირისპირდა წითელი არმიის 95 დივიზია (დაახლ. 1 250 000–1400 000 კაცი),[6] 782 ტანკი, 545 თვითმფრინავი, 6808 ქვემეხი და ნაღმსატყორცნი.[კომენტარი 1] ბრძოლის ძირითად უბნებზე ფაშისტთა უპირატესობა დიდი იყო. ისინი 30 სექტემბერს შეტევაზე გადავიდნენ და 7 ოქტომბერს 28 დივიზიამ ვიაზმასთან ალყა შემოარტყა საბჭოთა ჯარების დიდ ჯგუფს; მათ შორის ბრძოლა რამდენიმე კვირა გაგრძელდა, რამაც საბჭოთა მთავარსარდლობას ძალების გადაჯგუფების საშუალება მისცა. 10 ოქტომბერს გაერთიანდა სარეზერვო და დასავლეთის ფრონტები არმიის გენერალ გიორგი ჟუკოვის სარდლობით. 19 ოქტომბერს ქალაქში საალყო საალყო წესები გამოცხადდა. ქალაქიდან გაიყვანეს მოსახლეობა და წარმოება-დაწესებულებების დიდი ნაწილი. სწრაფად შეიქმნა სახალხო ლაშქარი. აიგო მძლავრი თავდაცვითი ნაგებობები. 15–16 ნოემბერს ფაშისტებმა იერიში განაახლეს და დიდი ზარალის საფასურად შეძლეს 25–30 კმ-ზე მიახლოვებოდნენ მოსკოვს. საბოლოოდ ვერ შეძლეს საბჭოთა წინააღმდეგობის გატეხვა და ნოემბრის ბოლოს ფაქტობრივად ამოწურეს თვისი შეტევითი შესაძლებლობები.
1941 წლის ზაფხულისა და ზამთრის პერიოდში მესამე რაიხმა დიდი დამარცხებები მიაყენა საბჭოთა კავშირს. ფაშისტებმა დაიკავეს კარელიის ნაწილი, ბალტიისპირეთი, ლენინგრადის ოლქი, ბელორუსია, რსფსრ-ის დასავლეთი ნაწილის მრავალი ოლქი, უკრაინის უდიდესი ნაწილი, თითქმის მთელი ყირიმი. მათ ალყა შემოარტყეს ლენინგრადს და მოსკოვსა და როსტოვს მიადგნენ. სსრკ-მა დაკარგა უმნიშვნელოვანესი რაიონები, სადაც მოსახლეობის 40% ცხოვრობდა და სადაც აწარმოებდნენ თუჯის 68%-ს, ფოლადის 58%-ს, ალუმინის 60%-ს, მოჰყავდათ ხორბლის 38%.
კომენტარები
რედაქტირება- ↑ სხვადასხვა წყარო მებრძოლთა და ტექნიკის განსხვავებულ რიცხვს ასახელებს. საბჭოთა დროინდელები, როგორც წესი, ნაკლებს, ვიდრე თანამედროვე.
სქოლიო
რედაქტირება- ↑ Zabecki, David (2014). Germany at war : 400 years of military history. Santa Barbara, California: ABC-CLIO, LLC, გვ. 536. ISBN 1-59884-981-6.
- ↑ Zetterling & Frankson 2012, p. 253.
- ↑ Mercatante (2012). Why Germany Nearly Won: A New History of the Second World War in Europe, გვ. 105. ISBN 9780313395932.
- ↑ Stahel (2013). Operation Typhoon: Hitler's March on Moscow, October 1941, გვ. 45. ISBN 9781107035126.
- ↑ Stahel, David (2011). Kiev 1941, გვ. 339. ISBN 9781139503600.
- ↑ Гриф секретности снят: Потери Вооруженных Сил СССР в войнах, боевых действиях и военных конфликтах: Стат. исслед./ Г. Ф. Кривошеев, В. М. Андроников, П. Д. Буриков. — М.: Воениздат, 1993. МОСКОВСКАЯ СТРАТЕГИЧЕСКАЯ НАСТУПАТЕЛЬНАЯ ОПЕРАЦИЯ